სიკვდილის მუზეუმი


სიკვდილის მუზეუმი




             ***       

            მინის ტიხარს შუბლით ვეყუდები. მინა ცივია და მიხარია, რომ კიდევ შემიძლია სიცივის შეგრძნება. უაზროდ ვიყურები.  დარბაზში ბნელა და დილის 8 საათამდე  არაფერი გამოჩნდება. რვაზე საუზმეს მომიტანენ, შვრიასა და ერთ ნაჭერ უცხიმო ყველს.  მეზობელი ოთახიდან ხველების ხმა ისმის. იქ რობერტი წევს, მეხანძრე, რომელსაც სიგარეტი ძალიან უყვარდა და ახლა ფილტვის კიბოს ებრძვის. თუმცა არა. ბრძოლა მაშინ დაასრულა, როცა  აქ გადმოიყვანეს. ახლა უბრალოდ წევს და სიკვდილს ელოდება. მთავარი ექიმის ვარაუდით 27 ნოემბერს, დილის ხუთ საათზე მოკვდება. მთავარი ექიმი  იშვიათად ცდება.  თუმცა ჩვენ, მოწყენილ ექსპონატებს, საქმე არაფერი გვაქვს და ხანდახან მომვლელებთან სახალისო ნიძლავებს ვდებთ. მაგალითად, რობერტი თუ ექვის ნახევარზე მოკვდება ან სულაც ექვსზე, დიანა ბერიძე 2 კილო ვაშლს მომიტანს, თან გოლდენს. თუ არადა, შვილისთვის თემას დავუწერ. მისი შვილი იურისტია. ამჟამად რომის სამართალს სწავლობს. რომი ჩემი  საყვარელი თემაა. აქ მოსვლამდე  მეც იურისტი ვიყავი. ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი. ჩემს კლიენტებს შორის თვით პრემიერიც იყო, თუმცა მანამდე, სანამ პრემიერი გახდებოდა. მაშინ ის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი იყო და დიდი რაოდენობით ჯართის გაყიდვაში ედებოდა ბრალი. მისი უდანაშაულობა ადვილად დავამტკიცე და  მერე დიდხანს ვმეგობრობდით კიდეც.  ხო, მართლა, ჩვენზე ფულის დადება ტოტალიზატორშიც შეიძლება, ერთადერთი, ვისაც თამაში ეკრძალება, ექიმები და მუზეუმის ადმინისტრაციაა. რობერტის ხველა მატულობს. ასე თუ გაგრძელდა, 27 ნოემბრამდე ვერ მიაღწევს. თავის ტკივილი მეწყება, საწოლთან მივდივარ და ბალიშის ქვეშ დამალულ აბებს ვიღებ. ისინი შვილმა მომიტანა, ერთგვარი ნარკოტიკია, ტკივილს მიყუჩებს, მამშვიდებს და  ძილს მგვრის. ერთადერთი ცუდი ის აქვს,  რომ საშინელ სიზმრებს ვნახულობ და დილით დაღლილი ვიღვიძებ, მაგრამ საერთოდ უძილობას ისევ ეს ჯობს. აბი თეთრია, ნახევარმთვარის ფორმა აქვს და ენის ქვეშ იმდენ ხანს ვიჩერებ, სანამ ბოლომდე არ დადნება.  მერე ვწვები და ვიძინებ.

           

            ***

            წყალში ვარ. აკვალანგით და მხარზე გადაკიდებული ჰერმეტული ჩანთით დამძიმებული სიღრმეში ვეშვები. წყალი მუქდება, თუმცა ქვემოთ უცნაურ ნათებას ვამჩნევ, როგორც ჩანს, ზუსტად მისკენ მივდივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მშვიდად ვარ და მჯერა, ცუდი არაფერი მოხდება. ფეხებს ფსკერზე ვადგამ, უცნაურია, მაგრამ ძირს   ასფალტია, ის კი არა და მკრთალი ღერძული ხაზიც ეტყობა. როგორც ჩანს, ოდესღაც დიდი, ჩქაროსნული ავტობანი იყო.  მარჯვნივ მინის გუმბათი დგას, შუქი იქ ანთია.  გუმბათს კარი აქვს. როდესაც ახლოს მივდივარ, კარები იხსნება და  შიგნით შევდივარ. პატარა ოთახია, მთლიანად წყლითაა სავსე. კარი იხურება და ოთახი წყლისგან იცლება. შემდეგ მეორე კარი იხსნება და კიდევ უფრო ღრმად შევდივარ. ჩემს წინ ტყეა, წიწვოვანი ხეების ტყე. მინდორი ყვითელი წიწვებითაა დაფარული. ერთ-ერთი ხის ძირას ლურჯი პლედია გაშლილი, პლედზე  შიშველი და ავადმყოფურად თეთრი გოგონა წევს, წიგნს კითხულობს და ნაზუქს ჭამს.

            - რა მომიტანე? - მეკითხება ისე, რომ წიგნს თვალს არ აშორებს და უცბად ყველაფერი მახსენდება.

            აკვალანგს ვიხდი და მუცელზე მიკრულ წიგნს ბალახზე ვდებ.  ვტრიალდები და ტყისკენ მივდივარ. თან ჩანთას მივათრევ, ჩანთა პროდუქტებითაა სავსე, რომელიც გოგოს ერთი კვირა უნდა ეყოს. ის ქალაქის  მერის შვილია, რომელმაც სულელური ექსპერიმენტის გამო ტუბერკულიოზი აიკიდა და ახლა სრულიად საიდუმლოდ სურამში მკურნალობს. ხო, ეს სურამია, უფრო სწორად კი სურამის ტყის პატარა გზისპირა მონაკვეთი. სურამი ხაშურჰესის მშენებლობის შემდეგ წყალმა დაფარა, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიის 82%. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება შეგვიწყვიტა, აზერბაიჯანში კი გადატრიალება მოხდა და მურთაზ ალიევმა საქართველო აირჩია თავშესაფრად. საბოლოოდ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო და ხალხმა გასათბობად ტყეების უდიდესი ნაწილი გაჩეხა. მთავრობამ  გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქვეყანა ზემძლავრ ენერგოგიგანტად ექცია და დაიწყო  ერთადერთი ხელმისაწვდომი  რესურსის, წყლის გამოყენება. პირველი ხუდონჰესი აიგო, მას მოჰყვა ნამოხვანჰესი, შემდეგ კი მთელი საქართველო კაშხლებმა დაფარა. საცხოვრებლად დარჩა უზარმაზარი კედლებით შემოღობილი ხუთი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი და  ახალციხე. ჩაძირვას გადაურჩა  რამდენიმე დაცული ტერიტორია, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში. ქალაქებს შორის მთელი სივრცე წყლით დაიფარა და გადაადგილების ყველაზე პოპულარულ საშუალებად იალქნიანი ტრანსპორტი იქცა. კაშხლების მშენებლობის პროცესში იუნესკომ საქართველოს მთავრობას 400 უზარმაზარი მინის გუმბათი აჩუქა. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად დამონტაჟდა, მაგრამ მოგვიანებით მათი მოდიფიცირება მოხდა, გუმბათებს ჟანგბადისა და  ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები დაუმონტაჟდა, რამაც წყალქვეშა ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი. თბილისთან გაერთიანდა მცხეთა და რუსთავი.  აშენდა ოთხიარუსიანი და 3 მილიონ მცხოვრებზე გათვლილი მეგაპოლისი.  პირველ იარუსი ჯურღმულია, სადაც მოსახლეობის 70 %  ცხოვრობს. მეოთხე იარუსზე კი მერიაა და უზარმაზარი ბოტანიკური ბაღი.  თუმცა ხალხს ეს ფეხებზე ჰკიდია, მთავარია ყველა დასაქმებულია და მშიერი არავინ კვდება. მერის გოგო, რომელსაც მადლიერი ხალხი მადონას ეძახის და რომელიც მთელ ქალაქს გვიყვარს, ოჯახიდან წავიდა და ექვსი თვე პირველ იარუსზე იცხოვრა. მას სურდა მამისთვის დაემტკიცებინა, რომ იქ გაუსაძლისი პირობებია და საჭიროა სერიოზული სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ტუბერკულიოზმა ისე შეაშინა, რომ იძულებული გახდა, მშობლისთვის დახმარება ეთხოვა. მერი დათანხმდა, წყალქვეშა სურამში გამოუშვა და ცხოვრებისთვის ყველა პირობა შეუქმნა, ქალაქს კი განუცხდა, რომ ქალიშვილი დაეღუპა. დღეს ის უკვე წმინდანადაა შერაცხული და პირველ იარუსზე მისი სახელობის ეკლესია შენდება. გოგომ ეს არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს. მამამისი კი სავარაუდოდ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. მე მყვინთავი ვარ და იმის გამო, რომ წყალქვეშა ტურიზმი ძალიან პოპულარულია, მეორე იარუსზე ვცხოვრობ. ამ მისიისთვის რატომ შემარჩიეს, არ ვიცი, ყოვლად ჩვეულებრივი გიდი  ვარ,  მწვანე მონასტერში დამყავს ხალხი და ხანდახან პირველი იარუსის შავი ბაზრისთვის წყალქვეშა ნაპოვნი ძველი ნივთები ამომაქვს და მსუბუქ ნარკოტიკებზე ვცვლი. მერი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ყველას, მეშინია და ბრძანებას უსიტყვოდ ვასრულებ. 

ტყის სიღრმეში სახლი დგას, სახლში მზარეული მხვდება, პროდუქტებს ვუტოვებ და მოვდივარ. მზარეული მტრულად მიყურებს, რატომღაც ძალიან არ მოვწონვარ. უკან ვბრუნდები, გოგო ჩაცმული მხვდება. მიღიმის, ვატყობ, ჩემი არჩეული წიგნი მოეწონა.

           

            ***

            დიანა ატირებული შემოვიდა, შვრიისფაფიანი თეფში  ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე და მაშინვე გავარდა. სამწუხაროა, უცხიმო ყველი დაავიწყდა, არადა ძალიან მიყვარს. ჭამას ზუსტად 7 წუთში ვამთავრებ, შეზლონგი ტიხართან ახლოს მიმაქვს და ჩვეულ პოზაში ვჯდები. ნახევარ საათში მუზეუმი იხსნება და მზად უნდა ვიყო. სასაცილოა, მაგრამ მინდა დამთვალიერებლებს მოვეწონო. ჯერ პოპულარობა ვერ მოვიპოვე  და გამვლელები ჩემს ვიტრინასთან რამდენიმე წამით თუ შეყოვნდებიან ხოლმე,  ალბათ იმიტომ, რომ სხვების ფონზე ზედმეტად ჯანმრთელად გამოვიყურები და მომაკვდავს არაფრით ვგავარ. დილის ცხრა საათზე პირველი ჯგუფი შემოდის. როგორც ყოველთვის სკოლის მოსწავლეები არიან, მათთვის მუზეუმში შემოსვლა უფასოა. წინ მასწავლებელი მოუძღვებათ, სავარაუდოდ ის მუზეუმის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, უხსნის რომ ვალდებულნი არიან ბავშვობიდანვე თვალი გაუსწორონ რეალობას. ასეა, ადამიანი მოკვდავია. ეს ყველაზე უტყუარი ჭეშმარიტებაა, ამავდროულად არაფერია ისე საინტერესო, როგორც მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელი ამოსუნთქვა ან უკანასკნელი გამოხედვა. თანაც ადამიანებს ყოველთვის სურდათ მათი სიკვდილი მნიშვნელოვანი ყოფილიყო და, ასე რომ ვთქვათ, ტყუილად არ მომკვდარიყვნენ. მუზეუმი კი ყველაზე უმნიშვნელო ადამიანსაც საშუალებას აძლევს მაყურებლებით გარშემოტყმული ნამდვილი ვარსკვლავივით მოკვდეს. მასწავლებელი  ხანდახან ყველაზე საინტერესო ექსპონატებთან ჩერდება და ბავშვებს თხოვს ყურადღებით დააკვირდნენ მომაკვდავ ადმიანებს. ბავშვები რობერტის ვიტრინასთან ჩერდებიან, რობერტი იგინება, მაგრამ ხველა ეწყება, ისე ახველებს, შეიძლება დაიხრჩოს კიდეც. ბავშვები თვალებგაფართოებულები უყურებენ, ძალიან შეშინებულები არიან, მასწავლებელი კი ისევ რაღაცას ლაპარაკობს. სისულელეა ეს ყველაფერი, მე მგონი დროა, კანონი გადაიხედოს და 14 წლამდე ასაკის ბავშვების შემოსვლა აიკრძალოს. რატომღაც ამაზე ფიქრი მახარებს, კალამი რომ მაშოვნინა, პატარა ნაშრომს დავწერდი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ჩემი მოსაზრება, შემდეგ დიანას ბიჭს მივცემდი და ის პარლამენტში გააგზავნიდა. იქ ჭკვიანი ხალხი ზის და აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ მართალი ვარ. რობერტი თუ მართლა 26-ში მოკვდება, თემის ნაცვლად დიანას ბიჭი ამ ნაშრომს მიიღებს. ბავშვები ჩემს ვიტრინასთან გულგრილად ჩერდებიან, უინტერესოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით მათვალიერებენ და გზას აგრძელებენ. ჩემს შემდეგ ნუცაა გამოფენილი, 22 წლის  გოგონა. აქ მოხვედრამდე მუსიკოსი იყო, სატელევიზიო შოუში გაიმარჯვა და მოგებული მანქანით ავარიაში მოყვა. თურმე ტარება არ იცოდა, მაგრამ ამის აღიარება შერცხვა და საჭესთან დაჯდა. ნუცა კომაშია, შეიძლება გადარჩეს კიდეც, მაგრამ მუზეუმს ვერასოდეს დატოვებს, ის სიკვდილამდე მინის ვიტრინის მიღმა იწვება. 10 საათზე ჩემი შვილი მოდის, ეს აკრძალული არაა, მაგრამ შიგნით შემოსვლის უფლება არ აქვს. ვიტრინასთან დგას და სევდიანად მიყურებს, სალაპარაკო ბევრი არაფერი გვაქვს. სანამ აქ მოვხვდებოდი, მაშინ უფრო იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს. რამდენჯერმე ვეჩხუბე და სახლიდან წავიდა. ახლა ვეცოდები და ყოველ დილით მნახულობს. ნარკოტიკს მომვლელს აძლევს და ცოტა ფულსაც უტოვებს, რომ ყურადღება მომაქციოს.  ფული ბევრი აქვს, ნარკოტიკებიც.  ცოტა ხანში დიანა შემოდის. დილით მოწყობილი წარმოდგენისთვის ბოდიშს მიხდის და ყველის ნაჭერთან ერთად რამდენიმე აბი ნახევარმთვარეც შემოაქვს. როგორც ჩანს, ჩემს ბიჭს ქალქგარეთ უწევს გასვლა და მარაგს მიტოვებს. საინტერესოა, დილით რომ მივიღო, ისევ დამაძინებს, თუ უბრალოდ ხასიათს შემიცვლის და დღის გადატანაში დამეხმარება.

 

            ***

            - წაკითხული გაქვს? - მეკითხება გოგო და ჩემს ჩამოტანილ წიგნს მაჩვენებს.

            მასთან ლაპარაკი აკრძალული მაქვს. თითქოს ვინმე გაიგებს, მზარეული სახლშია და სადილს უმზადებს, მაგრამ არაა გამორიცხული, სადმე კამერები ეყენოს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და აკვალანგის ჩაცმას ვიწყებ.

             - შეგიძლია ცოტა ხანს დარჩე?

            ისევ არ ვპასუხობ და ჩაცმას ვაგრძელებ. მიახლოვდება, მხარზე ხელს მადებს, თითქოს ჩაცმაში მეხმარება და თან ჩურჩულით ამბობს.

            - აქედან უნდა გამიყვანო.

            მშორდება და იქვე დგება.

            მის ნათქვამზე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, არ მეთამაშება და აქედან გასვლა მართლა უნდა. მეც მინდა, რომ წავიყვანო და ეს სულაც არაა ძნელი საქმე. საჭიროა იახტაზე დავბრუნდე და სათადარიგო აკვალანგი ჩამოვიტანო.  მაგრამ ეს შეუძლებელია. მერი ორივეს მოგვკლავს, ან მე მომკლავს, მას კი აქ დააბრუნებს და ჩემზე ერთგულ მყვინთავს გამოუშვებს. ჯანდაბა, ჯობდა ამ ამბავში საერთოდ არ გავრეულიყავი. აკვალანგის ჩაცმას ვასრულებ და  კარისკენ მივდივარ, სიჩქარეში ჩანთა მრჩება. გოგო გახსნილ კართან მეწევა და გასასვლელ ოთახში ჩემთან ერთად შემოდის.

            - აქ კამერები არ აყენია, - ვამბობ ჩუმად და ალბათ ამ ბაჯბაჯა აკვალანგში ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები.          

            - როგორღაც ქალაქში უნდა მიმიყვანო, მამაჩემი მონსტრია, არჩევნები თუ მოიგო, არაფერი შეიცვლება და  უამრავი ხალხი დაიხოცება. უკვე იხოცებიან კიდეც, თვითონ  ვნახე, რაც ქვემოთ ხდება. არ ვიცი, რა გითხრეს, მაგრამ აქ ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. ღამე ნიღბიანებმა მომიტაცეს და აქ მომიყვანეს, მამაჩემიც აქ დამხვდა და  დამპირდა, რომ აქედან გასვლას თუ ვეცდები,  მომკლავს.

             - ისედაც ყველას მკვდარი ჰგონიხარ, ქალაქში შენ სახელზე ეკლესიას აშენებენ.

            - ნაბიჭვარი. ყველაფრით ქულებს იწერს. გთხოვ, მოიფიქრე რამე. მთავარია ქალაქამდე მიმიყვანო, იქ ბევრი მომხრე მყავს და ყველაფერს გამოვასწორებ.

             - არჩევნებში მონაწილების მიღებას აპირებ?

             - აუცილებლად. რეალურად მამაჩემს ჩემს მეტი ვერავინ დაამარცხებს.

              - კარგი, ავალ, აკვალანგს ჩამოვიტან.

            - მაგის დრო არ არის, ახლავე წავიდეთ, უბრალოდ ხელი მომკიდე და ზემოთ ასვლაში დამეხმარე.

            - ზედაპირამდე 20 მეტრზე მეტია.

            - არაუშავს, რომ გამიჭირდება, შენი ნიღაბი მათხოვე.

            - მაშინ შენ ჩაიცვი აკვალანგი.

            - ხომ გეუბნები, დრო არ გვაქვს, ალბათ უკვე დააფიქსირეს, რომ ტყეში არ ვარ და ვინმე გამოაგზავნეს.

            ხელს მკიდებს და კარისკენ თამამად მიდის. კარი იღება და ოთახში წყალი შემოდის.

           

            ***

            სამი საათია, თვალს ვახელ და ვიტრინის წინ ოცამდე ადამიანს ვხედავ. ამჩნევენ თუ არა, რომ გავიღვიძე, მათ სახეებზე რაღაც იმედგაუცრების მსგავსი ისახება და აქეთ-იქით იფანტებიან.

            ცოცხალი ყოფილა, - უკმაყოფილოდ ამბობს ერთი  და რობერტისკენ მიდის.

            უცნაურია, მგონი მუზეუმი ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას. რაღაც მეეჭვება, აქ მოსვლით,  ადამიანები თანაგრძნობას სწავლობდნენ, პირიქით, სვავებივით არიან, ერთი სული აქვთ, დავიხოცოთ, რომ ჩვენგან გამოთავისუფლებული ენერგია მიითვისონ და ახალი ემოციით გაძღნენ. არადა, ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ დღეს თუ ხვალ თვითონაც აქ მოხვდებიან. პრინციპში, ერთის ან თუნდაც ოცის მაგალითზე  საბოლოო დასკვნის გამოტანა არ შეიძლება, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ ჩემი გაღვიძება ამდენ ადამიანს ეწყინა.

    დარბაზში ჩემს ყოფილ მდივანს, ლიზას ვამჩნევ, შეშინებული სახე აქვს და ვიღაცას დაეძებს, შეიძლება ეს ვიღაც მე ვიყო. ასეცაა. მოდის და მინას ხელს ადებს, ხელზე რაღაც აწერია, მაგრამ ეტყობა წარწერა ოფლმა დაასველა, გადაიდღაბნა და წაკითხვა მიჭირს. გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩავ და მინასთან ახლოს მივდივარ. აქედან უკეთ მოჩანს.  წარწერას ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერს ვხვდები. არენდოგიას - ზუსტად ასე, ერთად წერია. გია ჩემს ბიჭს ქვია. მეტი არავინ მახსენდება. ლიზას თავის დაქნევით ვანიშნებ, რომ ყველაფერს მივხვდი, მაგრამ სინამდვილეში სულერთია. ლიზას თვალებში სიხარულს ვამჩნევ და როცა მიდის, ინსტინქტურად საჯდომზე ვუყურებ.  ტუალეტში გასვლის დრო დგება, ღილაკს თითს ვაჭერ და მომვლელს ვიძახებ. ტუალეტი ერთადერთი ადგილია, რომელსაც გამჭირვალე კედლები არ აქვს. უნიტაზზე მყუდროდ ვჯდები და  დახურულ კარს ვუყურებ, კარი სარკიანია. კარგია, ჯერ ისევ სიმპატიურად გამოვიყურები. ხელებს ვიბან და ვიტრინაში ვბრუნდები. მალე პიკის საათი დაიწყება, სამსახურებიდან დაბრუნებული ხალხი მუზეუმს მოაწყდება და ამ დარბაზში ტევა არ იქნება. 4 წლის წინ მუზეუმის მარკეტინგის ჯგუფმა ექიმებთან კონსულტანცია გაიარა და პატარა სარეკლამო რგოლი გააკეთა. იქ სტატისტიკა იყო ნაჩვენები, საიდანაც ვიგებდით, რომ ყველაზე ხშირად ადამიანები საღამოს 7-8 სათის შუალედში იხოცებოდნენ. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს თაღლითობა იყო.  ადამიანები ყველაზე ხშირად გვიან ღამით ან დილაუთენია იხოცებიან, მაგრამ ამ დროს მუზეუმი დახურულია. მოკლედ, ცოტა ხანში ხალხი მოგვაწყდება, მე კი რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, თითქოს თავის ტკივილი დამეწყო და გულიც მერევა. კიდევ ერთ ნახევარმთვარეს ვიღებ, მეჩვენება თითქოს სხვა გემო აქვს, ოდნავ მომწარო, ალბათ აბები კუჭს მიღიზიანებს, უფრო სწორად, იმას, რაც კუჭიდან დარჩა.

           

            ***

        ქალაქისკენ მივცურავთ. მარი კაიუტაშია და  გაბმულად ახველებს. მადონა არ დამიძახოო, ამიკრძალა.  კარგად იცურა. არ ველოდი. იოლად ამოვედით. ქალაქში მისვლამდე ერთგან უნდა ჩავყვინთო და რაღაც ამოვიტანო. გული მიგრძნობს, დღის ბოლომდე გამომადგება. მარიმ მითხრა, მზარეულს ისე შეეშინდება, არავის არაფერს ეტყვისო. არ მჯერა, მაგრამ ფაქტია, ჯერ არავინ მოგვდევს. ყველაფერი თუ კარგად წავიდა, 10 საათისთვის, მეთევზეების უბანში ვიქნებით, მარის იქ მეგობრები ჰყავს და საარჩევნო შტაბის მოწყობას აპირებს. დარწმუნებულია, რომ მოიგებს. მის ოპტიმიზმს ბოლომდე არ ვიზიარებ, მაგრამ შანსი არის. არ ვიცი მესამე იარუსზე რა ხდება, სადაც პოლიცია და ჯარი ცხოვრობს, მაგრამ წესით მერი არც  მაგათ უნდა უყვარდეთ. ზედმეტად თვითკმაყოფილი ნაბიჭვარია.  მთავარია ხალხმა დაინახოს, რომ მერმა  შვილის სიკვდილი დადგა და მერე ცხელ გულზე ყველაფერს დაიჯერებენ. კაიუტაში ჩავდივარ, გოგო წიგნს კითხულობს, როგორც ჩანს ჩემს ჩანთაში ჩააგდო, უკან რომ მომდევდა.

            - მართლა წაკითხული გაქვს?

            - კი, მაგრამ დიდად არ მომწონს, რაღაცნაირი წიგნია, მოსაწყენი.

            - მე ძალიან მომწონს.

            - დასასრული აქვს მურტალი.

            - არ მითხრა, მაგრამ მგონი  ვხვდები, მამამისის მოკვლა უნდა ხო?

            - არ გეტყვი, რაღა დაგრჩა, მალე გაიგებ. აუ, მოდი, ცოტა ხანს ზემოთ გაჩერდი. აქ უნდა ჩავყვინთო.  20 წუთში ამოვალ.

            მარის ჩემი ტანსაცმელი აცვია, ცოტა დიდი აქვს, მაგრამ უხდება. ჩაშვებას რომ ვიწყებ, ხელს მიქნევს. რაღაცნაირი გოგოა, ზედმეტად საყვარელი. ახლა გორის თავზე ვარ. აქ ადრე სამხედრო ბაზები იყო. ერთი ახლაც ხუფქვეშაა. მართალია ძირითადად ძველებური, სამუზეუმო იარაღები ინახება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, კალაშნიკოვი არასოდეს ფუჭდება და  ვაპირებ ორი-სამი ცალი გავიყოლო. მეთევზეების იმედზე ვერ ვიქნები. რამე რომ იყოს პირველი იარუსის პოლიციას მაინც გავექცევი და საზღვარზე გადავალ. იმედია, მარიც გამომყვება.  

 

            ***

            უცნაურია. ეტყობა ლიზას ნახელავი მესიჯი ჩამყვა. არა, შეუძლებელია გიას ჩემი მოკვლა უნდოდეს. რატომ? რატომ? სიგიჟეა, მე ხომ ისედაც ვკვდები. მართალია დრო კიდევ მაქვს, თითქმის სამი თვე. ისე, თითო დღე წელიწადივით ნელა გადის.

            ვიტრინაში ბოლთას ვცემ, ხალხი გაკვირვებული მიყურებს. 

     პატარა რომ იყო, მათემატიკა უყვარდა, მერე ნარკოტიკების გაყიდვა დაიწყო და ჩემზე მეტი ფული იშოვა. არა, მეც ბევრი  მქონდა და სამწუხაროა, რომ  ვერავისთვის დატოვება ვერ მოვასწარი. აქ როდესაც ხვდები, მთელ ქონებას სახელმწიფო უკეთებს კონფისკაციას. უფრო სწორად კი მთელ ფულს მუზეუმი იღებს და მერე ამ ფულის ნაწილი შენზევე იხარჯება. ვერაფერს იტყვი, სამართლიანია. მაგრამ ჩემი მოკვლა რატომ უნდა უნდოდეს. ვარინტი არაა, უბრალოდ ლიზამ რაღაც უაზრო ჭორი გაიგო და ვერ მოითმინა, ჩემთვის არ ეთქვა.

     ცოტა ხანში მუზეუმი დაიკეტება და ექიმების შემოვლა დაიწყება. ჩემს ექიმს დათო ჰქვია. კარგი ბიჭია, ხანდახან ტკივილგამაყუჩებლებს მჩუქნის. არადა მათი მიღებაც აკრძალულია. ჩვენ ხომ ზუსტად იმიტომ ვართ გამოფენილები, რომ ხალხს ჩვენი ტკივილი ვაჩვენოთ. ცუდი ექსპონატი ვარ, ნარკოტიკებით და ტკივილგამაყუჩებლებით გაბრუებული ვის უნდა მოვეწონო. ბარემ ექიმს წამალს გამოვართმევ, რაც დამრჩა, ყველაფერს ერთად მივიღებ და ხვალიდან არაფერს გავეკარები. ცუდი დღე იყო და  ბოლომდე უნდა დავისვენო.

 

 

            ***

            ქალაქში ბნელა. პირველ იარუსზე ყოველთვის ასეა. 10 სათზე შუქი ითიშება. უცნაური კია უშუქოდ ყოფნა, როდესაც უზარმაზარი კაშხლის შუაგულში ცხოვრობ. თუმცა პირველი იარუსის ქუჩები  მაინც ყოველთვის სავსეა, აქა-იქ ცეცხლიც ანთია, ძირითადად ნაგავს წვავენ და მყრალი სუნი  დგას. სადაც ჩვენ მივდივართ, იქ ყველას ძინავს. მეთევზეები დილაუთენია დგებიან, მთელი დღე თევზაობენ და საღამოს ადრე იძინებენ. ჩვენს მასპინძელს პეტრე ჰქვია. ის მეთევზეთა უბნის წარმომადგენელია ქვემო ქალაქის საბჭოში. ქვემო ქალაქის საბჭო არჩევნებზე თავის კანდიდატს ასახელებს. ზოგადად ეს ფორმალობაა, რადგან არასოდეს ქვედა ქალაქელს არჩევნებში არ გაუმარჯვია, მაგრამ ახლა ჩვენ შანსი გვაქვს. ვაკაკუნებთ. კარს პეტრეს მეუღლე გვიღებს, გვიღიმის და სასტუმრო ოთახისკენ გვეპატიჟება. იქ პეტრე ზის და ქალაქის მერი. მერს შავი მოსასხამი აქვს მოხვეული და სახეზე არლეკინის ნიღაბი უკეთია. 

            - გამარჯობა ლამაზო, რას შვები, კიდევ ახველებ?  - სიცილით ეკითხება შვილს.

მე ზედაც არ მიყურებს, თითქოს არც ვარსებობს. ვხვდები, რომ შარში ვარ, ქურთუკში საგულდაგულოდ დამალულ კალაშნიკოვს ვიღებ და ერთი გრძელი ჯერით ჯერ მერს ვაწვენ, შემდეგ პეტრეს, ბოლოს კი პეტრეს ცოლს და ცოლთან ერთად შემოვარდნილ 2 მამაკაცს, სავარაუდოდ მერის პირად მცველებს. თვითონაც არ ვიცი როგორ ვახერხებ, ავტომატი ხელში მეორედ მიჭირავს. გოგოს ხელს ვკიდებ და ქუჩაში გამოვრბივარ, სახეზე სისხლს ვამჩნევ, მგონი ცხვირიდან მოსდის. მეთევზეების შუქურასკენ გავრბივარ, იქ მუდმივად თევზაობს რამდენიმე მოცლილი. ვფიქრობ, ნავი დავითრიო და თავს ვუშველო. ჩემი იახტა ქალაქის სხვა ნაწილთან დავტოვეთ, იქამდე ვერ მივალ. თან ალბათ მალე განგაში გამოცხადდება და ქალაქიდან გასასვლელ ყველა გზას გადაკეტავენ.  შუქურამდე სირბილით მივდივარ. იქ არავინაა, არც ნავები მოჩანს სადმე. მარის ცხვირიდან სისხლი სდის, თან უფრო ძლიერად,  პირღებინებაც ეწყება და პირიდანაც სისხლს ანთხევს, იჩოქებს, მის წინ სისხლის პატარა გუბე ჩნდება. ხელს ვკიდებ და შუქურაში შემყავს. ხვეული კიბე ზემოთ ადის. ავდივართ და ქვის იატაკზე ვაწვენ.

            - აქ ვერავინ მოგვაგნებს - ვამშვიდებ მარის.

            - მადლობა,შენ უკვე ყველაფერი გაკეთე, ახლა მთავარია დილამდე გავძლო და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ხალხმა მნახოს, ბევრმა ხალხმა.

            სისხლდენა არ უჩერდება. თავს უკან ვაწევინებ და თვალებში ვუყურებ. მეჩვენება, რომ თვალებში შუქი უქრება.

            - ის წიგნი როგორ მთავრდება, სიკვდილის მუზეუმი, რას შვება გია, კლავს მამას?

             - ვერა, მოხუცის ორგანიზმი ნარკოტიკს უმკლავდება. შემდეგ ირკვევა რომ შვილს ტოტალიზატორში აქვს დადებული, მამამისის სიკვდილამდე სამი თვე რჩებოდა და ვადამდე ერთი თვით ადრე სიკვდილზეც კი კოეფიციენტი  500-ზე მეტი იყო. 20 ათასი დოლარით მილიონის მოგება უნდოდა.

            - ზღაპარია, მაგრამ მომწონს რომ  გადარჩა.

            - მე კიდევ პირიქით, რეალურად მუზეუმში ყოფნა სიკვდილზე უარესია. იცი, წიგნი როგორ მთავრდება?  ლევანი, ასე ქვია მთავარ გმირს, შვილის სიკვდილის ამბავს იგებს. შვილს დიდი ვალები აქვს და თავს იკლავს. ის თავის გადარჩენას მამის სიკვდილით აპირებდა. მოკლედ, ბოლო თავი საერთოდ საშინელებაა, აღწერილია 24 საათი ლევანის ცხოვრებიდან.  მას არ აქვს ნარკოტიკი, აღარც ტკივილგამაყუჩებელს უტოვებენ, ეს 24 საათი არის ყველაზე მოსაწყენი და გაუსაძლისი 24 საათი, რაც კი ოდესმე ვინმეს აღუწერია. ბოლოს კი ლევანი ამბობს, მე კიდევ 1860 საათი დამრჩა, თუ რაღაც ეგეთი, ზუსტად არ მახსოვს.

            - არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც მომწონს.

            მარი დილით მოკვდა, ზუსტად ექვს საათზე. მკვდარი დაბლა ჩავიყვანე და მეთევზეების უბანში დავტოვე, ცხრა საათზე უკვე თავის სახელობის ეკლესიაში ესვენა. იქ უამრავი ხალხი შეიკრიბა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე მარის უნდოდა ენახა.

            მე არავის გავხსენებივარ. გამოვიძინე,  მეორე დილით  იახტა ნავსადგურში გავიყვანე და ტურისტებს დავუწყე ლოდინი.

            არჩევნები საერთოდ არ ჩატარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და მერის პოსტი გენერალმა ძიბძიბაძემ  შეითავსა.

 

            ***

            დღეს 27 ნოემბერია. დილით რობერტი მოკვდა. სამწუხაროა, რომ ვაშლის გარეშე დავრჩი, მაგრამ სამაგიეროდ კალამს ვიშოვი. რაღაც გეგმა მაქვს. გადავწყვიტე ნაშრომი დავწერო. არა, 14 წლამდე ბავშვები არაფერ შუაშია, საბოლოოდ მივხდი, რომ სიკვდილის მუზეუმი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და დროა დაიხუროს. თუ საჭირო იქნება, პრემიერსაც დაველაპრაკები, იმედია ძველ მეგობრობას არ დაივიწყებს.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE