დრამა რუსეთი


დრამა რუსეთი




რუსეთი:

მაშასადამე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ

ტატუნაშვილი ჩვენ გვეკუთვნის.

საქართველო იგივე ჩვენ ვართ -

ერთი ტაძარი, ერთი ხალხი, ერთი ოცნება.

დაბადება არაფერს ნიშნავს. მთავარია გარდაცვალება.

ის აქ, ჩვენთან გარდაიცვალა.

 

საქართველო:

დაგვიბრუნე ტატუნაშვილი

დაგვიბრუნე ტატუნაშვილი

დაგვიბრუნე ტატუნაშვილი

 

გმირის ცხედარი:

მომხედეთ, აქ ვარ.

შენ არ არსებობ, ვუთხარი რუსეთს

ღრმა და ვიწროა ჩემი სამშობლო

ფეხს ვერ ჩადგამ მის ხეობებში.

კლდეზე ცოცვით თუ გადაიარ,

მხოლოდ ყვავები დაფრთხებიან არარსებობით.

 

ქორო:

ბოლო წუთამდე დუმილს არ თმობს, იბრძვის ზამთარი

კუბო მზადაა, მაგრამ მტერი მაინც არ ტყდება

არ სურს რომ გულში აღიაროს, გმირი მკვდარია.

რუსეთი ცდილობს დაიმალოს არყის ჭიქაში

და ამ დამალვით ცხადი გახდეს, იგი არსებობს.

საკუთარ თავს მხოლოდ ასე ათვალიერებს.

ვინ ეტყვის დედას, მაგის მამას ვინ მიახარებს

სუდარა ფარავს ძვლებს აპრილისას

ეს წიწვოვანი მკლავები და თეთრი ბაფთები

სამგლოვიაროს ნამდვილად არ ჰგავს.

 

მიწა:

ნუ მეფარები, მე მაყვალს ვხედავ

ეცემიან ჩრდილები ხეებს,  გაზაფხული ასე შემოდის

ჰაერში სუნი მოიფრქვევა,

პეპლების ცვენით ნაპერწკლებს ყრის ზარბაზნის ლულა

ცეკვავს შიმშილი, ნესტოებს წვავს ასკილის სუნი

ჭიანჭველა ფოთლებს ჭამს და ვენახის კვირტებს

აყალოსფერი ხელის მტევნები გადაუგრიხავთ, რომ გაიაროს.

ამ პატარა ხევებიდან და ვიწრო მდინარეებიდან იელვებს ქარი

და აფრინდება თეთრი ფანტელი

სივრცე ერთ  მუშტად შეიკუმშა, რათა იხუვლოს

შეკუმშულია შურისძიება და რისხვა დაჰქრის

ფეხებში ურტყამს მარმარილოს სიცივე ძარღვებს

ღრმაა ზეცა და  უძირო ფიქრი

ჩვენ ევროპა ვართ, ჩვენ ვარსკვლავებს შევუერთდებით.

 

გმირი:

მე ვიდექი ტყის შუაგულში.

მზე რომ ჩავიდა, მაინც ვიდექი,

დაღამდა და მაინც ვიდექი

და იქ ვიდექი, ვიდრე არ გათენდა.

მთელი ღამე გრძელი გამოდგა.

არაფერი აღარ ხდებოდა.

აღარც ცაა და აღარც მიწა.

აღარც მარჯვენა, აღარც მარცხენა.

ნიავიც არა. მხოლოდ ძილი სამარადისო.

ვნატრობდი, რამე მომხდარიყო, ცუდი თუ კარგი.

ჯერ მეშინოდა, შემდეგ შიშმაც გადამიარა.

ვიხსენებდი გაზეთებში წაკითხულ ამბებს.

აღმაშფოთებლად არ მოჩანდა ის,  რაზედაც უწინ ვცხარობდი.

მავთულხლართები, ღობეები მთლიანად გაქრა.

გმირი ვიყავი, მაგრამ მინდოდა ვყოფილიყავი

მოღალატე, მატყუარა, ნაძირალა, უბრალო მკვლელი.

ვინ ლაპარაკობს?

 

ვარსკვლავები:

ტყე ირწევა, ჭრიალებს, კვნესის

მიცურავს და მოცურავს ნავი.

მხოლოდ ჩვენ ვართ უმოძრაონი

მთვარის ტალღებში.

ეს შენა ხარ

ამირანი, ასფურცელა, ადიხანჯალა, იახსარი, თუნდაც კოპალა.

 

გმირი:

მე შენ ვერ გხედავ

ვიღაც ცხოვრობს ჩემი სხეულით და ტანისამოსით.

 

ვარსკვლავები:

შენ მარტო ხარ? ტყეში რა გინდა.

ჩვენ ბევრნი ვართ, ვარსკვლავები.

გზა დაგებნა? ჩვენ მიგასწავლით.

 

გმირი:

ვინ ლაპარაკობს?

 

ექო:

ეს მე ვარ  ექო. ექო? დიახ, ექო

აი ბილიკი. აი ბილიკი, აი ბილიკი,

ვარსკვლავები გამომწვევად ანათებენ,

შეგიძლია ყველგან წახვიდე, თუკი ექოს გამოგაყოლებთ.

ის გზას გასწავლის.

შენს სოფელში რა დაგრჩენია.

აქედან იქით გადაუხვევ.

სატრფოს ცრემლები? მშობლის საფლავი?

ღამის ყორანი ყურწამღებად გადიხარხარებს.

უბნელეს სივრცის განაპირას ისმის გოდება

რას ეძახიან, ვის უხმობენ?

 

სული:

აქ სიცივე უფრო იმატებს. ხავსი გამცვივდა, შიშველი ვარ

მე გავხდი ორი. არადა ადრე ის ვიყავი. ის, რაც არაა

და უკვე არის. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.

 

მკვლელი:

უსიერ ტყეში ის  ცოლ-ქმარი შემოვიტყუე

ტყე  მოიწევს, რათა შემბორკოს სიყვარულის დიდი კოცონით

მთვრალი ვარ ახლაც იმ ამბებით, რასაც ვერ ვამხელ

ხევებში რჩება ექოებად ჩუმი ტირილი.

ჩავკეცავ, ჩავშლი, ამოვაჩენ, ისევ დავმალავ,

ღრუბლები ფარავს ცის სილაჟვარდეს.

წყალივით ჩქეფს ჩვენს შორის ის, რასაც არ ვამბობთ.

მის მკერდში ვმალავ უხილავ სახეს.

 

მე არ მომიკლავს, მან მე თავი მომაკვლევინა

ეს ის იყო, რუსეთი იყო.

გაიყინა. მდინარეში თავად ჩაიხრჩო. გამომიწვია.

და ჩემი ბრაზი და სინანული დაეხეტება ვიწრო ხევებში.

რა გეგონა, აქ რომ შემოდი. 

აქ ყველაფერი ყვირილად ისმის.

თავგანწირულ ამოძახილად, კვნესად, გოდებად,

ჩაკლულ სულად.

ჩვენი სიმღერა ასეთია,

ბოღმით ვიხრჩობით, მაგრამ თუკი სივრცე გაიხსნა,

ალმასები ცვივა  ჩვენი თოფიდან.

მდინარეზე წახრილი იყო, მიტომ ვესროლე.

თვალებში რომ არ შეეხედა, რომ არ ვეცნე.

გაურკვევლობით მომივიდა. და თან ქალი ამ უხეშ მთებში

პირდაპირ თვალში მიყურებდა და ხლართავდა

მკვლელობის სცენარს

და სიცილით არჩევდა კადრებს,

უსაზღვრო იყო იმისი მზერა.

მერე რა რომ ძმადნაფიცს ტყვია

არ გაუგია. მისი მზერა ექომ მომტაცა.

მთები მაინც ყოველთვის დუმან.

თოფის გასროლა მათ ვერ დააფრთხობთ.

ექო კივის, თავის თავს დასდევს.

მთა არ გატყდება, არსად გაგთქვამს,

რადგან მკერდში ჩაგუბებულ უსიტყვო ნაღველს

 კიდევ ერთი დაუმატოს  სიამაყისთვის,

რადგანაც მეტის ატანა ძალუძს.

 

ადვოკატი:

რუსეთი დიდია

ის იმთავითვე უფრო დიდია, ვიდრე ხეები. ჩიტები, მთები,

ჭეშმარიტება, მეგობრობა და სიყვარული

ვიდრე სიდიდე.

მე დაგიცავ უსაზღვრობისგან

მე დაგიცავ უსაზღვრობისგან.

 

მოწმე:

აი მოდის ბილიკზე მგზავრი, მის ზურგს უკან კი ღრიჭოებია

მოხერხებულად აეფარა, მაგრამ ღრიჭო დროდადრო რჩება

სამხედროები გადაუდგნენ და პასპორტს თხოვენ

მან გაიღიმა, ხელჩანთაში ნაზუქი უდევს თან ზურგს უკან რაღაცას მალავს.

სხვა არაფერი, მაგრამ ნაზუქს ობი მოედო.

ჭიანჭველები დასევია. მაინც იღებს, მესაზღვრეებს რომ შესთავაზოს

მესაზღვრეები აფრთხილებენ, იქ უსაზღვროა.

სამშობლო კი აქვე მთავრდება

ამას იქეთ რუსეთია, ფეხს ვერ გაადგამ

მაგრამ უცებ ღრიჭოს ხედავენ, ფერი ეცვლებათ

 უსაზღვროება იქ ჩავიდა?

ქართულ მიწაზე განყოფილებაში მიათრევენ,

ის კი  იბრძვის,

ხავსს ეჭიდება,

მისგან გრეხს ბაწარს.

შეათრევენ, გარეთ გამოდის.

შეათრევენ, გარეთ გამოდის,

ბოლოს მაინც გადაყლაპა განყოფილებამ.

გოგონა გრძელი სახითა და მონღოლური ყვრიმალებით, თხელი ჩულქებით

პასპორტს ხელში ატრიალებს,

ცისფერ თვალებს დამცინავად უშტერებს მზერას

ჰორიზონტს მიღმა, სადაც მამა ალექსანდრ სკრიპალი

ბავშვებს აჭმევს კოვზებით ფაფას

ისევ ბრუნდება ჰორიზონტში, დორბლი სდით ბავშვებს

გმირი ამ დროს  წყლად გადაიქცა.

თვალებს დახრის?

დიახ, მოვკალი.

ფიცვერცხლი ვჭამეთ.

მაგრამ  არაყიც მივაყოლეთ.

ჟიპიტაური.

 

ქარი:

ჩვენ უბრალო გამვლელები ვართ, სიტყვებს ვალაგებთ

არ დაუჯერო რასაც ყვება, ის ხომ ქარია

სიტყვებისა და მარცვლებისგან შედედდა სისხლი,

ასე დაიწყო ის პოემა.

მინდა მოგითხროთ იმ მოგზაურზე, შორეული ქვეყნებისკენ ვინც გაეშურა

იმ წელს, როდესაც კვლავ დაირწა გუბეში ნავი, ნავი, ნავი, ნავი.

და ქარმა ოდნავ დაუბერა სილის ნაპირებს,

ის დაიბადა ისე ჩუმად, თითქოს ამქვეყნად

ძალადობა არ არსებობდეს, მხოლოდ სუნი მწვანე ტყემლების.

რუსეთი მოვარდა, რუსეთმა წაგვლეკა.

მთელი ღამე ვებრძოდით რუსეთს.

ალაზანი დიდია,

გველეშაპი ჯერ არ მოსულა   

რუსეთი ალბათ შურს იძიებს

ცდილობს ჩავიდეს ნისლის სახით ვიწრო ხევებში.

ყვავილები გათელილია, ბუჩქებიდან აფრინდა წერო.

და მზის გადაღმა იეროგლიფი

გამოჩნდება, დაიმალება.

ბოლოს ღრუბლები გადიყარა

და გაზაფხულის თეთრი ფანტელი

მოედო მინდვრებს, ვიწრო ხევებს, გიჟ მდინარეებს.

სსს.

ბუჩქებსა და ბალახებს შორის მიტოვებული არტილერია

საკუთარ თავზე გაბრაზებული

გაჰყურებს ნაპირს

ხავსი ამოსულა მათ მკლავებზე, დარდი ჩაუცვამთ

ლილეოს და ხასანბეღურას ვეღარ მღერიან

სადღაც ყელში გაჩხერილა თოვლის ფანტელი

 

სახლში, ბუხართან:

დარეკეს, ხომ არაფერი დაუბარებიათო

მხოლოდ დუმილი უშინაარსო, მხოლოდ დუმილი.

 მამამისი,  საცოდავი ბუხართან იჯდა

ვეღარ ფიქრობდა, ვეღარ გრძნობდა, ვეღარც იხსენებს

აქეთ ჩალაა შესაკრავი, საქონელიც თავისას ითხოვს

ზოგჯერ მზადაა დაუძახოს, მაგრამ სახელი

საზოგადო გამხდარა მხოლოდ

მისი შვილი ყველას მოუკვდა.

გატრუნულა მთელი ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრი.  მამასავით ზრუნავდა კაცი.

ჯმუხი და სახედაღარული, როგორც ხეები

თავის შვილები აღარ ახსოვს, მხოლოდ ერთი

ტატუნაშვილი, ტატუნაშვილი.

მაგრამ გვამი არსად არა ჩანს.

საწყალი მამა მზად იყო ზამთარში წასულიყო და

ყინულის ლოლუებს შევედრებოდა

მომეცით შვილი.

მოფერებით სახელებს არჩევს

მხოლოდ მისთვის, რომ გაიხსენოს

წარმოსახვა ცრემლმა გაყინა

არავინ არ ყოფილა იქ, იმ ჭის ფსკერზე.

ვეღარ იხსენებს.

 

მდინარე

თუმცა ვერ გხედავ მაინც  ვხვდები რისი თქმა გინდა

მე აქ დროებით... აღარ მოვალ.

შენი სული  ისე ახლოა  საუბარი არც კი გვჭირდება

ისიც აგრძელებს დაწყებულ ფრაზას და

ვხვდები, რომ უნდა იღიმებოდეს.

ის ცივია და მიწყრება თითქოს. 

და ეს ღიმილი მე მებადება

დაე შენი სიტყვები ქარივით პირდაპირი,

წყალივით უშიშარი და

ჰაერივით მტკიცე იყოს

ნუ იქნები ცეცხლივით მორცხვი

ჰო ბიჭუნავ, გზა დაგეკარგა, ვის არ მოსვლია.

აბა ჯოჯიკ ადექი და მორთე ნაცარი

გამარჯობა ამხანაგო ტატუნაშვილო...

ისტორია ისევ გრძელდება, ოღონდ სცენაზე.

ხვალ კიდევ ეს სიტყვები იქნება საჭირო.

გადავუჩურჩულეთ, ტექსტი მაინც ესწავლა

მრავლობითობა ლაპარაკობს, ოღონდ უსმინე

ლაპარაკობს,  ჩვენ მისი გვესმის

გაიმეორე პირველ პირში რასაც მოისმენ -

ეს მე ვარ ტყეო. შენი ექო რომ შევინახო

უნდა ვიბრძოლო. არ წავიშალო.

ღრუბლებს შორის არ გავფერმკრთალდე.

წყლის სკანერით შენამდე მოვალ,

 ცის მონიტორზე

კლდის ქიმებზე ამოვბობღდები.

მე ვიღაცა ვარ.

მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვარ

ოღონდ არ ვიყო დასაბამი,

ოღონდ გავექცე.

 

დედა:

ათასობით ვარსკვლავი უხმაუროდ მოძრაობს ცაზე

მე მაინც გელი დაგვიანებულს

დასასრული წინ არ არის, ის თითოეულ ჩვენთაგანშია.

ყველა, ვინც კი კვდება, რუსეთში მიდის

როგორც თევზები ზურგშექცევით ჩადიან ზღვაში

თვალები კი  თერგისკენ რჩებათ

ყოველ მოსახვევს იმახსოვრებენ, ვიწრო კბოდეებს,

კლდოვან ნაპირს, ალმასის მძივებს

ელევიან, ეფერებიან,

ფეხებიდან მოდის სიცივე,

შემდეგ მუხლები, წელი და მხრები

ამ დროს კი გვერდით, შუატყეში ამირანია

ვერსად ვერ მიდის. ტყე არ უშვებს...

გამარჯობა ბატონო ტატუნაშვილო,

 შენი სამშობლო გელოდება.

 

თოვლი კი არა, გაზაფხულია

თოვლი კი არა გაზაფხულია.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE