ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა


ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა




უდიდესი ინგლისელი პოეტი, მხატვარი და ვიზიონერი უილიამ ბლეიკი  1757 წელს დაიბადა ლონდონში. მამამისი ვაჭარი იყო და მისი ოჯახი საშუალო ფენას განეკუთვნებოდა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში ათი წლის მერე არ უვლია. ადრეული ასაკიდანვე გამოიჩინა მხატვრობის ნიჭი და დაეწყო მისტიკური ხილვები. ერთხელ მან დაინახა ანგელოზებით სავსე ხე. მისი ხილვები მშობლებს დიდად არ მოსწონდათ‚ სამაგიეროდ ხელს უწყობდენენ მისი მხატვრული ნიჭის განვითარებას. თოთხმეტი წლისა იგი მოწაფედ მიაბარეს ჯეიმს ბეზირს. ბატონი ბეზირი შესანიშნავი პედაგოგი გამოდგა. იგი ხშირად აგზავნიდა ბლეიკს ვესტმინსტერის სააბატოში ჩანახატების გასაკეთებლად. ამ გოთური სტილის გრანდიოზულმა შენობამ თავისი ლეგენდებით და მიცვალებული მეფეების საფლავებით დიდი გავლენა იქონია ბლეიკის შემოქმედებაზე. ბლეიკის ცხოვრება და მოღვაწეობა დაემთხვა ლონდონში არეულობას‚ გორდონის ამბოხს და სიღარიბე-გაჭირვების პერიოდს. ეს ყველაფერი ხშირად პოულობს გამოძახილს მის ლექსებში.

წარუმეტებელი რომანის შემდეგ მან ცოლად შეირთო კატერინა ბუშერი‚ ქალი‚ რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდა. საქორწინო კონტრაქტში მისი სახელის გვერდით ჯვარია დასმული. ბლეიკმა ასწავლა მას წერა-კითხვა და ხატვა‚ რათა თავის საქმიანობაში დახმარებოდა.

1783 წელს ბლეიკმა მეგობრების დახმარებით დაბეჭდა პირველი ლექსების კრებული “პოეტური სკეტჩები”. მისი ეს ტექსტები არ გამოირჩევა ღრმა ფილოსოფიური და სიმბოლური დატვირთვით. იგი უძღვნის ლექსებს წელიწადის დროებს‚ ვარსკვლავებს‚ მუზებს. “მშვენიერი ელინორი” გოთური სტილის ტიპური ბალადაა. “გვენი‚ ნორვეგიის მეფე” პოემაა რევოლუციაზე. “მეფე ედვარდ III” კი დაწერილია შექსპირის გავლენით.

ალექსანდრე გილტრასტის თანახმად, ბლეიკი წერდა ბავშვებისა და ანგელოზებისთვის და არა - უბრალო ხალხისთვის. თვითონ ბლეიკი თვლიდა‚ რომ მისი ნამუშევრები ყველასთვის იყო და მათ გაგებას შეძლებდა ფართო მკითხველი. იგი წერს კიდეც ერთ-ერთ ლექსში: “მესტვირევ‚ დაჯექი და დაწერე‚ / წიგნი‚ რომელსაც ყველა წაიკითხავს”. და მაინც, ვინც არ იცის კარგად ბიბლია‚ ბერძნული და აღმოსავლური მითოლოგია‚ გოთური სტილის მწერლობა და ხელოვნება‚ იმ პერიოდის ევროპის ისტორია და პოლიტიკურო მოვლენები‚ იმ დროის აქტუალური მწერლობა‚ ზოგადად - სახვითი ხელოვნების ისტორია, და არქაული ინგლისური‚ მისთვის ბლეიკის წაკითხვა იოლი არ იქნება.

ბლეიკის შემოქმედებაში გამორჩეულია ერთმანეთისგან დაახლოებით ექვსი წლის ინტერვალით გამოცემული “უმანკოების სიმღერები” და “გამოცდილების სიმღერები”. ისინი აზრობრივად ისე ორგანულად ერწყმის ერთმანეთს‚ რომ ძნელია მათი აღქმა, როგორც ორი სხვადასხვა წიგნის. როგორც აღნიშნავენ, ესენი არის ბლეიკის და ინგლისური ლიტერატურის ყველაზე კითხვადი და განხილვადი წიგნები.

“უმანკოების სიმღერები”‚ როგორც ეს სათაურიდან ჩანს‚ უმანკონი და ბავშვურად მხიარულნი არიან. მხიარული მესტვირე ღვთის სადიდებელ სიმღერებს მღერის‚ ბავშვები უდარდელად თამაშობენ‚ დადებითი ემოციებით და სიკეთით არის სავსე ქვეყანა.

სამაგიეროდ, “გამოცდილების სიმღერები” სულ სხვა ტინალობას იძენს. აქ მხიარული მესტვირე კი არ უკრავს ბავშვებისთვის საამურ სიმღერებს‚ არამედ მკაცრი ბარდი ითხოვს, ყური დაუგდონ მის დარიგებას. ამ ორი პარადიგმის შეპირისპირებით ბლეიკი ხაზს უსვამს პოეზიის ორმაგ ბუნებას‚ მის სიამოვნების მომგვრელ‚ გამახალისებელ, იმავდროულად კი დამრიგებლურ‚ დიდაქტიკურ ფუნქციას. ამ ორი წიგნისთვის დამახასიათებელია წყვილ-წყვილი‚ ერთ თემატიკაზე‚ მაგრამ სხვადასხვა ტონალობაში დაწერილი ლექსები. მაგალითად, “უმანკოების” პირველ ლექსში ვხვდებით მხიარულ მესტვირეს‚ “გამოცდილების სიმღერებში” – მკაცრ ბარდს; “წმინდა ხუთშაბათი” “უმანკოებაში” რელიგიური დღესასწაულია‚ როცა უმანკო და მხიარული ბავშვები ყვავილების მდინარესავით მიედინებიან ეკლესიაში, “გამოცდილებაში” კი იგივე დღესასწაულზე ბავშვებს ჩაგრავს ცივი და ფულს დახარბებული ხელი; “უმანკოების” ბუხრის საკვამურების მწმენდავი მხნედ უდგება თავის სამუშაოს გასაჭირის მიუხედავად, “გამოცდილების სიმღერებში” კი იგი მოთქვამს, მშობლებისგან მიტოვებული, და მეფეს და ეკლესიას ადანაშაულებს თავის უბედურებაში; “უმანკოებაში” ძიძას უხარია, მინდორში მოთამაშე ბავშვების ჟრიამული რომ ესმის, “გამოცდილების” ძიძა კი თავის გარდასულ ყმაწვილობას მისტირის და ბავშვებსაც თავისნაირ ბედს უწინასწარმეტყველებს. ამ ლექს-კონტრასტებით ბლეიკი გვიხატავს ორ განსხვავებულ სულიერ მდგომარეობას‚ სიმბოლურ გადასვლას უმანკოებიდან გამოცდილ მდგომარეობაში.

ბლეიკი ხშირად არც თუ ისე პოზიტიურად მოიხსენიებს ეკლესიას. ლექსში “სიყვარულის ბაღი” კარჩაკეტილი ეკლესიაა აშენებული იმ მწვანე მდელოზე, რომელზეც იგი ბავშვობისას თამაშობდა და რომელზეც ყვავილების ნაცვლად საფლავის ლოდებია მიმოფანტული, ეკლესიაში კი მღვდლები მიმოდიან და ბოჭავენ მხიარულებას, პატარა ბავშვებს გროშების ფასად ამუშავებენ ბუხრის მწმენდავებად და შემდეგ  ეკლესიაში მიერეკებიან‚ რათა მათ, მუხლებზე დაჩოქილებმა, ეკლესიას მადლობა გადაუხადონ გულუხვობისთვის.

ბლეიკის აზრით, სექსუალური ენერგია‚ რომლის გამოვლინებაც ამორალური ქცევის მწვერვალად ითვლებოდა იმდროინდელ ინგლისში‚ თავისთავად არ არის ბოროტება‚ მაგრამ მისი შეზღუდვა‚ შეკავება იწვევს ბოროტებას. ბლეიკი, ცხადია, არ ყოფილა აღვირახსნილობის მომხრე‚ ის მხოლოდ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნას უპირისპირდებოდა. ბლეიკის პირადი ცხოვრება ამის ცოცხალი მაგალითია. მას უყვარდა თავისი მეუღლე და მისი ერთგული იყო. საერთოდაც, ბლეიკის და მისი მეუღლის ურთიერთობა, გარკვეული აზრით, ორი უმანკო ადამიანის ურთიერთობაც კი იყო. ერთხელ მასთან სტუმრად მისულმა მისმა მეგობარმა, ტომას ბატსმა წყვილი შიშველი აღმოაჩინა ბაღში. ბლეიკი და მისი მეუღლე ჯონ მილტონის “დაკარგული სამოთხიდან” ნაწყვეტების კითხვით გართულიყვნენ.

ბლეიკისთვის წარმატება არ მოუტანია მის პოეზიას და მხატვრობას. ფინანსურად ყოველთვის უჭირდა. ბევრი ცდილობდა, იგი “ჭკუაზე მოეყვანა”‚ სტილი შეეცვლევინებინა. მისი ერთ-ერთი მფარველი‚ ბ-ნი ტრასლერი‚ მედიცინის სტუდენტი‚ წიგნების კოლექციონერი და ავტორი წიგნებისა “გზა სიმდიდრისაკენ” და “სიცოცხლის გახანგრძლივების უტყუარი საშუალებები”, მეგობარს სთხოვდა - აქტუალურ თემებზე ეხატა და ეწერა. ერთხელ მის დაჟინებულ თხოვნას ბლეიკმა ასე უპასუხა: “რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი, ამესრულებინა თქვენი თხოვნა‚ მაგრამ ჩემი ცდები ამაო გამოდგა. მე არ მინდა სხვის ნაკვალევს მივყვე‚ რაოდენ პატივცემულიც უნდა იყოს ის სხვა. მაპატიეთ‚ სხვანაირად არ შემიძლია‚ ეს ჩემს ძალებს აღემატება”.

პოეტი 1827 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მის თავთან მჯდომარე მეუღლეს სთხოვა, ყოველთვის ჩემი ანგელოზი იყავი და უნდა დაგხატოო. დახატა, მერე სიმღერა დაიწყო, ხოლო სიმღერის შეწყვეტა და მისი გარდაცვალება ერთმანეთს დაემთხვა.

„ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა“ უილიამ ბლეიკის შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური ტექსტია, რომელიც მან 1790-1793 წლებში დაწერა. მისი სათაური მომდინარეობს მეთვრამეტე საუკუნის შვედი თეოლოგის, ემანუელ სვედენბორგის ნაშრომიდან „სამოთხე და ჯოჯოხეთი“. თუმცა ბლეიკი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება მის ნააზრევს, არამედ წარმოგვიდგენს სრულიად საპირისპირო სინამდვილეს. “ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა“ ექვსი ნაწილისგან შედგება, თითოეული მათგანი კი ბლეიკის ილუსტრაციებით არის გაფორმებული. წიგნი პოეტის ჯოჯოხეთში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, მოგზაურობაზე, რომელიც არ არის შემზარავი და უპირისპირდება მკაცრ და დოგმატურ ბუნებას სამოთხისა. ნაწარმოები იწყება ავტორის მიერ შექმნილი პერსონაჟის - რინტრაჰის - გამოჩენით, რომელიც მრისხანების პერსონიფიცირებული სახეა. ამ ეპიზოდში ბევრი რამაა სიმბოლური, მაგალითად: წითელი თიხა ადამთან, სიცოცხლესთან ასოცირდება, რომელიც „გადათეთრებულ ძვლებზე“ იბადება. ხოლო გველი, რომელიც თითქოს არღვევს აღწერილ იდილიას, ასევე სხვადასხვანაირად გაიაზრება: ზოგი მიიჩნევს, რომ მასში ავტორი ინგლისის ეკლესიას გულისხმობს, ზოგი კი ბიბლიური გველის უცვლელ სახედ მიიჩნევს მას. ნაწარმოებში უილიამ ბლეიკი, სვედენბორგის გარდა, ისეთ ავტორებზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორებიც არიან: პარაცელსუსი, ბოემე, პლატონი, არისტოტელე, დანტე, შექსპირი, მილტონი, ესაია წინასწარმეტყველი და ეზეკიელი, დიოგენე... აღსანიშნავია ისიც, რომ ნაწარმოების შექმნიდან ორი წლის შემდეგ ბლეიკმა საფრანგეთის რევოლუციის საპასუხოდ დაწერა ბოლო ნაწილი, გარკვეულწილად პოლიტიკური ხასიათის „თავისუფლების სიმღერა“, რომელიც ბიბლიის სტრუქტურას იმეორებს და აჯამებს მთელ ტექსტს.

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ნაწარმოებმა ავტორის სიცოცხლეშივე ვერ ჰპოვა აღიარება, დღესდღეობით ბლეიკით ინსპირირებული მხატვრების, მწერლების, პოეტების, მუსიკოსების თუ რეჟისორების რიცხვი მართლაც რომ „ზღვაში ქვიშაა“. აღარაფერს ვამბობთ ფილოსოფოსებზე, ფსიქოლოგებზე თუ სხვა დარგის სპეციალისტებზე, რომლებიც ინტენსიურად იკვლევენ ბლეიკის ფენომენს. 

 

ქეთი გელაშვილი, ხატია გაგნიძე

 

                       

ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა

 

არგუმენტი

 

რინტრაჰი გმინავს და მძიმე ჰაერს ცეცხლის ალებით აპობს;

მქრქალი ღრუბლები ლივლივებენ უფსკრულის თავზე.

 

უწინ უშფოთველი, კაცი უცოდველი,

ბილიკს დაადგა სიკვდილის ხეობაში.

ეკალ-ბარდებში ვარდებიც ბევრია,

და შიშველ ველზე ამოზრდილ მანანებს

ფუტკარი სიმღერით შეერია.

 

და აღმოცენდა ბილიკი სახიფათო:

ნაკადულები მიუყვებოდა

ყოველ კლდესა და საფლავს,

და გათეთრებულ ძვლებზე

წითელი თიხა გაჩნდა.

 

მაშინ უწმინდურმა შეწყვიტა სვლა იოლ გზებზე,

რათა დასდგომოდა ბილიკს სახიფათოს

და შეეტყუებინა უცოდველი კაცი ხრიოკ მიწაზე.

 

აი, მისრიალებს გველი გესლიანი,

როგორც თვინიერი, როგორც უწყინარი,

უდაბურებაში დრტვინავს კაცი უცოდველი,

იქ, სადაც ღრიალებენ მძვინვარე ლომები.

 

რინტრაჰი გმინავს და მძიმე ჰაერს ცეცხლის ალებით აპობს;

მქრქალი ღრუბლები ლივლივებენ უფსკრულის თავზე.

 

 

I

 

გამოჩნდა დასაბამი ახალი სამოთხისა, ოცდაცამეტი წელი გავიდა მისი შექმნიდან: განახლდა მარადიული ჯოჯოხეთიც. და, აი! სვედენბორგი სამარესთან მჯდომარე ანგელოზია: მისი ნაწერები ამქვეყნიური შემოგრაგნილი ტილოს სამოსია. ახლა ედომის დიდებისა და ადამის სამოთხეში დაბრუნების ხანაა (იხ. ესაია, თავი XXXIV და XXXV).

დაპირისპირებათა არსებობის გარეშე არ არსებობს წინსვლა. მიზიდულობა და განზიდულობა, მიზეზი და ენერგია, სიყვარული და სიძულვილი, ყოველი მათგანი საჭიროა ადამიანის არსებობისთვის.

ამ დაპირისპირებებიდან გამომდინარეობს ის, რასაც მორწმუნე უწოდებს კეთილსა და ბოროტს. სიკეთე პასიურია და ემორჩილება მიზეზს. ბოროტება აქტიურია და ენერგიიდან გამომდინარეობს.

სიკეთე სამოთხეა, ბოროტება - ჯოჯოხეთი.

 

 

ხმა ეშმაკისა

  

ბიბლია და წმინდა წერილები შემდეგი შეცდომების მიზეზებად იქცნენ:

  1. რომ ადამიანს აქვს ორი ჭეშმარიტი საფუძველი არსებობისა, სხეული და სული.
  2. რომ ენერგია, ბოროტებად წოდებული, განცალკევებულია სხეულისგან და რომ მიზეზი, სიკეთედ წოდებული, განცალკევებულია სულისგან.
  3. რომ ღმერთი მარადიული სატანჯველით დასჯის ადამიანს ენერგიისკენ სწრაფვის გამო.

 

თუმცა ჭეშმარიტია მათი საწინააღმდეგო:

  1. ადამიანის სხეული განუყოფელია სულისგან; ამიტომ სხეული სულის ნაწილია, რომელიც ხუთი გრძნობით გამოიკვეთება, სულისკენ მიმავალი მთავარი გზებით ამ ცხოვრებაში.
  2. მხოლოდ ენერგიაა სიცოცხლე და იგი სხეულისმიერია, მიზეზი კი შემომსაზღვრელია, ენერგიის გარეგანი მდგომარეობა.
  3. ენერგია მარადიული სიამოვნებაა.

 

 

II

 

  ისინი, ვინც საკუთარ თავში ახშობენ სურვილებს, იქცევიან ასე იმის გამო, რომ მათი სურვილები საკმარისად სუსტია იმისთვის, რომ შეიზღუდონ; ხოლო შემზღუდველი, ან მიზეზი, ხელთ იგდებს მათ ადგილს და მართავს უსურვილობას.

და თავშეკავება თანდათანობით გარდაიქმნება უმოქმედობად, მანამ, სანამ სურვილებს მათივე ჩრდილები არ ჩაანაცვლებს.

ამბავი ამის შესახებ მოთხრობილია „დაკარგულ სამოთხეში“, და მთავარი, იგივე მიზეზი, მესიად იწოდება.

ხოლო პირველი მთავარანგელოზი, მფლობელი ძალაუფლებისა ღვთაებრივ მნათობებზე, ეშმაკად ან სატანად მოიხსენიება; შვილები მისი არიან ცოდვა და სიკვდილი.

თუმცაღა იობის წიგნის მიხედვით, მილტონის მესია სატანაა.

ეს ამბავი ორივე მხარემ გაიზიარა.

ნამდვილად ჩანდა, რომ კეთილმა მიზეზმა ხორციელი სურვილები სრულად განდევნა, თუმცა ეშმაკის დამსახურებით მესია დაეცა და თავად შექმნა სამოთხე, რომელიც მან უფსკრულსა და ქაოსს ჩუმად გამოსტაცა.

ყოველივე ეს სახარებაშია ნაჩვენები, როდესაც იგი ლოცულობს მამის მიმართ, რათა ნუგეში მიიღოს მისგან, ან ამცნოს იმ სურვილზე, რომელზეც, ალბათ, შემდგომ მიზეზი დააშენებდა საკუთარ აზრებს. ბიბლიური იეჰოვაც სხვა არავინაა, თუ არა ის, ვინც მოგიზგიზე ცეცხლში სახლობს.

იცოდეთ, რომ ქრისტე სიკვდილის შემდეგ იეჰოვა გახდა.

თუმცა მილტონთან მამა ღმერთი ბედისწერაა, ძე - გონება, რომელიც ხუთ გრძნობას მოიცავს, და სულიწმინდა კი - სიცარიელე!

შენიშვნა. მიზეზი იმისა, რომ მილტონი შებორკილი იყო, წერდა რა ღმერთსა და ანგელოზებზე, მაშინ, როდესაც შვებას გრძნობდა ეშმაკებსა და ჯოჯოხეთზე საუბრისას, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი ჭეშმარიტი პოეტია და - გაუცნობიერებელი მოკავშირე ეშმაკისა.

 

 

დაუვიწყარი ხილვა

 

როდესაც მივაბიჯებდი ჯოჯოხეთური ალებით გარშემორტყმული და  სულის ნეტარებებით განცვიფრებული, რაც ანგელოზთათვის ტანჯვა და სიგიჟეა, მე შევაგროვე რამდენიმე მათი ანდაზა, ვფიქრობდი რა, რომ როგორც გამონათქვამები გამოხატავს ერის ხასიათს, ასევე ანდაზები ჯოჯოხეთიდან გვიჩვენებდა ბოროტი სიბრძნის ბუნებას უფრო ნათლად, ვიდრე - ნებისმიერი შენობისა და სამოსის აღწერა.

როცა შინ მივედი, ხუთი გრძნობის პირველყოფილ ქაოსში, სადაც ციცაბო კლდე უბღვერს ქვეყნიერებას, ვიხილე შავ ღრუბლებში გახვეული ძლიერი ეშმაკი, ღრუბლებში, რომლებიც ლივლივებდნენ ლოდის გარშემო. მწველი ცეცხლის ალებით მან დაწერა წინადადება, აწ უკვე აღქმული კაცთა გონებით, დედამიწაზე მათ მიერ ამოკითხული:

განა არ შეიძლება, რომ ყოველი ჩიტი, რომელიც კვეთს ჰაეროვან გზებს, იყოს ვეებერთელა სამყარო სიამოვნებისა, დაფარული შენივე ხუთი გრძნობისთვის?

 

               

ანდაზები ჯოჯოხეთიდან

 

ისწავლე თესვისას, მკისას ასწავლე, ზამთარში კი ისიამოვნე.

გადაუარე გარდაცვლილთა ძვლებს შენი გუთნით და ორთვალით.

გზა გადამეტებისა სიბრძნის სასახლემდე მიგიყვანს.

წინდახედულობა მდიდარი, მახინჯი, უმოქმედო შინაბერაა.

ის, ვინც გატაცებულია დიდი სურვილით, მაგრამ არ მოქმედებს, შავ ჭირს ასაზრდოებს.

წელში გაწყვეტილი მატლი პატიობს ურემს.

მდინარეში ჩაძირე ის, ვისაც წყალი უყვარს.

სულელი ვერ ხედავს იმავე ხეს, რომელსაც ბრძენი ამჩნევს.

ის, ვისი სახეც არ ასხივებს სინათლეს, ვარსკვლავად ვერ იქცევა.

უსასრულობას უყვარს დროის მდინარება.

მშრომელ ფუტკარს დარდისთვის დრო არა რჩება.

უმიზნოდ დაკარგულ დროს საათი ზომავს, ბრძნულად დახარჯულს - არაფერი.

კეთილი ნაყოფი მახეებისა და ქსელების გარეშე მოიპოვება.

სიღარიბეში დაიწყე ფიქრი რიცხვზე, წონასა და ზომაზე.

არც ერთი ჩიტი არ მიიწევს უსაზღვროდ მაღლა, თუკი ის საკუთარი ფრთებით დაფრინავს.

მკვდარი სხეული შურს არ იძიებს ჭრილობებისთვის.

ყოველივეზე დიდებულია, როდესაც შენამდე სხვას დააყენებ.

უგუნური რომ ჯიუტად იცავდეს საკუთარ უგუნურ აზრებს, ის ბრძნად იქცეოდა.

უგუნურება მუნდირია თაღლითობისა.

მორიდება კი სიამაყის მოსასხამია.

ციხეები აგებულია კანონთა ლოდებით, საროსკიპოები - რელიგიის აგურებით.

სიამაყე ფარშევანგისა ღმერთის დიდებაა.

თხის ვნებები ღმერთის საჩუქარია.

ლომის მრისხანება ღმერთის სიბრძნეა.

ქალის სიშიშვლე ღმერთის ქმნილებაა.

ზედმეტი დარდი სიცილად იქცევა, ზედმეტი მხიარულება - ტირილად.

ლომების ღრიალი, მგლების ყმუილი, მძვინვარება ქარიშხლიანი ზღვისა, და გამანადგურებელი ხმალი უსასრულობის ნაწილებია, მეტისმეტად დიადი, რომ ადამიანმა შეიცნოს.

მელა ხაფანგს მოსთხოვს, და არა - საკუთარ თავს.

ბედნიერებანი ნაყოფიერდებიან. მწუხარებანი შობენ.

ნება მიეცით კაცს, ატაროს ლომის ფაფარი, ქალს - ცხვრის საწმისი.

ჩიტისთვის - ბუდე, ობობისთვის - ქსელი, ადამიანისთვის - მეგობრობა.

თავკერძა და მომღიმარი ბრიყვი ან პირქუში და მოღუშული სულელი, ორივე შეიძლება იყოს ბრძენი ან უბრალოდ - ხის ნაფოტი.

რაც აწ უკვე დამტკიცებულია, უწინ მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა.

ვირთხა, თაგვი, მელა, კურდღელი, შეხედე ფესვებს; ლომი, ვეფხვი, ცხენი და სპილო, შეხედე ნაყოფს.

ავზი მოიცავს; შადრევანი იფრქვევა.

ერთი აზრი ავსებს განუზომელს.

მუდამ მზად იყავი შენი ფიქრების გადმოსაცემად, და წინამძღოლი ყოველთვის თავს აგარიდებს.

ყოველივე, რისი რწმენაც შესაძლებელია, არის ჭეშმარიტების ხატი.

არწივი ისე არასდროს დამარცხებულა, როგორც მაშინ, როდესაც გადაწყვიტა - ყვავისგან ესწავლა.

მელა საკუთარ თავზე ზრუნავს, ღმერთი - ლომზე.

იფიქრე დილით. იმოქმედე შუადღით. ჭამე საღამოს. იძინე ღამით.

ის, ვინც გაიძულებს, რომ გახდე ვალდებული მისი, გიცნობს შენ.

როგორც გუთანი მიჰყვება სიტყვებს, ასევე ღმერთი აჯილდოებს მლოცველს.

მრისხანე ვეფხვები უფრო მეტად არიან ბრძენნი, ვიდრე - მორჩილი ცხენები.

მდგარი წყლისგან ელოდე მოწამვლას.

შენ არასდროს გეცოდინება, რა არის საკმარისი, ვიდრე არ გაიგებ, რა არის საკმარისზე მეტი.

უსმინე სულელთა საყვედურებს, ეს ხომ დიდებულთა უფლებაა.

ცეცხლოვანი თვალები, ჰაერით სავსე ნესტოები, წყლიანი პირი, წვერიანი დედამიწა.

სუსტი, რომელიც გაბედულია, მოხერხებულია.

ვაშლის ხე წიფელს არასდროს ჰკითხავს, როგორ გაიზარდოს, არც ლომი ცხენს - როგორ ინადიროს.

მადლიერი კაცი უხვ მოსავალს იღებს.

თუ სხვა არავინ ყოფილა უგნური, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ ასეთები.

ნორჩი და ბრწყინვალე სული არასდროს წაიბილწება.

როდესაც ხედავ არწივს, ხედავ გენიის ნაწილს.

როგორც მუხლუხო არჩევს ყველაზე ლამაზ ფოთლებს, რათა კვერცხები დადოს, მსგავსად ამისა, მღვდელიც წყევლით ყველაზე ლამაზ სიამოვნებებს ამკობს.

პატარა ყვავილის შექმნა შრომას მოითხოვს წლობით.

ძირს კორსეტი: დიდება სიმსუბუქეს.

საუკეთესოა ღვინო, რომელიც ძველია, საუკეთესოა წყალი, რომელიც ახალია.

მლოცველები არ ხნავენ! მადიდებლები არ იმკიან!

სიამოვნებანი არ იცინიან! მწუხარებანი არ ტირიან!

თავის დიადება, გულის პათოსი, მშვენიერება სასქესო ორგანოთა, სიმეტრიულობა ხელთა და ფეხთა.

როგორც ცა ჩიტებისთვის ან ზღვა თევზებისთვის, ასევეა ზიზღისთვის სისაძაგლე.

ყვავმა ინატრა გაშავება ყველაფრის, ბუმ ინატრა გათეთრება ყველაფრის.

სიმდიდრე მშვენიერია.

თუკი ლომს მელა ჭკუას დაარიგებდა, ის გაიძვერა გახდებოდა.

გაუმჯობესება ქმნის სწორ გზებს, თუმცა მრუდი გზები, გაუმჯობესების გარეშე, გენიის გზებია.

აკვანში ყმაწვილის მოკვლა უფრო მარტივია, ვიდრე განუხორციელებელი სურვილების გულში ჩამარხვა.

ბუნება უნაყოფოა, როცა იქ კაცი არ არის.

ჭეშმარიტება ვერასდროს იქნება გასაგები, მას ვერასდროს ირწმუნებენ.

საკმარისია! ან - მეტისმეტი.

 

 

III

 

ძველი პოეტები განასულიერებდნენ ყველა მგრძნობიარე საგანს, აღმერთებდნენ ან სულებად წარმოიდგენდნენ, უწოდებდნენ სახელებს და ამკობდნენ მათ ხეების, მდინარეების, მთების, ტბების, ქალაქების, ერებისა და სხვა მრავალთა იმ თვისებებით, რომელთაც გრძნობებით აღიქვამდნენ.

უფრო ხშირად კი ისინი თითოეული ქალაქისა და ქვეყნის სულს აკვირდებოდნენ და არამიწიერ ღვთაებას მიაკუთვნებდნენ მათ.

მაშინ შეიქმნა სისტემა, რომლითაც ზოგმა ისარგებლა, ძალმომრეობით ცდილობდნენ რა, რომ შეეცნოთ, ან გამოეყოთ არამიწიერი ღვთაებები მათი აღმნიშვნელი საგნებისგან: და დაედო საფუძველი სამღვდელოებას.

ლირიკული ზღაპრებიდან აირჩა გზები თაყვანისცემისა.

და ბოლოს მათ განაცხადეს, რომ ღმერთმა ბრძანა ყოველივე ეს.

ამიტომ, კაცობრიობამ დაივიწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი ადამიანის გულში ბინადრობს.

 

 

დაუვიწყარი ხილვა

 

ესაია წინასწარმეტყველი და ეზეკიელი სადილობდნენ ჩემთან ერთად და მე ვკითხე მათ, თუ როგორ ბედავდნენ, ასე დარწმუნებით ემტკიცებინათ, რომ ღმერთი ესაუბრა მათ. იმ დროს, რომ არა მათი ბუნდოვანება, სიცრუე გამოაშკარავდებოდა.

ესაიამ მიპასუხა: „მე არ მინახავს ღმერთი, არც მისი ხმა გამიგია, არც ერთი კონკრეტული ორგანოთი არ აღმიქვამს იგი; მაგრამ ჩემმა გრძნობებმა უსასრულობა ჰპოვეს ყველაფერში და მაშინ დავრწმუნდი და მტკიცედ მჯეროდა, რომ გულწრფელი აღშფოთების ხმა ღმერთის ხმაა; მე არ ვფიქრობდი შედეგებზე, უბრალოდ ვწერდი.“

მაშინ მე ვკითხე: „განა განუწყვეტელი მტკიცება, რომ საგანი ასეთია, მას აქცევს ასეთად?“

მან მიპასუხა: „ყოველი პოეტი, რომელიც იქცევა ამგვარად, წარმოსახვათა დეკადებში ამ მტკიცე რწმენით მთებსაც გადადგამს. მაგრამ ბევრს არ შეუძლია, მტკიცედ ირწმუნოს რაიმე.“

მაშინ ეზეკიელმა თქვა: „აღმოსავლურმა ფილოსოფიამ გვასწავლა მთავარი გზები ადამიანის მიერ შემეცნებისა: ზოგი ერი ერთ გზას იყენებს დასაწყისისთვის, ზოგი - სხვას; ჩვენ ისრაელებისგან ვისწავლეთ, რომ პოეტური სული (როგორც ახლა შეგიძლია, უწოდო მას) მთავარი გზა იყო და სხვა დანარჩენნი უბრალოდ შემდგომში წარმოიშვნენ, რაც იქცა მიზეზად სხვა ქვეყნების სამღვდელოებისა და ფილოსოფოსების ზიზღისა, და წინასწარმეტყველებისა, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ყოველი ღმერთი ჩვენი უფლიდან იღებს სათავეს და არიან მოხარკეები პოეტური სულისა; სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენი დიადი პოეტი, მეფე დავითი მგზნებარე სურვილებით მოცული მოუწოდებს ამაღელვებლად, საკუთარი სიტყვებით იგი იპყრობს მტრებს და განკარგავს სამეფოებს; და ჩვენ იმდენად გვიყვარდა ჩვენივე უფალი, რომ დავწყევლეთ მისი სახელით ყველა ღვთაება სხვადასხვა ერებისა და ამაყად ვამტკიცებდით, რომ ისინი აჯანყდნენ; ამ აზრებიდან წარმოიშვა მდარე ფიქრები, რომ ყოველი ერი ქვეშევრდომი იყო ებრაელებისა.

ეს, - თქვა მან - როგორც ყოველი მტკიცე აზრი, უკვე მომხდარა, ვინაიდან ყოველ ერს სწამს ებრაელების, ეძიებენ და ადიდებენ ებრაელების ღმერთს. და რა უნდა იყოს უმჯობესი გამოხატულება ქვეშევრდომობისა?“

გაკვირვებულმა მოვისმინე ეს სიტყვები და გამოგიტყდებით, მეც დავეთანხმე. სადილის შემდგომ ვთხოვე ესაიას, დახმარებოდა ქვეყნიერებას თავისი დაკარგული ნაშრომებით: მან მიპასუხა, რომ ამგვარად ღირებული არაფერი დაკარგულა. ეზეკიელმაც დამიდასტურა.

ესაიას ვკითხე ისიც, თუ რამ აიძულა ტანთ განეძარცვა და სამი წელი ფეხშიშველს ევლო? მან მიპასუხა: „იმავე მიზეზმა, რამაც აიძულა ჩვენი მეგობარი ბერძენი დიოგენე.“

მაშინ ვკითხე ეზეკიელს, თუ რატომ იკვებებოდა ნეხვით და რატომ იწვა ასე ხანგრძლივად ხან მარჯვენა და ხან მარცხენა გვერდზე? მან მიპასუხა: „ეს მაიძულა სურვილმა ადამიანების განდიდებისა, ვიდრე უსასრულობის შეცნობამდე, რაც ჩრდილოეთ ამერიკის ტომებსაც გამოუცდიათ. განა არის ის გულწრფელი, ვინც ეწინააღმდეგება საკუთარ გენიალურობასა და ცნობიერებას მხოლოდ დროებითი კმაყოფილებისა და სიმშვიდისთვის?“

 

 

IV

 

უძველესი გადმოცემა, რომ ექვსი ათასი წლის დასასრულს დედამიწა ცეცხლში დაიწვება, ჭეშმარიტებაა, როგორც ეს ჯოჯოხეთში ყოფნისას შევიტყვე.

ხოლო შედეგად ქერუბიმი, ალმოდებული ხმლით ხელში, ბრძანებისამებრ, სიცოცხლის ხის დაცვას შეწყვეტს, და მაშინ განადგურდება ყოველი ქმნილება და გამოჩნდება უსასრულობა და ღვთაებრიობა იქ, სადაც ახლა საზღვრები და განუკითხაობაა.

და ეს მოხდება ხორციელი სიამოვნების ზენიტში.

თუმცაღა, თავდაპირველად, აზრი, რომ ადამიანს აქვს სულისგან განცალკევებული სხეული, უნდა მოისპოს, ამას მე ჯოჯოხეთური მეთოდების გამოყენებით შევძლებ: ზედაპირის განადგურებით, რაც ჯოჯოხეთში სამკურნალო და მარგებელია, ადნობს რა არსებულ გარსს და გამოაჩენს დაფარულ უსასრულობას.

თუკი კარნი წარმოსახვისა გაიღებოდა, ადამიანი იხილავდა ყოველივეს, მათ შორის- უსასრულობას.

რადგანაც ადამიანმა დაიხშო საკუთარი თავი, იგი ხედავს ყოველ საგანს გამოქვაბულის ვიწრო ხვრელებიდან.

 

 

დაუვიწყარი ხილვა

 

ჯოჯოხეთში ვიყავი იქ, სადაც წიგნები იბადებიან და ვიხილე გზები თაობიდან თაობაში ცოდნის გადაცემისა.

პირველ დარბაზში დავინახე ადამიანი-გველეშაპი, იგი წმენდდა გამოქვაბულის შესასვლელს ნარჩენებისგან, მასში მყოფი სხვა მრავალი დრაკონი კი ანგრევდა გამოქვაბულს.

შემდეგ დარბაზში ვიხილე გველგესლა, რომელიც სრიალებდა კლდესა და გამოქვაბულში, სხვები კი ამკობდნენ მას ოქროთი, ვერცხლით და ძვირფასი ქვებით.

მესამე დარბაზში ვიხილე არწივი ფრთებით და ჰაეროვანი ბუმბულებით, მისი ძალისხმევით გამოქვაბული იქცა უსასრულო გზად; გარშემო ადამიანები, არწივის მსგავსნი, ვეება კლდეებზე აგებდნენ სასახლეებს.

მეოთხე დარბაზში ცეცხლისმფრქვეველი ლომები მძვინვარებდნენ, მეტალს ალღობდნენ და მოძრავ სითხედ აქცევდნენ.

მეხუთე დარბაზში უსახელო ფორმები ვიხილე, რომლებიც მეტალს ანიჭებდნენ განფენილობას.

მეექვსე დარბაზში მჯდომარე კაცი მიიღებდა მათ და აძლევდა წიგნების ფორმას, და ისინი ბიბლიოთეკებში ნაწილდებოდა.

 

           

V

 

დედამიწისთვის გრძნობადი არსის მიმნიჭებელი გოლიათები, რომლებიც ახლა იქ ცხოვრობენ მიჯაჭვულები, ჭეშმარიტად მისი მაცოცხლებელი ძალები არიან და - წყარო ყოველი მოქმედებისა. თუმცა ჯაჭვები სუსტთა და მორჩილ გონთა მოხერხებულობის გამოხატულებაა, რომელთაც აქვთ ძალა, რომ გაუძლონ ენერგიას; ანდაზის მიხედვით ხომ: „სუსტი, რომელიც გაბედულია, მოხერხებულია.“

ამიტომაც ყოფიერების ერთი ნაწილი ნაყოფის მომცემელია, ხოლო მეორე -დამანგრეველი. დამანგრეველისთვის შემოქმედი მიჯაჭვული იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მას მხოლოდ ნაწილები გააჩნია არსებობისა, და ამ ნაწილებს მთელად წარმოიდგენს.

თუმცა, ნაყოფისმომცემელი შეწყვეტდა ნაყოფის მოცემას, თუკი გამანადგურებელი ძალი, როგორც დაუდეგარი ზღვა, არ მიიღებდა ჭარბ სიამოვნებას.

ზოგი იტყვის: „თავად ღმერთი განა ნაყოფისმომცემელი არ არის?“ მე ვუპასუხებ: „ღმერთი მოქმედებს და არსებობს მხოლოდ ცოცხალ არსებებსა და ადამიანებში.“

ორი ამგვარი ჯგუფი ადამიანებისა მუდამ არსებობს დედამიწაზე, და ისინი უნდა მტრობდნენ ერთმანეთს; ვინც ცდილობს მტრობის მოსპობას, არსებობას უთხრის ძირს.

რელიგია ცდილობს მათ შერიგებას.

შენიშვნა. იესო ქრისტეს სურდა არა მათი გაერთიანება, არამედ - დაყოფა, როგორც ეს ხდება იგავში ცხვრებსა და თხებზე! და იგი ამბობს: მე მოვედი არა მშვიდობის, არამედ მახვილის მოსატანად.

მესია, სატანა, ან მაცდური ოდესღაც წარმოდგენილი იყო ერთ-ერთად ღრმად მოხუცებულებიდან, რომლებიც ჩვენი ენერგიები არიან.

 

 

დაუვიწყარი ხილვა

 

ანგელოზი მოვიდა და მითხრა მე: „ო, შესაბრალისო, სულელო ახალგაზრდა კაცო! ო, სისაძაგლევ! ო, მოკვდავო არსებავ! იფიქრე ცხელ და მწველ მიწისქვეშეთზე, რომელსაც უმზადებ საკუთარ თავს, საშინელ უსასრულობაზე, რომლისკენაც ასე სწრაფად მიექანები.“

მე მივუგე მას: „ალბათ, მზად ხარ, მიჩვენო ჩემი მარადიული ხვედრი, ერთად ვიხილოთ იგი და განვსაჯოთ, შენი ხვედრია ყველაზე სანატრელი თუ - ჩემი.“

ხოლო მან წამიყვანა თავლისა და ეკლესიის გზით , ეკლესიის კამარის ქვეშ, რომლის დასასრულსაც დაგვხვდა წისქვილი: გავიარეთ რა იგი, აღმოვჩნდით გამოქვაბულში. დაკლაკნილი მღვიმის გავლით, ხელის ცეცებით მივიწევდით დამღლელ ბილიკებზე, ვიდრე უსასრულო სიცარიელე, მიწისქვეშა ცა არ გადაგვეშალა თვალწინ,  ჩავეჭიდეთ ხეთა ფესვებს და ჩამოვეკიდეთ თვალუწვდენლობაში. თუმცა მე ვკითხე: „გსურს, დავრწმუნდეთ, ამ სიცარიელეში არის თუ არა ბედისწერა? და თუ შენ არ გსურს, მაშინ მე...“ მან კი მითხრა: „არ გაბედო, ო, ახალგაზრდა ადამიანო; თუმც, აქ ყოფნის დროს, თავად იხილავ შენს ბედისწერას, რომელიც მალე გამოჩნდება, მაშინ, როდესაც სიბნელე გაიფანტება.“

ასე რომ, მე დავრჩი მასთან, მუხის დაგრეხილ ფესვზე ჩამომჯდარი, ანგელოზი სიღრმისკენ თავმოქცეულ სოკოზე იყო ჩამოკიდებული.

ნელ-ნელა აღმოცენდა დაუსაბამო უფსკრული, ისეთივე მგზნებარე, როგორც - ხანძარმოდებული ქალაქის კვამლი; ქვემოთ, შორს, მზე გამოჩნდა, შავი, მაგრამ კაშკაშა; გარშემო, ცეცხლოვან გზებზე ბრუნავდნენ უზარმაზარი ობობები, და ცოცდებოდნენ საკუთარ მსხვერპლთა სხეულზე, რომლებიც მიფრინავდნენ, უფრო კი მიცურავდნენ უსასრულო სიღრმისკენ; ცხოველთა საზარელი ფორმები ამოზრდილიყვნენ გახრწნილებიდან და ჰაერი სავსე იყო ამგვარი არსებებით; ჰაერი თითქოს მათგან შედგებოდა. ესენი ეშმაკები არიან, ჰაერის ძალად წოდებულნი. და აი, ვკითხე ჩემს თანამგზავრს, თუ სად უნდა მეძებნა ჩემი მარადიული ხვედრი? მან მიპასუხა: „შავსა და თეთრ ობობას შორის“.

უეცრად, შავსა და თეთრ ობობას შორის, ღრუბელი და ცეცხლი ამოიფრქვა და სიღრმეში შთაინთქა. ქვემოთ დაბნელდა ყველაფერი, უფსკრული ზღვასავით გაშავდა, რომლიდანაც შემაძრწუნებელი ხმები იფრქვეოდა. ძირს შავი ქარიშხლის გარდა აღარაფერი ჩანდა, თუმცა აღმოსავლეთისკენ, ღრუბლებსა და ტალღებს შორის, გამოჩნდა ერთმანეთში არეული სისხლისა და ცეცხლის ჩანჩქერი, და ჩვენგან არც თუ ისე შორს აღიმართა და კვლავ დაიფარა საშინელი, გველის ქერცლიანი ხვეული. ბოლოს, აღმოსავლეთით, ჩვენგან სამჯერ შორს, ტალღებში გამოჩნდა ცეცხლოვანი თხემი, რომელიც ნელ-ნელა ამოიზარდა და ოქროს კლდეთა მთაგრეხილს მივამსგავსეთ იგი, ვიდრე თვალს მოვკრავდით ორ სისხლისფერ, ცეცხლოვან ბურთს, რომლებმაც ჩაიქროლა კვამლის ღრუბლებში; და ახლა, როდესაც უკვე ვიხილეთ იგი, ვიცანით ლევიათანის თავი. მისი შუბლი ორად გაყოფილიყო მეწამული და მწვანე ხაზებით, როგორც შუბლი ვეფხვისა. შემდგომ ვიხილეთ ურჩხულის პირი და წითელი ლაყუჩები; დუჟის ძლიერი ნაკადი გადმოედინებოდა მათ ქვემოთ. იგი ანათებდა ბნელ უფსკრულს სისხლისფერი სხივებით, და ჩვენკენ მოიწევდა არამიწიერი არსებისთვის დამახასიათებელი მძვინვარებით.

ჩემი მეგობარი, ანგელოზი, მოულოდნელად წისქვილისკენ გაემართა. მარტო დავრჩი და უცებ გაქრა შემზარავი ზმანება. ახლა უკვე მშვენიერ ნაპირზე ვიჯექი, მდინარის პირას, მთვარის შუქზე. ვიღაც არფაზე უკრავდა და მღეროდა: „ კაცი, რომელიც არ იცვლის აზრს, ჰგავს მდგარ წყალს, და კვებავს გონების ქვეწარმავალთ.“

თუმც მე წამოვდექი და წისქვილის ძებნას შევუდექი, და აი, ვიპოვე ჩემი ანგელოზი, რომელმაც გაკვირვებულმა მკითხა, თუ როგორ მოვახერხე გამოქცევა.

მე ვუპასუხე: „ყოველივე რაც ვიხილეთ, იყო ნაწილი შენი მეტაფიზიკისა; რადგანაც, როდესაც გაიქეცი, მე მთვარით განათებულ ნაპირზე აღმოვჩნდი, სადაც არფაზე დამკვრელის სიმღერას ვუსმენდი. ახლა კი, რაკი ვიხილეთ ჩემი მარადიული ხვედრი, შემიძლია, გიჩვენო შენი?“ მოისმინა რა ჩემი სიტყვები, სიცილი დაიწყო, თუმცა მე ძალის გამოყენებით მოულოდნელად ჩემს მკლავებში მოვიქციე იგი და დასავლეთისკენ გავფრინდით, ბნელი ღამისკენ, ვიდრე თავზე არ მოვექეცით დედამიწის ჩრდილს. შემდეგ საკუთარი თავი მასთან ერთად მზისკენ გადავტყორცნე. აქ მე შევიმოსე თეთრი სამოსით, სვედენბორგის ჩანაწერებით ხელში განვეშორეთ დიდებულ ქვეყანას და ჩავუქროლეთ პლანეტებს, ვიდრე სატურნამდე. აქ შევჩერდი, რათა დამესვენა, და შემდგომ კი გადავეშვი სიცარიელეში, სატურნსა და ვარსკვლავებს შორის.

და ვთქვი მე, აქ არის შენი ბედისწერა, ამ სივრცეში, თუკი მას შეიძლება ეწოდოს სივრცე. მაშინ ჩვენ ვიხილეთ თავლა და ეკლესია, შევიყვანე ანგელოზი საკურთხეველში და ბიბლია გადავშალე. და, აი! გამოჩნდა ღრმა ორმო, რომელშიც ჩავედი, ანგელოზის შემდგომ; შვიდი აგურის სახლი აღიმართა ჩვენს წინაშე; ერთ-ერთის კარი ღია იყო, სადაც მრავალ მაიმუნს, ბაბუინს და ყველა მსგავს არსებას მოეყარა თავი. მიჯაჭვულები სახლის შუაგულში, იღრინებოდნენ და ხელებს იქნევდნენ, თუმცა ერთმანეთს ეფარებოდნენ ჯაჭვის სიმოკლის გამო. ვხედავდი, რომ ზოგჯერ ისინი ურიცხვნი ხდებოდნენ, სუსტს ძლიერი იჭერდა, კბილების ღრჭენით წყვილდებოდნენ, შემდეგ კი იხოცებოდნენ, ჯერ ერთ ფეხს სწევდნენ, შემდგომ - მეორეს, ვიდრე სხეული უმწეობას არ მოიცავდა. ამგვარი კოცნა და კბილთა ღრჭენა, რომელსაც სიყვარული გამოარჩევდა, მაინც სიკვდილით სრულდებოდა; დროდადრო ვხედავდი ერთს, რომელიც საჭმელად საკუთარი კუდის ხორცის ნაჭრებს აგროვებდა. როცა სიმყრალემ ორივე შეგვაწუხა, წისქვილში დავბრუნდით; ხელით მომქონდა ჩონჩხი, რომელიც არისტოტელეს „ანალიტიკას“ განასახიერებდა.

ანგელოზმა მითხრა: „შენმა წარმოსახვამ შეცდომაში შემიყვანა, ამიტომ გრცხვენოდეს უნდა!“

მე ვუპასუხე: „ჩვენ ერთმანეთი შევაცდინეთ, შენთან საუბარი კი დროის ფლანგვაა, შენი ერთადერთი ქმნილება ხომ „ანალიტიკაა“.

საპირისპირო ყოველივე ამისა ნამდვილი მეგობრობაა.

           

 

VI

 

ყოველთვის ვამჩნევდი, რომ ანგელოზები მუდამ ტრაბახობდნენ, ბრძნადმეტყველებას იჩემებდნენ; ამას ისინი სრული ამპარტავნული თავდაჯერებით აკეთებდნენ, რაც განუწყვეტელ ფიქრში აღმოცენდებოდა:

ამიტომ სვედენბორგიც ამაყად ამბობს, რომ რასაც წერს, აქამდე არავის დაუწერია. თუმცაღა მისი ნაშრომები მხოლოდ შინაარსი ან ანბანური საძიებელია უკვე არსებული წიგნებისა.

ადამიანმა მაიმუნი გამოიყენა წარმოდგენის მოსაწყობად და, რადგან მას ამ უკანასკნელზე უმნიშვნელოდ მეტი სიბრძნე აქვს, მასში აღმოცენდა პატივმოყვარეობა და საკუთარი თავი დანარჩენ შვიდზე უფრო ჭკვიანად წარმოიდგინა. ასევე მოხდა სვედენბორგთანაც: ის ეკლესიას წარმოაჩენს უცოდველად და ფარისევლობს, გვასწავლის რა, რომ ყველას რელიგია აერთიანებს და თავად კი ერთადერთია დედამიწაზე, ვინც დაქსელილი გზები გაარღვია.

ახლა კი მოისმინეთ ნათელი ჭეშმარიტება: სვედენბორგს არ შეუქმნია ახალი არაფერი. მოისმინეთ შემდეგიც: მას მხოლოდ ძველი ტყუილები ეკუთვნის.

და ახლა შეიტყვეთ მიზეზი ყოველივე ამისა: ის საუბრობდა ანგელოზებთან, რომლებსაც სწამთ ღმერთი, და არა - ეშმაკებთან, რომელთაც სძულთ რელიგია, რადგანაც მას არ შეეძლო თავისი გულზვიადი და დოგმატური ფიქრებისგან გათავისუფლება.

ამიტომ სვედენბორგის ჩანაწერები შეჯამებაა ყოველი ზოგადი აზრისა და მათი არა სიღრმისეული, არამედ პათეტიკური ანალიზი.

არსებობს სხვა ცხადი ფაქტიც. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ნიჭი ამოქმედებს, შეუძლია პარაცელსუსისა და იაკობ ბოემეს ნამოღვაწარით სვედენბორგზე ათიათასჯერ უფრო ღირებული ნაშრომები შექმნას, ხოლო დანტესა და შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით - უთვალავჯერ.

თუმცა, როდესაც იგი დაასრულებს ამას, არ მისცე ნება იმის თქმისა, რომ მან საკუთარ ოსტატზე მეტი იცის, რადგან მისი სანთელი მხოლოდ მზის ქვეშ ანათებს.

 

                   

დაუვიწყარი ხილვა

 

ერთხელ ვიხილე ეშმაკი , გახვეული ცეცხლის ალებში, რომელიც ამაღლდა ღრუბელზე მჯდარ ანგელოზზე და  წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:

„ღმერთის დიდებაა მის მიერ ნაბოძები ნიჭის სხვისთვის გადაცემა და განსაკუთრებული სიყვარული დიდი ადამიანებისა. მას, ვისაც შურს ან ცილს სწამებს დიდ ადამიანს, სძულს ღმერთი, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი.“

ამის მოსმენისას ანგელოზი გალურჯდა, თუმცა თავს დაეუფლა, გაყვითლდა, მქრქალმა ვარდისფერმა გადაჰკრა სახეზე და ღიმილით უპასუხა:

„შენ, კერპთმსახურო, განა ღმერთი ერთი არაა? განა იესო ქრისტეში არ განსხეულდება? განა მანვე არ დაგვსაჯა ათი მცნებით? განა ყველა სხვა ადამიანი ცოდვილი, ბრიყვი და არარაობა არაა?“

ეშმაკმა უპასუხა: „დანაყე სულელი როდინზე ხორბალთან ერთად, მაინც ვერ გამოდევნი მისგან უგუნურებას. თუკი იესო ქრისტე ზეკაცია, მოვალე ხარ, გიყვარდეს იგი ყველაზე მეტად. ახლა მოისმინე, როგორ დაგვსაჯა მან ათი მცნებით: როცა ის შაბათს დასცინოდა, არ დასცინოდა შაბათის ღმერთს? მან თავად არ მოკლა ისინი, ვინც მის გამო დაიხოცნენ? ზურგი არ შეაქცია კანონს ქალის ღალატზე? მოპარა სხვებს მუშები, რათა განედიდებინათ იგი? ყალბი დასტურით განა მანვე არ მოისპო გადარჩენის გზა, ვიდრე პილატე გასცემდა ბრძანებას? განა არ შურდა, როცა ლოცულობდა თავისი მოციქულებისთვის და როცა უბრძანა მათ თავიანთი ფეხებიდან მტვრის ჩამობერტყვა, ნაცვლად იმისა, რომ არ მიეცა მათთვის თავშესაფარი? გეტყვი შენ, სიქველე არ იარსებებდა ათი მცნების დარღვევის გარეშე. იესო ქველი იყო და მას არა კანონები, არამედ ძალა ამოძრავებდა.“

როდესაც ეშმაკი ამ სიტყვებს ამბობდა, დავინახე, როგორ გაიწვდინა ხელები ანგელოზმა მოგიზგიზე ცეცხლის ჩასახუტებლად, ის შთაინთქა და აღდგა, როგორც ელია.

შენიშვნა. ის ანგელოზი, რომელიც ეშმაკად იქცა, ჩემი განსაკუთრებული მეგობარია; ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ბიბლიას ერთად, ვკითხულობთ ჯოჯოხეთზე, რასაც მთელი მსოფლიო დაიმსახურებს, თუკი სწორად იმოქმედებს.

მაქვს ჯოჯოხეთის ბიბლია, რომელსაც მსოფლიო მაინც იხილავს.

 

კანონი, რომელიც საერთოა ლომისთვისა და ხარისთვის, ჩაგრავს მათ.

 

 

თავისუფლების სიმღერა

 

  1. ამოიოხრა უკვდავმა ქალმა! მისი ხმა მთელს დედამიწას მოეფინა.
  2. ალბიონის სანაპირო უსუსურია, ჩუმი; ამერიკის მდელოები - უფერული!
  3. წინასწარმეტყველების ჩრდილები თრთის მდინარეებისა და ტბების გასწვრივ, ისინი ბუტბუტებენ ოკეანეში. საფრანგეთო, გაანადგურე მიწისქვეშა საპყრობილენი.
  4. ოქროს ესპანეთო, გაარღვიე საზღვრები ძველი რომისა.
  5. მოისროლე გასაღებები, ო, რომო, რათა სიღრმისკენ მიისწრაფოდნენ, თუნდაც უსასრულოდ.
  6. და იტირეთ!
  7. მთრთოლვარე ხელებით მან აიყვანა ახალშობილი პირქუში შიში.
  8. ამ უსასრულო სინათლის მთებში, ატლანტის ოკეანით შემოზღუდულში, ახალშობილი ცეცხლი წარსდგა წინაშე ბრწყინვალე მეფის.
  9. ნაცრისფერწარბება თოვლის დროშებით და მოღრუბლული სახეებით, ეჭვიანი ფრთები უფსკრულის თავზე ირხეოდნენ.
  10. შუბმომართული ხელი აღიმართა, ცხვრის ფარა გაშვებული იყო, მეოთხედ გამოჩნდა ეჭვიანობის  ხელი ალმოდებულ თმებში, და ვარსკვლავებიან ღამეში გადმოსტყორცნა ახალშობილი სასწაული.
  11. ცეცხლი, ცეცხლი ცვივა მიწაზე!
  12. აიხედეთ! ზემოთ აიხედეთ! ო, ლონდონის მკვიდრნო, გაიფართოვეთ თვალსაწიერი! ო, ებრაელო, შეწყვიტე ოქროს თვლა! დაუბრუნდი შენს ზეთს და ღვინოს; ო, აფრიკელო! შავო აფრიკელო! (ფრთაშესხმულო ფიქრებო, გააფართოვეთ მისი თვალსაწიერი).
  13. ცეცხლმოკიდებული ტოტები, ალმოდებული თმები, გატყორცნილნი, როგორც ჩაძირული მზე დასავლეთის ზღვაში!
  14. მარადიული ძილიდან გამოღვიძებულმა, გრგვინვამ სმენადი სტიქიისა თავი გაითავისუფლა.
  15. ეჭვიანი მეფე დაბლა დაეშვა ფრთების ტლაშუნით, თუმცა - ამაოდ: მისი ნაცრისფერწარბებიანი მოკავშირეები, მჭექარე მეომრები, გარსმოხვეული ძველი მებრძოლები, ძალაუფლებებს, ფარებს, ეტლებს, ცხენებს, სპილოებს, დროშებს, სასახლეებს, შურდულებსა და კლდეებს ამოფარებოდნენ.
  16. დაცემა, დევნა, აოხრება! ნანგრევებში ჩამარხული, ურთონას კბილებში.
  17. ყოველი ღამე ნანგრევების ქვეშ; მაშინ პირქუში ალები გაიცრიცა და გულჩათხრობილი მეფის გარშემო ამოტივტივდა.
  18. ცეცხლით და ჭექა-ქუხილით გაუძღვა თავის მოკაშკაშე ცის მნათობთ ხრიოკი უდაბნოსკენ, გამოუცხადა მათ ათი მცნება, გადაავლო თავისი ბრწყინვალე ქუთუთოები თავზარდამცემ სიბნელეს უფსკრულში,
  19. სადაც ცეცხლის ძე აღმოსავლეთის ღრუბლებში, მაშინ, როდესაც დილა ოქროს მკერდზე ფრთებს ისწორებს,
  20. წყევლით დაწერილ ღრუბლებს ჰკრავს ხელს, ბეჭედს ასვამს ქვაზე დაწერილ კანონებს, რომელთაც მტვერი დაედება, ღამის ეშვებიდან უკვდავ ცხენებს გაათავისუფლებს და ხმამაღლა ამბობს:

„იმპერია აღარ არსებობს! და ამიერიდან ლომიც და ვეფხვიც შეჩერდებიან!

 

 

გუნდი

 

მიეცით უფლება განთიადის ყორანთა მღვდლებს, რომლებიც უკვე განეშორნენ შემაძრწუნებელ სიშავეს, ხრინწიანი ხმით დასწყევლონ სიამოვნების ძენი. ვერც მისი სანდო საძმო, ტირანები, რომელთაც უწოდებს თავისუფალთ, ვერ დააწესებენ ზღვარს და ვერ დააშენებენ სახლზე სახურავს. ვერც მქრქალი რელიგიური გარყვნილება, ქალწულებად წოდებული, რომელსაც სურს და არ მოქმედებს!

 

რადგან წმინდაა ყველაფერი, რაც კი არსებობს.

 

ინგლისურიდან თარგმნა ხატია გაგნიძემ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE