ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ვუყო ბესოს. სათაური ტექსტზე ადრე მოვიდა. შევყურებდი ამ სათაურს და თეთრ სივრცეს კომპიუტერის ეკრანზე. წინ გრძელი დღე მედო, ადრე ადგომით, სამსახურში გავარდნით, იქ ჩინეთში მთავრობის ვიზიტზე რეპორტაჟით, მერე სახლში მოვარდნით, კერძის მომზადებით და კომპიუტერში სანახავად ჩატვირთული სერიალით. აი, ასე ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ვუყო ბესოს. ვფიქრობდი რუტინაზე და უცებ მიხვდი, ალბათ ბესოც ასე ფიქრობდა. წერდა, მუშაობდა, წერდა, ლიტერატურულ საღამოებზე დადიოდა, წერდა, მუშაობდა. ასე იყო ერთ დღეს, მერე მეორე დღეს, მერე მესამე დღესაც. მეოთხე დღეს კი ადგა და ნეპალში წავიდა. ასე გაექცა რუტინას და იპოვა სახლი.
ნეპალი, ნამასტე
არა, ახირებას ვერ დაარქმევ ამ წასვლას. ადრეც ხშირად გაქცეულა. მიზეზს რა დალევდა, მაგრამ სივრცე. ხო, აი ეს ჩაკეტილი სივრცე და კაქტუსივით სახლში ჯდომადებადგომადება რომ აღარ გინდა. ჰაერიც რომ არ გყოფნის და სადმე უნდა გაძვრე და გარბიხარ. საზღვარს აბიჯებ - ასე იყო ბესო ხვედელიძეც. მოკლეხნიანი გადაკვეთები, ისევ უკან რომ ბრუნდები, ეგეთი. „თითქოს ამ ქვეყნებს თავისი ვადა ჰქონდათ“. აი, წარმოიდგინეთ: გერმანია, ვადა 5 დღე. რაღაც ამგვარი. ვადის გასვლის შემდეგ დაგემართებათ ნოსტალგია, სამშობლო, სახლი. იყო ერთკვირიანი და ერთთვიანი ქვეყნებიც, სულ ალბათ - 25. და იყო ნეპალი.
„სადაც, ფეხი დავდგი თუ არა, მახსოვს, რომ ისტერიკული სიცილი ამივარდა. რომ არ იცი, რაზე გეცინება, მაგრამ ხვდები, რომ სიხარულის სიცილია და არათუ ვადა არ ჰქონდა იქაურობას, ისეთ ენერგეტიკას და აურას ატარებდა, ჩემს თავს ვუთხარი, ეს არის ქვეყანა, სადაც შემიძლია მოვკვდე-მეთქი“.
ეს იყო ნეპალი. ამბავი კი დაახლოებით 3 წლის წინ იწყება. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. მერე და მერე, დღეები რომ გადიოდა, ირწმუნებოდა, რომ არ ცდებოდა - სახლში იყო. აღარ ახსოვდა, სხვა სახლიც თუ გააჩნდა სადმე. არც ეიფორია ყოფილა, პირიქით, ეს იყო ზუსტი შეგრძნება - სახლის მიგნების. ადგილის, სადაც თავს გრძნობ კარგად - შინაგანად, სულიერად, ფიზიკურად, ქიმიურად და ყველანაირად. მშვიდად, რეალიზებულად.
„საკუთარი ადგილის პოვნა ჰქვია ალბათ მაგ შეგრძნებას. კარლოს კასტანედას თქმის არ იყოს, „ძალების ადგილი“. ასეთია ნეპალიც - სადაც იკრეფ ძალას და ივსები. რაღაც ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს საბურავივით ვულკანიზაციაში მიგიტანეს და დაგბერეს“.
თოთხმეტჯერ წავიდ-წამოვიდა. მეთხუთმეტე წასვლა წინაა. ნეპალში ერთხელ ნამყოფები არ არსებობენ, ნეპალს ყველა უბრუნდებაო, ამბობს. იმ დიდი მიწისძვრის დროსაც იქ იყო, 2015-ის აპრილში. რასაც ხალხი მთელი მსოფლიოდან ბუზებივით ეხვეოდა, სტიქიამ გაანადგურა. მერე ბესოც ყველა იქ მყოფთან ერთად ალაგებდა, ასუფთავებდა, მიწას ყრიდა, ხალხს ეხმარებოდა. მეორე, განმეორებითი მიწისძვრის დროს სამ ადამიანთან ერთად იდგა ერთ-ერთ შენობის სახურავზე და უყურებდა, როგორ ჩამოიქცა მათ თვალწინ სხვა შენობა. მეორედ გადარჩნენ. ეგ ადგილი როგორ უნდა მივატოვოო. და კიდევ სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს დაბრუნების. ერთ-ერთი - ენერგეტიკა. საიდან იშოვა? აზიური სიღრმეების და ევროპულ-ჰიპურ-როკენროლური განწყობის სინთეზმა გააჩინა - ამბობს ბესო.
„ეგ ცნობილი ამბავია, ჰიპების მოძრაობა როცა იშლებოდა, სოფლიოს ჰიპებმა სწორედ მანდ, ინდოეთის და ნეპალის საზღვართან დანიშნეს შეხვედრის ადგილი. ბევრი მათგანი ოჯახებიანად დარჩა ნეპალში. ნეპალელებმა მათ ქუჩაც აჩუქეს. დღესაც არსებობს ეს ქუჩა. სწორედ მათ შეიტანეს იქ პირველად კაფეების, გესთჰაუზების და ბარების კულტურა. იყვნენ ისეთები, ვინც ბოლომდე მიჰყვა იდეას და ბოლომდე ასეთი თავისუფლების და სიყვარულის ერთგული დარჩა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჰალსტუხი ჩამოიკიდა. ყველას თავისი გზა ჰქონდა. ადგილობრივებიც ასეთები არიან - მშვიდობისმოყვარეები. შენც - მშვიდად ხარ, წერ, არავინ გირეკავს და გაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შენი ძმაკაცია. შენი მეგობარი“.
ნეპალში კი 2072 წელია.
როცა ბესო ხვედელიძე დაუბრუნდება ჰიმალაის მთებს, დაბადების დღეს იქ შეხვდება და მათი კალენდრით, ასერთი წელი შეუსრულდება. ეს შეგრძნებაც, აქედან ჩასულს, რომ მომავალში ხარ, გამუდმებით თან დაგყვება. თითქოს მთელ მსოფლიოში რაც არ უნდა მოხდეს, შენ აგცდება. იქ ხომ 2072 წელია. დანარჩენ მსოფლიოში კი - 2015.
...
წერით კი ყოველდღე წერდა. ერთდროულად რამდენიმე ტექსტზე მუშაობდა. ნაწილი დაასრულა, ზოგიც დაიწყო. ეს ატმოსფერო სჭირდებოდა. ხანდახან გინდა მოწყდე პლასტმასის ცივილიზაციას, ოჯახსაც და შენი თავის პატრონი გახდე. რა არის ამაში მიმზიდველი?
„ის, რომ სიმართლის მადიდებელი ხდები. არაფერი გაქვს დასამალი, ხარ ისეთი, როგორიც ხარ. აქ - თითქოს სხვებისთვის ცხოვრობ. ცხოვრობ ისე, როგორც საზოგადოება გთხოვს. და მერე ეს რამდენიმე სამსახური, ვალდებულებები... ზიხარ. სუქდები. იქ თითქოს ფიზიკურადაც უკეთ გავხდი - ანუ გავხდი კიდეც, 40 კილო დავიკელი. იქაური სამზარეულოს დამსახურებაცაა. პურის და ზოგადად, ცომეულის კულტურა იქ არ არის“.
დღემდე ბესოს 18 წიგნია გამოსული. ეს მხოლოდ „მოთელვაა“ - მისი სიტყვებია. თუმცა მათგან უმრავლესობა მესამე პირში დაწერილი რომანები და მოთხრობებია. როცა ნეპალზე მოყოლილ სიახლეებზე ვლაპარაკობთ, პირველი პირის შემოსვლას ახსენებს. პირველ პირში დავიწყე წერაო. შესაძლოა, იმიტომ, რომ ამის დრო დადგა - დაგროვილი რაღაცების გარეთ თამამად გამოტანის. ოღონდ ისე, რომ არ გერიდება, დარწმუნებული ხარ ამ რაღაცების თქმაში.
„ნამასტეც“ ნეპალის შვილია. იქაურობის პირმშო. იქ დაიბადა, იქედან გამოიწურა. ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, რომელიც ბესომ იქაურობას მიუძღვნა და კიდევ იმ ადამიანებს, ვინც ნეპალში წასვლას გადაწყვეტს. ამ წიგნში ის ამბებია, რასაც დაგუგვლით ვერ იპოვი. ვერც ბესომ იპოვა, როცა პირველად ნეპალის გზას დაადგა და იქ ნამყოფ მეგობრებში აგროვებდა საჭირო ცნობებს.
„რაც ამ წიგნში წერია, შენ თვითონ უნდა დაიჭირო. იქაურობის შეხება სჭირდებოდა ამ წიგნის დაწერას, მზერით, ხელით, ყველაფრით“. 90-იან წლებში იქ ნამყოფ მეგობრებს ჩამოუარა, გიო მგელაძეს, დათო ტურაშვილს, რეზო თაბუკაშვილს. რუკები დაახატინა, ადგილები მოინიშნა. და მერე თავად დაწერა ისეთი წიგნი, რომელიც ადამიანებს ნეპალისკენ გზას გაუკვალავს.
„ნამასტეს“, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, გაგრძელებაც ექნება. ინდოეთზე. და გააჩნია, მოგზაურობის გეგმა როგორ შესრულდება: „ხომ შეიძლება, ასე იარო ფეხით და ყველა ქვეყანას შენი გზავნილი დაუტოვო - წიგნი გზავნილი“.
წინ ცენტრალური აფრიკაა. სხვა ქვეყნებიც.
...
შორიდან დაკვირვება ადვილია. ბესო ამბობს, რომ სხვა მწერლებსაც ის სჭირდებათ, რაც მას. გასვლა, ბოდიალი, ახალი შთაბეჭდილებები, ჩაკეტილი წრის გარღვევა: „პოტენციურად კარგი წრეა, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ასე წერენ აქ, უფულობის, უსახსრობის პირობებში, რა იქნებოდა, სიარული რომ შესძლებოდათ, ოკეანე ენახათ“.
რა გაარღვევს ამ წრეს? თარგმანიც. რამდენიც გინდა წერე, თუ არ ითარგმნა, წიგნები რამდენიმე ათეული ან ასეული მკითხველის ანაბარა რჩება. არადა, ცოტაა.
ბესოსთან ყველაფერი ამბით იწყება. ჯერ არის ამბავი, როგორც პირველი ამოყვანილი თვალი ქსოვისას და მერე ნელ-ნელა იწყება ხალიჩის ქსოვა. მისთვის წიგნის წერის სტიმული - ბევრი სხვა წიგნია. კითხულობ, კითხულობ და უფრო მეტია წასაკითხი. მეტად ღიზიანდები, მეტად გინდება შენც რაღაც დაწერო, ხელები გექავება. კითხვის დროს ნაწერმა შესაძლოა, სულ სხვაგან წაგიყვანოს, „რაღაც წვეთი მოგარტყას“ ისეთი, რომ წერას შეუდგე.
„ჯერ ამბავს მოკლედ ჩავინიშნავ ხოლმე და წერას მერე ვიწყებ. ჩემი სანდო „ფოკუს ჯგუფი“ მყავს, ვისთანაც იდეას „ვამოწმებ“ და რეაქციების მიხედვით ვაგრძელებ ან ვწყვეტ. საკმაოდ მკაცრი შემფასებლები არიან. ვიცი, რომ თუ სადმე რამე ჭრიჭინებს, აუცილებლად მეტყვიან“.
დღემდე ჯერ ხელით წერს, შემდეგ გადააქვს კომპიუტერში. ფიქრობს დიდხანს და მერე გადაბმულად ორ-სამ საათში წერს. ბოლო წერტილს მაშინ სვამს, როცა იგრძნობს, რომ წრე შეიკრა, კინო დამთავრდა. და ყოველთვის იცის, რომ გამოვიდა. ან პირიქით.
და ეტაპები. 18 წიგნი იძლევა ეტაპებად დაყოფის შესაძლებლობას. თვითონ ახასიათებს იმ წლებისწინა ბესოს. მწერალს, რომელიც თითქოს ვიღაცაზე იყო ნაწყენი. თუ ცხოვრებისგან გასილაქებული და მისი მოთხრობების გმირებიც ქალთმოძულე პერსონაჟებით იყო გატენილი. მერე ნელ-ნელა ისინიც სადღაც გადაიკარგნენ.
„მოკლედ, ცუდად ყოფნების რუკა შეიძლება ააგო ამ მოთხრობების მიხედვით. მერე რელიგიაში გადავარდნის ეტაპი მქონდა. მონასტერში ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, როგორი ვიქნებოდი იქ - დგება ეგ მომენტიც, რაღაც გთხოვს, რომ მარტო დარჩე საკუთარ თავთან. თუნდაც ყოველდღე ერთი და იგივე აკეთო და დააკვირდე, რა გაიღვიძებს შენში, რა მოკვდება. ამ ეტაპების პარალელურად წერის სტილიც იცვლება. ყოფილა სრული თავისუფლების და ყიჟინის ეტაპი, სადაც ხვდები, რომ არაფერი დასამალი არ არის და ღვარცოფივით უნდა გამოუშვა შენგან ყველაფერი. ამ ეტაპებს მოსდევს ხოლმე რაღაც ნაწარმოები, რომელიც ასახავს, სად ვარ. აი, მაგალითად, ასეთი იყო „კლარა“ - მოთხრობა, რომელიც როცა ერთმა ადამიანმა წაიკითხა, მითხრა, სამ-ოთხ გვერდს ვერ გავცდი, მივხვდი, როგორ ცუდად იყავიო“.
...
რაც დაიწერა, დაიწერა, თუმცა, დღეს რომ ჰკითხო, ექვსი რომანიდან ორს სხვანაირად დაწერდა და ოთხს საერთოდ არ. მოთხრობების კრებულებს სხვისი დაწერილივით კითხულობს და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. მოსწონს. ლექსებიც იყო - მთელი კრებული. „ბობ მარლის დახუჭული თვალები“ - ერთად მოუყარა თავი და მოიშორა. მწერლები მიხვდებიან, „მოშორება“ რასაც ჰქვია. შეიძლება დაგახრჩოს, თუ არ გაუშვი.
როცა საწერიც დაგროვილია, მაშინაც გაწვება. ბესოც ასეა. სადმე, მთაში წავიდოდიო, საწერად. ანდა საკითხად.
„წერა თავისთავად მაგარი კაიფია, შეპყრობილი ხარ რაღაცნაირად, გრძნობ, რომ რაღაცას ქმნი. შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, ყველა ხაზზე, ყველა პერსონაჟზე. დღეს რაც იწერება, იმასაც ვკითხულობ ხოლმე. კი, მაინტერესებს. აი, ბოლოს ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირი“ წავიკითხე. მისნაირი ტიპი უნდა გაუშვა სადმე, ბევრი რამე აჩვენო. და ლუკას მსგავსი ავტორები გვყავს დღეს საქართველოში. ნიჭიერი. მხოლოდ რაღაც ფილმების ყურება და რაღაცების წარმოდგენა არ გყოფნის. როცა დღეები ერთმანეთს ასე ჰგვანან, შეიძლება გაგიჟდე. რა დაგაწერინებს? ცხოვრებაა ამისთვის საჭირო“.
იმას, რაც ლიტერატურაში უყვარს, შეიძლება ორიგინალობა ვუწოდოთ. როცა მწერალს ძალიან თავისი კუნძული აქვს. მისთვის პავიჩი იყო ასეთი, მაგალითად. პირველად როცა წაიკითხა, იმდროინდელ შეგრძნებებს იხსენებს - რაღაც ახალი ჟანრი დადო ლიტერატურაშიო.
„რუსებს ჰყავთ კიდევ ერთი მწერალი, ვიქტორ პელევინი. ძალიან მაგარია. დაეხეტება ხოლმე ეგეც ნეპალსა და ინდოეთში. ორიგინალურობა რა არის? ფანტაზია, თავისუფლება აზროვნებაში. აი, როცა მგონია, რომ ეს უნდა მოხდეს, ამბავი ასე უნდა განვათარდეს და ბაც. სულ სხვა რამე ხდება. ეს მიყვარს ლიტერატურაში. რაც არ მიყვარს, ეს არის - „სინამდვილეში მოხდას“ რომ გეუბნება მოთხრობა. როცა ტექსტს ეტყობა, რომ მართლაც მომხდარის ასლია - მომხდარის ქსეროქსი. ჩემთვის ეს ქრონიკაა. ცეცხლი არა აქვს შენთებული, ის ცეცხლი, საიდანაც მხატვრული ლიტერატურა და მწერლობა იწყება“.
ცოტას ლაპარაკობს წარსულზე. თითქოს ყველაფერი ახლა ხდება. თითქოს ნეპალამდე არაფერი იყო. ან ყველაფერი მოყოლილი აქვს. ბესო ხვედელიძე საბჭოთა კავშირში დაიბადა. რუსულ ბაღში დადიოდა. 55-ე სკოლაში ისწავლა. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კულტურის უნივერსიტეტი, სასცენარო, ყველაფერი აქ ხდებოდა. თბილისში. სწავლით კარგად სწავლობდა. აი, გამოსაჩენ დაფაზე რომ შენს სურათს აკრავენ - როგორც წარჩინებული მოსწავლისას. ფარიკაობა, ფეხბურთი, რაგბი. ქანდაკების და ვეფხისტყაოსნის კითხვის წრეები. ცურვა, მუსიკა. ხატვა. მოკლედ, რაც კი შეიძლებოდა. მაგრამ როცა ვეუბნები, რამე მკვეთრი გაიხსენოს იმ დროიდან, სოფელს ახსენებს. ზემო იმერეთს:
„იქ ბებიასა და ბაბუასთან ჩავდიოდი და ეგ საერთოდ სხვა სამყარო იყო. სხვანაირი თავისუფლება.ძალიან მინდა, ისევ დავბრუნდე. მგონი, მანდეთ მიდის ყველაფერი. თუ საბოლოოდ ამ ქვეყანაში დავრჩი და ვიცხოვრე“.
ერთი ომიც იყო. აფხაზეთის. ეს ის დროა, როცა ბესო ხვედელიძე ჯერ ისევ ჟურნალისტად მუშაობს. 1993-94 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში მოუწია ჟურნალისტად მუშაობა. აფხაზეთის ომშიც იქიდან წავიდა. მხოლოდ კალამი და ბლოკნოტი. პეიჯერიც კი არ მქონდა მაშინო. წლების მერე ომში გატარებულ რამდენიმე თვეს მოჰყვა „თაგვის გემო“. თუმცა, რაც ომზე დაწერა, ორი იმდენი ჯერ სადღაც აქვს დალექილი. დრო სჭირდება იმ ამბების ამოლაგებასო.
„ისე კი, სულ ვწერ, ერთად ვწერ ხოლმე ერთ 50 რაღაცას. მერე ჩამოვუვლი ხოლმე. ხან ერთს მივუმატებ რამეს, ხან მეორეს და მერე ბევრი სრულდება ხოლმე ერთდროულად. ახლაც ასეა - ერთდროულად ვწერ რომანს 90-იანი წლების თბილისზე, ერთ ოცამდე მოთხრობას, რომლებიდანაც რამდენიმე უკვე ბოლოშია გასული, რამდენიმე პიესას და სცენარს“.
აი, ასეა. კიდევ არის დაუწერელი ამბები, რომელიც ბესოს რომელიღაც სკივრშია. მაგალითად, რომანი პარასკევაზე. რატომაც არა, ამბობს ბესო. სანამ კუნძულზე რობინზონ კრუზოსთან მოხვდებოდა, ხომ ჰქონდა მასაც თავისი ცხოვრება, რატომ უნდა შეეჭამათ, რატომ მიიყვანეს იმ უკაცრიელ ადგილას? ადრე თუ გვიან, ალბათ, დაწერს.
...
როგორ გგონია, ათი წლის მერე სად ხარ, როგორ გგონია, სად ზიხარ? ვეკითხები.
ათი წლის მერე ვზივარ ხის ქვეშ. ვზივარ და საყვარელ ადამიანს ვუყვები ისტორიას.
შეიძლება ეს ხე თავის სოფელში დგას, შუაგულ ეზოში. ან, იქნებ, სადმე, სხვა ქვეყანაში, ცხრა მთას იქით. ზუსტად არ ვიცი.