წერილები


წერილები




თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე

 

 

ძაღლის ნაბიჯებით
 

            წიკ-წიკ-წიკ-წიკ... "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, სახელად "ლილა". სინამდვილეში, იგი ყველასი არ არის, მხოლოდ ერიკისია[1]. ჩვენს გუნდში, ყველაზე მეტად კაბიუ[2] უყვარს. იგი მას ანებივრებს. აი, დღესაც, 7 იანვარს, ამ ოთხშაბათ დღეს, ჩვეულ დღესასწაულს უწყობს. უნდა ითქვას, რომ სარედაქციო მაგიდაზე, კოკოს[3] მოტანილი ბრეტონული ორცხობილები და ლიუზის[4] დაბადების დღისთვის ჩემ მიერ ნაყიდი ნამცხვარი დევს. კაბიუ უთუოდ მისცემს მას ერთ ნაჭერს.

            წიკ-წიკ-წიკ-წიკ... "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, რომელიც პარკეტს გვიფხაჭნის. რისი[5] და შარბი[6] მას განგებ დასცინიან, რომ მერე, ლიუსმა[7] დაიცვას და თავზე მოეფეროს. ონორეს[8] კატები ურჩევნია, ტინიუსს[9] - ბავშვები, ვოლინსკის[10] კი კატრინსა[11] და ზინებზე[12] ეკეტება ჭკუა.

            წიკ-წიკ-წიკ-წიკ... "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, რომელიც ჩვენს კრებას ესწრება. "ვინ ემხრობა ლუი დე ფიუნესს?", ჟან-ბატისტი[13] უფრო ემხრობა, ვიდრე არა. გასაკვირია და – ფილიპიც[14]. ფაბრისისთვის[15] სულერთია. მისთვის მთავარია, ჩვენი პლანეტა ბრუნავდეს. ლორანს[16], პასუხისთვის, კვლევის ჩატარება სჭირდება. ანტონიო[17], სჯობია, არ მიემხროს. ჟერარი[18] ბჭობს. პელუ[19] ამბობს: "მე მისი მობილური მაქვს" (დე ფიუნესის).

            წიკ-წიკ-წიკ-წიკ... "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, რომელიც მუსტაფას[20] მაგიდის ქვეშ გადის და გამოდის. ძია ბერნარს[21] მისი არ ესმის, იცინის (თავისი სამხრეთ-დასავლური აქცენტით... ჰო, ეს შესაძლებელია) და თან ელზას[22] უყურებს, როგორ ცდილობს, დიდი ჟესტებით აგვიხსნას ლაკანი.

            წიკ-წიკ-წიკ-წიკ... "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, რომელსაც არ ესმის, თუ რატომ ვართ ამდენნი ოთხშაბათობით. კვირის დანარჩენ დღეებში, მას მხოლოდ ანჟელიკი[23] და სიმონი[24] უწევენ კომპანიას. ორშაბათობით, იღბლიანი, მარტინს[25] ხვდება.

            ბაჰ-ბაჰ-ბაჰ-ბაჰ... და მკვდრის სიჩუმე.

            ჟან-ლიუკი[26] და მე იატაკზე ვართ გართხმულნი. არ ვინძრევით.

            უცებ: წიკ-წიკ-წიკ-წიკ!

            "შარლიში" ერთი ძაღლი გვყავს, წითური კოკერი, რომელიც გვაუწყებს, რომ მორჩა, შეგვიძლია წამოვდგეთ: ისინი უკვე წავიდნენ.

            ლილა არ მოკლეს. ალბათ, იმიტომ, რომ მდედრია.

 

სიგოლენ ვენსონი[27]
"შარლი ებდო" n°1178, 14 იანვარი 2015

 

 

გამოხატვის წმიდათაწმიდა თავისუფლება

თავისუფლება ბრიყვების მიხედვით:

- კარგი, იფრინე... ოღონდ ძალიან მაღლა არა!

 

დიდხანს მეგონა, რომ ყველაზე უარესი რამ, რაც პრესის მხატვარს შეიძლებოდა დამართოდა, დაპატიმრება იყო. ასე მოუვიდათ დომიეს და ფილიპონს[28] ბებერი ჭკუამხიარული ლუი-ფილიპის მეფობის დროს. ამგვარად, ახალგაზრდა კარიკატურისტებს - შარბს, ლიუზს და მე არანაირი საფრთხე არ გვემუქრებოდა, როცა 90-ანი წლების სატირულ გაზეთებს სხვადასხვა ესკიზს ვთავაზობდით, რადგან თავს ჩვენი ხელოვნების მფარველი ანგელოზი დაგვციმციმებდა: გამოხატვის წმიდათაწმიდა თავისუფლება.

გვსურდა, კარიკატურებზე გვეცინა და სხვებიც გვეცინებინა. თუმცა წლების შემდეგ, რაც ყველა ეს ცნობილი პერსონაჟი სასაცილო მდგომარეობაში ვხატეთ და ვხატეთ, ერთი კითხვა გაგვიჩნდა: გაშარჟება, დახატვა - რას ემსახურება ეს სინამდვილეში?

ბოლოს და ბოლოს, კარიკატურა კარიკატურაა და სხვა არაფერი; რაღაც ნაჯღაბნი, რომლის მიზანია, გაართოს და თან დააფიქროს. გაცინება და დაფიქრება: აი, იდეალური კარიკატურა! ეს არის მკითხველის გაოცების ხელოვნება ორიგინალური ხედვითა და გვერდზე გადადგმული ნაბიჯით, რაც უჩვეულო კუთხით აჩვენებს მოვლენებს, უმრავლესობის ხედვისგან განსხვავებულად. მესტისმეტობა და სიჭარბე, რასაც ხშირად საყვედურობენ "შარლი ებდოს" კარიკატურისტებს, სინამდვილეში, მხოლოდ უცხო გზებით სიარულის გაბედული მეთოდია.

            იქნებ სწორედ ამას ვერ ეგუებოდნენ 7 იანვრის მკვლელები? მათ ხომ, რეალურად, არასდროს არაფერი გაუბედავთ. ისინი ხომ საკუთარი ნებით გამოიკეტნენ რელიგიის კომფორტში, სადაც ყველა კითხვაზე პასუხის არსებობა ფიქრისა და ეჭვისგან ათავისუფლებს. ეჭვი ყოველი რელიგიის დაუძინებელი მტერია. როცა გაზეთის რედაქციაში მისი წევრების მოსაკლავად შესვლას აპირებ, ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს.

            "შარლის" კარიკატურისტები და სტატიების ავტორები კი თავიანთ დროს ეჭვში ატარებენ. ეჭვი შეაქვთ ყველაფერში და განსაკუთრებით საკუთარ თავში, საკუთარ ნიჭში, საკუთარ შთაგონებაში. ეს მათ, ზოგჯერ, აუტანლებს ხდის. ვოლინსკი კითხვას სვამდა 2011-ში, რედაქციაში ხანძრის შემდეგ: "მეტისმეტი ხომ არ მოგვივიდა?". მხოლოდ პატიოსან კაცს შეუძლია მსგავსი შეკითხვის დასმა. არასდროს - მკვლელს. ვოლინსკის გააჩნდა საკუთარი ეჭვების გამოთქმის სიმამაცე. მან საკუთარი სიმყიფის გამოხატვა ხელოვნებად აქცია. აი, რატომ არასდროს გახდება კარიკატურისტი მკვლელი. აი, რატომ არის უსინდისობა კარიკატურისტის ე.წ. "პროვოკაციების" და მკვლელების სისასტიკის ერთ სასწორზე მოთავსება, იმის ხაზგასმით, რომ "კარიკატურისტებმა თავიანთი დასაკლავი დანა თავად გამოჩხრიკეს".

            ეჭვის შეტანისთვის სხვებია საჭირო, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ალბათ, რა მოსაწყენ სამყაროში ცხოვრობდნენ 7 იანვრის მკვლელები... ერთფეროვან სამყაროში, სადაც ყოველ თავს, რომელიც სხვებისაზე მაღალია, ჭრიან; სადაც ყოველ ხმას, რომელიც სხვებისას არ ეწყობა, ახშობენ. წარმოიდგინეთ, მსგავსი ტვინებისთვის, წინასწარმეტყველზე კარიკატურების დახატვის იდეა! ბედშავი არსებები, რომლებმაც სხვების სიცოცხლე ხელყვეს ტყუილად გაფლანგული საკუთარის დასავიწყებლად...

            გამხნევებისა და მხარდაჭერის ნიაღვრის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ვიკითხოთ, ვის აქვს, სინამდვილეში, ამ ბრძოლის წარმოების სიმამაცე? გულწრფელად, ვის ექნება მკრეხელობისთვის ბრძოლისა და რელიგიური პირების გამოწვევის სურვილი, თუ მას ამისთვის 10 პოლიციელი უნდა იცავდეს 24 საათის განმავლობაში? არავის! "შარლის" ყველამ დაუჭირა მხარი, "მიდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!"-ო, მაგრამ რამდენი მათგანი გაბედავდა მკრეხელური კარიკატურის დახატვას და გამოქვეყნებას? ძალიან ცოტა. ბრბო მხარს უჭერს "შარლის", როგორც ხარს არენაზე. ვინ იცის, ერთ დღეს, ბანდერილიებისგან არაქათგაცლილი "შარლი" იქნებ მოკვდეს კიდეც ბრბოს აღტაცებული ტაშის ფონზე.

            და აჰა, იმ მომენტში, როცა "შარლის" ახალი ნომერი გამოდის, მსგავსი ტერორისტული აქტი ხდება კოპენჰაგენში. მსხვერპლი ნაკლებია, მაგრამ მიზნები - იგივე: გააჩუმონ ყველა, ვისაც გამოხატვის თავისუფლების სჯერა და ამოწყვიტონ ებრაელები. ის, ვინც ცდილობს მკვლელებს გამართლება მოუძებნოს და მიაჩნია, რომ კარიკატურისტებმა "ცეცხლზე ნავთი დაასხეს", როგორ აპირებს ანტისემიტი მკვლელების პასუხისმგებლობის შემსუბუქებას? პარიზული ჰიპერქოშერის და კოპენჰაგენის ტერაქტების მსხვერპლ ებრაელებს ხომ არ გაუშარჟებიათ მუჰამედი?! თუმცა ისინი მოკლეს... ამგვარი ძალმომრეობის ატანა ისედაც ძნელია, ზედ რომ ფსევდოინტელექტუალური, მეტნაკლებად დამყვავებლური, აუტანელი დისკურსები არ დავამატოთ.

            პარიზის და კოპენჰაგენის თავდასხმები, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდებს შორის ურთიერთობის თანამედროვე კონცეფციის წინააღმდეგაა მიმართული, იდეების მრავალფეროვნებისა და თავად ადამიანების წინააღმდეგ. რელიგიები, საუკუნეების მანძილზე, ძალმომრეობით უპირისპირდებოდნენ ამ ღირებულებებს. თანამედროვე ეპოქამ, თითქოს, ჭკუაზე მოიყვანა ეს რეტროგრადები და დააოკა მათი სურვილი ადამიანთა გონებაზე ჰეგემონიისა. პარიზისა და კოპენჰაგენის თავდასხმები კი გვაუწყებს, რომ კიდევ დრო და სისხლია საჭირო, რომ თითოეულმა რელიგიამ ერთხელ და სამუდამოდ დაუშვას ეს დემოკრატიული გარემო, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

 

რისი[29]

"შარლი ებდო" n°1179, 25 თებერვალი 2015

 

 

 

ჯიჰადისტი და მუსლიმი დივანზე

- კი მაგრამ, სად არის 70 ქალწული?

- "შარლის" სტაფთან, ლუზერებო!

 

 

 

            რა სიგიჟეა ნახატებზე ასეთი აღგზნება!

            შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ჯიჰადისტები გიჟები არიან... არადა, არ არიან, ყოველ შემთხვევაში, არა ამ ტერმინის ფსიქიატრიული გაგებით. თანაც ისინი ემორჩილებიან მენტალურ სქემებს, რომლებსაც თავისი ლოგიკა აქვს.

            ფსიქოანალიზში, უწინარესი ტაბუ-სცენა პრიმიტიულია: მშობლების სექსუალური აქტი. შესაბამისად, წინასწარმეტყველის გამოსახულებასა და დედის სასქესო ორგანოს ხატს შორის საერთო ნიშნები იკვეთება. ორივე შემთხვევაში ხდება სიწმინდის ძიება, რომელიც, როცა პათოლოგიად იქცევა, აკვიატებით შეპყრობილის ქცევას ემსგავსება, დღეში ორასჯერ რომ იბანს ხელებს.

            გამოსახულება პოლიტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენება. მას შეუძლია როგორც მოხიბლვა, ასევე დაფრთხობა, და ამას კარგად ხვდებიან რელიგიური წარმომადგენლები. მაგალითად, ქრისტიანებში, ორი ტენდენცია დაუპირისპირდა ერთმანეთს: იკონოლატრებისა და იკონოკლასტების. პირველნი გამოსახულებას ნებადართულად მიიჩნევენ, მეორენი კი კრძალავენ, მოტივით: "ღვთის გამოსახვა მისი დამცირებაა".

            თუმცაღა უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსახულება მხოლოდ გამოსახულებაა და სხვა არაფერი. ეს ცხადი უნდა იყოს მაგრიტის ცნობილი "ეს არ არის ჩიბუხი"-ს შემდეგ. ეს რომ ისლამისტებს გავაგებინოთ, ნუთუ "შარლის" თითოეულ ნახატს უნდა მივაწეროთ "ეს არ არის წინასწარმეტყველი"?!

            კეთილმორწმუნე მუსლიმები მუჰამედის კარიკატურებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და არ ესმით, რომ სარწმუნოებათა დაცინვა არ არის ადამიანების შურაცხყოფა. გზას, ინდივიდის ცნების გასწვრივ, აქაც ფსიქოანალიზი გვიკვალავს. ისლამიზმი რეგრესს ეყრდნობა, არა მხოლოდ სოციალურს, არამედ ფსიქიკურსაც: მრევლი ამყოფოს ინფანტილურ სტადიაზე, რომ უკეთ აბითუროს იგი.

            შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჯიჰადისტებს გონებასუსტი და შეპყრობილი ბავშვის ტვინი აქვთ, და რომ აუცილებელია  ფსიქოლოგიური რევოლუცია რელიგიური მარწუხებისგან მორწმუნეთა დიდი ნაწილის გასათავისუფლებლად. ეს ტერორისტებს ფსიქოანალიტიკოსის დივანზე, ალბათ, არ მოიყვანს, მაგრამ შეიძლება, მუსლიმურ სამყაროს სეკულარობის გაგებაში დაეხმაროს.

           

            რატომ არიან ჯიჰადისტები ასეთი ალერგიულები წინასწარმეტყველის გამოსახულების მიმართ? შეგვიძლია, ვეძებოთ თეოლოგიური ან პოლიტიკური ახსნა... თუმცა ფსიქოანალიზიც მნიშვნელოვნად ჰფენს ნათელს ამ საკითხს. ადამიანზე გამოსახულებათა ზოგადი ძალაუფლების, მუსლიმური საზოგადოების თავისებურებებისა და სხვა გზით წასული უკიდურესი ისლამისტების გასაგებად, ორ მკვლევარს მივმართეთ: ჟერარ ბონეს, ფსიქოანალიტიკოსსა და გამოსახულებათა სპეციალისტს და მალეკ შებელს, ფსიქოანალიტიკოსსა და რელიგიათა ანთროპოლოგს. ორივე მკვლევარი ამ საკითხისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომის ავტორია.

 

          წინასწარმეტყველის გამოსახვა ზოგისთვის აუტანელია. შეიძლება თუ არა, ეს დავუკავშიროთ პრიმიტიული სცენის გამოსახვას, რაც ფსიქოანალიზში ტაბუ-სცენის ტიპიური არქეტიპია?

 

          ჟერარ ბონე: სავსებით. დედის სასქესო ორგანო, ეს ის ადგილია, საიდანაც მე მოვდივარ და რომელიც ამყარებს ჩემში არსებულ ყველა ღირებულებას. აქ მივდივართ იდეალების საკითხთან. პრიმიტიულ სცენასა და რელიგიურ გამოსახულებებს ის აქვს საერთო, რომ ორივე საწყისთან გვაბრუნებს. გამოსახულება შეიძლება, უწმინდური იყოს, რადგან რასაც გამოვსახავთ, ვერასდროს უტოლდება იმას, რაც ჩვენშია. გამოსახულების ჩვენებამ შეიძლება, რაღაცეები წაბილწოს. გამოსახულების აკრძალვა ნიშნავს მის დაცვას ყოველგვარი სიბინძურისგან და მეტი ძალაუფლების მინიჭებას იმისთვის, რასაც ეს გამოსახულება სიმბოლიზირებს.

 

          მალეკ შებელი: ყველა მონოთეისტური რელიგია თანხმდება, რომ რამის აკრძალვა მის საკრალიზებას უდრის. აქ ტოტალიტარული ისაა, რომ საკუთარ სიწმინდეს სხვებს ახვევენ თავს. თუმცა ისლამის შემთხვევა განსაკუთრებულია. ისლამი გამოჩნდა VII ს-ში, როცა ღვთაებებს გამოსახავდნენ. წინასწარმეტყველმა მოისურვა გამოსახვასა და პოლითეისტური ეპოქის წარმართ მოსახლეობას შორის კავშირის გაწყვეტა. მას მიაჩნდა, რომ თუ პანთეონის ყველა გამოსახულებას მოსპობდა, ადამიანებსა და ღმერთს შორის პირდაპირ კავშირს შექმნიდა. მან მოახდინა ხედვითი ცენტრის გადაადგილება და გაანადგურა ყველა კერპი, გარდა ერთისა: ქააბა, რომელიც ისლამის გამოსახულებათა ცენტრად იქცა.

 

          თუმცა მუჰამედს არ აუკრძალავს საკუთარი თავის გამოსახვა.

 

          მ. შ. : ნამდვილად, მას არაფერი უთქვამს საკუთარ გამოსახულებაზე, ისევე, როგორც ყურანს. მაგრამ წინასწარმეტყველი 632 წელს მოკვდა, VIII ს-დან კი ამ მხრივ საქმე გართულდა. ამ დროს, ქრისტიანებს შორის, გამსახულების ომი მიმდინარეობდა. ბიზანტიელი ეპისკოპოსები გააფთრებით იბრძოდნენ გამოსახულების წინააღმდეგ. დაპირისპირებები სამი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა, იმ დღემდე, როცა საეკლესიო კრებამ გამოსახულებები დაუშვა. ქრისტიანთა შორის ეს ომი ისლამსაც შეეხო, რადგან ამ დროის განმავლობაში, არაბო-მუსლიმური იმპერია განივრცო და ბიზანტიის იმპერია გადაფარა. მუსლიმებმა გაიაზრეს ქრისტიანული პრობლემატიკა და გადაწყვიტეს გამოსახულებების აკრძალვა.

 

          გამოსახულებებზე მთელი ეს დავა ქრისტიანებმა დაიწყეს, მაგრამ საბოლოოდ დაუშვეს ისინი. რატომ მიიღეს საპირისპირო გადაწყვეტილება მუსლიმებმა?

 

          ჟ. ბ. : მართალია, ეს დავა ქრისტიანებმა დაიწყეს. სხვათაშორის, ცოტა დააკლდათ, რომ თავადაც იკონოკლასტები გამხდარიყვნენ და გამოსახულებები აეკრძალათ. თუ მუსულმანები აკრძალვისკენ გადაიხარნენ, ეს იმიტომ, რომ მანამდეც უფრო ეს მხარე ეჭირათ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანებშიც და მუსლიმებშიც, ყოველთვის არსებობდა რელიგიური გამოსახულებების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებები.

 

          როგორ ახსნით შიიტების მიერ გამოსახულებების დაშვებას, სუნიტებისგან განსხვავებით?

 

          მ. შ. : მსგავს განსხვავებებს განაპირობებს არა მოძღვრებისეული, არამედ პოლიტიკური მიზეზები. წინასწარმეტყველის სიკვდილისთანავე, დაპირისპირებებმა იფეთქა მის მიმდევრებს შორის. ოთხი ხალიფიდან ერთ-ერთის, ალის მომხრეებმა საქმე განხეთქილებამდე მიიყვანეს და შიიტებმაც, საბოლოოდ, კლერიკალური სტრუქტურა შექმნეს. სუნიტების შემთხვევა კი განსხვავებულია: ვინაიდან მათ კლერიკალები არ ჰყავთ, მათთვის ყველაფერი უშუალოდ ღმერთიდან მომდინარეობს. ხოლო, ვინაიდან ღმერთს არ დაუკანონებია გამოსახულების არც აკრძალვა და არც დაშვება, ადამიანებს უფლება არ აქვთ მისი დაშვების. შიიტებს კი კლერიკალების ყოლამ ადამიანური ინიციატივებისკენ უბიძგა: "ვუშვებ ან არ ვუშვებ გამოსახულებებს". ამან შექმნა ნიადაგი, რომელზეც შეიძლებოდა, ადამიანის სურვილი აღმოცენებულიყო, თუნდაც პროტესტის გამომხატველი. თუმცა, ღიად, შიიტებსაც კი არ დაუშვიათ გამოსახულებები. მხოლოდ ელიტას გააჩნდა ეს უფლება. მსგავსი ფენომენი, XVI-XVII საუკუნეებში, რიგ სუნიტებშიც გვხვდება, როცა მათ მინიატურებში გამოსახეს წინასწარმეტყველი. ესეც ელიტური უმცირესობის პრივილეგია იყო.

 

          საბოლოოდ, ყოველივე ეს გამოსახულებას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ, ვინც ვერ იტანს წინასწარმეტყველის კარიკატურას, არ ესმით, რომ წინასწარმეტყველის გამოსახულება არ არის წინასწარმეტყველი?

 

          ჟ. ბ. : დიახ, მათ მიაჩნიათ, რომ მუჰამედის გამოსახულების გაშარჟება, თავად მუჰამედის გაშარჟებაა. ისინი დარჩენილნი არიან იმ ინფანტილურ სტადიაზე, როცა სინამდვილე და მისი გამოსახვა ერთმანეთში ერევათ. ეს იმ პრიმიტივს ჰგავს, რომელსაც ჰგონია, რომ თუ მას სურათს გადავუღებთ, სულს წავართმევთ. ეს უზარმაზარი რეგრესია.

 

          გამოსახულებებზე ტაბუ, შეიძლება, გასაგები იყოს მორწმუნეებისთვის, მაგრამ რატომ ცდილობენ, ეს ყველას მოახვიონ თავს?

 

          მ. შ. : ისლამში არ არსებობს განსხვავება რელიგიურსა და პოლიტიკურს შორის. ეს მოდის იქიდან, რომ წინასწარმეტყველს არასდროს წარმოუსახავს საკუთარი თავი, როგორც მხოლოდ წინასწარმეტყველს, ან მხოლოდ ხელისუფალს, არამედ როგორც ორივეს ერთად. ის ერთდროულად იყო წინასწარმეტყველი, მეუღლე, პოლიტიკური ხელმძღვანელი, ცივილიზაციის დამფუძნებელი და ერთგვარი მსაჯულიც კი. ყველა ამ ატრიბუტის გამო, მუსლიმთა პურიტანული ნაწილი ვერ ახერხებს წინასწარმეტყველის დაშვებას სხვადასხვა როლში. იგი განსხვავდება იესოსგან, რომელიც სიწმინდის განსახიერებაა, მაგრამ პოლიტიკით არ დაკავებულა, ადამიანთა წვრილ საქმეებში არ ჩარეულა, საომარი კამპანია არ უწარმოებია და ქალაქი არ დაუარსებია. ისლამში ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ წინასწარმეტყველი ადამიანთა საქმეებით დაკავდა და პოლიტიკურისა და რელიგიურის აღრევა გამოიწვია.

 

          ზოგი მუსლიმი პირადად შეურაცხყოფილია წინასწარმეტყველის კარიკატურებით. მათ არ ესმით, რომ რელიგიის დაცინვა და ადამიანებზე თავდასხმა არ არის ერთი და იგივე. როგორ ახსნიდით ამას?

 

          მ. შ. : ეს იმის შედეგია, რომ მუსლიმებში არ არსებობს ინდივიდის კონცეფცია. მათ თავი წარმოუდგენიათ, როგორც ერთი საერთო დოგმის ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფს, თუნდაც ერთმანეთს მტრობდნენ. დასავლეთში, ლუმიერების საუკუნე და დამოუკიდებელ-პასუხისმგებელი ინდივიდის ცნების აღმოცენება გახლდათ გიგანტური ნაბიჯი. მუსლიმები კი სხვაგვარად ფუნქციონირებენ: თითოეული მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანობის ნაწილი. მას არ შეუძლია თქვას: "მართალი / მტყუანი ვარ", არც - "ვფიქრობ, რომ ჩემი მეზობელი მართალია / მტყუანია". ის ამბობს: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ...". შესაბამისად, ისინი წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას ყველა მუსლიმის შეურაცხყოფად აღიქვამენ.

            ისლამი მანამ არ განვითარდება, სანამ ადგილს არ მოუძებნის ინდივიდს, როგორც ასეთს, შეურაცხმყოფელს, შეურაცხყოფილს, მკრეხელს, აგნოსტიკოსს თუ ათეისტს... როცა ისლამი აღიარებს ინდივიდს მთელი თავისი არსით, ხელოვანს, გამომგონებელს, დაუმორჩილებელს, ეს იქნება მისი დიდი პროგრესი თანამედროვეობაში. მას ამაში ხელს სასულიერო პირები უშლიან, რომლებმაც მთელს მუსლიმურ სამყაროს თავს მოახვიეს დოგმატური, ფილოსოფიური, ზნეობრივი და სულიერი მიმართულება: ისინი უფრთხიან ინდივიდს, რადგან იგი წარმოადგენს საწინააღმდეგო ძალას, რომელსაც მათი შავბნელი ძალაუფლების გაქარწყლება შეუძლია.

 

          ხშირად გაიგონებთ მუსლიმებისგან, რომ წინასწარმეტყველის გაშარჟება, მათთვის, დედის შეგინების ტოლფასია. რა ინტერპრეტაციას გაუკეთებედით ამას ფსიქიატრიული კუთხით?

 

          მ. შ. : ამასაც ინდივიდის ცნებასთან მივყავართ. არაბულ სამყაროში და საერთოდ, ისლამში, ტაბუთა ტაბუა ქალის სექსუალობა, განსაკუთრებით - დედის. დასავლეთი ამ ტაბუსგან ინდივიდის ფენომენის წარმოქმნამ გაათავისუფლა. მუსლიმი კი იმ ბავშვივით იქცევა, ჯერ რომ "მე"-ს სტადიამდე არ მისულა: იგი მუდამ სრულ შერწყმაშია დედასთან და შესაბამისად, საკუთარ რელიგიასთან. ეს ზედმიწევნით ჯოგური მოვლენაა.

 

            ჟ. ბ. : იდეალები ჩვენი სიცოცხლის ბაზისია. თავისუფლება, სილამაზე, სამართალი... ყველა ეს ღირებულება დედასთან ურთიერთობიდან მომდინარეობს. პატარებს დედა დაგვეხმარა მათ გათავისებაში. იგივე პრინციპი მოქმედებს რელიგიების შემთხვევაშიც. გარკვეულ მომენტში, საზოგადოება ადამიანის ირგვლივ სხვადასხვა იდეალს შემოკრებს: იესო, ბუდა თუ მუჰამედი არსებობის საწყისის გამოხატულებად იქცევიან. პრობლემა ისაა, რომ ასეთ ადამანში იდეალების აღრევა ტოტალიტარიზმს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა იდეალების განცალკევება პიროვნებებისგან. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის დროს, იდეალები - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა - შექმნეს ყოველგვარი რელიგიისგან ცალკე, რათა ერს ლოგიკური სახე მისცემოდა.

            საქმე, რომელსაც თქვენ "შარლიში" აკეთებთ, ნიშნავს, რომ შეგვიძლია, დავცინოთ მუჰამედს, რადგან გამოსახულებას ვაცალკევებთ პიროვნებისგან. თუმცა მათთვის, ვინც იდეალურსა და ნამდვილს ვერა და ვერ არჩევს, ეს აუტანელია. ისინი ჯერ კიდევ არ არიან მზად ასეთი რევოლუციისთვის. მათთვის, მუჰამედის შერაცხყოფა მათი დედების შეურაცხყოფაა, ანუ იმ იდეალებისა, რაც მათ აცხოვრებთ.

 

          რა არის საჭირო იმ იდეის გასატარებლად, რომ რელიგიის კრიტიკა არ არის ინდივიდის კრიტიკა? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა არის საჭირო, რომ მკრეხელობის იდეა, ან უფრო ზოგადად, სეკულარიზმის პრინციპი დაუშვას მუსლიმურმა სამყარომ?

 

          მ. შ. : ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. უნდა ავუხსნათ მუსლიმებს, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს ერთმანეთის დაცინვის უფლება, მათ შორის, საკრალური ფიგურებისა. ეს გულისხმობს რელიგიის გამიჯვნას პოლიტიკისგან. ამის მცდელობა უკვე იყო. თეოლოგმა ალი აბდერრაზიქმა 1925 წელს დაწერა ნაშრომი "ისლამი და ძალაუფლების საფუძვლები", რომელშიც იგი მიიჩნევს, რომ ერთმანეთისგან უნდა განვაცალკეოთ წინასწარმეტყველის ის სივრცე, რომელიც ღმერთს უკავშირდება, იმ სივრცისგან, რომელიც ადამიანებისკენაა მიმართული. მე ვეყრდნობი ამ თეოლოგის ნაშრომებს, ისევე, როგორც რენესანსის ხანის თურქეთს, სირიას და ეგვიპტეს, იმის ხაზგასასმელად, რომ დღეს სავსებით შესაძლებელია მუსლიმურ პროექტში სეკულარობის ჩართვა. სამწუხაროა, რომ მსგავსი იდეის მომხრეები ჯერ კიდევ უმცირესობაში ვართ.

 

ესაუბრა ანტონიო ფისკეტი

"შარლი ებდო" n°1179, 25 თებერვალი 2015

 

 

ღმერთი ბოლო სტადიაში

 

როგორ მოვკვდეთ ღირსეულად!

- … ან საერთოდ არ მოვკვდეთ!

 

            ეროვნული ასამბლეის მიერ სიცოცხლის დასასრულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვამ კიდევ ერთხელ გამოიწვია კამათი ევთანაზიასთან დაკავშირებით. ხუთი მაღალტიტულოვანი რელიგიური წარმომადგენელი ღიად დაუპირისპირდა "ღრმა და განუწყვეტელი გაყუჩებით" მოკვდინების იდეას. "პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს", "სამოქალაქო კანონმა ადამიანს სიცოცხლე არ უნდა მოუსწრაფოს", "სიცოცხლის მიწურულს, ადამიანს უნდა იცავდეს მკვლელობის აკრძალვა", "ვისი სახელით ვაპირებთ სიკვდილის ჟესტის დაკანონებას?",- განაცხადეს მათ 10 მარტის "ლე მონდში".

            კანონი, რომელიც ზოგადი უნდა იყოს, ვერასდროს მოგვცემს ისეთ იურიდიულ გამოსავალს, რომელიც სიცოცხლის მძიმე დასასრულის უამრავ სხვადასხვა შემთხვევას დააკმაყოფილებს. ევთანაზიის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, საკუთარი თეზისის გასამყარებლად, თავიანთი გულგამგმირავი ამბები გააჩნიათ, ცხარე ცრემლით რომ აგვატირებს. ერთნი შეუქცევადი ვეგეტატიური მდგომარეობიდან გათავისუფლებული პაციენტით გამოწვეულ შვებაზე მოგიყვებიან, მეორენი კი მკვდრად მიჩნეულ ავადმყოფზე მოგითხრობენ, რომელიც გაცოცხლდა და რომელსაც კანონის ზედმეტად ნაჩქარევი გატარება უბრალოდ მოკლავდა. ერთი რამ ცხადია, არავის სურს, ერთ დღეს, იძულებული შეიქნას, აპარატიდან გამორთოს ცოცხალი, თუნდაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი. ადამიანის ტანჯვაში მიტოვება ისევე ძნელია, როგორც აგონიაში მყოფის აპარატიდან გამორთვა.

            ამიტომაა უსინდისობა ევთანაზიის გაიგივება მკვლელობასთან, როგორც ამას რელიგიები აკეთებენ. სიცოცხლის შეწყვეტა, როცა იგი ცნობიერებისგან, სიამოვნებისგან, სიცილისგან და ინტელექტისგან დაცლილა და მხოლოდ სუნთქვაშიღა გამოხატება, კავშირში არ არის ყველა სასიცოცხლო უნარით აღჭურვილი ადამიანის მკვლელობასთან. სიცოცხლე არ არის მხოლოდ მექანიკა. სიცოცხლე არ შემოიფარგლება ფილტვებისა თუ სიხლის მიმოქცევის კარგი ფუნქციონირებით. სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის გაცნობიერება და საკუთარი ყოფის თავად წარმართვაა. რელიგიებისთვის, საღი გონების მქონე და ჯანმრთელი ადამიანი იგივეა, რაც საკუთარი სიცოცხლის მართვის უნარების არმქონე. ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ ადამიანის რა კონცეფცია გააჩნიათ რელიგიებს: ჯანმრთელი ადამიანი ისეთივე თვინიერი უნდა იყოს, როგორც ბოლო სტადიაში მყოფი.

            მაღალტიტულოვანი რელიგიური წარმომადგენლების ეს განცხადება სხვა მხრივ არის გასაკვირი. არცერთი მათგანი არ ახსენებს მორწმუნისთვის ყველაზე მთავარს, მიწიერ ცხოვრებაზე ბევრად მნიშვნელოვანს: მარადიულ სიცოცხლეს. თუ მორწმუნეს რამის სწამს, ეს ხომ იმქვეყნიური ცხოვრებაა. სხვანაირად, მას არც ვუწოდებდით "მორწმუნეს". ესენი კი თითქოს შიშობენ, ნათელმხილველობა არ დავწამოთ. ხუთიდან არცერთს არ უთქვამს რომ მიწიერი ცხოვრების შემდეგ, სიცოცხლე იმქვეყნად, შემოქმედის მფარველობის ქვეშ გრძელდება. არადა, რა მარტივი იქნებოდა ხმამაღლა ამის თქმა. ეს ხომ ევთანაზიის პრობლემას გადაჭრიდა. ვინღა დაგიდევდათ ინექციით სიკვდილს, როცა მთავარი მერე მოვიდოდა: მარადიული სიცოცხლე. ჯამში, ყოველივე ეს გვაეჭვებს იმაში, რომ ამ მაღალტიტულოვან რელიგიურ წარმომადგენლებს მართლა სწამთ იმის, რასაც ქადაგებენ.

            ამ საკვირველების ახსნას ბიბლიაში ვპოულობთ. უთვალავია იმ მოწამეთა, მოციქულთა და მათ მიმდევართა რიცხვი, ვინც სასუფეველი დაიმკვიდრა ერთი პირობით: საშინლად დატანჯულიყვნენ. ამგვარად, ცოცხლად გატყავებულები, მაყალზე შებრაწულები, ლომის მიერ ცოცხლად შეხრამუნებულები ამხიარულებენ წიგნთა წიგნის გვერდებს. არ არსებობს სიკვდილი ტანჯვის გარეშე, არც სასუფეველი - მოწამეობის გარეშე. აი, რატომ არ სურთ რელიგიებს ევთანაზია. ქრისტესავით უნდა ვეწამოთ, რომ სამოთხეში, ყოვლისშემძლეს გვერდით მივუჯდეთ.      

            მსგავსი რამ ანდრია მოციქულს გადახდა. იესომ იგი ერთ ქალაქში გააგზავნა, რომლის მაცხოვრებლები ანთროპოფაგები იყვნენ. მათ ისე სასტიკად აწამეს მოციქული, რომ ამ უკანასკნელმა უფალს შესჩივლა: "უფალო იესო ქრისტე, მაკმარე ეს ტანჯვა. გაიხსენე, რომ შენ ჯვარზე სამი საათი გაატარე, მე კი მესამე დღეა, რაც ამ ქალაქის ქუჩებში მათრევენ. მომეცი ნება, უფალო, სული განვუტევო და შვება ვიგრძნო." გარჯა ამაო გამოდგა, ანდრიას კიდევ მოუწია წამების ატანა, სანამ სასწაულებრივად ფეხზე არ დააყენა უფალმა. დღეს ამგვარი სასწაულები არ არსებობს და მხოლოდ ევთანაზია ან ღრმა გაყუჩება თუ შეძლებდა ჩვენი მამაცი ანდრიასთვის ტანჯვის შემსუბუქებას.

            ევთანაზიის შემთხვევაში, რაღა დარჩებოდა ტანჯვებისგან დაცლილი ბიბლიისგან? იგი ხომ უშოკოლადო შოკოლადის ეკლერს, უვაშლო ვაშლის ნამცხვარს დაემსგავსებოდა. არავის დააინტერესებდა ჯვარზე ევთანაზირებული ქრისტე. ჩაქოლვის ნაცვლად, "ღრმა და განუწყვეტელი გაყუჩებით" მოკვდინებული სტეფანე პირველმოწამეც მხოლოდ გულგრილობას გამოიწვევდა. რელიგიისთვის, ევთანაზია არა სიცოცხლისადმი ზიზღი, არამედ მისი ბიზნესის სიკვდილია.

            რელიგიას ხომ ყოველთვის სძაგდა ისინი, ვინც ბედისგან თავის დასაღწევად, თვითევთანაზიას მიმართა. წყეულმა იუდამ, ლაჩრულად, თავი ჩამოიხრჩო. პილატემ გულში სატევარი დაიცა. მათ ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვთ.

            ღვთისმოშიში კი, პირიქით, ბედს ნეტარებით ემორჩილება. ყველას გვახსოვს, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როგორ მიაფორთხებდა საკუთარ, ჰაერგამოცლილი საბურავივით მოფამფალებულ სხეულს იოანე-პავლე II. მისი ტანჯვის ეს გულისმომკვლელი სანახაობა აღტკინებულ სულებს აღაფრთოვანებდა.

            ევთანაზიის დაკანონება ისევე რთული იქნება, როგორც თავის დროზე ეს აბორტისთვის გართულდა. ამის გასაპროტესტებლად, რელიგიებს დღესაც იგივე არგუმენტები მოჰყავთ: "სიცოცხლისადმი პატივისცემა" თუ "უარი სიკვდილის კულტურას". დაბადებისას, ისევე, როგორც მოკვდომისას, უნდა ვიტანჯოთ. იქ, სადაც ტანჯვა არ არის, არც რელიგიაა. მით უკეთესი, რადგან იქ, სადაც რელიგია არ არის, ხშირად, ბევრად უკეთ ცხოვრობენ.

 

რისი

"შარლი ებდო" n°1182, 18 მარტი 2015

 

 

ფეისბუკი ყველგან

 

            ფეისბუკზე უკვე გვაქვს ძველი სკოლელი დაქალის განწყობები, თანამშრომლის ახალშობილის (ან რესტორანში მირთმეული ბოლო კერძის) ფოტოები, ბმული გვერდისკენ "10 ხერხი, რომლებიც ნამდვილ ჰიპსტერად გაქცევთ" და ფისუნიების ვიდეოები. მალე კი სოციალურ ქსელში უშუალოდ ჩართული New York Times-ის თუ National Geographic-ის სტატიებიც გვექნება. ფეისბუკი ამჟამად გამოქვეყნების ახალი სისტემის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს მედიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ინფორმაციის მისაღებად, ფეისბუკიდან გასვლა აღარ იქნება საჭირო.

            მიზანი, ყველაფრის ერთ ყუთში ჩაყრით, მომხმარებელთათვის ინტერნეტ-ნავიგაციის კიდევ უფრო "გამდინარება" და გარე ვებ-საიტებზე შესასვლელად საჭირო რამდენიმე წამის დაზოგვაა. პარტნიორი საიტებისთვის კი ეს აშკარად ნაკლებ ჯაფას და ახალ სარეკლამო შემოსავლებს ნიშნავს. მოკლედ, ყველა მოგებული რჩება.

            თუმცა არა. ფეისბუკი არ არის მხოლოდ ქსელი. იგი ალგორითმიცაა, რომელზეც ამ ფირმის გარდა, ხელი არავის მიუწვდება. მომხმარებლებმა, ხშირად, არ იციან, რომ სწორედ ეს ალგორითმი წყვეტს, თუ რას დაინახავენ ისინი თავიანთ კედლებზე, მათივე გემოვნების, ინტერესის სფეროსა და... ინტერნეტის გიგანტის ბიზნეს-პარტნიორთა სურვილის მიხედვით. თითქოს ყოველდღიურად, ავტომაგისტრალზე ვმოძრაობდეთ და ყველა სხვა გზა გვავიწყდებოდეს, მთელი მათი მრავალფეროვნებით, რაც ქმნის ინტერნეტის სიმდიდრეს.

            ფეისბუკი, უშუალოდ თავის პლატფორმაზე უფრო და უფრო მეტი შიგთავსის დაბინავებით, კიდევ უფრო ამცირებს ავტომაგისტრალიდან გასასვლელთა რაოდენობას. სოციალური ქსელი აღარ კმაყოფილდება ვების ერთ-ერთ შესასვლელ კარად ყოფნით: მას სურს, თავად გახდეს მთელი ვები.

            თუ საკუთარ სამყაროში ჩაკეტილ, შემორაგულ ციფრულ ყოფაზე არ ოცნებობთ, გარეთ გასვლაზე ფიქრი მოგიწევთ. მით უკეთესი, რადგან გარეთ გაზაფხულია.

 

ჟიუდიტ მიიონი

"შარლი ებდო" n°1184, 1 აპრილი 2015

 

 

აუცილებელი ცოდვა

- ეს გაზეთი მართლა ნაგავია!

 

            ლოცვა კლავს. თამბაქოსავით, გინდ აქტიური მორწმუნე იყავი, გინდ პასიური - ღვთისმოსავთა გამონაბოლქვს შეისუნთქავ - ლოცვა ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამას ყოველდღე ვხედავთ ახალ ამბებში. ბევრი მისგან კვდება კიდეც, და ხშირად - ყველაზე არასასიამოვნო ფორმებში. ამიტომ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, თუ რატომ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ის, რომ არაფერი დავუთმოთ რელიგიურ ტოტალიტარიზმს, რომლისთვის ტყვია ფანქრის ტოლფასია. საჭიროა, არა მხოლოდ მკრეხელობის უფლების მოთხოვნა, არამედ იმის მტკიცებაც, რომ ეს უფლება უნივერსალურია და თავისუფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი.

            მეტიც, იგი მორწმუნეებსაც სჭირდებათ. ღმერთის რწმენა არ არსებობს მკრეხელობის გარეშე. სინამდვილეში, მხოლოდ მორწმუნეები მკრეხელობენ: იმისთვის, რომ ვინმე ან რამე  შეურაცხყო, ან თუნდაც გააქილიკო, მის არსებობასა და მის სინამდვილეში უნდა იყო დარწმუნებული. ათეისტები არ მკრეხელობენ. როცა სუფრაზე კარგვი ღვინით სავსე ჭიქა წაექცევათ, ისინი ისევე ამბობენ: "ამის ღმერთი არ იყოს", როგორც იტყოდნენ: "ამის დედა ვატირე". ხოლო როცა ღვთაებებს უხერხულ პოზებში ხატავენ (მაგალითად, კურტუმოში ფრთით), ისინი არაფერს აკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც რომელიმე მეფის, პრეზიდენტისა თუ მინისტრის გამოსახულების ხატვისას იზამდნენ. რადგან მკრეხელობა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების გაპროტესტების შვებისმომგვრელი გამოხატულება. აქ - აშკარად ღმერთის ძალაუფლებისა, რომელსაც, შეგახსენებთ, მხოლოდ მორწმუნეები აღიარებენ.

            ამიტომაა სიბრიყვე იმის მტკიცება, რომ მკრეხელობა მორწმუნეთა ერთობლიობას შეურაცხყოფს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი თავად მოიხმარენ მას დიდი დოზით. მეორე, იმიტომ, რომ თავი შეურაცხყოფილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიგრძნოთ, როცა შეურაცხყოფის ან დაცინვის საგანი პირადი ან ინტიმურია. მკრეხელობის სამიზნე კი არ არის თითოეული მორწმუნის ინტიმური ღმერთი, არამედ ღმერთის საჯარო სახე, სახე იმ დოგმის ხორცშესხმისა, რომლის მიზანია, თავს მოეხვიოს უფლის ცხვართა ერთობლიობას და, ყველაზე ბრაზიანი რელიგიების შემთხვევაში, იმათაც, ვინც ფარას არ უერთდება. როცა პირფერი პაპი ფრანცისკე მკრეხელობასა და საკუთარი დედის შეურაცხყოფას შორის სავალალო პარალელს ავლებს და თან "ტუტუც ურჯულოთა ყბის მომტვრევით" იმუქრება, მას აშკარად ქოშები აქვს არეული. ცხადია, შეიძლება, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როცა დედას გიგინებენ, მაგრამ თავის შეურაცხყოფილად გრძნობა მაშინ, როცა მსოფლიოს ყველა დედას აგინებენ, ეს ოიდიპოსის კომპლექსის ძალიან გაბერვას ნიშნავს.

            სამაგიეროდ, ნათელია, თუ რატომ აცოფებს მკრეხელობა რელიგიურ ავტორიტეტებს: იგი არყევს იმ ღვთაებრივ ძალაუფლებას, რომლის მარადიულ და უპირობო გამტარებლებად ისინი თავიანთ თავებს წარმოგვიდგენენ. მკრეხელობის აკრძალვა ფარდას ხდის რელიგიური ძალაუფლების შეუქცევადად ტოტალიტარულ ბუნებას. ჩრდილოეთ კორეას შრომა-გასწორების ბანაკები აქვს, რელიგიებს - მკრეხელობა. ორივე შემთხვევაში, სასჯელის მუქარის ქვეშ, ინდივიდებმა თავიანთი თავი მთელი არსებით უნდა გააიგივონ ძალაუფლებასა და მის სიმბოლოებთან, და თავი შეურაცხყოფილად იგრძნონ, როცა ამ ძალაუფლებას დასცინიან ან ემუქრებიან.

            დემოკრატიის პირობებში, მკრეხელობის უფლება დაცული და შენარჩუნებული უნდა იქნას, როგორც ეს ხდება ძალაუფლების მშვიდობიანი გაპროტესტების ყველა დანარჩენი ფორმის შემთხვევაში. ეს უფლება არც "კულტურული იმპერიალიზმის" გამოხატულებაა და არც ფრანშუიარული პარტიკულარიზმის ქედმაღლური და უთანასწორო გამოვლინება, არამედ უბრალოდ, სიტყვისა და აზრის თავისუფლების ერთ-ერთი მრავალი ფორმათაგანი. ამგვარად, იგი უნივერსალური პრინციპია, იმისგან დამოუკიდებლად, მოსწონთ თუ არა ეს სამლოცველოს რელატივისტებს, რომლებიც თვლიან, რომ მოსახლეობის ზოგი კატეგორია, მათივე "კულტურიდან" გამომდინარე, მოკლებული უნდა იყოს ადამიანის ზოგიერთ უფლებას.

 

ჟერარ ბიარი

"შარლი ებდო" n°1189, 6 მაისი 2015

 

 

მეტყველების საფუძვლები ყველა სართულზე

 

            როცა ფრანგული უკიდურესი მემარჯვენე პარტიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საფრანგეთი, გათავისუფლების შემდეგ, პეტენს მკაცრად მოექცა, კიდევ დარჩა ხალხი, ვისაც ვერ გაუგია, ზღვარს გადასვლაა ეს თუ სტრატეგია. უშიშროების ყოფილი, ალჟირმოვლილი ოფიცერი ყოველგვარი ცენზურისა თუ მრჩეველთა აზრის გათვალისწინების გარეშე გვაცნობს თავისი პარტიის მოძღვრებას. მისი ქალიშვილი კი ამ უხერხულობიდან თავის დაძვრენას ცდილობს, თუმცა იძულებული ხდება, მაინც დაგმოს მსგავსი განცხადებები, ოღონდ - არა მათი არსი, არამედ ფორმა: მამამისმა არ გამოიყენა წინასწარ დადგენილი მეტყველების საფუძვლები, რომლებიც მათი პარტიის ღვარძლიან გზავნილებს მოაპირკეთებდა.

            ჩვენ ვიცნობდით "ხის ენას", რომლის დანიშნულება უხერხულ შეკითხვებზე პასუხის არგაცემაა. ასევე ვიცნობდით "ახალმეტყველებას", რომლის მიზანია, მოვლენებს არ დაარქვას თავიანთი სახელი. დღეს კი გვაქვს "მეტყველების საფუძვლები", რომლებიც სათქმელის გარკვეული ფორმით თქმას გვაიძულებს. "ახალმეტყველება" ეფუძნება გამარტივებულ ლექსიკასა და შებრუნებულ აზრს, რაც სახელმწიფოსადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას ამცირებს: "ახალმეტყველებაში" იყენებენ გამოთქმას "მშვიდობის სამინისტრო", რათა ილაპარაკონ "ომის სამინისტროზე"[30].

            ნაციზმის აღმავლობის წლებში, გერმანელმა ფილოლოგმა, ვიქტორ კლემპერერმა შეისწავლა ენობრივი კონსტრუქცია, რომელსაც LTI უწოდა, Lingua Tertii Imperii, "მესამე რაიხის ენა". ყველა იმ ახლადაღმოცენებული სიტყვის აღრიცხვით, რომლებიც ახალ იდეებს "მისაღებს" ხდიდა, კლემპერერმა აჩვენა, თუ როგორ აისახა LTI-ს, როგორც პროპაგანდის სამსახურის მიერ შექმნილი და უშიშროების ორგანოს მიერ მეთოდურად კონტროლირებული ენის, სიტყვობრივი ძალადობა გერმანიაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე. ნაცისტებმა ენასა და ადამიანებს ერთდროულად შეუტიეს. მათ დაამკვიდრეს შეკვეცილი და ბრჭყალებში ჩასმული სიტყვების ხმარება. ფსიქოანალიტიკოსი და ოსვენციმის გადარჩენილი, ან-ლიზ სტერნი მიიჩნევდა, რომ შეკვეცილი სიტყვების ხმარების დღევანდელი მზარდი ტენდენცია ნაცისტური პროექტის პირდაპირი მემკვიდრეა[31]. როცა რადიოში, ჟურნალისტი ამბობდა: "დღეს საფრანგეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ESS"[32], ან-ლიზ სტერნს ესმოდა: "დღეს საფრანგეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია SS"[33]. როლან ბარტს კი მიაჩნდა, რომ ზოგადად, ენა არც რეაქციულია, არც პროგრესული, არამედ "უბრალოდ, ფაშისტური; რადგან ფაშიზმი თქმის აკრძალვა კი არ არის, არამედ თქმის იძულება"[34].

            მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტიკოსი ტონი ლენე "ჩვენს საკუთარ ფაშიზმთან ბრძოლის" აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, დღევანდელი პოლიტიკოსები აღარც კი მალავენ თავიანთ თანამშრომლობას კომუნიკაციის სპეციალისტებთან, რომლებიც მათ უდგენენ მეტყველების საფუძვლებს, ამა თუ იმ საკითხზე საუბრისთვის აუცილებელი სიტყვების სიას და რისკის შემცველი ლექსიკის გამომრიცხავ დასაბუთებებს. პოლიტიკაში სიტყვა რომ კომუნიკაციამ ჩაანაცვლა, ეს არახალია, მაგრამ დღეს, მეტი სისწრაფისთვის, შეკვეცილ სიტყვებსა თუ ენობრივ სიიოლეებს თითოეულ პროფესიასა და დარგში იყენებენ, დიახ, ფსიქოანალიზშიც კი. სიტყვების ეს გრეხა-ტრიალი არ ხდება თავად მოვლენების გრეხა-ტრიალის გარეშე. თვითონ სიტყვაც "ფსიქოანალიზი", რომელიც ძალიან საკამათო გახდა, უფრო და უფრო უთმობს ადგილს სიტყვას "ფსიქოთერაპია", ან შეკვეცას PIP[35]. ეს უკანასკნელი ფსიქოანალიზის ერთგვარი Canada Dry-ია[36], რომლის ამბიცია აბსოლუტურად მორგებითია. ფროიდი წერდა, რომ "თავიდან, ვთმობთ სიტყვებს, შემდეგ კი, ნელ-ნელა, საგანსაც".

            და ამ დროს, საგაზეთო კარიკატურებს ადანაშაულებენ ძალმომრეობაში... მათ ავტორებს სასაცილოდ არ ჰყოფნით არანაირი "ახალმეტყველება". ისევ როლან ბარტი: "ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ და რაც გვესმის, საბურველში გვახვევს: ეს ლოგოსფეროა". ბარტი ასევე საუბრობს აუცილებელ ძვრებზე, რომლებმაც უნდა "შეარყიოს სიტყვების გაწონასწორებული გროვა და დაარღვიოს ფრაზების წესრიგი"[37]. ფსიქოანალიზს შეუძლია მსგავსი რყევების გამოწვევა, ვინაიდან იგი უპირატესობას თავისებურ, არაერთგვაროვან სიტყვიერებას ანიჭებს. ხელოვნებაც, ბარტის აზრით, "ბზარს უჩენს მეტყველების ქერქს და ხსნადს ხდის ლოგოსფეროს მომწამვლელობას". ბარტი იმავე ტექსტში ამტკიცებს, რომ რეაქციულ დისკურსზე შეტევის მისატანად, საჭიროა მისი დანაწევრება. ამ ხრივ, იცოცხლეთ, საქმე არ მოგვაკლდება: დღეს ხომ ყველა სართულზე მეტყველების საფუძვლები რიგდება.

 

იან დენერი

"შარლი ებდო" n°1189, 6 მაისი 2015

 

 

ეს ცუდად გაგებული სიტყვები

ოლანდი: - "რესპუბლიკელები" ყველას საკუთრებაა.

სარკოზი: - "სოციალისტები" კი - მხოლოდ თქვენი.

 

            პარტიას "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის"[38] ამიერიდან "რესპუბლიკელები" ერქმევა. ეს დიდ მღელვარებას იწვევს მემარცხენეებში, იმ მოტივით, რომ მთავარი მემარჯვენე პარტია, ამ ახალი სახელის არჩევით, უტიფრად ითვისებს ტერმინს, რომელიც თავისი განსაზღვრებით, თითოეული მოქალაქის საკუთრებაა. ვერაფერს იტყვი. თუმცა საკითხავია, ესმის კი ეს ტერმინი ყველას ერთნაირად?

            რაღა დაგიმალოთ, მე არ მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვისაც მემარჯვენეების მიერ ამ სახელის დარქმევით ჩატარებული კოსმეტიკა შოკში აგდებს. რატომ? იმიტომ, რომ უკვე მომაბეზრებელი გახდა ეს პირმოთნე ერთსულოვნება, რომელიც რესპუბლიკის წამდაუწუმ ხსენებაში მდგომარეობს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ უკანასკნელის საძირკველი დღითიდღე იბზარება. "რესპუბლიკა", ისევე, როგორც "სეკულარობა", "თანაცხოვრება", "კულტურათაშორისი დიალოგი" და კეთილი ზრახვებით სავსე რამდენიმე სხვა ტერმინი, დიდ ორაზროვნებას მალავს, რომლის გამომზეურებას მემარცხენეები ჯიუტად ერიდებიან.

            მოდით, განვავრცოთ. 1890 წლამდე, სანამ მონარქიის აღდგენის ყველა იმედი დასამარდებოდა, რესპუბლიკელობა საბრძოლო იარლიყი გახლდათ. ეს იყო მეფის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რესპუბლიკური წყობა, კათოლიკურ სკოლასთან დაპირისპირებული "სამოქალაქო განათლება", ვერსალელებისა და მათი მემკვიდრეების კონსერვატიზმთან დაპირისპირებული "სოციალური რესპუბლიკა". ასე გაგრძელდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის მთელი არსებობის მანძილზე. წყალმა ამღვრევა ვიშის რეჟიმიდან დაიწყო. პეტენმა, რაღაც მანქანებით, მოახერხა ისეთი წყობის შექმნა, რომელსაც რესპუბლიკურს არავინ დაუძახებდა, თუმცა სალაზარის პორტუგალიასავით, ფორმალურად სხვა არაფერი იყო, თუ არა რესპუბლიკა. 1945 წლიდან, ყველაფერი კიდევ უფრო "ნათელი" ხდება: ირგვლივ მხოლოდ გულზეხელმიბჯენილი, თანდაყოლილი სოციალური მგრძნობელობის მქონე, გულწრფელი რესპუბლიკელები არიან, თავი რომ პროგრესისტებად მოაქვთ, მიუხედავად აშკარად საწინააღმდეგო რეალობისა.

            ყოველივე ამის შემდეგ, ერთი მემარჯვენე პარტიით მეტი მიისაკუთრებს "რესპუბლიკას", თუ ნაკლები, ეს მხოლოდ ერთ სავალალო ფაქტს ადასტურებს: საფრანგეთში, გათავისუფლების შემდეგ, ვერავინ გაბედა, თავისი პარტიის სახელწოდებაში შეეტანა სიტყვები "მემარჯვენე" და "კონსერვატორი". თუ ორივე ეს ვოკაბულა სხვა ქვეყნებში წარმატებით სარგებლობს (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში), საფრანგეთმა ისინი ჯერ კიდევ რეზისტანტული ერთსულოვნების დროს დაასამარა.

            რა პოლიტიკური პასუხის გაცემა შუძლიათ მემარცხენეებს ამ "რესპუბლიკელებისთვის", რომლებიც ნიკოლა სარკოზის კანდიდატურას გვიმზადებენ მომავალ საპრეზიდენტოზე? იქნებ, ჯერ, ფრანგებისთვის აეხსნათ, რომ ისინი და ყოფილი "კსმ" არ გულისხმობენ ერთსა და იმავე რესპუბლიკას! რომ უზარმაზარი განსხვავებაა პლებისციტური სახის რესპუბლიკურ წყობასა და ისეთ დემოკრატიას შორის, რომლის დროს, მოქალაქეს გადაწყვეტილებების დასადასტურებლად კი არ ეძახიან, არამედ ადგილობრივი პროექტების შექმნასა და მათი ბიუჯეტის დადგენაში მონაწილეობის მისაღებად!

            "რესპუბლიკის" მისაკუთრების დეკონსტრუქცია იმის ხაზგასმაც არის, რომ ხალხისადმი მოწოდებების მიღმა, რაც სარკოზიზმის საფირმო მარკაა, "ფუკეტსის"[39] პირველყოფილი ცოდვა და ზიზილ-პიპილებით დაჟინებული გატაცება იმალება. ამას უნდა დაუპირისპირდეს სადა და უბიწო მემარცხენეობა, რომლისთვის უცხოა კასტობრივი სოციალური სისტემა. ეს კი, თავს ნუ მოვიტყუებთ, არსებულ მემარცხენე ტრადიციებში, გარღვევას მოითხოვს. თუ ეს გარღვევა არ მოხდა, ისეთი მშვენიერი სიტყვაც კი, როგორიცაა "რესპუბლიკა", უშინაარსო ენობრივ აკვიატებად იქცევა.

            ამ შეუმდგარი კონსენსუსების ხანაში, მთავარი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის მიერ "საერთო ღირებულებებზე" შეუთანხმებლობაა. თუ ჩვენი რესპუბლიკა არ არის "რესპუბლიკელების", მაშინ თავად მარცხნივ, ორაზროვანი ხომ არ ხდება ბევრი ტერმინი, "სეკულარობა" იქნება ეს თუ "თანაცხოვრება", რომელთაც წამდაუწუმ იყენებენ ანტიკომუნიტარისტები?

            ყოველივე ამას ნათელი უნდა მოეფინოს!

 

ჟან-ივ კამიუ

"შარლი ებდო" n°1192, 27 მაისი 2015

 

 

ნამდვილი მუცლის მოშლა

 

            საშინელ 2015 წელს ერთი კარგი რამ მოხდა: ჰიგიენურ საფენებსა და ტამპონებზე დღგ 5,5%-მდე შემცირდა. აქამდე, ფუფუნების საგნებივით, ისინი 20%-ით იბეგრებოდა. ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ასამბლეა, თავიდან, დაუპირისპირდნენ მათ გადალაგებას პირველადი აუცილებლობის საგნების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნახევარს მენსტრუაცია ნებით არ აურჩევია. ქალებმა ასამბლეასთან მანიფესტაცია მოაწყვეს, წითლად დალაქული შარვალი გამოფინეს, დეპუტატებს საცვლებიც კი გაუგზავნეს და მიაღწიეს იმას, რომ მათი ყოველთვიური სისხლდენა "ფუა გრას" ტარიფით აღარ დაბეგრილიყო. სხვათაშორის, ჰიგიენური საფენები ლტოლვილთა ოჯახების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შეადგენს, ისევე, როგორც შამპუნი, ბავშვის საფენები და ზეწრები; და არა, კარგად შენიშნეთ, საპონი ან ტუალეტის ქაღალდი. ჩვენს მდიდარ ქვეყანაში, ტუალეტის ქაღალდი და საპონი ისევე უფასოდ რიგდება საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, როგორც ხელსახოცები სწრაფ სასადილოებში. მაშ რატომ არა - ტამპონები? "მაკდოს" ხელსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით მენსტრუალური ნაკადის ამოტუმბვა ბუნებრივ მოვლენას ზედმიწევნით ტექნიკურ ქმედებად აქცევს.

            ვინაიდან შობაა, საშვილოსნოს თემით გავაგრძელოთ და მუცლის მოშლის ბუნებრივ მოვლენაზე ვილაპარაკოთ. ყოველი მეოთხე ორსულობა მუცლის მოშლით სრულდება: ეს, ადრე თუ გვიან, ყოველ მეორე ქალს მოსდის. მუცლის მოშლა ძალიან არასასიამოვნო რამეა. მე ამ სამწუხარო და ბანალური მოვლენის ფიზიკურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას. ღამეა და უცებ, საწოლი სისხლით გისველდება. დგები და... ეცემი - უკვე იმდენი სიხლი დაკარგე. ან - სამსახურში ხარ და მუცლის ქვედა ნაწილში თითქოს დაშნის დაცემას გრძნობ. ღვრი და ღვრი... და ამჩნევ რაღაცას, მყარს და ძალიან საგნობრივს: ეს ჩანასახია. მიდიხარ სასწრაფოში, მაგრამ უკან გაბრუნებენ, რადგან "სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრება; სხვებს კი სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება". უკეთეს შემთხვევაში, გაძლევენ დოლიპრანს, რომელიც საშვილოსნოს ტკივილებისთვის არაეფექტურია. მათ მხოლოდ იბუპროფენი ამსუბუქებს, თუმცა ვინაიდან იგი ჭინთვების შეწყვეტის რისკს შეიცავს, ექიმები ამჯობინებენ, "ბუნება თავის ნებაზე მიუშვან".

            ვგიჟდები ამ კონცეფციაზე. მუცლის მოშლის ბუნებრივი ტკივილი ზოგჯერ ისეთივე ძლიერია, როგორც მშობიარობისას. თანაც ეს ხდება ბავშვის დაბადების მოლოდინის და, რა თქმა უნდა, პერიდურალური გაყუჩების გარეშე. ვაგინიდან კი, სისხლის გარდა, დიდი მუქი წითელი ლეკერტები მოგდის: ხბოს ღვიძლი გეგონება. ყოველ მეორე მამაკაცს რომ მსგავსი რამ მოსდიოდეს, ჩვენი ქვეყნის ყველა საავადმყოფოში იქნებოდა სპეციალიზებული მომსახურება, გამაყუჩებლებითა და საწოლებით აღჭურვილი.

            ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში პერიდურალურის გამოყენებას სიმონ ვეიმ შეუწყო ხელი, მოიპოვა რა, 1994 წელს, ჯანდაზღვევისგან მისი 100%-ით ანაზღაურება. იმავე სიმონ ვეიმ მოახდინა აბორტის ლეგალიზება. დღეს კი ვალერი რაბომ, ფინანსების რეფერანტმა, მენსტრუაციაზე გადასახადის შემცირებას მიაღწია.

            მეტი ქალია საჭირო ჩვენს პოლიტიკურ ასამბლეაში!

 

მარი დარიესეკი

"შარლი ებდო" n°1223, 30 დეკემბერი 2015



[1] ერიკ პორტო – პუბლიკაციის დირექტორი და ფინანსისტი. დამალვა მოახერხა.

[2] კაბიუ, იგივე ჟან კაბიუ – კარიკატურისტი. 7 იანვრის კრებაზე მოკლული.

[3] კოკო, იგივე კორინ რეი - მხატვარი და სცენარისტი. ტერორისტებმა რედაქციის შესასვლელის კოდის აკრეფა აიძულეს და გაუშვეს.

[4] ლიუზი, იგივე რენალდ ლიუზიე – კარიკატურისტი, გაზეთის მხატვრული დირექტორი. კრებაზე დააგვიანდა.

[5] რისი, იგივე ლორან სურისო – კარიკატურისტი, რედაქციის დირექტორი. კრებაზე დაჭრილი.

[6] შარბი, იგივე სტეფან შარბონიე – სატირული მხატვარი და ჟურნალისტი, პუბლიკაციის დირექტორი. კრებაზე მოკლული.

[7] ლიუს ლაპენი – რედაქციის მდივანი. კრებიდან გავიდა ტერორისტების იქ შესვლამდე.

[8] ონორე, იგივე ფილიპ ონორე – პრესის მხატვარი და ილუსტრატორი. კრებაზე მოკლული.

[9] ტინიუსი, იგივე ბერნარ ვერლაკ - კარიკატურისტი. კრებაზე მოკლული.

[10] ვოლინსკი, იგივე ჟორჟ ვოლინსკი - პრესის მხატვარი. კრებაზე მოკლული.

[11] კატრინ მერისი – ილუსტრატორი, სცენარისტი, მხატვრული დირექტორი. კრებაზე დააგვიანდა.

[12] ზინებ ელ რაზუი – ჟურნალისტი, რეპორტიორი. არდადეგებზე იყო.

[13] ჟან-ბატისტ ტორე – ისტორიკოსი, ესეისტი და კინოს კრიტიკოსი. კრებაზე დააგვიანდა.

[14] ფილიპ ლანსონი – ჟურნალისტი, მწერალი და ქრონიკიორი. კრებაზე მძიმედ დაჭრილი.

[15] ფაბრის ნიკოლინო – ჟურნალისტი. კრებაზე მძიმედ დაჭრილი.

[16] ლორან ლეჟე – გრან რეპორტიორი. დამალვა მოახერხა.

[17] ანტონიო ფისკეტი – სამეცნიერო ჟურნალისტი, ფიზიკის პროფესორი. კრების დროს, ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

[18] ჟერარ ბიარი – ჟურნალისტი, გაზეთის მთავარი რედაქტორი. არდადეგებზე იყო.

[19] პატრიკ პელუ – ექიმი და ქრონიკიორი. კრების დროს, ექიმთა სასწრაფო შეკრებაზე იმყოფებოდა.

[20] მუსტაფა ურადი – კორექტორი. კრებაზე მოკლული.

[21] ბერნარ მარი – ეკონომისტი, მწერალი, ჟურნალისტი. კრებაზე მოკლული.

[22] ელზა კაიატი – პსიქოანალიტიკოსი და ქრონიკიორი. კრებაზე მოკლული (მიუხედავად ტერორისტების განცხადებისა, რომ "ქალებს არ კლავდნენ").

[23] ანჟელიკი – აბონენტების მენეჯერი. დამალვა მოახერხა.

[24] სიმონ ფიეში – გაზეთის ვებმასტერი. კრებაზე მძიმედ დაჭრილი.

[25] მარტინ რუსო – გაზეთის მაკეტისტი. დამალვა მოახერხა.

[26] ჟან-ლიუკ ვალე – ტექნიკური რედაქტორი. დამალვა მოახერხა.

[27] სიგოლენ ვენსონი - ჟურნალისტი. ტერორისტებმა დაინდეს იმ მიზეზით, რომ "ქალებს არ კლავდნენ".

[28]ონორე დომიე (1808-1879) და შარლ ფილიპონი (1800-1862) – გამოჩენილი ფრანგი კარიკატურისტები და ჟურნალისტები.

[29]იგივე ლორან სურისო – "შარლი ებდოს" რედაქციის დირექტორი.

[30] ჯორჯ ორუელი, "1984"

[31] Anne-Lise Stern, Le savoir-déporté, Le Seuil, 2004

[32] Économie Sociale et Solidaire - "სოციალური და სოლიდარული ეკონომიკა"

[33] "შუცშტაფელი"

[34] როლან ბარტი, გახსნითი ლექცია "კოლეჟ-დე-ფრანსში", 7 იანვარი 1977

[35] Psychothérapie d'Inspiration Psychanalitique - ფსიქოანალიტიკური შთაგონების ფსიქოთერაპია

[36] Canada Dry - წვენების ამერიკული ფირმა, რომელიც ნამდვილის მსგავსი და სინამდვილეში უხარისხო პროდუქტის სიმბოლოდ იქცა.

[37] როლან ბარტი, "ბრეხტი და დისკურსი", 1975

[38] L'UMP (L'Union pour un mouvement populaire) - "კსმ" ("კავშირი სახალხო მოძრაობისთვის")

[39] Le Fouquet's - შანზ-ელიზეზე მდებარე, ისტორიულ ძეგლებში აღრიცხული რესტორანი, რომელშიც სარკოზიმ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, 2007 წლის საპრეზიდენტოზე გამარჯვება აღნიშნა. ამ ფანფარონული ეპიზოდის შემდეგ, სარკოზის გარემოცვის აღსანიშნავად, დამკვიდრდა გამოთქმა "ფუკეტსის ბანდა".

 

 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE