სტამბიდან ვერის სასაფლაომდე


სტამბიდან ვერის სასაფლაომდე




***

მოუქნელია ჩემი გული. მკვდრებზე მლოცველი.

ჩემს გულზე აღარ საუბრობენ. მხოლოდ დარდობენ.

ორმო. ის ორმო, რომლიდანაც ვერ ამოვძვერი.

როგორ ვუვლიდი ყველა სიტყვას, შენთვის მოწერილს,

სანამ სხეულში გაჩნდებოდა მილიარდობით

უაზრო ეჭვი, რომ მკვდარი ვარ. რომ დამივიწყეს.

მოუქნელია ჩემი გული. ვეღარ ისწავლა,

როგორ არ უნდა. როგორ უნდა. თვითონ კი ვიცი...

მოუქნელია ჩემი გული. მცირედ ტკივილზეც

იკუმშება საბედისწეროდ.

და მასზე აღარ საუბრობენ. მხოლოდ ნაღვლობენ.

ხელიდან ხელში გულუბრყვილოდ გადააწვდიან

ერთმანეთს. რომ გულს, ჩემს უფორმო და უნაყოფო

გულს ოდნავ რამით შეეშველონ, თუმცა ცხადია…

 

 

***

მწიფდება. დიდი ტკივილისთვის უკვე მზად არი

სიტყვა, რომელიც ქერქს იძრობს და სულმთლად შიშველი

დგება შენ თვალწინ, რომ უშველო. ცამდე მართალი,

ცამდე კეთილი საოცნებო დღეებს გიშენებს.

გპირდება. ნანობს. უხარია. კვდება. გაღმერთებს.

და მხოლოდ შენი თვალებიდან ხედავს სიმშვიდეს.

რომ იმ წარსულში მიტოვებულ, დაშლილ სახეთა

შიშებში ცხოვრობს. შენთან მოდის ბოლო შიშიდან.

და შენც უწყრები ამ დამპალი სიმართლისათვის,

რომ გპირდება და უხარია. ნანობს. გიკვდება.

შენს ხელებში რომ ვეღარასდროს გამოიზამთრებს,

უნდა იცრუონ მკვდარშობილმა, ფუჭმა სიტყვებმა.

 

 

***
დიდი სახლიდან გამოსულმა ბაღს მიაშურე,

რომ ფერად სკამებს სიმარტოვით გამოეკვებე.

შენი ოცნება - რეალური. არაბავშვური.

შენს ოცნებაში მოწკმუტუნე ძაღლის ლეკვები.

 

დიდი სახლიდან გამოსულმა წყალი იშოვე.

და წყალი მოსვი. და სინათლეს გულით ატარებ.

მატარებელი. ავტობუსი. გზა. შუქნიშანი.

და შენი მზერა - გულგრილი და ცამდე მართალი.

 

დიდი სახლიდან გამოსულმა ფრთები დამალე.

ფრთები ჟანგის და არა - ბროლის, რაღა თქმა უნდა!

და გიხარია, შენს ტკივილში რომ ნატამალიც

არ არის შვების. არც იქნება სავარაუდოდ.

 

 

***
დღეს შორს ვარ ყველა ოცნებისგან და იმედები

გავუშვი. გავათავისუფლე. ახლა შორსა ვარ

შენგან. ჩვენგან და უფრო სხვა ვარ, ასე მგონია.

ის, ვისაც ერთი ხელის მოსმით გაიმეტებენ.

ვინც ეცადა და ვერაფერი ვერ ამოშალა.

დღეს ყველაფერი სიმშრალემდე. წვამდე შორია.

 

დღეს ვეღარაფერს ვერ გიყვები. გამომეცალა

ძალა და მხოლოდ ის თუ მინდა არ გეშინოდეს.

არ გაურბოდე წარსულს მხოლოდ რამის შეცვლამდე.

გაზაფხული რომ ვერ გვახარა მკვდარმა მერცხალმა,

ახლა მხოლოდ ის ტკივილები გვაკავშირებენ

და ვნატრობ, მასაც უეცრად არ ჩამომრეცხავდეს

 

დრო. შორს ვარ ყველა ოცნებისგან და იმედები

გავუშვი.

გავათავისუფლე.

 

 

***
არც სიძულვილი. აღარც ბრაზი. მხოლოდ შენახვა

რაღაც ძვირფასის. ხელუხლებლის. რაღაც მარადის.

რომ ერთროულად გავიზარდე. დავპატარავდი.

რომ ერთდროულად და ღუპვაც და გადარჩენაც ხარ.

 

არც დავიწყება. აღარც ხსოვნა. მხოლოდ დამარხვა

რაღაც ძვირფასის. ხელუხლებლის. რაღაც მარადის.

მე მიხაროდა და სიხარულს ვეღარ ვმალავდი.

ასე მნაღმავდი სიყვარულით, თუმცა დანაღმვას

 

არ მიპირებდი. აღარც ნატვრა. აღარც ლოდინი

რაღაც ძვირფასის. ხელუხლებლის. რაღაც მარადის.

გფარავდეს, ჩემო სიყვარულო, ღმერთი გფარავდეს!

წყალი იყავი და მე, ვიწრო კალაპოტივით,

 

ვერ დაგიტიე, ვერ გადინე, როგორც გინდოდა.

და ვიუწყები უსასრულო უამინდობას.

 

 

***

რაც შენი დიდი თვალებით ვცხოვრობ,

რაც დღეებს ძალა თავისით მისდით,

რაც ცაზე, როგორც ყვითელი სორო,

მზე თავს მთავაზობს და რაც მე მზისთვის

ვერ ვიცლი, რაც მზე, რაც თოვლი, წვიმა

ვერაფერს ცვლის და ყველანი ფუჭად

იხარჯებიან, რაც ყველა წვრილმანს

ვიხსენებ მშვიდად და თვალებს ვხუჭავ...

 

რაც შენი დიდი თვალებით ვცხოვრობ,

რაც ნისლში ვცხოვრობ, რაც უკვე ნისლმა

დაფარა ჩემში, მე ის ვარ მხოლოდ.

რაც ვერ დაფარა, ან მხოლოდ ის ვარ.

 

რაც არაფერი არ ისმის ჩემგან,

რაც ყველა სიტყვა მხოლოდ ექოა,

რაც ყველას ჩემთან მოსასვლელი და

წასასვლელი გზა ამოექოლა,

 

მე ვცხოვრობ. თითქოს ანგარიშს მიწევს

გარშემო ყველა და მანებებენ,

რომ როგორც სუსტი დავალებები,

ამოვხსნა. მერე უაზროდ ვიწვე.

 

რაც შენი დიდი თვალებით ვცხოვრობ...

 

 

ხსოვნისათვის

 

მუქი დღეები ამოვიდნენ. არც ისე ახლოს,

მაინც მესმოდა, ჩიტის ხმაზე როგორ გალობდა

ხსოვნა და როგორ მახსენებდა, რომ ჯერაც მახსოვს.

მუქი დღეები ამოვიდნენ სასაფლაოდან.

 

არ მიტირია. მოვითმინე. ასე მერჩივნა.

იმ დროს ყველაფრით, ყველა მკვდარი ცრემლით მახსოვდი.

შენ არ შეგეძლო ჩემი გული გადაგერჩინა.

ამას არავინ გაძალებდა. შენ არასოდეს

 

დაგვალებია ჩემი გული. მისი არათუ

გემართა რამე, ყველაფერი შენით შეიცნო.

მე დავმშვიდდები და დავუცდი, როდის შეიწოვს

მიწა სიყვარულს. ჩვენს სიყვარულს. როდის წამართმევს.

 

 

სტამბიდან ვერის სასაფლაომდე

(შოთა იათაშვილს)

 

შენ ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიყვები ამბავს,

რასაც თავს აბამ. 

რომ ახალ სტამბას

ძველი გერჩია. 

რომ ახლა აღარც რომანტიკაა,

სადღაც გულს შიგნით, წლებია, ჩალპა.

დღეს კი იხსენებ, რაც დაივიწყე

და მე ვისრუტავ, როგორც წყალს ბამბა.

ვერა და ვერა 

ვერ დავიძინე. 

და შენც ვერაზე წვალობდი თურმე.

ამ თენებაში შევრჩით ერთმანეთს

და როგორც ყველას, მეც, დილის სტუმარს

შემომთავაზე ვერის გიდობა,

რომ ვერის ბაღში შეჭრილ კიდობანს,

რომ ვერის ბაღში ძინავს ჭონქაძეს,

რომ იქვე ძინავს პირველ პედიატრს,

რომ მღვიძავს, რადგან მეტისმეტია,

არც ხელფასია, არც - ჰონორარი, არც - სტიპენდია.

შენ ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიყვები ამბავს,

რასაც თავს აბამ.

რომ მზერა დალბა

და სულერთია რას გაუსწორებ,

ქვებს თუ რაფაზე შემოდგმულ ბალბას.

 

 

***

ტალახი მოგაქვს. რას მიგზავნი ან რას წამართმევ.

ტალახი მოგაქვს. რას წამართმევ. კიდევ რის გამო

არ ვიმსახურებ შენს სხივებში ხელი ვურიო.

გამომიგზავნე, რომ წამართვა კვლავ! მისამართი

გაქვს. ყველა კარის, ყველა ჩიხის, ყველა გზის გავლით

მოხვალ და ნახავ, როგორ მშია, როგორ მწყურია.

ხელისგულებით როგორ ვიკლავ შიმშილს, ჩემივე

თვალებით წყურვილს თუ რამდენჯერ გადავრჩენილვარ.

ნახავ, იმ წვრილ-წვრილ სიხარულებს როგორ ვიმშრალებ,

შენ რომ მიგზავნი. მერამდენედ ჩამოიშალე

და ისევ ჩემი გამოღრღნილი ხელით გაშენებ,

რომ გაპატიო ყველაფერი. რომ ჩემ გარშემო

გაქრნენ სახლები. ჯებირები. გაქრნენ ტალღები.

რომ გავიხსენო, ყოველ ჯერზე როგორ აღებენ

კარს და მე მყოფნის ყველაფერი, რაც არ მექნება.

და თუნდაც თითო საყვედურად, თითო შექებად

შევძლებდი ყოფნას. ცხოვრებას კი მოვიგონებდი.

ტალახი მოგაქვს. და მჭირდები, როგორც ყოველთვის.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE