ერთი ცოლის ამბავი


ერთი ცოლის ამბავი




ქალბატონი სტეფანია რ. სახლში დილის ექვს საათზე დაბრუნდა. პირველად მოხდა ასეთი რამ მის ცხოვრებაში. მანქანა სახლის წინ კი არ გააჩერებინა, არამედ ცოტა იქით, კუთხეში. თვითონ სთხოვა ფორნეროს, ასე მოქცეულიყო, რადგან არ უნდოდა კარისქალს დაენახა, მეუღლის არყოფნის დროს, გამთენიისას რომ დაბრუნდა შინ, თანაც ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად.

ფორნერომ როგორც კი გამორთო ძრავა, მისი ჩახუტება მოინდომა, მაგრამ ქალმა უარით მოიშორა, თითქოს სახლთან ახლოს ყოფნა ამის გაკეთებას უკრძალავდა. ჩქარა გადმოვიდა მანქანიდან და ბიჭსაც ანიშნა, დროზე წასულიყო. მერე პალტოს საყელოში ჩაჰყო სახე და ასეთივე სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა ბინისაკენ.

ღალატს ჰქონდა ადგილი?

სტეფანიას ბინის კარი დაკეტილი დახვდა; არ ელოდა, გასაღებიც კი არ ჰქონდა. ჰოდა, რომ არ ჰქონდა, ამიტომ გაატარა ღამე სხვაგან - ასე იტყოდა, ან უამრავი სხვა მიზეზის გამოგონებაც შეეძლო, კარისქალთან თავი რომ გაემართლებინა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, დილა რომ არ ყოფილიყო, ახლა კი ნამდვილად ვეღარაფერს იტყოდა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჩაფიქრებული ჰქონდა მსგავსი რამის გაკეთება. შუადღისას, გასაღების გარეშე სახლიდან იმიტომ გავიდა, რომ საღამოს, ვახშმისთვის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ დიდი ხნის უნახავ მეგობარ გოგოებსა და მათ მეგობარ ბიჭებს აჰყვა, რომლებთან ერთადაც, ჯერ ერთ-ერთის სახლში ივახშმეს, მერე კი დასალევად და საცეკვაოდ მეორესთან გადავიდნენ. ღამის ორი საათისთვის რაღა მნიშვნელობა ჰქონდა იმის გახსენებას, ედო თუ არა გასაღები ჩანთაში?! ამ დროს ვიღას ახსოვდა გასაღები?! ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ცოტა არ იყოს, ის ბიჭი შეუყვარდა. შეყვარებული იყო? ჰო, ცოტა შეყვარებული. მათი განზომილებებიდან უნდა აგერჩია შესაბამისი ტერმინები: ანუ, არც მეტი და არც ნაკლები. მართალია, ღამე ფორნეროსთან ერთად გაატარა, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი ემოცია იყო, მეტი არაფერი, და არც ღირდა ამაზე ლაპარაკი. იმ ბიჭთან ერთად უფრო იმიტომ იყო, რომ კარის გაღებას ელოდა; იცოდა, ექვს საათზე რომ გააღებდნენ და ამიტომაც იჩქარა დაბრუნება ამ დროისთვის. დამლაგებელი ქალიც შვიდ საათზე უნდა მოსულიყო და ასე ვერც გაიგებდა, სტეფანიამ ღამე გარეთ გაატარა თუ არა. მეუღლეც ამ დღეს აპირებდა დაბრუნებას.

მოკლედ, კარი დაკეტილი დახვდა და ახლა მარტო იდგა გარეთ, ცარიელ ქუჩაზე, სისხამ დილით. უცებ, ძალიან მოუნდა ლოგინში მეუღლესთან ჩახუტება და მის მკლავებში ღრმად ჩაძინება, დაცულად ყოფნა, მაგრამ მისი ეს სურვილი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა, უფრო ნაკლებიც; ალბათ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არასოდეს განუცდია. კარი ღიად რომ არ დახვდა, კი იყო მისთვის საწყენი, ძალიანაც, მაგრამ ამ სისხამ დილით მარტო რომ იმყოფებოდა ბინის წინ, მაინც მოსწონდა, სისხლს უჩქროლებდა რაღაცნაირად. არც კი უნანია, ფორნერო რომ გაუშვა. მასთან ერთად ყოფნისას, ამხელა ემოცია არ წარმოექმნებოდა. ახლა ტანში აჟრჟოლებდა ისე, როგორც ახალგაზრდობისას ემართებოდა, მაგრამ უფრო სხვანაირადაც, განსხვავებულად.

ნამდვილად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ არანაირად არ ნანობდა, ღამე გარეთ რომ გაატარა, პირიქით, შინაგანად თავს მშვიდად გრძნობდა, თანაც იმიტომ, რომ, როგორც იქნა, ცოლქმრული მოვალეობა გვერდზე გადადო, ამ ნაბიჯის გადადგმა მოახერხა, ან, თუნდაც, რომ გაუძლო ასეთ გამოცდას. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ითვლებოდა ერთგულად? სტეფანია საკუთარ თავს ეკითხებოდა ამას, მაგრამ პასუხში დარწმუნებული არ იყო, თანაც დილის ის ცივი ჰაერი და გასული ღამეც ტანში აჟრჟოლებდა. ერთი სიტყვით, უნდა ჩაეთვალა ეს ღალატად თუ არა? ხელები გრძელი პალტოს მკლავებში გაუყარა და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარა. სტეფანია რ. რამდენიმე წელია, რაც დაქორწინებულია და არასოდეს უფიქრია, მეუღლისთვის ეღალატა, მაგრამ იყო რაღაც, რაც მის ცხოვრებას ვერ ავსებდა, რაც აკლდა...  თითქოს საკუთარი ახალგაზრდობიდან რაღაც კიდევ უნდა გაეგრძელებინა, თითქოს ის პერიოდი ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა და ახლა აპირებდა იქიდან გამოსვლას, ახლა დამდგარიყო დრო მეუღლისა და ყველას წინაშე თანასწორობისა. ღალატი იყო ეს? ღალატი იყო ფორნეროსთან ერთად გასეირნება?

საპირისპირო ტროტუარზე, ორი ბინის იქით, კაფე-ბარი გაეღოთ, დარაბები აეწიათ. ქალს ცხელი ყავის დალევა მოუნდა და ბარისკენ გაემართა. ფორნერო ახალგაზრდა იყო და მასზე ფიქრი უაზრობად მიაჩნდა. მთელი ღამე ასეირნა მანქანით - მთაშიც იყვნენ, სანაპიროზეც გაიარეს, გარიჟრაჟამდე ისიამოვნეს; ბენზინის გარეშე რომ დარჩნენ, მანქანის მიწოლაც დასჭირდათ და ბენზინის ჩამსხმელი კაცის გაღვიძებაც. მოკლედ, ახალგაზრდული სეირნობა იყო, ახალგაზრდების მიერ გატარებული ღამესავით. სამჯერ თუ ოთხჯერ, ფორნერომ სახიფათოდაც კი იმოქმედა, მაგრამ გადარჩა... ერთხელ თავის ბინასთანაც მიიყვანა და დააჟინდა, ზევით ამომყევიო, მაგრამ სტეფანია არ აჰყვა. კარგად მოიქცა? და ახლა? ახლა ფიქრიც არ უნდოდა ამაზე, მთელი ღამე ფეხზე გაატარა და ეძინებოდა; თუ პირიქით, ძილს ვერც კი გრძნობდა, ისეთ აფორიაქებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა ლოგინში რომ ყოფილიყო, გათიშულივით დაიძინებდა; დამლაგებელს სამზარეულოს დაფაზე დაუწერდა, არ გამაღვიძოო, მაგრამ ქმარი მაინც გააღვიძებდა, როცა დაბრუნდებოდა, გვიანაც კი. კიდევ უყვარდა ქმარი? რა თქმა უნდა, უყვარდა. მერე? არაფერს ეკითხებოდა საკუთარ თავს. ისე, ფორნეროც კი უყვარდა ცოტა. ცოტა... მაგრამ ახლა, როდის გააღებდნენ იმ დაწყევლილ კარს?!

ბარში სკამები ერთმანეთზე იყო შეწყობილი. შიგ მხოლოდ ბარმენი იმყოფებოდა, დახლთან. სტეფანია გაბედულად მიუახლოვდა მას; არ ეუხერხულებოდა, იმ უჩვეულო დროს მარტო რომ იყო; თანაც ვის რა ეკითხებოდა?! იქნებ ახალი გაღვიძებული იყო და სადგურისკენ მიდიოდა ან იქნებ იმ წუთებში დაბრუნდა?! მერე იქ არც არავინ იყო ისეთი, მისი საქმის შესახებ რომ ეამბა. მას ასე სჭირდებოდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმას გრძნობდა და მთავარიც ეს იყო.

- ორმაგი ესპრესო, ცხელი! - ისეთი შინაურული ტონით მიმართა ბარმენს, თითქოს კარგა ხანია ერთმანეთს იცნობენო, თუმცა იმ ბარში არც კი შესულა ოდესმე.

- ახლავე, ქალბატონო! აპარატს გავახურებ და მოგართმევთ. - უპასუხა ბარმენმა, თან დაამატა: - მე უფრო მალე ვხურდები, ვიდრე ეს აპარატი დილაობით.

სტეფანიამ გაუღიმა, სახე საყელოში ჩაჰყო და სიცივისაგან წამოიძახა:

- ბრრრრ....

კიდევ იყო ერთი მამაკაცი ბარში - კლიენტი, რომელიც ვიტრინასთან იდგა და ქუჩისკენ იყურებოდა. სტეფანიამ მხოლოდ მაშინ შენიშნა ის, მის წამოძახილზე რომ შემობრუნდა. ამ ორი მამაკაცის ყოფნი, რაღაცნაირად შერცხვა ქალს, მოერიდა მათი და დახლის უკან, სარკეს გახედა ყურადღებით. არა, არ ეტყობოდა ღამე სახლის გარეთ რომ ჰქონდა გატარებული; მკრთალი ფერი ედო მხოლოდ. ამოიღო ხელჩანთიდან პუდრი და სახეზე გადაისვა.

კლიენტი კაცი დახლთან მივიდა. მუქი ფერის ქურთუკი ეცვა, ზედ თეთრი აბრეშუმის შარფი ეკეთა, ხოლო შიგნიდან ლურჯი ტანსაცმელი უჩანდა.

- ამ დროისთვის, - არავისთვის არ შეუხედავს, ისე დაიწყო საუბარი. - გაღვიძებულები ორ კატეგორიად იყოფიან: ძილღვიძილები და გაღვიძებულები.

სტეფანიას, მისთვის არც კი შეუხედავს, ისე გაეღიმა, თუმცა უკვე კარგადაც ჰყავდა შეთვალიერებული. კაცს რაღაცნაირი, პათეტიკური და ბანალური გამომეტყველება ჰქონდა; აი, ისეთი, მამაკაცი სიბერეში შეუსვლელად სიბრძნისა და სისულელის ზღვარზე რომ ადგას.

- ... როგორც კი ლამაზ ქალს დაინახავ და „დილა მშვიდობისას“ ეტყვი... - დაიხარა სტეფანიას წინ, სიგარეტი პირიდან გამოიღო და მიესალმა.

- დილა მშვიდობისა! - უპასუხა სტეფანიამაც, ცოტა ირონიულად, მაგრამ არა სიბრაზით.

- ...მერე საკუთარ თავს ეკითხები, ისევ? უკვე? კიდევ? აი, ესაა სასწაული სწორედ!

- როგორ? - ისე ჰკითხა სტეფანიამ, თითქოს ვერ გაეგო მისი ნათქვამი, მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ უნდოდა საუბარში აჰყოლოდა.

კაცი მოურიდებლად უყურებდა, ათვალიერებდა, უსმენდა, მაგრამ სტეფანიას არ აინტერესებდა, კარგა ხნის გაღვიძებულების სიაში ჩაითვლებოდა თუ არა.

- და თქვენ? - ორაზროვნად ჰკითხა ქალმა, თუმცა მიხვდა, ეს ღამის ცხოვრებას მიჩვეული კაცი რიტორიკული საუბრით რომ უდგებოდა მას, მაგრამ არ შეიმჩნია, ერთი შეხედვითაც რომ მიუხვდა.

- მე... ისევ და ისევ! - თქვა კაცმა და ჩაფიქრდა... - არა, ხომ მიხვდით? - ღიმილით უთხრა ქალს. მერე ისევ ჩაფიქრდა და ცოტა ხანს ასე დარჩა, ნერწყვის ყლაპვით, თითქოს ყელს იწმენდსო, თანაც საკუთარ თავზე გაღიზიანებული... - დღის სინათლე მე არ მიზიდავს, ღამურასავით საპირისპირო მხარეს მაგდებს. - ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, გეგონებოდათ, რამე სპექტაკლში მონაწილეობსო.

- ეს რძე თქვენ, ქალბატონს კი - ესპრესო. - მოვიდა ბარმენი და შეკვეთილი მიართვა ორთავეს.

კაცმა ცხელ რძეს ჯერ სულის ბერვა დაუწყო და მერე კი ცოტ-ცოტა მოსვა.

- კარგია? - ჰკითხა სტეფანიამ.

- საზიზღრობაა! დეზინფექციისთვისაა კარგიო, ამბობენ, მაგრამ მე რაღა დეზინფექცია მჭირდება უკვე?! გველმა რომ მიკბინოს, ის თუ მოიწამლება.

- ჯანმრთელობა სანამ არის! - თქვა სტეფანიამ. წაიხუმრა ალბათ ცოტა.

- ჰო, რა თქმა უნდა. ერთადერთი ანტიდოტი ვიცი, და თუ გინდათ გითხრათ... - ვინ იცის, რის თქმას აპირებდა.

- რამდენი უნდა გადავიხადო? - ჰკითხა სტეფანიამ ბარმენს.

- ...ის ქალი, სულ რომ ვეძებდი... - აგრძელებდა ღამისმთეველი.

სტეფანია გარეთ გამოვიდა. უნდოდა გაეგო, კარი თუ იყო ღია; ტროტუარს გაჰყვა და ბინისკენ გაემართა, მაგრამ კარი ისევ დაკეტილი დახვდა. ამასობაში, კაციც გამოსულიყო ბარიდან, მას რომ გაჰყოლოდა, მაგრამ სტეფანია მობრუნდა და ისევ ბარში შევიდა. კაცი არ მოელოდა ამას; შეჩერდა, დაფიქრდა და მერე ისიც მობრუნდა ბარისკენ, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და სხვა მხარისკენ გაუყვა გზას ხველებ-ხველებით.

- სიგარეტი გაქვთ? - ჰკითხა ბარმენს ქალმა.

თვითონ გათავებოდა; და ისე ძალიან უნდოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, სახლში შესვლისთანავე მოეწია ერთი ღერი. სიგარეტის მაღაზია ჯერ კიდევ დაკეტილი იყო.

ბარმენმა ერთი კოლოფი მიაწოდა. მან გამოართვა და თანხაც გადაუხადა. მერე ბარის შემოსასვლელისკენ გაემართა მოსაწევად. მოულოდნელად წინ ძაღლი შემოეფეთა; ყელზე მობმული ქამრით პატრონს ექაჩებოდა, რომელსაც მხარზე თოფი გადაეკიდა და წელზე ვაზნები შემოერტყა, ნანადირევის ჩასაწყობი ჩანთაც თან ჰქონდა.

- დაჯექი, ფრიზეტე. - უბრძანა მონადირემ, მერე ბარმენს მიმართა: - ერთი ყავა!

- ლამაზია! - უთხრა სტეფანიამ და ძაღლს თავზე ხელის გადასმით მოეფერა. - სეტერია?

- ეპანეულ ბრეტონია. - უპასუხა მონადირემ. - მდედრი.

ახალგაზრდა კაცი იყო, მუღუშული სახე ჰქონდა ალბათ მორცხვობის გამო, სხვა მიზეზი არ ექნებოდა.

- რა ხნისაა?

- ათი თვის იქნება. დაჯექი, ფრიზეტე და ჭკუით იყავი!

- ეს ჩამოკიდებული ჩიტები? - ჰკითხა ბარმენმა.

- ოჰ, არაფერი. მივდივარ, ძაღლი რომ ვარბენინო ცოტა.

- შორს? - ჰკითხა სტეფანიამ.

მონადირემ ერთი ადგილი დაასახელა. არ იყო შორს.

- მანქანით რამდენიმე წუთია. ათი საათისთვის დაბრუნებას ვაპირებ, სამსახურში უნდა გამოვცხადდე.

- კარგია. ლამაზია იქ. - უთხრა ქალმა.

არც კი უნდოდა საუბრის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან თემაზე არ ლაპარაკობდნენ.

- ხევია, მაგრამ ნათელი და სუფთა ადგილია, დაბალი ბუჩქებით. დილაობით ნისლმა ჩამოწოლა არ იცის, სუფთად ჩანს ყველაფერი და არ იბურება. ძაღლს ვხედავ, საითაც იყნოსავს და გაიქცევა.

- ათ საათზე რომ მეწყებოდეს სამსახური, კარგა ხანს ვიძინებდი, რამდენიმე წუთით ადრე ავდგებოდი მხოლოდ. - ჩაერია ბარმენი.

- ჰო... ძილი მეც მიყვარს, - უპასუხა მონადირემ. - მაგრამ იქ ყოფნა დილით, როცა ყველას სძინავს, უფრო მიზიდავს. ესაა ჩემი გატაცება.

სტეფანია გრძნობდა, რომ ამ ახალგაზრდა კაცის სიტყვებში დიდი სიამაყე იმალებოდა, მიძინებული ქალაქის წინააღმდეგ ყოფნა რომ სიამოვნებდა და  ყველასგან გამორჩეულს ხდიდა.

- არ გეწყინოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, თქვენ, მონადირეები, გიჟები ხართ. - უთხრა ბარმენმა. - არა, სხვა რამისთვის კი არა... აი, დილით ადრე რომ დგებით, ამიტომ.

- მე კი მესმის მათი. - თქვა სტეფანიამ.

- ჰო, რა ვიცი... - თქვა მონადირემ. - ესეც გატაცებაა.

კაცი სტეფანიას უყურებდა და ის თავდაჯერებულობა, რომელიც მანამდე ნადირობაზე საუბარში გამოხატა, თანდათან უქრებოდა; ხვდებოდა, რომ ბედნიერების პოვნა სხვაგანაც შეიძლებოდა და არა მარტო იქ, სადაც დღემდე ეძებდა.

- არა, მე მართლა მესმის თქვენი. წარმომიდგენია, ასეთ დილას... - უთხრა სტეფანიამ.

მონადირე შეყოვნდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ არ იცოდა, რა ეთქვა.

- როცა ასეთი მშრალი და გრილი ამინდია, ძაღლი უფრო კარგად მუშაობს, უკეთ ყნოსავს. - თქვა ბოლოს.

მონადირემ ყავა დალია და თანხაც გადაიხადა. ძაღლმა გარეთ დაუწყო ქაჩვა, მაგრამ ის რატომღაც აყოვნებდა გასვლას.

- ხომ არ წამოხვიდოდით თქვენც, ქალბატონო? - წაეხუმრა სტეფანიას.

- სხვა დროს რომ შევხვდებით ერთმანეთს, აი, მაშინ ვინადიროთ კარგად! - გაუღიმა ქალმა.

- ეჰ... - მიმოიხედა აქეთ-იქით კაცმა, სალაპარაკო თემა რომ ეპოვა რამე, მაგრამ მერე თქვა: - კარგი, წავედი. სასიამოვნო დღეს გისურვებთ! - შებრუნდა და ძაღლს მინებდა, გარეთ გაჰყვა.

ახლა ერთი მუშა შემოვიდა და არაყი შეუკვეთა.

- ყველა ადრიანად გაღვიძებულს გაუმარჯოს! - თქვა და ჭიქა ხელში ასწია. - განსაკუთრებით, ქალბატონებს.

ახალგაზრდა კაცი იყო, მხიარული.

- გაუმარჯოს! - უპასუხა სტეფანიამ.

- დილაობით ქვეყნის დამყრობლები გვგონია თავი. - თქვა მუშამ.

- და საღამოობით არა?

- საღამოობით ძალიან დაღლილები ვართ და გვეძინება; ფიქრის თავიც არ გვაქვს.

- მე კი დილით რას არ ვფიქრობ, ჯერ - ერთს, მერე - მეორეს... - ჩაერია ისევ ბარმენი.

- იმიტომ რომ სამსახურში წასვლამდე ერთი კარგი ვარჯიშია საჭირო, სირბილი. აბა, ჩემსავით ჰქენით, ქარხანაში მოტორიანი ველოსიპედით რომ დავდივარ და დილის სუსხი სახეში მეცემა!..

- ჰაერი ფიქრებს აგდებს თავიდან. - თქვა სტეფანიამ.

- ჰო. აი, ამ ქალბატონს ესმის ჩემი. - თქვა მუშამ. - და თუ ესმის, ჩემთან ერთად არაყიც უნდა დალიოს.

- არა, გმადლობთ! არ ვსვამ, მართლა.

- დილით სწორედ ესაა საჭირო. ორი არაყი, მაესტრო!

- არ ვსვამ. სერიოზულად გეუბნებით. თქვენ დალიეთ ჩემ მაგივრად, ჩემი სადღეგრძელო შესვით და უფრო მასიამოვნებთ.

- არასდროს არ სვამთ?

- როგორ გითხრათ... საღამოს, ზოგჯერ.

- ხედავთ? აი, ესაა შეცდომა.

- შეცდომებს, კი, საკმაოდ ვუშვებთ.

- გაგვიმარჯოს! - თქვა მუშამ და გადაუშვა პირში ჯერ ერთი, მერე მეორე ჭიქა. - ერთი და ერთი ორია. ახლავე აგიხსნით...

სტეფანია მარტო საუბრობდა ამ უცხო კაცებში, მაგრამ საკმაოდ მშვიდად იყო და თავის თავში დარწმუნებული, არც არაფერი აწუხებდა. პირველი შემთხვევა იყო ეს მის ცხოვრებაში.

ბარიდან გამოვიდა, რომ გაეგო, კარი გაეღოთ თუ არა. მუშაც გამოვიდა, დაჯდა მოტორიან ველოსიპედზე და ხელთათმანები ჩაიცვა.

- არ გცივათ? - ჰკითხა სტეფანიამ.

- ჯავშანი მაქვს მაგარი. - თქვა და მკერდზე მიირტყა ხელები, საიდანაც გაზეთების ხმა გაისმა. მერე დიალექტით წარმოთქვა: - მშვიდობით, ქალბატონო!

ქალიც დიალექტით გამოემშვიდობა და მუშაც წავიდა.

სტეფანია მიხვდა, რომ რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში, რისი შეცვლაც უკვე შეუძლებელი იყო. დღევანდელი მისი ქცევა - უცხო მამაკაცებს შორის ყოფნა, რაღაცნაირ გავლენას ახდენდა მასზე. ღამისმთეველმა, მონადირემ, მუშამ, ბარმენმა, სუყველამ ერთად სტეფანიას მსოფლმხედველობა შეუცვალეს. დღეიდან ის სულ სხვანაირი იყო, განსხვავებული. სწორედ ეს წარმოადგენდა ღალატს, ანუ ამ უცხო ადამიანების თანასწორად რომ თვლიდა თავს. ფორნერო აღარც კი ახსოვდა უკვე.

ბინის კარი ღიად დახვდა. სტეფანია ისე ჩქარა შევიდა სახლში, რომ კარისქალმა ვერც კი დაინახა.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE