"> ელისო მეტრეველი | დათო გორგილაძე - როცა თავისუფლება მოდის
დათო გორგილაძე - როცა თავისუფლება მოდის


დათო გორგილაძე - როცა თავისუფლება მოდის




- გამარჯობა, დათო გორგილაძე გაქვთ? ღმერთი...

- „ღმერთი სამსახურშია“?

- კი, ეგ.

- ერთი წუთით, ბესტსელერებში დევს... უი, აღარ არის. მეორე სართულზეც გვაქვს, ვნახავ... აღარც იქ ყოფილა. ქსელში შევამოწმო?

- კი, კი. რამდენი გქონდათ?

- თერთმეტი.

- მხოლოდ აქ?

- კი, მხოლოდ აქ... აღარც ქსელში გვქონია. შემოიტანენ ამ დღეებში, ალბათ...

 

ალბათ, იმ დღეებში ვერ შეიტანდნენ, რადგან გამომცემლობამ ახალი ტირაჟი უნდა დაბეჭდოს. დათო გორგილაძის პირველი წიგნი, გამოსვლიდან ძალიან მალე, თითქმის სულ გაიყიდა -„ღმერთი სამსახურშია“ ბესტსელერია, თანამედროვეობის და დროის შესაბამისი ნამდვილი ბესტსელერი. ვისაც არ წაუკითხავს, ახალი ტირაჟის დაბეჭდვამდე ვეტყვი, რომ წიგნში ოთხი მოთხრობაა შესული: „ხანშიშესულ მეძავთა კლუბი“, „როზას სახელი“, „კორპორაცია ‘შეგვიკვეთეთ ჭორები’“ და „ღმერთი სამსახურშია“. ეს ტექსტები ზუსტად ისეთი საკითხავია, როგორიც მისი სხვა ნაწერები, ფეისბუკისტორიები თუ ბლოგები - სიზუსტით, იუმორით, სიყვარულით და მოულოდნელი „მოსახვევებით“ მოთხრობილი „ნამდვილი“ პერსონაჟების „ნამდვილი“ ამბები. არაფერია მსოფლიო ფორუმის სცენაზე აცეკვებულ ტატო ჯორბენაძეზე ნამდვილად სასოწარკვეთილი და დაკარგული, რომელიც ცეკვა-ცეკვით ტოვებს დარბაზს და ბორკილებს. სხვადასხვანაირად, თუმცა თავისუფლება მოდის ყველა სხვა პერსონაჟისთვისაც. საერთოდაც, მე თუ ვინმე მკითხავს, ვეტყვი, რომ ეს მოთხრობები ყველაზე მეტად თავისუფლების მოსვლაზეა, იმაზე, როგორ ყრიან ბორკილებს ბიჭები და გოგოები, მასწავლებლები, მკვდრები და ღმერთებიც...

დათო გორგილაძემ 27 წლის ასაკში გამოსცა „ღმერთი სამსახურშია“, თუმცა საინტერესო ამბავი ისაა, რომ „მწერალი“ წიგნამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა მის „ტიტრებში“. „დათო გორგილაძე, მწერალი“ - არა, ამით არ ამაყობს, უბრალოდ, ასე მოხდაო, ამბობს. „ტიტრების“ ამბავი „შემოდგომის ლეგენდით“ დაიწყო. უფრო სწორად კი, მაშინ დაიწყო, როცა დედამ ბავშვობაში ყველაფრის მოყოლა სთხოვა.

„სინამდვილეში „მწერალი“ მაშინ გაჩნდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მირჩევნია დავწერო, ვიდრე ვილაპარაკო. ბავშვობაში რაღაც დავაშავე, ახლა არც კი ვიფიქრებ, რომ ეს დანაშაული იყო, მაშინ მეჩვენებოდა, რომ ეს იყო მძიმე დანაშაული. დედაჩემმა მთხოვა, ყველაფერი მომიყევი და გაპატიებო. მაშინ გავაცნობიერე, რომ მე ამ ამბის მოყოლა მირჩევნია წერილობით. წერის პროცესში კი აღმოვაჩინე, რომ გარდა ნამდვილი ამბისა, კიდევ სხვა რამის მოყოლაც მინდა, სხვა ადამიანების ჩართვა. დანაშაული ითვალისწინებდა გზას სკოლიდან სახლამდე და ამ მოკლე მონათხრობში ჩნდებოდნენ ვიღაც პერსონაჟები, ვინც გზაში მხვდებოდა, მელაპარაკებოდა, ვხედავდი. დედაჩემს ეს ხალხი არ აინტერესებდა, მაგრამ ისინი შემოდიოდნენ. მაშინ მივხვდი, რომ მომწონს ეს პროცესი. „შემოდგომის ლეგენდისთვის“ პირველად დავწერე სახალხოდ, მანამდეც მქონდა მოთხრობები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. ვიღაცებმა ამ კონკურსით გამიცნეს და მერე პრესაშიც ვიბეჭდებოდი ხოლმე. ალბათ, პირველი წიგნისთვის არც ძალიან ადრეა და არც ძალიან გვიან. კენ კიზიმ როცა დაწერა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, იყო 27 წლის და მეც ვიყავი 27 წლის, „ღმერთი სამსახურშია“ რომ გამოვიდა. რომ შევადარე ეს ორი წიგნი, ცოტა სასოწარკვეთა დამეუფლა, ძალიან დიდი განსხვავებაა. კი არ ვედრები, ღმერთმა დამიფაროს, დიდი ოსტატია, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ერთი წიგნის ავტორად დარჩა“.

იყო პერიოდები, როცა ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა, ფიქრობდა, იქნებ, არც ღირს, რაკი აქამდე ვერ შევძელი, იქნებ, დაგვიანებულია, იქნებ, მწერლობა არ არის ჩემი საქმე, არ გამოვიდა... და ასეთი ფიქრების და გადაწყვეტილებების დროს მოდიოდა არეულობა, სიმძიმე, გაღიზიანება, აუტანლობა. თუმცა სულ არიან და იყვნენ მის გვერდით ისინი, რომლებიც უბიძგებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ „შენ ეს უნდა გააკეთო“, „ეს შენი საქმეა“ და რაც უფრო დამაჯერებლად უმეორებდნენ, მით მეტად ემატებოდა ძალა, თუმცა ყველაფერს აქვს „საზღვარი“.

„პარალელს არ ვავლებ, მაგრამ როცა მარკესმა მერსედესის ფენი და მიქსერი დაალომბარდა, ეს აღმოჩნდა „საზღვარი“ და მერსედესმა უთხრა, ილოცე, რომ ეგ რომანი კარგი გამოვიდესო. სხვა გზა აღარ იყო დარჩენილი. ყველაფერს აქვს საზღვარი, უნდა აიღო პასუხისმგებლობა, სინდისმა უნდა შეგაწუხოს და უნდა გააკეთო. ზვიად კვარაცხელია ბევრი წლის განმავლობაში მეუბნებოდა, მოდი, გავაკეთოთ მოთხრობების კრებული. არა, ვამბობდი, მინდოდა პირველი რომანი ყოფილიყო. ამ ზაფხულს გარდაიცვალა დედაჩემი. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ჩიხში შევედი, რეალურად ვგრძნობდი, რომ უდაბნოში დავდიოდი ხელის ცეცებით. იქიდან გამოსასვლელი მჭირდებოდა, რაღაცას უნდა გადმოვექაჩე, გამოვეყვანე. უცებ ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება იყოს წიგნი. თუმცა იმის შიშიც იყო „რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა“ არ გამოსულიყო. ხომ არის კიდევ, აი, რაღაც ფილმის გამოსვლას დიდხანს რომ ელოდები, გამოვა, უყურებ და იმედგაცრუებული ამბობ, ამას ველოდებოდი? ვიცოდი, რომ რაღაც ინტერესი იქნებოდა და ეს ინტერესი, მართალი გითხრა, მაშინებდა. ხალხი, და ხალხში ახლა არ ვგულისხმობ არმიას, ელოდა ჩემს წიგნს, რომანს, რომელიც ჯერ ვერ დავამთავრე. ჩემი აზრით, იმას უფრო მოეწონებოდა, ვინც არაფერს ელოდა ჩემგან. მართალი გითხრა, ვერც ავხსნი, რამ გამოიწვია ეს დატაცება. გამიხარდება, თუ გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ ვიღაცას უთხრა, კარგიაო და ამიტომაც ყიდულობენ. რომანიც, ალბათ, მალე დასრულდება და ვფიქრობ, ბევრად უკეთესი უნდა იყოს. ტემპის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აკრეფა“.

დათო გორგილაძე ამბობს, რომ წერას ორი ადამიანი სჭირდება - ერთი ის, ვინც სულ ხარ და მეორე, ვინც უნდა იყო წერის დროს. ის, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. მხოლოდ „ერთი“ რომ იყოს, სამ ხაზზე მეტს ვერ დაწერდა, რადგან არავინ „გადართავდა“ წერის რეჟიმზე, არ იარსებებდა ღილაკზე ხელის დამჭერი. და კიდევ, როგორც მინიმუმ, სჭირდება ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ის დაწერს. არის მომენტები, როცა ამის ძალა აღარ აქვს, მაგრამ ხვდება, რომ იმ სხვა ადამიანებს მისი სჯერათ და უნდა შეძლოს.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩემი მეგობრები და არის ნინია, რომელმაც ბევრჯერ მაიძულა, რომ „ბრძოლაში დავბრუნებულიყავი“. წერას სჭირდება ჯანმრთელობა, უდიდესი გონებრივი და ფიზიკური რესურსი და პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა. ნურავინ იტყვის, რომ ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს წერისთვის. მარკესის ერთი ფოტოა, მაშინ „პატრიარქის შემოდგომას“ წერდა. მარკესი უკვე იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი. „მარტოობის ასი წელიწადი“ გამოსული იყო, უკვე შეძლებული ადამიანი იყო და ამიტომ თავს უფლება მისცა დაეწერა ისეთი რომანი, როგორიც თვითონ მოეხოშებოდა. არა ისეთი, როგორიც ბევრს მოეწონებოდა, არამედ ისეთი, როგორიც თვითონ უნდოდა. ვიღაცები ამბობენ, რომ „პატრიარქის შემოდგომა“ ზაფხულში არ უნდა წაიკითხო, სიცხეში, რადგან ჰაერი ქრება. იმ ფოტოზე მარკესი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, კაცს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც სახედაკარგულია, გამოწურული, უჭირს. რომ არა ფიზიკური მხნეობა და ჯანმრთელობა, დარწმუნებული ვარ, ის დიდი რომანები მაგის გარეშე ვერ დაიწერებოდა, შეუძლებელია“.

ღრმად არის დარწმუნებული, რომ მწერლისთვის საუკეთესო პროფესიაა ის, რაც პირდაპირ თუ ირიბად მაინც წერას უკავშირდება და ეს პროფესია ყველაზე მეტად ჟურნალისტიკაა. დღემდე ყველა მისი სამსახურიც, ასე თუ ისე ჟურნალისტიკას უკავშირდებოდა. დათო გორგილაძე ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. რომელი მწერლებიც ყველაზე ძალიან უყვარს, ან ბოლომდე ჩართული იყვნენ ჟურნალისტიკაში, ან ირიბად მონაწილეობდნენ -ერნესტ ჰემინგუეი, კენ კიზი, ტრუმენ კაპოტე, გაბრიელ გარსია მარკესი, არტურო პერეს რევერტე... ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია პრაქტიკის თვალსაზრისითაც. თუმცა ის, თუ რა დრო, ძალა და ენერგია შეიძლება წაიღოს ჟურნალისტიკამ და რა დარჩეს პროზის საწერად, რთულად გამოსაცნობი არ არის, ამ ქვეყანაში - განსაკუთრებით.

„პროზას რომ ჩავუღრმავდე, რომანი უპირობოდ ყველაზე რთული ჟანრია და კარგი რომანი, ჩემი აზრით, არ იცნობს ღამის 12 საათზე მუშაობას. ეს არის დიდი შრომა, რომელსაც უნდა დაუთმო ძირითადი დრო, თუ არადა, გაიწელება და ვერ იქნება ის, რაც უნდა იყოს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებლად პარალელურად აკეთებდე. შეიძლება, ვიდრე დაკავებული ხარ ჟურნალისტიკით, ეს ყველაფერი აგროვო, შემდეგ პროზა წერო. თუმცა აქ ვის აქვს ის ფუფუნება, რომ ყველაფერი მიატოვოს და რომანების წერა დაიწყოს. იდეალურ შემთხვევაში, წერ რომელიმე გამოცემისთვის, ამას მიაქვს ნახევარი დრო და ნახევარ დროს უთმობ ლიტერატურას - ამას ვამბობ იდეალურ შემთხვევაში. მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ეს მოახერხა საქართველოში. არა, ვიცნობ, რომელმაც ეს მოახერხა, მაგრამ ის ფინანსურად გამართული არ არის, ბევრი პრობლემა აქვს. და როცა ბევრი პრობლემა გაქვს, სინამდვილეში აღარც ლიტერატურისთვის გრჩება დრო და ხალისი. ხომ ამბობენ, რაც უფრო ცუდად ხარ, კარგია წერა, უკეთესადაც მოაქვს და გამოაქვსო, მე ამის არ მჯერა. არა იმიტომ, რომ ეს არავის გაუკეთებია, უბრალოდ, მე არ გამომდის. მქონია ძალიან რთული პერიოდები ცხოვრებაში, ბევრი ტრაგიკული მომენტი მქონია და არ მახსოვს, იმ მომენტში მომეხერხებინა და რამე დამეწერა. ეს გეხმარება მას შემდეგ, როცა ამ ყველაფერს უკან მოიტოვებ და ასე თუ ისე თავს ბედნიერად იგრძნობ. როცა მნიშვნელოვანი პრობლემები გაქვს, ამ დროს წერისთვის ნაკლებად გცალია. მე ასე ვარ, ვიღაც, შეიძლება, სხვანაირად.“

„ტიტრების“ ამბავს რომ მივუბრუნდეთ, მის გამყარებას ხელი შეუწყო ბლოგებმა და ფეისბუკის ისტორიებმაც. ისე კი, ფეისბუკზე რასაც წერს, იმაზე ეუბნებიან, რომ გამოიგონა, ხოლო წიგნში რაც დაწერა - სრული სიმართლეა. პირველად დაიბეჭდა მოთხრობა, რომელსაც ერქვა „ხოსე ულამაზო“. მარტივად ეს იყო ერთ ძალიან უშნო ბიჭზე, რომელსაც გოგოებში არ უმართლებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უთხრეს, ეს შენ ხარო და ძალიან ეწყინა. პირველად „ჩვენს მწერლობაში“ დაიბეჭდა და მაშინ აიღო პირველი ჰონორარი - 33 ლარი.

„უცნაური შეგრძნება იყო, დაბეჭდილი რომ ვნახე. თუმცა უფრო უცნაური იყო თაროზე საკუთარი წიგნის დანახვა - ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. მიდიხარ, ხედავ და უცებ გინდება, გამვლელებს უთხრა, „ეს ჩემი წიგნია“, და ხვდები, რომ ეს მათ ფეხებზე კიდიათ. ყველამ რომ ასე იძახოს, საცობები დადგება. დაუცხრომელი გრძნობაა, წიგნის მაღაზიაში ხედავ შენს წიგნს და გინდა აღება, გადაშლა. ცხადია, რაღაც სინამდვილე არის მოთხრობებში, მაგრამ ის ისტორია ყოველთვის იქნება შეცვლილი, შეიძლება დასასრულიც არ იყოს ისეთი, როგორიც რეალურ ცხოვრებაში. თუმცა ყოველთვის არის რაღაც სიმართლე ჩემს მოთხრობებშიც. ფეისბუკზე კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არის ნამდვილი ამბები - ეს ტაქსის მძღოლები და სხვა პერსონაჟებიც ნამდვილები არიან“.

ყოველდღიურად იღვიძებს და ერთ გვერდს მაინც წერს, ყავამდე. როგორც წესი, აქედან შეიძლება ერთი ხაზი დარჩეს ან იდეა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, როგორც თავად ამბობს, ამ საქმეში ახალფეხადგმულისთვის. ეს ეხმარება დისციპლინის გამომუშავებაში. სამსახურის შემდეგ მიბრუნება აღარ უჭირს, უკვე იცის, სად შეჩერდა და საიდან დაიწყოს, საიდან გააგრძელოს. ოცნებობს, რომ ოდესმე დაწეროს კარგი წიგნი მაგიური რეალიზმის ჟანრში. თუმცა ზუსტად იცის, რომ ეს ყველაზე რთულია, რასაც შეიძლება შეეჭიდოს.

„ვერც ჰორორში ვარ ძლიერი, ვერც ფანტასტიკაში და ვერც ფენტეზიში. ეს მიმართულებები ჩემთვის არ არის. რამდენიმე ნაწარმოები ძალიან მომწონს, მაგრამ „ჩემი“ არ არის. მე მიყვარს, ბანალურად რომ ვთქვა, ამბის თხრობა, სადაც არიან პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ კარგები ან ცუდები და ამისთვის იკრებენ ძალას, ერთსაც ძალა სჭირდება და მეორესაც. ჩემი არცერთი პერსონაჟი არ არის ბოლომდე კარგი ან ბოლომდე ცუდი, ბევრი ნაკლი აქვთ, მთელი ეს გზა არის საიმისოდ, რომ ძალა მოიკრიბონ, თუმცა ჯერჯერობით მათ ამის ძალა არ აქვთ. აღმოვაჩინე, რომ პერსონაჟებს აქვთ სხვა ძალაც - თუ გააცოცხლებ, მერე შეიძლება დაგძლიონ, არ დაგემორჩილონ. ასეთია ქართულის მასწავლებელი - ამ კრებულში ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, ჩემი აზრით. რაღაც გარკვეული ეტაპის მერე, მოთხრობაში რომ შემოვიყვანე, ქვეცნობიერად მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი აღარ მიჯერებდა საერთოდ, ვერ ვხვდებოდი, რატო აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. ჩემამდე არ დადის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა საკუთარ მოსწავლესთან ერთად კეტამინი რატომ უნდა გაიყნოსოს, ვერ მივხვდი, მაგრამ ასე მოხდა, ეს ჩემი განზრახვა მაინცდამაინც არ ყოფილა. რაღაც თავის გზით წავიდა. ასეთივე პერსონაჟია მთავარი მოთხრობის გმირიც. ის ძალიან სუსტია, იოლად გამოსაცნობი. როცა გადამწყვეტ მომენტში მივედი, მე თავადაც არ მქონდა წარმოდგენა, რას გააკეთებდა ეს პერსონაჟი. ვიჯექი ვორდის გახსნილი ფაილის წინ და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თავისუფლების მოპოვება უნდოდა და მივხვდი, რომ დრო იყო, რომ დაიმსახურა. რატომ უნდა ვიყო ბოროტი, იყოს თავისუფალი და ვნახოთ, რას იზამს. და დაიწყო ცეკვა. დაკარგა სამსახური, დაკარგა ხელფასი, დაკარგა ურთიერთობა, მაგრამ გათავისუფლდა და ახლიდან იდგამს ფეხს, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. მეც მწამს, რომ თუ გინდა ცხოვრებაში რაღაც ცუდისგან გათავისუფლდე, კარგიც უნდა დათმო. იმ ცუდს რაღაც კარგიც მიჰყვება, მაგრამ ეს არის საფასური, რაც უნდა გადაიხადო, ხარკია“.

აქვს „საშინელი დაავადება“ - დაწერილი თავების ხელახლა გადაკითხვა და ჩასწორება. ამბობს, რომ ეს არის კატასტროფა, სიკვდილი. ასწორებს ყველაფერს - ორთოგრაფიას, შინაარსს, პერსონაჟს და ეს შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. ზუსტად იცის, რომ სჯობს, ბოლომდე მიიყვანოს და მერე დაუბრუნდეს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის ასე მუშაობა, ისევ გაურბის თვალი უკვე დაწერილისკენ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ვისწავლიო. დათო გორგილაძეს მიაჩნია, რომ ეს მოთხრობები უკვე არის მაგიური რეალიზმი, მცდელობა მაინც. შეიძლება ჟანრობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ჯერ ახალბედაა და თავისუფლების სურვილის მიუხედავად, წერის დროს ისევ ბოჭავს რაღაცები, მაგალითად, მკითხველი.

„ვცდილობ ხოლმე, არ ვიფიქრო მკითხველზე, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც მეფიქრება, ჩემდა უნებურად. აი, ჩემი მეზობელი რომ წაიკითხავს ამას, რას იფიქრებს, ხომ არ იფიქრებს, დათო გორგილაძეს, ზურაბის ბიჭს, ეს რა უქნია, რა დაუწერია. ჰოდა, ეს წიგნი გათავისუფლების მცდელობაცაა. პირველივე მოთხრობის პირველივე წინადადება იწყება სკაბრეზით, უცენზუროდ, თითქოს ეს იყო გაფრთხილება - აი, ეს არის, ეს იქნება, გააგრძელე თუ გინდა, ან ნუ გააგრძელებ. დათო გორგილაძემ, ზურაბის ბიჭმა, სათვალიანმა ასეთი სიტყვები იცის და ეს სიტყვები არსებობს. სხვათა შორის, ნინიამ მითხრა, ძალიან ბევრი გინება არისო. თავიდან ვუხსნიდი, ეს პერსონაჟი ნამდვილად სხვანაირად ვერ გადაიქცევა - ასეა ნაკვები, მეტი არაფერი გაუგია, ასე ლაპარაკობს. გამართული ლიტერატურული ქართულით ლაპარაკს მე არ ვთხოვო, მითხრა, მაგრამ ბევრიაო. მერე აღმოვაჩინე, რომ ნინია მართალი იყო, რომ მთელი ეს სკაბრეზი მანიფესტივით იყო. მერე საცერში გავატარე და გინების 30 პროცენტი მაინც ამოვაკელი. არის რაღაცები, რაზეც წინასწარ ვფიქრობ. ადრე უფრო ფორმაზე ვფიქრობდი, მერე უფრო შინაარსზე. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რას ვამბობ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც რაღაცების თქმა უნდა და მოდი, რახან ვწერ, მასში ჩავდებ მეტს და ვიღაც რომ მკითხავს, რაზეა შენი მოთხრობა, არ ვუპასუხებ. მე მეცოდინება, რისი თქმა მინდა და მკითხველმა თვითონ გადაწყვიტოს „რაზეა“. თუმცა არის რაღაც, რაც თავისითაც შენდება ხოლმე, თავისით ამბობს სათქმელს, რაც მე არ გამითვლია, არ მიფიქრია. წერ და მერე ვხვდები, რომ ეს კავშირები გაჩნდა“.

ჟურნალისტიკაზე სწავლა რომ დაიწყო, მიხვდა, რომ რაღაც სჭირდებოდა, თუნდაც ხელის გასავარჯიშებლად. რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა: პირველი, ეს იყო წერის დაუოკებელი სურვილი და მეორე, სკოლაში კარგად დაწერილი თავისუფალი თემები აღარ მუშაობდა. პირველივე ლექციაზე დათო გორგილაძემ დაწერა ყველაზე ცუდი რეპორტაჟი მთელ ჯგუფში და გადაწყვიტა, რომ კარგად წერისთვის უნდა მოემზადოს, უნდა ივარჯიშოს. 2009 წელს, საქართველოსთვის ადრეული ციფრული ხანის ეპოქაში, გააკეთა „გორგილაძის ბლოგი“ – „ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა“. დღეს მისი ბლოგები ძირითადად mastsavlebeli.ge-ზე ქვეყნდება.

„უსუსტესი ტექსტები დევს ჩემს ბლოგზე, მაგრამ არ ვაუქმებ, იყოს. 19-20 წლის ვიყავი და არ მრცხვენია. ჩემი საქმე არის წერა და როცა მივხვდი, რომ ფიჩერსების და პორტრეტების წერა არის ყველაზე რთული და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ბლოგი, სადაც დავწერდი პორტრეტებს. ჩემს მეგობრებზე ვწერდი, ხან რეპორტაჟსაც ვაკეთებდი, ხელს ვავარჯიშებდი. ძალიან ახარებდა იმას, ვისზეც ვყვებოდი ამბებს. მეც გამიხარდებოდა 19 წლის დათო გორგილაძეზე რომ დაეწერათ, თუნდაც ცუდი პორტრეტი ყოფილიყო. ამან რაღაც ცეცხლი შემინთო, მივხვდი, მე რასაც ვაკეთებდი, ეს ვიღაცას აბედნიერებდა. ჩემთვის ეს გადამწყვეტია. თუკი ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება ის, რასაც ვწერ, ჩემს მოთხრობაში საკუთარ თავს თუ დაინახავს, ეს შეიძლება მისთვის აღმოჩნდეს აცრა, იმუნიტეტი. ლიტერატურა აცრაა - ვკითხულობ რაღაცას და ვხედავ, რომ მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც მე, ისიც იმავე ნეხვშია მოხვედრილი, რაშიც მე. ვხვდები, რომ მარტო არ ვარ და მოდი, მეც ასე ვიზამ. მახარებს, თუ ვიღაცას რაღაცაში ეხმარება ეს ნაწერი. თუნდაც არ მოსწონდეს, მაგრამ რაღაცაში დაეხმაროს“.

უკან დარჩა საბჭოთა დრო, როცა ყველა სიტყვის, სიმბოლოსა თუ ფერის უკან რაღაც მნიშვნელობას ეძებდნენ, ეს ძიება თუ პოვნა მწერლის თავისუფლების სახიფათო საზღვრებს ადგენდა. დღეს აღარ არის საბჭოთა კავშირი და მეტი თავისუფლების მიუხედავად, არ შეცვლილა სიმბოლოებისა და „მწერლური“ პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულება. ამბობს, რომ კარგი დროა, რადგან გაქვს ნებისმიერი ფინალის შანსი, რაც კომუნისტების დროს წარმოუდგენელი იქნებოდა; ეს არის დიდი თავისუფლების დრო და თავისუფლება მაგრად ასწორებს.

„საბჭოთა კავშირიდან წამოვიდა მახინჯი წარმოდგენა იმაზე, რომ მწერალი არის ბრძენი და რაღაც მაღალ საფეხურზე მდგომი, მოძღვარი. სინამდვილეში მწერალი არის ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც რაღაც აზრებს აყალიბებს, ჰყვება და სულაც არ მოეთხოვება, რომ ბრძენი იყოს ან კარგი ადამიანი. არის იმის საფრთხე, რომ რაღაც თემებს გამიზნულად გაექცე.  მე არ მიყვარს სტერილური ლიტერატურა, პრობლემებისგან გაქცევა. ამას წინათ წავიკითხე ლიოსას ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტკორექტულობის გამო კულტურა შევიდა ჩიხში და მგონი ვეთანხმები. ჩემთვის გაუგებარია, როცა მწერალს საკუთარი პერსონაჟების გამო ადანაშაულებენ. ლიტერატურა აღწერს რეალობას და თუ ყოფით, რეალურ ცხოვრებაში ვიღაც არის შოვინისტი, ფაშისტი, მკვლელი და ასე შემდეგ, რატომ არ უნდა იყვნენ ლიტერატურაში? რაც შეეხება იმას, რომ შენ, მწერალმა არ აჩვენე, რომელია ცუდი და რომელი კარგი, არც ეს მგონია პრობლემა. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ლიტერატურა უნდა იძლეოდეს პრობლემის გადაჭრის გზას. საკმარისია, რომ ლიტერატურამ გაჩვენოს პრობლემა. ეპოქა ისტორიის სახელმძღვანელოზე უკეთ მხატვრულ ლიტერატურაში ინახება. ეს უკეთესო ფორმალინია. მარკესი ამბობს ერთ ინტერვიუში, სერიოზულად ვეჩხუბე კუბელ ლიტერატურის პროფესორს, რომელიც მეუბნებოდა, რომ „მარტოობის ასი წელიწადი“ არის გენიალური წიგნი, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზებს არ გვთავაზობსო. დიდხანს ვუხსნიდი, პრობლების გადაჭრა ჩემი მიზანი არ ყოფილაო“.

დარწმუნებულია, რომ ყველაზე უკეთ ლიტერატურა ინახავს დროს. ისტორია გაინტერესებს? ლიტერატურა იკითხე. ამიტომაც დაუშვებლად მიაჩნია ლიტერატურაში ტერმინების და სიტყვების წინააღმდეგ ბრძოლა. განსაკუთრებით, უკვე დაბეჭდილ ლიტერატურაში. „ტომ სოიერის თავგადასავალი“ არ შეიძლება პოლიტკორექტულობის თვალსაზრისით წაიკითხოს ვინმემ. ის ისტორიაცაა, ასე ვიგებთ, როგორ ლაპარაკობდნენ იმ დროს, ისტორიის ნაწილია და იმის მომხრეა, რომ მკითხველს თვალი არ აუხვიონ. მე ჯერ „კოჭლი“ ვარ ამ მნიშვნელობითო, ამბობს დათო გორგილაძე. თუმცა რომანს, რომელსაც ახლა წერს, დროს უკეთ „დაამახსოვრებინებს“.

„მოვლენები ვითარდება ამ დროში, გარკვეული ნაწილი „ფლეშბექებით“ გადადის 90-იანებში. სამი მნიშვნელოვანი ხაზი აქვს ამ რომანს, ყველა სხვადასხვა რამეზეა, თუმცა ერთი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება ყველაფერი. წარსულში მომხდარი ამბავი კავშირშია იმასთან, რაც ახლა ხდება - არა გლობალური თვალსაზრისით, არამედ ამ ადამიანისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ გამოიკვეთოს რეალური ფაქტები. ბევრი მუშაობა და კვლევა მიწევს ბიბლიოთეკასა და არქივში. ეს არის გამოწვევა ჩემთვის, ვნახოთ, რა გამოვა. იშვიათად მახსენდება კარგი წიგნი 90-იან წლებზე, საბჭოთა რეჟიმზე (ახლა მხოლოდ ლევან ბერძენიშვილის შესანიშნავი წიგნი მომივიდა თავში - „წმინდა წყვდიადი“), ბევრი არაფერი დაგვიწერია. ჩემი აზრით, უმეტესობა ზედაპირულია, არ გვაქვს ბიოგრაფიული რომანები, უდიდეს ფიგურებზეც კი. იცით რატომ? იმიტომ, რომ ამას უნდა კვლევა, დაჯდომა. ხანდახან მგონია, რომ მწერლების უმეტესობა ძალიან ცოტა დროს უთმობს მასალების ქექვას, ამბების ახლიდან გადაკითხვას, ან, სულაც, პირველად წაკითხვას და ფონს გადის ნიჭიერების და ფორმების ხარჯზე. უმბერტო ეკო ამბობს, „ვარდი სახელის“ წერა რომ დავიწყე, შუა საუკუნეები ჩემი სპეციალიზაცია იყო, და ჩათვალეთ, რომ კარადა გამოვაღე და გადმოიყარა ყველაფერიო. თუმცა, ამის მიუხედავად, ორი წელი დამჭირდა კვლევისთვისო. „ფუკოს ქანქარის“ მზადებაში კი, თუ სწორად მახსოვს რვა წელიწადი დახარჯა“.

იცის, რომ ამ სამყაროს „ბნელი სექტორი“ ბევრს არ კითხულობს, თორემ აქცია აქციაზე იქნებოდა, ცემა-ტყეპაცო. აქ შეიძლება სათაურებსა და მოკლე ციტატებზე ჰქონდეთ რეაქცია. დღეს არის იმის შიში, რომ რაღაც „ისეთს“ თუ დაწერ, შეიძლება დაგხვდნენ და გცემონ. დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა ხელშეუხებელი იქნება გამოხატვის თავისუფლება და კანონი ერთნაირად დაიცავს მწერალსაც და აგრონომსაც. ხშირად იმეორებს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება დღეს ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე სახელმწიფო, ის ყოველთვის უსამართლობის წინააღმდეგ არის, მას შეუძლია „არასწორი“ ტიპიც კი დაიცვას, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები დაირღვა. და კიდევ არის სოციალური ქსელებით სავსე ცხოვრება.

„ფეისბუკი და ქართული ფეისბუკი მუდმივად მოწადინებულია, რომ ვიღაც დაისაჯოს. ჩამოყალიბდა ბოროტ სადამსჯელო ორგანიზმად. რამდენადაც ფეისბუკით ძალიან ბევრი მაგარი რაღაც გაკეთდა - აქტივობები, სამოქალაქო პროტესტი, ინფორმაციის გავრცელება, განათლება - ანუ აზროვნება შეცვალა, იმდენად გაუჩნდა ბნელი მხარეც და ეს ბნელი მხარე მოწოდებულია, რომ ყოველდღიურად ერთი ადამიანის „სიცოცხლე შეიწიროს". ვერ ძღება, ყოველდღიურად სჭირდება ეს ლურჯი სისხლი და ის ამას იღებს. შეგვიძლია, დავსხდეთ და თითო-თითო დღით გადავიდეთ უკან და ვნახავთ, როგორ „შთანთქავს“ ის ადამიანებს - ზოგს სამართლიანად, ზოგს ნაკლებად, ზოგს, შეიძლება, უსამართლოდაც. წესით, ეს უფრო სამართლიანად ხდება. შეიძლება ეს კარგიც არის - ეხმარება საზოგადოებას, რომ გაიზარდოს, შემაკავებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ტიპია, რომელსაც მეტი ცუდის თქმა უნდა, სიძულვილის ენით ლაპარაკი უნდა, მაგრამ ეს აკავებს. იცის, რომ შეიძლება „შეეწიროს“. ამაში ვხედავ დადებით მხარესაც და უარყოფითსაც. ვინმეს თუ რამის თქმა უნდა, ხომ არ სჯობს, თქვას?.. არ მიფიქრია მაგდენი. ფეისბუკმა თან გაათავისუფლა და თან შებოჭა ადამიანები - ეს არის იდეალური დახასიათება“.

დათო გორგილაძემ ზუსტად იცის, რომ გადამწყვეტ როლს თავისუფლების მოპოვებაში, რადიკალურად გარდამტეხ როლს, ითამაშებს მომდევნო თაობა, ახლა რომ 20 წლამდეა. თაობა, რომელმაც არ იცის, ვინ იყო ჯაბა იოსელიანი, ვერ გაიგებს, რატომ სცემდა ვიღაც პატივს კანონიერ ქურდს ან რატომ უნდა „აუხსნას“ ვიღაც ბირჟაზე მდგომს თავისი ტატუ, თან სწორად აუხსნას, არაფერი შეეშალოს. მისი თაობის ბავშვობამ გაირა ომში, გაჭირვებასა და უშუქობაში. ისინი ბავშვები მაშინ იყვნენ, როცა მშობლების თაობა იმ დროის გამო დეპრესიას ებრძოდა, ესენი კი - არც ძალიან დიდები, რომ ამ ყველაფერს გამკლავებოდნენ და არც ისე პატარები, რომ ვერაფერი ეგრძნოთ.

„ჩემი თაობა არის თაობა, რომელმაც ვერ გაარკვია, კანონიერი ქურდები უფრო მაგარი ტიპები იყვნენ თუ უფრო ცუდი ტიპები. ორად გაიყო ბანაკი. ერთი, რომელმაც ამის რომანტიზება მოახდინა და მეორე, რომელმაც ვერ გაბედა ცუდის თქმა და უბრალოდ, ამოღერღა, რომ არ მაინტერესებს, მოდი, მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ. ამ ორ დილემას შორის გაჩხერილი თაობაა. ჩემს თაობაში იყო უამრავი შიში, იმის შიში, რომ „პასუხი მოგეთხოვებოდა“ ქუჩაში რაღაც ზედმეტი სიტყვის გამო, არასწორი ტერმინის, ტატუს გამო. მერე ეს ომები, რევოლუციის ამბები, პოლიტიკური ბატალიები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა. ნარკოტიკის ჩადების შიში. ჩემს ბავშვობაში პოლიცია ასოცირდებოდა „ჩადებასთან“. იმ დროს პოლიცია ჩვენი არ იყო, ჩვენ არ გვიცავდა. იყო სიბნელის, ბომბების და ომის შიში პირდაპირი მნიშვნელობით. მე შეიძლება დღევანდელ სიტუაციაზე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ამ არასრულ წარმოდგენას ჩემი „საფრენდეთით“ ვიქმნი, თუმცა ვხედავ, რომ გაცილებით მეტი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი მოდის. ყოფითმა პრობლემებმა, შეიძლება, დააბრკოლოს ნამდვილი თავისუფლების მოპოვება. თუმცა თავისუფლება ხომ სინამდვილეში არის ეპოქის რაღაც საერთო განწყობა, რომელიც ჰაერში ტრიალებს, და ადამიანები ამას სუნთქავენ. აი, ოთარ ჭილაძეზე რომ ამბობდნენ, მარკესს ჰგავსო, დარწმუნებული ვარ, სულაც არ ჰქონდა იმ დროს მარკესი წაკითხული, უბრალოდ, მაშინ ის დრო იყო, ისეთი ეპოქა, ჰაერში ტრიალებდა ის მაგიური რეალიზმიც. როცა ჩნდება თავისუფლების საერთო განწყობა, რაღაცები იცვლება, შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, თუმცა მგონია, რომ ეს თაობა ამ მომენტს გამოიყენებს“.

ერთი უცნაური შიში დღესაც აქვს - ის, რომ შეიძლება გაიღვიძოს და ქართული ენა აღარ იცოდეს. მე მხოლოდ ეს ენა ვარ და ვიცი, იმ დღესვე გავქრებიო, რადგან ამ ენაზე წერს, ფიქრობს, კითხულობს და უყვარს. კითხულობს ყველაფერს, ოღონდ პოეზიას იშვიათად. ფიქრობს, გათავისუფლდა იმ კომპლექსისგან, როცა მოთხრობებში პერსონაჟებს უცხოურ სახელებს არქმევდა. ამბობს, რომ არ ტეხავს, პერსონაჟს რომ კაკო ერქვას, არ არის ბანალური და არც კომიკური. რატომ უნდა დადიოდეს მელიქიშვილზე ფედერიკო, თუ ამაში რაღაც განსაკუთრებული აზრი არ დევს.

„დღეს პერსონაჟებს კი არა, შვილებს არქმევენ ისეთ ბიბლიურ სახელებს, რომლებსაც ბიბლიის პედეეფ ვერსიაში კონტროლ ეფითაც ვერ იპოვი. ისე კი, ქართული ლიტერატურის მიზანი სახელებზე მეტად სიღრმეების დაპყრობაა, დიდ სიღრმეებში ჩასვლა, ანალიზი. ეს სჭირდება მედიასაც. კიდევ საჭიროა ენა, პერსონაჟის, დროის შესაბამისი კარგი ენა. დღეს შეიძლება უკვე ქუჩაშიც გაიგონო, რომ ვიღაცამ „გასროლა მოახდინა“. მე ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის გაუმართავი ენით წერა, წვალებაა. ვწერდი „რომ“-ს და ვშლიდი „მ“-ს, რადგან ეს პერსონაჟი არასოდეს იტყოდა „რომ“. უიღბლოა საქართველო ლიტერატურის თვალსაზრისით და უიღბლო იყო ჩვენი ყველა გენიალური ავტორი. იმიტომ, რომ ქართული ენა არის „პატარა“ და ისეთ პატარა ენებს, როგორიც ქართულია, დიდ ყურადღებას არ აქცევენ დიდი ენების მკითხველები. ვაჟა-ფშაველას მსგავსი ავტორი რომ ყოფილიყო ინგლისურენოვანი, ის იქნებოდა ღმერთი დღეს მსოფლიო ლიტერატურაში, ან ბარათაშვილისნაირი, მაგრამ ქართველია და ასე დავდივართ და ვცდილობთ, რომ ვიღაცებმა წაგვიკითხონ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო ის იშვიათი მოვლენა, როცა მოგვეცა შანსი ჩვენი ტექსტების გასატანად და ჩემი აზრით, ეს შანსი გამოვიყენეთ“.

დღეს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი ერთად ცხოვრობენ. ჰყავთ სამი კატა: სტივენი, ნაზო და ბრაზო. სტივენი - კინგის პატივსაცემად ჰქვია, ნინიას უყვარს სტივენ კინგი. ნაზო და ბრაზო ნინიას დამ დაუტოვათ, რადგან ჰააგაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა დათო ცდილობს, ეს კატები პერსონაჟებად აქციოს. საერთოდ, ის ყველგან პერსონაჟებს ხედავს. თუ ისინი არ იქცევიან, როგორც პერსონაჟები, არ ლაპარაკობენ, როგორც პერსონაჟები, წყალს არ სვამენ, როგორც პერსონაჟები, ცდილობს,  ყველაფერი „გამოასწოროს“, წარმოსახვაში მაინც.

„მამა ექიმია, უროლოგი და ეს პერსონაჟისთვის კარგი ამბავი და კარგი დეტალია. დედაჩემი იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საქართველოში იმ პირობებში, როცა ჩემს თაობაში იყო და არის მასობრივი ზიზღი რუსულის მიმართ, აბსოლუტურად სამართლიანად. ეს კიდევ დამატებით დეტალს სძენდა დედაჩემს, როგორც პერსონჟს, რადგან თავადაც იყო მომართული ანტირუსულად და მაინც ასწავლიდა. მარტივი გამართლება ჰქონდა „მტრის ენის ცოდნასთან“ დაკავშირებით, არაერთხელ გვიკამათია ამაზე. ბებიაჩემი იყო პერსონაჟი, რომელიც 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ფილარმონიაში. ნახევარი ბავშვობა გატარებული მაქვს ფილარმონიაში. იქ კი უამრავი პერსონაჟი იყო, ისინი, ვისაც ჩემი თაობა ეკრანზე ხედავდა, მე კი პირადად ვიცნობდი. ხომ იყო ხოლმე „იუმორინა“, ერთი თვე რომ გრძელდებოდა, ჰოდა, ყოფილა შემთხვევა, რომ ოცდაათივეს დავსწრებივარ. ჩემს ოჯახში იყო ძალიან საინტერესო პერსონაჟი, რომელსაც არ ვიცნობდი - ბაბუა, ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა. ძალიან სახასიათო კაცი იქნებოდა. არანაირი მუსიკალური განათლება არ ჰქონია, მაგრამ კოვზით და ჭიქით შეეძლო აეწყო ნებისმიერი მელოდია. მთელი ცხოვრება იყო ტაქსის მძღოლი და ტაქსიზე გარდაიცვალა. მგზავრი რომ მიიყვანა, თავი ცუდად იგრძნო და საჭესთან მოკვდა. ტაქსისტებისადმი ჩემი ინტერესი ალბათ აქედანაც მოდის. კიდევ, უფროსი ძმა მყავს, უპირობო ავტორიტეტი და სწორი ღირებულებების პერსონაჟი - ვიცვამდი მასავით, ძირითადად, მის გამონაცვალს. ვისმენდი იმ მუსიკას, რასაც ის უსმენდა. ბევრ რამეზე ვკამათობთ დღესაც, მაგრამ ფუნდამენტური ღირებულებები შეთანხმებული გვაქვს“.

იყო ცუდი წლები და ძალიან ცუდიც, თუმცა მის ირგვლივ, მის გარემოში ძირითადად კარგი ხალხი ტრიალებდა. ეს გარემო ვაზისუბანია, რომელიც, მისი აზრით, იდეალური იქნებოდა ნებისმიერი ნაწარმოებისთვის, რადგან ისეთია, წარმოსახვით უბნებს, ხეობებსა თუ ქალაქებს სპეციალურად რომ ქმნიან მწერლები. სკოლა, რომელიც ორი წუთის სავალზეა, ბირჟა, საიდუმლო ადგილები საიდუმლო შტაბებისთვის; აღმოჩენების ადგილი და ტერიტორია აკრძალული, ნაკლებად აკრძალული და უფრო აკრძალული საზღვრებით, რომელსაც პერიოდულად არღვევდა, გადიოდა, ითვისებდა და ახალ პერსონაჟებსაც პოულობდა. და იყო კიდევ ტექსტები და ამ ტექსტებით პირველი გაოცება.

„პირველი, განსაკუთრებული გაოცება იყო „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. იყო სხვა მნიშვნელოვანი ტექსტებიც. თუმცა განცდა, რომ, ვაიმე, ეს რა წავიკითხე იყო „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. შეუდარებელია. მარკესმა, თუ არ ვცდები,  11-ჯერ გადაწერა და დაწერა ის, რაც დაწერა. ამბობდა, „მარტოობის ასი წელიწადი“ იმისთვის დავწერე, რომ ხალხს პოლკოვნიკი წაეკითხაო. ბავშვობიდან დღემდე ჩემს საყვარელ წიგნებში შედის ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“. ეს კუნძულის ათვისება, გუნდური სამუშაო ჩემთვის არის ძალიან მიმზიდველი და მადისაღმძვრელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იბრძოდნენ ერთი მიზნისთვის და არ ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ მხრივ იდეალური სიმყუდროვე იყო შექმნილი ჩემთვის „საიდუმლო კუნძულზე“. წელი არ გავა, რომ თავიდან არ წავიკითხო, შეიძლება რაღაც ახალი ემოცია აღარ მოაქვს, მაგრამ ეს არის შანსი, რომ ცოტა ხნით დავბრუნდე ბავშვობაში“.

"დათო გორგილაძის ბლოგი": "ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”.

მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი.  ჰოდა, ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.

მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე".

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE