მაინც აღვსდექი
შენ შეგიძლია გააშავო ჩემი წარსული
იხმარო შენი ჩახლართული, რთული ფანდები,
შენ შეგიძლია ტალახივით ამზილო ფეხქვეშ,
მაგრამ, მტვრის მსგავსად, მე კვლავ აღვდგები.
ჩემი სილაღე ასე მწარედ რად გხვდება გულზე?
რად ვამჩნევსევდას, შენს მზერაში ელდად გაკრთობილს,
როცა დავდივარ ისე, თითქოს შუა ოთახში,
ზედ სავარძელთან ჭაბურღილი მედგას ნავთობის.
მსგავსად ნაკლული მთვარეების, მსგავსად მზეების,
ტალღის გოროზი აზვირთების და შემართების,
მსგავსად იმედის გაღვიძების და გადარევის,
მაინც აღვდგები!
შენ რა გეგონა - რომ მნახავდი ფეხქვეშ გათელილს,
დაღლილი მზერით და მორჩილად მოხრილი ქედით?
შენ რა გეგონა - ჩამოვყრიდი მხრებს უსასოოდ,
დავნებდებოდი შავ ნაღველს და ცრემლებს ვაფრქვევდი?
ნუთუ ეს ჩემი ქედმაღლობა ასე გაოგნებს?
მე მომიტევე, თუკი გულში ეკლად გესობა;
როცა ვიცინი ისე, თითქოს ოქროს მაღაროს
გვირაბით ჰქონდეს შესასვლელი ჩემი ეზოდან.
შენ შეგიძლია, რომ დამხვრიტო შენი სიტყვებით,
ტანზე დამატყო შენი მზერის განაბასრევი,
შენ შეგიძლია მომკლა კიდეც მაგ სიძულვილით,
მაგრამ მე მაინც, ჰაერივით, ისევ აღვსდგები.
ნუთუ ეს ჩემი მაცდურობა ასე გაცბუნებს?
ნუთუ შენს თვალებს ვეოცები და ვენავსები,
როდესაც ვცეკვავ ისე, თითქოსთეძოებს შორის,
მათ შესართავთან საგანძური მაქვს ალმასების?
ქოხმახებიდან, ისტორიის სირცხვილს რომ მალავს,
მე კვლავ აღვსდექი,
ნამყოდან, ჩემი ტკივილით რომ იკრებდა ძალას,
მე კვლავ აღვსდექი,
ეს მე ვარ შავი ოკეანე, მძლავრი და ლაღი,
ვარხევ და ვახვევაღელვებულ,ბობოქარ ტალღებს.
უკან დარჩენილ ღამეების შიშით და ბრაზით
მე კვლავ აღვსდექი,
იმ განთიადში მტრედივით რომ კრიალებს ცაზე,
მე კვლავ აღვსდექი,
ჩემშია ჩემი წინაპრების ძალი და ღონე,
მე ვარ ოცნება, იმედი ვარ და სასო მონის.
მაინც აღვსდექი,
მაინც აღვსდექი,
მაინც აღვსდექი.
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა
მქადაგებელო, არ მიმავლინო
მქადაგებელო, როცა მოვკვდები
არ მიმავლინო მარშით
იმ რომელიმე მოზრდილ გეტოში
რომ მოუწყვიათ ცაში
სადაც ქცეულა ვირთხების კერძად
ჯიქივით ზორბა კატა
ხოლო საუზმე ყოველ კვირადღეს
ხაში არის და ფაფა
ვიცნობ იმ ვირთხებს ხშირად მინახავს
მსხვერპლს რომ დასდევენ მარდად
ფაფაც იმდენი შემიჭამია
გორა დადგება ნაღდად
(მთაც შეიძლება კი გამოვიდეს)
ამიტომ მინდა კვირას
სხვანაირ რწმენას რომ მინერგავდე
ახალს და გასაკვირალს
მქადაგებელო, გთხოვ ნუ აღმითქვამ
ოქროთი სავსე ქუჩას
და რძეს უფასოს, მას მე არ დავლევ
პირს მოვიმუწავ ურჩად
ოთხი წლის მერე ჩემს ცხოვრებაში
რძე უკვე აღარ არი
და აღარც ოქრო არ დამჭირდება
როცა ვიქნები მკვდარი
ნამდვილ სამოთხეს მე ვუწოდებდი
მხოლოდ იმ ადგილს სადაც
ოჯახი მშვიდი იქნებოდა და
უცხო ხალხი კი სადა
წელიწადის დრო - სულ შემოდგომა
ხოლო მუსიკა - ჯაზი
ან ეს აღმითქვი ან დავიტოვებ
იმ დაღს რომელიც მაზის
ინგლისურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა
დამახსოვრება
შენი ხელების სიმსუბუქე
ეთამაშება ჩასახლებულ ჩემს თმაში
ფუტკრებს, შენი ღიმილი დასრიალებს
ჩემი ლოყის დაფერდებაზე. მერე
როცა ზემოდან წევხარ ალმოდებული, მოტკრციალე
ლოდინად მყოფი, იდუმალი მისტერია ძალას ხმარობს
ჩემ საღ აზრებზე.
ხოლო როცა გამოიღებ
საკუთარ თავს და მასთან ერთად მთელ ჯადოსნობას
და მხოლოდ შენი ვნების
სუნი რჩება ჩემს მკერდზე, მაშინ,
მხოლოდ მაშინ ვისრუტავ ხარბად
იმწამიერ შენს არსებობას.
ჩემგან წავიდნენ...
ჩემგან წავიდნენ და ცოლებს უთხრეს,
რომ ცხოვრებაში არასდროს არცერთს
არ შეხვედრია ჩემნაირი,
მაგრამ... ჩემგან წავიდნენ მაინც.
უამბეს, ენით ალოკილს რომ მიგავდა სახლი,
რომ სიტყვაძუნწი არ ვყოფილვარ, როცა მათ ვახლდი,
რომ თან მდევდა იდუმალი ყოველთვის ქარი,
მაგრამ... ჩემგან წავიდნენ მაინც.
ყველა კაცს პირზე ჩემი ქება ეკერა კვლავაც,
ახსოვდათ ჩემი გაცინება, ჭკუა და გავა,
სიამოვნებით დარჩებოდნენ ორი-სამი ღამითაც, ალბათ,
მაგრამ...
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
წარმავალი დრო
შენ კანს აისის სურნელი ასდის
ჩემსას კი მუშკის,
ერთი გვიხატავს გარდაუვალ
ბოლოს საწყისის.
ხოლო მეორე დასასრულის
უეჭველ საწყისს.
თავდაჯერება
მომეცი ხელი
და აავსე ოთახი ჩემით
რომ გაგიძღვე და
გაშმაგებული პოეზიის გაღმაც მოგსდიო.
დე სხვები დატკბნენ
მარტოობით
სიტყვებთან ყოფნის
და სიყვარულით
სიყვარულის, გადაკარგულის.
მე კი მხოლოდღა
მომეცი ხელი.
როცა მოდიხარ
როცა მოდიხარ, დაუკითხავად,
დიდი ხნის წინათ გადავიწყებულ
ოთახს მახსენებ,
რომელშიც ჩემი მოგონებები განისვენებენ;
როცა მთავაზობ, როგორც ბავშვს ჭერში,
მოქუჩებას წარსულ დღეების;
სამშვენისებს ფარულ კოცნების;
სამკაულებს ნასესხები სიყვარულების;
საიდუმლო სიტყვების სკივრებს -
მაშინ ვტირივარ.
ანგელოზის ფრთაშენახები
ჩვენ, სიმამაცეს მიუჩვეველნი
გამოდევნილნი სიამისაგან
ვცხოვრობთ ეულნი ნიჟარაში დაკლაკნილები
ვიდრე დატოვებს სიყვარული საკუთარ ტაძარს
მაღალს და წმინდას
და მოვა ჩვენთან
რომ თავისუფალ ცხოვრებაში გადაგვისროლოს.
ჩამოდგა უკვე სიყვარული
და მატარებლით გვეწვია გზნება
მოგონებები ანტიკური ისტორიების
სიამეების და ტკივილების.
თუკი ვიქნებით ისევ მამაცნი
შიშის ბორკილებს გააძევებს სიყვარული
ჩვენი სულიდან.
ჩვენ აგვაგლიჯეს ჩვენი სიმორცხვე
სიყვარულის შუქის ნათელში
გავკადნიერდით ვიყოთ მამაცნი
და უცაბედად დავინახეთ რომ სიყვარული
საზღაურია ყველაფრის რაც ვართ
და ოდესმე რაც კი ვიქნებით.
ჯერ კიდევ მხოლოდ სიყვარულია
რაც გვანიჭებს თავისუფლებას.
ძილგამკრთალი
არის ღამეები, როდესაც ძილი
დამალობანას მეთამაშება,
ქედმაღლურად და დაუდარდებლად.
და ყველა ხრიკი,
მის დასაძლევად რასაც ვიყენებ,
მასვე მსახურობს
და სრულიად ურგები ხდება,
როგორც ღირსება, თავშელახული,
და უფრო მეტ ტკივილს მაყენებს.
შეუპოვარი და საზარი ჭეშმარიტება
ჩვენ, ჩვენი მოდგმა პატარა და ეულ ცთომილზე
მიზეზობრივი სივრციდან რომ მოარღვევს სივრცეს
გამოღწეული ვარსკვლავებს და გულგრილ მზიანებს
იმ ადგილისკენ ყველაფერი სადაც გვანიშნებს
რომ შეგვიძლია და გვევალება
აღმოვაჩინოთ შეუპოვარი და საზარი ჭეშმარიტება
და ჩვენ როდესაც ამას მივხვდებით
მშვიდობისმყოფელ იმ დღეს როდესაც
ისტორიული მუშტებისგან დავიხსნით თითებს
როცა ჩვენს მტევნებს შემოერტყმება
ანკარა და ცივი ჰაერი
როცა მივხვდებით
როდესაც ფარდა ჩამოფარავს სცენაზე ბოღმას
და ჩამოვიბანთ სიძულვილით შემურულ სახეს
კოლიზეუმზე და ბრძოლის ველზე
როდესაც აღარ დაეცემიან ჩვენი რჩეული და იშვიათი გოგო-ბიჭები
და უცხო მიწის სისხლიან მოლს არ დაეფინება
დაფლეთილი ჩვენივე ხორცი
როცა შეწყდება ხარბი ღელვა ეკლესიების
და ტაძრებში უწყვეტი კვნესა
როცა დროშები მხიარულად დაირწევიან
როცა მსოფლიოს ბანერები ათრთოლდებიან
მშვენიერი, მსუბუქი ბრიზით
როცა მივხვდებით
და ჩამოვყრით შაშხანებს მხრიდან
როცა ბავშვები თოჯინებს ხელში დააკავებენ საზავო დროშას
როცა სიკვდილის მაღაროებს შორს მოვიტოვებთ
როცა ეპოქა შეძლებს შესვლას მშვიდობის მწუხრში
როდესაც საღვთო რიტუალები სულს არ შეგვიკრავს
შემწვარი ხორცის გუნდრუკის კმევით
როდესაც ბავშვურ ზმანებებიდან წიხლებით აღარ გაგვაძევებენ
შუაღამის მაჯლაჯუნები
როცა მივხვდებით
ვაღიაროთ რომ
არც მისტიური სრულყოფილებით წამომართული
პირამიდები დიდებულ ქვებით
არც კოლექტიურ მახსოვრობაში
მარადიულ მშვენიერებად
დაკიდებული ბაბილონის ბაღები და არც
დაისის მიერ ულამაზესად განათებული
ვეებერთელა კანიონები
აღარც დუნაი მორაკრაკე ევროპაში ცისფერი სულით
აღარც ფუჯის მთის ქათქათა ქიმი წამომართული მზის ამოსვლისას
არც მშობლიური ამაზონი და მისისიპი
განურჩევლად რომ შექმნა ბუნებამ
თავის სიღრმეში და ნაპირებში
აღარ არიან ერთადერთი საოცრებანი ამ სამყაროში
როცა მივხვდებით
ჩვენ, ჩვენი მოდგმა ამ ციცქნა და უთვისტომო დედამიწაზე
ვინაც თავს ვაღწევთ ყოველდღე ბომბებს, ხმლებს, დანისპირებს
რომლებიც ჯერაც სიბნელეში ვეძებთ სიმშვიდეს
ჩვენ, ჩვენი მოდგმა, მატერიის ამ ულევ მტვერში,
ვინაც მოვისვრით ბაგეებით ჭირვეულ სიტყვებს
სიტყვებს რომლებშიც ჩვენი ყოფა საეჭვო გვიჩანს
სწორედ იმავე ბაგეებს ძალუძთ
რომ გადმოღვარონ ისე ნატიფი ტკბილი სიმღერა
რომ შეიკუმშოს გული ღელვისგან
და სხეული კრძალვით დადუმდეს
ჩვენ, ჩვენი მოდგმა ამ პატარა მოტორტმანე დედამიწაზე
რომელთა ხელებს ძალუძთ დარტყმა ისე უწყალოდ
სიცოცხლე წვენად გამოსხლტება ცხოვრებისაგან
სწორედ იმავე ხელებს ძალუძთ ისე შეხება ისე სალბუნად
ნაზი სიმედგრით
რომ ქედუხრელი კისერს დახრის გახარებული
და გულზვიადი ბედნიერად თაყვანს მოგაგებს
ამ ქაოსიდან, ქაოსური უარყოფებით,
ვხვდებით რომ ჩვენში ღვთის წილია ეშმას კი არა
როცა მივხვდებით,
ჩვენ, ჩვენი მოდგმა, ვინც ჭირვეული, მღელვარე ტანით
ვიშვით ამქვეყნად, ამ პლანეტაზე
გვაქვს ძალა მივცეთ ფორმა ამ მიწას
ვქმნით ამინდს სადაც ყველა ქალი და მამაკაცი
შეძლებს ცხოვრებას თავისუფლად გარეშე ყალბი
ღვთისმოსაობის
ავადმყოფური შიშის გარეშე
როცა მივხვდებით,
ვართ ვალდებული ვაღიაროთ რომ შეგვიძლია
რომ სასწაული ჩვენა ვართ სწორედ,
ამ სამყაროში ჭეშმარიტი საოცრებანი
ეს კი მოხდება, მხოლოდღა მაშინ
როცა მივხვდებით.
ინგლისურიდან თარგმნა ქარდა ქარდუხმა