ის საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლად ჩამოვიდა. შავკანიანი, ლამაზი გოგო დეტროიტიდან. რაღაცით ქვინ ლატიფას ჰგავდა, მაგრამ ეგეთი მსუქანი არ იყო, უბრალოდ ფერხორციანი იყო, ჯანიანი გოგო, როგორც იტყვიან. ცხოვრობდა ჩვენი სკოლის ინგლისურის მასწავლებლის სახლში და ყოველ დილით სკოლაში მასწავლებლის ქმარს დაჰყავდა მანქანით თავისი ცოლი და ელისი. ელისს შეყვარებულიც ჰყავდა, ტეხასელ-მექსიკელი გილერმო, რომელიც ჩვენი რაიონის სხვა სკოლაში ასწავლიდა.
რატომღაც არასდროს მიკითხავს ელისისთვის მანამდე იცნობდა გილერმოს და სპეციალურად გაანაწილეს ერთ რაიონში, თუ აქ გაიცნო. გილერმო გამხდარი იყო, ძვალი და ტყავი, ელისს ნიკაპამდე სწვდებოდა. ელისი "ჩემს უდღეურს" ეძახდა.
- ნეტა ვის ჰგავს ასეთი საწყალი, მექსიკელები ჯმუხები არიან! - იცინოდა ელისი.
გილერმო სულ სამჯერ ვნახე. რაიონის ცენტრში გამაცნო ელისმა, კაფეში დავსხედით და წყალწყალა ლუდით გავიჭყიპეთ.
- დალევა ჩვენც გვიყვარს, მაგრამ რასაც თქვენ შვრებით, ზედმეტია! საღამოს, სკოლიდან სახლში რომ მივალ ხოლმე, ოთახში ვიკეტები, რადგან სოფლელები არყით მოდიან! - დაიწუწუნა გილერმომ და გულწრფელად შემეცოდა, რადგან იმ სოფელში, სადაც ის ასწავლიდა, ხუშტურიანი ხალხი ცხოვრობს.
კაფეში გილერმო დაგვითვრა. გავედი, ნაცნობი ტაქსი მოვიყვანე და მაგიდაზე თავჩამოდებულ გილერმოს მხარში შევუდექი, მაგრამ ელისმა თვალი ჩამიკრა და გვერდზე გამწია, მე თვითონო.
- მოდი ჩემო პატარა! მოდი დედიკოსთან, ჩემო ბიჭო! - ისე აიყვანა ხელში, როგორც კაცებს აჰყავთ ხოლმე საყვარელი ქალები. მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა, გილერმომ ელისის სირბილეები რომ იგრძნო, ეტყობა, ტეხასში, თავის ლოგინში ეგონა თავი და უფრო ღრმა ძილში ჩაეშვა.
მე და ელისი კაფეში არ შევბრუნებულვართ, წყალწყალა ლუდის სმა მოგვბეზრდა. ისიც ჩემსავით იყო, თუ დაიწყებდა სმას, ბოლომდე უნდა დამთვრალიყო. მაღაზიაში ლუდები, მიწის თხილი და სიგარეტი ავიღე და ჯერ ძველ ციხეზე ასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ დაგვეზარა და ხობისწყლის პირას გავედით.
- თქვენს ღვინოზე უფრო თქვენი ლუდი მომწონს! - ერთჯერადი ჭიქა ლამის ჩაანახევრა ელისმა. გასაკვირი ამბავია, რატომ გიჟდებიან უცხოელები ჩვენს ლუდებზე.
- მეხუმრები?!
- არ ვხუმრობ. არადა თქვენს ღვინოზე იმდენი კარგი მსმენია.
- ჩვენი კუთხის ღვინო არ ვარგა. აი, კახურ ღვინოს გაგასინჯებ და მერე ვილაპარაკოთ. - ვუთხარი და მიწის თხილის ქილა ავიღე, თავსახურის ამოსაწევი რგოლი მოძვრა და საჩვენებლ თითზე წამოცმული შემრჩა.
- შეეშვი, ლუდი ხომ გვაქვს, ლუდი და სიგარეტი! - მითხრა ელისმა. - როგორც იმ ბაკენბარდებიან ჯარმუშთან.
- დათვერი ელის, იქ ყავა და სიგარეტია.
- ჯანდაბა მაგის თავს.
დიდი ძებნის შემდეგ რკინის ნატეხი ვიპოვე და ცოტაზე გახსნილი ქილა თითქმის ნახევრამდე გავხსენი.
- არასოდეს თქვა არასოდეს! - ქილა მივაწოდე ელისს, ელისმა თითები ჩაყო, ამოღებისას მიწის თხილის რამდენიმე მარცვალი გაუვარდა და ასაკრეფად დაიხარა.
- წეღან გახსნაც არ გინდოდა, ახლა კი ძირს დაყრილ მარცვლებსაც ვერ ელევი?!
ელისი გასწორდა, თვალებში ჩამხედა და მოგონილი მაღალფარდოვნებით თქვა:
- ამაზე ხომ ხალხის შრომაა დახარჯული?! - მერე ისევ დაიხარა და აკრეფას შეუდგა. მე გამეღიმა და ჯილეხით ქუთუთომოჭმული ფშაველი გენიოსის აი, ის ტაეპები გამახსენდა, სადაც დიაცის უბის სიამეებზე საუბრობს და მანამდე შემრცხვა, სანამ ელისი ჩემს მზერას დაიჭერდა. მოწყალედ გამიღიმა, იცოდა რა მძლავრ და მომნუსხველ იარაღს (უფრო სწორად, იარაღებს) ფლობდა.
- ესე იგი, ჯარმუში მოგწონს?! - მკითხა და ხელით მანიშნა, მომიკიდეო.
- კი, რაღაცები მომწონს, მაგრამ კასავეტესი და დევიდ ლინჩი მირჩევნია.
ამ უკანასკნელის ხსენებაზე ელისს სიგარეტის ბოლი გადასცდა და ლამის დაიხრჩო.
- ლინჩი ხომ ისეთ საზიზღრობებს იღებს. თანაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. აი, მე ნენსი მეიერსი მომწონს.
- კარგი რა, ელის, მე დიდი კინოზე გელაპარაკები.
- მე კინომანი არ ვარ, რაც მომწონს, იმას ვამბობ.
- ხო, ნენსიმ იცის, რა სურთ ქალებს.
- ცისფერთვალება მელი. როგორ დაბერდა, არადა, რა ბიჭი იყო. - ამოიოხრა ელისმა და ეგრისის ქედს გახედა, მთის ნაოჭებში თოვლი ჩარჩენილიყო, ბოლომდე არ იყო დამდნარი, მდინარე ჯერ კიდევ მოდიდებული და ფერშეცვლილი მოედინებოდა.
შუკიდან პატარა ბიჭებმა ჩამოუხვიეს. ცოტა ხანს გვიყურეს, ალბათ ეგონათ, რომ მეც უცხოელი ვიყავი. მერე ტანსაცმელი გაიძრეს და მდინარეში ჩახტნენ. მეორე ნაპირამდე გაცურეს და ისევ უკან დაბრუნდნენ. ჩვენ დასანახად გამოიდეს თავი, თორემ მაისის დასაწყისში ხობისწყალი ისეთი ცივია, ჩახტომა და ამოსვლა ერთია, ხანდახან „პლავკები“ ბოლომდე დასველებასაც ვერ ასწრებს. მაგის მეტი რა მიკეთებია ბავშვობაში.
- წამოდი! - თქვა ელისმა და ტანსაცმლიანად ჩახტა წყალში. - შენ დედაც... რა საშინელებაა! - აკივლდა ელისი, არ მოელოდა, წყალი ასეთი ცივი თუ იქნებოდა.
მივყევი, სხვა რა გზა მქონდა. ნელ-ნელა ჩასვლა საშინელებაა, გრძნობ, როგორ მოიწევს ზევით სიცივე, ყვერებზე ცივი წყლის შეხებისას ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მარწუხებს გიჭერენ, ამიტომ, გამოცდილი თუ ხარ, აუცილებლად ხელს შემოიჭერ და მხოლოდ მაშინ გაუშვებ ნელ-ნელა, როცა უკვე წელამდე წყალში ხარ. ელისთან ამას ვერ ვიზამდი, ამიტომ გავქანდი და პირდაპირ ჩავხტი. რომ ამოვედი, ელისი აკანკალებული იჯდა ქვაზე და ჰელიოსს, ჩვენს დიდ პაპას, დედის ტრაკს აგინებდა, რადგან მზის ეტლი ღრუბლებში შეეხრიგინებინა.
ხანდახან ელისი ჩემთან რჩებოდა.
ელის, ჩემო მეგობარო ელის, შენ დაიბადე დიად ქვეყანაში. ის დიადი ქვეყანა კი, რომლის ნაწილიც ჩემი პატარა ქვეყანა იყო, ჩემი დაბადებიდან ოთხ წელიწადში დაიშალა. შენ გქონდა ფერადი ბავშვობა და ყველა სათამაშო, რომელსაც მოისურვებდი. ჩემი ბავშვობა კი ბნელი იყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ჩემი ბავშვობა ხელისუფლების მაძიებელთა თუ ჩემს კუთხეზე შურისმაძიებელთა ხანა იყო, თუმცა შენ მხოლოდ ოქროსმაძიებლები იცი. როცა ჩემს ფეხზე პროთეზი დაინახე, მოგიყევი, თუ როგორ აგვიფეთქდა ბავშვებს ჩაის პლანტაციაში ნაპოვნი უცნაური ასაფეთქებელი მოწყობილობა და მე ფეხი დავკარგე, ჩემმა მეგობარმა კი – ორივე თვალი. მე ფეხბურთს სამუდამოდ დავემშვიდობე, მაგრამ ეს რა სახსენებელია, როცა ჩემი მეგობარი ბნელ ბავშვობაზე უფრო ბნელ წყვდიადში სამუდამოდ ჩაიძირა.
- რა საშინელებაა! - თანაგრძნობით უთხარი შენ ჩემი ფეხის პროთეზს, მე კი შევეცადე ამეხსნა მაშინდელი გეო და შიდაპოლიტიკური მდგომარეობა.
- კი, მაგრამ, რატომ?! - ახლა უკვე მე მკითხე და მივხვდი, რომ ვერაფერიც ვერ გაიგე, შენთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, ამიტომ მიგიყვანე კაიფერა მსხალთან, რომლის ძირშიც კოჭქვეშ მოწყვეტილი ჩემი მარჯვენა ფეხი დამარხა მამაჩემმა. მიწას ბალახი მოვაშორე და ბიძაჩემის დაყენებული "ადესა" მოვასხი, შენ ეს მოგეწონა და იგივე გაიმეორე.
შენ, როცა რამეს დააშავებდი, დაგსვამდნენ და გიხსნიდნენ, რომ ასე არ შეიძლება, მე კი თხილის წნელით მცემდნენ და შიშველ ტანს ჭინჭრით მისუსხავდნენ.
- რა სადიზმია! - თქვი და ჩემს მშობლებს გახედე, რომლებიც გიღიმოდნენ.
- არა, დაო ელის, ეს სპარტანული აღზრდა იყო! - ვთქვი მე და მოგრძო თხილი, პოეტური სახელწოდებით "დედოფლის თითი", კბილებში მოვიქციე.
შენ ქალიშვილობა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დაკარგე, მე კი ფულს კარგა ხანს ვაგროვებდი, რომ ვაგზლის ბინძურ სასტუმროში ვაჟიშვილობა დამეკარგა, თუმცა ძალიან მთვრალი ვიყავი და არაფერი გამომივიდა.
- იმპოტენტო! – გაგეცინა შენ, მამაჩემის გამოხდილი ჭაჭა მოსვი და დაიმანჭე. გიყვებოდი, საკუთარი მარცხით თავმოყვარეობაშელახული, როგორ ვაგინებდი მეძავს, ის კი მიყვიროდა:
- მე რომ მკვდარს ვაცოცხლებდე, მამაჩემს გავაცოცხლებდი!
- ჰაჰ, მკვდარი, როგორც შენი ფეხი! – იცინოდი და ჩურჩხელას ღეჭავდი.
შენი ინდიელი წინაპარი, დედის მხრიდან, ერთ-ერთი ტომის უკანასკნელი ბელადი იყო, შენ ამით ძალიან ამაყობდი და აღშფოთებას ვერ მალავდი ინდიელთა გენოციდის გამო, ჩემი წინაპარი დადიანის კარზე ძაღლების მომვლელად მუშაობდა.
- ჩემს ძაღლს მაქსი ჰქვია. - თქვი შენ და ჩემი მეზობლის მშიერ ძუკნას მჭადის ნატეხი გადაუგდე.
ბებიაჩემს სკოლაში ალიო მაშაშვილს ასწავლიდნენ: "ხარის ბეჭზე ლექსებს ვწერდი, / მასწავლიდა მელანია." ბებიაშენს კი, ალბათ...
- ბებიაჩემს პოეზია არ უყვარდა. - შემაწყვეტინე შენ და ტყლაპს კუთხე ჩამოახიე.
ბაბუაშენი პერლ–ჰარბორის დაბომბვისას დაიღუპა, ბაბუაჩემს მეორე მსოფლიო ომში საერთოდ არ უბრძოლია, რადგან უფროსმა ძმამ დაატოვებინა ერთი პურ-მარილის ფასად მავან ძალმოსილ ჩინოვნიკს.
- დეზერტირი?! - ჰკითხე შენ ბაბუაჩემის გადიდებულ სურათს.
სამაგიეროდ, შენგან განსხვავებით, მე გამიკეთებია შურდული სკოლის სამხედრო კაბინეტში შენი ქვეყნის ბირთვული იერიშის შიშით ცივი ომის დროს მომარაგებული აირწინაღისგან. თვალის შუშებში ნეკის სიმსხო რეზინი ჰქონდა ჩატანებული, რომელიც გასაწელად რთული იყო, ძალა უნდოდა, მაგრამ თუ გაწელავდი და, თან, საკისრის ბურთულა იდო ტყავში, მიზანს შუაზე გლეჯდა.
- და რაზე ნადირობდით?! – მკითხა ელისმა და ხურმის ჩირს თავი მოაკბიჩა.
- მერცხლებზე და ჩხიკვებზე.
- მაშ, შენ მოკალი ჯაფარა?! - გაეცინა ელისს და ღია ფანჯრიდან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.
- გავიგეთ, რძალი მოგიყვანია! - ეხუმრებოდნენ დილით მამაჩემს მეზობლები. ელისმა კი სკოლაში წამათრია, სამხედრო კაბინეტი მანახეო. არანაირი ნოსტალგია არ მაქვს სკოლის მიმართ. ის კი არა, როცა წარმოვიდგენ, რომ ისევ მოსწავლე ვარ, ტანში ჟრუანტელი მივლის, ამიტომ წასვლა არ მიხაროდა, მაგრამ მაინც გავყევი. სამხედრო კაბინეტი იმაზე უარეს დღეში აღმოჩნდა, ვიდრე ჩემ დროს. მაშინ დაკეტილი მაინც იყო და ფანჯრიდან ვიპარებოდით, ახლა კი კარიც ჩამოეხსნათ. შიგნით მხოლოდ დაგლეჯილი სამხედრო რუკები და აირწინაღების ხორთუმის ჟანგიანი რკინები ეყარა.
- მაშდამე, ტერორისტი კამკამაძე დაუნდობელია! - გამახსენდა, როგორ ცდილობდა ჩვენი ცნობიერების ამაღლებას შახი მასწავლებელი და ტერორიზმთან ერთად სხვა გლობალურ საფრთხეებსაც მიმოიხილავდა, როგორც შეეძლო.
ელისს ჩვენი სპორტდარბაზიც ვანახე, ჩამოსული წყლისგან დამპალი და აყრილი ფიცრებით და ჩამსხვრეული ფანჯრებით.
- აი, თურმე რატომ მიმალავდნენ. ერთხელ დირექტორს ვუთხარი, მოსწავლეები სპორტულ დარბაზში უნდა წავიყვანო-მეთქი და მიპასუხა, არ გვაქვსო! - თქვა ელისმა და თავისი კოლეჯის დარბაზი გაახსენდა, სადაც ჩირლიდერობის დროს, კუბოკრული, მოკლე ქვედაბოლოთი და ვარდისფერი ტრუსით ცეკვავდა.
გაკვეთილების შემდეგ ელისი გზის გადაღმა, ბიბლიოთეკაში წავიყვანე, სადაც მამიდაჩემი მუშაობდა. მარცხენა მხარეს, ჭერამდე ასულ სტენდზე, ჩემი ბავშვობისდროინდელი ნაცოდვილარები ელაგა. ერთხელ იქ გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოაწყო და მე გავიმარჯვე, საჩუქრად ბადმინტონი მომცეს. მერე, რაც სახლში ნახატები და ქანდაკებები მქონდა, მამიდაჩემმა ბიბლიოთეკაში წაიღო. ელისს ყვითელი საიზოლაციო პენოპლასტისგან გამოთლილი ფიგურები მოეწონა. ბავშვობაში, პენოპლასტის ნატეხები მდინარეს ჩამოჰქონდა და სამართებლით ფიგურებს ვთლიდი.
- ნამდვილი როდენი ხარ! - მითხრა ელისმა.
- ნამეტანია. იაკობ ნიკოლაძე მაინც გეთქვა.
- იაკობ... ვინ?! - ეჭვით შემომხედა, თან არ უნდოდა რამე მწარე ეთქვა, იქნებ მსოფლიოში სახელგავარდნილი ვინმე ყოფილიყო და სირცხვილი ეჭამა.
ელისს სასაფლავის ქვებზე ფოტოების თვალიერება უყვარდა. დაღლილები რომელიმე საფლავის მესრის ცოკოლზე რომ ჩამოვსხდებოდით, ელისი სილვია პლათის ლექსს წამოიწყებდა: "- მთვარეს ღიმილი რომ შეეძლოს, შენ გემგვანება. / ერთნაირ განცდას ბადებთ ორივე - / ლამაზები ხართ, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს ახმობთ. / სხვისი სინათლის ქურდები ხართ შენცა და ისიც." (აუდიოინსტრუქცია: თარგმანი იკითხება ანი კოპალიანის ხმით).
"- ო, ღმერთო ჩემო, მითხარი, ვინ ვარ, / თუკი უნდა გაჰკიოდნენ ნაგვიანევი ეს პირები / ყინვის ტყეში, აისზე ლურჯი ღიღილოების." (აუდიოინსტრუქცია: თარგმანი იკითხება შოთა იათაშვილის ხმით) - ავყვებოდი ხოლმე მეც.
აღდგომა დღეს ელისი საფლავებზე ჭამა-სმამ გააკვირვა.
- ელისი საოცრებათა ქვეყანაში. - ვეხუმრებოდი და კვერცხს ვფცქვნიდი.
- ამ შემთხვევას "უცნაურობათა" უფრო შეეფერება! - თქვა ელისმა, ხელიდან გაფცქვნილი კვერცხი ამართვა და სიცილით პირში ჩაიტენა.
ელისი ფრენბურთს მაგრად თამაშობდა. მთელი სანახაობა იყო: ჰაერში ამხტარ ელისს სოფლის ბიჭბუჭობა ციდან ჩამოსული ძეღმერთივით რომ ასცქეროდა.
- Fuck!!! - ყვიროდა ელისი, როცა ბურთს გააფუჭებდა.
- Fოქი! - ყვიროდნენ ბიჭები, როცა ბურთს გააფუჭებდნენ.
- ბებია, რა სჭირს თქვენს ბადეს, მთელი დღე "თოკი, თოკის" რომ ყვირით, თუ გაწყვეტილია, ვერ გადააბამთ?! - მკითხა ერთხელ ბებიაჩემმა, რომელიც მთელი დღეები სახლის დერეფანში, დაბალ სკამზე იჯდა. ელისს ვუთარგმნე და სიცილით მოკვდა.
მე და ელისი სამგზაგასაყართან მდგარ შავ კუნელს ვჭამდით ხოლმე.
- ვისია ბიჭო ეს ნახშირივით გოგო?! - მოვიდოდა იქვე მცხოვრები მეზობელი ზაკონ ოკუჯავა.
- რა იყო, მოგეწონა?! თუ გინდა გაგირიგებ.
- სად ვიპოვო ბიჭო ეს ღამით, სიბნელეში არც გამოჩნდება. - "ასტრას" აბოლებდა ზაკონი. გაგანია სიცხეში, ელისისთვის თავის მოსაწონებლად, დუბლიონკა ეცვა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნაქონი, რომლის მამასაც ყანა გაუთოხნა და აჩუქეს.
- მურე წიე! - საყვარლად ამბობდა ელისი, მეგრულად მხოლოდ ეს იცოდა.
- ა, უყურე შენ, მეგრულიც ცოდნია, ინგლისურის სწავლა არ მომიწევს! - უხაროდა ზაკონს, თითქოს დღე-დღეზე ცოლად უნდა მოეყვანა.
გილერმო მეორედ რომ ვნახე, ის და ელისი რაიონის ცენტრში, პარკში, ზედ ბესარიონ ქებურიას საფლავის წინ ისხდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. ხანში შესული ხალხი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, ბავშვები ტელეფონით ვიდეოებს უღებდნენ, ბესარიონ ქებურიას ბიუსტი კი, კმაყოფილი, ულვაშებში იღიმებოდა, რა გააკვირვებდა, ქვეყანა ჰქონდა კაცს ნანახი, ბოლოს და ბოლოს, ეიფელის კოშკს პირველმა შემოუფრინა.
როგორც ერთხელ ელისმა მითხრა, თურმე გილერმო ჩემზე ეჭვიანობდა. ზემოთ, ოსინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიასთან ვისხედით. ქვევით, ჰორიზონტამდე გაშლილ ვაკეზე გაბნეული სოფლები თხელ ბურუსში იყვნენ გახვეულნი.
- ამბობენ, რომ მზის ჩასვლისას აქედან ზღვა ჩანს. - ვუთხარი ელისს.
- დაველოდოთ მზის ჩასვლას?!
- დაველოდოთ.
ელისს ჩემს მხარზე ედო თავი, ჩუმად ვისხედით.
- ახლა გილერმო რომ გვიყურებდეს, გაგიჟდებოდა, შეიძლება მაჩეტეც დაეძრო. ან ისე გცემდა. - გაიცინა ელისმა.
- შენი აზრით მე გილერმოს თავს ვაცემინებ?! - ცოტა არ იყოს გავბრაზდი. - და სერთოდაც, იცი, ვის ჰგავს?!
- ვის?
- კლონირებისას გაფუჭებულ ეუხენიო დერბესს!
ელისს არ სწყენია, სიცილით მოკვდა. თვითონაც მომეწონა უცებ მოფიქრებული ჩემი ხუმრობა.
მზის ჩასვლამდე დავრჩით, მაგრამ არანაირი ზღვა არ გვინახავს.
მეორე დღეს ელისის დაბადების დღე იყო. მასპინძლებმა დიდი სუფრა გაუშალეს. სხვა სკოლების უცხოელი მასწავლებლები და მთელი ჩვენი სკოლა იქ იყო. ელისმა იმდენი მაცეკვა, ცხოვრებაში რომ არ მიცეკვია. გილერმო მეხუთე ჭიქაზე დათვრა და, თამადის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტი აღარ დაულევია. გვიანობამდე ვსვით.
- გილერმო ამაღამ ჩემთან დარჩება! - გადაულაპარაკა ელისმა დიასახლისს. შევატყვე, ქალს დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი. კარგა ხანს იწრიალა, ბოლოს ქმართან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა.
- მე აქ ბორდელი კი არ მაქვს! - მთვრალ ქმარს პასუხი ზედმეტად ხმამაღალი გამოუვიდა, სუფრის წევრები ახარხარდნენ.
ელისი მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. გილერმო და სტუმრები რომ წავიდნენ, ნელ მუსიკაზე ერთიც ვიცეკვეთ.
- თუ გინდა, ამაღამ ჩემთან წამოდი! - ვუთხარი ელისს.
- არა, აქ ვიქნები. ყველაფერი კარგადაა! - მითხრა ელისმა, ღაწვზე მაკოცა და მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. შემორჩენილ სუფრის წევრებს დავემშვიდობე და სახლში წავედი.
შუაღამისას ელისმა ბარგი ჩაალაგა, რაიონის ცენტრამდე ფეხით იარა, ტაქსი იშოვა და თბილისისკენ გაუდგა გზას. როგორც ჩანს, მძღოლს ჩაეძინა და ტაქსი სოფელ ზანაში, თერმული წყლის შადრევანთან, გზისპირა ჯებირს შეასკდა.
დილით, ელისის ოთახში ასულმა დიასახლისმა კომოდზე მოკლე წერილი იპოვა: "თქვენ გული მატკინეთ!"
"თქვენ"-ში მასპინძელი ოჯახიც, მეც, მთელი ქვეყანაც და გილერმოც იგულისხმებოდა.
მანქანიდან გადავარდნილი ელისის ცხედარი, თერმული წყლის გუბეში, ზუსტად იმ ადგილას ეგდო, სადაც გვირილების თაიგული ჩაუვარდა, როცა რამდენიმე დღით ადრე შადრევნის სანახავად წავედით.