სხვა თემურ ჩხეტიანი


სხვა თემურ ჩხეტიანი




„ყველაზე მძიმე

მაინც სიცარიელე იყო – 

მასში ყველაფერი იგულისხმებოდა“.


და თქვენ აგიწონიათ სიცარიელე? თუ კი, მაშინ მის სიმძიმეს იგრძნობდით. მე მხოლოდ მიცდია, თუმცა ვერასოდეს მოვერიე და გადავწყვიტე, რომ ზედმეტი ექსპერიმენტები აღარ ჩამეტარებინა. მითუმეტეს მაშინ, როცა თემურ ჩხეტიანის ეს მინიმა არსებობს როგორც პასუხი. და როგორც ბაცი ფერებით შესრულებული უზარმაზარი ტილო, რომელიც დიდ, ცარიელ ოთახში უნდა ჩამოიკიდო და უყურო ხოლმე. ჩემთვის, და სუბიექტურად, აქედან იწყება პოეტი თემურ ჩხეტიანი, რომელთანაც ახლა, ალბათ, სავარაუდოდ, ცივი ქარი უბერავს. ცივი, რადგან დეკემბერია და ქარი, რადგან ჩვენი რამდენიმედღიანი საუბრის დროს ის ხშირად გვიშლიდა ხელს.
თავიდან მასთან ჩასვლას ვაპირებდი. გასაგებია, ლექსები და ვირტუალური მეგობრობაც და სხვებიც – თავისი აზრებით, ყველა შემოგეშველება, მაგრამ რა უნდა დაწერო კაცზე, რომელსაც ვერ ხედავ. ძნელია. ამიტომ რამდენიმე დღე ვიბრძოლეთ... კარგი ბრძოლა იყო, ინფორმაციული ომი. მე კითხვებით ვბომბავდი, ის მიმკლავდებოდა. აი, ოთახი, სადაც ახლა ვარ, ამბობს თემური და ფოტოში ვძვრები – იქ ერთი საწოლი დგას, მის გვერდით მაგიდა, მაგიდაზე მწვანე ელექტროჩაიდანი, ჩაიდნის გვერდით ორი წიგნი, მგონი საფერფლეც... ეს კი მე ვარ, მეუბნება თემური და ავტოპორტრეტს მიგზავნის. მის ზურგს უკან კედელზე ჭადრაკის დაფაა ჩამოკიდებული. აი, სახლის ფოტოც, თავიდან ბოლომდე, საძირკვლამდე ჩავყევი, მალე გავიგებ ცოტახნის წინანდელი სტიქიის ამბავსაც და ხანძრის და ქარის და შიშის ამბავსაც, მაგრამ მანამდე ცოტა ხანი იმ სოფელში უნდა ვიარო, რომელსაც ვაჩნაძიანი ჰქვია და რომელიც ჩემგან შორსაა, კახეთში. იქ არის ახლა თემურ ჩხეტიანი და მისი არ ვიცი, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში კლავიატურაზე კაკუნის გარდა, ჟესტების ენის ყველა სიტყვა გამოვიყენე. გარედან რომ ვინმეს დავენახეთ, იქნებ გიჟებიც ვგონებოდით, როგორც ზის ორი ადამიანი – შუაში ასრაღაცა კილომეტრით და ხან თავს გაიქნევს, ხან მხრებს იჩეჩს, ხან ტაშს შემოჰკრავს და ხანაც ღმერთო, რა შეგცოდეს სახით აიხედავს მაღლა, ჭერში. იქ ან ღმერთია, ან მხოლოდ ჭერი, გააჩნია, რა შემთხვევაში და ასე ვაგრძელებთ წერას. კიდევ ხუთი გვერდი და კიდევ სამი კითხვა, კიდევ ხუთი და კიდევ სამი. მეყოფა და არა, რამდენიმე დეტალიც. რაღა დეტალები გინდა, რა და აი.. მმმმმ... ფოსტალიონი თუ დადის ვაჩნაძიანში? ფოსტალიონი რამ გაგახსენაო. არადა, ჰყოლიათ, ვალიკო. პირველ კრებულში ლექსშიც ჰყავს თურმე ნახსენები, 20 წელი გავიდა მას მერე. აღარ ჰყავთ ნამდვილი წერილების და გაზეთების დამტარებელი სოფელში. 
მაშ კარგი... კიდევ რაღაცას ვეკითხები. ყვითელი კითხვაა. ის კიდევ მწერს. აი, ხოლო ხუთი გვერდიც და მეყოფა, მთხოვს. თანახმა ვარ და წერას ვიწყებ. და, მეტი კითხვა აღარ გაქვს? მაინც მეკითხება თემური. ესეც ასე. ვორდის ფაილს, რომელშიც ჩვენი საუბრები გროვდებოდა, „სხვა თემური“ დავარქმევინე და ახლა მოყოლას დავიწყებ. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ახლაა და სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ.

 

ვაჩნაძიანი

 

„მადლიანია კახეთი და ვაჩნაძიანიც მადლიან მიწაზეა გაშენებული. მეორე მიზეზი: აქ კარგი ხალხია !.. ძირძველ კახელებთან ერთად ვცხოვრობთ ლეჩხუმიდან, იმერეთიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებულებიც, ვაჩნაძიანის გვერდით პატარა სოფელია: კახიფარი. ანუ კახეთის ფარიო. მესამე მიზეზად ახლა ამას ვიტყვი: ვაჩნაძიანი თამაზ ბიბილურის და სამი თანამედროვე პოეტის მშობლიური სოფელია: ელა (გოჩიაშვილი) ბელა (ჩეკურიშვილი) და მე აქ დავიზარდენით“.
ცოტა ხანში ტექსტს ფოტოც მოჰყვება. ეს VI საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესიაა ე. წ. „ამიდასტური“ და VIII-IX სს ძეგლი, საყოველთაოდ ცნობილი, ჯვარგუმბათოვანი „ვაჩნაძიანის ყველაწმინდა“. 
კახელებთან ერთად ამ სოფელში ცხოვრობენ იმერეთიდან, სვანეთიდან და ლეჩხუმიდან ჩამოსახლებულებიც. საქართველოს პატარა მოდელიაო, ამბობს თემურ ჩხეტიანი, ერთმანეთის გამყვანი ხალხია, მაგრამ ამ სოფელშიც მომხდარა ცუდი ამბები, შემზარავიც და ამაზრზენიცო.
ძველი სკოლა თავად ლევან ჯანდიერის სახლში ყოფილა განთავსებული. ამ შენობიდან მხოლოდ ნანგრევია დარჩენილი. არადა საამაყოდა აქვთ აქაურებს ამ სკოლის ძველი სტუმრების ამბავი – ვინ არ სტუმრობდა თურმე, ილია ჭავჭავაძეო, აკაკი წერეთელიო, ვაჟაცო. ის პატარა ნაწილიც ნადგურდება თურმე. გულისტკივილით შენიშნავს თემური. 
გვარი – ჩხეტიანი აშკარად არაფერს მეუბნება კახეთსა და კახელობაზე. ასეცაა – პაპამისი პლატონი და მისი ძმა ალექსანდრე გასული საუკუნის 30-იან
წლებში ჩამოსახლებულან ლეჩხუმის სოფელ ოყურეშიდან. თემურის მამა, ვარლამი (დამიხასიათე–თქო და ჯერ სხვასთან გადამამისამართა და ბოლოს ალალი, კარგი კაცი იყოოოო, მოიწერა), სოფელში ხე-ტყის სახერხ საამქროში მუშაობდა თურმე. ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთებიც ჰქონდა. „იქ მეც მომიდენია ოფლი - თოხი, სასხლავი თუ სხვა რამ არც ჩემთვისაა უცხო“.
თემურ ჩხეტიანის დედა, რუსუდანი სამი შვილის დედა იყო, ჯერ ბავშვებს ზრდიდა, მერე კიდევ, როგორც თემური იხსენებს, საბჭოთა მეურნეობის ვენახებში მუშაობდა.: 
„ასე, რომ რაიმე ლიტერატურული საფუძველი მე არ მქონია, არც მშობლების ნაქონი წიგნები დამხვედრია. წიგნების შეძენა ჩემთვის დაიწყეს - პირველი შვილი ვიყავი და კითხვაც მიყვარდა“.

 

თემურის დილა

 

“ახლა ზამთარია და ჩემი დილა ღუმელთან ტრიალით იწყება:
ნაცრის გამოღება, ღუმელის ანთება, მასზე ჩაიდანის დადგმა...
მერე ვიბან პირს და ვსაუზმობ - დილის მადლით!..
მერე ვრთავ ლეპტოპს და ფეისბუქზე მიმოვიხედავ ხოლმე. ახლა
კითხვისგან ცოტას ვისვენებ. ვისვენებ, რადგან გაზაფხულიდან აგერ,
ზამთრამდე იმდენი ვიკითხე, რომ სათვალის შეცვლა დამჭირდა..."
თბილი და მშვიდი დღეები უყვარს თემურ ჩხეტიანს. 
ზამთარზე კი, ამბობს: „იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს „აღმოსავლეთის ექსპრესის“ მე-7 ნაწილში დავწერე, ალბათ ვერასოდეს ვიტყვი“. დაინტერესებულებმა ეს ლექსი წაიკითხონ. ზარმაცებმა კი მხოლოდ ნაწყვეტი: 
„ზამთარი იყო. მე მეორე კურსზე ვიყავი, ჩემი ძმა კი თორმეტი წლის თუ იქნებოდა.
თოვლი იყო, კიდევაც თოვდა -
მაშინ თოვლს უფრო ლამაზად ვხედავდით.
მე ქალაქში მივდიოდი, ის - მაცილებდა,
ორივენი მის ციგაზე მოვთავსდით და ისე დავეშვით;
გზაში კიდეც ამოვტრიალდით 
და ასე, კოტრიალ-კოტრიალში,
სიცილ-სიცილში 
ჩავაღწიეთ - დროზე მივედით“...

„ყვითელ“ კითხვად რისი გეშინია-თქო, რომ ვკითხე, ეგ მომინათლა. არადა მერე რა ამბავიც მოაყოლა, ეგ ცალკე მოთხრობაა. სტიქიის ამბავი, ამბავი თემურ ჩხეტიანის შიშებზე. ელჭექზე, ქარიშხალსა და ცოტა მეზობლებზეც.

 

19 ივლისი, 2012 წელი

 

წინა თვის შუა რიცხვებში თვალში მომხვდა ჩემი ერთი პატარა ლექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინაა დაწერილი, მაგრამ გამოვაქვეყნე თუ არა, არ მახსოვს და არც ჩავძიებივარ - არა უშავს-მეთქი, გავიფიქრე და ფეისბუქზე ჩემს ჩანაწერებში დავდე. ორი კვირის შემდეგ, ივლისის დასაწყისში ამ ლექსში ნათქვამი თითქოს ხელახლა განმეორდა: ერთბაშად აგრილდა; აგრილდა კი არა, აცივდა და ტანსაცმლის დამატებაც მოგვიხდა შუა ზაფხულში. კავკასიონზე თოვლიც ჩანდა - უფრო ჩრდილოეთის მხარეს იყო მთელი ქედი გადათეთრებული. ამინდები მკვეთრად აირია: მაისისებური ელჭექები და ყოველდღიური წვიმები დროდადრო მარტისებურ ჭინჭყლობაში გადადიოდა - დღეში რამდენჯერმე წვიმდა, იდარებდა, წვიმდა... კახეთის რამდენიმე რაიონში დაისეტყვა და დაიტბორა ვენახები და ხეხილი. ჩვენთანაც წამოსეტყვა, მაგრამ ცოტათი და წლის მოსავალს თითქოს კარგი პირიც უჩანდა - მარწყვი მოილია და ატმობის სეზონი იდგა. 18 ივლისის დღემ მშვიდად ჩაიარა, ცხელოდა, საღამოსკენ გადაგრილდა და თითქოს ცუდიც არაფერი გველოდა. მაგრამ დაღამებულზე ისევ აირია ჰაერი: დაიწყო ელჭექი და მას ძლიერი წვიმაც მოჰყვა. წვიმაში, მგონი, სეტყვაც გამოურია... ასეთი ამინდები ყოველთვის მაფორიაქებდა და ჩემში დაძაბულობას იწვევდა. ჩემი სახლის სახურავი ვერ იყო საიმედო: ბრტყელი, ე.წ. "რუსული" კრამიტი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქარისა და სეტყვისთვის სულ სამიზნე იყო და უკვე დაზიანებული სახურავიდან სახლში წყალი რამდენიმე ადგილას ჩამოდიოდა. წყნარი წვიმისას არა უშავდა, მაგრამ ძლიერი წვიმის და, მითუმეტეს, სეტყვის დროს აუცილებელი ხდებოდა ვედროების თუ ტაშტების დადგმა სახლის ამა თუ იმ კუთხეში. ახლაც დავიძაბე: წყალი წინა ოთახში და უკან, გზის მხარეს კუთხეში ისევ ჩამოვიდა. სახლის ამ კუთხეს სამი წლის წინ ელჭექის და მოკლე ჩართვის შედეგად ცეცხლი მოედო.მეზობლების დახმარებით ხანძარი მალე კი ჩავაქრეთ, მაგრამ სახლის ჭერი საკმაოდ დაზიანდა, ჩვენ სახურავის კარგად შეკეთების საშუალება არ გვქონდა და ასე არასაიმედოდ დარჩა... წვიმა მინელდა და ბოლოს შეწყდა. ასე ამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი გამოვრთე და დასაძინებლად დავწექი... საშინელმა ხმაურმა გამომაღვიძა. თითქოს რაღაც უზარმაზარი რამ მოიგრაგნებოდა და თან მიჰქონდა ყველაფერი. ამ ხმას დაერთო სეტყვის ხმა და ჭერშიც ატყდა ბრაგაბრუგი. დავიზაფრე... ჩემს ავატარზე რომ ფანჯარაა, იმას ღიას ვტოვებდი ხოლმე. ახლაც ღია იყო და ჰაერის ძლიერმა ტალღამ ფარდა გარეთ ააფრიალა. წამოვხტი, ფარდა ოთახში შემოვაბრუნე და ფანჯარა ჩავკეტე. რომ შემოვბრუნდი, ძლიერმა დარტყმამ გზის მხარეს ფანჯარა შემოლეწა და წყალი შემოასხა. სველზე ფეხი ამიცურდა და იატაკზე დავეცი. არაფერი მტკენია. წამოვდექი და როგორღაც ჩავიცვი. ოთახში წყალი უკვე ჭერიდანაც ჩამოდიოდა. ჩემი საწოლიც სველი იყო და მგონი, მინის ნამსხვრევებიც ეყარა. ოთახიდან გავედი. დიდ ოთახში წყალი უარესად ასხამდა. გარეთ გამავალი კარი შემოღებული იყო, მაგრამ გარეთ არ გაისვლებოდა: სეტყვაც გრძელდებოდა და ელვის შუქზე ჩანდა, რომ ქარიშხალი რაღაცებს დააფრიალებდა. კარი დავკეტე, გამოვბრუნდი და ისევ ჩემი ოთახის კართან დავდექი. ის საშინელი ხმა ისევ გრძელდებოდა - ახლა ისე, თითქოს რაღაც დიდი მანქანა იდგა აქვე ყურისძირში და მთელი ძალით გრიალებდა. ამ ხმას თან ახლდა მინებისა და კრამიტების ლაწალუწის ხმები. ჭერში, ჩემს თავსზემოთ მძიმე ხმაურით ცვიოდა კრამიტები. მთელი სახლი
ავისმომასწავებლად ზანზარებდა. პირჯვარი გადავიწერე და წამოვიყვირე:
„ღმერთო, რა ხდება?!..“ ისეთი პირი უჩანდა, რომ ჭერი სულმთლად
ჩამოიქცეოდა და თან დამიტანდა... ეს კოშმარი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. როცა ხმები ცოტათი მინელდა, მეზობლის სახლიდან ქალის ყვირილის ხმა გავიგონე და უკვე სრულად გავიაზრე, რომ ყველას თავს რაღაც საერთო უბედურება ხდებოდა. „ნეტავ თელავში რა ხდება და ჩვენები როგორ არიან?“ - ამის გაფიქრებაღა შევძელი...
კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა. წვიმდა გარეთ და მთლიანად სახლშიც წყალი
ჩამოდიოდა... გარედან ძახილი მომესმა: „თემო, როგორ ხარ?“ „ცოცხალი ვარ“ მეთქი - გავძახე. ამოვიდა. ბიძაშვილი იყო, ლერი. ელვის შუქზე დავინახეთ და გადავეხვიეთ ერთმანეთს. „ყველას თავს ეს ამბავია, სახლებს სახურავები აღარ აქვსო.“ სტიქია რამდენადმე მიწყნარებული იყო. დაბლა ჩავედით. ლერიმ მთხოვა, ჩემთან წამოდიო (მისი სახლი შედარებით უსაფრთხო იყო), მაგრამ მე დარჩენა ვარჩიე. მაშინ დაბლა იყავი, მაღლა უფრო საშიშიაო - მითხრა და ახლა სხვების დასახედად გაიქცა. მე შინ შევედი, მშრალი სიგარეტი მოვიძიე და ძლივს მოვუკიდე. ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი. წყალი ნაკლებად, მაგრამ აქაც ჩამოდიოდა. ოთახში ბნელოდა და ამ სიბნელეში ვიგრძენი, როგორ შემომადგა შავი და ყინულივით ცივი წყალი მხოლოდ შლოპანცებიან შიშველ ფეხებზე. უცებ ვერ და, მალე კი მივხვდი, რომ ეს წყალი კარიდან შემოდიოდა და თანდათან მატულობდა. რას ვიზამდი? - გამოვტოპე, გარეთ გამოვედი და კიბის საფეხურზე დავდექი. გარეთ უკვე ნათდებოდა და დავინახე გზაზე დაძრული ნიაღვარი როგორ შემოდიოდაჭიშკრის ქვემოდან ეზოში და ეზოდან სახლში - სეტყვა და ფოთლებგარეული წყალი. სეტყვა აღარ, მაგრამ წვიმა მაინც მოდიოდა. ერთიანად გალუმპული ვიყავი და სიცივისგან ამაკანკალა. ისევ მაღლა ავბრუნდი, დიდ ოთახში შევედი, კარი მივხურე და იქვე გავჩერდი - მთელ სახლში წვიმდა, მაგრამ აქ ნაკლებად ციოდა. ამ დროს ცამ ერთხელ კიდევ ამოიხვნეშა და უკვე კოკისპირული დასცხო - ცა ფეხად ჩამოდიოდა... მაინც თენდებოდა. წვიმა, როგორც იქნა, შეწყდა და აივანზე გავედი... უკვე დღის შუქი იდგა და... ყველაფერი ისე ჩანდა, როგორც ხელისგულზე; ჩანდა, რადგან ხეები და ფოთლები მზერას აღარ მიზღუდავდნენ: ხეები ზოგი კი ისევ იდგა,
ფოთლები კი აღარსად ჩანდა!.. თან ციოდა - გეგონება, ნოემბრის ბოლოაო და არა შუა ზაფხული. ვიდექი და ვუყურებდი... იავარქმნილი სოფელი: სახურავმოგლეჯილი და „თვალებამოღამებული“ სახლები; დანგრეული სათონეები; ძირფესვიანად მოთხრილი, გადალეწილი და გადაქცეული ხეები და არსად ფოთოლი... მიწაზე კი სეტყვის გროვები, ხის ტოტები და მწვანე ნაკუწები - ფოთლებისა თუ ბალახისა; თუნუქის დაჭეჭყილი ფურცლები, კრამიტის, შიფერის და მინის ნამსხვრევები... და ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული და ალუფხული. გადარჩენილი ხეების ტოტები და ვაზის ლერწი კი თეთრად ჩანდა - რაღაც ძალას მათთვის კანიც გაერიდებინა... ერთიანად სველი ვიყავი. როგორც იქნა შემოვბრუნდი და სახლს ავხედე. სახლი თითქოს ჩამომტიროდა. მეც მეტირებოდა, მაგრამ ვერ ვიტირე. ვიდრე კიბეს დავუყვებოდი, ერთი ფრაზა გამახსენდა და ვაღიარებ, მწარედ გამეღიმა. ის სიტყვები სწორედ დაწოლის წინ ამოვიკითხე ფეისბუქზე (გიორგი ლობჟანიძემ დაასტატუსა). არ ვიცი ვისი ნათქვამია, მაგრამ ვიცი, რომ ეს სიტყვები არ დამავიწყდება: „იმედს ნუ დაკარგავ, ეს დღე შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა!..“ 
P. S. ამ დღიდან ორი კვირის მერე ეზოში, ალუჩის გადარჩენილ ტოტებზე თეთრი ყვავილები შევნიშნე და ახლო მივედი. ჰო, ასე იყო - ალუჩა ჰყვაოდა!.. და ეს ჩემთვის უკვე „აგვისტოს ნათელი“ იყო.

 

სურამი, ტაბუ

 

ამ თემაზე საუბარს ყოველთვის გაურბოდა. თითქოს რაღაც დანაშაული ჩაედინოს. დანაშაული, რომლის აღიარება სირცხვილია. მაგრამ ამასწინათ 
ერთ-ერთ საუბარში ბავშვობაზე რომ ლაპარაკობდა, თავისი ავადმყოფობაც ახსენა. „ამ აღიარებით არც ქვეყანა დაქცეულა, არც მე დამკლებია რამე და არც ვინმე დამდგომია ხელბორკილებით, დამნაშავე ხარო“, ამბობს თემურ ჩხეტიანი:
„ნათქვამია: „ჭირმა თავი არ დამალაო“, მაგრამ ესეც ხომ ვიცით:
„უწოდე სნეულებას სნეულება
და გაგეცლება სნეულება“. (ლაო ძი). რუბენ გალიეგომ სულაც თავის „სხვანაირ“ ცხოვრებაზე დაწერა თავისი წიგნი-ბესტსელერი „თეთრით შავზე“.
ცერებრალური დამბლის გამო ფეხი მხოლოდ 5 წლისამ აიდგა. სიარული მერეც უჭირდა. მეტყველებაც, მაგრამ „ემოციები და აზროვნება ჩვეულებრივი ადამიანისა დამყვაო“.
6 წლიდან 13 წლამდე სურამის ბავშვთა სანატორიუმში იზრდებოდა. 
სწავლაც იქ დაიწყო, თუმცა წერა-კითხვა მანამდეც იცოდა. პირველმა მასწავლებელმა ლილი ბექაიამ, თურმე პირველი კლასის მოწმობა
სულ ფრიადებით აუვსო. დღემდე ახსოვს. გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო. თემური 1955 წლის 5 ივლისსაა დაბადებული. 
„ცხადია, იდეოლოგია და რუტინა იქაც იგრძნობოდა (დიდი დარბაზის კედლებზე დაკიდებული პორტრეტებიდან კომუნიზმის ბელადები ჩვენც დაგვყურებდნენ). ადვილი არ იყო, ოჯახს და მშობლებს მოშორებული ბავშვისთვის იქ ყოფნა და იქაური რეჟიმი, თუმცა იყო ნათელი წერტილებიც. მაგალითად, ლოგოპედი და რუსულის მასწავლებელი ვალერი (გვარი არ მახსოვს) დაგვსხამდა ხოლმე და პუშკინის დიდ, შავყდიან ილუსტრირებულ გამოცემას გვათვალიერებინებდა და მის ცხოვრებაზე გვიყვებოდა. ტელევიზორი იქ არ იყო, მაგრამ თვეში ერთხელ კინო გვქონდა და კინომექნიკოს ასლანის გამოჩენას ჟრიამულით ვხვდებოდით...
წიგნის კითხვა იმთავითვე მიყვარდა. მშობლები ყიდულობდნენ და
მიტოვებდნენ ხოლმე ახალ წიგნებს. „დიდოსტატის მარჯვენა“ ასე,
11 წლისამ წავიკითხე, „ალისფერი იალქნები“ კი წაუკითხავი დამრჩა -
მომპარეს!..
იმდროინდელი სახელმწიფო ასე თუ ისე ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. მოდი, ნუ განვსჯით რამდენად გულწრფელი თუ საკმარისი იყო ეს ზრუნვა. მერე და მერე მე, რასაკვირველია, მიფიქრია იმ ბავშვებზე, ჩემს იქაურ მეგობრებზე. ერთი-ორმა, ვიცი, ოჯახიც შექმნა და როგორღაც ცხოვრებაც მოიწყო, მაგრამ სხვები?..
ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ჩვენთან ბავშვებს, ასე თუ ისე, ექცეოდათ
ყურადღება და სახელმწიფო თითქოს ზრუნავდა მათზე, მაგრამ მერე? 
ზრდასრულ ადამიანებზე, მგონი, აღარავინ ფიქრობდა.
არავინ ინტერესდებოდა, რა უნდა ექნათ მათ და რითი ეარსებათ.
პირადად მე გარკვეულ დრომდე მიმართლებდა იმ მხრივ, რომ კეთილი
ადამიანები მედგნენ გვერდით, სკოლის მერხის მეგობრიდან და მეზობლებიდან დაწყებული თანაკურსელების ჩათვლით, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რაიონში მუშაობა, ადამიანებთან 
ურთიერთობა და საერთოდ, ცხოვრება გამიჭირდა. ვერ ვიგუე, თუ ვერ
მიგუეს, არ ვიცი... მალე შევეშვი და, როგორც ახლა ვხედავ, ცუდად არ
დამჯდომია.
აქვე ვიტყვი, რომ მიეცით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს საშუალება იმისა, რომ იპოვონ თავისი ადგილი და ისინი ისე კარგად გააკეთებენ თავიანთ საქმეს, რომ თქვენ ვეღარც შეამჩნევთ მათ „განსხვავებულობას“.

 

ქიში და შამათი

 

საჭადრაკო დაფა რომ ვახსენე დასაწყისში, კედელზე ჩამოკიდებული, თემურის ავტოპორტრეტის უკან რომ მოჩანდა, სანახევროდ, ეგ შემთხვევითი ამბავი არ იყო. ჭადრაკი იყო პირველი. და შემდეგ პოეზია. თამაში მისთვის არავის უსწავლებია, ვუყურებდი და ისე ავითვისეო, მეუბნება. შემდეგ ჭადრაკზე ჟურნალებმა და წიგნებმა გაიტაცა და ასე დაიწყო სიყვარული „ერთი კარგი რამისა გონების სავარჯიშოდ და ხასიათის ჩამოსაყალიბებლად“:
„მართალია ჭადრაკის ნიჭი არ აღმომაჩნდა, მაგრამ მისადმი სიყვარული და ინტერესი დღემდე მომყვება. გარკვეულწილად ჭადრაკს ვუმადლი იმას,
რომ ცალკეული ლექსის აგება, თუ წიგნებში მათი განლაგება, ასე თუ ისე,
მეხერხება. თვითონ მე კი რა უნდა შემემატებინა ამ მშვენიერი თამაშისათვის?! ჩემი შედგენილი საჭადრაკო კომპოზიციები მაინცდამაინც მაღალი დონისა არ არის. ჭადრაკის თემაზე დაწერილი რამდენიმე ლექსის შესახებ კი ალბათ შეიძლება ლაპარაკი“.
პოეზიით, როგორც ამბობს, გვიან - სკოლის დამთავრების და სტუდენტობის წლებში დაინტერესდა. ფილოლოგიით დაინტერესებული დიდად არც მაშინ იყო და რა დასამალია, არც ახლა გიჟდება მასზე. მარტივი სქემა იყო - 
სადმე უნდა ჩაებარებინა. ფილოლოგიურზე კი შედარებით დაბალი კონკურსი იყო. ლექსის დაწერის ერთი-ორი მცდელობაც ჰქონდა. არ გამოუვიდა და თითქოს შეეშვა. იოლად, როგორც თავად ამბობს. კიდევ რამდენიმე წელი გავა, სანამ „რაღაცის თუ ვიღაცის“ გამო გულნატკენ თემურ ჩხეტიანს ისევ არ შემოეწერება ერთი ლექსი, მერე მეორე და ასე დაიძვრება თავიდან.

 

***


- ვერც მშვენიერი პეიზაჟი და ვერც თავზარდამცემი ამბავი ლექსს ვერ
გამოიწვევს, თუ ლექსის მუხტი მანამდე არაა შენში. მაგრამ, თუ შენ
ლექსისწინა ფორიაქის და წრიალის დრო გიდგას და თუ რაღაც უკვე
გიღვივის შიგნით, სულ უბრალო რამემაც შეიძლება „აგაფეთქოს“ და
ხელში კალამი აგაღებინოს. ამ „ფორიაქის და წრიალის“ გამომწვევი მიზეზები კი ვრცელი თემაა და მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
- რას ამბობ, ყველაზე საინტერესოზე გინდა გაჩერდე?
- მე მაინც სიყვარულიდან მოვდივარ. იმ გულისტკენებიდან...
იცი, რამდენჯერ? ბევრჯერ! მაგრამ გული ცეცხლგამძლე მაქვს.
ერთხელ ზვიადს ვუთხარი, რატიანს, რატომ ვიგონებ ამ სიყვარულებს და რატომ ვიტანჯავ თავს-მეთქი?
და მევე ვუპასუხე: ლექსებისთვის, ძამიკო, ლექსებისთვის!
სიყვარულს ვეძებდი და ლექსებს ვპოულობდი. ასე იყო.
- ალბათ ერთხელ მაინც გიკითხავს საკუთარი თავისთვის, რისთვის წერ?
- გადარჩენისთვის. რაღაცნაირად სხვათა გამხნევებისთვის.

 

***


მაშინ, ალბათ, 26 წლისა იქნებოდა: „იმ დროისთვის უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობდი თანამედროვე პოეზიას, ავისა და კარგის გარჩევასაც, ასე თუ ისე, ვახერხებდი და იმასაც ვხვდებოდი, რომ უნდა მეწერა ისე, როგორც შემეძლო და როგორც მეწერებოდა“. გამოხატვის ფორმად რომ პოეზია არჩია და არა პროზა, ამას თემურ ჩხეტიანი თავისი იმპულსური ხასიათით ხსნის.
წერის რიტუალი კი ასეთია:
მარტო და სიჩუმეში. კალამს მაშინ იღებს ხელში, როცა ლექსი თითქმის დასრულებულია: „ ერთი ჩვევა მეც მაქვს: კალამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და უბრალო პასტითაც კარგად მეწერება, მაგრამ ქაღალდი? გაგეცინება: ე. წ. „საკანცელარიო წიგნის“ ცალხაზიანი ფურცლები !.. რატომ? ალბათ, იმიტომ რომ, დასახევადაც ადვილი გასამეტებელია“.
ასეთი ახირებული ხალხია ეს პოეტები.
ამ ბოლო დროს ჰაიკუმ გაიტაცა. სამ სტრიქონში ჩატეულმა დიდმა ამბებმა. ქართული რომ არ იყოს ჩემი მშობლიურ ენა, ალბათ, იაპონურად დავწერდიო, ამბობს.

 

თემური - თემურ ჩხეტიანზე

 

„მე ჩუმი პოეტი ვარ - ხმადაბლა ვსაუბრობ. წერისას მთქმელიც მე ვარ და გამგონიც. ასეთ დროს სხვაზე ვერ ვიფიქრებ და არც ვფიქრობ ხოლმე.
მკითხველი ლექსის დასრულების შემდეგღა მახსენდება, რადგან ჩემი
დაწერილიც გულისხმობს წამკითხველს. ეს მკითხველი რაღაცნაირად
მგავს მე, ანუ მე - გამგონს წერის პროცესიდან. მკითხველს ვგულისხმობ ჩემთან ახლოს - მე ხომ ხმადაბლა ვლაპარაკობ და შორს მყოფ ადამიანს ალბათ გაუჭირდება ჩემი ჩუმად ნათქვამი სიტყვების გაგონება. ჩემსა და მკითხველს შორის დისტანცია დიდი არ უნდა იყოს. სხვა ბევრ რამესთან ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იგრძნობა ლექსში დრო და სივრცე, რამდენად ვიზუალური და სმენადია ტექსტი. ლექსი უნდა სუნთქავდეს და მოძრაობდეს. ანუ ლექსი ცოცხალი უნდა იყოს“.

 

მთავარი შემფასებლები

 

თემურ ჩხეტიანის ლექსების პირველი მკითხველები მისი და-ძმა იყვნენ.
უფრო მათი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი რა მოსწონდათ და რა არაო. მერე ამ შემფასებლებს მეგობრები შეემატნენ. ისეთებიც, ვის აზრსაც მუდამ ითვალისიწინებს. ყველაზე „სტაჟიანი“ მათ შორის ზვიად რატიანი ყოფილა: „ზვიადის შეფასება ჩემთვის ერთგვარი ვერდიქტია - ის თუ იტყვის, რომ ლექსი კარგია, მე მაშინღა ვმშვიდდები ხოლმე, რადგან მჯერა მისი და უკვე ვიცი, რომ ლექსმა გამიმართლა. ზვიადს არაერთი ლექსი დაუწუნებია ჩემთვის და ამის გამო გული არ დამწყვეტია. ამასთან ერთად მას „გადაურჩენია“ კიდეც
ჩემი ლექსები. გადაურჩენია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ლექსებს მე ეჭვის თვალით ვუყურებდი და გადაგდებას ვუპირებდი. ახლაც სიხარულით ვიხსენებ ხოლმე ერთ შემთხვევას, როცა რაღაცაზე ძალიან ვორჭოფობდი და მან პირდაპირ მომახალა: „- შენ გიჟი ხომ არა ხარ? იცი, ეს რა არისო!..“ მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ლექსი სრულიად სხვაგვარად წაუკითხავთ
და ისეთი აზრი გამოუთქვამთ, მე რომ არც მიფიქრია. გამკვირვებია, მაგრამ რას ვიზამთ? - ჩვენს საქმეში ხომ „მთესველი სხვაა და მომკელი - სხვა!..“ მთავარია „მომკელ-მკითხველი“ გულწრფელი იყოს და ჩვენს
ნათესს რაიმე წინასწარგანზრახული ქვენა მიზნით არ უყურებდეს“.
მეგობარ მკითხველებსა და თემურ ჩხეტიანს შორის ახლა მთავარი დამაკავშირებელი ვირტუალური სივრცეა. სივრცე, სადაც მეც ვაგროვებდი თემურზე ამბებს. მისთვის კი, როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, ინტერნეტი და სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ თურმე ლამის ახალი ცხოვრებისა და ახალ რეალობაში შესვლის საშუალება აღმოჩნდა.

„ჩემთვის მთავარი ადამიანების გაცნობა და მათთან დაახლოებაა. „კი, დაახლოება“ პირობითად, მაგრამ მე მაინც და რეალურადაც მეგულებიან ეს ადამიანები: მანჰეტენზე, ვერონაში თუ ლონდონში. აღარაფერს ვამბობ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე. ბევრი, ასე, ვირტუალურ სივრცეში გაცნობილი ადამიანი ლამის რეალურ მეგობრად მიმაჩნია: ურთიერთსიმპათიის, საერთო ინტერესების, რაიმე ტკივილის თუ სიხარულის გამო და ასე განსაჯეთ, ზოგი მათგანისთვის
უკვე ლექსიც მაქვს მიძღვნილი. პირადად მე ეს მჭირდება და ამგვარი ურთიერთობანი თუ უბრალო ილუზიაა, რა გაეწყობა?.. არადა, ადამიანები, ვინც ჯერ სოციალურ ქსელში გავიცანი და მერე რეალურადაც ვნახე, თითქმის ერთი და იგივენი იყვნენ და მათზე ჩემი აზრის შეცვლის აუცილებლობის წინაშე არ აღმოვჩენილვარ“.

 

***


- არის რამე ისეთი, რაც ვერ ან არ გააკეთე შენს ცხოვრებაში?
- გაჯახო ამის პასუხი? თავი არ (ვერ) მოვიკალი!

ამ პასუხის შემდეგ იყო პაუზა. 
მაგრამ მერე მიხვდი, რომ ეს კარგიც იყო, რომ სწორედ ასეთი პასუხი გამცა. არ თუ ვერ, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. 
პს:
თემურ ჩხეტიანის პოეტური კრებულების ჩამონათვალს ვწერდი, ახალი ამბავი რომ წამომეწია - ახალი წიგნის გამოსვლის კარგი ამბავი. ჰოდა, სიაც უკვე ასეთია:
„საღამოს ფოსტა“, „მერანი“, 1987 წ; 
„ალიბი ყველასათვის“, „მერანი“, 1997 წ;
„ბუდე“, „მერანი“, 2002 წ;
„ფოთლების პასეანსი“, „დიოგენე“, 2006 წ;
„უადრესატოდ“, „დიოგენე“, 2010 წ;
„მსუბუქი საუზმე“, „საუნჯე“, 2013 წ.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE