ერთი სიკვდილი ორისათვის


ერთი სიკვდილი ორისათვის




სასწაულად თოვდა, მსხვილი, ბარაქიანი ფანტელებით, ისეთებით, ერთ ფიფქს მეორესგან რომ გაარჩევ და თვალს გააყოლებ. ასე არასდროს უთოვია ამ ქალაქში, მხოლოდ თოვლ-ჭყაპი და წვიმა იცოდა, ისიც, მოკლე, ვერც ასწრებდი სევდიან ხასიათზე დამდგარიყავი.

იმ დღის თოვლი ნამდვილი იყო, მისწრება თოვლი... ანას უნდოდა, მთელი დღე ფანჯარასთან მჯდარიყო, მაგრამ ლიზიმ, როგორც ყოველთვის, ცხვირი აიბზუა, ცვალებად მოღრუბლულობაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავო. ანას კამათის თავი არ ჰქონდა. დასთან ოცწლიანი ურთიერთობის შედეგად უკვე იცოდა, რომ თავისას მხოლოდ ეშმაკობით თუ გაიტანდა. ერთი შეცდომა უკვე დაუშვა, წამოსცდა, რომ თოვა მოსწონს. ახლა ლიზი ყველაფერს გააკეთებდა, ფანჯარასთან რომ არ მისულიყო. მაგრამ, სხვანაირადაც შეიძლებოდა შეექმნა თოვლიანი დღის განწყობა, მაგალითად, მურაბიანი ჩაი დაელია. 

- ვერ გავიგე, რა გეწყინა? - ლიზი აშკარად  გაბრაზებული იყო.

- არაფერი. მე რამე ვთქვი?!

- და რამის თქმა სავალდებულოა? შენი სისულელეები მალე საფლავში ჩამაწვენს. მთელ სხეულში სპაზმმა დამიარა. ხომ არ გგონია, ჩემ გარეშე დიდხანს იცოცხლებ?

- მე შენს მოკვლას არ ვაპირებ, ლიზი.

- ზუსტად მაგას შვრები! არ გათენებულა და უკვე დაიწყე. თურმე, სანამ გვეძინა, მოუთოვია. არ გადამრიო! ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ცოტა მეტი სერიოზულობა არ აწყენდათ.

- ახლა ისევ  ის არ „ჩართო“, სამსახური ვიშოვოთო.

- არც ეგ იქნებოდა ცუდი, სოციალური დახმარება რაშიც გვყოფნის, კი ხედავ.

-  და ვინ არის ახლა ჩვენ ორ შორის რომანტიკული?

-  ეგ შენ ფიქრობ, რომ სამსახურის შოვნა შეუძლებელია. მე ასე არ მგონია. უბრალოდ, სპეციფიკურად უნდა მივუდგეთ საქმეს და ვიშოვით.

- ჰოდა, იშოვე!

ლიზი ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა.

- კარგი, გაჩერდი, თორემ მართლა ყველაფერი ამტკივდა. 

 

***

ვიქტორია რომ მოვიდა, დები სამზარეულოში ისხდნენ და მურაბიან ჩაის სვამდნენ. ვერ შეთანხმდნენ, რომელი მურაბა ეჭამათ და ბოლოს ორივე ქილა ჩამოიღეს, კომშის და მაყვლის. ლიზი ფანჯრისკენ ზურგშექცევით იყო, ანა - პირიქით, თოვლს უყურებდა და ჩაის ნელა წრუპავდა.

ვიქტორიამ ბაზრიდან ამოტანილი სანოვაგე ჯერ მაგიდაზე დააწყო, მერე მაცივარსა და კარადებში შელაგებას შეუდგა.

- საჭმელი გაქვთ რამე?

- ჯერ არა, მაგრამ  გავაკეთებთ, კვერცხს მაინც შევიწვავთ.

- კიდევ კარგი, ეგ კვერცხი მაინც ორივეს  გიყვართ.

- როგორაა?

ვიქტორიამ ამოიოხრა და თავი გააქნია.

- ისევ ისე, არ ინძრევა. გონზე მაინც თუ მოვიდა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიყვანდით.

- იქ უშველიან?

- არ ვიცი...  თქვენკენ რა არის ახალი?

- დაგვცინი? რა უნდა იყოს? სახლში ვზივართ გამოკეტილები და ანა ნერვებს მიშლის.

- რა ვერ გაიყავით?

- ფანჯარა, - გაიცინა ანამ, - და სპაზმები.

 - ახლა იმდენ ჩაის სვამს, მთელი ღამე არ დამაძინებს, ცხრაჯერ ადგება ტუალეტში გასასვლელად.

- ცხელი ჩაი კარგია. ნეტავ, ჩემს შვილსაც შეეძლოს.

- რა შეეძლოს?

- ჩაის დალევა, ჩაის დალევა მაინც, - ვიქტორიამ ამოიოხრა, - ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ სანატრელი გამიხდებოდა.

- გამოჯანმრთელდება, ნუ გეშინია.

- ნუგეში უფასოა.

- ავი სიტყვა კიდევ უფრო იაფი.

ვიქტორიამ ხელი ჩაიქნია და წამოდგა. ლიზიმ შეამჩნია, რომ თხელი პალტო ეცვა, ასეთი თოვლისთვის საკმაოდ მოუხერხებელი.

- არ გცივა?

- ალბათ ჰო, მაგრამ ვერ ვგრძნობ. თქვენც რას ზიხართ სახლში?! ცოტა ხნით მაინც გადით გარეთ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავდით. ასე დეპრესია დაგემართებათ.

ვიქტორიამ კარი გაიხურა და როგორც ჩანს, ლიფტი გამოიძახა. სადარბაზოდან ლითონის მავთულების ჭრიალი მოისმა.

ლიზიმ ანას შეხედა.

- სულ მგონია, რომ დეიდაჩემს ჩვენი არ ესმის.

- გიკვირს?

- არა? მთელი ცხოვრებაა გვიცნობს.

- ხანდახან მეც არ მესმის ლიზი შენი. დილით გაღვიძებული საღამომდე შენს გაგებას ვცდილობ.

- მერე?

- მერე ვიძინებ.

ლიზის ჯერ ჩუმად გაეცინა, მერე თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა. 

 

***

ერთ მშვენიერ დღეს ანამ ლოცვა დაიწყო. ეს ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თოვლი მსხვილი ფანტელებით. ლიზიმ ვერ  გაიგო, როგორ გამოეპარა დის ასეთი მკვეთრი ცვლილება. რა თქმა უნდა, ანა ყოველთვის სენტიმენტალური იყო და, რა თქმა უნდა,  წაუშტერებდა კიდეც (ლიზი ამას ყოველთვის ფიქრობდა და ხანდახან ხმამაღლაც ამბობდა), მაგრამ ღმერთი? თან, ასე სერიოზულად? ლიზიმ ჯერ გაიცინა, მერე აღშფოთდა, მერე უფრო აღშფოთდა, მაგრამ ანა, როგორც ყოველთვის, არაფერს პასუხობდა. ჩუმად ყოფნა მისი თანდაყოლილი და ძალიან ნერვებისმომშლელი თვისება იყო. ანა უბრალოდ ჩუმდებოდა და იმაზე ფიქრს იწყებდა, სხვანაირად როგორ გაეტანა თავისი. ლიზი კარგა ხანი წიოკობდა, ღმერთი რომ არსებობდეს, ასეთი საწყლები კი არ ვიქნებოდით, სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრებდითო.

- ღმერთი რომ ყოფილიყო, შენთან კი არა, სადმე ძალიან მაგარ კურორტზე ვიქნებოდი, შეყვარებულთან ერთად, ქმართან ერთად, ქმართან და შვილებთან ერთად, ზღვაში ვიცურავებდი, ვირბენდი, თხილამურებით ვისრიალებდი....

- ზამთრის კურორტზე ლაპარაკობ თუ ზაფხულის?

 

- ცივ ზღვაშიც კი შევიდოდი, შტერო!

ლიზი დიდხანს ჯაჯღანებდა, მაგრამ ანი თავის ყურსასმენებს ყურებში გაირჭობდა და ტაბლეტში ჩატვირთულ ქადაგებებს უსმენდა ხოლმე.

- თუ ბევრს იყვირებ და ხელს შემიშლი, აღარ ვიბანავებ. ჩემთვის სულ ერთია, - დაემუქრა ლიზის.

ლიზის ხელი აღარ შეუშლია. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ფიქრობდა, მაგრამ ანასთვის რომ გეკითხა, ლიზი ნამდვილი განსაცდელი იყო. იმდენად არ უნდოდა მასთან კონტაქტი, რომ ძილსაც კი გადაეჩვია. ღამე, როცა ლიზი დაიძინებდა, თვითონ თვალებგახელი იწვა და ათას რამეს ფიქრობდა, ან უბრალოდ ტკბებოდა იმით, რომ გათენებამდე ანგარიშის ჩაბარება არავისთვის მოუწევდა. მაღვიძარაც კი ჰქონდა დაყენებული, ოღონდ პირიქით, იმისთვის, რომ დაძინების დრო არ გამოპარვოდა ოცნებაში. ხმა გამორთული ჰქონდა, უბრალოდ, მობილურის ეკრანი ცისფრად აინთებოდა და ანაც თვალებს მილულავდა ხოლმე... 

 

***

ელიზას სუნთქვა უჭირდა, ისე  ტიროდა.

- რამენაირად უნდა დაწყნარდე. შენს ხმაზე მეზობლები შეიკრიბებიან. ალბათ, უკვე ფიქრობენ, რომ როგორც იქნა, დავიხოცეთ.

ანას გაუკვირდა. ლიზის ტირილზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც კაცების უმეტესობას აქვს ხოლმე ქალის ტირილზე. ატირებულის დაწყნარებას კი არ იწყებდა, არამედ ღიზიანდებოდა. ანა ელიზასკენ გადაიხარა და მხრებზე ხელი მოხვია. ეშინოდა, რამე სისულელის თქმით კიდევ უფრო არ გაენერვიულებინა, ამიტომ უბრალოდ ეფერებოდა და ოდნავ არწევდა.

- თავი ამტკივდა, - არ ჩერდებოდა ლიზი.

- ცოტა ხნით რომ გაჩუმდე, ვერა? - შეუღრინა ანამ.

- და სანამდე უნდა იღრიალოს? მონახა, რა, ტრაგედია!

- შენთან არ მოვსულვარ, ანასთან მოვედი, - ამოისლუკუნა ელიზამ.

ლიზის გულიანად გაეცინა.

- არ იცოდი, მეც რომ აქ ვიყავი?

- ანასთან მოვედი.

ანა ისევ ზურგზე ეფერებოდა და დაძაბული ფიქრობდა. დროდადრო ლიზის გახედავდა გამგმირავი მზერით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელიზა მათი ერთადერთი მეგობარი იყო და ასე მოქცევა, სულ ცოტა, უმადურობას ნიშნავდა, მაგრამ ლიზის, როგორც ჩანს, უკვე აღარც ეს აწუხებდა. ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, როგორც ეს იმ მოხუცებმა იციან, ცხოვრება რომ უკან მოიტოვეს. ლიზი ოცი წლის იყო, თან ყოველთვის გაცილებით უფრო აქტიური და მობილიზებული, ვიდრე ანა. ანას ეს ცუდად ენიშნა, ძალიან ცუდად, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. არც ჰქონდა ამის საშუალება, ყველას ნაცვლად ლიზი ლაპარაკობდა. 

- ორი წელია დასდევ ბიჭს, რომელსაც ფეხებზე კიდიხარ! ორივე ფეხზე! ოთხი ფეხი რომ ჰქონდეს, ოთხივეზე დაგიკიდებდა! ბაჭიასავით კანკალებ, ცანცარებ, თვალებად და ნერვებად ხარ ქცეული. მოხვედი და  ბღავილით აგვიკელი. რატომ გიყვარს? რამე განსაკუთრებული გააკეთა? მარსზე გაფრინდა და ახლაც იქ ზის?

- ჩვეულებრივი ბიჭია, ლიზი.

- მაშინ, ალბათ, ძალიან უყვარხარ? - ლიზის ირონიას საზღვარი არ უჩანდა.

- პირიქით, ძალიან არ ვუყვარვარ.

- და რატომ არ შორდები, შეგიძლია ამიხსნა? რატომ არ დაანებებ თავს და რატომ არ წახვალ შენი გზით და იმასაც არ გაუშვებ სადმე კლდის პირას, ციცაბოზე და გადასავარდნზე?

- არ შემიძლია.

- არ შეუძლია! - ლიზიმ თეატრალურად გაიმეორა. ანამ თვალი აარიდა და როგორც ყოველთვის, ფანჯარას გახედა. წინა კორპუსში მაგიდასთან ისხდნენ და მობილურებს ჩასცქეროდნენ. ერთმა თავი ასწია და რაღაც თქვა. „ნეტავ, რა თქვა“, გაიფიქრა ანამ. ბავშვობაში, ის და ლიზი ხშირად იდგნენ ფანჯარასთან და ცდილობდნენ, გამოეცნოთ, ვინ რას ლაპარაკობდა. ოთახებში ხალხი გარკვევით ჩანდა, განსაკუთრებით ღამით, როცა ნათურებს აანთებდნენ. როლებს ინაწილებდნენ და მთელი საღამო შეეძლოთ ეთვალთვალათ სხვა სახლებში მოტრიალე ადამიანებისთვის. ასე იყო, სანამ ერთხელ ლიზიმ არ განაცხადა: „მომბეზრდა ეს თამაში. ცხრასართულიანი კორპუსია და არსად არ ხდება ისეთი საიტერესო ამბები, როგორც ჩვენთან....“

- არ უნდა იცოდეს, სად და ვისთან იტიროს? - თქვა ლიზიმ, როცა ელიზამ კარი გაიხურა, - ახლა გონია, ყველაზე უბედურია დედამიწის ზურგზე.

- ალბათ არის კიდეც.

- მოიცა, რა. თუ მაგას ფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ძნელია, მაშინ რა ისტერიკა დაიმართე, ის ბიჭი შეხვედრას რომ გვთავაზობდა?

- ხუმრობ?

- არანაირად.

- არ მჯერა.

- მართლა არ ვხუმრობ და რა ვქნა.

ორიოდე თვის წინ ლიზიმ ინტერნეტით ვიღაც გაიცნო. მაშინ დებმა სერიოზულად იჩხუბეს.

- ორ ქალთან ერთად უნდა სექსი? ავადმყოფი! 

- და რითი არ გაწყობს?

- ლიზი, გაჩუმდი!

- შენი მონაზვნული მორალის გამო მე უნდა დავიტანჯო.

- კარგი, ნუ დაიტანჯები, - ხანდახან ანა საკუთარ დაზე ულმობელი იყო, - წადი და შეხვდი იმ ბიჭს, გამოიპრანჭე. სადმე კაფეში დაგპატიჟებს, ყავას დალევთ. მერე სადაც გინდა წაყევი და რაც გინდა ის აკეთე, ოღონდ ჩემ გარეშე.

მერე ის ბიჭი აღარ გამოჩენილა. ანას ეჭვი ჰქონდა, რომ ლიზის, ცოტა არ იყოს, შეუყვარდა კიდეც, თუმცა ვერ გაეგო, როგორ უნდა შეგყვარებოდა ინტერნეტით გაცნობილი კაცი, თან თითქმის შეურაცხადი.  მაგრამ ისიც ფაქტი იყო, რომ  ახლა ლიზიც ხშირად იწვა თვალებდაჭყეტილი და მაშინაც, როცა თვალდახუჭული იწვა, ანა დარწმუნებული არ იყო, რომ ეძინა. თვითონაც ხშირად მოუმძინარებია ასე თავი, უაზრო კითხვა-პასუხის თავიდან ასაცილებლად.

- არ უნდა იცოდეს, სად და ვისთან იტიროს? - გაიმეორა ლიზიმ და გაბოროტებული იმ კარს მიაჩერდა, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ ელიზა გავიდა. მერე მაისური გადაიძრო და მოისროლა - კაი, ჰო, დავიძინოთ.

- პიჟამო ჩაიცვი, შიშველი ნუ წვები.

- ვითომ რატომ?

- არ მსიამოვნებს შიშველი ხალხის ყურება.

ლიზამ ეშმაკურად გაიღიმა.

- შენ, შემთხვევით, ლესბოსელი ხომ არ ხარ?

- წადი შენი!

იმ ღამეს ანამ ინტერნეტით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოძებნა, რომელიც ხალხს ოცდაოთხსაათიან, უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობდა. ლიზი რომ არ გაეღვიძებინა, ფსიქოლოგისთვის ტელეფონით არ დაურეკავს, წერილი მისწერა. ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ის და მისი ტყუპისცალი სულ სხვადასხვა ადამიანები არიან და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან უჭირთ; რომ დებს ერთმანეთი თავისებურად კი უყვართ, მაგრამ ცალ-ცალკე გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ; რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ანა მორწმუნე გახდა - თუკი ადრე კიდევ რამე ჰქონდათ საერთო, ახლა უკვე აღარაფერი. როდესაც ანას ლოცვა უნდოდა, ლიზი სიმღერის ხასიათზე იდგა, როდესაც ანა მარხულობდა, ლიზი ნამცხვრებს ღეჭდა. ანა ცდილობდა, რამე კარგზე ეფიქრა, მაგრამ ლიზი სულ ვიღაცის ლანძღვის ხასიათზე იყო, ყველაზე ხშირად კი ისევ ანასი, ან კიდევ უარესი - მამა ღმერთის. ანა წერდა, რომ ძალიან დაიღალა: „ხანდახან მგონია, რომ დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ. ამის არ მეშინია, მაგრამ არ მინდა ასეთი დაბოღმილი მოვკვდე და იქაც ჯოჯოხეთში ვიყო“.

ანამ წერილი გაგზავნა და დაიძინა. დილით ფოსტაზე  პასუხი დახვდა.

„ძვირფასო ანა ,

ახლო ნათესაობა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ორ ერთნაირ ადამიანს. თქვენი წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ და თქვენი და სრულიად სხვადასხვა ხასიათისა და ინტერესების პიროვნებები ხართ. ამიტომ გირჩევდით, ცხოვრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოთ. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთთან კავშირი აღარ უნდა გქონდეთ. თუ გარკვეული პირობების გამო ვერ ახერხებთ ცალკე ბინაში ცხოვრებას, მოიწყეთ საკუთარი ოთახი და ეცადეთ დასთან (პირველ ეტაპზე მაინც) მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქონიოთ ურთიერთობა“. 

ანამ პასუხი წაიკითხა, შემდეგ წაშალა, ფოსტიდან გამოვიდა და სასწრაფოდ სხვა ვებ-გვერდი გახსნა, რომ ლიზის ვერაფერი შეემჩნია. 

 

***

- როგორ ხართ? - ვიქტორიამ ისევ ჩანთის ამოლაგება დაიწყო: რძე, პური, კვერცხები, ხუთი შეკვრა საპონი... ანას შემჩნეული ჰქონდა, რომ რაც შვილი მოუკვდა, ვიქტორიას ბევრი რამე ავიწყდებოდა. ახლაც, როგორც ჩანს, ოთხჯერ დაავიწყდა, რომ საპონი უკვე ნაყიდი ჰქონდა. ანამ წარმოიდგინა კიდეც, როგორ ბრუნდება დეიდამისი პროდუქტების განყოფილებიდან ქიმიური ნაწარმის განყოფილებაში და ხან ერთ საპონს იღებს, ხან - მეორეს.

- ჩვეულებრივად, უბრალოდ, ლიზი ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია.

ვიქტორიას ყურადღება არ მიუქცევია. ნაჭრის ჩანთა დაკეცა და ფანჯრის რაფაზე დადო. ისევ ის თხელი პალტო ეცვა, თუმცა, უკვე ლამის ზაფხული იყო.

- არ გცხელა?

- ალბათ მცხელა, მაგრამ ვერ ვგრძნობ.

ტყავის ჩანთა გახსნა და იქიდან ჩარჩოში ჩასმული ფოტო ამოიღო.

- ალექსანდრეს ფოტოები რომ გავადიდებინე, ესეც მივაყოლე. 

ფოტოზე დედა, მამა, ლიზი და ანა იყვნენ. მშობლებს, როგორც ყოველთვის, გატანჯული სახეები ჰქონდათ. ლიზის და ანას ერთი დიდი თოჯინა ჩაებღუჯათ და იცინოდნენ. რაც გარდაიცვალნენ, მას მერე მშობლების ფოტოები ყველა ოთახში ეკიდა. ჯერ მამის სურათი, მერე - დედის. ცოტა უცნაური იყო, დეიდამ ამ ფოტოს გადიდებაც რომ გადაწყვიტა, ის და ლიზი ხომ ცოცხლები და ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ქალს იმდენი უცნაურობა დასჩემდა, რომ ანა და ლიზი უკვე შემჩნევასაც ვეღარ აუდიოდნენ.

ანამ ფოტო გვერდზე გადადო და ვიქტორიას გაუღიმა. მას არ დაუნახავს, მაგიდასთან იჯდა და თავი ხელებზე ჰქონდა დაყრდნობილი.

- ამ  მაგიდას ადრე სხვა გადასაფარებელი ეფარა, ძაღლებიანი. ლურჯი და წითელი ძაღლები ეხატა. სისულელე არ არის? ვის უნახავს ლურჯი ძაღლი? ალექსანდრეს მოსწონდა. უჭმელი ბავშვი იყო და ამ მაგიდასთან ძაღლების ხათრით ჭამდა. დედაშენმა გადააძრო და სახლში გამატანა. ზოლებიანი მაისური მოდაშია? - იკითხა უცებ.

- კოკო შანელის შემდეგ ზოლები ყოველთვის მოდაშია, - თქვა ლიზიმ.

- ალექსანდრეს ჰქონდა ზოლებიანი მაისური. ყოველთვის ვეუბნებოდი: „შვილო, ნუ იცმევ როგორც ყველა, შენი სტილი გქონდეს“. ის კიდევ ჩაიცვამდა ჯინსს, იმ მაისურს და გავარდებოდა. ქუჩაში იმდენი ბიჭია ასე ჩაცმული, სულ ქვევით ვიყურები, მაგრამ მაინც თვალში მეჩხირებიან.

ლიზიმ განზე გაიხედა, ანამ იგრძნო, რომ ლიზი ბრაზდებოდა და შეეშინდა, ვიქტორიასთვისაც იგივე დღე არ დაეთენებინა, რაც ელიზას დაათენა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გარდაიცვალა, ვიქტორია ჩვეულებრივზე ხშირად ამოდიოდა და გაუთავებლად თავის მკვდარ შვილზე ლაპარაკობდა. ხან პირიქით,  ჩუმდებოდა და დებს სთხოვდა, მასზე რამე მოეყოლათ. ლიზი, ანა და ალექსანდრე ბავშვობის მერე დიდად არ მეგობრობდნენ, თანაც ალექსანდრე მხოლოდ ოცდაორი წლის იყო, ამიტომ მოსაყოლი ამბები პირველივე დღესვე გამოილია. მერე და მერე ანი რაღაცებს თვითონაც კი იგონებდა, მაგრამ დიდად არც ამას უშველია საქმისთვის.

- ხანდახან რას ვფიქრობ, იცით, ჩემი ბიჭი იმდენ ადამიანს იცნობდა... ვზივარ ფანჯარასთან, ვუყურებ, ხალხი როგორ დადის და ვფიქრობ, იქნებ, აი, ის რომ გავაჩერო და ვკითხო, იქნებ ისიც იცნობდა ალექსანდრეს და რამე მომიყვეს. ხომ შეიძლება?

- თეორიულად შეიძლება, - მშრალად დაუდასტურა ლიზიმ.

- დღეს ანალიზების პასუხები გამოვიტანე, - ვიქტორიამ ჩანთიდან ორად გაკეცილი ბლანკიანი ქაღალდები ამოიღო.

- ავად ხარ? - შეშფოთდა ანა.

- მე? მე არა, ალექსანდრეს ანალიზებია, სრული ჰორმონალური გამოკვლევა, - ვიქტორია უხერხულად სრესდა ქაღალდს, - სანამ რეანიმაციულში იწვა,  ანალიზებისთვის სისხლი აუღეს. ექიმმა მითხრა, შრატს შევინახავთ, თუ კიდევ რამე ანალიზი დასჭირდა, ხელახლა სისხლის აღება აღარ მოუხდებაო. ჰოდა, გამახსენდა, რომ შრატი შენახულია, მივედი და ვუთხარი, ჰორმონალური ანალიზი გაეკეთებინათ.

ლიზიმ ჩუმად დაუსტვინა და თვალები გადაატრიალა, ანა დაიძაბა.

- დეიდა, რად გინდა მიცვალებულის ჰორმონალური ანალიზი?

- რაღაც ახალი ამბავი მინდოდა გამეგო ჩემს შვილზე. თან ამას რომ კითხულობ - ლეპტინი ამდენი, გასტრინი ამდენი... ისეთი გრძობა გაქვს, თითქოს ისევ ცოცხალია. ვგიჟდები არა?

- არ ვიცი, ალბათ არა.

ვიქტორიამ ხელები კალთაში ჩაიწყო და თითებს დააჩერდა.

- მიცვალებულის ჰორმონები... ჰმ, თქვენ არ იცით ეს რა არის. რასაც არ უნდა აკეთებდე, მაგაზე ფიქრობ. სადაც არ უნდა წახვიდე, თან დაგყვება. ყველაფერი მაგის თავს გახსენებს, ქუჩაში გამვლელით დაწყებული, კედლის ბზარით დამთავრებული. ბზარი არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც გახსენებს, იმიტომ რომ ყველაფერი მაგას გახსენებს... ის კი არა, ტუალეტში უნიტაზზე რომ ზიხარ, მაშინაც შენს მკვდარ შვილზე ფიქრობ და კიდევ იმაზე, ეს რატომ დაგემართა.

- ყველას თავის უბედურება აქვს, დეიდა, მარტო შენ ხომ არ ხარ?!

- იცით რა არის, ბავშვებო, ჯოჯოხეთი? აი, ეს არის, ყველა იტანჯება, მაგრამ ერთის ტანჯვა მეორეს  არ შველის. ცოცხალი ხარ და მკვდარს დაათრევ. ერთი ადამიანი მუდმივად სხვა ადამიანს დაათრევ და ეს არ მთავრდება.

ლიზიმ გაიღიმა.

- როგორც იქნა გაგვიგო, - გადაულაპარაკა ანას.

 

***

ანა მობილურს დაწვდა და კონტაქტებში ნომრის ძებნას შეუდგა. ეს მობილური რამდენიმე წლის წინ მას და ლიზის ვიქტორიამ აჩუქა, ორ კაცს ერთი ტელეფონი. მაშინ ლიზი კარგა ხანს ილანძღებოდა. ახლა აპარატი ანას ეკავა ხელში და უცებ გააცნობიერა, რომ ტელეფონი პირველად იყო მხოლოდ მისი.

ყურმილი კლინიკის ადმინისტრატორმა აიღო.

- პროფესორს დამალაპარაკეთ!

- იცით, უნდა ჩაეწეროთ, პროფესორი დაკავებულია...

- ანა ვარ. ლიზი და ანა...

- ახლავე.

ხმაური და მერე მობილურში მამაკაცის ხმა გაისმა.

- ჰო, ანა, ლიზი უარესადაა?

-  მოკვდა.

- ლიზი? სახლში ვინმე არის?

- არა, არავინ.

- ახლავე წამოვალ, კარები ღიაა?

- არ, მაგრამ გავაღებ.

- დარწმუნებული ხარ, რომ კარამდე მიხვალ?

- კი, დარწმუნებული ვარ.

- ანა, არ შეგეშინდეს. ახლავე მოვალთ და კლინიკაში გადაგიყვანთ, ახლავე.

- დიახ, გელოდებით.

 

***

პროფესორმა ყურმილი დააგდო და ადმინისტრატორს მიუბრუდა.

- სასწრაფო დახმარების ბრიგადას უთხარი, რომ გავდივართ. სიამის ტყუპებიდან ერთი მოკვდა.

 

***

ანა ძლივს წამოდგა საწოლიდან, ლიზის ხელი მოხვია და ნელა დაიძრა კარისკენ. „მთელი დღეები მკვდარს დავატარებ“ - გაახსენდა ვიქტორიას ნათქვამი. კარამდე მიაღწია, საკეტი გადაატრიალა და ისევ უკან გამობრუნდა, თან უსიცოცხლო ლიზის მოათრევდა. საწოლზე დაწვა და ისიც ამოიტანა. სასტიკად შიოდა, მაგრამ ითმენდა, არ უნდოდა მერე უნიტაზზე მჯდარიყო მიცვალებულთან ერთად.

სანიტრებმა კარი ლამის შემოგლიჯეს და თავზე წაადგნენ. პროფესორმა ჯერ გაყინული ლიზი გასინჯა, მერე ანას მიუბრუნდა.

- შენ როგორ ხარ?

ანამ მხრები აიჩეჩა.

- ვერ ვიცოცხლებ, ჰო?

პროფესორმა არაფერი უთხრა, ისევ ლიზიზე გადაიტანა მზერა, კარგად დააკვირდა.

-  დღეს არ მომკვდარა, არა?

- გუშინწინ.

- მერე აქამდე რატომ არ დარეკე?

- მინდოდა, ცოტა ხანი მარტო ვყოფილიყავი.

 

***

პალატაში, სადაც ანა და ლიზი გადაიყვანეს ტევა არ იყო. ყველას უნდოდა თავისი თვალით ენახა ერთმანეთს შეზრდილი სიამის ტყუპები, რომელთაგან ერთი უკვე მკვდარი იყო, მეორე კი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. მორიგე ექიმი ბევრს ეცადა, ზედმეტი ხალხი ოთახიდან გაეყარა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

- რისგან მოკვდა? - ჰკითხა ერთ-ერთმა პროფესორს.

- რისგან მოკვდა? ნამდვილი სასწაულია, რომ ოცი წელი იცოცხლეს. როდესაც დაიბადნენ, მშობლებს ვუთხარი, მაინც დაიხოცებიან და სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ დატოვეთ-მეთქი. მეგონა, დიდი-დიდი სამ თვეს გაატანდნენ. თითქმის ყველა ძირითადი ორგანო საერთო ჰქონდათ, ტვინის და გულის გარდა.

- რა საცოდაობაა!

- საშინელება!

ანამ ოდნავ გაახილა თვალები და გალურჯებული ლიზისკენ გაიხედა. გარეგნულად ყოველთვის ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. „მეც ასეთი მკვდარი ვიქნები“ - გაიფიქრა და თავი უკანვე მოატრიალა, ზაფხული იყო, ლიზი უკვე ყარდა... ანას გაახსენდა, როგორ იდგნენ საღამოობით ფანჯარასთან და წინა კორპუსში მცხოვრებლებს აკვირდებოდნენ. ლიზი კაცს ახმოვანებდა, ანა - ქალს. ცოლ-ქმარი რაღაცაზე გამწარებული ჩხუბობდა. მერე ქალმა შუშის თასს წამოავლო ხელი და გაუქანა, კაცმა აიცდინა.

ლიზი უცებ ძალიან დასერიოზულდა.

- თუ ასე ვერ იტანენ ერთმანეთს, რატომ არ შორდებიან? მე რომ ჯანმრთელი ვიყო, გავიჯახუნებდი კარს და მეორედ ვეღარავინ მნახავდა.

ანამ მხრები აიჩეჩა.

- არ ვიცი,  ალბათ სხვა კორპუსიდან ყველაფერი ადვილი ჩანს.

ლიზი ფანჯარას მოშორდა და ანაც თან წაითრია.

- ნელა! გადავყირავდებით!

- წამოდი, აღარ მინდა ეს თამაში!

- რატომ?

- ჩვენზე უფრო საინტერესო მანდ არასდროს არაფერი ხდება.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE