ხელების სიბრძნე


ხელების სიბრძნე




 უცხო  სტუმარი


იმ შორ საღამოს, დრო რომ ქარგავს თავისი ქარგით,
არ ვიხსენებდე ჟრუანტელით ღამე არ გავა,
დავხვდი ჟასმინის სურნელით და წითელი კაბით,
უცხო სტუმარი რომ მოვიდა ჩემს მოსაკლავად...

ვუსმენდით მოცარტს დაბალ ხმაზე, მერე მარტო როკს,
სახლების თავზე ღამის ბინდი მოეწია მზეს,
ერთი შეხედვით ის არ ჰგავდა მკვლელს, ან პათოლოგს,
მეტიც - სინაზით საუბრობდა პოეზიაზე.

და შეგნებულად ვაკონკრეტებ, ცას რომ არ აჰყვა
იმ ღამით მთვარე, ვინაიდან გვერდს ვერ ავუვლი,
შემოეპარა თეთრი შუქით სახლის ალაყაფს,
და ერთადერთი მოწმე გახდა დანაშაულის.

ის კი, უცხო და გალანტური ჩემი სტუმარი,
საბედისწერო ლურჯი მზერით ფიქრებს იჭერდა,
ვერ ვიეჭვებდი ცუდს მცირედსაც, თუნდაც ხუმრობით,
თქვენც ჩემს ადგილას ვერაფერი დაგაეჭვებდათ.

მომიახლოვდა, ვით ცეცხლი და აღარ მომცილდა,
გადაეფარა მწველი გრძნობა თვალებს ბინდივით,
ვცეკვავდით რაღაც ვალსის მაგვარს, ყელში მკოცნიდა,
გარეთ კი ბაღში პიკს აღწევდა წვიმის ინტიმი.

დავლიეთ ვისკი (მსგავს პაემნებს მუდამ თან ახლავს),
და ვაღიარებ, უპირობოდ მე მას მივენდე,
იგი ჰყვებოდა სიყვარულზე ისე ხმამაღლა,
რომ ერთ ოთახში მთელი ზეცა შემოვიკედლეთ.

და მომიხელთა, ხეთა ლანდებს ღამე არწევდა,
იყო წუთები უმწეობის, თავს ვერ ვშველოდი,
მკაცრად მჯერა, რომ ვერ შევძლებდი მისგან გაქცევას,
რომც შემძლებოდა, მაინც არსად გავიქცეოდი.

კანზე დახორკლილ, ვერმოსათმენ ტკივილს ვითმენდი,
ის იღიმოდა, მიყურებდა მშვიდად თვალებში,
მირტყამდა დანას, ტანზე გაზრდილ ტიტებს ითვლიდა,
მარცხენა მხართან, უფრო ხშირად გულის არეში...

მოვკვდი და დაბლა ღვარი იდგა დიდხანს ტიტების,
ალბათ ამგვარი სხვა ამბავი თქვენ არ გსმენიათ,
მას აქეთ არის, რომ მაცვია კაბა წითელი,
მას აქეთ არის, რომ სიკვდილის არ მეშინია.

და ის საღამო, დრო რომ ქარგავს თავისი ქარგით
არ გამახსენდეს ჟრუანტელით ღამე არ გავა,
დავხვდი ჟასმინის სურნელით და წითელი კაბით,
საღამოს პირზე ის მოვიდა ჩემს მოსაკლავად...


ხელების სიბრძნე

სხვისი ხელების რომ დაკარგეს საჭირო სითბო,
განშორებისას, პირველ რიგში ხელებმა იგრძნეს,
სიცოცხლის ბოლოს ხელებს მუდამ იკრეფენ გულთან,
გულის კი არა, ასეთია ხელების სიბრძნე.
ხელები... ზოგჯერ უფოთლებოს მოჰგვანან ხეებს,
და ზოგჯერ კიდევ მოუგებელს იგებენ ომებს,
ჯერ არასოდეს არაფერი შეშლიათ ხელებს,
სიბრმავის შემდეგ ძვირფას სახეს ხელები ცნობენ...
ბნელ ოთახებში ღმერთი მოდის, იხსნება გზები,
როს პირჯვრის წერით აღავლენენ ხელები ლოცვას,
და უყვართ ხელებს სიგიჟემდე მისული ვნებით,
გათენებამდე შეუწყვეტლად უკრავენ როცა.
აქვთ საიდუმლო რიტუალი სიზმრების ფერი,
როცა შეხებით ერთმანეთში აურას ცვლიან,
და კანკალებენ, ეშინიათ ბავშვივით ხელებს,
როდესაც კარზე, ნაცნობ კარზე ზარს რეკენ გვიან...
ხელები... ხელებს უხმო სევდის ფერი აქვთ ხშირად,
და გული თუნდაც იყოს ბევრი სიცრუის მცველი,
ხელებს არასდროს შეუძლიათ ტყუილი მცირეც,
ანაბეჭდები უტყუარი არსებობს ხელის.
ხელებს შეატყობ ემოციას ღმერთივით ნამდვილს,
და როცა ირგვლივ თამაშდება უნიჭო ფარსი,
ზოგჯერ ისეთი დაღლილია ხელები დარდით,
კოცონის ალზე დაღვენთილი სანთლების მსგავსად...
არავინ მოდის იმ წუთებში ხელებთან შველად,
და იპყრობთ ჩავლილ  ზამთარივით ნაცნობი ელდა,
როცა გაირბენს ჩემი ყოფნის სადგური ყველა,
ჩემი ხელები გინატრებენ ყველაზე მეტად...
ენთება ცაზე მთვარე, როგორც წითელი მოცვი,
გაირანდება ყოველივე ათასგვარ ფერში,
და ჩემს თვალებში ჩაქრებიან შუქები როცა,
ჩემი ხელები მოგძებნიან უმიზნოდ ბნელში.
სხვისი ხელების რომ დაკარგეს საჭირო სითბო,
განშორებისას, პირველ რიგში ხელებმა იგრძნეს,
სიცოცხლის ბოლოს ხელებს მუდამ იკრეფენ გულთან,
გულის კი არა, ასეთია ხელების სიბრძნე.

 

დღეს შენი ქუჩაა ბროდვეი

შენ ამბობ, რომ მხოლოდ სულამდე ჩასული წვიმა ვარ,
რომ გზა გაქვს გრძელი და ჩემ მერეც ცხოვრებას აპირებ,
მიდიხარ და ჩემი თხოვნები მოგდევენ მიმავალს -
- არ ენდო მდორე ზღვებს და გულგამოღებულ ნაპირებს...

აქ რჩება ტკივილი და ყველა წერილი ბოდვაა,
ფოთლებით შემოსილ ღამეს გათენება უჭირდა,
მიდიხარ, რადგანაც დღეს შენი ქუჩაა ბროდვეი,
ათასი ქუჩაა შენამდე ფოთლების ქუჩიდან...

მოდიან ქარები და ხის კენწეროებს არწევენ,
არასდროს არ მითქვამს - მიყვარდი შეხვედრის წამიდან,
იწვიმებს და მალე როგორც დრომოლეულ ნაწერებს,
დანესტილ ეზოში ნოემბრის ბოლო დღეს გავიტან.

და როგორც ოდესღაც, ეზოში დიდ კოცონს დავანთებ,
და დავწვავ ნოემბერს, შენს წასვლას წამებს რომ უთვლიდა,
მე გამოგიგზავნი შენამდე ვერმოსულ ბარათებს,
ამ ეულ ქალაქის ერთადერთ საფოსტო ყუთიდან.

მიდიხარ და ვერ ვძლებ... და უჰაერობა მაწამებს,
ჩვენ შორის დღეს მხოლოდ დიდი მანძილი და ღმერთია,
უფალი გფარავდეს, ის რაც ჩვენ უფალზე გვასწავლეს,
შენ უწყი, შენ იცი, უფალი იმაზე მეტია.

ეს გრძნობაც მიწაზე ღმერთივით გარკვეულ დრომდეა,
არ ენდო დიდ გემებს და გულგამოღებულ ნაპირებს,
მიდიხარ, რადგანაც დღეს შენი ქუჩაა ბროდვეი,
მიდიხარ, რადგანაც ჩემ მერეც ცხოვრებას აპირებ.
 

 

დაგიხატავდი

ცხოვრების ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა
დრომ და რა გითხრა, ეს ლექსია, სადაც დავმთავრდი,
ახლა რომ მთხოვო სამახსოვროდ რამის დახატვა,
თბილ ქვეყნებისკენ წასულ ჩიტებს დაგიხატავდი...

მეცოდებიან, შიშვლდებიან როცა ხეები,
გაზაფხულამდე მოთმინებით ვიდრე იცდიან,
ვიდრე იწვიმებს და უბრალოდ ვიდრე დღეები,
ხასიათივით ცივ ამინდებს გამოიცვლიან...

ქარში გასული გოგოსთვის კი ალბათ რთულია,
ყოველთვის მიზანს ამართლებდეს ამბის შედეგი,
გაყალბებული გრძნობებივით უსახურია,
კედელს მიკრული რენუარის ყალბი შედევრი.

ახლა ქუჩები ღამეულმა სუსხმა მონისლა,
კურნავს კი არა, დრო ბოლომდე აქრობს იარებს,
ვეღარც ვიხსენებ ჩემგან წასულთ დიდთოვლობისას,
თბილ ქვეყნებისკენ გადაფრენილ ადამიანებს.

სამყაროს შეცვლის შესახებაც გაქრნენ მითები,
ცივი ქარები საბოლოოდ მაინც დაგღლიან,
მეცოდებიან წერილები, უკვე ყვითელი,
რომ დაწერეს და მერე არსად გაუგზავნიათ.

რა გითხრა, უკვე აღარაფერს გრძნობენ ხელები,
ფოთლების სენი მოერიათ იმ ძველ სურათებს,
მეცოდებიან გოგოები თვალში ცრემლებით,
დამაჯერებლად რომ ჰყვებიან როგორ უმართლებთ...

ცხოვრების ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა
დრომ და რა გითხრა, ეს ლექსია, სადაც დავმთავრდი,
ახლა რომ მთხოვო სამახსოვროდ რამის დახატვა,
თბილ ქვეყნებისკენ წასულ ჩიტებს დაგიხატავდი.

 

***


ფრთების გარეშეც შესაძლოა იფრინო ცაში,
მაშინაც, თუკი რეალობა ასე ურჩია,
რატომ გვეძებენ ცივ ქუჩებში ნეტავი მაშინ,
როცა ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ არცერთ ქუჩაზე.

ის, რაც ვერავინ მიპასუხა, დრომ გამიმხილა,
გამიმართლებდა, რომ ლექსებში დარდებს ვატევდე,
ხან ხდება, სული გადაიტანს ტკივილს იმხელას,
რომ მერე უკვე გინდ გათენდეს, გინდ არ გათენდეს...

არის სულერთი და ზამთარი წელში იხრება,
არ გეგულება სულის, თუნდაც ხელისმომკიდე,
ხან ხდება, სული გადაიტანს ტკივილს იმხელას,
რომ მერე უკვე გინდ მოდი და გინდ არ მოხვიდე!

ფრთების გარეშეც, შესაძლოა, იფრინო ცაში,
უსმენს საღამო ჩემი სულის მსუბუქ არიას,
რად გვიხდებიან ოცნებები ნეტავი მაშინ,
როცა ისინი ოცნებები აღარ არიან...

 

შენი  გახსენება  არის  პოეზია

გრძნობის ამოიხსნა ყველა განტოლება,
მეტად უფალზეც კი ცა უშორესია,
ქალაქს რომ მოიცავს ნისლი მარტოობის,
შენი გახსენება არის პოეზია...

ისე ურითმოა ზამთრის შესავალი,
დღეებს აღარ მივდევ, დროის შარლატანებს,
ეს გზა აღარაა ახლა მზის სავალი,
ქარში ოლეანდრებს სული გავატანე.

სათქმელს მომლოცველნი ღმერთებს უბარებენ,
და ქრის ქარიშხალი მეტი განაზებით,
შორი ღამეები ისევ მდუმარებენ -
- მთებში ჩაწოლილი შავი ავაზები.

რაც დრომ თან წაიღო მასთან დამგვანებით,
მეტად უფალზეც კი ცა უშორესია,
ქუჩა რომ ირთვება თოვლის მაქმანებით,
შენი გახსენება არის პოეზია...

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE