"ეს წიგნი მოგვითხრობს... მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე, მოგვითხრობს მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე, მოგვითხრობს მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ. დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც..." - ეს წიგნი "მოთხრობები ლიტერატურაზეა" და ლევან ბრეგაძის ეს სიტყვები, სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც მის სხვა წიგნებსაც ეხება.
"ლიტერატურული (გამო)ძიებანი", "თარგმანი და ორიგინალი", "მარგინალიები" და ლევან ბრეგაძის სხვა ტექსტებიც უფრო კრიტიკის, ამ "ძნელი და სახათაბალო საქმიანობის", საზღვრების გაფართოებაა, არსის და მნიშვნელობის გამრავალფეროვნება, დროის დამახსოვრება. და კიდევ - სიყვარული, ლიტერატურის დიდი სიყვარული, რომელიც ავტორს ხელს ააღებინებს ლექსის წერაზე, ჟურნალისტიკაზე. თუმცა ლევან ბრეგაძის შემთხვევაში ეს „ხელის აღება“ პირობითია. ძირითადად რედაქციებში მუშაობს და ამ მასალის (ჟურნალისტური ჟარგონით რომ ვთქვათ) წერის დროსაც, სულ „თავის“ წესებს მიჰყვებოდა, პროფესიონალი ჟურნალისტის წესებს. რაც შეეხება პოეზიას, სატირულ-იუმორისტული ყაიდის ლექსებს ახლაც წერს და ზოგჯერ ფეისბუკის ქრონიკაზეც დებს. უფრო სერიოზულად კი, ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს, როგორც თვითონ ამბობს, მშველელად მოევლინა პოეზია.
„გარჩევის ხელოვანი“ და „თანაავტორი“
ლევან ბრეგაძისთვის კრიტიკა დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ლიტერატურული მოვლენაა და არა მხოლოდ „გარჩევის ხელოვნება“ და „განსჯა“, როგორც „კრიტიკის“ პირველივე მნიშვნელობა. თუმცა ხელოვნება ნამდვილად არის, ნამდვილი ხელოვნება. საერთოდ, ის ჯერ მკითხველია, მერე კი თანაავტორად იქცევა ხოლმე. მწერლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს თითქმის აღარ იწერება კრიტიკა, ძალიან შემცირდა ასეთი ტექსტები, რადგან ბევრს არ შეუძლია ლიტერატურის პროფესიონალურად შეფასება.
მწერლების აზრი კრიტიკაზე ნაკლებსაყურადღებოა. მწერალს მხოლოდ ქება აინტერესებს. და მაშინაც კი, როცა ქებით ცამდე აიყვან, თუ ისეთი ღირსებები შენიშნე მის დაწერილში, რასაც თვითონ არ მოელოდა, ბრაზდება: ამან ჩემი შექმნილი ტექსტი ჩემზე უკეთ რატომ იცისო! ეჭვიანობს!.. ჩემს მახსოვრობაში ერთადერთი მუხრან მაჭავარიანი იყო, რომელიც აღიარებდა: „ჩემზე ძალიან ბევრი დაწერილა დადებითიც და უარყოფითიც. და, უნდა ითქვას, ორივეს (დადებითსაც და უარყოფითსაც) დიდი ზეგავლენა მოუხდენია (ზოგჯერ უნებურად) ჩემს შემდგომ შემოქმედებით მუშაობაზეო“.
კრიტიკამ თავი უნდა დააღწიოს „მომსახურე პერსონალის“ როლს და დამოუკიდებელი ესთეტიკური ღირებულების მქონე სრულფასოვან ლიტერატურულ მოვლენად ჩამოყალიბდეს, ნოველის თვისებები შეიძინოს: მოულოდნელ დაკვირვებებსა და აღმოჩენებს უნდა შეიცავდეს და კომპოზიციურადაც ნოველასავით უნდა აიგოს. ლიტმცოდნეობა კიდევ სხვა რამ არის - ის ალბათ კვლავაც „გამოყენებით“ ჟანრად დარჩება. თუმცა ლიტმცოდნეობითი ნოველებიც გამოჩნდა უკვე. სამაგალითოდ დავასახელებ თეიმურაზ დოიაშვილის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ნაშრომს იდუმალებით აღსავსე სიტყვის - „ირმიგალის“ - თაობაზე, რომელიც გალაკტიონის ტექსტებში გვხვდება, და კიდევ ნათია სიხარულიძის ძიებებს იმავე გალაკტიონოლოგიის სფეროში, რასაც ასევე ფილოლოგიური ნოველისტიკის სახე აქვს.
რას იტყვით კრიტიკის ძალაზე და „ძალაუფლებაზე“? - ხომ იყო დრო, როცა ის სიკვდილ-სიცოცხლის ამბებს წყვეტდა, მაგალითად, საბჭოთა კავშირში და დღესაც იყენებენ მას რეჟიმები მთელ მსოფლიოში.
დიახ, მართალი ბრძანდებით: იყო ასე საბჭოთა კავშირში და ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც ასეა. ორი ათას ხუთასი ხნის წინ დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონიც ფიქრობდა, რომ პოეტებს სახელმწიფოსთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ. ეს პოეტური სიტყვის ძლიერების აღიარებაა, რასაც დიქტატორული რეჟიმები კრიტიკული სიტყვის ძალას უპირისპირებენ. ასეთ დროს ნაწარმოების შეფასება იდეოლოგიური კრიტერიუმებით ხდება, მაშინ როდესაც მხატვრული ტექსტი უწინარეს ყოვლისა ესთეტიკური კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს, თუმცა მხატვრული ტექსტის იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოყენებასაც ვერავის აუკრძალავ.
პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა კრიტიკოსი, როგორც მწერლის თანაავტორი. პრინციპში, ყოველი მკითხველი მწერლის თანაავტორია, ვინაიდან კითხვის პროცესში იგი თავის ცნობიერებაში ახდენს წაკითხულის კონკრეტიზაცია-რეკონსტრუქციას. კრიტიკოსი კი ის მკითხველია, რომელიც თავისთვის კი არ იტოვებს თავის აზრს წაკითხულზე, არამედ საჯარო სივრცეში გამოაქვს ის. ეს არის მხატვრული ტექსტის აღქმა-შეფასების უაღრესად ჯანსაღი, საჭირო და საინტერესო პროცესი, რომელიც ზოგჯერ მწვავე კამათში გადაიზრდება. ჩემსობას რამდენიმე ასეთი ლიტერატურული შეხლა-შემოხლის მომსწრენი გავხდით. ზოგიერთს გავიხსენებ: რეზო ჭეიშვილის, ოთარ ჩხეიძის, გურამ დოჩანაშვილის, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას მთელ შემოქმედებასა თუ ცალკეულ ნაწარმოებზე გამართული ცხარე დისკუსიები ძალიან აცოცხლებდა ლიტერატურულ ცხოვრებას. ახლა ამის ნაკლებობაა, რაც სამწუხაროა ფრიად!
ვინ არის კრიტიკოსი?
კრიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ მხატვრული ნაწარმოები (რაც ცოტა ვინმეს შეუძლია), და თანაც ეს მოიმოქმედოს საჯაროდ (რაც კიდევ უფრო ცოტა ვინმეს ძალუძს). ამ დროს ხშირად გიწევს განსახილავი ნაწარმოების ავტორისთვის არასასიამოვნო შეხედულების გამოთქმა, რაც დიდ სულიერ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული (მე-17 საუკუნის ესპანელი ბრძენკაცი ბალტასარ გრასიანი წერს: სიმართლის თქმა გულიდან სისხლის გამოშვებასა ჰგავსო). მოკლედ, კრიტიკოსობა ძნელი და სახათაბალო საქმიანობაა - ბავშვობაში მასზე ვერავინ იოცნებებს! და თუ ასეა, აბა რა ძალა გვადგას, რომ ვკრიტიკოსობთ?
ჩემი აზრით, კრიტიკოსობისკენ გვიბიძგებს ლიტერატურის ძალიან დიდი სიყვარული. ლიტერატურის ძალიან დიდი სიყვარული ისეთი რამ არის, ლექსების წერაზეც კი აგაღებინებს ხელს, თუ შეატყვე, რომ ეს საქმე ისე არ გამოგდის, როგორც პოეზიას ეკადრება. ჰოდა, ასეთი კაცი სხვას შეუნდობს პოეზიის სახელის შებღალვას?! მეორე მხრივ, ლიტერატურის ძალიან დიდი სიყვარული იწვევს იმას, რომ სხვისი შედევრი შენიც ხდება, თუკი მასში ისეთ ძვირფას თვისებებს შენიშნავ, ზოგჯერ მისი ავტორისთვისაც კი მოულოდნელი რომ არის. ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. ასე გამითავისებია ბევრი შედევრი.
პროფესიით ჟურნალისტს რამ გადაგაწყვეტინათ ლიტერატურის კრიტიკოსობა?
ჩემს კრიტიკოსობას საინტერესო პრეისტორია აქვს.
1973 წლის დეკემბერში გაზეთების კიოსკში შევნიშნე შინდისფერი ჟურნალი, რომელსაც დიდი შავი ასოებით ეწერა „კრიტიკა“. გადავშალე და როგორც კი დავადგინე, რომ მწერალთა კავშირის ორგანო ყოფილა, ასეთი რამ გავიფიქრე: აი, დაუარსებიათ ახალი ჟურნალი, რომელშიც მე არასოდეს არაფერს დავბეჭდავ-მეთქი. პატიოსან კაცს (მით უფრო, თუ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ასპირანტურაში სწავლობს) ასეთი აზრი რატომ უნდა დაებადოს თავში?! და დახეთ ბედის ირონიას: გავიდა ზუსტად ერთი წელი და ჩემი პირველი კრიტიკული წერილი („ერთი თარგმანის კურიოზები“) სწორედ იმ ჟურნალში დაიბეჭდა, ხოლო 1978 წლის თებერვლიდან მუშაობაც სწორედ იმ ჟურნალის რედაქციაში დავიწყე პასუხისმგებელ მდივნად, რაც რედაქტორის მოადგილეობას ნიშნავდა. მართლაც რომ შეუცნობელნი არიან გზანი განგებისანი!
პირველი წიგნი და მოთხრობები მოთხრობებზე
ლევან ბრეგაძის პირველი წიგნი, ლიტერატურული წერილების პირველი კრებული, 1982 წელს გამოვიდა, საინტერესო და მოულოდნელი სათაურით: „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“. მაშინ ბევრი არ იწერებოდა პერსონაჟების „შეხვედრებსა“ და „გადაკვეთებზე“. დღეს მათი შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია, შესაძლოა, უმეტესად საეჭვო ლიტერატურული ღირებულების Fan Fiction-ის უზარმაზარ ვირტუალურ სივრცეებში, თუმცა ზოგჯერ პერსონაჟები მნიშვნელოვან ტექსტებშიც ხვდებიან ერთმანეთს.
წიგნის გამოცემას არ ვჩქარობდი, ჯანსუღ ღვინჯილიამ, გამომცემლობა „მერანის“ მთავარმა რედაქტორმა დამაძალა. სახელწოდებად ერთ-ერთი წერილის სათაურია გატანილი (მთავარი რედაქტორის მოადგილემ, მამუკა წიკლაურმა მირჩია ეს). იმ ორნაწილიან პატარა წერილში ერთმანეთს შევახვედრე თომას მანისა და აკაკი ბელიაშვილის, გოეთესა და ლეო ქიაჩელის პერსონაჟები. ინტერტექსტუალურ-კომპარატივისტული ესეია. ეგ წიგნი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იმით არის, რომ რამდენიმე ისეთ წერილს შეიცავს, რომლებიც ნოველის ყაიდაზეა დაწერილი (ზემოთ რომ ვილაპარაკე, იმ ყაიდაზე). ასეთია, მაგალითად „იდუმალი ბრძოლა“ (ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებზე) და „ოცი წლის შემდეგ“ (სოსო პაიჭაძის „ბაქანი „ბოტანიკური ბაღის“ ანალიზი. ამ წერილის შესახებ სოსოს უთქვამს, ლევანმა ჩემს მოთხრობაზე მოთხრობა დაწერაო. ეს ელდარ კერძევაძისგან ვიცი, რომელიც მაშინ სოსოსთან ერთად მუშაობდა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციაში. 2008 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ჩემს წიგნს სოსო პაიჭაძის ამ შეფასების გამო დავარქვი „მოთხრობები ლიტერატურაზე“. მეორე „საბა“ მაგ წიგნში მივიღე. წინასიტყვაობაში ვამბობ: „დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც...“).
წიგნის გამოცემა იმ დროს ადვილი არ იყო და დიდ მოვლენას წარმოადგენდა მწერლობის პრეტენზიის მქონე ადამიანის ცხოვრებაში. საბჭოთა ხანაში კიდევ ორი წიგნი მოვასწარი - 1985 (თეიმურაზ დოიაშვილის თანაავტორობით) და 1988 წლებში.
და მერე გაჩნდა რამდენიმეწლიანი პაუზა. ეს ძალიან რთული დროც იყო - ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ყველაფრისთვის. მხოლოდ ეს იყო მიზეზი?
სწორად შენიშნეთ, რომ საბჭოთა პერიოდში გამოსულ ჩემს ბოლო წიგნსა და პოსტსაბჭოთა ხანის პირველ წიგნს შორის დიდმა დრომ განვლო - თერთმეტმა წელმა (1988-1999). ეს ხომ არ უკავშირდება იმ უმძიმეს ყოფას, რომელშიც ავადსახსენებელ 90-იან წლებში აღმოვჩნდით სამოქალაქო დაპირისპირებებისა და ეკონომიკური კატასტროფების შედეგად? დიახ, რა თქმა უნდა, მაგას უკავშირდება! მით უფრო, რომ ძველი საგამომცემლო სისტემა მოიშალა, ხოლო ახალი გამომცემლობები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ. მაგრამ ჩემთვის უმძიმესი ხანა უფრო ადრე დაიწყო - 1986 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ზემოთ უკვე ნახსენები ჟურნალის - „კრიტიკის“ - რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი და მე, მისი მოადგილე, მოგვხსნეს დაკავებული თანამდებობებიდან, რასაც წინ უძღოდა ჩვენ წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი დაუნდობელი ბრძოლა პრესის ფურცლებიდან და რადიო-ტელევიზიიდან. საქმე ის გახლდათ, რომ რამდენიმე წერილმა, „კრიტიკაში“ დაბეჭდილმა ჩვენი იქ ერთობლივი მუშაობის ხანმოკლე პერიოდში, უმაღლესი რანგის პარტიული ფუნქციონერებისა და მწერალთა კავშირის იმდროინდელი ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ზოგიერთი მოვლენა მათში ისე არ იყო გაშუქებული, როგორც მათ ეამებოდათ. კარგა ხანს უსამსახუროდ დავრჩი. მძიმე სულიერ დეპრესიაში მყოფს მშველელად მომევლინა... პოეზია: მოულოდნელად და უცაბედად აღმოვაჩინე, რომ ეპიგრამების თარგმნა შემძლებია. პოეზია კი (თუნდაც ეპიგრამული) ისეთ ჯებირს ქმნის ჩვენსა და გარემოს შორის, რომლის გადალახვას წუთისოფლის ორომტრიალი ვერ ახერხებს. ასე გვიცავს პოეზია მტრული გარემოს აგრესიისაგან, რაც, პრინციპში, ზოგადად, თეორიულად ვიცოდი კიდეც, მაგრამ პრაქტიკულად მაშინ დავრწმუნდი ამაში (იმ ხანებში „ცისკარში“ გ. ე. ლესინგის ეპიგრამების თარგმანები დავბეჭდე. ჯარჯი ფხოველს წაეკითხა და მითხრა - მე სულ ვიძახი, კაცი უსაქმოდ არ უნდა დატოვო, თორემ ლექსების წერას დაიწყებსო).
აგრძელებთ ახლა ეპიგრამებზე მუშაობას?
მოულოდნელად და უცაბედად მოხდა-მეთქი ეს ამბავი, და აი, როგორ იყო: პირველი საუკუნის რომაელი პოეტის, მარციალისის, ეპიგრამების გერმანულ თარგმანთა ჯიბის გამოცემა მაქვს (რითმიანი ლექსითაა იქ მარციალისი თარგმნილი), იმას ვათვალიერებდი და ერთი ორსტრიქონიანი ეპიგრამა, სათაურად „პლაგიატორი დეკლამატორი“, თავისით (აი, ზუსტად რომ თავისით... არ ვაჭარბებ!) შემომეთარგმნა:
„მე მაგ ლექსში, ფიდენტინუს, ჩემი ლექსი შევიცანი,
მაგრამ ისე ცუდად ამბობ, ამავე დროს შენიც არი“.
ბიჯოს!
მოდი, კიდევ ვცადო-მეთქი, და მეორე ეს იყო:
„ეს ჩვენი თვალის ექიმი გამხდარა მოფარიკავე.
ამასთან დაკავშირებით არ ვთქვა, თავს ვეღარ ვიკავებ:
ამდაგვარ მეტამორფოზას ხელობის შეცვლა არც ეთქმის, -
რა ბედენაა კაცს თვალებს დაშნით დათხრი თუ ლანცეტით“.
მერე მივყევი და მივყევი. გერმანელები ვთარგმნე, რუსები, ბულგარელები. მთელი შავბნელი 90-იანები ეპიგრამების კითხვაში, შერჩევაში, თარგმნასა და თარგმანის დახვეწა-სრულყოფაში გავლიე. მადლობა პოეზიის ქალღმერთს, რომლის წყალობითაც სულიერი სიჯანსაღე და ხალისი შევინარჩუნე იმ ძნელბედობის ჟამს (რა ყოფილა მაინც ეს ლექსი, რა საჭირო რამ ყოფილა ზოგჯერ! სულიერი ციხე-სიმაგრის დანიშნულებას ასრულებს დიდებულად!), და დიდი მადლობა როსტომ ჩხეიძეს, რომელმაც ეს ეპიგრამები წიგნად გამომიცა 2004 წელს. ამით დასრულდა ეპიგრამების თარგმნით ჩემი გატაცების ხანა, აღარავითარი სურვილი აღარ მაქვს კვლავ მივუბრუნდე, თან, ვატყობ, ისეთი აღარც გამომივა.
როსტომის მიერ გამოცემულ წიგნში ყველაფერი არ შემიტანია. ერთი ფრანგიც მყავს ნათარგმნი, მე-16-17 საუკუნეების პოეტი ჟან-ოჟე დე გომბო. იგი გვასწავლის, როგორ მოვიშოროთ თავიდან აბეზარი ადამიანი. იქნებ დაგაინტერესოთ:
„სახლშიც გაკითხავს? არ განებებს თავს აბეზარი?
და აღარ იცი ან რა ასვა, ან რა აჭამო?
ჩემი რჩევაა არ დაუწყო ბევრი ბაზარი, -
ასესხე ფული და გაქრება სამარადჟამოდ“.
პრესა და სულიერი სიმშვიდის საქმეები
ლევან ბრეგაძეს კრიტიკისა და თარგმანის მიუხედავად, არასდროს მიუტოვებია ჟურნალისტიკა, მედია - ძირითადად მუშაობდა ლიტერატურულ პრესაში, ასევე „მოგზაურობდა“ ძველი გამოცემების ფურცლებზეც („მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე“, 2010; „მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე“, 2013). ლევან ბრეგაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დღეს ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს და "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" მთავარი რედაქტორია, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასთან. მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), „საგურამო“ (2007), გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია (2012), აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (2017) და სამი „საბა“ (2003, 2009, 2012).
დიახ, ძირითადად ლიტერატურულ პრესაში ვმუშაობდი, ვიდრე საბოლოოდ ლიტერატურის ინსტიტუტში დავმკვიდრდებოდი. ესენი იყო: როგორც უკვე არაერთხელ ვახსენე, მწერალთა კავშირის ჟურნალი „კრიტიკა“, ქართველ მწერალთა და ლიტერატურისმცოდნეთა დამოუკიდებელი კავშირის გაზეთი „სიტყვა ქართული“, „კავკასიური სახლის“ ჟურნალი „აფრა“ და გაზეთი „ალტერნატივა“, გამომცემლობა „ინტელექტის“ ჟურნალი „ქართული მწერლობა“. ეს ის საქმიანობა იყო, რომლისთვისაც ვგრძნობდი თავს დაბადებულად. ყველაზე სასიამოვნოდ „კავკასიური სახლის“ გაზეთში მუშაობა მახსენდება, რომელსაც ნაირა გელაშვილთან და შოთა იათაშვილთან ერთად ვამზადებდი. მართლაც რომ უმძიმესი წლები იდგა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით (გასული საუკუნის ბოლო და ახალი საუკუნის დამდეგი!), და იმ გაუსაძლის ხანაში, როცა სხვა უბედურებებთან ერთად სალიტერატურო პრესის დიდი დეფიციტიც იყო, ეს სამუშაო სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებდა. უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის „კავკასიური სახლისა“.
რა როლი აქვს ლიტერატურის კრიტიკოსს ნიჭიერი, ახალბედა ავტორების „აღმოჩენაში“ და როგორ ხდება ეს?
ძალიან სასიამოვნოა, თუ ნიჭიერ ავტორს პირველი შენიშნავ და ხმამაღლა გააცხადებ ამის თაობაზე. თუმცა თვითონ იმ ნიჭიერისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა მგონია ჰქონდეს. ნიჭის ერთი თვისება ისიც არის, რომ დაბრკოლებები - დაძლევადი დაბრკოლებები! - ვერაფერს აკლებს, პირიქით - აძლიერებს. სწორედ „ალტერნატივა“ გამოირჩეოდა ახალი სახელების სიმრავლით. იქ ასეთი წესი დავამკვიდრეთ: მხატვრული ტექსტები, უწინარეს ყოვლისა სწორედ ახალბედა ავტორებისა, იმავე ნომერში განიხილებოდა, - მოთხრობის ან ლექსების გვერდით მათზე კრიტიკოსის პირველი შთაბეჭდილებაც ქვეყნდებოდა, რაც ზრდიდა პუბლიკაციისადმი მკითხველის ინტერესს. ამ ფორმით ბევრი ახალგაზრდა ავტორის მხატვრული ტექსტი შეფასდა „ალტერნატივაში“. ამ გაზეთის მეშვეობით, მე მგონი, პირველი ან ერთ-ერთი პირველი გამოვეხმაურე ლაშა ბუღაძისა და ბექა ქურხულის მოთხრობებს. სხვა გამოცემებში და სხვა ფორმით კი ასევე პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ლაშა იმედაშვილზე, ანა კორძაია-სამადაშვილზე, ზაზა ბურჭულაძეზე, ზვიად კვარაცხელიაზე, გიორგი კეკელიძეზე, შალვა ბაკურაძეზე და ბევრ სხვა ნიჭიერზე დამიწერია... ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ხშირად გაისმის საყვედური, კრიტიკა ახალგაზრდობას არ სწყალობსო, რაც, არა მგონია, სიმართლე იყოს. ისეთი აკადემიური პროფილის დაწესებულებაც კი, როგორიც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტია, სადაც, წეღანაც ვთქვი, ამჟამად ვმუშაობ, თავის მრავალრიცხოვან გამოცემებში დიდ ადგილს უთმობს ახალგაზრდათა შემოქმედებას.
ამდენი ხანია თქვენ თვალს ადევნებთ ქართულ ლიტერატურას, მის განვითარებას, გზას - სად არის დღეს ქართული ლიტერატურა, მსოფლიოსთვის ისევ "აღმოსაჩენია“ იმის მიუხედავად, რომ წელს, 2018-ში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო?
მსოფლიო ლიტერატურაში ქართული მწერლობის ადგილისა და მნიშვნელობის თაობაზე ვილაპარაკოთ?
კეთილი!
ძალიან მიყვარს და ხშირადაც ვიმოწმებ ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, მეცნიერი ფილოლოგისა და ქართული ლიტერატურის ნაყოფიერი მთარგმნელის, ჰაინც ფენრიხის სიტყვებს: „ქართული ლიტერატურა განეკუთვნება მსოფლიოს უდიდეს, უმდიდრეს და საუცხოოდ განვითარებულ ლიტერატურათა რიგს... იგი იმსახურებს, თანაბარი უფლებით იდგეს ფრანგული, ბერძნული თუ გერმანული ლიტერატურების გვერდით“.
დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და ქართული მწერლობა კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ლიტერატურაში. უძველეს, უმდიდრეს, დიდი ლიტერატურული ღირსებების მქონე ქართულ მწერლობას ბევრი საჭირო და სასარგებლო რამ აქვს სათქმელი სწორედ დღევანდელი მსოფლიოსთვის. წლევანდელმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ დაადასტურა ეს. ძალზე დიდი იყო ინტერესი ქართული ლიტერატურის და, ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ, რაც გერმანულ პრესაშიც აისახა. ამ წარმატებაში განუზომელია საგანგებოდ ამ ბაზრობისთვის შექმნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წვლილი, რომელმაც მეტად ნაყოფიერი მუშაობა გასწია ჩვენი მწერლობის ძველი და ახალი ნიმუშების სათარგმნელად და საერთაშორისო არენაზე გასატანად. ეს ორგანიზაცია სამომავლოდაც უნდა შევინარჩუნოთ. თუკი მისი არაჩვეულებრივი თანამშრომლები იმავე ხალისითა და ინტერესით გააგრძელებენ მუშაობას, ჩვენც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურული ცხოვრების ღირსეული მონაწილეები გავხდებით. არაფერი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის, გარდა ენობრივი ბარიერისა, რომლის დასაძლევად ასე ნაყოფიერად იღვაწა წიგნის ცენტრმა.
მქონდა ბედნიერება, ჩემი თვალით მეხილა რა ხდებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე - 11-დან 15 ოქტომბრამდე დავყავი იქ. დავესწარი „საბას“ მორიგ დაჯილდოებას - კარგად მოიქცნენ, ამჯერად გერმანიაში რომ ჩაატარეს. გოეთეს მშობლიურ ქალაქში გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილისთვის მესამედ რომ ერგო „საბა“ დავით წერედიანს, ამანაც ძალიან გამახარა. ახლა ქართულიდან რამდენი შესანიშნავი რამ ითარგმნა! აი, ხელთა მაქვს ბესიკ ხარანაულის ხუთი პოემა გერმანულად. ბესიკმა მაჩუქა. მე მისი იქ ყოფნის ბოლო დღეს ჩავფრინდი. რამდენიმე წელია საქართველოში იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს და ისიც მცირე ხნით. ეტყობა, ამიტომ შევრჩით ერთმანეთს პირისპირ გვიანამდე იმ საღამოს სასტუმროს კაფეში. კარგი რამეები ვილაპარაკეთ. იმ პოემებს შორის ჩემი უსაყვარლესი „ხეიბარი თოჯინაც“ არის. ერთი სული მაქვს, როდის მოვიცლი და ჩავხედავ: მაინტერესებს, როგორ აჟღერდა გერმანულად! ბაზრობის დახურვის ცერემონიამაც ჩინებულად ჩაიარა. არ დამავიწყდება, ჩვენ პატივსაცემად მასპინძლების მიერ გამოსამშვიდობებლად ნამღერი „სულიკო“.
ასე რომ, დიდი მადლობა ვუთხრათ 2018 წელს ფრანკფურტისთვის და ღირსეულად გავაცილოთ!
ჟარგონი და რწმენა-წარმოდგენები
გია ყოველ მეორე სიტყვაში "ტობეს" ამბობდა - "ტობე, ტობე..." მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. მაშინ კი არა, სანამ ლევან ბრეგაძის "ჟარგონის ლექსიკონი" არ წავიკითხე, ვერ მივხვდი რატომ იყო გიასთვის ყველაფერი "ტობე". ჩემს ბავშვობაში გია ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იყო... "ჟარგონის ლექსიკონი" ლევან ბრეგაძემ პირველად 1999 წელს გამოსცა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ გამოვიდა შევსებული გამოცემა. ერთხელ თქვა, არ მინდოდა საქართველოს მეოცე საუკუნე ამ ლექსიკონის გარეშე დამთავრებულიყოო. ბოლო გამოცემაში 1500-მდე სიტყვაა შესული და ყველა სიტყვას თან ახლავს ლიტერატურული მაგალითები.
პოსტსაბჭოთა ხანაში პირველი, რაც გამოვეცი „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“ იყო (1999 წ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ეს არის ჩემი ყველაზე პოპულარული წიგნი. კარგი რეცენზიებიც დაიწერა. კიდევ ორი შევსებული გამოცემა გამოვიდა (2005, 2013) და მთლიანად გაიყიდა. ჟარგონი ამოუწურავია, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები არ არის ამოუწურავი. მეოთხე გამოცემის მომზადებას ალბათ ვეღარ შევძლებ, არადა რამდენი საინტერესო სიტყვა და გამოთქმა გაჩნდა კიდევ! განსაკუთრებით ორ მათგანზე მწყდება გული, ესენია: „აკვდება“ (ნიშნავს: სავსებით შესაფერისია, ზედგამოჭრილია) და „დაუძაბა“ („გაექაჩას“ სინონიმი), ძალზე ექსპრესიული, გამომსახველობით ძალის მქონე სიტყვები. არაუშავს! საამაყოდ ისიც მეყოფა, რომ დიდი ხნის შემდეგ მხოლოდ ჩემი ლექსიკონიდან შეიტყობენ, რას ნიშნავდა იდუმალებით აღსავსე გამოთქმა „შუტკის გახსნა“, დღევანდელი ახალგაზრდების მეტყველებაში რომ ისმის!
ასევე საეტაპო მნიშვნელობისაა „ყოფითი რწმენა-წარმოდგენები“. ამ წიგნის გამოცემის ამბავიც მითხარით, როგორ გროვდებოდა მასალები, როგორ შეიკრა წიგნად, როგორ მიიღო მკითხველმა.
პოპულარობით მეორე ადგილზე ჩემს წიგნებს შორის არის ჩემ მიერ შედგენილ-კომენტირებული „ყოფითი რწმენა-წარმოდგენები“ (2012). მათი ერთი ნაწილი 2001 წელს „კავკასიური სახლის“ გაზეთ „ალტერნატივაში“ გამოვაქვეყნე ხუთ გაგრძელებად ასეთი სათაურით: „ხალხური რწმენა-წარმოდგენები, რაჭაში შეკრებილი ლევან ბრეგაძის მიერ“. მერე ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელის, ქალბატონ რუსუდან ჩოლოყაშვილის შეგულიანებით, ამათ სხვა, ძირითადად ბეჭდური წყაროებიდან მოპოვებული მასალა მივუმატე და, გამომცემლობა „არტანუჯის“ წყალობით, წიგნად გამოვეცი. ეს წიგნი ერთ საიდუმლოს ინახავს, რომელსაც ახლა პირველად თქვენ გაგანდობთ: კი გამოვაცხადე, ჯერ გაზეთ „ალტერნატივის“ ფურცლებზე და მერე ამ წიგნის კომენტარებში, ხალხური რწმენა-წარმოდგენები რაჭაში, ჩემს დედულეთში, მე შევკრიბე-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის: დედაჩემის, ექიმ-სტომატოლოგ ცაცა ბოჭორიშვილის შეკრებილია. ორი საერთო რვეული ჰქონდა სავსე (ახლა ისინი ჩემთან ინახება). როცა ვთხოვე, ეს კოლექცია გამოვამზეუროთ-მეთქი, დამთანხმდა, მაგრამ თავისი სახელის ხსენება გაზეთში კატეგორიულად ამიკრძალა. რა მექნა? ჩემი სახელი წავაწერე. აი, ვთქვი ახლა ეს და შვებით ამოვისუნთქე, გულზე მომეშვა! დედაჩემის კოლექციიდან ერთი რწმენა-წარმოდგენა მომწონს ძალიან, რომლის ანალოგი ბეჭდურ წყაროებში არ ჩანს: „პირველი მსხმოიარობისას ხეს პირველად იმან უნდა მოსწყვიტოს ნაყოფი, ვისაც დედ-მამა ცოცხალი ჰყავს“. იცოდით?
ბარემ ახლა მამაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: არც ერთი ჩემი წიგნი არ გამხარებია ისე, როგორც მამაჩემის, ტყიბულელი გეოლოგის, ჩემ მიერ შედგენილი ჩანაწერების გამოცემა მისი დაბადების 100 წლის თავზე, რაც გამომცემლობა „ინტელექტის“ წყალობით განვახორციელე, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ გამომცემლობის დირექტორის, ბატონ კახმეგ კუდავასი.
ახლა რაზე მუშაობთ?
ახლა რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ ერთდროულად. ზოგიერთს დავასახელებ. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ 2008 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა ჩემი „მოთხრობები ლიტერატურაზე“. ახლა მის მეორე, ასე ვთქვათ, ტომს ვამზადებ და ისევ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მინდა შევთავაზო. სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების წიგნად გამოცემაც მინდა. ესეც თავისებურ ჟანრად ჩამოყალიბდა, რაზეც შესავალ წერილში ვსაუბრობ. სიმპოზიუმი, მოგეხსენებათ, ნადიმს ნიშნავს და წიგნს მინდა „ლიტერატურული ნადიმობანი“ დავარქვა. ინტერვიუების კრებულის გამოცემასაც ვაპირებ, რომელშიც, ცხადია, ჩვენს ამ საუბარსაც შევიტან.
როგორია ეს დრო, როცა თითქმის აღარაფერი დგას წიგნსა და მკითხველს შორის - არც ცენზურა, არც გამომცემლობა, არც სტამბა. ეს „უფარდო“, „უსაზღვრებო“ დრო თავისი ვირტუალური და ონლაინშესაძლებლობებით სულ სიკეთეა თუ საფრთხეცაა?
უკომპიუტერო და უინტერნეტო დროში წიგნის გამოსაცემად მომზადება ძალიან ჭირდა. ახალმა ტექნოლოგიებმა კი ორასჯერ გააადვილა ეს საქმე... ორასჯერ! თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ ცენზურაც მოიხსნა, მივხვდებით, რომ ჩვენი პროფესიის ხალხისთვის სანატრელი დრო დადგა! ის კი არა, სტამბაც აღარ არის საჭირო იმისათვის, რომ შენი სათქმელი მთელ ქვეყანას მოჰფინო! სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ, ცხადია. ზღაპარში მგონია თავი!.. მართალია, გამაღიზიანებელია სიძულვილითა და აგრესიით აღსავსე ტექსტების მოძალება, მაგრამ... რაც ვართ, ესა ვართ - ადამიანები საერთოდ და არამარტო ამ „ორ ზღვას შუა“ მცხოვრებნი. როგორც არ უნდა გასტეხოდა სახელი სიტყვის თავისუფლებას ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, მაინც ესა სჯობს უმისობას. მთავარი ის არის, რომ ბოლო მოეღო პრივილეგიას ინფორმაციის მიღება-გავრცელების სფეროში, გაადვილდა კავშირურთიერთობა - მათ შორის ვიზუალურიც! - მთელ მსოფლიოსთან... ორი ათეული წლის წინ ამაზე ვერც იოცნებებდი! დაუჯერებელი ჩანს! და გიკვირს: ასე საინტერესო გახდა ცხოვრება, ხოლო ადამიანები კვლავაც ტყვიებსა და ბომბებს უშენენ ერთმანეთს, მზეს უბნელებენ ერთიმეორეს, თითქოს ყველანი ისედაც სიკვდილის შვილები არ ვიყოთ... ეს, ჩემი აზრით, იმისი ბრალია, რომ ტექნიკურ პროგრესს ძალიან ჩამორჩა პროგრესი ჰუმანიტარულ სფეროში, რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვება, თუ ამ მხრივ ვითარება არ შეიცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიები ჰუმანიტარულ განვითარებას უნდა მოემსახუროს. ცნობილი მწერლის ცნობილი ფრაზა „ქვეყანას სილამაზე იხსნის“ შეიძლება მართალიც იყოს, თუკი „სილამაზეში“ პოეზიას ვიგულისხმებთ ფართო გაგებით.
ვიდრე ჩვენ მესენჯერში კითხვა-პასუხებს ვცვლიდით, გარეთ ქუჩების მორთვა დაიწყეს. უკვე დეკემბერია - თოვლის, საშობაო ეპიზოდებისა და ფილმების, მუსიკის, ანგარიშებისა და შეფასებების თვე, წლის შეჯამების თვე. ლევან ბრეგაძემ ერთგან დაწერა: მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც, თუკი თავიდან დაიწყებდნენ ცხოვრებას, იმავე ხელობას აირჩევდნენ, რომელიც ერთხელ უკვე აირჩიესო. ის არც ახლა აპირებს რამის შეცვლას, თუმცა ახალ წელს რაღაც მაინც „მოაქვს“, რაღაც აუცილებლად „უნდა მოხდეს“?..
რა კარგია, რომ ეს მკითხეთ!
მთელი ცხოვრება ახალი წლის დადგომისას მეუფლებოდა განცდა, რომლისთვისაც სახელი ვერ დამერქმია - თურმე იმიტომ, რომ არც მოვლენა, რასთანაც ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება, არც, ბუნებრივია, იმ მოვლენის აღმნიშვნელი ტერმინი, ბოლო დრომდე არ არსებობდა... ახლა შემიძლია ვთქვა: გადატვირთვას მაგონებს ახალი წელი, კომპიუტერის გადატვირთვას, უცხოურად „რესტარტს“ რომ ვეძახით!
წარმატებულ „რესტარტს“ გისურვებთ დამდეგი 2019 წლისათვის!