ლექსი კვადრატში


ლექსი კვადრატში




ლექსი კვადრატში

 

რატომ იგინებით, მოქალაქევ?!”

ეთიკური პოლიციელის ფრაზა მის მიერვე ნაწამები ზვიად რატიანისადმი

 

ისინი მოძრაობენ თავიანთ კვადრატში,

ატარებენ ლიტერატურულ რეიდებს:

მოქალაქე პოეტო, ამოაბრუნეთ ფრაზები!

რატომ ირითმებით, მოქალაქევ?!

ისინი არიან სასტიკები. ო, რა სასტიკები,

მაგრამ მათ უყვართ პატრიარქი,

სამშობლო და ადამიანების წამება,

(სასურველია - ხელბორკილდადებულის),

მათ ასევე უყვართ შვილები,

ოღონდ თავიანთი,

ასევე უყვართ მამა იაკობი,

დედა ეფემია და ხინკლის კუჭები,

მაგრამ ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგებიან,

როცა საქმე ეთიკას ეხება.

და განა რა არის უფრო არაეთიკური,

ვიდრე პოეტი წითელი ქურთუკით!

ელარჯივით მოქნილია მათი მზერა,

მათი ტანი იხრება კითხვის ნიშანივით:

ლექსდამოკიდებული ხართ?

შეუვალია მათი ტონი.

რამდენ პოეტს ჩაუდეს რითმა,

(ზოგს სულაც ჯვარედინი)

და გამოკეტეს სამუდამო კონვენციაში.

ასეთი დაუნდობელია პოეზია -

უნდა გესმოდეთ.

აი, ნახეთ თქვენი კოლეგა,

ორთვიან წინასწარ კონვენციურობაში

ჩაკეტვის შემდეგ,

თითქმის სრულად განიკურნა

და ახლა რეაბილიტაციის ბოლო ფაზას

საზოგადოებრივად სასარგებლო სონეტებში გადის.

თქვენ მას იცნობდით?

ჩუმად პასუხობ:

არ ვიცი, არ ვიცი…

დროა გაიცნო.

დროა დაისაჯო შენც.

დროა დაისაჯო მკაცრად.

 

 

ევროპის მოედანი

 

ევროკავშირმა ქართული თაფლი დაიწუნა,

რადგან, აღმოჩნდა, რომ მასში მავნე ნივთიერებები იყო

და კარტოფილიც დაიწუნა იმავე მიზეზით

და სუნელიც - იმავე მიზეზით

და მგონი, ხორბალიც დაიწუნა

და თუ არ ვცდები, აპირებს, ვაშლიც დაიწუნოს

და თხილიც დაიწუნოს

და მსხალიც - შესაბამისად.

და ახლა, როცა ევროპის მოედანზე ვზივარ,

ვხვდები, რომ მე უფრო მალე მოვკვდები,

ვიდრე ჩემი ევროპელი კოლეგები,

რომლებიც კარგი პოეტები არიან (ყველა არა),

კარგი ადამიანებიც არიან (ყველა არა),

და სექსუალურებიც არიან (ყველა არა),

და ცოცხლები გახლავან

და რაც მთავარია, ცოცხლები იქნებიან მაშინაც,

როცა მე ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი თაფლისა

და მავნე სუნელებში ამოვლებული

დაჭიანებული კარტოფილის ჭამის გამო

კარგა ხნის მკვდარი ვიქნები.

 

 

ძველებური იუმორესკა ახლებურ საქართველოზედ

 

რაც არ უნდა მუშტი კრა და

ცრემლი წნა და აღვარღვარო,

საქართველოს, აჯობებდა,

დარქმეოდა საყვარყვარო.

 

გვექნებოდა მარშის მცნება,

ქოცის ვნება, ჯონდის პონტი,

ევროპასაც დავშოკავდით,

ვერ აღგვწერდა ქსენოფონტი.

 

ახლა რაც გვაქვს, იმას აღვწერ

(თუ ამყვებით, კაის იზამთ):

მომავალი კი ჩანს, მაგრამ

მოჰგავს ნახმარ “აიისა”-ს.

 

ამ დროს ვინმე ჩინოსანი

მშვიდად ზის და მაყუთს თრაქავს.

ლხინი იქა, ჭირი აქა,

მაზა ფაქა!

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE