პირველად იყო... და არა იყო რა


პირველად იყო... და არა იყო რა




23 მარტს,  სტრასბურგში გარდაიცვალა  მწერალი და მთარგმნელი -  ომარ თურმანაული. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი მისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოებია, რომელიც 2011 წელს გაგრძელებებით იბეჭდებოდა ელექტრონულ ჟურნალში, ,,ოქსიმორონი“. ესაა რომანი, რომლის დასრულება მან  ვერ მოასწრო,  თუმცა ომარმა დაწერა ამ ტექსტის მოდიფიცირებული, სრული ვერსიაც ფრანგულ ენაზე, რომელიც წიგნად გამოიცა საფრანგეთში.

 

ავტობიოგრფია

 

    დავიბადე ფშავში, სოფელ ხილიანაში, დავამთავრე მაღაროსკარის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სავაჭრო ტექნიკუმი სასურსათო საქონელმცოდნის სპეციალობით, ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, უკრაინის ქალაქ ვინიცაში და ძალიან მომწონდა უკრაინელი გოგოები. ჯარის მერე ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი ერთხანს და მერე ამ ქარხნის დირექტორის, თემურ ნოდიას დაკვალიანების შემდეგ მის ძმას, ოთარ ნოდიას მივაკითხე და იქ დავიწყე მუშაობა მთარგმნელობით კოლეგიაში. ამავე პერიოდს უკავშირდება ჩემი პირველი ლექსების გამოქვეყნება ჟურნალ ,,ცისკარში” ისევე, როგორც უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლის დაწყება და ლოთებისა და პოეტების (მთარგმნელებისაც) საიდუმლო ორდერში ღიად გაწევრიანება. გამოცემული მაქვს ლექსების კრებულები: "დღე–ღამის დედა", "ცოდვები და გვირილები", "რა", ასევე "აფხაზეთი...ჯარისკაცის ჩანაწერები“, და პროზა "დაისი "(ეს უკანასკნელი გამოცემისთანავე ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო. ტირაჟი – 40 ცალი!)

    აფხაზეთის ომიდან დაბრუნებული ორი წელი ქუჩაში ვყიდდი წიგნებს, ვლოთობდი, ვშიმშილობდი და მთავრობას ვაგინებდი, როგორც ყველა ქართველი (ან როგორც უმეტესობა).

    1995 წლის ბოლოს კი, არაყში და სასოწარკვეთაში რომ არ ჩავმხრჩვალიყავი, "ძაღლი სახლში არ უნდა მოკვდესო", ვთქვი, ნათესავ–მეგობრებში გზის ფული მოვაგროვე და ტურისტული ვიზით საფრანგეთისკენ დავახვიე. სამი წელი იქაც უსაბუთოდ მივედ–მოვედე, ვიდრე რაღაც მყარ (მყარი ამ ქვეყანაზე არაფერია) ადგილს ვნახავდი. საფრანგეთში გამოქვეყნებული მაქვს მოთხრობები "Ephéméride du village" (სოფლური ეფემერიდა), "La veuve,l'hirondèle et le voyant"(ქვრივი ქალი,მერცხალი და მკითხავი), ასევე ვთარგმნე (მარი ფრერინგთან ერთად) და გამოვეცით ბესიკ ხარანაულის "წიგნი ამბა ბესარიონისა". რეგულარულად განვაგრძობ ლოთობისა და სიგარეტისთვის თავის დანებებას და თავისუფალ დროს კი კითხვას, თარგმნას და ხანდახან წერასაც კი ვანდომებ. ვმუშაობ თარჯიმნად ასოციაციაში "Migrations Santé d'Alsace".

    როცა მოვიცლი, მაგარ რაღაცას დავწერო, ვიძახი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ მოცლილები უკვე სასაფლაოზე არიან და იმათი არც დაწერილი უნახავს ვინმეს რამე, არც რაიმე სხვა დიადი საქმე (მოცლის შემდეგ გაკეთებული).

 

პირველად იყო ...  და არა იყო რა

ავტობიოგრაფიული ზღაპარი

 

0.

    მწერლობა იმდენად სერიოზული რამეა, რომ... გაგეცინებათ. მით უფრო, დიდი მწერლობა. მოკვდებით სიცილით. თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულ რამეზე თქვენც ჩემსავით გეცინებათ...

    მწერლობა, ჯერ ერთი რომ, ცხოვრებაა თვითონ, მწერლის ცხოვრება. როგორც კალატოზობაა კალატოზის ცხოვრება, გლეხისა – ხვნა, თესვა, მესაქონლეობა, ბოზისა –ბოზობა და ა.შ... ცხოვრება კი იმდენად სერიოზული რამეა, რომ... მეცინება. ძალიან სერიოზული რამ ჩემთვის ძალიან სასაცილოცაა...

    თანაც მწერლობა მარტო მწერლების კი არა, ერთგვარად მკითხველების ცხოვრებაცაა. მკითხველი ხომ თითქმის ყველა ვართ და, აქედან გამომდინარე, მწერლობა თითქმის ყველას ცხოვრებაა. ჩემი, შენი, მისი... ჩვენი, თქვენი, მათი...  ეს ძალიან სასაცილო, ანუ ძალიან სერიოზული რამეა. ეს. მწერლობა...

    რეალისტური მწერლობა ხომ არის ყველანაირი გაგებით ცხოვრება? არის! არარეალისტური მწერლობაც რეალური ცხოვრებაა. ყოველ შემთხვევაში ავტორისთვის მაინც აუცილებლად. კაფკას სიზმრისეული მწერლობა მისი რეალური ცხოვრება არ იყო?

    ან... «იყო და არა იყო რა…»  არაა ცხოვრება?

მეტსაც ვიტყვი:  უპირველესად სწორედ ეს «იყო და არა იყო რა, იყო ერთი...»  იყო.                                            

იგი იყო  «იყო და არა იყო რა…»   და «იყო და არა იყო რა …»-სთან იყო

და ყოველივე მისგან იშვა...

    ეს იმდენად სერიზული და იმდენად სასაცილოა, რომ  სიცილით გაიგუდები. მოკვდები.

    სიკვდილზე უფრო სერიოზული და სასაცილო კი (მისი სერიოზულობის გამო)  სხვა რაა, თუ არა ისევ სიცოცხლე, რაც ცხოვრებასა და მწერლობასაც გულისხმობს.

    ვინღა არ წერდა – ჰამურაბი თუ მერაბი...

    რის შესახებ აღარ წერდენ და...

    რაღაზე არ წერდენ და  არ წერენ – თიხის ფირფიტაზე, ქვაზე, ხეზე, კომპიუტერის ეკრანზე თუ... სილაზე...

    ვინც სილაზე წერდა, უთუოდ სკეპტიკური თვალით უყურებდა მწერლობასაც, მწერლებსაც და მკითხველ-მწიგნობრებსაც, უთუოდ იცოდა, რომ არის მწერლობა  დამწერლობის გარეშე, არის სიტყვა, რომელიც წარმოთქმისთანავე თავისით იწერება ადამიანის სუფთა გულზე, როგორც ბავშვის გულზე «იყო და არა იყო რა...» რომლისგანაც ყოველი იშვა.

    რასაც ვამბობ, ამას სკეპტიციზმი ჰქვია.

    მე სკეპტიკოსი... არა... სკეპტიცისტი ვარ... ესაა ჩემი ცხოვრების ფილოსოფია.

    მე ვარ სკეპტიცისტი, რომელიც ოპტიმისტია.

    მე მინდა მოგითხროთ ერთი სკეპტიცისტი ადამიანის ცხოვრება.

 

  1 .

 

    ყველაფერი, რაც ადამიანმა მარადისობის ღირსად მიიჩნია, ქვაზე აკეთა – ქვაში კვეთა, ქვაზე წერა და... მერე დიდხანს ისევ ქვაში კვეთა, წერისთვის კი უფრო მოხერხებულ, სველი თიხის ფირფიტებზე წერისა და შემდეგ მისი გაქვავების მეთოდს მიაგნო...

    «რა ამოძრავებს კვიპაროსის ტანს» უკვე ქაღალდზე დაიწერა და მისივე საშუალებით მოვიდა ჩვენამდე...

    როგორც ნივთიერება, ქაღალდი ქვაზე გამძლე ვერაა, მაგრამ   ჩემთან, თქვენთან, ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან მისვლისთვის მეტი საშუალება ჰქონდა, ვიდრე ქვას და... მოვიდა...

    ვინმეს თუ წაგიკითხავთ სილაზე დაწერილი წიგნი: რომელიმე ქვეყნის ისტორია, ან რომანი, ან მოთხრობა, ან ზღაპარი ან... ლექსი მაინც?

    წაგვიკითხავს სილაზე დაწერილი  «გივის + ნანა = სიყვარულს» ან «ამინას + ...» და რაღაც მსგავსი…

    ამინა, ლალი, ქალთამზე, გივი, ნანა და ა.შ. მხოლოდ სახელები არაა, მხოლოდ ქვიშაზე დაწერილი სიტყვები არაა სიტყვის გრამატიკული გაგებით, მათ უკან ნამდვილი სიტყვები იგულისხმება, სიტყვის სახარებისეული გაგებით, ესე იგი არსი, ამ შემთხვევაში კი ადამიანი, ისიც ქვიშით, სილით, თიხით, მიწით ქმნილი, ლამაზი და საინტერესო, ღმერთის სახე, ღმერთის ხატი, მაგრამ მყიფე და ადვილად შლადი, როგორც ყველა სილაზე დაწერილი სიტყვა. ქარის  ერთი  შემობერვა კმარა, ზღვის ერთი ტალღა და ამ ლამაზი, სიყვარულთან ტოლობის ნიშნით დაკავშირებული სიტყვისგან მხოლოდ სილა დარჩება...

    ამინა შემთხვევით არ მიხსენებია:

    ...დღეს სტრასბურგის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში თარჯიმნად დამიბარეს. წინასწარ ყოველთვის არ ვიცი, ვისთვის ან რა ენაზე (ქართულად თუ რუსულად) მომიწევს თარჯიმნობა. ახლაც ასეთი შემთხვევა მქონდა. ექთანმა ბოდიში მომიხადა, ექიმი დაკავებულია, მოცდა მოგიწევთ და, თუ გსურთ, მოსაცდელში დაელოდეთ, თუ არა და პალატაში შეგიძლიათ შეხვიდეთ და პაციენტს გაესაუბროთო. მოსაცდელში ლოდინი, პაციენტთან ერთად თუ მის გარეშე, ხშირად მიწევს ხოლმე. ან პაციენტს ვეცნობი და ვესაუბრები, ან იქ დახვავებული ჟურნალებიდან რომელიმეს ამოვირჩევ ხოლმე და, გააჩნია რა შინაარსის ჟურნალს წავაწყდები, ან ნახევრად შიშველი ლამაზმანების  გამოხედვას რიგრიგობით ვუსწორებ მზერას, ან რაიმე ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური სტატიის გაგებას ვცდილობ. ერთნაირი გატაცებით.  მოსაცდელში არც ჟურნალები არ იყო, არც ვინმე, რომ მასთან საუბრით გამერთო თავი. პალატაში შევედი – ორი საწოლი, ორი ავადმყოფი ქალი ვენებში მიერთებული წვეთოვნებით. საწოლების პირდაპირ, კედელზე ორი ტელევიზორი.  ერთს (ჩართულს) ორმოცდაათიოდე წლის ქალი მისჩერებოდა და ჩემს რუსულ მისალმებაზე არავითარი  რეაგირება არ მოახდინა. აქეთა საწოლში  ახალგაზრდა ქალის გადაპარსული, ლამაზი თავი გაინძრა და ვიდრე რუსულ მისალმებაზე მიპასუხებდა, ერთხანს  დიდი, ცისფერი, გაოცებული ტბებით მიყურა. მერე რუსულადვე მიპასუხა და... ცისფერმა თვალებმა გაოცება განაგრძეს. მე ვუთხარი, რომ თარჯიმნად ვარ მისთვის დაბარებული. დაბრძანდითო, მითხრა. სკამიდან იასამნისფერი ბამბის ხალათი ავიღე და ვიდრე საწოლის საზურგეზე მოვუნახავდი ადგილს, ერთხანს თითებში  ვჭმუჭნიდი. დავჯექი. თვალები დაიხუჭნენ  და ახალგაზრდა ქალის გადაპარსული თავის, მაღალი ყელის და შიშველი მხრების ყურება მდუმარედ, მისი სილამაზით თანდათან გაოცებულმა განვაგრძე. თითქოს ეს მშვენიერება არ კმაროდა, ზეწრიდან  მკლავი, შიშველი, გამოცურდა, კიდევ ერთი ცალკე, ერთი ქალის სამყოფი სილამაზე...

ვენაში  წვეთოვანით...

    ექიმის მოსვლამდე უკვე ვიცოდი მისი სახელი – ამინა – და გვარი (....), მისი წარმომავლობა – ჩეჩენი, ასაკი – ოცდასამი წლის, სამი წლის ბავშვი ჩეჩნეთში, დედამისთან დაუტოვებია. ბავშვის მამა? – შევეკითხე. რატომღაც მოველოდი, რომ ომში დაიღუპაო, მეტყოდა. გამშორდა! – მითხრა და, არ მომჩვენებია, გაიღიმა. ექიმის მოსვლის შემდეგ ექიმისთვის მიცემული მისი პასუხებიდან უფრო მეტი შევიტყვე. მშობიარობის შემდეგ იღლიის ქვეშ ჯირკვალი გაუსივდა. დიაგნოზი – ლიმფური ჯირკვლების კიბო. სად და რა მკურნალობა ჩაიტარეთ? – ქიმიოთერაპია ორგზის, მოსკოვში და ნალჩიკში. მათ შუალედში ასევე რადიოთერაპია. რადიოთერაპიის შედეგად მარცხენა ფილტვის ზედა მხარე დაუზიანდა და სუნთქვაც უჭირს. ქიმიოთერაპიის დროს რა წამლებს ღებულობდით? ჩამოთვალა წამლების სახელები, რომლებიც ექიმმა უკეთ იცოდა, ვიდრე მე და თარგმნა არ დამჭირვებია. ახლობლები გყავთ აქ ვინმე? არა, მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობი... თითქოს ამის დასტურად ამ დროს პალატაში თავზე ხილაბანდწაკრული ქალი შემოვიდა (ჩეჩენი ქალების უმეტესობა აქაც ხილაბანდით დადის)... ექიმმა ცოტახანი გამოკითხვა კიდევ განაგრძო, ვიდრე იტყოდა: «მკურნალობის მხრივ ყველაფერი სწორადაა ჩატარებული, ჩვენც ალბათ იმავე მკურნალობას ჩავატარებდით, ან თითქმის იმავეს... რა თქმა უნდა, ვეცდებით რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ. თუმცა ილუზია არ უნდა შევიქმნათ... ტკივილები თუ გექნებათ, არ მოგერიდოთ, გვითხარით... შეკითხვები გაქვთ?» ამინამ, არაო და, თვალები დახუჭა. შემდეგ ისევ გაახილა: «კი... ერთი შეკითხვა... შეიძლება?» «გისმენთ!» «თუ, ვთქვათ, ფეხმძიმობის დროს უკვე დაავადებული ვიყავი, არის ბავშვის დაავადების საფრთხე?». კითხვა ექიმს ვუთარგმნე და შემდეგ მისი პასუხი – არა! ეს გადამდები დაავადება არაა! –  ამინას. იმან ერთხანს მე მიყურა ეჭვით, თითქოს ექიმის კი არა, ჩემი არ სჯეროდა. მე ექიმს შევხედე. ექიმმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პასუხი. მეც კიდევ ერთხელ ვთარგმნე. ამინამ ისევ დახუჭა თვალები...

    პალატის გარეთ  ხილაბანდიანი ჩეჩენი ქალისთვისაც  მომიწია თარჯიმნობა. იმის უფრო ზუსტად  გაგება სურდა, თუ რა შანსი რჩებოდა ამინას. ვიდრე ექიმის პასუხს ვუთარგმნიდი, რამდენიმე წამით მე თვითონ ჩამივარდა ენა. მერე ვთარგმნე – ყველაფერს ვიღონებთ მაგრამ  სასწაულის გაკეთება არც ჩვენ შეგვიძლია. თვითონ პაციენტმაც უნდა იცოდეს ეს, რომ სწორად განსაზღვროს, როგორ მოიქცეს, დაბრუნდეს სამშობლოში და რამოდენიმე დღე შვილს უყუროს კიდევ, თუ აქ რამოდენიმე დღით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე... ყველაფერი შეიძლება რამოდენიმე კვირაში, ან რამოდენიმე თვეში დამთავრდეს.

    ამინა, ნანა გიორგი თუ მამედ  მხოლოდ სახელები, მხოლოდ სიტყვები არაა მათი გრამატიკული გაგებით. მათ უკან ნამდვილი სიტყვა, არსი იგულისხმება, ისიც ასევე  თიხაზე თუ თიხით ლამაზად დაწერილი და მყიფე – ქარის ერთი შემობერვა,  ზღვის ერთი ტალღა კმარა ამ მშვენიერების გასაქრობად...

მიწა იყო, მიწად მიიქცა...

    ამინა!

 

   2 .

    ვირტუალურ სივრცეში, ვირტუალურ გვერდებზე წერა ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, თითქოს სილაზე  ვწერდე – ერთი ქარის შემობერვა, ზღვის ერთი ტალღა საკმარისია და ყველაფერი გაქრება...

    არაა ეს სასაცილო?

 ჩემი მეგობრებიც  ქვიშაზე დაწერილი სიტყვებივით გაქრნენ, წაიშალნენ!.. რა აზრი აქვს მათი სახელების ხელახლა ქვიშაზე ჩამოწერას, რა აზრი აქვს მათზე წერას ამ ქვიშაზე, მაგრამ მაინც... უნდა ჩავჯდე სილაში და ყველაფერზე და ყველაზე ვწერო, ვინც და რაც გამახსენდება. მერე ქარი დაუბერავს, ან ზღვის ტალღა მოვარდება და მეც და ჩემს ნაწერსაც წაგვშლის... ან დედა დამიძახებს. მანამდე კი დრო მაქვს. მგონია, დრო მაქვს...

 

   3.

 

    იყო და არა იყო რა, ერთხელ...  გავჩნდი. გონს რომ მოვედი – არ მახსოვდა, როდის და საიდან გავჩნდი. ახლაც თავს ვიმტვრევ ხანდახან ამაზე, მაგრამ ვერ ვიხსენებ. გონს კი ასე, ხუთიოდე წლისა მოვედი, მთებს ვუყურებდი... უფრო მთების დასალიერს და... მეშინოდა.

    ამ შიშმა მომიყვანა ცნებას? შიშმა მშობა, ვითომ?

    ქვეყანა, სადაც ვიყავი, ერთი შეხედვით პატარა არ იყო, – სახლი, ეზო, ირგვლივ მთები, შუაში მდინარე... მთელი დღე, ან ორი დღეც რომ მეღოღიალა, ბოლოში მაინც ვერ გავიდოდი, მარა... ერთ დღესაც რომ  მთის, «დედამიწის» კიდეზე მისულს ფეხი დამცდენოდა და გადავშვებულიყავი იმ... სიცარიელეში, მერე?... დედაჩემი იქვე სიმინდს თოხნიდა, შიშისა არაფერი ეტყობოდა.  ეს ცოტა მამხნევებდა,  რომ იქვე არ ჩამეფსა და ღნავილი არ მომერთო. ან როგორ უნდა ამეხსნა ეს  შიში დედისთვის, ლაპარაკი არ ვიცოდი. ასე რომ, სხვებისა არ ვიცი, ჩემთან კი სიტყვა კი არა, შიში იყო პირველი. სიტყვები მერე იშვნენ შიშისგან. სიტყვების უპირველესი ფუნქციაც ესაა – გამოხატონ  შიში და ეჭვი. აღტაცების გამოხატვას, ჩვენ კი არა, ცხოველებიც ახერხებენ.  შიში გვაიძულებს ჯერ აზროვნებას, მერე მეტყველებას.

    მოკლედ, შეიძლებოდა ასეც მეთქვა: ხუთიოდე  წლისამ ჰორიზონტს შევხედე, გონს მოვედი, შემეშინდა და ენა ამოვიდგი:

      - იმ მთების იქით რა არის, დედი?! - ვიკითხე

     დედა თოხის ტარს ჩამოეყრდნო, დაღლილმა ერთხანს ღია პირით ისუნთქა.  გაღიმებულმა მიყურა, მერე ხელის ზურგით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თვითონაც მთებს გახედა. –მთების იქითაც მთებია, შვილო!-ო და გაღიმებულმა გააგრძელა თოხნა, ვითომც არაფერი.

    «მთების იქითაც მთებია?...» ქვეყნის საშიშმა დასალიერმა ერთი ხეობით იქით კი გადაიწია და ცოტა კი დავმშვიდდი, მაგრამ... იმ მთების იქითა მთების იქით ხომ აუცილებლად მთავრდება დედამიწა და... ერთ დღეს...

 

 4.

 

    მოგვიანებით რენემ (დეკარტმა) დაახლოებით ასეთი რამ მითხრა – რაიმეში ეჭვი რომ შეიტანო, ამისთვის ხომ ჯერ შენ უნდა რაღაცა იყოო? – ალბათ-მეთქი, ვუპასუხე არცთუ მთლად დარწმუნებულმა, იმან კი ეს ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვან თანხმობად მიიღო და გაუტია – ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობო! – დავფიქრდები-მეთქი და თავი დავხარე. თავდახრილს კი რენეს მიმართ ასეთი შეკითხვა გამიჩნდა – რენე, ძმაო,  ეჭვი იმაში რატო არ გეპარება, რომ ყველაფერში ეჭვი გეპარება-მეთქი? და დარწმუნებული როგორა ხარ, რომ ნამდვილად აზროვნებ, იქნებ ეგაც გეჩვენება-მეთქი? – კაიო, მითხრა, ვთქვათ და ყველაფერი მეჩვენება, მარა რომ მეჩვენებოდეს ყველაფერი (ან რაიმე), ჯერ ხომ მაინც მე უნდა ვიყოო? აქ თავის დახრა აღარც დამჭირვებია, რადგან შემდეგი კითხვა უცებ მომივიდა თავში – რენე იქნებ გეჩვენება ისიც, რომ ხარ და ისიც, რომ აზროვნებ-მეთქი!? – ეეე, ძმაოო, მითხრა, შენ, მგონია, ძველ ბერძენ სკეპტიცისტებსაც გადააჭარბეო, ხელი  ჩაიქნია და წავიდა... იმის მერე ჩემი დანახვაც აღარ უნდა. საზოგადოებაშიც თვალს მარიდებს, ვითომ არც მიცნობდეს. მოვიმდურე ძმაკაცი! ოდესმე წერილს მივწერ, ვეცდები შემოვირიგო. ვეტყვი, რომ მისი წყენინება სულაც არ მინდოდა და რომ პირიქით, მინდოდა მასავით რაიმე ამოსავალი, რაიმე რეალური საყრდენი წერტილი მეპოვა ამ ილუზიურ სამყაროში და... რომ ვერ ვახერხებ...

 

  5.

   ერთი ხანობა ფროიდის კითხვამ ისე გამიტაცა, ისიც ვიფიქრე, სამყარო ღმერთის ფალოსის გარშემო ბრუნავს-მეთქი! ეს კოპერნიკული აღმოჩენა, ვიდრე  ამისათვის ჯორდანოსავით ცეცხლზე ცოცხლად დამწვავდენ, მე თვითონვე გალილეისავით უარვყავი, ოღონდ ჩემი ნებით, ყოველგვარი მუქარისა და ზეწოლის გარეშე... არანაირი იდეა არ ღირს იმად, რომ კოცონზე თავი ცოცხლად შევაბრაწვინოთ ვიღაც ბრიყვებს! კი, ცხოვრება და ცხოვრებისეული, ყოველივე  ილუზიაა, სიამოვნებაც და ამაღლებული იდეებიც! კი, მხოლოდ ტანჯვაა რეალური ცხოვრებაში! მაგრამ ცხოვრების რეალურობაში დასარწმუნებლად მაინცდამაინც ეშაფოტზე ასვლა არ ღირს! არც ბრიყვების სიბრიყვეს ეშველება ამით რამე  –სიყვარულისთვის ჯვარცმულის სახელით ისევ ბოროტებებს ჩაიდენენ, ჭეშმარიტებისთვის კოცონზე შებრაწულის სახელით – ახალ სიბრიყვეს  გამოგვიცხადებენ ჭეშმარიტებად! წავიდნენ, მაგათი დედაც! თავი რაზე მოვაკვლევინო! მე რაც ვიცი, ჩემთვის ვიცი, სახალხოდ კი ვაცხადებ, რომ სამყარო არც ჩალითაა დახურული და არც ღმერთის ფალოსის გარშემო არ ბრუნავს! დაარქვით ამას კომპრომისი, კონფორმიზმი, ლაჩრობა... რაც გინდათ!

 

     6.

   რენეზე უფრო მაგარი ეს თომაა (აქვინელი). უჰ! მართლა მაგარია! ნახეთ, რას ამბობს: «თუ ჭეშმარიტება არაა, მაშინ ჭეშმარიტება ისაა, რომ ჭეშმარიტება არაა, ეს კი, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება, თუ არ არის ჭეშმარიტება. მაშასადამე, ჭეშმარიტება მარადიულია“. აჰა! რა გინდა რომ უყო ამას?

   მეჩვენება, რომ თომა აქვინელის ამ  ლოგიკას ცოტა სოფიზმის სუნიც უდის... ასეც რომ არ იყოს და, დავუშვათ, რომ  «კი ბატონო, არის ჭეშმარიტება!“  რა არის ეს ჭეშმარიტება? ღმერთი? რა არის ღმერთი? აი, ეს ვერ გავიგეთ მე და ჩემმა „ზემლიაკმა“ პილატე პონტოელმა. როგორ გინდა    იწამო ის,  რაც არ იცი, რა არის! თუ ვინმემ იცით, მითხარით... 

 

    7.

   ფილოსოფოსებს  და დიდ ორატორებს, ქოთნისთვის ნებისმიერი კუთხიდან ყურის შებმის ამ დიდოსტატებს რომც შევეშვათ და ხალხურ სიბრძნეს, ხალხის რეალური ცხოვრების გამოცდილებიდან გამოტანილ დასკვნებს გადავავლოთ თვალი,  ანუ ანდაზებს, აფორიზმებს, ფრთიან გამონათქვამებს... რა იპყრობს პირველ რიგში იქ ჩვენს ყურადღებას? ამ გამონათქვამების ესთეტიკური მხარე, ლაკონურობა, იუმორი... და მხოლოდღა ამის შემდეგ – მათში ჩადებული აზრი... ეს აზრები თავიანთი წინააღმდეგობრიობით ერთმანეთს აბათილებენ. რჩება  ფრაზების სილამაზე... ამ სილამაზის წყალობით გაუძლეს მათ დროს და არა მათში ჩადებული სიბრძნისა.

   გვეყოფა...  მოგვიანებით გავაგრძელოთ ესენი.

   იმ ბიჭთან  მივბრუნდეთ, მთის წვერებისკენ ჰორიზონტს რომ გაჰყურებს და ეშინია – ჰგონია, რომ იქაა ქვეყნის დასალიერი, იქაა დედამიწის კიდე...

«ხიდი ვიყავი. ხიდი, უკვე აშენებული. ხიდობას თავს ვეღარ დააღწევს, თუ არ დაინგრა.“ -  ფრანც კაფკა.

   იმ ბიჭს, მთის წვერისკენ ჰორიზონტს რომ გაჰყურებს და ქვეყნიერების კიდე რომ იქ ჰგონია, ამისი რომ ეშინია და ლამის შიშისგან რომ იფსამს, რას ეტყოდით გასამხნევებლად?  დედამისმა უთხრა, შვილო, იმ მთების იქითაც ასეთივე მთებიაო და ცოტა დამშვიდდა; თქვენც უთხარით – მთების იქითური  მთების იქითაც რომ მთებია და იმის იქითაც... მთლად შორს – დედამიწა მრგვალიაო – ნუ გაუტევთ;  ამას ვერ გაიგებს და შეიძლება უფრო დაფრთხეს... ნუ დააშინებთ, დაამშვიდეთ... ეს ბავშვი ზღაპრის ბავშვია... გმირი არაა: გმირები სხვაგან, სხვაგვარ ზღაპრებშია, სხვაგვარ ლეგენდებში, სხვაგვარ რომანებში. აქ მხოლოდ  მოქმედი პირები არიან... უმოქმედონიც – გარდაცვლილები – საკმაოდ არიან; ჯვარ-ხატებიც... ჰო, ჯვარ-ხატებზე  უნდა გითხრათ, რომ  ამ ზღაპრის ზოგი პერსონაჟი მათ გმირებად კი მოიხსენიებს, „გმირო კოპალავ“, „გმირო იახსარო“–ო, მაგრამ  ლიტერატურული გმირის, გინდა ზღაპრის, გინდა რომანის გმირის გაგებასთან მათ საერთო ცოტა აქვთ. კი, დევები აქაც არიან  და ეშმაკებიც – ზღაპარია მაინც ეს და უმათობა არ გამოვა – მაგრამ   შეამჩნევთ, რომ არც ისინი არა ჰგვანან სხვა ზღაპრებისას. და კიდევ ერთი – სხვა ზღაპრული ამბებისგან  განსხვავებით, ეს ამბავი ცხრა ზღვისა და ცხრა მთის იქით კი არა, აქეთ ხდება და ასე იწყება:

    «იყო და არა იყო რა, თბილისიდან  ოთხმოციოდე კილომეტრის დაშორებით, ფშავში, ერთი პატარა, შვიდკომლიანი სოფელი იყო.

    ამ სოფლის სახლებს ზღაპრული არაფერი ჰქონდათ და თვითონ სოფელსაც, ფშავის სხვა სოფლებისგან - ყოფჩა, ჩარგალი, ჭიჩო, კანატია, წიფრანი და ა.შ. - განსხვავებით სახელიც კი მეტისმეტად მიწიერი, ხილიანა ერქვა. ეს მის ზღაპრულობას არაფერს აკლებს. პირიქით – რაიმე არაჩვეულებრივ ზღაპარში ყოველდღიური, ჩვეულებრივი საგნის და მოვლენის სახით გვეჩვენება; მერე კი, როდესაც მის არაჩვეულებრივობას ვინმე შეამჩნევს (ან ბავშვი, ან ბავშვურად ცნობისმოყვარე), აღტაცდება და შესძახებს, „ვააა!“ ან „ევრიკაა!“ თუმცა... არანაირი აღმოჩენა საბოლოო არაა. საბოლოო ის იქნება, რაც დასაწყისში იყო, ანუ... არაფერი... იყო და არა იყო რა!

 

8.

  არც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არც მზე – დედამიწის ირგვლივ. ევრიკა!

  ვიცი, რომ არაფერი ვიცი!

  დედამიწა მრგვალიაო, რომ აღმოვაჩენთ ერთ დღეს და რომ წავალთ იმის გარშემო სამოგზაუროდ, რომ ვივლით, ვივლით, ვივლით და... მესამედაც იქვე რომ მივალთ, საიდანაც წავედით... ეჰ!... სხვა ზღაპრებში ზღაპრის გაბრაზებული გმირი  შიკრიკ-მეგზურს შეუტევს: „შიკრიკო გზანი გაიხვენ, თუ არ ხარ თავის მისანი, თორე აგიღე გაგთალე, ვით საკიდობნე ფიცარი!“ იმ ზღაპარში, საიდანაც ეს სიტყვები ამ ზღაპარში  გადმოვიტანე, მეგზურ გზამკვლევს შეეშინდება უსუპისა (თუ ამირანისა) და გზას „გაიხვნის“, ზღაპრის გმირებს დანიშნულების ადგილზე მიიყვანს... ამ ზღაპრის ბიჭმა ვის შესჩივლოს? ვის დაემუქროს? მისი შიკრიკი გზამკვლევები წიგნებია და მუქარით რას გამორჩება? იმაზე მეტს რას ათქმევინებს, რაც მათში არაა!

  ოცდაექვსი წლისა რომ გახდება, კი მიხვდება, რომ ერთსა და იმავე ადგილს უტრიალებს გარშემო და კი იტყვის, რომ: «ოცდამეექვსე წელიწადია, რაც გზაში ვარ და ჯერ კერას ვერ გავცილებივარ»–ო, მაგრამ ამის იქით მისი აღშფოთება არ წავა, არავის არ დაატყდება თავზე რისხვად, «შიკრიკო, გზა გაიგნე, თორემა!...»-ო... არაფერი მსგავსი! ოცდამეექვსე შემოდგომას გასძახებს ერთხელ მისი ფანჯრიდან: «საიდან მოდიხარ, შემოდგომავ, ან  საით მიდიხარ? ჩემი საშველი არაფერი იციო?», მაგრამ შემოდგომა ბრმა და ყრუა, სირბილ-სირბილით ჩაუვლის ამ ოცდაექვსი წლის ახალგაზრდას და თვალს მისთვის პასუხის გაუცემლად მიეფარება.

 

9.

ოცდამეექვსე ზამთარი და ოცდამეშვიდე გაზაფხულიც – ასევე.

ახალგაზრდა კი, სხვა რა გზა აქვს, ისევ სვლას გააგრძელებს... სვლას თუ – კალოზე დაბმული ვირივით – ერთ ადგილზე ტრიალს. ვირისგან განსხვავებით მხოლოდ ის იცის, რომ ერთ ადგილას ტრიალებს. ვირისგან განსხვავებით იმასაც ფიქრობს, რომ პირდაპირ სიარულს იქნება სწორედ ეს, ერთ ადგილზე დაბმული ვირივით ტრიალი სჯობიაო; იქნებ ადამიანი საკუთარი თავის გარშემო ტრიალით აკეთებს ღვთიურ საქმეს – საკუთარი თავის გარშემო ტრიალით ლეწავს ღვთის კალოსო! თავს ინუგეშებს ასე, თორემ არც ამაში არაა დარწმუნებული.  არჩევანი  როცა არა  გვაქვს, რაცა გვაქვს, იმისთვის ვცდილობთ  აზრის მინიჭებას. ერთხელ უკვე ადამიანად დაბადებულს კი, როგორც  ერთხელ უკვე აშენებულ ხიდს, ადამიანად (ან ხიდად) არსებობის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს „თუ არ დაინგრევა...“. ხიდებისგან  განსხვავებით ის კი ვიცით, რომ ვართ და ისიც, რომ, ვიდრე ვართ, არჩევანი არა გვაქვს – ყველაფერმა, ყოველგვარმა სიბინძურემ, ყოველგვარმა სიწმინდემ ჩვენზე უნდა იაროს. ხიდებისგან განსხვავებით ჩვენს «ხიდობას» გამართლებას ვუძებნით. გაჭირვებით... და როცა ამას ვეღარ მოვახერხებთ, ხიდებისგან განსხვავებით შეგვიძლია თვითონვე დავინგრეთ...

ის ახალგაზრდა იმასაც იფიქრებს ამ ზღაპარში, რომ ადამიანი სულაც არაა ვალდებული მისთვის ვიღაცისგან,  მის დაუკითხავად მინიჭებულ არსებობას გამართლება უძებნოს. უმჯობესია, გავჩუმდეთ და დავაკვირდეთ ჩვენს არსებობასო, იტყვის, ყურადღებით ვადევნოთ თვალი, შემდეგში რა მოხდებაო. ამბიციური მოსწავლის მსგავსად სულ ხელაწეული კი არ უნდა ვცმუკავდეთ სკამზე და სულ კი არ უნდა ვიხვეწებოდეთ, ჩვენ გვათქმევინეთ პასუხიო! გვათქმევინეთ, რომ ამ მთების იქითაც მთებია  და ამ «ცოდნით»  ყველას წინაშე თავი მოგვაწონებინეთო!

 

10.

    ბორბლების დახმარებით იოლია მგზავრობა, მაგრამ მის გამოგონებას ხანგრძლივი შრომა სჭირდება; ან უფრო მის აღმოჩენას, რადგან რისი გამომგონებელია ადამიანი! აღმოაჩენს ხოლმე უკვე არსებულს და შემდეგ აღმოჩენილის გამოყენებას ცდილობს მისი გზის, მისი ცხოვრების გასაიოლებლად... აღმოჩენას, რაიმეს დანახვას ეძახის ადამიანი „გამოგონებას“.

   ბორბალი რაა? წრეა! რაიმეს ირგვლივ – დედამიწის, საკუთარი თავის ან სულაც სიცარიელის ირგვლივ – შეკრული წრე! რაც უფრო დიდია ეს წრე, მით უფრო ჰგავს მისი მცირე მონაკვეთი წრფეს – სწორ ხაზს...   აი, წავედი ბრტყელი დედამიწის  ხილიანად წოდებული  ერთი ზღაპრული წერტილიდან ფეხით, ვიარე  დასავლეთის მიმართულებით, გადავიარე ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ამდენივე ტყე-ველი, დავისვენე ცოტა... გავაგრძელე გზა. ცხრაჯერ ცხრა მთა და ამდენივე ტყე-ველი რომ კიდევ გავიარე და ხილიანას, ზღაპრულ წერტილს რომ მეორე მხრიდან, კუჭეჭის მთიდან მივუახლოვდი, ის უკვე ბრტყელი კი არა, მრგვალი დედამიწის სოფელი იყო! თვითონ სოფელს ამითი არც რამე მიმატებოდა და არც მოკლებოდა. ყოველ შემთხვევაში კუჭეჭის მთის წვერზე რომ შევდექი და გადავიხედე, შორიდან ისეთივე ჩანდა;  ეგ კია, სოფელში მისულს იქ არავინ დამხვდა... ზაფხულის ამ დღეს ყველა ადგილის დედის სალოცავშია გასული... დაღლილი მუხლები  ძალისხმევით გავშალე, რომ სოფელიც გამევლო. ხატისგორაზე ქშენა-ქშენით ავედი და ხევისბერსა და მლოცველებს ბორბალივით  დავუდე ჩემი აღმოჩენა:

«ხალხნო და ჯამაათნო!

მლოცავნო,

დიდნო და ბატარანო!

ქუდოსანო და მანდილოსანნო...

დედამიწა მრგვალია!

ჩემი თვალით ვნახე სიმრგვალე დედამიწისა,

ისემც გეწეოდეთ ამ ადგილის დედის სალოცავი!»  

  ძნელია, უამრავი გამოხედვა  ერთბაშად ეჭვითა და შიშით რომ აივსება და ყველა შენზე რომ გაჩერდება. მათ შორის ხევისბრის მზერაც. განსაკუთრებით ხევისბრის მზერა! მიყურებდენ.  ხმას არ იღებდენ. ხევისბრის ხელში ტონაისძეთა ოჯახის დასამწყალობნებლად დანთებული სანთელის წვის ხმაც კი ისმოდა. ბოლოს ისევ  ხევისბერმა, ალბათ ადგილის დედის მადლით, სძლია ჩემი ეშმაკეული აღმოჩენით მოგვრილი ჯადო და ხმა ამოიღო. ჩემი სანუგეშო არაფერი უთქვამს – «დახელთილა საწყალიო» ჩაიუბნა; იმისმა ღვთიური მადლით სავსე ხმამ  გაქვავებული მლოცველები  ჯადოსგან მაინც დაიხსნა. შეირხნენ. მზერაში სიცოცხლე ჩაუდგათ. ჩემგან ამ მზერის აძრობა შესძლეს და ერთმანეთს  შეხედეს. ზოგმა გაცინებაც მოახერხა... ტყუილს ვერ ვიტყვი – ხევისბერს  ჩემი კოცონზე დაწვა არ უბრძანებია, თემიდანაც კი არ მოვუკვეთივარ. ოდენ სახელი დაარქვა ჩემს გამოხდომას – სიგიჟე – და ხალხიც დამშვიდდა, სალოცავიც...

 

11.

 ბორბალი რაა?  წრეა  ერთი წერტილიდან იმავე წერტილამდე. წრე ხილიანადან – კანატიის, თუბინგენის, პარიზის ან პეკინის გავლით – ხილიანამდე. ბორბალი დიდი წრეა: «არაფერი ვიცი»-დან, სწავლის გავლით, «ვიცი რომ არაფერი ვიცი»-მდე. ბორბალი წრეა ასევე არყოფნიდან, ყოფნის გავლით, კვლავ არყოფნამდე;  ეს ბორბალი ადამიანს არ შეუქმნია, მან ის უკვე არსებული აღმოაჩინა.  მე ის უნდა ხელახლა აღმოვაჩინო, ვიდრე ხელახლა გზას გავუდგები. საკუთარი უვიცობის გარშემო ორი წრე უნდა შევკრა, ორი ბორბალი და... ორი ბორბლიდან ველოსიპედამდე რაღა დარჩა? მერე შემიძლია ამგვარი ტრანსპორტით საკუთარ თავს უამრავჯერ შემოვურბინო. საკუთარი უვიცობის, საკუთარი სიცარიელის გარშემო უამრავი წრე შევკრა.... როგორც კალოზე დაბმულმა ვირმა, მაგრამ ვირმა...  ველოსიპედზე!

                               

   დავუბრუნდეთ ისევ ღვთიური ფალოსის საკითხს:

   გონებისთვის ეს წარმოუდგენელია, მიუწვდომელი!

   მაგრამ გული მკარნახობს რომ... მთელი სამყარო ღმერთის ფალოსის გარშემო ბრუნავს. ნურავინ მეტყვის «დაგვიმტკიცე!»-ო. ან «რად უნდა ღმერთს ფალოსი»-ო! ღმერთის ფალოსი  განუსაზღვრელია, როგორც თვით ღმერთი –  გულით უნდა მიხვიდეთ მასთან, რადგან გონით  ვერვინ  მისწვდებით... რა ფორმისაა? რა სიდიდის? მკრეხელური შეკითხვებია!

                                   

 დანარჩენი ცხოველებისგან ადამიანს იუმორის გრძნობა განასხვავებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ერთადერთი გზაც ჭეშმარიტების შესაცნობად.

 გული მიგრძნობს ასევე, რომ ადამი და ევა ღვთიური ხუმრობაა, რის შემდეგაც უფალმა  «იხილა რამეთუ კეთილ» და თავისთავს უთხრა (ეს ბიბლიაში არ წერია):  მაგარია, ჩამეთვალაო!

«შეიცან თავი შენი»  ნიშნავს შეიცნო ღვთიური იუმორი.

ვიდრე ამას არ ვაღიარებთ, მანამდე თავს ვერ შევიცნობთ და როგორც ახლა, დავიტანჯებით.

ჯოჯოხეთი იუმორის არარსებობით გამოწვეული ტანჯვა არის, ჯერ ამქვეყნად, მერე...

 

12.

 ამ ზღაპრის ბიჭი, როგორც ადამი სამოთხეში, იმთავიდან უკვდავად იყო ღმერთისაგან ჩაფიქრებული. მისი სოფლის სახელში კი (ხილიანა) თავისთავად ხეხილისა და ღვთისგან ბოძებულ ნადირ–ფრინველის - შინაურის და გარეულის - სიუხვის გარდა, საფიქრალია რომ სამოთხე იგულისხმება

  მოკლედ... იყო და არა იყო რა,  უკვდავი ვიყავ. ადამისგან განსხვავებით  დედაც  მყავდა, და–ძმებიც, მეზობლებიც, ორი შაოსანი ბებოც და კიდევ რავი, ვინღა არა (ყველა უკვდავი, რაღა თქმა უნდა) და ამგვარად თავს ადამზე უკეთაც ვგრძნობდი. არც ევას საჭიროება (ყოველ შემთხვევაში თავიდან)  არ მქონია...  მშვენივრად  ვიყავი. მაგრამ კაცს ეშმაკი არც სამოთხეში რო არ მოასვენებს... შემომიჩნდა ეჭვის ეშმა, გამახედა ძალიან მწვანე მთების დასასრულისკენ  და «ერთ დღეს, ამ მთების იქით, უსასრულო სიცარიელეში რომ გადავარდეო?»  მეუბნება და... მაშინ იყო შეშინებულმა დედას რომ ვკითხე:

- იმ მთების იქით რა არის, დედი?!

 

 13.

კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხიდან ნაყოფი ადამს არ გაუსინჯავს. არც იმის ევას. რომ გაესინჯათ, ავისა და კარგის გარჩევას ჯერ თვითონ ხომ შესძლებდენ და მერე ჩვენც – შთამომავლები... ჩვენ რა გვეტყობა გონიერების? და აქედან გამომდინარე, არც ღმერთს გამოვუძევებივართ სამოთხიდან. არა. გინახავთ მამა რომ შვილებს სწავლის გამო სჯიდეს და სახლიდან აგდებდებს? პირიქით: «კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხიდან ნაყოფი რაც შეიძლება ბევრი ჭამეთო, ბევრიიი...» ასე ურჩია მამა უფალმა თავის ბავშვებს.  ბავშვებს კი ის არ უნდათ, რასაც უფროსები ურჩევენ... არა ჭამეს. მაინცდამაინც სწორედ იმ ხის ნაყოფს არ გაეკარნენ. ამის გამო უვიცები და მარად ცნობისმოყვარენი დარჩნენ და მერე... ბიბლია ამაში მართალია: შემდგომში ევას ცნობისმოყვარეობამ (ქალები ბუნებით უფრო ცნობისმოყვარეები არიან) სტიმულატორის როლი ითამაშა:  «ადამ, არ გაინტერესებს იმ მთების იქით რა არისო?» ჰკითხა. ადამმა მთის წვერებს გახედა და «მართლაც რა საინტერესოაო – თქვა – წამო აბა ვნახოთო» დედა არც ევასა  ჰყავდა, არც  ადამს,  რომ ღიმილით ეთქვა: «მთების იქითაც ასეთივე მთებია, შვილოო». რომც ჰყოლოდათ დედა და რომც ეთქვა ეს, მაინც წავიდოდნენ. იტყოდნენ, ყურმოკრულს თვალმოკრული სჯობიაო და წავიდოდნენ. არც იმ ხის ნაყოფის გასინჯვა უნდოდათ, თორემ სამოთხიდან ფეხის მოუცვლელად გაიგებდნენ, რა იყო მარტო იმ ერთი მთის კი არა, ცხრა მთის გადაღმა. მამა უფალიც, დიდი მებაღე, ამბობენ, იმ მომენტში  სახლში არ იყოო და... «ნეტავ იმ მთების იქით რა არისო» დაიძრნენ და გაუდგნენ  გზას ადამ და ევა. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვებივით. იარეს, იარეს... სამოთხეს ისე გასცდენ, ვერც შეამჩნიეს. როცა მიხვდნენ, რომ მძღნერი ჭამეს, ინანეს: «ვაშლი რომ გვეჭამა  არ ჯობდაო?»...  გვიანი იყო. დაიკარგნენ. სამოთხის გზას ვეღარ მიაგნეს...

 

14.

  სამოთხეში  მანამ ვცხოვრობთ, ვიდრე ვიკითხავთ:

 - იმ მთების იქით რა არის (დედი)?

   ეზოში ხილი ბევრი გვქონდა, მსხალიც, ვაშლიც... მაგრამ ის ხე, ბოროტისა და კეთილის ცნობადისა, ჩვენს კლიმატურ პირობებში არა ხარობდა. ან შეიძლება კიდეც ხარობდა, მაგრამ  მსგავსი თვისებების ნაყოფს – რომ შეჭამ და გაგეხვნება გონების თვალი – ვერ იძლეოდა. მაგალითად ის, ჩვენი მიწური სახლის წინ რომ  უზარმაზარი, მეწლეური ვაშლის ხე იდგა. ნახევრად ველური. ლამაზი. ძალიან ლამაზი. ყველანაირად სამოთხიდან გადმორგულს ჰგავდა.  დანარჩენიც ყველაფერი  ისე იყო, სამოთხის წესზე – ყოველივე მარადიული და უსასრულო, დროც, სივრცეც, სიხარულიც... ვიდრე  ის კითხვა არ გამიჩნდა და...

  თეოლოგები დღესაც ეძებენ პასუხს კითხვაზე – იმ გველს თუ ავსულს სამოთხეში რა უნდოდა, როგორ გაჩნდაო. არის სხვადასხვა მოსაზრებები და ვერსიები, კამათი, გაწევ-გამოწევა და ეშმას ხარხარი.

 მეც არ ვიცი ამის პასუხი...

 არც ძაან არ მაინტერესებს. თეოლოგებმა იმტვრიონ თავი.

 მე ხომ გითხარით, რომ ამ საკითხზე საკუთარი ვერსია მაქვს: არც გველი და არც ბოროტი სამოთხეში არ არსებულა. ლოგიკურად ეს არ გამოდის. ადამ და ევამ თავისი ნებით დაახვიეს და წამოვიდნენ. თავიანთი უვიცობით მიატოვეს უკვდავება და... იმათ შემდგომ მათ შეცდომებს ჩვენ ვიმეორებთ...

 ბებოჩემი მენანება, ჩემი მარადიული ბებო;  ისეთივე იქნებოდა ბებო დღესაც, საკუთარ სულში რომ ჩამებრუნა მაშინ მზერა და გარეთ, შიშის ეშმას თითისთვის არ მიმეყოლა და მისი კითხვა, «იმ მთების იქით რა არის, თუ იცი»-ო, ერთი ყურიდან შეშვებული, იმწუთასვე რომ გამომეშვა მეორედან. და ამაზე აღარ მეფიქრა. აღარასოდეს...

 მენანება მეორე ბებოც – ბებოჩემის და... აღარც ის არის.

 დედაჩემი, იმ დროს ახალგაზრდა ქალი, «მთების იქითაც ასეთივე მთებიაო“, რო მითხრა და რო გამიღიმა და რო დაიწყო დაბერება ამ ამბის შემდეგ, დღეს ძლივსღა დადის; ერთიც არ უსაყვედურია, ეგ რა ჰქენი,  რა იკითხეო...  ნაღვლიანად კი გაიღიმა და...

 

     15.

     მეც  ზრდა დავიწყე

 

     16.

      თუმცა, აი...  უდროობიდან  დროში გადასვლა უცებ არ ხდება. სულ თავიდან ძლივს  ვამჩნევდი...  დროს  მაშინ ვგრძნობდი,  როცა მტკიოდა, როცა მშიოდა, როცა მაკლდა  რაღაც,  ანდა რო მეშინოდა... ამეებით კი –  შიმშილ-სიცივით,  რამის არქონით, რამის შიშით   იმდროინდელი გარემოება ბავშვებსაც კარგად გვამარაგებდა, გვეხმარებოდა დროის გრძნობაში...

 

   17.

პაპაჩემიდან დავიწყებ, მოდი... 

ის რომ მცნობოდა, მასშიც რამე ადამიანურს უსათუოდ ვიგრძნობდი და დავინახავდი. ისეთი ავი მაინც როგორ იქნებოდა რომ ჩემთვის, მისი შვილიშვილისთვის, ერთხელ  თავზე ხელი მაინც არ გადაესვა, ერთი კანფეტი არ ეჩუქა, ან ბოლო-ბოლო ერთი თბილი სიტყვა არ ეთქვა? გულ-გონში ამ კარგს ჩავიტოვებდი და ამ ზღაპარში  მის სიცუდეზე არას ვიტყოდი; თავზე ხელის გადასმაზე  მოვყვებოდი ცხრა-ათი გვერდის განმავლობაში, დანარჩენზე, ათას გვერდიან მის სიავეზე –– გავჩუმდებოდი. მაგრამ პაპას, დედის მამას, ვერ მოვესწარი... ან, უფრო ერთურთს ვერ მოვესწარით. სხვების ნაამბობიდან კი... კაი კაცი არა ყოფილა.  არ უნდა ვთქვა?... ჩემთვის ეს ძაან მტანჯველია: რომელ შვილიშვილს ეიოლება იმის თქმა, რომ პაპამისი  ბოროტი იყო? მაგრამ ბებოჩემის, დედაჩემის თუ   მეზობლების მოყოლილ ამბებს პაპაჩემის  სიავეზე, გულში და ხსოვნაში რომ ჩამრჩა, რა უნდა ვუყო? თან წავიღო საიქიოში და იქ პაპა ივანეს რომ გავიცნობ, იმას ვუთხრა რომ ნამუსი შეგინახე  და შენს სიავეზე  ჩემს ზღაპარში ერთი სიტყვაც არ დავძარიო? 

  ბავშვობაში პირველად მისი არსებობა, ან მისი უკვე  არ არსებობა  ასე გავიგე:  ერთხელ ჩემმა დეიდამ  და თან  დედის კარის მეზობელმა (დედაჩემის მამიდაშვილმა) თეკლემ, მასთან მოსულ, მაგიდასთან მოკალათებულ ასაკოვან სტუმარს, ორი-სამი დღის პირგაუპარსავ ჩია ტანის გამხდარ კაცს, ამ თეკლესაგან მორთმეულ ხაჭო-ერბოს რომ შეექცეოდა, ზედ ხილის არაყს  აყოლებდა და უკვე  შექეიფიანებული რომ  ლაპარაკობდა,  საჩხრეკელას ხელი წამოუვლო და დასცხო და დასცხო  ლანძღვა-მუქარით.  თეკლეს ლანძღვა მთელ სოფელში ცნობილი იყო, მაგრამ ამგვარი საქციელი? სახლში მოსული და მაგიდასთან მჯდომი სტუმრის ასე მოპყრობა?...  ვერ გავიგე და როგორც ყოველთვის, ამგვარ გაურკვეველ სიტუაციაში ვიქცეოდი, ღნავილი მოვრთე... ჩია მოხუცი (ბავშვი ვიყავი და მოხუცად აღვიქვამდი ჭაღარაწვერას, თორემ ალბათ  ორმოცდაათი-სამოცი  წლის იქნებოდა) ნაბდისქუდზეხელწაფარებული გავარდა გარეთ...

- ჰაი, შე გველო! შე უნამუსო!...  ჩემ სახლში მოსვლა როგორ გაბედე?! – კაკაჩუნას (საჩხრეკელას) ქნევით მიჰყვა ფეხდაფეხ თეკლე.  მახსოვს, იმდენს არა სცემდა, რამდენსაც საჩხრეკელას ქნევითა  და წყევლით ემუქრებოდა, მაგრამ  ან საწყევარს რას ემართლებოდა, ვერა ვხვდებოდი და... ვღნაოდი. უჭკუო ბალღის ღნავილისთვის იმ  მძიმე მომენტში  ვინ მოიცლიდა. სახლს ცოტაზე  რომ გააცალა უბედური სტუმარი,  დეიდაჩემმა დევნა შეწყვიტა, მაგრამ როგორც თავისი სიფხიზლით კმაყოფილმა ნაგაზმა ყეფა, მთელი სოფლის გასაგონად წყევლა კიდევ დიდხანს, იმის მერეც გააგრძელა, როცა წყევლის  და მუქარის ობიექტი  აღარა ჩანდა.

ეს მუქარის ობიექტი კი (როგორც გავიგე მოგვიანებით, ძველი ყაჩაღი, რუსის მეფის დროს ცარისტული რეჟიმის მტერი, კომუნისტების დროს – კომუნისტებისა), უკვე ასაკში შესული, უსახლკარო და უპატრონო, აღარავის და ვეღარავის მტერი ვერ იყო: კარდაკარ დადიოდა და ხალხის გულმოწყალებით განაგრძობდა არსებობას. ისე  თვრებოდა,  აღარ ახსოვდა, სად რას ამბობდა. სასმლისა და ასაკის გამო ძველი სიფრთხილეც, ის ინსტინქტი მოჩლუნგებოდა, რომლის წყალობითაც თავის დროზე ჯერ მეფის ახრანას დაუძვრა, მერე კიდევ კომუნისტებიც  გააცურა და...  თეკლესთან კი იმ ამბავს მოჰყვა, ერთხელ, ოციოდე წლის ბიჭმა, მდინარის გაღმა მთის ფერდობიდან, როგორ «გამაუწვადა» ბერდენკა მდინარის გამოღმა, ასევე მთის ფერდობზე, თავის ეზოში ბარვით გართულ მეფის პრისტავს, ივანეს და როგორ დაჭრა...  მეფის პრისტავი ის პაპაჩემი ყოფილა თურმე.

პირდაღებული უსმენდა თეკლე-მასპინძელი, დეიდაჩემი, მაღალი, შავგვრემანი ქალი.  მერე თქვა, ეს ამბავი არ ვიცოდი, თორემ სახლში  როგორ შემოვუშვებდიო.

 «...ივანე რომ მისი სახლისაკენ დაჭრილი წაფორთხდა, მეორეჯერ სროლა აღარ დამცალდა...» – ჰყვებოდა მთვრალი ნაყაჩაღარი... რასაც ჰყვებოდა, ყველაფერი ზუსტად  ახსოვდა. მონადირეთა და მეომართა უმრავლესობას ეს ყაჩაღი თუ ნაყაჩაღარი იმით არ ჰგავდა, რომ არასდროს არაფერს არ აზვიადებდა... მხოლოდ მშრალი ფაქტები და მოვლენები. თან ისე ზუსტად, თითქოს ამ ამბებიდან ორმოცი წლის კი არა, ორმოცი წუთის შემდეგ  მას პირდაპირ აქ, თეკლესთან, აღელვებულ-აქოშინებულს და დამშეულს და მოწყურებულს შემოერბინოს... მაგრამ მთვრალს და ასაკმორეულს ის არ ახსოვდა, რომ ეს თეკლე, დეიდაჩემი, ამჟამინდელი მასპინძელი, იმ ივანეს, იმ პაპაჩემის, მეფის პრისტავის  დის შვილი იყო... და ყიბლას (მეტსახელად ასე ეძახდნენ),  თოფის სროლა იმ პრისტავისთვის მეორეჯერ რომ ვეღარ მოასწრო, თუ რატომ – ვერა,  ამისი თქმა მასპინძელმა აღარ აცალა: კაკაჩუნას  ხელი დაუვლო  და გამოენთო...

თეკლეს (ცოცხალი აღარც ისაა, მისი სული აცხონოს ღმერთმა) მისი ამგვარი საქციელისთვის ვინ გაამტყუვნებს! მეც რომ ავდგე და ყიბლას სახელი ახლა, ამ კალმით ტალახში ვსვარო და ამნაირად პაპაჩემისთვის შური ვიძიო,   გამემტყუვნება?  თავისიანის, თუნდაც ცუდის გამართლებაზე და დაცვაზე ბუნებრივი და გასაგები  არაფერია: ეს თვითდაცვის ინსტინქტია, ყველა ცხოველს, და მათ შორის ცხოველთაცხოველს, ადამიანსაც რომ გააჩნია... მე კი მაინც ჩემს პაპაზე და ყიბლაზე როცა გიამბობთ, ისე გიამბობთ, როგორც სხვებმა და სხვებმა მიამბეს; არც ერთსა და არც მეორეს არ ვესვრი მე ტალახის გუნდას, არც ქვას არ დავკრავ, და არც ცეცხლის საჩხრეკელათი დავემუქრები...

იმ ცხონებულ თუ იმ შეჩვენებულ პაპას, ბებო... თუმცა რა ბებო!... თხუთმეტი წლის ბავშვი, ყოფჩიდან (ცხრა ზღვისა და ცხრა მთის აქეთ ერთი ასეთი სოფელია ფშავში) მოუყვანია. თხუთმეტი წლის ბავშვი, ობოლი. კი ათხოვებდნენ იმ დროს ამ ასაკის გოგოებს, ეს სულ არ მიკვირს... მე ის მაინტერესებს... ჯერ ერთი, ამ ორმოცი წლის პრისტავს ცოლი რატო არა ჰყავდა მანამდე? მეორე, რაღა იმ ბავშვს დაადგა თვალი და თანაც ობოლს! სხვა არავინ არ გაჰყვა ცოლად? მერე მესამე, იმ ყოფჩიდან ხილიანამდე, თვითონ ცხენზე ამხედრებულმა, ოცი კილომეტრის მანძილზე, ბავშვი  უკან ფეხით რად მიიდევნა? არც ცუდს ვამბობ და არც კარგს პაპაზე, უბრალოდ მაინტერესებს-მეთქი...

ყიბლას, ყაჩაღ-ანარქისტს ამის გამო რომ ესროლა თოფი ივანესათვის, ეს ზღაპარი კი არა, რომანტიულ-ჰეროიკული რომანი გამოვიდოდა ჩემს უნებურად. თუმცა რის გამოც ესროლა, ესაც არანაკლებ საინტერესოა და გიამბობთ... მოგვიანებით... ეხლა... დღეს სტრასბურგში ისეთი რამე შემემთხვა სამუშაოზე, რომ არ ჩავიწერო აქვე და მერე კი დამავიწყდეს... გული დამწყდება...

დედამ მითხრა:

„სიკეთე ჰქენ და ქვაზე დადეო!“.  თბილი ნაცრით სავსე გუდა ზურგზე მეკიდა. შორი  გზისთვის ვემზადებოდი. ამისი თქმა და შეხსენება რაღად მინდოდა დედაჩემისაგან?  სიკეთის ქმნაში არც საქებარი არის რამე,  არც საძრახისი! არც იმის ქვაზე დადებაში – სიკეთე თუ ქვაზე არ დასდე, სიკეთე ხომ აღარ იქნება. მეც, ა, შემხედეთ, ფარღალალა საბძელსა ვგავარ – ცხოვრების ქარს ერთი მხრიდან რაც შემოაქვს, მეორე მხრიდან უკლებლივ გააქვს! თვითონ ხავსივით, ფესვებიან-ბუსუსიანა, ქვაზე არ ვდევარ? ხან ვინ ჩამოსდებს თავის საჯდომს ჩემზე და ხან ვინ! ზოგისთვის ეკლად ქცევაც რომ მსურდეს, ვერ მოვახერხებ! „სიკეთე ჰქენ და ქვაზე დადეო!“ მითხრა დედამ,  ის მითხრა, რაც თვითონ იყო და როგორიც  იყო! სხვას რას მეტყოდა!..

 

18.

საავადმყოფოს ფსიქიატრიულ კლინიკაში თარჯიმნად ვარ დაბარებული. პაციენტი ჯერ არ მოსულა. მოსაცდელში მყოფ სხვა პაციენტებთან საუბრის ხასიათზეც არა ვარ. ვერც იმათ  ვატყობ ამის სურვილს – ჩუმად არიან. ყველა თავის მშფოთვარე თუ მწუხარე სულს ჩასჩერებია. სკამზე ვჯდები, თვალს ვხუჭავ და მეც ჩემ სულს ჩავყურებ. მერე  ნიცშესას...   მაგარია  ფ. ნიცშე,  გადასწონის მთელ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს...     

  მერე...  ქ. ნაზარეთელი, ფ. ნიცშე და მე, ო. თურმანაული ზღვის პირას მივსეირნობთ და...  ესრეთ იტყოდა ნაზარეთელი: ცხვრის მორალი გერჩივნოსო მტაცებლის მორალს. ხოლო ნიცშე ესრეთ იტყოდა: რას ასწავლი კაცო ამ ხალხსო!? მერე... ქ. ნაზარეთელმა გადაავლო თვალი ევროპას, შემდეგ ისევ ფრიდრიხს შეხედა ...მერე ნისლის ფთილად იქცა, პლიაჟზე მწოლი ნუდისტების სხეულებს ნაზად გადაუარა და გაიფანტა.

პაციენტი ჯერ არა ჩანს. ფ. ნიცშე კი... ესრეთ იტყოდა:

«ბუდა მოკვდა და მისი სიკვდილის შემდეგ კვლავ დიდხანს, საუკუნეთა განმავლობაში  მიუთითებდენ იმის აჩრდილზე   ერთ-ერთ ქვაბულში.  ღმერთი მოკვდა და:  ადამიანთა ბუნება კი იმგვარადაა მოწყობილი რომ ალბათ კიდევ ათასეული წლების მანძილზე  იარსებებს  ქვაბულები, სადაც ისინი ისევ  მის  ლანდზე  მიუთითებენ».

ეს შობელძაღლი, აზრს რომ სულ არ იზიარებდე, ლამაზად ამბობს, მოგეწონება და... – ჰაჰ! – ვიცინი...  მოპირდაპირე სკამიდან ფრანგი პაციენტი, გამხდარი დიდთვალება გოგო, სევდიანი დაეჭვებით მომჩერებია. რა აშფოთებს? საგიჟეთში არა ვართ აქ თუ?   მაინცდამაინც მასავით მელანქოლიკი გიჟი უნდა  იყოს ყველა?  ან  შიგა აქვს, ან არასოდეს შიგ არა ჰქონია, ეს ვიღაცაა!  ჩემი და ნიცშეს სიგიჟეც მყოფნის!

 ისევ ფრიდრიხი:

«ყველგან, სადაც კი მორალია,  არის ასევე შეფასება და დახარისხება ადამიანური  ქმედებების და ინსტინქტებისა. ეს შეფასება-დახარისხება კი ყოველთვის საზოგადოებისა და ჯოგის აზრია:  რაც პირველ – გინდაც მეორე და მესამე – რიგში სასარგებლოა ჯოგისათვის, იმითი ზომავს ინდივიდის ღირებულებას. ამ მორალის საშუალებით ყველა ინდივიდს ასწავლიან რომ ჯოგის ფუნქცია იყოს  და თავისთავს  მხოლოდ და მხოლოდ ამ ფუნქციასთან მიმართებაში მიანიჭოს ღირებულება. ხოლო რაკიღა პირობები ერთი  საზოგადოების გადასარჩენად, მეორე საზოგადოების შენარჩუნების პირობებისგან  განსხვავდებოდა, განსხვავებული მორალიც სწორედ აქედან იშვა; ამ ჯოგების, ამ ჯგუფების, ამ სახელმწიფოებისა  და ამ საზოგადოებების  იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნების მიხედვით კი, რომელთაც დღესდღეობით ვუმზერთ, ან რომლებიც შეგვიძლია მომავალში წარმოვიდგინოთ, შესაძლოა იმის განჭვრეტაც, რომ მომავალშიც უამრავი განსხვავებული მორალი  იარსებებს.  მორალურობა არის ჯოგური ინსტინქტი ინდივიდში.»

კარგი რა, ფრიდრიხ! მა როგორ გინდა, შე ჩემა? შენამდე მაგას  ჰუმიც მიხვდა, მარა აი ასე, შენნაირად ყველასთვის თავზე არ დაუჯვია! არა, ისე ეს მაგარი თქვი: მორალურობა არის ჯოგური  ინსტინქტი ინდივიდში. –  ჰა, ჰა, ჰა, ჰა! და რატო მაინცდამაინც ჯოგური, შე ჩათლახო! საზოგადოებრივი, ან სახელმწიფოებრივი ინსტინქტი მაინც გეთქვა! აზრი ხომ იგივე დარჩებოდა... მაინცდამაინც ჯოგური? რომ მორალი მიწასთან უკეთ გაგესწორებინა არა? ჰა, ჰა, ჰა, ჰა!...

საინტერესოა, რომ ვაჟა–ფშაველას რამოდენიმე პოემაც სწორედ ამ თემას, საზოგადოებისა და პიროვნების კონფლიქტს უტრიალებს  და...  რატომ არ უყვარდა ვაჟას ფრიდრიხი?..

 «ჩემი პაციენტი“ მოდის. ექიმის კაბინეტში შევდივართ

- Coment ça va, Madame Menabdé ? - ექიმი ეკითხება.

 თარგმნა არ მჭირდება. მადამ მენაბდე ერთი წელია აქ არის  და მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა შეუძლია:

- Ça  va…    – მე მხოლოდ მზერა გადამაქვს ჯერ ექიმიდან ქალბატონ მენაბდეზე, მერე ისევ ექიმზე და იმის მომდევნო შეკითხვას,  გასაგებად ალბათ უფრო რთულს, ველოდები. თარგმნის დროს  დაძაბული ვარ, უფრო სწორად,  მობილიზებული.

- მიამბეთ ერთი, როგორ  გაიარა ამ ორმა კვირამ, იმის შემდეგ,  ბოლოს რომ შევხვდით? – ექიმი ეკითხება.

მე ვთარგმნი.

- ბევრი რამის თქმა მინდა ხოლმე, ექიმო... სანამ აქ მოვალ, ვფიქრობ ხოლმე, ესა და ეს უნდა ვუთხრა ექიმს... აქ რომ მოვდივარ... მავიწყდება... ყველაფერი მავიწყდება ამ ბოლო დროს... ჰო... ამაზე გამახსენდა... მეშინია, საერთოდ არ დავკარგო მეხსიერება... სკლეროზი არ დამემართოს საერთოდ... ჩემს თავს არ ვჩივი... ჩემ დისშვილს ვინ მიხედავს... მინდოდა მეთხოვა, თუ  რამე წამალი არსებობს....  – ქალბატონ  ნანას ხელით ვანიშნებ, რომ მაცალოს თარგმნა. მაცლის, მერე აგრძელებს –  ...თუ რაიმე საშუალება არსებობს, ექიმო, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, იქნებ გამომიწეროთ... ჩემ დისშვილს ვინ მიხედავს, საერთოდ რომ გონი დავკარგო...

ვთარგმნი.

- მადამ მენაბდე...   ამასწინათაც გითხარით, ეს სკლეროზი არაა... თქვენი მეხსიერების პრობლემა სტრესიდან გამომდინარეა... ამას წამალი არ სჭირდება... სიმშვიდე, დასვენება უნდა... რა წამლებსაც ღებულობთ, ეს ძილის მოწესრიგებაში გეხმარებათ... ხომ რეგულარულად იღებთ წამლებს?

ვთარგმნი.

- კი.

ვთარგმნი.

- გარდა ამისა, მე დამაწყნარებელიც გამოგიწერეთ, ანტიდეპერსორი... ღებულობთ?

ვთარგმნი.

- კი.

ვთარგმნი.

- ანტიდეპრესორი  გვიანმოქმედი წამალია... ერთი, ხან ორი კვირაც სჭირდება, ვიდრე საჭირო ეფექტს აჩვენებს... ამის შემდეგ უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ მეხსიერების პრობლემაც თანდათან  მოგვარდება...

ვთარგმნი.

ნანა მენაბდე თავს იქნევს. ექიმი კი განაგრძობს და მეც ისევ სიტყვასიტყვით ვადევნებ თარგმანს:

- სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა: როგორაა თქვენი დისშვილი? საბუთების საქმე თუ მოაგვარეთ?

კითხვას ვთარგმნი და შემდეგ ქალბატონი მენაბდის ტირილით ნათქვამ პასუხსაც:

- ვაიმე... აღარ შემიძლიაააა... – ცრემლებს ერთჯერადი ცხვირსახოცით იმშრალებს – ასე მგონია, რომ გავგიჟდები, ექიმო... ვთარგმნი, ოღონდ მე არ ვტირივარ...

ნანა  მენაბდის დისშვილი, ერეკლე, მეც კარგად ვიცი, როგორაა: ოცდახუთი წლის ქერა, მაღალი, ლამაზი ახალგაზრდა. დეიდამისზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა სტრასბურგში რაღაც ნარკოტიკით  დადამბლავებული. ყოფილი სპორტსმენი, მოკრივე. ვეღარ ლაპარაკობდა  და თავისი ისტორია, სავარაუდოდ შეთხზული  (დაატყვევეს ოსებმა და რაღაც მანამდე უცნობი ნარკოტიკი  გაუკეთეს ძალით, რის შემდეგაც რამდენიმე დღე კომაში იყო), კალმისა და ფურცლის საშუალებით მოუყვა დევნილთა სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას. გაჭირვებით. არ დაუჯერეს. ოსების ამბავი არც მე მჯერა, მაგრამ  კომაში რომ ნამდვილად იყო ამ ნარკოტიკის შემდეგ,  ეჭვი არ მეპარება. იმ იმედით ჩამოვიდა, რომ საფრანგეთში რაიმე საშუალებას ნახავდნენ მისი  გადამწვარი ტვინის ფუნქციების აღსადგენად. მაგრამ ამაზე პოლიტიკური დევნილის სტატუსს  არავის ანიჭებენ. ვერც ტვინის დაკარგული ფუნქციების აღდგენა შეძლო აქაურმა მედიცინამ. პირიქით, მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა: სიარულიც უჭირს უკვე – მარცხენა ფეხს ითრევს და როგორც დეიდამისი ამბობს, ხშირად ეცემა... პოლიტიკური დევნილის სტატუსი ხომ არ მისცეს და გუშინწინ ჰუმანიტარულ სტატუსზეც უარი უთხრეს... ახლა მთელი იმედი მის დეიდაზეა, რომელმაც ახლახან მოითხოვა იგივე პოლიტიკური დევნილის სტატუსი.  მისი ბედი კომისიას ჯერ არ გადაუწყვეტია... საეჭვოა, ან აქედან რაიმე გამოვიდეს.... აი, ამ ყველაფერს უყვება ქალბატონი ნანა მენაბდე ფსიქიატრს და...  მე ვთარგმნი.

ფსიქიატრი ცდილობს, დაარწმუნოს madame მენაბდე, რომ თუ იგი ერთგვარ დისტანციას დაიკავებს დისშვილთან მიმართებაში,  უკეთესი იქნება მისთვისაც,  მისი დისშვილისთვისაც.  დარწმუნება კი არ ხერხდება:

- ექიმო, ჩემი სიცოცხლის ერთადერთი აზრი მხოლოდ ესაა... დედამიწას გადავატრიალებ და თუ რამე საშუალება არის, ვუშველი...

მე ვთარგმნი.

ფსიქიატრი რჩევებს აძლევს მადამ მენაბდეს. თარჯიმნობის ფურცელზე ხელს მიწერს. გამოვდივართ. „მე აქ დავიცდი, – მეუბნება  ნანა, – ერეკლე აქ უნდა მოსულიყო და აგვიანებს.  შემდეგი შეხვედრა იმავე საავადმყოფოში, უროლოგიის განყოფილებაში და რუსულენოვან პაციენტთან მაქვს ნახევარი საათის შემდეგ. ვემშვიდობები ნანა მენაბდეს. ამ დროს  მისი  ტელეფონი რეკავს. იღებს, უსმენს და გაოცებული მე მომჩერებია, არაფერი ესმის: ვიღაც ფრანგულად ელაპარაკება. ტელეფონს მიწვდის.  როგორც ტელეფონში მოსაუბრე მამაკაცის ხმამ მითხრა, ერეკლე სადღაც აქვე ახლოს ქუჩაში დაცემულა. პირველი დახმარების მანქანიდან რეკავენ. ამ შემთხვევაში თარჯიმნის ეტიკეტი დავარღვიე და ქალბატონ ნანას უფრო შერბილებით მოვუყევი ისტორია. ნანას მაინც გული მისდის და  მეჭიდება. სკამზე ვსვამ.  მოსულიერების შემდეგ  ხელკავით მივაცილებ ტელეფონზე მითითებული ადგილისკენ. სამსახურში ვრეკავ, რომ მომავალ შეხვედრაზე თხუთმეტი წუთით დამაგვიანდება...

პირველი დახმარების მანქანა ისევ ადგილზე დგას. ერეკლე მანქანაში ჰყავთ გაშოტილი და ცხვირ-პირზე ჟანგბადის ნიღაბი ადევს. ნანას ისევ გული მიდის. ხელის შეშველებას ვასწრებ, რომ ასფალტზე არ დაეხეთქოს... პირველი დახმარების პერსონალი ახლა უკვე მისკენ მორბის...

იმას ვამბობდი,  დედამ რომ მითხრა, სიკეთე ჰქმენ, ქვაზე დადეო...   რა ვქნა, რა ვუყო... რით ვუშველო გინდა ნანას, გინდა მის დისშვილს,  ჩემი შვილის ტოლ ერეკლეს?..

სად ერეკლე და სად... ფრიდრიხ ნიცშე?  სად ქრისტე და სად პაპაჩემი?  სად ქალბატონი მენაბდე და სად ღვთიშობელი?  სად ჩემი ფშავში გატარებული ბავშვობა და სად ეს სტრასბურგი?  მაგრამ მაინც დავუბრუნდეთ ისევ ბავშვობას...

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE