ქართული საბავშვო ლიტერატურა – ახალი ჰორიზონტები


ქართული საბავშვო ლიტერატურა – ახალი ჰორიზონტები




საბავშვო ლიტერატურა, საბავშვო წიგნი – ეს სფერო ყოველთვის იმსახურებს ინტერესს, თუმცა  ჩვენს ირგვლივ ძნელად იპოვი საბავშვო ლიტერატურის მკვლევარს, რომელსაც ეყოფოდა მოცალეობა, ცოდნა, კომპეტენცია და სურვილიც, ამ საკითხზე სასაუბროდ. ეცოდინებოდა ყველაფერი დუმბაძემდე და დუმბაძის შემდეგ.  დუმბაძის სახელი რაღაც ქორონიკონივითაა საბავშვო ლიტერატურაში. ნებისმიერი მეთოდური წიგნი, რომელსაც გადაშლით, და რომელსაც საბავშვო ლიტერატურის სწავლების საკითხებს მიმოიხილავს  ნოდარ დუმბაძეზეა გაჩერებული ერთმანეთისაგან გადაწერილივით.

 არადა, არსებობს დარგი, რომელიც იქმნება, ვითარდება, ხორცს ისხამს და თანამედროვე ავტორებსაც იმატებს თავის საკრალურ „საძმოში“ თუ „ორდენში“.  არსებობენ ამ დარგისათვის შეწირულთა თუ შეფიცულთა თუ თანამოძმეთა ჯგუფები: მწერლები, მთარგმნელები, ილუსტრატორები, დიზაინერები და გამომცემლები. რას აკეთებენ ან სულაც, რას ვერ აკეთებენ, ვერ აბამენ თავს, ვერ აყალიბებენ ხედვებს. როგორია საბავშვო წიგნის, საბავშვო ლიტერატურის, საგანმანათლებლო პროექტების, გამოცემების პერსპექტივები? ხერხდება თუ არა თანამედროვე პედაგოგიური და თუნდაც  სამკურნალო-სარეაბილიტაციო თვალსაზრისით მწერალთა და მხატვართა თანამშრომლობა და ინტეგრაცია ჩვენი ბავშვებისათვის ასე საჭირო და მნიშვნელოვან დარგში? ხდება თუ არა მსოფლიო გამოცდილების გაზიარება? ინტერესდება თუ არა ვინმე სერიოზულად ამ დარგისა და მისი პერსპექტივების კვლევით? ხერხდება თუ არა საბავშვო ტექსტების შექმნა მიზნიობრივად უნარმოკლებული, სმენადაქვეითებული, უსინათლო ბავშვებისათვის, ხერხდება თუ არა მათთვის წერა, ვისთვისაც ქართული არ გახლავთ მშობლიური ენა? ვიყენებთ თუ არა სათანადოდ ლიტერატურას იმ პრობლემების დასაძლევადაც, რომელიც დგას მოზარდთა სოციუმის წინაშე: არაინტეგრირებულობა საზოგადოებასთან, დევნილობა, ნარკომანია, სიღატაკე, მიუსაფრობა, დეპრესია, და ათასი რამ, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს მოზარდისათვის ჭეშმარიტ და მარადიულ ღირებულებათა მნიშვნელობას? ვიყენებთ თუ არა ლიტერატურას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში? ვაცნობთ თუ არა თუნდაც პედაგოგთა საზოგადოებას საბავშვო ლიტერატურის დარგის სიახლეებს? სავსეა დღევანდელი წიგნის ბაზარი საბავშვო გამოცემებით. და  როგორც სხვას ყველაფერს,წიგნის ამბავსაც ბაზრის კანონები განაგებს. ბაზარია მკვლევარიც, ბაზარია განმგებელიც, ბაზარია გემოვნებისა და შინაარსისი კანონმდებელიც! ნებისმიერი გამომცემელი კვალიფიციურად დაგელაპარაკებათ ამ თემაზე,გაცილებით კვალიფიციურად,  ვიდრე ლიტერატურათმცოდნე. და კარგა ხანია, საბავშვო წიგნი აღარ ნიშნავს საბავშვო ლიტერატურას,  კარგა ხანია მას მთელი მსოფლიოს წარმატებული გამომცემლობები  და ახალი ტექნოლოგიები ქმნიან, კარგა ხანია წიგნი იქცა სათამაშო ნივთად. ბავშვებისათვის ხმოვანი წიგნის შექმნა ალბატ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესპროექტია მსოფლიოში. მაგრამ იზრდება პატარა და სჭირდება გაცილებით მეტი, ვიდრე ბგერაა.

მოგეხსენებათ, საბავშვო ლიტერატურაში გადაჯაჭვულია პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ენობრივ-ლექსკურიი, ზნეობრივი, ესთეტიკური მოძღვრებათა და სფეროთა უამრავი ნიუანსი. ბავშვისა თუ მოზარდის  ურთულესი ფსიქიკის ცოდნისა და მიდგომების მთელ ხელოვნებას უნდა ფლობდეს მწერალი. ამასაც არავინ იკვლევს. თამასა აქაც ბაზრის დახლია. იყიდება, ე.ი.კარგია! არ იყიდება – ე.ი. არ ღირს გამოცემა. და ამ სიტუაციაში რა უნდა ქნა მწერალმა? თუმცა საბავშვო მწერლობის პრობლემები რამდენიმე მიმართულებისაა: მწერლის პრობლემა, გამომცემლის პრობლემები, მკითხელი მოზარდის პრობლემები. და ის ენობრივი თუ ეთნო-ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომელიც მხოლოდ მშობლიურ ენაზე შექმნილმა ლიტერატურამ უნდა იტვირთოს.  გლობალიზაციის პირობებში სწორედ საბავსვო წიგნი, სათამაშო, მულტფილმები იქცა იდეოლოგიურ იარაღად. ჩვენ დღეს მსოფლიოს წარმატებულ გამომცემლებსა და მათ პროდუქციას უნდა გავუწიოთ კონკურენცია. მათ გვერდით უნდა შევძლოთ არსებობა. და მაინც უნდა შევქმნათ ის, რასაც ქართული საბავშვო წიგნი ჰქვია. ის კი არადა, თანაბრად სადიდო ლიტერატურის გვერდით უნდა ვიზრუნოთ მის თარგმანსა და გატანაზეც, რაოდენ უტოპიუტად ჯღერდეს ეს სიტვები!

რამდენიმე საბავშვო მწერალის შემოქმედება დღეს იძლევა ამის საშუალებას!

გასულ წელს ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე ალმანახში “მწიგნობარი” ამ თემაზე, მაგრამ ასი ცალი “მწიგნობარი“ ალბათ იმდენად ცოტაა 3-4 მილიონიან საქართველოსათვის, ჩავთვლი, რომ ჩემს გარდა არავის წაუკითხავს, თორემ ერთი ადამიანი მაინც ხომ შემეხმიანებოდა იმ მრავალათეულთაგან, რომელზეც მე იმ წერილში ვსაუბრობდი.

„ახალი საუნჯე” იმედია უკეთ მიიტანს ჩვენს სათქმელს მკითხველთან და იმ ადამიანებსაც მოვიძიებთ, ვინც ამ საკითხებზე მოიწადინებს სამომავლოდ საუბარს.

 საუკუნეებია, ქართველ ბავშვებს გარდა მდიდარი ზეპირსიტყვიერებისა, თამაშებისა, ლოცვებისა, გააჩნდათ სახარება, ბიბლია, ვეფხისტყაოსანი. ამას დამატებული დალოცვილი ბებო-პაპები  ლექსებით, ანდაზებით, სიმღერებით, ანდრეზებით, ლეგენდებით სავსენი... უკეთესი რა უნდა გენატრა ?! შეგნებულად არ ვახსენე სიტყვა „ზღაპარი“, რადგან იყო დრო, ზღაპარიც არ გახლდათ დიდად საბავშვო „ხილი“. ის კი არადა, არსებობდნენ ოჯახები და გვარები, რომლებსაც თავიანთი ბატონებისათვის მხოლოდ ზღაპრების მოყოლა ევალებოდათ ბეგარად და ხარკად. ზღაპრის თქმასაც თავისი დრო ჰქონია და წესი, აკრძალულიც კი ყოფილა დღის სინათლეზე მისი მოყოლა. წყევლაც კი არსებობდა თურმე მათთვის. ძველი წარმოდგენით, ვინც ამას გაბედავდა, კბილები და თმები დასცვივდებოდა. და ეს მხოლოდ მკითხველის გასახალისებლად როდი ვთქვი. მეც, როგორც ზოგადად ქართველებს გვიჭირს ისტორიის გარეშე დრევანდელობაზე ლაპარაკი. თუმცა საბავშვო წიგნის ისტორიაზე თითქმის არ ლაპარაკობენ და მასზე თვალის შევლება ზედმეტი არ იქნება.

  მე-19  საუკუნის პირველ ნახევარში გამოცოცხლა ქართული საბავშვო წიგნის ბეჭდვის საქმეო“  -  ამოიკითხავთ ისტორიაში. 1838 წელს გამოვიდა პლატონ იოსელიანის „ანბანი, სასარგებლოდ ახალ მოსწავლეთა ყრმათა“, რომელიც 11-ჯერ გამოიცა, 1842 წელს ანდრია წიწვიანიძემ რუსული ენიდან თარგმნა კრებული, რომლიც მხოლოდ მხატვრული ტექსტებისაგან შედგებოდა და დღევანდელ საბავშვო წიგნს ჰგავდა. პეტრბურგში, 1859 წელს გამოცემული სულხან-საბა ორბელიანის იგავები, რომელიც ხან აკაკი წერეთელმა გადაუმუშავა პატარებს, ხან რაფიელ ერისთავმა გაულექსა, ამას მიმატებული დავით გურამიშვილი და ბევრს აღარ გავაგრძელებ, იაკობ გოგებაშვილის „დედაენამდე“, „ბუნების კარამდე“  იყო რამდენიმე ცდა ყრმათათვის საკითხავის გამოცემისა. თავად ფაქტი, რომ 1709 წელს, ვახტანგ VI მიერ საქრთველოში და ამიერკავკასიაში გახსნილ პირველ სტამბაში, გახსნიდან მესამე წელს, დაიბეჭდა პირველი ქართული საბავშვო წიგნი „სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა“  (წიგნი შეადგინა გერმანე მღვდელ-მონაზონმა), მეტყველებს ჩვენი ხალხის დამოკიდებულებაზე საბავშვო წიგნის მიმართ.  130 წელზე ცოტა მეტს ითვლის საბავშვო პერიოდიკაც. პირველი ქართული ჟურნალები ბავშვებისათვის. ზოგი ერთადერთი ნომერი გამოიცა, ზოგი რამდენიმე წელი გამოდიოდა, ზოგმა კი დიდი ისტორია დაიბედა და გარკვეული სახეცვლილებითა და წყვეტით, დღესაც გამოიცემა.  ჟურნალი „დილა“ თავისი ისტორიით უკვე ბრენდია,  და ვისურვებდი,  რომ მას ჰქონდეს სათანადო ხელშეწყობა.  ის ერთადერთი ჟურნალია, რომელიც საბავშვო ლიტერატურის ცოცხალ პროცესს ასახავს და წესით უნდა ეხმარებოდეს ავტორებს წიგნამდე და გამომცემლობამდე გზის გაკვალვაში, რომ აღარ ვახსენოთ, რაოდენ მნიშვნელოვანი ჩვევებს უყალიბებს გარკვეული პერიოდიკით გამომავალი ჟურნალი თავად მოზარდებს თუ უფროსი ასაკის მკითხველს. ყველაზე საინტერესო ბიზნესი გოგებაშვილის „დედაენამდე“  და “უნებისკარამდე“  ჰქონდათ სათავგადასავლო გამოცემებს „როსტომიანს“,  „ყარამანიანს“ და იმ სხვა აღმოსავლურ ზღაპრებს, რომელსაც წერა-კითხვის უცოდინარი თუ მცოდნე გამომცემლები სპეციალურად ბავშვებისათვის იაფად ჰყიდდნენ პირდაპირ ქუჩაში, ბაზრებში. ის კი არადა, კალათიანი კინტოებიც დადიოდნენ თბილისში და დაჰქონდათ მოსწავლეებისათვის გროშიანი წიგნები.  ასე რომ, ქუჩებში წიგნებით ვაჭრობა თბილისური ცხოვრების ნაწილი იყო.  მაშინდელი გამომცემელი ცდილობდა, რომ მოზარდისათვის იაფად შეეთავაზებინა წიგნი. ვერაფერს იტყვი! შესანიშნავი ფაქტია!  მიუხედავად იმისა  რომ ზოგმა მაშინდელმა გამომცემელმა  საკუთარი ხელისმოწერაც კი არ იცოდა, არამც თუ გამართული წერა-კითხვა, მაგრამ იცოდა საბავშვო წიგნის  მუღამი  -   ყოფილიყო ადვილად საყიდელი! ჩვენ კი დღეს იმდენიც ვერ მოგვიხერხებია, რომ რაიმე მარეგულირებელი რგოლი შეიქმნას, რომელიც არ დაუშვებს ისედაც ძვირ ბეჭდვით პროდუქტზე, წიგნებზე სამაღაზიო დანამატის  40%-მდე გაზრდას !  ეს ცალკე საუბრის თემაა. ხალხი დიდ ფულს უხდიდა ხელითგადამწერებსაც.  განა მხოლოდ „ვეფხისტყაოსანს“  ატანდნენ მზითვში, სათავგადასვლო ფენტეზის ჟანრიც ტოლს როდი უდებდა გენიალურ პოემას?!  ოჯახს ვერ ნახავდით მაშინდელ ტფილისში, რომ ეს სქელტანიანი „ზღაპრები“ არ ჰქონოდათ საპატიო ადგილზე გამოდებული.

წიგნის გამოცემის მასშტაბებმა ყველაზე დიდ მაჩვენებელს საბჭოეთის დროს მიაღწია, როცა წიგნის გამოცემის საქმეს სახელმწიფო დოტაცია და იდეოლოგიის სფერო განაგებდა. მათ შორის საბავშვო წგნის გამოცემებიც გაიზარდა. დიდებული მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას საბავშვო წიგნების გაფორმებაში. მრევლიშვილი, შმერლინგი, გუდიაშვილი, გაბაშვილი, ბერძენიშვილი, მეძმარიაშვილი, ფორჩხიძე,  ცხადაძე, მირზაშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ელენე ახვლედიანის გაფორმებული ტომ სოიერი რად ღირს?! ახლა წარმოვიდგინე, რომელიმე გამომცემელს ფიროსმანისთვის რომ შეეკვეთა, მედუქნისაგან განსხვავებით, „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კედელზე კი არა, ქაღალდზე დახატვა?...

დარგის განვითარებას ხელს უწყობდა ასევე განვითარებული საბიბლიოტეკო სისტემა, საბავშვო ლიტერატურის კვირეულები, წიგნის რესპუბლიკური თუ საერთაშორისო  ფესტივალები, მთარგმნელობითი  პროგრამები, სახელმწიფო და საკავშირო ჯილდოები საბავშვო წიგნის ნომინაციაში, უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო, რუსთაველის პრემია სამ საბავშვო მწერალს აქვს მიღებული: არჩილ სულაკაურს, მაყვალა მრევლიშვილს და რეზო ინანაიშვილს, შიო-მღვიმელის სახელობითი პრემია (1966 წლიდან), და მრავალი საბავშვო გამოცემა ჯურნალ-გაზეთი. ასევე ალმანახები, რომელიც საბავშვო ლიტერატურას მიმოიხილავდნენ და მრავალი საბავშვო რედაქციები ტელევიზიასა თუ რადიოში.

დღეს? როცა 200-ზე მეტი გამომცემლობა არსებობს, როცა არა მხოლოდ საქრთველოში, არამედ მთელს მსოფლიოში საბავშვო წიგნის ბიზნესი ყველაზე შემოსავლიან სექტორად ითვლება საგამომცემლო საქმეში, საქართველოში არ არსებობს არანაირი საკოორდინაციო სტრუქტურა, საბჭო, რომელიც  კითხვის პოლიტიკას წარმართავდა და დაიცავდა ქართველი მწერლის ინტერესს. რა ზოგადი ფრაზაა „მწერლის ინტერესი“ . არადა, განა მწერლის ინტერესი არ არის, რომ მას ჰქონდეს გამოცემის უფლება თავის სამშობლოში?  რომ არსებობდეს ლიტერატურული კონკურსები და ნომინაციები საბავშვო ლიტერატურაში? იცავდნენე მის საავტორო უფლებებს. უნაზღაურებდნენ ადეკვატურ ჰონორარებს, ანუ შრომად ეთვლებოდეს მწერალს წიგნის წერა,  პოპულარიზაციას უკეთებდნენე წიგნს, სწავლობდნენ მეცნიერულად ლიტერატურის ამ დარგს და ასახავდნენ ცოცხალ პროცესს და ა. ს და ა.შ და ეს ყველაფერი კეთდებოდეს ბავშვის საკეთიდღეოდ და ავტორის სამოტივაციოდ.

 ერთადერთი ნათელი წერტილი საბავშვო ლიტერატურისათვის არის თბილისის საკრებულოს კონკურსი “გალა” საბავშვო წიგნის ნომინაციით. როგორ აკლია ლიტერატურულ კონკურს „საბას“  კეთილი ნება, რაიმედ ჩააგდოს საბავშვო წიგნის მნიშვნელოვნება?

 რამდენი წელია საბავშვო წიგნის წარდგენა არ მომხდარა არც ეროვნულ ლიტერატურულ პრემიაზეც  ( ძველი სახელწოდებით სახელმწიფო პრემია) რამდენი წელია არცერთი შრომა და კვლევა არ მიუძღვნიათ საბავშვო ლიტერატურისათვის, რამდენი წელია არ თარგმნილა ქართული საბავშვო ლიტერატურა. აქ ლაპარაკია მიზანმიმართულ პოლიტიკაზე, რომლის საწარმოებლად კარგი ავტორებიც საჭიროა, მაგრამ ამ კარგ ავტორებს რომ მოტივაციაც სჭირდებათ, ამაზე ვინ ფიქრობს?  გამომცემელი, რომელმაც უნდა შეძლოს აღმოაჩინოს ახალი სახელი, გამოსცეს, გააპიაროს, შესთავაზოს ლიტერატურულ სააგენტოებს, თარგმნოს და გაყიდოს და ა. შ. მაგრამ გამომცემლისა და ავტორის გვერდით კიდევაა საჭირო იარსებოს გარემომ, რომელიც უკვე სახელმწიფო პოლიტიკის პროდუქტია. აი, ამ გარემოს შექმნაში უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს ეკისრება!  საგანგებოდ არ ვახსენებ სიტყვას უნიჭო და ნიჭიერი. ყველა და ყველაფერი თავისთავად ლაგდება საკადრის ადგილზე, როცა კონკურენტუნარიანი გარემო იქმნება, როცა სწორ კლაპოტში მიდის საქმე. სხვა სახელმწიფოებში  საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტები და ათასნაირი ორგანიზაციები არსებობს. ჩვენთან კი ამაზე საფიქრალად ჯერ ვერ ვიცლით.

შვედეთში ახალშობილს სახელმწიფო ჩუქნის  ბიბლიოთეკას, საბავშვო წიგნების დიდ ნაკრებს. განხორციელდება ასეთი ნოვაცია ოდესმე საქრთველოში? ვნახოთ. ჯერ კი ამის ამინდი არ დგას. 2006 წელს შევქმენით “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი-ლიბო”, რომლმაც ბევრი კარგი ინიციატივის განხორციელების მიუხედავავდ, დღემდე ენთუზიაზმის სუსტ მხრებზე დგას. მინდა, ყველაზე ნათელი მაგალითი მოვიყვანო იმისა, რა დამოკიდებულებას ავლენს საბავშვო მწერლების მიმართ სახელმწიფო.  მინდა მკითხველს შევახსენო, რომ  „ალმა“ - პრემია უდიდესი საერთაშორისო ჯილდოა მთელ მსოფლიოში მათთვის, ვინც მოღვაწეობს საბავშვო წიგნისა და მისი პოპულარიზაციის სფეროში. ეს პრემია შვედეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსადა, როგორც მადლიერების გამოხატულება ასტრიდ ლინდგრენის მიმართ  (მისი გარდაცვალების მომდევნო წელს, 2003-ში). ძალზე სოლიდურია საპრიზო ფონდი, ის 730 ათას ევროა. ყოველწელს პრემია ოთხი ნომინაციიდან ჯიურის ერთადერთ რჩეულს გადაეცემა. ნომინაციებია: საბავშვო მწერალი, მხატვარ-ილუსტრატორი, მთხრობელი, რომელიც სცენიდან კიტხულობს ფოლკლორსა და საბავსვო ტექსტებს და საზოგადოება, ორგანიზაცია ან კერძო პირი, რომელიც საბავშვო წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას ეწევა. საქართველო-შვედეთს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, სტოკჰოლმში არსებულ ALMA (ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრიზს) კომიტეტს საქრთველო მიუერთდა 2006 წლიდანვე და ალმამ თავის წარმომადგენელად, ანუ პირად, რომელსაც აქვს უფლება და მოვალეობა, ყოველწლიურად, მაისის დასაწყისში, წარადგილონს ამ პრემიის მოსაპოვებლად ნომინანტები, აირჩია საპარლამენტო ბიბლიოტეკა ანუ საჯარო ბიბლიოტეკა და მისი დირექცია. ყოველწელს ამ ბიბლიოტეკაში მოდიოდა ოფიციალური შეტყობინება,რომ საქართველოს ტავისი კანდიდატები წარედგინა. ამ წერილს იღებდა ბიბლიოთეკის დირექტორი 2006 წლიდან და,როგორც თავად ბრძანა, რადგან არ ჰქონდა სათანადო კომპეტენცია, დაესახელებინა ვინმე, აგზავნიდა წერილს განათლების სამინისტროში, კულტურის სამინისტროში... იქიდანაც იყო სრული დუმილი და ასე გადიოდა წლები, სანამ თავად შვედურმა მხარემ, სტოკჰოლმში ვიზიტისას, კატეგორიულად არ მოგვთხოვა ვითარების ადგილზე კორექტირება.. ალმას კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ქვეყანას არ გააჩნია თავისი საკუთარი მწერალი ან მხატვარი, მთხრობელი ან ორგანიზაცია, შეუძლია წარადგინოს სხვა ქვეყნის ავტორები. საქართველოში,როგორც ჩანს, არც სმენიათ თავიანთი საბავშვო მწერლებისა და მხატვრების შესახებ. არც საბჭოს შექმნაზე უზრუნიათ. არც ჟიურის შექმნაზე, რომ ვინმეს მაინც გახსენებოდა სხვა თუ არა, თუნდაც ოტია იოსელიანი, თუნდაც სოფო კინწურაშვილი. ამ პრემიაზე მხოლოდ ცოცხალი ავტორების წარდგენა ხდება! ამასობაში გავიდა 5 წელი და რამდენი შანსიც იმისა, რომ მსოფლიოს წარუდგინო და პოპულარიზაცია მოხდეს შენი კულტურისა, შენი მწერლისა თუ მხატვრისა. ეს არის მსოფლიოსთან ინტეგრაციის ერთ-ერთი საუკეტესო საშუალება და ასეტი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დანაშაულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ისევ შვედურ მხარეს უნდა ვუმადლოდეთ,  რომ ეს ყინული დაძრეს და 2010 წლის ალმას ნომინანტთა შორის პირველად გაჩნდა გზავნილი და ნომინანტი საქართველოდან. ეს გახლდათ  “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი - ლიბო“.

როგორც იქნა, შარშან ამოძრავდა საჯარო ბიბლიოთეკის ჯგუფი. არჩევანზე არ ვაპირებ დავას. წარმატებებს ვუსურვებ სანდრო ასათიანსა და თეა თოფურიას, თავისთავად ნიჭიერ ადამიანებს, მაგრამ ვიტყვი, მხოლოდ, რომ კარგადაა გადასახედი ქართული მხარის მიერ, რა მოთხოვნებს უყენებს ალმა მონაწილეებს. 

დაახლოებით 75-80 ნქვეყანა იღებს მონაწილეობას ყოველწლიურად და დაახლოებით 175-180 ნომინანტია სიაში. გამარჯვებული დასახელდება მარტის ბოლოს, ბოლონიის  საბავშვო წიგნის მსოფლიო ფესტივალზე და ჯილდოს  სტოკჰოლმში პირველ ივნისს საზეიმო ცერემონიალზე მიიღებს.

 ძალიან გამიგრძელდა სიტყვა პრემიაზე, თუმცა ამ მაგალითში ჩანს დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ. მინდა მივმართო საჯარო ბიბლიოტეკის ჯგუფს, რომ მოსაძიებელია ბევრი სხვა საერთაშორისო პრემიის კომიტეტებთან თანამშრომლობის გზებიც. თუმცა სანამ გარეთ გავალთ,  სახლში გვაქვს მისახედი ბევრი რამ. უნდა აუცილებლად შეიქმნას ისეთი ლიტერატურული სააგენტო, რომელიც იმუშავებს საბავშვო ავტორებზე. კულტურის სამინისტრომ, კეთილი უნდა ინებოს და ლიტერატურის ამ დარგსაც მიაქციოს სათანადო ყურადღება.  სახელმწიფოში, სადაც არცერთი საბავშვო ლიტერატურული პერიოდიკა არ გამოიცემა, სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ მას კულტურული ქვეყანა ჰქვია. თუ ველოდებით, რომ საბავშვო წიგნების წერას ცნობილი ფეისმწერლები დაიწყებენ და მერე გახდება ის საინტერესო სახელმწიფოსა თუ პრესტიჟული კონკურსებისათვის?

მინდა ასევე ამ წერილში მოგითხროთ საგანმანათლებლო სფეროს შესახებაც. ძალიან ხშირად მიხდება ამ წუხილის გამოთქმა, რომ ყველაფერი კეთდება მწერლების გვერდის ავლით, რომ არ ხდება მათი მიზანმიმართული დასაქმება და გამოყენება უამრავ ისეთ პროექტში, რომლის წარმატებასაც სწორედ მწერლის იქ თანამშრომლობა და მონაწილეობა განსაზღვრავს. ორგანიზაცია სეივჩილდრენის მიერ სმენადაქვეითებულთათვის სახელმძღვანელოების შექმნისას, პროექტში მწერლის ჩართვის სასიამოვნო ფაქტს დაემატა კიდევ ერთი ნოვაცია. სულ ახლახან პროექტ G-PrAID ფარგლებში საკონკურსო შერჩევის საფუძველზე მოხდა რამდენიმე საბავშვო მწერლის ჩართვა. გარკვეულ დროში სახეზე გვექნება პროდუქტი, რომელიც იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმისა და  კვლევების გამოყენებით და რომელსაც ქმნიან მწერლები, პედაგოგები,ლინგვისტები  და განათლების სპეციალისტები ერთად. ესაა სწორედ იმ თანამშროლობის სახე, რასაც შეიძლება ახალი ჰორიზონტი უწოდო.

რატომ არ უნდა უყვარდეთ ბავშვებს კითხვა, რატომ არ უნდა უყვარდეთ წიგნი, ეს ხომ უპირველესად ჩვენი, უფროსი ადამიანების პრობლემაა?... არადა საერთაშორისო კვლევები ამას ამტკიცებენ, რომ ქართველმა ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან და არც წიგნი უყვართ დიდად.

რა მოტივაციები შევქმნათ იმისათვის,რომ ნიჭიერმა ავტორებმა მიზანმიმართულად იმუშაონ ბავშვებისათვის? იქნებ დაფიქრდეს ამაზე განათლების, კულტურის, ფინანსტა და სხვა მინისტრები? იქნებ ოდესმე მაინც სწორი პოლიტიკა შემუშავდეს იმის მიმართ, რასაც ქვეყნის მომავალი და მომავლის ადამიანი ჰქვია? როდის იქნება ახალი, ლამაზი ბიბლიოტეკები სკოლებში,სოფლებსა და ქალაქებში?  რა ტექნოლოგიაც უნდა განვითარდეს, მწერალმა მაინც უნდა შექმნას ტექსტი, მხატვარმა მაინც უნდა დახატოს, ბავშვმა მაინც უნდა იკითხოს.

როდის, რომელ საუკუნეში და რომელი მთავრობის პირობებში მიენიჭება მნიშვნელობა

ნამდვილ კულტურას, ნამდვილ საბავშვო ლიტერატურას?

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE