დავუშვათ, ჰქვია იესო


დავუშვათ, ჰქვია იესო




მამაჩემი ისევ სვამს. გამორთული ტელევიზორის წინ ზის, ჩამქრალ ეკრანს უყურებს და რაღაცას ბუტბუტებს. სახეზე მიწისფერი ადევს, თითქოს სუნთქვა კარგა ხნის წინ შეეწყვიტოს. ჩაყვითლებული თვალები ისე უბრჭყვიალებს, დაბერილი ლოყებიდან მზეებივით უჩანს. მხოლოდ ამით ვხვდები, რომ ჯერ არსად წასულა. სიცივისგან გალურჯებულ ხელებს ისრესს. ვიცი, ცუდად არის, მაგრამ მე რა შემიძლია? - ვერც მის დასალევს დავლევ და ვერც მის მაგივრად ვიტყვი არაყზე უარს. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, ახლა აქ სირივით ჯდომა და იმის ლოდინია, როდის ჩაყვინთავს. ისე უძალოდ გამოიყურება, მეშინია, სიგარეტი არ დააგდოს და ცეცხლი არ გააჩინოს. ყველაფერს დედა არ მოუტყნას.

- მამი, - მეძახის. ალბათ თავისთვის ბურტყუნი მობეზრდა. წამოდგომაც სცადა, მაგრამ თავს ვერ მოერია. 

- კარგი ახლა, თავიდან არ დაიწყო, -  ვეუბნები და ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს მძინავს.  არ ჭრის. ეს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. - არა, უნდა ვილაპარაკო, ლაპარაკში გამოვდივარ, - მპასუხობს და სანთებელას ანთებას ცდილობს. არ გამოსდის. ხელიდან უვარდება. - მამი, მომიკიდე რა, -  ისეთი ხმით მეუბნება, გეგონება ბებიამისი ვარ და ზღაპრის მოყოლას მთხოვს. ვუყურებ და ბრაზი მახრჩობს - კაცი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, საკუთარ საცოდაობას თვალებში რომ მთხრის. მინდა ძირს დაგდებული სანთებელა, მის თვალწინ, ქუსლით დავჭეჭყო, მერე კი პირში მივახალო, - იცოდე, წავალ, დაგტოვებ და შეგიძულებ. და მერე იცი რა მოხდება? ძაღლივით მოკვდები, უპატრონოდ, - მაგრამ ჩემი ფეხები, ხმას ვერ ვიღებ. სიგარეტს პირში ვუდებ და ცეცხლს ვუკიდებ. 

- ბოდიში, მამი, რომ გაწუხებ, - იმ ხალხივით იქცევა, ტრაკი რომ არ აქვთ, ბოდიში ზუსტად იმისთვის მოიხადონ, რასაც აშავებენ. კიდევ უფრო ვმწარდები და საკუთარ თავზე გული მომდის, ამდენს რომ ვუთმენ, მაგრამ სხვა რა შემიძლია? -  ვერავის მიატოვებ, სანამ მარტოობის გეშინია.  

- მე და დედაშენმა მთელ უბანში ყველაზე მაგარი ოჯახი შევქმენით, - ჯერ ახლახან მოყოლილ ამბავს იხსენებს ისევ. ერთი და იგივე ისტორიის ზედიზედ ცხრაჯერ მოსმენა ნამეტანია. ამიტომ ცალ ყურსასმენს ვიკეთებ და ტელეფონში ისეთი სიმღერის პოვნას ვცდილობ, ამ საზიზღრობას რომ ამატანინებს. Reach out and touch faith Your own personal Jesus… - ეგაა, ვრთავ.  

- მამაჩემი კიდევ ჭერს მიშტერებული ზის და თავისთვის ლაპარაკს აგრძელებს, - „სწავლა მეკიდა“… „უპატრონოდ ვიზრდებოდი“… „კაცის მოკვლაც შემეძლო …  „შემიყვარდა“… „პასტიოსანი ოჯახი შევქმენი“… „შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ“… „დედაშენი ჩემი იმედი იყო“ - დროდადრო მაინც ვაყურადებ - თავის საფირმო ამბავს ჰყვება.   

 

*** 

ერთ კვირაში დაბადების დღე მქონდა. 12 წლის ვხდებოდი. დაბადების დღის საჩუქრად, დედაჩემმა ჩემი ზღვაზე წაყვანა აიხირა. მანამდე არასოდეს ვყოფილვართ.

- მივყიდოთ იმ კაცს ეს შავ-თეთრი ტელევიზორი, - უთხრა სამსახურიდან დაბრუნებულ მამაჩემს და წვნიანით სავსე ჯამი წინ დაუდგა. 

- მაცადე, სული მოვითქვა, - უხალისოდ უპასუხა მამაჩემმა და გამხმარი პური წვნიანში ჩასალბობად ჩაფშვნა.

- მთელი თვეა, მაგას გაიძახი და გავიდა დრო. მთელი ზაფხული ბავშვი ქალაქში ამოიხუთა, - შეუტია დედაჩემმა. 

მეზიზღებოდა, ამათი კინკლაობის მიზეზი რომ ვხდებოდი. ამათ დაჭმა-დაყლაპვის ყურებად ზღვაზე წასვლა ნაღდად არ მიღირდა, მაგრამ ხმას რა ამომაღებინებდა. მთელი დღეები დედაჩემი იმას გაიძახოდა, რაც გავთხოვდი, დასასვენებლად წასვლა არ მეღირსაო. პრინციპში, ეგრე იყო და მეცოდებოდა კიდეც. თან მეშინოდა, რამე ისეთი არ მეთქვა, უმადურს რომ გამომაჩენდა. 

- თავს შეაზიზღებ კაცს, - მამაჩემმა პურით გაძეძგილი ჯამი გვერდზე გადგა და სიგარეტს მოუკიდა.

- მიზეზებზე ხარ, გეტყობა და ჩხუბი გინდა, - ამოილუღლუღა დედაჩემმა. ეტირებოდა.

მამაჩემმა შარვლის უკანა ჯიბიდან გაქუცული საფულე ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. - აჰა, გაყიდე ის ტელევიზორიც და წადით. ისე გამოგყავს, გეგონება, მაქვს და მენანება.  

დედაჩემს იმ საფულისთვის ხელი არ დაუდია. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, და ისიც მორიგი აყალმაყალის დროს, გავიგე, რომ ტელევიზორთან ერთად, საკუთარი ვერცხლის საყურეები დაუთმია. 

ქობულეთში სამი დღე ვიყავით. ჩემს დაბადების დღეზე მე და დედამ ნაყინები ვიყიდეთ და ვიღაც ფოტოგრაფის რჩევით, ზღვის წინ გაკრეჭილი სახეებით დავდექით. ეგ ფოტო დღესაც მისაღებ ოთახში გვიკიდია.  

სახლში დაბრუნებულებს მამა მთვრალი დაგვხვდა. თვალები გაუბრწყინდა, რომ დაგვინახა.  გიჟივით წამოვარდა სავარძლიდან და ხელში ამიტაცა. იმდენი მკოცნა, ლოყები ამიწითლდა.

- უხ,  თქვენ გენაცვალეთ, - გაიძახოდა და მუშტით ცრემლებს იწმენდდა.   

- რა, ვერ აიტანე, როგორღაც დასასვენებლად რომ წავედი? -  ეგრევე შეტევაზე გადავიდა დედაჩემი. ისე, მაგ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებდა, რადგან მთვრალი მამაჩემი მანამდე არ მენახა. მხოლოდ ის ვიცოდი, და ისიც დედაჩემისგან, რომ მანამ მოიტაცებდა, სულ კაიფში იყო. - მე რომ არა, აქამდე გაუბედურებულის ერთი იქნებოდა, - თითქმის ყოველი ჩხუბის მერე იმეორებდა ხოლმე დედაჩემი.  დატაკების მიზეზი კიდევ სულ ჰქონდათ.  რატომ არ შორდები-მეთქი, ერთხელ შევეკითხე და მიპასუხა, მაგის სიკვდილი რომ მინდოდეს, პირდაპირ მოვკლავდიო. ისეთი დედამოტყნული პასუხი გამცა, ეგ თემა სამუდამოდ დავხურე.

მოკლედ, არ ვიცი ჩაკაიფებული მამაჩემი როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მთვრალი კარგი სანახავი ნაღდად არ იყო -   გაოფლილს და წვერმოშვებულს პირიდან არყის სუნი ამოსდიოდა. 

- ხვალიდან აღარ დავლევ, თქვენ შემოგევლეთ, - აცეტებული ბავშვის ხმით უპასუხა დედაჩემს და, - ჩემი ოქროები ჩამოვიდნენო, ჩაილაპარაკა თავისთვის.  

პირობა არ შეუსრულებია. იქამდე სვა, სანამ გულმა ბაგაბუგი არ დაუწყო. ორი კვირის მერე კი, მის თავზე დაკიდული წვეთოვანი რომ ჩამოიცალა, დამიძახა და მითხრა:  - მამი, ამას დედაშენს ვერ ვეტყვი, - უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. დედაჩემისთვის არაფრის დამალვა არ მინდოდა და ვბრაზობდი, ამას რომ მთხოვდა. თუმცა ისე მიყვარდა, უარს ვერ ვეტყოდი. ამიტომ მივუახლოვდი და, - შეგიძლია დაიწყო-მეთქი, - თვალებით ვანიშნე.  - მარტოს ნუ დამტოვებთ, - მითხრა და სახე სატირლად გამზადებული ბავშვივით დაემანჭა.  

ვერაფერი გავიგე, ისედაც არავინ აპირებდა მის მიტოვებას. ამიტომ, კარგი-მეთქი, ვუთხარი და რაღაცნაირად გამიხარდა - უმნიშვნელო საიდუმლოს შენახვა შედარებით მარტივია.  

ამ თემას თვითონ აღარასოდეს დაბრუნებია.  იმ დღიდან მალევე, დედამ მუშაობა დაიწყო და ზღვაზე წასასვლელი ფულიც გაჩნდა. მამა ჩვენთან ერთად არასოდეს წამოსულა. სამსახურს ვერ გავაცდენო, ამბობდა. არადა, მაინც აცდენდა. მივდიოდით თუ არა, დალევას იწყებდა. მერე კიდევ იდგა და გალეშილი თავისი ბავშვობის ამბებს ჰყვებოდა, გაზეპირებული ლექსივით. რაღაცები მეც ეგრე გავიგე. ის ვიცი, რომ ბებიასთან გაიზარდა, თუმცა სასურველი შვილიშვილი კი არა,  ყოველთვის შეტენილი ტვირთი იყო. მამამისი ვინ ოხერია, არავინ იცის.  დედამისი კიდევ მშობიარობას გადაჰყვა - მამაჩემის დაბადებიდან ორ დღეში დაიღუპა. მოკლედ, დედაჩემის სიკვდილამდე, სიმთვრალეში სულ ამ ამბავს უკირკიტებდა და მეც დაზუთხული მაქვს.   

 

* * *

პირველ კურსზე ვიყავი, დედაჩემი ტუალეტში რომ ვიპოვნეთ.  ძირს ეგდო. როგორც გვითხრეს, გული გაუჩერდა. მამაჩემის რამდენიმეთვიან დალევებს, სასმელზე გადასაცვლელად გადამალული ნივთების ძებნას და ქუჩა-ქუჩა მის დევნას კიდევაც დიდხანს გაუძლო. მაგრამ ამის მიუხედავად, მის სიკვდილში ეს კაცი, იმ დღეს გაბზარულ უნიტაზზე გულამოსკვნით რომ ტიროდა, მაინც არასოდეს დამიდანაშაულებია. აი, დედაჩემის პატიება კი დღემდე მიჭირს -  ლოთი კაცისგან გაქცევა ვერც თვითონ გაბედა და მეც ამ ახვრულ ცხოვრებას შემატოვა.  

„ახლა რა უნდა ვქნა?“ - ღნაოდა დედაჩემის ცხედარს დაშტერებული მამაჩემი. მაშინაც მთვრალი იყო და სახე ისე ჰქონდა წაშლილი, ვფიქრობდი, ამ ამბავს ვერ გადაიტანს-მეთქი.  ისევ არაყმა უშველა. მე არაფერ შუაში ვარ.  

საერთოდაც, დღემდე თრობამ გააქაჩინა. ამბობს ხოლმე, ფიქრი და კაიფი ერთდროულად დავიწყეო. აბა, ქუჩაში ფხიზელი როგორ გავძლებდიო. უბრალოდ მერე დედაშენმა შენი თავი გამიჩინა და მეტად ამტანი გავხდიო. 

არადა, მე რომ შემძლებოდა, ამათ შვილად ნაღდად არ გავჩნდებოდი. მეტიც, საერთოდ არ გავჩნდებოდი, მაგრამ ეს მათთვის არასოდეს მითქვამს. მიყვარდნენ ან მებრალებოდნენ, და ამიტომ, ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ვხედავდი, რად უჯდებოდათ ჩემი შენახვა - ვერაფერს მაძლევდნენ ისე, ერთმანეთისთვის რომ არ მოეკლოთ. ხოდა, მათი ზრუნვის დაკიდება არ შემეძლო. მეტიც, თავი მოვალე მეგონა, მათზე მეზრუნა. პირველად ეს რომ ვიგრძენი, დაწყებით კლასში ვიყავი. 

პირველი სექტემბერი დგებოდა, მაგრამ ჯერ ერთი წყვილი წინდაც არ გვქონდა ნაყიდი. სკოლაში ჩასაცმელად არც გასული წლის ტანსაცმელი ვარგოდა. მიტყდებოდა, არაფერს რომ არ მყიდულობდნენ და ვიბოღმებოდი კიდეც - მთელი დღეები, მარტო ვეგდე ეზოში. ყველას ბაზრობებზე დააპორწილებდნენ მშობლები. 

- მამა, შარვალს შემიღებავ? -  საწოლიდან გავძახე მოსაწევად ამდგარ მამაჩემს.

- არ გძინავს, შე მაიმუნო? -   კითხვა გამიტარა. მეორედ დასმა ვერც მე გავბედე. ამიტომ თავზე საბანი წამოვიმხე და კედლისკენ გადავბრუნდი. 

დილით დედაჩემმა გამაღვიძა. 

- ადექი,  თორემ ჩამოცხება მერე.

- ჩამოცხეს და ჩამოცხეს, - ვუპასუხე, რადგან ვერ მივხვდი, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.

- ადექი, რომ გეუბნები, ბაზრობაზე გასვლა დილითვე სჯობს, სანამ ხალხი აირევა, - მითხრა და ოთახიდან გავიდა. 

- გული ამიჩქარდა. საწოლიდან ფეთიანივით წამოვხტი და გამზადება დავიწყე. მაშინ არ ვიცოდი, რომ იმ ზამთარს შეშა არ გვექნებოდა. 

 

  *** 

 

Feeling unknown

And you're all alone…  - Depeche Mode უკვე მესამე წრეს ამთავრებს. მამაჩემიც წყანარად არის. პირღიას სძინავს. მოკლედ, ახლა დივანზე მიწოლაც შემიძლია. ყურსასმენს ვიხსნი, სინათლეს ვაქრობ და სწორედ მაგას ვაკეთებ. მალევე მეძინება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად,  ადრიანად ვიღვიძებ. მზიანი დილაა და განათებულ ოთახში ძირს დაგდებული ყურსასმენებიდან  ყრუდ ისმის:  Reach out and touch faith Your own personal Jesus ... 

მამაჩემს კალთაში ვუჯდები.  წასულა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE