მოთმინება ჩიტის რძისათვის


მოთმინება ჩიტის რძისათვის




ფსალმუნი

 

ეტყვის მათ რომ უქნარები თავად არიან

შენ ქნარი გაქვს

დღეებს იმკის, ბგერებს განავრცობს

გესმის, ხედავ, ამბობ, წინასწარ

ხელის ზურგიც მკაფიოდ გახსოვს

გესწრაფვიან მესაყვირენი

გაურბიან მიწის ტყავში გამოხვეულებს

მათ უფროსობას

ვიწრო ჭკუის დერეფნებიდან.

 

გეტყვის როგორ მოიქცე მათთან

ვინც იმაღლებს ხმას მის წინაშე

ვინც უქნარად გთვლის

მაშინ როცა ხელში ქნარი გაქვს.

 

გეტყვის როგორ გეჭიროს თავი

სადაც ფეხი არ ჩასდით ხშირად

თვალის ზომა ატყუებთ თითქოს

თუმცა მისთვის შემჩნეულზე მეტიც არ ღირხარ.

 

შეაბიჯებ მათ სამყოფელში

დიდი ხნითაც ვერ გაჩერდები

საძღომადაც ვერაფერს ეტყვი

გამოსვლისას უბრძანებ მხოლოდ

ნუ მიჯეგავთ დაბალ ღობეებს.

სანამ ეტყვი უღელი და ჩარჩო გამოვა

თხები მივლენ, თავს გაჰყოფენ, მივლენ ხბოებიც

შეუცვლიან უღლებით ზარებს.

 

სანამ იტყვი წირვის ცხენებს დაუფალმანდებს

თავლებიდან გაიგებ ჭიხვინს

მდევნელებიც გაგშორდებიან

როცა უკვე შემოიერთებ.

 

ადგებიან მთელი შრომის იმპერიიდან

ჩუმად მოვლენ, იპოვნიან სახლები ხეებს

დაღლილები აცოცდებიან - როგორია ქნარი აჩვენო.

 

გამოივლი კარში ხელადით

წყალს გადაღვრი საფეხურიდან

მშრალი გზები გაცხადდებიან

შეიწოვენ ორთქლის სიმღერას

მოხატავენ ჰაერს ცეკვებით

ყურადღების მიმოქცევაში დარჩები ერთხანს.

 

არც ადგები გასაცილებლად

არც დასცინებ, ისე წავლენ იმპერიაში.

 

მაშინ იტყვი

აჰა, შემეშვნენ

მშვიდად იტყვი

ვინც მინდოდა მხოლოდ ის დარჩა.

 

 

უსათაურო

 

მისი უკიდურესობის მკლავებიდან თავის დახსნამდე

ვერც მივხვდი რომ ტანი არ ჰქონდა

ათასფერად იცვლიდა სახეს

თავთან ერთად ფეხებითაც მისაკუთრებდა.

მთლიანობას კრავდა ამგვარად.

 

ახლა როცა დავბრმავდი მისგან

აღარც მახსოვს რით შემიყვარა

ანდა ასე როგორ მომხიბლა -

თითქმის ცოცხლად ამოვეყლაპე,

თუმცა უფრო ხილულად ვხედავ

უფრო დიდი პატივისცემით განვეშორები

დროს ვიძაფავ დახმარების აღმოსაჩენად

რომ არ გაქრეს ყველაფერთან ერთად ხსოვნაშიც

ყველამ ერთად რომ არ ამოხსნას

ყველამ კარი არ მიუხუროს.

 

ჩაიარეს ბალახის ზღვებმა

რასაც ადრე მინდვრებს ვეძახდი.

 

აიელის სიზმარი

 

სად არის ტროა

მოტაცებების სერია გრძელდება

ამერიკელებმა ცხვირწინ აახიეს რუსებს ევროპა

მშვენიერი მელანიც იქ ჰყავთ

თუმცა ქმარი მენელაოსს ჰგავს

მონასტერიც არეულია

შავი სირია

ზღვის ცხენი დგას იქ კორეასთან.

 

სადღაა რუსეთი

ურალი ჩინეთის დიდი კედელია

ის არ მჯდარა მრგვალ მაგიდასთან

მტკვარამოწვდილი ქართლი როცა ამბობდა სიტყვას

არც კასპარის ზღვის რაინდებთან ჰქონია საქმე

ფქვილით ციხეც არ აუგია

პურსაც ვერ ჭამდა ახლომახლო ოშხომახოსთან*

არც კიდობანი აუზომავს კოპის ციხიდან

ამ მაგიდისთვის ენგური და რიონი ერთად იხდიდა ოქროს.

 

გიბრალტარიდან მშობიარე ჰკივის  მედეა

იქ ზედ ბრეგმაზე ესპანეთის

ლოცვად შემდგარი მიგელ დე ლილო

ოთხთავიან არწივთან ცდილობს ამბის გაგებას

იქ რა ხდება, მამის გულში, იმერიკაში.

*ოშხომახო-იალბუზი ყაბარდოულად.

 

 

ჩხარის დომინოს სახლი

 

ბირჟა. დომინოს მაგიდის ირგვლივ,

წაგებულების ირევა რიგი.

მოსაზელია მომდევნო ხელის

ცა, ვარსკვლავები იცდიან ქვევით.

ჰკვეთენ გაკაწრულ ხაზებს ხაზები,

გრაფიტისფერი ბურდის ფაზებით.

საანგარიშო მაყალზე ტოვებს

მათემატიკის სამსხვერპლო ცხოველს.

თავით ხანდახან სამხრეთით უდევთ,

ხოლო ხანდახან აღმოსავლეთით,

წყვილი თამაშობს თუ კუთხე, კუთხეს

ხვდება ცალ-ცალკე, როგორც ასეთი.

გამოიტანეს მზის მიმოქცევის,

ქვები წლებივით მუჭში მოცერეს.

შესაწირავი შესძინეს ბასკებს,

საწერ მაგიდას კენჭები დასცეს.

მიამატეს და გააკლეს კოჭი,

აშალეს ქვების მოსული წყობა.

თითქოს უცნობი ანბანი მოჭრეს,

ამოკითხვამდე გააქრეს ცნობა.

მოზილეს, მიდის მომდევნო ხელი,

იეროგლიფის, რუნების მცველი.

 

* * *

მხიარულებით შეხვდნენ ბავშვები

ფსიქიატრივით თეთრხალათიან თოვლს,

ვინც შებოჭა უფროსები

არდაცურების უჩვეულოდ მყიფე ჯაჭვებით.

ნუ მიჯავრდები ამ ზამთარში,

სითბოსაც თუ გთხოვ.

 

 

მოთმინება ჩიტის რძისათვის

 

კარგად დაიწყო

ზღვა ხალხის ტალღამ შთანთქა ყველა

ენაწყლიანი მმართველის გუნდი

მთავრობა და მხედრობა მისი

ტურიზმის წვიმას ჯერ კიდევ არ გადაუღია

ბევრი მცურავი გამოიხრჩო მასთან მოქიშპე

ბევრმა ურჩხულმა მოინატრა ჯურღმულში შთანთქმა

ვიდრე მთის მითს ვეჯახებოდით.

 

წმინდა ქვეყნებმა სამსხვერპლოზე ამოალაგეთ

უწმინდურებმა იხმაურონ - რას ჰგავს მათი ეკონომიკა

ზოგი მართლა მონოგამია

მაგრამ მტაცებლობს, თუ არადა უცოხნელია

ზოგი არ არის მტაცებელი

იცოხნის, მაგრამ თავგასული პოლიგამია

ზოგმა დაკოდვის აღთქმა დადო

მაგრამ ისე წვიმს რომ კარსაც ვერ გააღებ გარეთ.

 

არწივი რატომ ნერვიულობს -

ყორნის ოჯახსაც კი გასწირავს დიდს თუ პატარას

თუმცა აქ მისი სივრცეები შეკვეცილია.

 

გედი ვერ იტყვის პირველობას

არც მტაცებლობს და სიკვდილამდეც ერთგული რჩება

ფილაკვანიც ვერ დაიკვეხნის გარჯას თავისას

მტრედი კი რძესაც ამოანთხევს არამტაცებლის

ბუნებითაც მონოგამია.

 

წავა, მოიტანს იმ ზეთისხილს

რა გაყაყანებთ

ჩემზე მეტად ვის გინდათ ღვინო.

 

 

მხედველობის დამორჩილება

 

წერე. ვიღაცა წაკითხვის დროს ჩუმად იქნება

ისე მაინც არავინ გისმენს.

მოლაპარაკე ინდუსტრიას წაართვი მუშა-მოსამსახურე

სხვა პირობები შესთავაზე

ნუ დაპირდები კითხვა-კითხვით ამერიკაში გამგზავრებას

ნურც ევროპას ნურც სხვა კონტინენტს

სადაც კითხულობს იქ შეარგე ცხოვრების წყურვილს.

მოსვი წყალი და ყლუპს მოუსმინე.

სავალდებულო სულ არ არის მიგიღოს ყველამ

ზოგჯერ ეწყინოთ კანონმდებლებს რომ ნიჟარაში არ ამწყვდევ სიტყვებს

ვინ გადაგიწყვეტს შოფარი თუ ჩანგტურბინელა

სადღაც ცხოველთა შექმნის დღეში გამოტნეული

იღუპება ადამიანი

არ მოფარგლულა იმ დღით მისი დღე

სულ ცხოველებს რომ არ შეეკრას

წერე. ვიღაცა წაიკითხავს მოლაპარაკე გოდოლის მკვიდრი

და მოლოდინი გაუჩნდება

სხვა მოწოდებით იარსებე - თუ დაგაცადეს

წერე. განაგრძე მხედველობის დამორჩილება.

 

 

შეხვედრამდე

 

ვიტრიალე ძილის დარბაზში

დავკარგე გზები

დავითხოვე გამცილებლები

შევაღე კარი

შევაბიჯე სიზმრის ოთახში

ვნახე სიზმარი

მოვიკითხე

დავემშვიდობე.

 

სახელური ჩემსკენ მოვზიდე

გაღვიძების ბურანში ვდგავარ

საწოლზე ვტოვებ გაზმორების იეროგლიფებს

ვდგები

ვხედავ

სად არის სახლი...

 

 

მონატრება

 

და გახსენდება ისევ სოფლელი ორკესტრანტების დილა,

ოთხი ძუძუდან ჩამოწველილი ძროხის რძე ორ-ორ სიმად.

ასადღვებელი საქანელები შენელებული რწევით,

ტალღის ტალღაზე გადახეთქებით წამოსქელება ბგერის.

ქარში სიმინდის გაბრელოვების შტორმი ცხრილით და ჩხაკით,

ხელისგულებში გადატაცებით დაცლა ფქვილიდან საცრის.

გამოხელილი ცომის ჩაჯენა, ელოდებოდით პურებს,

მილით ნაკვერჩხალს შეუღვივებდნენ, სულს უბერავდნენ ულევს.

ჭურის ნარეცხი წყალის ქაფიან აპკში გაბრეცა ტიხრის,

მამაშენისთვის დასმა ხანდახან მოულოდნელი კითხვის,

ჩაფი შაშვივით რატომ ჭახჭახებს ქვევრში რომ ასხამ ღვინოს,

- აბა რა ვიცი შვილო, იქნება ჩიტის მიბაძვას ცდილობს.

ლიმუზინიდან აფრიალებულს ჰგავდა პატარძლის ფატას,

სალაშინით რომ გადაუვლიდნენ ცაცხვის ფიცრების ლატანს,

ბურბუშელები კულულებივით გყავდათ სმენაზე ბავშვებს,

სკდება პარკი და სარის ლობიო ცვივა - ნიავი არჩევს.

 

სა-ყვარელთან

 

ავხორცი ვხდები შენი ტანინით,

ვარ შეპყრობილი და ატანილი,

ვნების დამადგი რქები წითელი,

თუმცა ჭიქაში ხარ ქარვისფერი,

მიეჭვიანებს ცოლიკაური,

გამიშვი ახლა - ვარ იქაური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE