პეპლები და მტრები


პეპლები და მტრები




            საღამოობით იოსები ლამპას ანთებდა ხოლმე. მბჟუტავი ნათელი არათანაბრად ეფინებოდა ფანჯარასთან მიდგმულ სარწეველა სავარძელს, მიმორეულ საწერ მაგიდას და თაროებიან კარადას, რომლის მოორნამენტებული კიდეებიც კორინთული ორდენის სვეტებივით იყო ჭერზე მიბჯენილი. თაროებზე ბროკჰაუზისა და ეფრონის ოქროსფერყდიანი ტომეულები ეწყო. წიგნებზე კუთხეში მუყაოს ფოტოგრაფია იყო მიყუდებული, რომელზეც იოსები და თეთრკაბიანი ქალიშვილი იყვნენ  გამოსახულნი იმპერიული ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონზე. პეტროგრადელმა ფოტოგრაფმა შეყვარებულები მარიინსკის თეატრის მხოლოდ პლაკატის ზედაპირზე აღბეჭდა, მაგრამ შენობა ისეთი ბუნებრივი ჩანდა, რომ ფოტოგრაფიიდან თითქოს გლინკას და მუსორგსკის მუსიკა მოისმოდა. იოსებს ეს ფოტოგრაფია, ტვიდის პალტო, ორიოდე ყელსაბამი, მონოკლი და რამდენიმე პირადი ნივთი ჩამოჰყვა იმპერიის ცენტრიდან მშობლიურ მაზრამდე. ახლა იგი საღამოობით ფანჯარასთან სავარძელში ირწეოდა და წითელ იზაბელას შეექცეოდა. ლამპის მკრთალი სინათლე კი მოგონებებთან ერთად ღამის პეპლებს და ქინქლებს იზიდავდა.

 

            ზამთრის სასახლეზე თავსდამტყდარი ბოლშევიკური ძალმომრეობის შემდეგ იოსები უკანასკნელად ეწვია შეყვარებულს. მას გრძელი, პოლ პუარეს აღმოსავლური შთაგონებით შექმნილი იისფერი კაბა-ხალათი ემოსა მაქმანებიანი საყელოთი. მოშიშვლებულ ყელს თივთიკის ყელსახვევით ითბუნებდა. ხელის მტევნები კი სიცივისგან მთლიანად გაფითრებოდა.

 

            - შეშა ისე გაძვირდა, ღუმელს მხოლოდ საღამოობით ვანთებთ, - კეკლუცად გაიღიმა გაფითრებულმა ქალიშვილმა, როცა იოსები ხელებზე შეეხო. – თუმცა, მამაჩემი ამას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის, - ახლა ყოველი კაპიკი, რომელსაც ამ ქვეყანაში დავხარჯავთ, ბოლშევიკებს გაამდიდრებსო.

           

            - დარწმუნებული ვარ, ამ გათოშილი ხელების შესახებ რომ შეიტყონ, შეშას გააიაფებენ, - უპასუხა იოსებმა, - მე კი, მე შეშის გარეშე გავათბობდი ამ ხელებს, ამ თითებს, სხეულის ყველა იმ ნაწილს გაგითბობდი, სადაც სიცივეს შეიგრძნობდი... 

           

            - არა, ეს ხუმრობა არაა, მამა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ რუსეთი უნდა დავტოვოთ. ყველგან ბოლშევიკები ელანდება. ამბობს, რომ ყველა პატიოსან ადამიანს, ვინც ვერ გაასწრებს, სულს ამოხდიან. მთავარი კი ისაა, რომ ახლა ჩემს ქორწინებაზე მას ვერავინ დაელაპარაკება...

 

            - ბოლშევიკები შენს თავს ვერ წამართმევენ და ვერც პატიოსან ადამიანებს ამოხდიან სულს, - თქვა იოსებმა, - მე შემიძლია სანდო და კეთილშობილ ადამიანებთან ერთად წარვსდგე თქვენი ოჯახის წინაშე... მე დავარწმუნებ მათ, რომ სიყვარულით, მზრუნველობითა და საიმედოობით აღსავსე ადამიანთან იცხოვრებ!

 

            - მამას, რა თქმა უნდა, სწამს კეთილშობილი ადამიანებისა. საიმპერატორო ჰოსპიტალში მამასთან დაჭრილი სამხედროების ოპერაციებზე თვით იმპერატრიცა ასისტირებდა. შეიძლება ითქვას, მამა თავს ალექსანდრა ფიოდოროვნას გარემოცვას მიაკუთვნებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იმპერატრიცა ალექსანდრევსკის სასახლიდან ტობოლსკში გადაბარგდა, მამა ამბობს, რომ სწორედ კეთილშობილთა გულუბრყვილობაა თავი იმ უბედურებისა, რომ ბოლშევიკები მოექცნენ იმპერიას სათავეში! როცა მამა შინ ბრუნდება ხოლმე, მხოლოდ იმპერიიდან გამგზავრებაზე ლაპარაკობს. ვიცი, რომ მისი ყოველი შინ დაბრუნება შენს თავს მართმევს, მაშორებს. ვგრძნობ, რომ მხოლოდ შენ გეკუთვნი, მაგრამ არ ვიცი, არსებობს თუ არა რამე ძალა, ჩემს მშობლებს რომ შეასმენინოს ჩემი სიყვარული, ან ადამიანები თუ არსებობენ, ვისაც ეს ხელეწიფებათ!

           

            იოსებმა პიჯაკის ჯიბიდან მუყაოს ფოტოგრაფია ამოიღო და მას გაუწოდა.

            - მე ჩვენი ფოტოგრაფია მოგიტანე. მინდა, შენ გქონდეს, სანამ მშობლებისგან ქორწინების ნებართვას მივიღებთ.

 

            - ეს ჩემი ბედნიერი წუთებია და პირიქით, შენ მინდა იგი გეკუთვნოდეს ქორწინებამდეც - უპასუხა აფორიაქებულმა ქალიშვილმა ფოტოგრაფიის ყურების შემდეგ და მართკუთხა მუყაო იოსებს პალტოს ჯიბეში ჩაუდო.

 

            ამ შეხვედრის შემდეგ იოსებმა წერილი მიიღო მისგან:

 

            (ფრაგმენტები წერილიდან)

            წერილს მატარებლიდან გწერ. ჯერ არც ის ვიცით, სად მივემგზავრებით და არც ის, სადამდე შევძლებთ ამ მატარებლით მგზავრობას. ირგვლივ ქაოსია. ყველგან შეიარაღებული ხალხია. მე უშენობის ფიქრები მიტაცებენ... იმ ძალებს მოვუხმობ, შენთან რომ მომიყვანენ. რატომაა სამყარო ასე მოწყობილი, რომ შენ მინდა გეკუთვნოდე და შენი საწინააღმდეგო მიმართულებით მივყავარ მატარებელს?! შენი სიტყვები მახსენდება, ბოლშევიკები შენს თავს ვერ წამართმევენო... მატარებლის გამცილებლები მძარცველებისგანაც ვერ გვიცავენ...  მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ შენი სიყვარულისგან ვერავინ განმძარცვავს! რომ სიყვარული შენ მოგიძღვენი და მარადიულად, უცოდველად შემიძლია შენზე ვიოცნებო ... ჯერაც არ ვიცი, ამ წერილს როგორ გამოგიგზავნი... ან შენ სად მომწერ...

 

            იოსები თბილისში რომ ჩავიდა, ფეოდალური და იმპერიული გადმონაშთები ჩოხაზე დაბნეული საიმპერატორო არმიის ეპოლეტებივით ანაქრონიზმის გამოვლინებად მიიჩნეოდა, მაგრამ იმპერიული დენთის სუნი ისევ ტრიალებდა. ბოლშევიკები რევოლუციურ მარქსიზმს ქადაგებდნენ. სოციალისტ-ფედერალისტებს დენთის სუნი ნაკლებად სცემდათ - რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდათ დამფუძნებელ კრებაში და რამდენიმე ემისარი - პარიზსა და ბერლინში. ეროვნულ დემოკრატებს ყველაზე მეტად ღმერთის სწამდათ. წიგნიერი საზოგადოება საბანკო და საგანმანათლებლო საქმიანობაში იყო ჩართული.  ისინი დენთის სუნს ყველაზე ნაკლებად გრძნობდნენ.

            მალე ბოლშევიკების მეთერთმეტე არმიამ ამიერკავკასიაში ინტერვენცია წამოიწყო. ქვეყნის დასავლეთში კი ოსმალეთის საჯარისო ნაწილები შეიჭრნენ და ბრესტის ზავის პირობების აღსრულება მოითხოვეს. ხელისუფლებაში მყოფ დაბნეულ სოცდეკებს საერთაშორისო მხარდაჭერის არანაირი მოლოდინი არ ჰქონდათ - დიდ ბრიტანეთს რეგიონისადმი ინტერესი დაჰკარგვოდა, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია კი უბრალოდ, დაუძლურებული იყო...

 

            (ფრაგმენტები წერილიდან)

            -  იმაზე მინდა, გელაპარაკო, როგორ დავეძებ შენს ხატებას აქ, ჩემს მხარეში, იქ, სადაც არ ხარ და სადაც მხოლოდ შემიძლია წარმოგიდგინო! რა ბედნიერებაა, რომ ადამიანს წარმოსახვის უნარი დაჰყვა.  ჩემ სამყაროში, წარმოსახვების ჩემ სამყაროში ისე არსებობ, როგორც იქ, სადაც ნამდვილად დააბიჯებ, სადაც სუნთქავ და შენი არსებობა შეუძლიათ დაადასტურონ ადამიანებმა. და მეც, იმ ადამიანთა მსგავსად ვადასტურებ, რომ შენ მარადიულად არსებობ წარმოსახვათა ჩემს სამყაროში. იმაზე მინდა გელაპარაკო, როგორ ვგრძნობ ისევ შენს ფერმკრთალ ხელისგულებს და ჩემი წარმოსახვების ზედაპირი როგორ იორთქლება მოახლოებული შენი ტუჩებით! ბოლშევიკებმა შენი თავი წამართვეს, მაგრამ შენს სიყვარულს ვერ წამართმევენ, იმის მიუხედავად, რომ აქაც შემოვიდნენ. ახლა ქაოსია... გაზეთები არ გამოდის.  არავინ იცის, რა ხდება... და ჯერჯერობით ისიც არ ვიცი, სად შევძლებ შენი საპასუხო წერილის მიღებას...

 

            ბოლშევიკები სწრაფად მკვიდრდებოდნენ როგორც შს სახალხო კომისარიატის სტრუქტურებში, ასევე ეკონომიკური და კომუნალური მეურნეობის სფეროებში. ისინი ვერ ეგუებოდნენ ვერც რელიგიურ და ვერც მეცნიერულ გადმონაშთებს. არისტოტელე, ქრისტე, კოპერნიკი, პუანკარე ან უბრალო აზნაური - ყველა, ვინც წარსულში ექსპლუატირებული არ იყო, არაფრად ფასობდა! ექსპლუატირებულები ამაღლდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ და არ ითავსებდნენ არაფერს, რასაც  ექსპლუატირებულთა ოფლის სუნი არ ასდიოდა... ამიტომ ყრიდნენ და წვავდნენ წიგნებს, რომლებიც რევოლუციური შთაგონებით არ იყო შექმნილი, კონფისცირებას უქვემდებარებდნენ ყველა მატერიალურ ფასეულობას, რაც რევოლუციური სოციალიზმის განვითარებისთვის  იყო საჭირო და ლიკვიდირება ემუქრებოდა ყველა სიცოცხლეს, რომელიც რევოლუციურ მიზნებს არაფერში  ესაჭიროებოდა... რევოლუციის მტრად გამოსაცხადებლად და ათვალწუნების მიზეზად კი ისეთი უბრალო აქსესუარებიც შეიძლებოდა ქცეულიყო, რომლებსაც ექსპლუატატორებად შერაცხული საზოგადოება მხოლოდ საყოფაცხოვრებო საჭიროებებით მოიხმარდა - ფრაკი,  შლაპა, ან მონოკლი... რევოლუციური სოციალიზმისთვის ეს ყველაფერი წარსულის გადმონაშთი იყო და საჭიროების შემთხვევაში კონტრრევოლუციური ჩანაფიქრების მტკიცებულებადაც კვალიფიცირდებოდა.

 

            იოსები მშობლიურ მაზრაში დაბრუნდა. ხავსმოკიდებული სამკვიდრო სახლის მისახედად და საშინაო საქმეებისთვის ქალი აიყვანა, ოთახები გაანიავებინა და მოაწესრიგებინა. ტვიდის პალტო ტანსაცმლის კარადაში შეინახა, მონოკლი - საწერი მაგიდის უჯრაში. დილაობით შლაპას იხურავდა, მაზრის ცენტრში მიდიოდა ხოლმე და სალამს შლაპის მოხდით იძლეოდა. შინ დაბრუნებამდე ქალი სადილს ამზადებდა, სავარძელშიც ირწეოდა. როცა თაროებიან კარადასთან ჩაივლიდა, წიგნებზე მიყუდებულ ფოტოგრაფიას უყურებდა. ხანდახან იღებდა და ახლოდან აკვირდებოდა. ფოტოგრაფიას ხელისგულს ისე უსვამდა, თითქოს მტვერს აშორებდა, თითქოს სწორედ მტვრის მოსაშორებლად იღებდა მას თაროდან... ფოტოგრაფია გუმბათოვანი, კოლონებშემოწყობილი შენობის ფონზე იყო გადაღებული. უყურებდა ფოტოგრაფიას და იოსებზე ფიქრები იტაცებდა... ხან იოსების თანმხლები მანდილოსნის მხრისკენ გაურბოდა მზერა, რომელიც იოსებს ეხებოდა, ხან კი - მისი კაბის მაქმანებისკენ. სურათს უკანა მხრიდან გრავიურა ჰქონდა ამოტვიფრული შიშველმკერდიანი ნიმფით, პალიტრიანი ყრმით და პალმის რტოებით. ფოტოგრაფიის ამ მხარესაც მოაშორებდა ხოლმე სახელოთი მტვერს და თაროზე აბრუნებდა.

 

 

            მაზრის რევოლუციურმა საბჭომ მარქსისტული სოციალიზმის გაფართოების აუცილებლობიდან გამომდინარე საგანმანათლებლო კერის დაფუძნება გადაწყვიტა. გამოცხადდა მობილიზაცია და პალიასტომიდან ხის მორების ჩამოსატანად მაზრის თითქმის ყველა ურემი შეაგროვეს. საბჭოს წევრებმა ურმებზე პლაკატები დაამაგრეს - "ჩვენ ამ ურმებით მოგვაქვს განათლება".  ურმები პალიასტომის სანაპიროზე ჩაამწკრივეს, დატვირთეს და გამოსამგზავრებლად იყვნენ გამზადებულები, როცა ისე გაწვიმდა, რომ ატალახებული გზების გამო პალიასტომიდან მხოლოდ რამდენიმე ურემი მორის ჩატანა მოხერხდა მაზრის ცენტრში. ჩაზიდული მორები ფიცრებად დახერხეს, მაგრამ სამშენებლო მასალა სკოლის ასაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ მშენებლობის დასასრულებლად ფიცრები დაპატიმრებული სოცდეკელი ოფიცრების და მიქელგაბრიელის საყდრის დეკანოზის სახლებს დააძრეს და სკოლის მშენებარე ტერიტორიაზე გადაზიდეს.

 

            მაზრის საბჭომ მასწავლებლების შესარჩევ სხდომაზე იოსების მოწვევის შესახებ იმსჯელა. საბჭოს ზოგიერთი წევრი მის კანდიდატურას მიუღებლად მიიჩნევდა ფეოდალურ-ბურჟუაზიული მიდრეკილებების გამო. გაიხსენეს, რომ პეტროგრადში ახლო ურთიერთობა ჰქონდა პროლეტარიატის დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ ანარქისტებთან და ისიც ახსენეს, რომ მაზრაში დაბრუნებულმა შინამოსამსახურედ ქალი დაიქირავა, რაც არ შეესაბამებოდა თანამედროვე, პროლეტარიატის მიერ დამკვიდრებულ სოციალურ ღირებულებებს, მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნეს ისიც, რომ რევოლუციური მარქსიზმი არსად არ ეწინააღმდეგებოდა განათლების სფეროში ბურჟუაზიულ გადმონაშთთა ინტელექტის გამოყენებას რევოლუციური სოციალიზმის სასარგებლოდ.

 

            სკოლაში მასწავლებლად მიწვევას იოსები დათანხმდა. იგი ყოველ დილით შლაპას იხურავდა და სკოლისკენ მიეშურებოდა, სალამს ჩვეულებისამებრ შლაპის მოხდით იძლეოდა. პატარა პროვინციული მაზრის მაცხოვრებლებში მისი მანერები ცნობისმოყვარეობას აღძრავდა, სკოლის კოლეგებში - ცნობისმოყვარეობას და უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას...

 

            პროლეტარიატის დიქტატურის საიუბილეო დღეს მაზრის საბჭომ საზეიმო ღონისძიების ჩატარება ახლადაშენებული სკოლის ეზოში გადაწყვიტა.

“პროლეტარიატის დიქტატურას ვუძღვნით ამ სკოლას, რომელიც მომავალი რევოლუციონერი ბავშვებისთვის ჩვენ ავაშენეთ”, ეწერა წითელ პლაკატზე, რომელიც შენობის ფასადზე იყო გადაჭიმული. პლაკატის ცენტრში სისხლისფერი რევოლუციური დროშა ფრიალებდა და დროშის გვერდით მოწყობილ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლაში ერთმანეთს მაზრის საბჭოს წევრები ენაცვლებოდნენ. მაყურებელთა პირველ რიგებში მაზრაში არსებული კანტორების მოხელეები იყვნენ ჩამწკრივებული მასწავლებლებთან ერთად. შემდეგი რიგებიდან მაცხოვრებლები შესცქეროდნენ ტრიბუნაზე გამომსვლელებს. შეკრებილთა რიგებს კი შს სახალხო კომისარიატის წარმომადგენლების და შაშხანიანი სალდათების მწკრივი ასრულებდა.

 

            მეორე დღეს სკოლის დირექტორმა იოსები კაბინეტში გამოიძახა.

            - გუშინ პროლეტარიატის დიქტატურის საიუბილეო ღონისძიება ჩავატარეთ, - თქვა დირექტორმა. - თქვენ კი არ დაესწარით.

            - სრულიად მართალი ბრძანდებით, - მიუგო იოსებმა.

            - ღონისძიებამ, რომელიც პროლეტარიატის დიქტატურას მივუძღვენით, თქვენი ყურადღება ვერ მიიპყრო? თქვენი არდასწრება სკოლის უპატივცემულობად მივიჩნიეთ, ამხანაგო!

            - მე ამ სკოლაში ვასწავლი, ამხანაგო დირექტორო, - უპასუხა იოსებმა, - ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის მნიშვნელობას სრულად ვაფასებ... თუმცა, ერთი მოსაზრებაც მინდა გაგიზიაროთ: დაპატიმრებული ოფიცრების და მღვდლების სახლებით სკოლების აშენება, როგორც ჩანს, შესაძლებელია, მაგრამ იმდენი მღვდელი და ოფიცერი ნამვილად არ გვყავს, რომ მათი დაპატიმრებით და სახლების კონფისცირებით ქვეყანა ავაშენოთ.

 

            სკოლის დირექტორმა კიტელის ჯიბიდან ჯერ პაპიროსის ამოიღებით, შემდეგ ასანთის მოძიებით, ასანთის ღერის კოლოფზე გაკვრებითა და პაპიროსის მოკიდებით გაახანგრძლივა პასუხგაუცემლობა. მერე ღრმა ნაფაზის ხაზგასმულად მშვიდი შეკვამლებით და პროლეტარული უპირატესობის გამჭოლი მზერით არავერბალურად გამოხატა აზრი, რომ პასუხი მის გამონათქვამზე სიტყვებით არ გამოითქმებოდა.

 

            მეორე დღესვე მაზრის პოლიტიკურ საბჭოში განიხილებოდა იოსების კონტრევოლუციური შეხედულებების სკოლის მასწავლებლის საქმიანობასთან შეუთავსებლობის საკითხი. სკოლის დირექტორის მოხსენების შემდეგ მაზრის საბჭოს მიერ მიღებული დასკვნით რევოლუციური სოციალიზმისთვის მავნებლური შეხედულებების მქონე იოსები პედაგოგიკური საქმიანობისგან უნდა ჩამოეშორებინათ. საბჭოში გაჩნდა აზრი, რომ სკოლაში იოსების ნაცვლად მასწავლებლად დროებით მაზრის საბჭოს ბუღალტერიიდან რომელიმე მოხელე გაეშვათ.

            - იოსები ისტორიას ასწავლიდა, - განაცხადა საგანმანათლებლო საკითხების ზუსტი გაცნობიერებისთვის სკოლის დირექტორმა.

            - ისტორიას ახლა ჩვენ ვქმნით, - უპასუხა მას საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

            - რა თქმა უნდა, ჩვენ ვქმნით, - მაშინვე დაეთანხმა სკოლის დირექტორი.

            - რაც სწავლას შეეხება, უმჯობესია, ჭკუა ვასწავლოთ, ვისაც ჭკუის სწავლება ესაჭიროება, - თქვა ისევ საბჭოს წევრმა.

            - რა თქმა უნდა, - ისევ დაეთანხმა სკოლის დირექტორი, - ჭკუის სწავლა ისევ ჩვენს ისტორიას მოხმარდება.

            - ჭკუის სწავლება დღევანდელი დღის საჭიროებაა, ისტორიას კი ისე დაწერენ, როგორც დაგვჭირდება! - განაცხადა ისევ საბჭოს წევრმა კატეგორიული გამომეტყველებით ჭკუის სწავლების საჭიროებაზე. 

 

 

            იოსები არ დაუპატიმრებიათ, რადგან მოულოდნელად მაზრის საბჭოს ბუღალტერიის რადენიმე მოხელის დაპატიმრება გახდა საჭირო, თან მათი სახლების დაშლა და მაზრის საბჭოსთვის თავლის აშენებაც დაიგეგმა. ამიტომ იოსების განსჯის და მისი ეგზისტენციალური საკითხი მოკლე დროით გადაიდო.

 

            იოსები წერილს კითხულობდა:

            (ფრაგმენტები წერილიდან)

            ევროპამ თვალი გაახილა.  როგორ წარმოგიდგენია, ღმერთი ქმნის მილიარდობით ადამიანს იმისთვის, რათა საბოლოოდ საკუთარ სამსჯავროზე დააყენოს და გაასამართლოს?! რა სარგებელს მიიღებდნენ ამით ან ღმერთი ან ადამიანები?! ევროპაში დაინახეს, რომ არც რელიგიური და არც პოლიტიკური მესიები არ არიან ჭეშმარიტების გზამკვლევები, მაგრამ არ უარჰყოფენ, რომ ისინი სურვილს გიღვივებენ, უფრო მონდომებით ეძებო ჭეშმარიტება. და მხოლოდ ისინი, ვინც ამ სურვილს აჰყვებიან, იპოვიან რეალურ ჭეშმარიტებებს, ან ისინიც ვერ იპოვიან...

            ვიცი, რომ საზღვრის გადაკვეთა ბოლშევიკების მხრიდან თანდათან მკაცრად იზღუდება, მაგრამ არ ვკარგავ იმედს... არანაირ იმედს არ ვკარგავ"...

 

            იოსები ბუხრის ახლოს სავარძელში იჯდა ხოლმე და წითელ იზაბელას სვამდა. საღამოობით გზაზე გადიოდა, შემხვედრებს შლაპის მოხდით ესალმებოდა და მათ თავშეკავებულ საპასუხო მისალმებებს გაურკვეველ მოსალოდნელობებთან აკავშირებდა. შემხვედრები იოსებზე ფიქრს აგრძელებდნენ, მიაჩნდათ, რომ დანაშაული მას არ ჰქონია, მაგრამ უნდა წასულიყო, ან ბოლშევიკები ყველაფერს აპატიებდნენ, ახოებში მხარზე ჩაფას თუ გაიდებდა.

 

            იოსები რომ დაბრუნდა, უკვე ბნელოდა. ქალი ფანჯარასთან იდგა, ლამპა აენთო, ვაშამი მოემზადებინა და ჭურჭელი მაგიდაზე გაეწყო... იოსებმა ღვინის ბოთლს საცობი ამოაძრო.

            - მაზრაში ამბობენ, რომ საბჭოს წევრები ცუდი თვალით გიყურებენ, - უთხრა ქალმა.

            იოსებმა ღვინო დაისხა და სავარძელში ჩაჯდა.

            - ყველა ფიქრობს, რომ უნდა წახვიდე. აქ დაგაპატიმრებენ!

            - ყველგან ბოლშევიკები არიან, სად უნდა წავიდე?!

            - ღმერთია ყველგან, ღმერთზე უნდა იფიქრო, - უთხრა ქალმა, - თუ ბოლშევიკებს არ გაეცლები, ღმერთზე უნდა იფიქრო!

            ღია ფანჯრიდან ოთახში პლანტაციის სუნი იჭრებოდა. მაგიდაზე, ლამპის გარშემო, მწერები დაღოღავდნენ და ღამის პეპლები დაფრენდნენ.

            - ვფიქრობ, - უპასუხა იოსებმა.

             - შენ ბოლშევიკებზე ფიქრობ, - უთხრა ქალმა, ბოლშევიკები კი შენზე ფიქრობენ! ღმერთზე რომ ფიქრობდე, იქნებ ღმერთმაც იფიქროს შენზე!

            იოსებმა მაგიდაზე მღოღავ მწერს თვალი გააყოლა, მერე ქალს ახედა, რომელიც მაშინვე შეკრთა გამბედაობის გამოვლინების გამო მობოდიშების ნიშნად...

            - შეიძლება იფიქროს! უთხრა იოსებმა და ღვინო მოსვა, - მაგრამ როცა ღმერთზე ფიქრობ, ბოლშევიკები უფრო მეტად ფიქრობენ შენზე, და როცა შენზე ბოლშევიკები ფიქრობენ, ღმერთი უძლურია!

 

            მთელი მაზრა ალაპარაკდა, რომ იოსები საბჭოში დაიბარეს...

            ამბობდნენ, დასაპატიმრებლად ჯერ არავინ დაუბარებიათო... რომ სოცდეკელი ოფიცრები შს სახალხო კომისარიატის შაშხანიანმა სალდათებმა ღამით სახლში დააპატიმრეს, დეკანოზი კი ამბიონიდან ტყავის ქურთუკიანმა შინსახკომელებმა გადმოათრიეს.

 

            სათათბირო დარბაზში საბჭოს ხუთი წევრი იმყოფებოდა. იოსები რომ შევიდა, მდივანმა ქალმა მიუთითა, სად უნდა დამდგარიყო. იოსებმა შლაპა მოიხადა და თავი დაუკრა დამხვდურთ.

            - საბჭომ იმსჯელა შენი კონტრრევოლუციური შეხედულებების შესახებ, - უთხრა იოსებს საბჭოს თავმჯდომარემ, - იმსჯელა და გადაწყვიტა, გაპატიოს ეს შეხედულებები, რადგან რევოლუციისთვის უფრო მეტად საჭირო ხარ, ვიდრე საშიში და რევოლუციურ მოთხოვნილებებს ესაჭიროება, რომ მას ემსახურო!

            - დიახ, გაპატიეთ, რათა ახალი რევოლუციური თაობა აღზარდოთ!  -  გამოთქვეს აზრი საბჭოს სხვა წარმომადგენლებმაც...

           

            ღია ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთები ხმაურობდა. ლამპის გარშემო ღამის პეპლები წრიალებდნენ. იოსებმა მწერები დახოცა. მაგიდაზე ფურცელი და საწერი კალამი გაამზადა.

 

            (ფრაგმენტები წერილიდან)

            ბოლშევიკებს შეუძლიათ დაგაპატიმრონ და ისიც შეუძლიათ, არ დაგაპატიმრონ, ეს მათთვის სულ ერთი გახდა.  დასაპატიმრებელი ადამიანისთვის კი - ერთი და იგივე.  დაპატიმრებულებიც და დაუპატიმრებლებიც ტყვეობაში იმყოფებიან...  ცხოვრება რთულია დაპატიმრებულებისთვის, ვიდრე დაუპატიმრებლებისთვის, მაგრამ დაუპატიმრებლები ბევრად ადრე კვდებიან მორალურად...

ბოლშევიკებს არა მხოლოდ სიყვარულის, სიცოცხლის წაგლეჯაც უნდათ. ეს მათი ფილოსოფიაა, თუ სიყვარულს ვერ გგლეჯენ, გართმევენ სიცოცხლეს და ჰგონიათ, რომ ამით სიყვარულს დაგათმობინენენ...                         

 

            გაზაფხული მოდიოდა, გზისპირებზე ჭინჭარი, ყვავყვილა და მსგავსი ბალახეული მოზრდილიყო, როცა ხმა გავრცელდა, ტყედგავარდნილი აჭარელი თათარი საბჭოს დაეცა და მარტოხელამ რევოლვერით საბჭოს წევრი ოთხ შაშხანიან ბოლშევიკთან ერთად ჩააძაღლაო. მერე გაიძახოდა, ამ რევოლვერით ნაგანიანი საბჭოს წევრი ოთხ ბოლშევიკთან ერთად ჩავაძაღლე და ამ რევოლვერით დასაღვრელი სისხლი კიდევ დაიღვრებაო...

            ამ ამბის შემდეგ შს სახალხო კომისარიატის და შინსახკომის წარმომადგენლები სულმოუთქმელად მანამდე ცდილობდნენ კონტრრევოლუციონერის ადგილსმყოფელის დადგენას, სანამ იარაღი ისევ გავარდებოდა და ტყის პირას მკვდარ აჭარელს იპოვიდნენ. სროლაზე ყანებიდან გლეხები და მოსახლეები გამოიშალნენ და გვამს შემოეხვივნენ. აჭარელის ყაბალახი საფეთქლიდან გადმოშხეფებულ სისხლს დაესველებინა და რევოლვერიც იქვე ეგდო...

 

            საბჭოს წევრები, შს სახალხო კომისარიატის და შინსახკომის წარმომადგენლები ცხენებით მოვიდნენ, ჩამოქვეითდნენ, აჭარელს ყაბალახი შემოახიეს, დახედეს და თვალები მზერა უსიცოცხლო თვალებში გაუყარეს...

            გვამის თვითმხილველებმა თქვეს, ეტყობა, აჭარელმა ჩახმახი შეაყენა, ნაგანი საფეთქელზე მიიდო და სასხლეტს გამოკრაო...

            - შესაძლებელია, ტყეში გავარდნილობას ვერ გაუძლო და ცხოვრებას დანებდა,  - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

            - უფრო შესაძლებელია, ბოლშევიკებს ვეღარ გაუძლო, - ჩუმად გადაულაპარაკა მას მეორე თვითმხილველმა... ერთ-ერთმა ბოლშევიკმა ნაგანი შეათვალიერა, ცარიელი მასრის ნაცვლად ახალი ჩასვა და იარაღი ქამარში გაირჭო. შს სახალხო კომისარიატის და შინსახკომის წარმომადგენლებმა თვითმხილველებს თვალი თვალში გაუყარეს, მაგრამ თვითმხილველებმა თავები დახარეს. აჭარელი აქვე, ტყის პირას ჩამარხეთო, თქვეს საბჭოს წევრებმა. ცხენები აფრუტუნდნენ, გლეხები გაუნძრევლად იდგნენ. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა იქვე მდგომ გლეხს ნიჩაბი გამოართვა და სანიმუშოდ რამდენიმე ბელტი თვითონვე ამოთხარა. გლეხები ნიჩბებს მაინც არ ეკარებოდნენ. 

            - ადამიანი სასაფლაოზე უნდა დაიმარხოსო! - ამბობდნენ ისინი.

            - ის სასაფლაოს ღირსი არ არის, იგი ჩვენ რევოლუციას დაუპირისპირდა! - ყვიროდა საბჭოს ერთ-ერთი წევრი...

            - ახლავე, აჭარელი აქ, ტყის პირას ჩაფალითო", - მოითხოვდნენ საბჭოს წევრები, გლეხები კი ნიჩბებს არ ეკარებოდნენ.

           

            - როგორ დავასაფლავებთ აჭარელს ჩვენს სასაფლაოზე, - ჩაილაპარაკა იოსებმა, - მუსლიმისთვის ხომ ჩვენი სასაფლაოც ტყისპირიაო.

            გლეხებმა იოსების სიტყვების შემდეგ ერთმანეთს გადახედეს და თავდახრილებმა ნიჩბები მოიმარჯვეს...

            იმავე საღამოს, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა იოსების ღობესთან ცხენი შეაჩერა, ჩამოქვეითდა, აღვირი ტრიფოლიატის ტოტს გამოაბა, მერე სახლს მიუახლოვდა და კარზე მიაკაკუნა. იოსებმა კარი გააღო. ლამპით განათებულ მაგიდასთან დასხდნენ. საბჭოს წევრმა პაპიროსი ამოიღო, ჯერ იოსებს შესთავაზა, შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ თავად გააბოლა და იოსებს მადლობა გადაუხადა.

            - რისთვის? - ჰკითხა იოსებმა.

            - იმისთვის, რომ აჭარელის ტყის პირას დამარხვაში დაგვეხმარე, - უპასუხა საბჭოს წევრმა.

            - მე სულაც არ მინდოდა, რომ აჭარელი ტყის პირას დაგეკრძალათ!

            - შენ არც ის გინდოდა, აჭარელი ჩვენს სასაფლაოზე რომ დაგვემარხა, - თქვა საბჭოს წევრმა... - სინამდვილეში, ვიცით, რასაც გულისხმობდი, რასაც ახლა ფიქრობ, იმასაც ვხვდები, მაგრამ მადლობის თქმა არ გვენანება, რადგან სამსახური მაინც ჩვენ გაგვიწიე.

            იოსებმა თავი დახარა და ლამპის ძირას მღოღავ მწერებს დააცქერდა, საბჭოს წევრმა პაპიროსი გააბოლა, ტყიდან ღამის ფრინველის ხმა გაისმა. ლამპის სინათლის გარშემო ღამის პეპელები წრიალებდნენ. საბჭოს წევრმა ხელი მოიქნია და ერთ-ერთი პეპელა მაგიდას დაასრისა.

            - პეპლები ისედაც ხანმოკლე დროით ცხოვრობენ - თქვა საბჭოს წევრმა, - ისევე, როგორც ჩვენი მტრები ცხოვრობენ ხანმოკლე ცხოვრებით! პაპიროსი კიდევ ერთხელ გააბოლა და ოთახიდან გავიდა. მერე ღობესთან ცხენმა დაიფრუტუნა და ჩორთით გაუყვა ტრიფოლიატის ბუჩქებს.

            იოსებმა ფანჯარა გამოაღო. ოთახში მწერების რაოდენობა თანდათან მატულობდა...

 

            (ფრაგმენტები წერილიდან)

            ტყვიაც და მადლობაც სიკვდილის ტოლფასია, როცა ისინი ბოლშევიკებს ეკუთვნის... ბოლშევიკებს მიწა ყოველთვის შეუძლიათ მოგაყარონ და შეუძლიათ, მიწის მოყრის გარეშეც დაგმარხონ...

            თუ გინდა, დახუჭავ თვალებს და ეს ყველაფერი გაქრება, გაქრება მათი მტარვალი სისასტიკე! და, თან თვალებს როცა გინდა, მაშინ დახუჭავ, მაგრამ ბოლშევიკებსაც როცა უნდათ, მაშინ გაგაქრობენ! შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ თითქმის თანაბარი ძალები გვაქვს... მაგრამ ადამიანები სიყვარულისთვის საჭირო სიცოცხლეს ვკარგავთ, ბოლშევიკები კი არაფერს კარგავენ, რადგან სიყვარული არ გააჩნიათ...

 

            მეორე დილით სკოლის შენობასთან ხალხი შეაქუჩეს. ბოლშევიკები ხალხის რიგებში ამბობდნენ, აჭარელი ჩვენ ჩავაძაღლეთო. საბჭოს ერთ-ერთი წევრი ტრიბუნაზე ავიდა და გაიძახოდა, - ტყუილია, რომ აჭარელმა ჩახმახი თვითონ შეაყენა და ნაგანი საფეთქელში დაიხალა; ტყუილია, რომ მან დახოცა ჩვენი შაშხანიანი რევოლუციონერები! მეორე ბოლშევიკი გაჰყვიროდა, - დანარჩენების სასაფლაოც ჩვენი ტყისპირები იქნებაო.

 

            იოსები სავარძელში იჯდა და იზაბელას სვამდა. წვიმამ გადაიღო. იოსებს მონოკლი გაახსენდა და კარადის უჯრაში იპოვა. ლინზა გააპრიალა და თვალში ჩაიდგა. ჯერ ოთახი შეათვალიერა, მერე ფანჯარასთან მივიდა და პლანტაციებს გახედა. გახუნებული ლინზიდან ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა.

            - არა უშავს, - გაიფიქრა მან, - ეს ქვეყანა ისედაც ბუნდოვანია...

            მან ისევ იზაბელა მოსვა, შლაპა დაიხურა და კარის გახურვას აპირებდა, შინამოსამსახურე რომ შემოესწრო.

            - ბოლშევიკები ყველას გასაგონად მადლობას გიცხადებენ, - უთხრა მან.

            - ვიცი, - უპასუხა იოსებმა.

            - ღმერთზე უნდა იფიქრო, - უთხრა ქალმა...

           

            იოსები შემხვედრებს ჩვეულებისამებრ შლაპის მოხდით ესალმებოდა. მასაც სალმითვე პასუხობდნენ. ქალი დიდხანს უყურებდა ქუჩის სიღრმეში მიმავალ იოსებს.

            ქალს კარადის კუთხეში მიყუდებული ფოტოგრაფია ახსენდებოდა - თეთრკაბიანი ქალისა და იოსების.

           

            საბჭოსთან ხალხი შექუჩებულიყო. კედელზე პლაკატი გაეჭიმათ. ნიავი უბერავდა და წაბლის ხეები შრიალებდა. გუბიდან მაწანწალა ძაღლი წყალს სვამდა. საბჭოს წევრები პაპიროსს აბოლებდნენ.

            გაზაფხული მოდიოდა. გზაზე ჭინჭარი და ყვავყვილა ამოზრდილიყო. იოსები ნელ-ნელა მიაბიჯებდა და სიძველისგან დანისლული მონოკლიდან გზას გაჰყურებდა.

საბჭოს წევრები ამაყად მოჩანდნენ შენობაზე გადაჭიმული პლაკატის წინ. იოსებმა შეუჩერებლად ჩაიარა, უნდოდა უკან აღარ მოეხედა, მაგრამ შეჩერდა, პლაკატისკენ შებრუნდა და მონოკლი მოიხსნა.

            "პეპლები და ჩვენი მტრები ცხოვრობენ ყველაზე ხანმოკლე ცხოვრებით" - ამოიკითხა პლაკატზე...         

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE