გურამ ოდიშარიას უღელტეხილი


გურამ ოდიშარიას უღელტეხილი




ორმოცი წლის რომ ხდებოდა, 1994 წლის სექტემბერში, ბოლოჯერ გამოიხურა თავისი სახლის კარი და დატოვა სოხუმი. დატოვა ქალაქი, სადაც სკოლა და უნივერსიტეტი დაამთავრა, შექმნა ოჯახი, ზრდიდა შვილს. დატოვა ქალაქი, სადაც ლექსებს წერდა და სადაც „ზღვის მწერლების კლუბის“ შექმნას აპირებდა. და ათასობით დევნილთან ერთად დაადგა უღელტეხილის გზას.

გურამ ოდიშარიას ცხოვრებაში მხოლოდ ეს ერთი უღელტეხილი არ ყოფილა. ის, რაც მაშინ დაიწყო, მერეც გაგრძელდა. გაგრძელდა გზა დევნილობის, მწერლობის, მინისტრობის და ისევ მწერლობის „უღელტეხილებზე“. გზა, რომელმაც ისევ ჩაიყვანა სოხუმში, როგორც შერიგებისა და მოლაპარაკების ჯგუფის წევრი, როგორც სახალხო დიპლომატი და მწერალი.  

გურამ ოდიშარია ამბობს, რომ, როგორც მწერალს სოხუმში უფრო კარგად იცნობენ. იციან მისი ლექსები, პუბლიცისტიკა, მოთხრობები და რომანები - „სათვალიანი ბომბი“, „დევნილთა უღელტეხილი“, „ზღვა, რომელიც შორია“, „შავი ზღვის ოკეანე“, „სოხუმში დაბრუნება“... და „პრეზიდენტის კატა“. წიგნის მთავარი გმირის, სოხუმელი მიხეილ ბღაჟბას სიცოცხლისა და სიკვდილის დოკუმენტურ-მხატვრული ამბავი აფხაზურად თვითონ აფხაზებმა თარგმნეს.

ის ხშირად ლაპარაკობს „ამრას“ სამ კვადრატულ მეტრზე, დანაღმულ ველზე სიარულის ოსტატობასა და საჭიროებაზე, შერიგებისა და დაბრუნების იმედზე. ლაპარაკობს იმ ტექსტებზე, რაც უკვე დაიწერა და რაც კიდევ უნდა დაიწეროს, რადგან ქართველებისა და აფხაზების შერიგება ჯერჯერობით ყველაზე კარგად ტექსტებში გამოდის. მის ტექსტებსა და ილუსტრაციებში, როგორც ისტორიის წიგნში, როგორც რუკაზე, ისე დევს აფხაზეთის მთელი ამბავი და ტერიტორია.

„ეს იყო ედემის ბაღიდან გამოსვლა ცეცხლით და მახვილით. სოხუმში დარჩა ყველაფერი: მეგობრები, ურთიერთობები, სახლი, ალბომები, კინოფირები, მამაჩემის საფლავი, ყველაფერი. უღელტეხილზე მოხდა ჩემი ცხოვრების გარდატეხა. მე მეგონა, რომ ბიბლიის რომელიღაც გვერდზე მოვხვდი, ბიბლიის ფურცლებზე, სადაც არ არის ჯარი ჯარს როგორ ამარცხებს და ჯარისკაცები როგორ გარბიან. არა, უღელტეხილზე მოდიოდნენ ოჯახები - პატარა ბავშვები, მეძუძური ქალები, მოხუცები, ინვალიდები ეტლებით, ომში დაჭრილები. მოდიოდა უამრავი ხალხი. რაღაც მანძილს რომ გავივლიდი და გავხედავდი, ზღვასავით ჩანდა. ახლაც მახსოვს ტალახიანი ფეხის ხმა. აზელილი წითელი მიწა და ხმა, ტალახში ნაბიჯის გადადგმისას რომ ისმოდა. არავინ ლაპარაკობდა, მხოლოდ ეს ხმა იყო. ჯერ მანქანით მოვდიოდით, მერე აჟარაში გავჩერდით, შემდეგ ამოვედით საკენში და მერე უღელტეხილზე ფეხით. ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაფერი ხდება, ასეთ დროს სხვანაირად გამოაჩენს ხოლმე თავს ადამიანი. ვიღაც მუჭში გამოჭამს საჭმელს, ვიღაც, მშიშარა რომ გგონია, ლომგული აღმოჩნდება. თბილისი უღელტეხილის გაგრძელება იყო ჩემთვის - შუქი არ არის, პურის რიგები. მახსოვს, კიროვზე დიდი რიგია, ვხედავ რომ ერთ ადგილს არ ეკარება ხალხი. მივედი, კაცი წევს, მკვდარია, წვიმს. პურის რიგში მოკვდა. ვერავინ იცნო და გაზეთები გადააფარეს მთელ სხეულზე. ხალხი არ იშლება, თავის რიგს ელოდება. წვიმს და ეს გაზეთები ნელ-ნელა დნება და ნიღაბივით ედება სახეზე. უკვე ჩანს ცხვირის, თვალების, მთელი სახის ფორმა“.

ჭუბერის უღელტეხილი, რომელიც ათასობით დევნილმა გადმოიარა, გურამ ოდიშარიასთვის სულ სხვა ცხოვრების და სხვა მწერლობის დასაწყისად იქცა. ამ გზამ და უღელტეხილმა ის დევნილად და პროზის მწერლად აქცია. დევნილთა საცხოვრებლები, ნაქირავები ბინები, უსამსახურობა თუ სამსახურები სიმბოლური ხელფასებით, როგორც ყველა დევნილისთვის და როგორც უმეტესობისთვის იმ წლებში. და კიდევ, ორ ქალაქში ერთდროულად ცხოვრების სასოწარკვეთილი მცდელობა და შეუძლებლობა.

„მამაჩემს საკუთარი სახლი ჰქონდა სოხუმში და ჭიშკარს თავისებური ჭრიალის ხმა ჰქონდა. აქ რომ ჩამოვედით, ნაძალადევში ვიქირავეთ ბინა, კარგა ხანს ვცხოვრობდით ქირით. იქ იყო კერძო სახლები და ერთ-ერთის ჭიშკარი ზუსტად ისეთ ხმას გამოსცემდა. რომ მეძინა და დილით ეს ხმა ჩამესმოდა, უცებ მეგონა, რომ ჩვენი ჭიშკარი გაიღო. ძაღლებიც ჩვენი ძაღლებივით ყეფდნენ. ერთი-ორი წლის შემდეგ, თბილისის ზღვაზე ავედი, არ ვიყავი ნამყოფი და ნიავმა რომ დაუბერა და წყლის სუნი მოიტანა, უცებ სოხუმის სუნი დამეტაკა. თავიდან ნახატებს ვაკეთებდი, კოლაჟებს, მერე დავკარგე სადღაც. თბილისის პეიზაჟებში სოხუმს ვსვამდი. ვთქვათ, რუსთაველის თეატრი და გვერდით სასტუმრო რიწა. მინდოდა ეს ორი ქალაქი შემეერთებინა. ძალიან დიდხანს ვიცხოვრე „თბილისსოხუმში“. მერე დრო გავიდა და დამშორდა ის ხმები, სუნი, ჭიშკრის ჭრიალი უკვე აღარ მეშლება. „სოხუმში დაბრუნებას“ რომ ვწერდი, თავიდან ვერაფრით სახელი ვერ მოვუფიქრე. სტამბაში ვიყავი და ერთი სოხუმელი კაცი შემხვდა, ლამაზი კაცი, ახლა ცოცხალი აღარ არის. გურამო, მითხრა, რომ ჩამოვედი, მთელი ერთი წელი არ მეძინა, მერე ერთ რაღაცას მივაგენიო. ყველა რომ დაიძინებს, მეც დავწვები და წარმოვიდგენ, რომ სოხუმში ვარ. გამოვედი ფრუნზეს ქუჩაზე, შემოვედი „ბრეხალოვკაზე“, ვხედავ, ყავას სვამენ, რაღაცაზე კამათობენ, მგონი ფეხბურთზე. მერე ვიღაც ამბობს, წამოდი „ამრაში“ ავიდეთ, შამპანური დავლიოთ. ავდივარ, ზღვას გადავხედავ, სანაპიროზე ხალხი დადის და... მეძინება. და უცებ მივხვდი, რა უნდა დამერქმია - „სოხუმში დაბრუნება“, ანუ ჩემი გმირი ბრუნდება სახლში“.

გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული. ლექსებს მხოლოდ სოხუმში წერდა. ამბობს, რომ ომის შემდეგ ლექსი აღარ დაუწერია. მთელი ომის პერიოდი სოხუმში გაატარა. არ ვიბრძოდი, მაგრამ რითიც შემეძლო, ყველას ვეხმარებოდიო. რა თქმა უნდა, ლექსის წერა შემიძლია, მაგის ტექნიკაც მაქვს და შესაძლებლობაც, მაგრამ არ მინდა, არ ვიქნები გულწრფელი, ეს ის არ იქნება, რაც ადრე იყოო. თავისი პირველი წიგნი, „საგალობლები შენთვის“ ერთ გოგოს მიუძღვნა. თავიდან უნდოდა „ფსალმუნები შენთვის“ დაერქმია, მაგრამ ცენზორებმა არ დაუშვეს, ეს რელიგიურია, როგორ შეიძლებაო.

„მაქვს პოემა „სონატა სოხუმსა და შენზე“ ანუ ქალზე და ქალაქზე, ქალქალაქზე. ზღვისპირა ქალაქები უფრო ქალებს ჰგვანან, აი, უდაბნოსთან და კლდეებთან რომ ქალაქებია, ისინი უფრო კაცებს. ნამდვილ ქალად იქცევა ხოლმე ზღვისპირა ქალაქი, თოვლი რომ მოდის, წყალი რომ ლურჯია და დაისი რომ ცას ავარდისფრებს. ზღვისპირა ქალაქში დიდი სინათლე და ბევრი ფერია. ზღვა ირეკლავს უზარმაზარ სივრცეს და იქ მწვანე უფრო მწვანეა, თეთრი უფრო თეთრია და წითელი უფრო წითელი. მთელი ეს მზისა და ზღვის ენერგია დაჰქონდათ სოხუმელ მწერლებს. მე მხოლოდ ეს ქალაქი მაწერინებდა ლექსებს, ჩემი ქალაქი იყო ჩემთვის აღტაცების, აღმაფრენის და მუზების წყარო. ვნახე ცეცხლში გახვეული პალმები და რაფიოლეპისები, არაუკარიები და ლირიოდენდრონები, სხვაგან სათბურები რომ სჭირდებათ და აქ ჩვეულებრივ ცოცხლობდნენ; ვნახე ჩამოგდებული თვითმფრინავიდან გადმოვარდნილთა და დახვრეტილთა ზღვის ტალღებზე მოტივტივე ცხედრები; ვნახე, როგორ იწვოდა „რიწა“ და მეცხრამეტე საუკუნის ულამაზესი შენობები; ვხედავდი, როგორ იწვოდა და ინგრეოდა ადამიანთა ურთიერთობებიც. საერთოდ, ომი თუ ლამაზ ქალაქს ატყდება თავს, შედეგი ორმაგად სასტიკია ხოლმე“.

ჯერ ხატვა დაიწყო. სკოლაში დადიოდა, როცა მისი ნახატები „პიონერში“ დაბეჭდეს. შემდეგ ლექსებიც გამოქვეყნდა. ბევრი ნახატი სოხუმში დარჩა. თავს მოყვარულ მხატვრად მიიჩნევს, თუმცა თავის წიგნებს დღემდე თვითონვე აფორმებს. ფიქრობს, რომ ყველა წიგნში იკითხება ავტორის ბუნება, კაცთმოყვარეა თუ არა ადამიანი. მისი აზრით, მწერლის და შემოქმედის მიზანი ადამიანის გამხნევება და თანადგომა უნდა იყოს. თუმცა არიან სისასტიკის მთქმელი გენიოსებიც, წიგნებს წერენ, ფილმებსაც იღებენ და ამასაც თავისი დანიშნულება აქვს.

„ერთმა ევროპული ჟურნალის რედაქტორმა მითხრა, ჩემს ჟურნალს ბევრი კითხულობსო. ვკითხე, რა არის მიზეზი, რას აკეთებთ-მეთქი. იცი, რა არისო, ჩემთან რომ მოაქვთ მოთხრობები და ლექსები და ვკითხულობ, ვგრძნობ, ამ კაცს უყვარს თუ არა ადამიანები და კაცობრიობა საერთოდო. თუ არ უყვარს და ეს იგრძნობა ნაწერებში, არ ვბეჭდავო. ბევრი მწერალი ვიცი ძველი და თანამედროვეც, ერთხელ თუ წაიკითხე, მეორედ აღარ მიუბრუნდები. შეიძლება ცუდმა ადამიანმაც დაწეროს კარგი ნაწარმოები და კარგმა ადამიანმაც აჩვენოს ნაწარმოებში სისასტიკე. თავის დროზე ეს გეხმარება, სამყაროს შესახებ ბევრ სიმწარეს გეუბნება და განვითარებაში გეხმარება. მეც მითქვამს მწარე რაღაცები. თუმცა საბოლოოდ მაინც მგონია, რომ ისეთი წიგნი არ უნდა დაწერო, წაკითხვის შემდეგაც კაცმა თავი მოიკლას. არც ისეთი ფილმი უნდა გადაიღო, რომ კაცმა ხელი ჩაიქნიოს და აპათიაში ჩავარდეს. მეგობარი მყავდა, საოცარი კაცი, მუსიკოსი, საქსოფონზე უკრავდა. ცოლი რომ ცხვირს ჩამოუშვებდა, ეს ეტყოდა, ნელი, შეხედე, ონკანიდან წყალი მოდის; გაიხედე, როგორი მზე ამოვიდა; ჩვენი ყვავილები ნახე. ამაში პოულობდა ბედნიერებას. ეს კაცი ომის დროს დახვრიტეს. ერთხელ ვიბადებით, ერთი ცხოვრება გვაქვს და საოცრებაა ეს სიცოცხლე. სიცოცხლე რომ საოცრებაა, ეს ყველაზე კარგად იციან ომგამოვლილებმა და სიკვდილს გადარჩენილებმა, ვინც იცის, როგორ კვდებოდა“.

ახლა კიდევ უფრო მეტს ფიქრობს იმ დროზე, როცა „ბერეგის ბიჭები“ ზღვას უყურებდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა მოხდება „კომეტას“ თუ ავიყვანთ ეკიპაჟიანად, 40 წუთში ნეიტრალურ წყლებში ხომ ვიქნებითო?.. აინტერესებდათ, რა იყო „იქით“. უნივერსიტეტის ლექტორები ამბობდნენ, რომ „იქით“ მხოლოდ ცუდი იყო. არადა, სოხუმში შემოდიოდა უცხოური გემები, მეზღვაურებისგან ყიდულობდნენ ჯინსს, მაისურებს, მუსიკალურ ჩანაწერებს. შემოდიოდა ინფორმაცია. საერთოდ, იმ დროს სოხუმი ყველაზე „ღია ქალაქი“ იყო, უცხოელებით, ზაფხულობით ოთხჯერ გაზრდილი მოსახლეობით, ღია კაფეებით და უზარმაზარი სივრცით.

„ჩვენ დღესაც სტერეოტიპების ოკეანეში ვცურავთ. გამოვა ვიღაც და იტყვის, აი, იმ დროს უბედური ვიყავი, რადგან 24 საათი საბჭოთა კავშირის დანგრევაზე და საქართველოს გათავისუფლებაზე ვფიქრობდიო. ჩვენც გვიფიქრია გაქცევაზე, სხვა სამყაროზე, „კაკებეს ყურადღებასაც“ ვგრძნობდით, თუმცა ბედნიერებიც ვიყავით. ამ ბედნიერებაზე რომ არ დამეწერა, სხვას რას დამიჯერებდა მკითხველი. ის ჩვენი დრო იყო, ჩვენი ახალგაზრდობის დრო. მეორეჯერ 20 წლის ვერ გახდები, მეორეჯერ 25 წლის ვერ იქნები. კარგი დრო რომ მოვა, მერე შეიძლება ჩემსავით 67 წლის იყო და ის გოგო რომ მოგწონდა, ისიც მაგ ასაკის და... სოხუმშიც აღარ ვარ. ამიტომ არ ღირს გადადო ბედნიერება არცერთი რეჟიმის დროს, არცერთ გარემოში, და რა თქმა უნდა, არცერთ ასაკშიც. ადამიანის ცხოვრება არის ადამიანის ცხოვრება და ის არ არის დამნაშავე, სადღაც რომ დაიბადა. ახალგაზრდა და ბედნიერი ვიყავი იმ დროში და ლექსებსაც მაგიტომ ვწერდი. რატომ ვეღარ დავწერე მერე? დამოუკიდებელ საქართველოში ბულბულივით უნდა ავმღერებულიყავი. მწარედ წავიდა ცხოვრება, იმიტომ კი არა, რომ დამოუკიდებლობა ცუდია, არა, უბრალოდ, გარდამავალ პერიოდში მოვხვდით, ომებში მოვხვდით“.

კულტურის სამინისტროზეც ისე ლაპარაკობს, როგორც უღელტეხილზე, მისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპსა და რთულ საქმეზე. იმაზე, რისი გაკეთებაც მოასწრო ან ვერ მოახერხა, რასაც აპირებდა. გურამ ოდიშარია თითქმის ორი წელი იყო საქართველოს კულტურის მინისტრი. ფეისბუკზეც დაწერა და ინტერვიუებშიც ბევრჯერ ილაპარაკა იმ ორი წლის პოლიტიკაზე, მინისტრობაზე, ფრანკფურტზე, საყდრისსა თუ იმ სხვა გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიღებაც იმ დროს შეძლო ან ვერ შეძლო. არ ნანობს, რომ მინისტრობას დათანხმდა და არც თანამდებობის დატოვება მინანიაო, ამბობს. არა, მინისტრად აღარასოდეს დაბრუნდება, თუმცა აპირებს დაწეროს იმაზე, რაც იქ ნახა და რაც თავს გადახდა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვებმა იცოდნენ და გაითვალისწინონ. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ, ომგამოვლილი კაცი რომ არ ვყოფილიყავი, ამას ვერ გავუძლებდიო.

„არის ასეთი აზრი, რომ მწერალი და საერთოდ, ხელოვანი არ უნდა იყოს საჯარო სამსახურში, მით უმეტეს მაღალ თანამდებობაზე. თუმცა ვაცლავ ჰაველი ამის საპირისპირო მაგალითია. ეს კაცი იყო შემრიგებელი, ბრძენი კაცი, კარგი მმართველი. იდეოლოგია არ არის ცუდი სიტყვა, კარგი სიტყვაა, თუ სწორად გამოიყენებ. საფრანგეთში მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დე გოლმა კულტურის მინისტრად დანიშნა მწერალი ანდრე მალრო. 11 წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე. მის სახელს უკავშირდება ფრანგული კინოს აღმასვლა, საფრანგეთის რეგიონებში კულტურის ცენტრების დაარსება და განვითარება. ის ცენტრები ახლაც მუშაობს. აქ, მაგალითად, გურიაში კაცი კარგ მოსავალს რომ მოიყვანს, ყოველდღე რომ მუშაობს, საღამოს რას აკეთებს? ვერაფერს. სახლში თუ დალევს, მეტს რას იზამს, ვერც კინოში წავა და ვერც კონცერტზე. დავიწყეთ კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა, დავდეთ კონცეფცია, მერე უკვე გამოვაცხადეთ მისი სხვადასხვა ასპექტზე უფრო ღრმა სამუშაო. ბევრი პროექტი გვქონდა: ფრანკფურტი გადაწყდა, დიდი ხნით გაჩერებული ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსება აღვადგინეთ. თითქმის ორი წელი ვიმუშავე, მერე მოხდა რაღაცები და ვთქვი, რომ უნდა წავიდე. იმ პერიოდში ვერ ვწერდი, მაგრამ ჩანაწერებს ვაკეთებდი, რომლებიც მერე გამომადგა. ჩემი ახალი რომანის მთავარი გმირიც კულტურის ცენტრში მუშაობს“.

უნდოდა სამინისტროს დაფინანსება გაზრდილიყო, მეტ-ნაკლებად სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა აეწყოთ, რადგან ჩვენს ქვეყანას, რომელიც არც „მერსედესს“ აკეთებს და არც რობოტებს, მხოლოდ კულტურა აქვს მსოფლიოსთვის საჩვენებლადო. ამას კი სჭირდებოდა ფინანსები, მხარდაჭერა, პოლიტიკური ნება. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ფრანკფურტში მოსახვედრად და დიდი წინააღმდეგობებიც გვხვდებოდაო. და კიდევ, ამბობს, რომ დღემდე ვერ გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირისგან.

„ჯერჯერობით მხოლოდ კულტურას გავყავართ მსოფლიოში - ფოლკლორი, ფილმები, მწერლობა, მუსიკა. როდესაც ჩამოვიდა ფრანკფურტის ბაზრობის ხალხი, მათ უნდა დაენახათ, რეალურად რა იყო საქართველო, რა იყო ქართული მწერლობა, ქართული კულტურა. ამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ ნიკა რურუამ დაიწყო, მერე ჩვენ გავაგრძელეთ. კულტურის სამინისტრო არასოდეს ფინანსდებოდა საკმარისად. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლებს, რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტიდან დაფინასების გარდა, იქ სხვა სისტემაც მუშაობს, მაგალითად, ყოველი გაყიდული სიგარეტიდან და ალკოჰოლიდან პროცენტი მიდის კულტურის სფეროს დასაფინანსებლად. ამისთვის ბრძოლასაც ვაპირებდი, მინდოდა კულტურის სამინისტროს მეტი ფინანსები ჰქონოდა, უფრო მეტი გამჭვირვალება. ზოგჯერ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, ჯერ კიდევ ვერ გავუშვით საბჭოთა კავშირი - ისევ ნეპოტიზმით, დაქალძმაკაცობის დონეზე წყდება რაღაცები. არადა, ძალიან საინტერესო ახალი თაობა მოვიდა მწერლობაშიც და ცხოვრებაშიც, ამიტომ მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მათთან უფრო უნდა იმუშაოს. შეიძლება ცუდი სიტყვაა მუშაობა, მაგრამ მათთან მეტი ურთიერთობაა საჭირო“.

ამბობს, რომ თავისუფლებისთვის არასოდეს უღალატია. როცა ლექსებს წერდა, სულ ეუბნებოდნენ: ეს არ არის კლასიკური ლექსი, ცხოვრებაში მოკრძალებული ხარ, ზედმეტ სიტყვას არ იტყვი, აქ სხვად იქცევიო... - სითამამეს აბრალებდნენ ლექსის წერის თავისუფლებაში. ომის შემდეგ კი, როცა უღელტეხილზე გადმოვიდა, როცა აღარაფერი დარჩა ზურგს უკან და წინაც ბევრი არაფერი ჩანდა, მოვიდა კიდევ უფრო მეტი თავისუფლება, უცნაური, მაგრამ მაინც თავისუფლება: ვერავინ ეტყოდა, ასე არ დაწეროო, გაქრა იმის შეგრძნება, რომ შეიძლება ცენზორებს რაიმე წაეშალათ.

„მე მყავდა ჩემი მკითხველი სოხუმშიც და აქაც. პოეზიაში ვცდილობდი ცოტა სიტყვით ბევრი მეთქვა. მინიმალისტური იყო ჩემი თხრობის მანერა, მაგრამ თამამი. როცა ვწერდი „დევნილთა უღელტეხილს“ და „სოხუმში დაბრუნებას“, ყველაზე თავისუფალი ვიყავი, ვინც დამნაშავედ მიმაჩნდა, ვამბობდი, რომ დამნაშავე იყო, პოლიტიკოსებით დაწყებული და ხალხით დამთავრებული. „პრეზიდენტის კატაში“ არის ისეთი რაღაცები, რასაც ადრე ცენზურა არ დაუშვებდა. ამ ახალ რომანშიც ბევრი ისეთი რამეა, რასაც ადრე ვერ დაწერდი. ზოგჯერ ვნანობ, ამ დროში რომ არ დავიბადე, ვისწავლიდი მსოფლიოს რომელიმე კარგ უნივერსიტეტში, ახლა ამის ფანტასტიკური შესაძლებლობებია. ათი წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი იქნება. ნებისმიერი მიმართულებით მუშაობაა შესაძლებელი. ძალიან საინტერესო პერიოდია შემოქმედისთვის. ახლა გაცილებით მეტი თავისუფლება და ხელშეწყობაა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ნიჭიერებაზე, გამოცდილებაზე, ემოციების სიღრმეზე. ძალიან ცოტა რამ არის დაწერილი და გააზრებული. ამის ისე დაწერა შეიძლება, რომ მსოფლიომ წაიკითხოს. აი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ძალიან ბევრმა ნახა და გაიცნო საქართველო. ეს უძველესი წიგნის ქვეყანა ყოფილა და არა ბანდიტების და ქურდების პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაო. მალე, ალბათ, პარიზის წიგნის ბაზრობაზეც ვიქნებით. ესეც ძალიან დაგვეხმარება“.

ლიტერატურა სხვანაირად ინახავს ომსაც და ისტორიასაც. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, მწერალს ბევრ მასალას აძლევს ომი. მწერლები ომებს ეძებენ ხოლმეო, ამბობს გურამ ოდიშარია, ოღონდ ძალიან ცოტას შეუძლია ომიდან ჰემინგუეისნაირად „ამბების“ გამოტანაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ომი ღლის ხალხს. ახლა ნამდვილი ომები მიდის დედამიწაზე, უამრავი ნაწარმოები იწერება, ფილმებს იღებენ... და იღლება სამყარო, ამიტომაც უფრო ღირებული ხდება მშვიდობაზე, შერიგებასა და სიყვარულზე დაწერილი ტექსტები.

„თავიდან ვერც მე, როგორც ბევრი სხვა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, მერე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მერე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ყველაფერი ხალხის, ჩვენი გამოძევებით დამთავრდებოდა. წარმოუდგენელი იყო ის, რაც უღელტეხილზე ვნახე. არც ის მეგონა, რომ დევნილობა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ვფიქრობდი, მოილაპარაკებდნენ, დავბრუნდებოდით. იყო მოლაპარაკების შანსები, არ ვიცი, ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს, შიშმა შეგვიშალა ხელი თუ რაღაც კონკრეტულმა ძალებმა, მაგრამ ფაქტია, ვერ მოვილაპარაკეთ. არ ვიცი, როგორი მწერალი ვიქნებოდი, ომი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება სულ ლექსები არ მეწერა. როდესაც სოხუმში ჩავედი პირველად, აფხაზი ბიჭები მოვიდნენ, გიცნობთო. როგორც უკვე გითხარით, იქ უფრო პოპულარული ვარ, როგორც მწერალი. „პრეზიდენტის კატა“ აფხაზებმა თარგმნეს. სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“ 100 დისკზე ჩაწერეს უცხოელებმა და ისე ჩაიტანეს სოხუმში. როგორც ვიცი, უნივერსიტეტშიც უყურებდნენ და განხილვას აწყობდნენ. უცხოელებმა მას „თეატრალური ხიდი“ შეარქვეს. ჩვენ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებმაც იციან დანაღმულ ველზე სიარული. ჩვენსა და აფხაზებს შორის არის დიდი დანაღმული ველი. იქნება ბევრი და ბევრნაირი წინააღმდეგობა ყველა მხრიდან, მაგრამ უნდა ვცადოთ“.

პროფესიით ისტორიკოსი უფრო ფილოსოფიურად უდგება ყველაფერს. არის მომენტები, როცა დარწმუნებული ხარ, რომ აღარაფერი შეიცვლება, რაღაც ისეთი ხდება, ადამიანის ძალებისთვის დაუძლეველი რომაა. მაგრამ რაც არ შეუძლია ერთ ადამიანს ერთ დროში, შეუძლია ისტორიას სხვა დროში და სხვა ადამიანის ხელით. მანამდე კი ფიქრობს, რომ ურთიერთობა უნდა აღდგეს. ამ საქმეში კი, მისი აზრით, საჭიროა სწორედ ის, „დანაღმულ ველზე მოსიარულე“ ადამიანები.

„ისტორიკოსი ვარ და ვიცი, არაფერი უნდა გამიკვირდეს. აჭარა მრავალი წლის განმავლობაში არ იყო საქართველო; გერმანია უზარმაზარი კედლით გაიყო, ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და გაეროში ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების ელჩები გვერდიგვერდ ისხდნენ. ვინ იტყოდა, რომ ისტორია ასე შემობრუნდებოდა. არის მომენტი, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ლოგიკას არ ექვემდებარება. პირველად სოხუმში რომ ჩავედი, მობილური არ მუშაობდა. მითხრეს, წამოდი „ამრაზე“, იქ იჭერსო. მხოლოდ ერთ ადგილას დაიჭირა. წინ გადავდგი ნაბიჯი და გაითიშა - მარჯვნივაც, მარცხნივაც. დაახლოებით სამი კვადრატული მეტრი იყო, სადაც დაკავშირება შეიძლებოდა. დავრეკე თბილისში. ჩემი ცოლი გაგიჟდა, სამი დღეა არ დაგირეკავს, ცოცხალი ხარო? ვუთხარი, აქ არძინბას მრავალცოლიანობის კანონი მიუღია და ვრჩები-მეთქი. მართლა მიიღეს ასეთი კანონი. კვდებოდნენ ესენი სიცილით. მერე ერთმა მთხოვა, დეიდაშვილთან დამარეკინეო, მეორემ ბიძაშვილთანო. ლაპარაკობდნენ. ორ დღეში ყველა ბარათი დავხარჯე. მეორე დღესაც რომ ავედით, ვიღაც ქალი იდგა და რუსულად ეუბნებოდა ვიღაცას, როგორც კი ენგურის ხიდზე გადმოხვალ, იქ დაგხვდებიო. როცა მაცილებდნენ, ვთქვი, ჩემი გამოანგარიშებით, სამი კვადრატული მეტრია, რომელიც დღეს ჩვენს შორის მუშაობს და მინდა ხვალ ეს 30 გახდეს, მერე 300, მერე 3000, მერე 300 000, 3 მილიონი და მივიდეთ იმ უსასრულობამდე, რაც მანამდე გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის-თქო“.

ხშირად დადის კონფლიქტის ზონებში. აინტერესებს ომი, როგორც მწერალს და როგორც ადამიანს. ომის კანონები და კანონები ომში. 2004 წელს სოხუმში პირველად რომ ჩავიდა, ჯერ მამის საფლავი ნახა. მერე თავის სახლთან მიიყვანეს. ავიდეთო, შესთავაზეს, იუარა. რატომ უნდა ავსულიყავი, იქ ასვლა იქნებოდა გამოხდომა და უჭკუობაო. მის სახლში ახლა სხვა ცხოვრობს და ომს თავისი კანონები აქვსო. 12 წელი იყო გასული სოხუმის დატოვებიდან. მაშინაც და დღესაც დარწმუნებულია, რომ მთავარი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაა, მერე ყველაფერი აღდგება და დაბრუნდება, მერე ყველაფერზე მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი, სახლზეც და საფლავებზეც.

„ჩვენ ვერ გავექცევით ერთმანეთთან ურთიერთობას. ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი. რუსეთმა რაც დააშავა, დააშავა, აფხაზებმა რაც დააშავეს, დააშავეს, მაგრამ ამ დანაშაულების თანაავტორები ჩვენც ვართ. მე ყოველთვის მიმაჩნდა და ვწერდი კიდეც, რომ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ნაწილობრივ მაინც შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა. კი, გადამწყვეტი რუსეთის პოლიტიკა აღმოჩნდა, მაგრამ როცა შენ აქეთ ხარ და შენი ძმა კი მეორე მხარესაა და ეს იცი, რატომ ესვრი?.. მართლა ვიცნობდი ორ ძმას, რომლებიც ამ ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პირდაპირ ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის მხარეს ხომ ისროდნენ?.. დღეს ხშირად ანალიტიკოსები ეყრდნობიან მედიას, სოციალურ ქსელებს. ეს არასწორი მგონია. ღია სივრცეში ხშირად იქით მხარესაც გამოხატავენ აგრესიას და აქეთაც, მაგრამ ეს მთელი მოსახლეობა არ არის. იქ არის ხალხი, რომელიც დაიღალა, არ უყვარს რუსეთი და შერიგება უნდა; არიან ნეიტრალურად განწყობილებიც, ვინც ელოდება, რა მოხდება; ზოგს ხმის ამოღების ეშინია და ისიც ელოდება. ბევრი შერეული ოჯახია. ბევრი გააკეთა სამედიცინო პროგრამამ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს საგანმანათლებლო პროგრამაც, თუ დაემატება“.

არასდროს შემიწყვეტია შერიგებაზე ფიქრიო, ამბობს გურამ ოდიშარია. ბოლო ორი წელი არ ყოფილა სოხუმში, თორემ ისე ხშირად ჩადის. რამდენიმე წლის წინ ერთობლივი პროექტიც გაკეთდა: სამი უმძიმესი კონფლიქტი ხუთ ლიტერატურაში. აფხაზი, ოსი, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლების ერთობლივი კრებული შეადგინეს და გამოსცეს. წავიდა სოხუმში, ცხინვალში, ერევანში, ბაქოში, შეკრიბა მწერლები, ტექსტები. აფხაზი მწერალი დაურ ნაჭყებია მის სახლში ცხოვრობდა ორი კვირის განმავლობაში.

„სოხუმში ცხოვრობს მწერალი დაურ ნაჭყებია, რომელიც მე ვთარგმნე. ძალიან საინტერესოდ წერს, ჰუმანური დამოკიდებულებით გამოირჩევა. აღწერილი აქვს, როგორ ყაჩაღობდნენ სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზები, როგორ ხოცავდნენ ხალხს. შევადგინეთ სამხრეთკავკასიური კრებული. ეს იყო იმაზე, თუ რას ვაკეთებთ მწერლები ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ეს არ იყო პოლიტიკური ნაშრომები და ეს იყო მეორე მხარეზე ფიქრი, ტკივილზე ფიქრი და კონფლიქტის გააზრების მცდელობა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ დროს, მაგრამ გაგრძელება არა. დაურ ნაჭყებია მერე სოხუმში მინისტრი გახდა, პროექტის ოსი მონაწილე ახალგაზრდა ქალიც მინისტრად დანიშნეს ცხინვალში. თითქოს იყო რაღაც ნიშნები ურთიერთობის აღდგენის გზაზე, მაგრამ უბედურება იყო ის, რომ მაშინ ამით არავინ დაინტერესდა, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ დადგა“.

გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილი“ სკოლის სახელმძღვანელოში შეიტანეს. ხშირად ეპატიჟებიან საჯარო ლექციებსა და შეხვედრებზე. მისი აზრით, ახალმა თაობამ სიმართლე უნდა იცოდეს, უნდა ჰქონდეს დოკუმენტური ინფორმაცია, რადგან დრო სწრაფად გადის, ბავშვები სწრაფად იზრდებიან და მათთვის უახლესი წარსულიც კი ზოგჯერ სრულიად უცხო და გაუგებარი ხდება.

„მე მაინც მიმაჩნია, რომ თავი და თავი ყველაფრის არის ზნეობა. ძალიან განათლებული ადამიანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ზნეობრივს; არ ნიშნავს იმას, რომ ის ომს არ დაიწყებს. ვერავინ იტყვის, რომ ჰიტლერი გაუნათლებელი იყო ან ჰიმლერი. გერინგს ხუთი ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკების ერთ-ერთი იდეოლოგი და სულისჩამდგმელი იყო. დამოუკიდებელი გავხდით და მაშინვე დაიწყო ბრალდებები, დღემდე გრძელდება: აგენტი, მოღალატე, არაქართველი... ჩვენ ერთმანეთთან ომში, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იმხელა ენერგია გვაქვს დაკარგული, ეს რომ შენებაში დაგვეხარჯა... სინდისი არცერთ კოდექსში არ წერია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. აფხაზებს აქვთ საინტერესოა ზნეობრივი კანონი „აფსუარა“, აი, ჩვენთან რომ იტყვიან, „არ ეგების“. ძმა რომ ძმას აგინებს - არ ეგების. თბილისშიც დავხოცეთ ერთმანეთი და სხვაგანაც. როცა ქართველი ქართველს ესვრის, შენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანი სხვანაირად გიყურებს. ძმის მკვლელს აღარავინ ენდობა ძველებურად. სუფრასთანაც რომ იჯდეს ასეთი კაცი და ცამდე მართალი რომ იყოს, არ გსიამოვნებს, არ გინდა მასთან ურთიერთობა. დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, იმ ხალხად უნდა ვიქცეთ, ვისაც ომი არ უნდა“.

ომამდე ლექსის წერა ანიჭებდა ბედნიერებას, ახლა ბედნიერია, როცა რომანზე მუშაობს. ის, რაც ადრე ლექსებს აწერინებდა, დაკარგა და ისეც, ფიქრობს, რომ ახლა უფრო პროზის დროა, სცენარების, პიესების, პუბლიცისტიკის, ბევრი სათქმელის. ომამდე, სხვადასხვა წელს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობისა და აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, ჟურნალ „რიწის" მთავარი რედაქტორი და გამომცემლობა „მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორი. შემოსავლიანი მწერალი რომ ვიყო, აგენტი მეყოლებოდა და მე მხოლოდ დავწერდიო. ახლა პრემიერ-მინისტრთან მუშაობს კონსულტანტად კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით, ბევრი დრო არ მაქვსო. მალე ახალი რომანი გამოვა. მასში სოხუმიცაა და თბილისიც, დევნილობაც და სიყვარულიც, ქალებიც და ისევ უღელტეხილი, რომელიც ბევრმა გამოიარა და მაინც ყველამ თავისებურად.

ეს არ არის ბოლომდე აფხაზეთზე. თავის ცხოვრებას ყვება 75 წლის კაცი, რომელიც დაიბადა სოხუმში. ცხოვრობდა იქ და იმასაც დაემართა ომი, ისიც გადმოვიდა უღელტეხილზე. მოხვდა თბილისში. მევიოლინეა და იქ ტურბაზის ანსამბლში გიტარაზეც უკრავდა. თბილისში სიმფონიურ ორკესტრსა და რესტორანში ვიოლინოზე უკრავს. ბერდება, წლები მიდის და ერთხელაც ჩადის ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში. განმარტოვდება და ფიქრობს, რა იყო ეს ცხოვრება მისთვის და იგონებს ყველაფერს. ცალუღელა კაცია, ოჯახი არ ჰყოლია და იგონებს თავის საყვარელ ქალებს. როგორ შეუყვარდა პირველად, როგორ აკოცა პირველად, ქეიფები, მარიხუანა და ბოლოს ახსენდება თავისი ყველაზე დიდი სიყვარული. ამ წიგნში არის ქალების ისტორიები და თითოეული ქალი არა მხოლოდ მის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, არამედ საქართველოს ისტორიასთანაც. ძალიან თამამად აღწერს მათთან სიყვარულს, თამამი აღწერებია, ასე ახალგაზრდები წერენ ხოლმე, მაგრამ მწერალი ხომ არასდროს არ უნდა დაბერდეს?.. საბოლოოდ ერთი ქალი უყვარდა და იმ ქალის ამბავი დაკავშირებულია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, მაგრამ ამას ახლა არ გავამხელ. მალე გამოვა და მკითხველმა თავად უნდა ნახოს. კალეიდოსკოპური თხრობაა. იუმორი, ტრაგედია, უღელტეხილი“.

„პრეზიდენტის კატა“ პირველად 2007 წელს გამოვიდა, მერეც რამდენჯერმე დაიბეჭდა. შემდეგ იყო „სათვალიანი ბომბი“, ახალ რომანს კი პირობითად ჰქვია „შენთანუშენოდ“. გურამ ოდიშარიას მხატვრული ტექსტები და პუბლიცისტიკა 15 ენაზეა თარგმნილი. პიესა „ზღვა, რომელიც შორია“ თემურ ჩხეიძემ დადგა, ეს იყო ორი მეგობრის შეხვედრის ამბავი. სოხუმში პირველად რომ ჩავიდა, ძველ მეგობრებს შეხვდა და ბევრი ვილაპარაკეთო. აქ ორი მეგობარი ლაპარაკობს და არა ორი კონფლიქტოლოგი. პიესაში ყველაფერი კიდევ უფრო გაამძაფრა. „რატომ ვესროლეთ ერთმანეთს?“ - კითხულობენ პიესის მთავარი გმირები და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა თვითონაც არასოდეს შეუწყვეტია.

„ფაქტობრივად, სულ ვმუშაობ. ჩანაწერები, პუბლიკაციები. თუ ბოლო რომანს წელიწადი და სამი-ოთხი თვე მოვანდომე, იმდენი მასალა მაქვს უკვე, რომ მომდევნო რომანი, შეიძლება ერთ თვეში დავასრულო. სხვა ტიპის იქნება და უფრო მცირე მოცულობის. სტილითაც განსხვავებული. ვოცნებობ, რომ ერთი კარგი პიესა დავწერო, ისეთი, ისევ ბატონმა თემურ ჩხეიძემ რომ დადგას. კიდევ ვაპირებთ ფილმი გადავიღოთ უღელტეხილზე, სცენარი უკვე დაწერილი გვაქვს. მე და გიორგი ოვაშვილი ვმუშაობთ, ახლა დაგვემატა „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, ცნობილი ავღანელი რეჟისორი სიდიქ ბარმაკი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. ჩვენთან ერთად იმუშავებს, როგორც თანასცენარისტი და თანარეჟისორი. ამ ფილმში არ იქნება მარტო ჩვენი უღელტეხილი და მარტო საქართველო. სხვა კონფლიქტებზეც იქნება. როგორია ადამიანი და როგორ იქცევა ის ომში, ამაზე იქნება. საერთოდ კი, ყველაზე დიდი ბრძოლის ველი არის ადამიანის გული, ჯერ ადამიანის გულში მიმდინარეობს ყველა ბრძოლა - კეთილის და ბოროტის, ღმერთის და ეშმაკის. ერთი დაავადება აქვს ჩვენს პლანეტას - 250 „ცხელი წერტილია“ და დღემდე ვერ გვიპოვია გზა აქედან გამოსასვლელად“.

„საქართველოში კარგადაა ცნობილი მშვიდობის ასეთი ირონიზება - „მშვიდობის მაძიებელი“, რომელსაც ხშირად უსაქმური ან უცნაური კაცის მისამართით იყენებენ („აი, მოვიდა მშვიდობის მაძიებელი“) და იმავდროულად, ტრადიციულ, ქართულ სუფრაზე, პირველად მშვიდობის სადღეგრძელო წარმოითქმის. ასე რომ, ქართველს შეუძლია ერთი წუთით ვინმეზე იხუმროს - ის კაცი „მშვიდობის მტრედიაო“, ხოლო მეორე წუთს მთელი სერიოზულობით წარმოთქვას მშვიდობის სადღეგრძელო. ჩვენი მშვიდობა ლაღ ღიმილსა და მწარე ჩაფიქრებას შორისაა გახირული“. – „მშვიდობა“, გურამ ოდიშარიას „ჩანაწერები“.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE