აღდგომა
დაბადება - საშოს ყულფიდან თავის დაღწევა.
"წვეთი ჰაერიც საკმარისია გადასარჩენად"
- გაიფიქრებს და ტირის ყოველი.
სიკვდილი ყულფზე - ნოსტალგიური ხალხის ხვედრია
(ოიდიპოსსაც ახსენებს ვინმე - ვერ გაამტყუნებ).
ვბერდებით.
სიბერე სეისმოაქტიური ზონაა,
სახეზე რომ აჩენს ბზარებს
და გვამსგავსებს ყავარჯნებზე დაყრდნობილ ავარიულ შენობებს.
ყოველდღიურობის პრელუდია - მოტორული სიმფონია, სამანქანო საცობში.
ფეხით ჯობია...
მიწისქვეშაში მუსიკოსები ბაგირივით ჩაგაბამენ გიტარის სიმებზე
და გაცილებენ მეორე მხარეს.
დაკვირვება ჩემი მუდმივი სამსახურია.
შეთავსებითი - თამბაქოს მუმიების გადასვენება სარკოფაგიდან
(წარწერით "მოწევა კლავს")
ჩემი ფილტვების კრემატორიუმში.
ხელოვანები იჩოქებენ ბოდვების კედელთან
და ნაპრალებში ტოვებენ სურვილებს...
ხოლო, მე ვხუჭავ თვალებს, რათა იქიდან ჩემმა სიზმრებმა
და ოცნებებმა არ ამოხეთქონ
და არ დატბორონ ეს ქალაქი,
რომელშიც ვიცი, ადრე თუ გვიან აკანკალებულს
ფოთლებივით გამცვივდება ბოლო სიტყვები.
ვხედავ, როგორ იძირება ეს ქალაქი
მთელი თავისი საპროტესტო ლოზუნგებითა და
შეპირებებით უკეთესი მომავლის შესახებ.
ვერ გავიქცევი.
ჩემი აქყოფნის განაჩენი მიცვალებულივით უპირობოა.
მე აქ დავრჩები,
ქალაქში, სადაც მე ვერ ვიცეკვებ შენთან ვერასდროს
ისე, რომ ტანზე შემოგახიო პარფიუმი და სუნამოს სუნი.
ქალაქში, სადაც ვარ მარტოსული
ქვის აკლდამაში გაღვიძებული იესოსავით.
ამის შესახებ
(დაკარგულთა)
ზოგჯერ, მგონია, რომ ჩემში სული უკუღმა ჩადეს
და ამიტომაც, როგორც ჯიბეში კალამი მელანს,
მეც ისე ვჟონავ ფურცელზე ლექსებს.
ასეთ დროს, როცა მგლები ყმუიან
და ქარხნები დუმდებიან,
ვაცნობიერებ, რომ ბავშვობა სიბერეზე შორია
და დაუწერელი ლექსები ფანტომურად მტკივდება.
ჩემი ღამე სხვანაირად ბნელია...
მინდა ყველა გზა-კვალიანად დაკარგულის სახელით
დავწერო ორიოდ სიტყვა ამის შესახებ.
თავდაპირველად შეიქმნა იმედი.
იმედი გამდიდრების, წარმატების, გამოჯანმრთელების.
რაც მთავარია, იმედი იმის, რომ არ დაგვტოვებენ.
დააკვირდით, როგორ ცარიელდება
თქვენი ცხოვრების თბილი, ჯგუფური პორტრეტი,
როგორ გეცვლებათ ღიმილი სახეზე,
როგორ იზრდება ამ პორტრეტის დაწვის სურვილი...
ჰო, იმედის მერე შეიქმნა სიმარტოვე.
ჰო, ღვთისთვის ასეთი სამყარო აღმოჩნდა სრულყოფილი
და აღარაფერი შეუქმნია.
სხვა დანარჩენი ჩვენი უიმედო სიმარტოვის ნაყოფია.
აი, გაიღვიძებ ის, ვინც ჭიპლარივით მაკლიხარ,
ვითაც ვსუნთქავდი,
ვითაც ვჭამდი...
გაიღვიძებ და წამწამების დახამხამებით
ჩამოიფერთხავ თვალებიდან უცნაურ სიზმარს,
სადაც მიხილე.
გაიღვიძებ და მოღიმარი მზერით გახედავ მეუღლეს,
რომელიც მე არ აღმოვჩნდი.
მე კი ქუთუთოებს ვიჭრი,
რათა ვეღარასდროს დავიძინო
და ვერ ვიხილო სიზმარი, რომელსაც "ნახვამდის" ჰქვია.
ზოგჯერ ბრმა ტყვიას ხელკავს გავუყრი,
ვაცილებ, ვიცავ, რათა არავინ გაჰკრას მხარი,
შემდეგ დაჟინებით ვეპატიჟები ჩემს სხეულში,
ის კი მპასუხობს, თავი საშინლად მიხურსო და გამირბის.
ვის ვესაუბრო ამის შესახებ?
მხარზე რომ თავი დამადე და ამ მხარზე ყვავილები ამომივიდა,
ვის ვესაუბრო?
რომ ამ ყვავილებს უშენო დღეებს ვუყრი სასუქად,
ვის ვესაუბრო?
ყველაფერი რომ რიგზე იყოს,
მეც რიგში ვიყო
და შენი ფეხმძიმე სხეულის გატარება მომიწიოს,
ვის ვესაუბრო?
ყველა შესაძლო იმედი
შენი ღიმილის ნაპრალებში ტბასავით დაგუბდა,
შემდეგ ეს ტბა ფულიანმა ინვესტორმა შეიძინა
და გარშემო ჩემი ტკივილები გააშენა.
ყველა გზა, რომელიც შენსკენ მიდიოდა - წავიდა,
მე კი ვერ დავეწიე.
მხარზე ყვავილი კი არა, ბაობაბი რომ ამომივიდეს,
მაინც ვერასდროს იხილავ...
მითხარი, ნიჰილ...
ამის შესახებ ვის ვესაუბრო?
ინერცია
როგორც ხრწნად გვამში, ქალაქში მუდამ
მწერებივით წრიალებენ ადამიანები
და სირენების გაბმულ კივილზე იწყებენ ჩოჩქოლს.
მათი ჩოჩქოლი სარიტუალო ცეკვას ჩამოჰგავს.
ქაოტურ ცეკვას,
ქაოსისავე გასაღმერთებლად.
ქალაქის თავზე მზე მხოლოდ ტყვეა
ხელფეხშეკრული სადენებით და სველი ტანსაცმლით.
ქალაქის თავზე მზე, ყასაბივით, მიჩვეულია
მყრალი ხორცის და სისხლის სურნელებს.
ასეთი მზის ქვეშ
ტკივილის ყოველი წამი,
მეძუძური ძაღლის მკერდივით, გაწელილია.
ასეთი მზის ქვეშ
ბავშვებს ჩვეულზე უკეთ მოუჩანთ
შიმშილის მიერ ამოკაწრული ნეკნები ტანზე.
ასეთი მზის ქვეშ
სულერთი არის: გიმღერებს ჩიტი,
თუ მომაკვდავი ახალგაზრდების ხრიალს მოისმენ.
ასეთი მზის ქვეშ
ბედნიერების ყველა მცდელობა
მორგში მოწყობილ წვეულებას ჰგავს.
ასეთი მზის ქვეშ
ყველა სიმართლე, ბაბილონელი ორატორივით,
ვერგაგებული კვდება.
პილატეს წყევლა
ვუცქერ.
კიდია ჯვარცმა კედელზე.
- ბოდიში, ღმერთო, რომ ლურსმანს ახლაც ვერ აგაცილე.
ვახშამი მზადაა.
მეც ხელებს ვიბან.
ჩვენი ეგოების ექოები
მსგავს ამინდებში,
გაყინული ოთახების ღრიჭოებიდან უსტვენს ქარი -
ეს ღარიბების ჯაზია.
ხოლო, კანკალი - ამ ჯაზზე ცეკვა.
მსგავს ამინდებში, მსგავს ამინდებზე წერაც
რა არის, თუ არა ისევ გაქცევისა და მალვის მცდელობა.
- აზრი არა აქვს.
ჩემი ყურების მღვიმეში ისევ
ექოებივით მეორდებიან შენი სიტყვები:
"ეს ბოლო იყო, უნდა წავიდე!"
და გლოვის ნიშნად დაშვებულ დროშას
ჰგავდა შენს ზურგზე გადმოფენილი შავი, გრძელი თმა.
კვლავ გულში, როგორც მეზობლის სახლში,
შემაწუხებლად ხმაურობს ვიღაც.
ვიღაც, ვინც ყვირის:
აზრი არა აქვს!
შენ მონდომებით დაგივიწყებენ,
როგორც ბავშვობისდროინდელ სირცხვილს.
აზრი არა აქვს.
ხეტიალი
არის თუ არა ეს გაგრძელება იმ ყველაფრისა,
რაც ჩვენ დავიწყეთ?
ჩვილის ცრემლივით, მოულოდნელად,
დავარდა წვიმა დღეს ჩემს ქუჩაზე.
შიშველი ხიდან ყვავების ჯგუფი აფრინდა თითქოს,
ბაბუაწვერას აწვალებს ბავშვი.
ამწეკრანები დირიჟორობენ ქალაქს
- ყველა შესაძლო ხმაურს უკრავენ
და წრიული მოძრაობის გზები
გამონაბოლქვის ყულფით ახრჩობენ ვიღაც "მენაგვეს".
ის კი კანკალებს, რათა სიცივე ჩამოიფერთხოს
და თავისივე სიცივეს ხვეტავს.
დაჟანგებული სახურავები, მზით გარუჯული ტურისტებივით,
ცას უყურებენ - ცდილობენ მასში იპოვონ რამე,
რამე, რაც სხვაგან არ შემჩნეულა.
ქარია.
ქარში დაცურავს ქალი - თევზის კუდივით მიაქნევს კაბას.
ღამდება.
ღამეს ნერვული წიკი აქვს და ათამაშებს ნეონის შუქებს.
მეხანძრეები, გულმავიწყი მზარეულებივით,
დასტრიალებენ დამწვარ შენობებს
და ბარის ბოლო კლიენტის მსგავსად
მოიზლაზნება ტელევიზია.
სასოწარკვეთამ ჩამოდო თავი დღეს ამ ქალაქზე,
როგორც დაღლილმა ქვრივმა საყვარლის მხარზე.