ოინბაზი სულიერება


ოინბაზი სულიერება




           ტუფლებიც ჩვეულებრივად გაიხადა იმ საღამოს, შინ მისულმა, ბეწვებიანი ხორცებიც ჩვეულებრივად მოიფხანა აქა და იქ და ცივი ვახშამიც ჩვეულებრივად მოითოხლავა, როგორც ამას ყველაფერს უამრავი სხვა მოკვდავიც ადვილად ჩაიდენდა. მაგრამ უკვე გვიან, რაკი დაძინების საათმა ჩამოჰკრა და არაუშანგიმაც საძინებელ თავის კუთხეს მიაშურა, აი, მაშინ ჩაიდინა უცნაურობა, ყველა მისი თანამოძმისგან და უცხო მოკვდავთაგან განსხვავებული. უცნაურობა თითქმის წარმოუდგენელიც კი. რა და, როცა საღამურა ნიფხვისა და თავჩაჩის ამარა საბანში შეძვრა და გაიზმორა, სანამ მთელს სიგრძე-სიგანეში კაი ლაზათიანად გაიშოტებოდა, ბალიშის ქვეშიდან ტომარა გამოაძრო, პირით პირზე მიიდო, საძაგლად დაიჭინთა, მუცლიდან ამოდევნა მთლიანი თავისი სული და იმაში ჩაჰბერა. ტომარას თავი საგულდაგულოდ მოუკრა, ბოქლომიც დაადო, გასაღები ბალიშში შეინახა და მაშინღა გაიშოტა გულაღმა, მოკვდა და ისე დაიძინა.

            იმისი სული კი დარჩა მარტო, ტომარაში ჩატენილი, დამწყვრეული, ნაწყენი, დაბოღმილი. მაღლა-მაღლა მიიწევდა თვითონ უწონო სიმსუბუქით და საჰაერო ბურთსა ჰგავდა მისი აზიდულობით ყალყზე დამდგარი ტომარა, რომელს, თუმცაღა, ბოქლომის სიმძიმე ფრენად მაინც არ უშვებდა და ძირით იატაკზე ამაგრებდა.

            შესაშური სიმკვდარით ეძინა არაუშანგის. ფეხებზეც კი არ ეკიდა თავისი სულის წყენა და უსიამო ღამისთევა. ადვილად, უდარდელად ათევდა თვითონ მთლიანად ჩამქრალი და გაბრტყელებული თავისი ხორცით, აბა სადა სცხელოდა დარდებისთვის.

            და კარგა გამოძინებულმა, მოსვენებულმა და ნაამებმა გაიღვიძა დილით. გაიზმორა, გახსნა ბოქლომი, ჩაყო ცხვირ-პირი ტომარაში, ამოწოვა, ჩაყლაპა, ჩაიცვა თავისი სული. თან კისრის, ტანის და კიდურების მოკლე მოძრაობებით გზა მისცა - გაუადვილოს, კარგად მოერგოს შიგნეულობას, ისევ სრულად მოიცვას სულიერებამ წეღანდელი ნამკვდარევი ხორცი. ადვილად, ნაჩვევი, გაწაფული მოძრაობებით ჩაიცვა, გეგონება სული კი არა, ნიფხავი ყოფილიყო, ან გინდაც მაისურა.

            რაკი გაცოცხლდა, მზადებასაც შეუდგა დღევანდელი მოღვაწეობისთვის: პირსაბანზე წარბები და ცხვირ-ულვაში დაისველა, წირპლები გამოირეცხა, განიერ, მელოტ თავზე საგულდაგულოდ შემოივარცხნა გარშემო შერჩენილი ბალანი, საკიდებზე ნახა სამოღვაწეო თავისი კაზმულობა: მოთეთრო-ბინძურისფერი ხალათი, მოშავო-ბინძურისფერი შარვალ-კოსტუმი, განიერი, ბრტყელი ქუდი, წინსაფრისებური ჰალსტუკი, გრძელცხვირაშვერილი ტუფლები. ძალიან გაცვეთილი. მარტო ტუფლები კი არა, მთლიანი კაზმულობა ძალიან გაცვეთილი.

            მაშ გამოეწყო. და იღლიაში საქაღალდეც კი ამოიდო არაუშანგიმ ვიდრე სამოღვაწეოდ შინიდან გავიდოდა. აგებულებით მოკლე იყო, მაგრამ განიერი, და იმ სიგანით და ყოველი მოძრაობის სიდარბაისლით ადვილად გამოიცნობოდა მასში პასუხისმგებელი და პატივცემული მოღვაწე გვამი.

            ნაწყენი სული ჯერ ჩუმად იყო იმის მუცელში, ხმას არ იღებდა გაბუტული. მაგრამ იცოდა არაუშანგიმ, ადრე თუ გვიან დაიწყებდა ჯაჯღანს, საყვედურებს. არა სურდა ამაზე ფიქრი, საქმეს მიაშურა: საქალაქო მიმოსვლის მატორიან ვაგონში შეეტენა - საჭირო საათზე გამოცხადდეს სამოღვაწეო სუფევაში.

            კაი ნახევარი გზა ჩუმად იმგზავრეს არაუშანგიმ და იმისმა სულმა და ბოლოს კი ამოიღო ხმა იმან:

            - უსირცხვილო ხარ.

            - გაჩუმდი მეთქი! - სასწრაფოდ მოუჭრა არაუშანგიმ.

            იჩუმა სულმა, მაგრამ მალე კიდევ აღმოხდა:

            - აბა შენ დაგამწყვრიონ ტომარაში ყოველ ღამე, - და ცუდი სიტყვაც მოაყოლა.

            - ხმა ჩაიწყვიტე! - გაბრაზებულმა არაუშანგიმ მუშტი ჩაირტყა მუცელში, სულს უთავაზა დამსახურებით.

            სხვა მგზავრებმა ალმაცერად, ერთი წამის ცნობისმოყვარეობით აათვალიერეს ეს უცნაური მოღვაწე, თავის თავს რომ ლანძღავს და მუშტებს უბრახუნებს, რამდენადმე იყო, კიდეც გადგნენ, მოერიდნენ იმ სავსე ვაგონში და მალევე დაივიწყეს.

            სული უჩუმრად დუღდა, მოკლედ, გაურკვევლად თუ ჩაიბუზღუნებდა დროდადრო.

            მიმოსვლის ვაგონიდან ისევ ქვეითად დაადგა აღმართ ქუჩებს არაუშანგი თავისი სამოღვაწეო სუფევისაკენ. გონებაში საამური ფიქრი მოსდიოდა: სუფევის შესასვლელში გამოცხადებათა აღმწერელ ქალსა ნახავს, ახლად დაქვრივებულ თამთამარას! ნეტავ დღეს როგორ გუნებაზე შეხვდება? ნეტავ თუ გაუღიმებს? კიდევ თუ მოაწვდის იმედის შორეულ ნაპერწკალს? აღტაცებული მოლოდინით მიდის არაუშანგი, მიდის და მიიჩქარის, იმასა ფიქრობს, საქმეების საქაღალდე რომელ იღლიაში უფრო ლამაზად მოუხდება, ანაც ჰალსტუკი ქამარში ჩაიტანოს თუ ყვეყვებზე გარედან გადმოიფინოს?

            - რა დაგიშავე? - ისევ სულმა ამოსძახა სიღრმეებიდან - არა, რა დამიშავებია ნეტავ?

            - შენ რა დამიშავე?! - უცებ აფეთქდა არაუშანგი, მაგრამ მაშინვე გონს მოეგო, შედგა, მიმოიხედა, სხვანაირად ხომ არავინ მიყურებსო, მოღვაწე ამხანაგი ხომ არავინ ჩანსო ახლომახლო, სიგიჟედ არავის ვეჩვენოო და უფრო დამშვიდებით განაგრძო - მაშ შენ არ იცი რაც დამიშავე? მაშ ეხლა გიკვირს, არა? შენი ხმა აღარ გავიგო იცოდე, საქმეები მაქვს მისახედი, მოღვაწეობა!

            - ეგრე უსირცხვილოდ რომ მაბრალებ! შენი უსინდისობისა და კაიკაცობისა შენ თავს მოკითხე ხოლმე, - გაჩუმებას არ აპირებდა სული - და ტომარაშიც შენი თავი ჩატენე ხოლმე ღამღამობით. თუ კარგია!

            ბევრჯერ ჰქონიათ ეს საუბარი, სულ ზეპირად იცოდა არაუშანგიმ სულის საყვედურები. აღარ გააგრძელა იმასთან კამათი: აკი მოღვაწეობაში მიეჩქარებოდა, გამოცხადებათა აღმწერელი თამთამარას დანახვა და იმისი სახის გამოცნობა: აბა დღევანდელი მზერით იმედის მოცემას თუ უქადდეს. და აბა სადღა სცხელოდა, ერთი კაი მუშტიც ჩააზილა სულს, თვითონვე რომ დაიკლაკნა და ხრიალი აღმოხდა, ისეთი. წამით შედგა, სუნთქვა მოიბრუნა, გასწორდა, გაიმართა და განაგრძო გზა მოღვაწეობაში.

            სულს კი აღარ უსმენდა, არა პასუხობდა.

            „ნეტავ წყეული ოყლაყიძე მაინც არ ეგდოს გამოცხადებათა დახლთან“, ამასა ნატრობდა ახლა არაუშანგი, „ნეტავ ვინა ჰკითხავს ხოლმე იქ დაყუდებას? რატომ თავის ბუდრუგანაში არ დაეტევა?“ მართლაც, აბა რად უნდოდა უცხო მიმყურადებლის ყოფნა სასურველ ქალთან საიდუმლო გასაუბრების ადგილში? მაგრამ კარგი ამბავი დაუხვდა: შორიდანვე დაინახა არაუშანგიმ, ოყლაყიძე შესასვლელი კიბის თავზე, სწორედ თავის ბუდრუგანასთან ატუზულიყო.

            - ქალო, თამთამარავ, - დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით დაუწყო თქმა, რაკი გამოცხადებათა დახლთან მოღვაწე ამხანაგი სხვაც არავინ შეხვედრია და წუთით პირისპირ, მარტოდმარტო აღმოჩნდა სასურველთან - აკი ცხონებული შენი მოხუცი სამშვიდობოს გაგისტუმრებია, მაშ რაღა გვიშლის ხელსა, რად არ იქნება? წამო, ამაღამ მთლიან მთვარეში ღვინო გასვა დამკვრელების ჰანგზე. ჰა? ლექსები უნდა გითხრა ზეპირად, აკი განგებ შენთვის შემისწავლია!

            შარვალში და ხელისგულებში შიოდა არაუშანგის, ღრმადა სუნთქავდა და დორბლი სდიოდა ამეების ზმუილში. იმისი ტურფა კი უხმოდ თვალებსა ხრიდა და ტყუილადა კაწრავდა საქმიანი ჩანაწერების დავთარში. არც ხო, არც არა მისგან.

            დიდხანსაც განა გაჩერდები ასე, ამ საიდუმლო საუბარში: შემოდიან უკვე სხვებიც, მოღვაწე ამხანაგები. ერთი მძიმედ ამოიოხრა არაუშანგიმ, სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს. და მაშინ მოეცა სიხარული: ერთი მოკლე გაღიმებით გამოაცილა ტურფა თამთამარამ!

            აღტაცება მოეცა მაშ, იმედის ნათელი სხივი. ის გაღიმება დაებეჭდა გონების თვალში და თავისთან დაჰქონდა დღევანდელი მოღვაწეობის საათებში. მუცელში კი ხმაგაკმენდილი ეჯდა თავისივე სული, ისიც უკვე თავის ფიქრებში გართული, ისიც თავისი, სულ სხვა საიდუმლო განზრახვით დაიმედებული და დამშვიდებული.

            მაინც რანაირად გამოსვლიათ ერთმანეთში ეს კინკლაობა და უსიამოვნება სულსა და ამის არაუშანგის? რად ემძიმებოდა იმას ამისი სიმსუბუქე? რა და, სული მახრჩობსო ღამღამობით, ძილი აღარა მაქვსო და მოსვენება, დიდხანს ამასა ჯავრობდა მოღვაწე გვამი. საქმიანობის ყოველი დღე თუმცა ოდნავ სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც ჩვეულებრივად ჩაუვლიდა ხოლმე, ხან მხიარულად, ხან უგუნებოდ, ხან ხელქვეითებს დაერეოდა საყვედურებით, ხან უფროსობა მოეფერებოდა, და გარეთა, გამოსაჩენი ნახევარი ყოფისა ჩვეულებრივად მიუდიოდა.

            მაგრამ ღამე ვერ იძინებდა. თითქოს სული გამუდმებით რაღაცას საყვედურობდა, ყელში წვდებოდა, ახრჩობდა. საათები სიფხიზლეში გაუდიოდა, წრიალი ქანცავდა და ძალასა სწოვდა, სიბნელეში ბოდიალი არა შველოდა და თამბაქოს წევა. გრძელდებოდა, იწელებოდა საათები, ვიდრე გათენდებოდა და თავი რომელ კედელზე ეხეთქებინა არ იცოდა.

            გათენების საათზე თუღა ჩათვლემდა და დილით გადაღლილი და გაწამებული იღვიძებდა. სულ უფრო უძნელდებოდა მოღვაწეობა. გახდა, გაშავდა, საქმეები აღარ ეყურებოდა. და მაშინ გასინჯა და წესად შემოიღო სულის გამოღება და ტომარაში დამალვა. და მშვენივრად მოეწყო საქმე. 

            სულს კი სწყინდა, არ უყვარდა ტომარაში ჩაკეტვა და სჯეროდა, სულ ტყუილად ბრალდებოდა სიმძიმე და მახრჩობელობა. მისთვის რომ გეკითხა, არაუშანგისავე ბრალი იყო უძილობა და მოუსვენრობა.

            - მე რანაირად უნდა გახრჩობდე, - დაიჩივლებდა - ზომითა და წონით ერთი გაცუებისოდენა თუ ვიქნები. შენსავე კაიკაცობას დააბრალე, რასაც ყოველდღე ტყუილსა და ბოროტებას თესავ, ეგ არის, რაც არ გასვენებს.

            - ნუ გეშინია, კაიკაცობა ყველას ერთნაირი გვჭირს და სხვებს კი რატომღაც მაინც არხეინად სძინავთ ღამღამობით! - არაუშანგიც პასუხობდა - ტყუილი და ბოროტება თუ არა ვქენი, ლუკმა და გასამრჯელო საიდანა ვჭამო? შიმშილითა ვკვდე, ძილის ჯავრიღა მექნება?

            ჯიუტად თავისაზე იდგა ორივე, მაგრამ არაუშანგი იმარჯვებდა, თავისი გაჰქონდა, ყოველღამ ტომარაში ამწყვრევდა. სულს კი სტკიოდა, სწყინდა, ძალა არა ჰქონდა და შველა არ მოუჩანდა.

            შურს იძიებს, აი რა!

            თანდათან გაუჩნდა სულს შურისძიების აზრი და სურვილი და მერე დღითიდღე უმტკიცდებოდა განზრახვა. აუტანელი წყენა მარტო ამისკენ უბიძგებდა ამიერიდან. ხმამაღლა კამათში არასდროს დამუქრებია, არასდროს მიუნიშნებია სამაგიეროს გადახდაზე. ილანძღებოდა, წუწუნებდა, ჭეშმარიტების მტკიცებას ცდილობდა, შურისძიებაზე კი კრინტს არა ძრავდა. საიდუმლო და მტკიცე განზრახვა იყო მისი.

            არაუშანგის საქმე და მოღვაწეობა ერთ ადგილში სუფევა როდი იყო, საკუთარი ფეხით დაუვლიდა, თვალყურს ადევნებდა თავისი გამგებლობის სამეზობლო ეზოებს, საქმიან ეზოებს, საცავ-სათავსოებს, ხელქვეითების ქურდობას და ყალთაბანდობას. დღესაც, რაკი გამოცხადებათა დავთარში თავისი მოსვლა უჩვენა, მხოლოდ ცოტა ხნით მიაშურა სამუშაო მაგიდას. ქუდი მოიხადა, იღლიის საქაღალდე გახსნა, იქიდან ერთი ფურცელი ამოიღო, სხვა ჩადო. საქაღალდე ახლა მეორე იღლიაში მოირგო, ქუდი ისევ დაიხურა და გაეშურა დღევანდელი მოღვაწეობის სამოგზაუროდ.

            პირველივე სამეთვალყურეო ეზოში ალიჯემალი დაინახა, ჭკუანაკლული მუშა. ქვაფენილსა გვიდა ჭკუანაკლული, ნელ-ნელა და, როგორც ყოველთვის, როგორღაც უცნაური მოძრაობებით: ქვაფენილს დაჟინებული აკვირდებოდა, თითქოს ეძებს რამესო და ცოცხით მოკლე-მოკლე და მოღუნული მონასმები გამოჰყავდა, გეგონება გზას უთმობს თუ გვერდს უქცევსო რამეს.

            ახლოს მივიდა არაუშანგი, უყურა იმის წვალებას.

            - ბიჯო, შენ რატომ თერთმეტ ნუმერში არა ხარ? - ვითომ მკაცრადა ჰკითხა, ვითომ სახელიც არ ახსოვდა მუშისა.

            - აკი ხუთშაბათია პატივცემულოთ, - მუშამ უპასუხა, გაჩერდა და ამას უყურა, აბა კიდევ რას მიბრძანებსო.

            დაეზარა არაუშანგის საქაღალდეში შემოწმება დღევანდელი ხუთშაბათობისა.

            - როგორც არის, ოღონდ იცოდე, ერთხელაც იქნება ცუდ გუნებაზე დაგიხვდები და ვერ გადამირჩები. გაგაგდებ იცოდე!

            სიბრიყვით დაჭყეტილი მიაჩერდა ალიჯემალი, ვერ მიუხვდა, რას ერჩოდა.

            - რადა ბრძანებ? კიდევ რომელი დავაშავე?

            - რა და, ცოცხი კარგად გამოუსვი. რამდენი ჭიანჭველა გამოივლის, ყველას რომ გზა დაუთმო, საქმე როდისღა გაკეთდება?

            - აა, მაგასა ბრძანებ? ეგ ჰო, როგორც მიბრძანებთ პატივცემულოთ.

            დაღუნა თავი ჭკუანაკლულმა, განაგრძო საქმე, მაგრამ ისევ ისე, სიფრთხილით: ცოცხით შემთხვევით ჭიანჭველა არაფერი გაიტანოს. გეგონება აღარც ახსოვდა შენიშვნა და საყვედური.

            უყურა არაუშანგიმ. რა უნდა უქნა ამისთანას? რანაირად შეაგნებინო? ვერც ვერანაირად. ოღონდ სხვა დროს გააგდებს: დღეს კაი გუნებაზეა, დღეს აკი ტურფამ გაუღიმა.

            - შენა და, - უკვე მოშორებით იყო, კიდევ დაუძახა ალიჯემალის - ღამღამობით როგორა გძინავს?

            გაჩერდა ჭკუანაკლული, არ მოელოდა ამისთანა კითხვას. ცოცხის ტარს დაეყრდნო, დაჭყეტილი თვალებით უყურა არაუშანგის და რაკი ნახა, ის მართლა პასუხს მოელოდა, მოფიქრებაც დაიწყო.

            - უჭმელი თუ ვარ, იმ ღამით სულ ვერ ვიძინებ პატივცემულოთ. აი, როგორ გამოდის ხოლმე ეს ამბავი, - მხრებიც აიჩეჩა, ემანდ ხომ ნამდვილად ამასა მკითხავდიო, არაფრით განგარისხეო?

            ხელი ჩაიქნია არაუშანგიმ, წავიდა ეზოდან. რა უნდა ელაპარაკო, აბა უჭმელობა რა შუაშია? ეს კაიკაცობაზე ეკითხება, სულის სიმძიმე-სიმსუბუქეზე, ის კიდევ რეებსა პასუხობს! ამისმა სულმა კი ამეების გაგონებაზე განგებ ხმამაღლა, განგებ ბოროტად გაიცინა, რაზედაც სხარტი და მყრალი პასუხი მიიღო არაუშანგისგან.

            სადილობამდე სულ შემოიარა თავისი გამგებლობა. გასინჯა, შეამოწმა ყველგან წესრიგი და გარემოება. დახედა სხვებსაც: მუშებს, ხელქვეითებს, ზოგი დალანძღა, ზოგს ვერ გაუბედა, საწყობ-საცავებში იმათი ნაქურდალი აზომ-აწონა და გამოიცნო დაკვირვებული თვალით, თავისი მოსაპარიც შეიგულა თითო-ოროლა. და დარჩენილ საათებს უკვე სუფევაში მოღვაწეობდა, სამუშაო მაგიდასთან. ფურცლებში შეჰქონდა სხვადასხვა საჭირბროტო ჩანაწერები. თან, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში თამთამარასა ფიქრობდა, იმისი ღიმილის გამოცნობასა და მომავალ გაგრძელებას.

            და ისევ, როგორც ძალიან ხშირად, იმ ოყლაყიძის ყოფნა აღიზიანებდა სუფევაში. ის ყოვლად ზედმეტი სულიერი გამოცხადებათა დახლთან ნახა ბოლოს, სადილის საათზე და ეს კი იმასა ნიშნავდა, რომ კარგა ხანს იქიდან ფეხს აღარ მოიცვლიდა. სუფევათა სადღეღამისო მცველი ეწოდებოდა ოყლაყიძეს, წვრილი იყო, გრძელი, მუდამ გატანჯული სახე ეჭირა და მუდამ არაფრის კეთება იყო მისი მოღვაწეობა. უცხვირპირო იყო, არავის უყვარდა. მოღვაწე ამხანაგები იცნობდნენ და ჩვეულებრივ ხმას არა სცემდნენ, მაგრამ თუ ვინმე შეცდებოდა და იმის დანახვაზე სალამს იტყოდა, ოყლაყიძე არამც პასუხს არ მოსცემდა, ამის მაგივრად კი მხოლოდ ყურადღებით მოაკვირდებოდა თავისი გატანჯული სახით და მზერას აღარ მოაშორებდა, ვიდრე მიმსალმებელი თვითონ არ გაეცლებოდა.

            და რაკი არაფრის კეთება ევალებოდა, შეეძლო მთელი დღე ერთ ადგილზე დაყუდებულს გაეძლო, თუმცა კი გატანჯული სახით. ამგვარად ატუზულა ახლაც გამოცხადებათა დახლთან.

            უკვე შინ წასვლა-წამოსვლის საათი ახლოვდებოდა საწერმაგიდებიან სუფევაში. როგორცა ჩანდა, დღეს ვეღარაფერი გამოვიდოდა. არაუშანგის უკვე ერთი სული ჰქონდა, ამაღამაც მალე გაეხადა სული, მალე ადვილად გაეთენებინა და დილით ისევ ეცადა ბედი.

            მაგრამ დახე საოცრებას! თვითონ მოეწვია ტურფა თამთამარა ამის სამოღვაწეო მაგიდას! ნეტავ რა ამბავი? რას მიაწეროს არაუშანგიმ ესოდენ იღბალი? კალამი ხელში გაუქვავდა, პირი დაღებული დარჩა, თვითონ მთლად ყურებად იქცა. თამთამარას სამუშაო წიგნი ეჭირა ხელში, ხმამაღლა გამოუცხადა არაუშანგის, სხვა ამხანაგების გასაგონად:

            - გამოცხადებათა დავთარში შეცდომა გამოგსვლიათ, უნდა გავასწოროთ. აი, ნახეთ, გუშინდელი რიცხვით.

            და გაშლილი დავთარი ცხვირწინ დაუდო. და სანამ არაუშანგი გონს მოვიდოდა, ტურფამ ჩურჩულით ჩაულაპარაკა:

            - აგერ ფურცელზე უკანა კარის მისამართი დაგიწერეთ, ხვალ საღამოს ხარჩო და არაყი მექნება. ოღონდ გვიან საათზე მოდით, ყველასგან უჩუმრად.

            თან გაშლილი დავთრიდან შეუმჩნევლად გამოაცურა პატარა ფურცელი მისამართით.

            - მმმ... - პასუხად აბლუყუნდა არაუშანგი - მე! როგორც მიბრძანებთ, პატივცემულოთ. აკი მე მუდამ კეთილსინდისიერად... მაშასადამე დავთარში.

            - მომავალში უფრო ფხიზლად იყავით, - ისევ ხმამაღლა, ისევ სხვების გასაგონად დაუბარა ტურფა თამთამარამ და სულაც მოურიდებლად გაუღიმა ნათელი გაღიმებით.

            გაზაფხულის მსუბუქ ნიავსა ჰგავდა იმისი გავლა, აყვავებული სურნელის ფრქვევას.

            და განა რაღა კალმით აიწეროს არაუშანგის გაოგნება და სიხარული? ადგა, დაჯდა, ჰალსტუკი შეიხსნა. პირი დახურა, საქაღალდე გახსნა, შიგ საიდუმლო მისამართი ჩადო, ამოიღო, ორად გაკეცა და გულის ჯიბეში ჩაიდო. თანდათანა ხვდებოდა ფრთების ამოსვლას საკუთარ ბეჭებში.

            „ცოლადაც მოვიყვან!“ აღტაცებული ამბობდა თავის თავში, უკვე შინ მისული. არ უვახშმია, სასწრაფოდ სული გაიძრო - მალე გათენდეს, მალე დაღამდეს, მალე ასრულდეს!

            ხვალ დილით საგანგებოდ ემზადებოდა არაუშანგი: დაბანილ თავზე სურნელოვანი წყალი დაისხა, ჰალსტუკის მაგივრად მეორე ჰალსტუკი გაიკეთა და შინიდან ჩვეულებრივზე ადრე გავიდა. სული ჩუმადა ჰყავდა ამ დილით, არაფერს ეკამათებოდა, არა წუწუნებდა, მხოლოდ თავისთვის ჩუმჩუმად ეცინებოდა იმისი ცანცარის შემყურეს. „აბა უყურე რა ყოფით დაფარფატებს,“ გულში ამბობდა, „ეხლა რა ველაპარაკო? გაუშვი, გაიხაროს სანამ ბედი უღიმის.“

            დაგრძელდა და მაინც გაილია მოღვაწეობის ის დღე. საღამოს გვიან საათამდე სუფევაში დარჩა არაუშანგი: აკი გვიან უნდა მიეწვიოს ტურფა თამთამარას. მარტო დარჩენილმა უყარაულა საათების დინებას და ბოლოს აუჩქარებლად დასტოვა საწერმაგიდის ოთახი, სამოღვაწეო სუფევა.

            ახლა გასასვლელ კიბესთან დაუხვდა ის უცნაური ოყლაყიძე. არაუშანგის თითქოს გაუხარდა კიდეც ამხანაგი: აკი სულ მარტომ იყურყუტა სუფევაში ბოლო რამდენი საათი. არემარე გაფენილი ცოცხალი საღამო ფართოდ და გემრიელად შეისუნთქა, ჯიბიდან პაპიროსის კოლოფი ამოიღო, ოყლაყიძესაც გაუწოდა.

            - მაშ პარასკებიც გაილია ოყლაყიძევ. შემოვრჩი, გესმის, ნარჩენი საქმეები იყო მოსამთავრებელი.

            არა პასუხობდა თანამოსაუბრე, მხოლოდ გაკვირვებული და გატანჯული სახით აკვირდებოდა ახლაც. ცოტა ხანს თავისთვის ფიქრობდა არაუშანგი.

            - ეგა და, მითხარი გეთაყვა, ღამღამობით როგორა გძინავს?

            კი ჰკითხა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, არ უნდა ეკითხა: გაახსენდა, აკი იმისი საქმე დღე და ღამე სიფხიზლე და უძილობა იყო, ძილისა იმას რა უნდა სცოდნოდა? აღარაფერი უთქვამს, არც მშვიდობა დაუბარებია, დაეშვა და იარა დარჩენილი პაპიროსის ხრჩოლვით.

            ცოტაოდენ უსიამო გრძნობა აჰყვა ამ საუბრიდან.

            გული უძგერდა და სული კი უჩუმრადა ჰყავდა ჩატრუნული ხორცის წიაღებში. უცნაურად მარტოდა გრძნობდა არაუშანგი, თავისთავში სულგაბუტული, და იმის სიმარტოვეს აყურადებდა სული. ცალკე იყო, მხარს არ უბამდა იმის აღტაცებას, ვერ გაიგებდი, რასა ფიქრობდა და როგორ გუნებაზე იყო.

            მაგრამ მარტო გზა გამოდგა ძნელი და უსიამო. ბოლოს და ბოლოს კი გამხიარულდა, განათდა და გაფერადდა საღამო. საწადელი და სანატრელი სინამდვილედ გაუხდა არაუშანგის. ახლოს ხედავდა ტურფა თამთამარას და უკვირდა იმისი სიკარგის უკიდეგანობა. დიდი კოვზითა ჭამდა ცხელ-ცხელ ხარჩოს, ლავაშს აყოლებდა, თვალს არ აშორებდა ქალს და ახალი თავისი თავის დანახვა უნდოდა ხვალიდან, დღეიდან, სულაც ამ საათიდან. ავხორცი დაუფლების მაგივრად გაკარგება უნდოდა თავის თავში. არაყი დალია, დაპირებული ლექსები უთხრა ზეპირად. ქონიანი პირი ქაღალდით მოიხოცა, კიდევ დალია არაყი, ფეხზე ადგა და სახეში ჩააკვირდა ტურფა არსებას. მეორე წუთში მკლავებში ჰყავდა და ზუსტად იცოდა: ყოფის ბოლომდე აღარც გაუშვებდა. „მაშინ ხომ სულის გახდაც აღარ დამჭირდება ხოლმე,“ ესღა გაახსენდა სულ ბოლო წამში, გაიფიქრა და გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო, რომ სული თვითონ დაუსხლტა და ამოუფრინდა, გამოეძრო.

            აკი შურისძიება ჰქონდა განზრახული და გადაწყვეტილი. უკეთესად გასამწარებლად საგანგებოდ შეურჩია ყველაზე მეტი აღტაცების საათი, როცა ყოფა და სულდგმულობა განსაკუთრებით ძვირფასი გაუხდა ცოდვილ და უბადრუკ არაუშანგის. ამაზე უკეთესს საათს ვერა ნახავდა სამაგიეროს გადასახდელად, დაჰკრა ფეხი სულმა და აღმოხდა, მიატოვა.

            გაოგნებული თვალს აყოლებდა მომაკვდავი გვამი საკუთარ თავის სულიერებას, ვერაგ ოინბაზს, ჰაერზე მონავარდეს. მუხლებზე დაეშვა, დამრგვალებული თვალებით ევედრებოდა:

            - ეხლა მკლავ შობელძაღლო? ეხლაღა, როცა რომ ყოფაში სიკარგე გამომიჩნდა? ეგეთი უსულგულო რა მერგე მე რომ ჩემი ბედი მოვტყან აგრემც! რისთვის? ძილის საათებისთვის? რა მნიშვნელობა აქვს ტომარაში ცალკე დაიძინებ თუ მძღნერებთან და კუილებთან ერთად, ჩემ მყრალ მუცელში? მაგისთვის როგორა მწირავ, ბიჯო?!

            მაგრამ ფეხებზე ეკიდა შობელძაღლს. ენას უყოფდა და ცხვირზე მიდებულ თითებს უფრიალებდა დაცინვად უკვე ბოლომდე გათავებულ და ჩამქრალ საკუთარ გვამს. დარდი არა ჰქონდა, უწონობაში მიუხაროდა, თავისუფლებაში.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE