გუსი - თეატრის კატა
გუსი კატაა, ხშირად ნახავთ თეატრის კართან,
და, თუ არ ვცდები, მითქვამს ადრეც: ამ ბებერ კატას
ასპარაგუსი ჰქვია ისე, მაგრამ რებუსის
თავი ვისა აქვს?! დავუძახოთ უბრალოდ გუსი.
ფერდებჩაცვენილს სიგამხდრისგან, ქათიბით ქაჩალს,
ძველი დამბლისგან სამახსოვროდ ცახცახი დარჩა.
სიჭაბუკეში ცეცხლს აფრქვევდა, ახლა კი მისხლად
არ მოგაგონებთ ვირთაგვების უწინდელ რისხვას.
ეჰ, აღარ არის ის, ვინც იყო, იცის თვითონაც,
თუმც, როგორც ამბობს, ერთ დროს მასზეც კატა ითქმოდა.
და თუკი კლუბში (მეზობელი ლუდხანის უკან)
მეგობრებს ხვდება, რათა ერთად გატეხონ ლუკმა,
ის გაიხსენებს, თუ ვინმე სხვა უმასპინძლდება,
დროს, როცა ყველას პირს ეკერა მისი დიდება,
რომ მსახიობი ბრძანდებოდა უმაღლეს ლიგის,
რომ თამაშობდა თვით ირვინგთან და თრისთან იგი,
რომ დიდ სცენებზე წარმატება ჰქონდა ისეთი,
,,გელერიმ“ შვიდჯერ გააბრუა კატპლოდისმენტით.
მაგრამ მთავარი მისი როლი - რაც იქცა ზღაპრად -
იყო აფერუმაფერისტი - აფრათაზაფრა.
იტყვის: ვფიცავ, თუ ვამატებდე ანდა ვაკლებდე -
სამოც მონოლოგს წყაროსავით ვარაკრაკებდი.
ფრთიან რეპლიკებს ყოველ მხარეს ვფანტავდი უხვად
და ბნელ სცენაზეც არასოდეს მოვჩანდი რუხად.
ვათამაშებდი მრავლისმთქმელად კუდს და ხერხემალს,
არ მღალატობდა არც გუმანი, არც მოხერხება.
სალი კლდის გულსაც დავადნობდი ჩემი აქცენტით
და თუნდ მცირე როლს უცებ მთავარ როლად ვაქცევდი.
ეს მე ვეჯექი სასთუმალთან საბრალო ნელის,
მე ჩამოვკარი ზარი, ომის მაუწყებელი.
არც პანტომიმის სეზონებზე ვწოლილვარ ზანტად -
უიტინგტონის მე შევცვალე ცნობილი კატა.
მაგრამ მწვერვალი ჩემი ნიჭის - ტაში და დაფნა -
იყო აფერუმაფერსიტი - აფრათაზაფრა.
მერე, თუ ვინმემ უწყალობა ჩარექა ჯინი,
მოყვება, როგორ გაიბრწყინა ერთხელ ,,ისტ ლინის“
დადგმაში. როგორ დაამშვენა დრამა შექსპირის,
რომელშიც კატას ეფერება მთავარი გმირი.
უთამაშია ვეფხვიც - მხეცი გაუგონარი -
წყალსაცავში რომ ჩაიტყუა მისტერ მორანი.
ჰყვება იმასაც, როგორ გაჰყვა უწვრილეს ბაწარს,
გადაარჩინა თოთო ბავშვი ხანძარში დაწვას.
აგრძელებს ოხვრით: ,,მსახიობის ძველი ზნეობა,
წაიღო იმ დრომ, ვიქტორია როცა ზეობდა.
თანამედროვე კნუტი უკვე მცირედით ხარობს,
რგოლში თუ გახტა, ტაშს უკრავენ - არტისტი ხარო“.
თან ბრძნულად მსჯელობს, თანაც იფხანს - სხეული ეწვის:
,,აფსუს, დაკარგა ახლანდელმა დადგმებმა პეწი.
თეატრი, უწინ რომ ყვაოდა, უკვე სულს ღაფავს,
მას უღიმღამო არტისტებიც უთხრიან საფლავს
ან ვის ეყოფა ახლა ვნება
თუ ხელოვნება,
შექმნას აფერუმაფერსიტი აფრათაზაფრა.”
ბასტოფერ ჯონსი - ქალაქელი კატა
ბასტოფერ ჯონსი, რომ იტყვიან, იხრჩობა ქონში,
ზედვე ეტყობა, რომ არ უწევს მარხვის ატანა.
მომლხენს და გამრთობს, რვა-ცხრა კლუბი უღებს კარს ფართოდ,
რამეთუ იგი სენტ ჯეიმსის ქუჩის კატაა!
თავს ვუკრავთ ყველა მოწიწებით, როდესაც რწევით
ჩაივლის ქუჩას შავ პალტოში გამოკვართული.
უბრალო ცინდლებს თვალს უყენებს მისი წინდები
და თავდაჭერა მედიდური და დიდკატური.
მთელ სენტ ჯეიმსზე უკეთეს დოსტს ვერსად შეიძენ,
ვიდრე ის არის - საკატეთის დენდი და ბოსი -
ჩვენც გულს გვიფონავს, უფრო მეტიც - თავსაც გვიქონავს,
თუნდაც მცირედი ყურადღება ბასტოფერ ჯონსის.
ერთ-ორჯერ თვეში კლუბ ,,უმაღლეს სასწავლებელში“
თავჩაღუნული ის უკანა კარიდან შედის,
რადგანაც ნებას - დაეწაფოს იქ განათლებას -
არ აძლევს წესი ,,სიბრძნის სკოლის“ მუყაით შეგირდს.
იმავ განრიგით ნადირობის სეზონზე იგი
არ სწყალობს ,,მწევარს“, ,,დათვის თათის“ შესასვლელს ეძებს;
თუ სურს, რომ გულით მოილხინოს, ,,თეატრს და კინოს“
ესტუმრება და მუსრს გაავლებს ხამანწკის კერძებს.
მყვირალობისას მიაკითხავს ,,გულად მოისარს“
და ირმის ნეკნებს გაადინოს წვენი ეგება,
მერე შეუვლის ,,მამალ ფუტკარს“, ერთ-ორს ჩაურტყამს
და შუაღამეს ვალმოხდილი შეეგებება.
თუკი იჩქარის, ესე იგი ინდური კარით
უმასპინძლდება ,,სიამი“ ან ,,მოთხვრილი დინგი“
და შუბლს თუ არ შლის, ესე იგი ,,ცივ აკლდამაში“
აკმარეს გუფთა, კომბოსტო და ბრინჯის პუდინგი.
ამგვარი დენით ბასტოფერის ცხოვრების დღენი
ილევა ხან ერთ, ხან მეორე კლუბში ტლიკინით,
და არ გადავთქვამ, თუ ვიტყვი, რომ ასე თვალდათვალ
ის იბერება და მრგვალდება სავსე ტიკივით.
უკვე გადასცდა თხუთმეტ კილოს, სულო ცოდვილო,
და ეგ რა არის?! ჭამას უფრო უმატა, ვფიცავ,
თვითონ კი გვიტევს: ,,ასე კოხტა შემოვრჩი მიტომ,
რომ კვების რეჟიმს სიყრმიდანვე ბეჯითად ვიცავ.“
,,წყალს კი არ ვნაყავ, სიკვდილამდე დრო ასე გამყავს,“ -
ეს სიტყვებია კატათაგან ყველაზე სქელის.
და იცის ჯონსმა, ვიდრე თეთრი წინდები მოსავს,
მის გამოჩენას, ვით გაზაფხულს, პელ-მელი ელის.
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა