მარი, რომელიც აცინებს, იმიტომ, რომ ცხოვრება სევდიანია


მარი, რომელიც აცინებს, იმიტომ, რომ ცხოვრება სევდიანია




ერთხელ დედამ უთხრა,  რომ 9 აპრილს მან და მამამ მაგრად იჩხუბეს, რადგან მამა მარტო წავიდა და დედა არ წაიყვანა, და არ წაიყვანა იმიტომ, რომ დედას მუცელში მარი ეჯდა. მარის და  კი თვეების იყო. მერე, როგორც კი 1990 წელი დადგა, მარი დედამისის მუცლიდან გამოვიდა და დახვდა არეული დრო და არეული ქვეყანა. ასე იწყება მარი ბექაურის ამბავი. თანამედროვე პროზაიკოსის, რომლის სულ ახალი წიგნი „ანას მომენტი“ ჯერ ისევ ცინცხალია. დიდი სასაცილო გოგოა ეს მარი, პეპისნაირი. სანამ თავის წიგნებს დაწერდა, ერთხელ მისგან პირადი შეტყობინება მივიღე - მეტროში ერთი ყვითელი შუზები შემიყვარდა, ზედ დავაკვდი და ვუყურებდი, თვალი რომ ავაყოლე მის პატრონს, შენ შემრჩი ხელშიო - მგონი, ამით დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. და განწყობა კიდევ, ადამიანის მიმართ, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს, მე თუ მკითხავთ. მარიმ რომ აქტიურად წერა დაიწყო, მე მისი კითხვა დავიწყე და მივხვდი, რომ თუ ეს გოგო წერას არ შეწყვეტდა, აუცილებლად დაწერდა ისეთ წიგნს, რომლის გვერდზე გადადების სურვილი არ გამიჩნდებოდა - მუხტიანს და ნაღდს. უფრო სწორად, ისეთს, როგორიც თვითონაა.

 

„მე დავიბადე ქალაქში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ესროდნენ და პური არ იყო. იცი, რა არის ჩემი სულ პირველი მოგონება? ღამეა. მე, ჩემს დას და დედაჩემს ერთად გვძინავს და კარზე საშინელი ბრახუნია. დედა გიჟივით წამოხტება და კარისკენ გარბის. მე და ჩემი და შეშინებულები ვეფარებით ოთახის კარს, და უცნობ კაცებს სახლში სისხლიანი სხეული შემოაქვთ, ტახტზე დებენ, დედაჩემი ტირის, ის კაცები დედაჩემს რაღაცას უხსნიან და მიდიან, და მე ვუყურებ ამ სისხლიან სხეულს და ვხვდები, რომ მამაჩემია... მამაჩემი აფხაზეთში იბრძოდა“.

მაშინ მარი სამი წლისაც არ იყო. დაჭრილს პირველად ხედავდა. დღესაც ამ კითხვას სვამს, პირდაპირ სახლში რატომ მოიყვანეს?  არც არასდროს უკითხავს, რადგან ამბობს, რომ არსებობს კითხვები, რომლებსაც ვერ სვამ, ძნელია.

„საერთოდ, ძნელი იყო ჩემი ბავშვობა, ისევე, როგორც ჩემი თაობის ადამიანების ბავშვობა. მამას თავისუფლების სჯეროდა. მე დღემდე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ისე უყვარდეს თავისი ქვეყანა, როგორც მამაჩემს და მამა ყველგან მიდიოდა, სადაც ამ ქვეყნის დაცვა ხდებოდა საჭირო. დედაჩემი კიდევ, სამგან მუშაობდა და როცა სახლში ბრუნდებოდა, „ვეფხისტყაოსანს“ გვიკითხავდა სანთლის შუქზე. ეს არასდროს დამავიწყდება და ვერასდროს ვერცერთი წიგნი ვერ იქნება ჩემთვის ისეთი ჯადოსნური, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დროის მიუხედავად, ჩვენთვის განათლება მოეცათ და სწორ ადამიანებად გავეზარდეთ. პირველად „პინკ ფლოიდი“ მამაჩემმა მომასმენინა, მამაჩემმა მასწავლა ჯაზი და ის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პიროვნული თავისუფლებაა. ყოველთვის მიმეორებდა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ და მეც არასდროს მქონია განცდა, რომ ვინმეზე ნაკლები ვარ იმის გამო, რომ ქალი ვარ, და ეს, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია“

არ ვიცი, რწყავდა თუ არა წვიმაში ყვავილებს, მაგრამ თურმე იმდენად ცელქი იყო, რომ  ბავშვობის ნაიარევები დღემდე დარჩა მუხლებზე, ნიკაპზე, იდაყვებზე. სულ დარბოდა, ხეებზე ეკიდა. ბაღში ერთი თვე იარა და მერე გამოიყვანეს. ვერ ძლებდა. ახლაც ასეა -  ვერ ძლებს რაღაც ადგილებში და მიდის. იმიტომ, რომ შეგუება არ შეუძლია.

„ჩემი ბავშვობის ფოტოებში ძირითადად სულ თეთრები მაცვია, თვითონაც ძალიან თეთრი, მსუქანი და სასაცილო ვიყავი. როცა ბავშვობის ფოტოებს ვათვალიერებ, ყოველთვის მეღიმება და მეტირება ერთდროულად... კიდევ რა იყო... ხო, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ვაჟა-ფშაველა, ესეც, ალბათ, მამაჩემის გავლენით. შვიდი წლისამ „სტუმარ-მასპინძელი“ ზეპირად ვისწავლე. თუმცა, წიგნის სამყარო მაინც „გრაფი მონტე-კრისტომ“ აღმომაჩენინა. 12 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე და იმ მომენტიდან ნამდვილ წიგნის ჭიად ვიქეცი“.

არის რამე, რაც გაგიკეთებია სწორედ მაშინ, როდესაც პატარა იყავი და რამაც მაშინვე გამოკვეთა შენი ხასიათი? - ვეკითხები.

„მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მე და ჩემმა კლასელმა ფანჯრიდან ტომარამოკიდებული ბავშვები დავინახეთ. ტომრები ბავშვებზე დიდი იყო. მაშინვე გავიქეცით და ამბები გამოვკითხეთ. საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მშობლები სვამდნენ, ამათ არაფერი ჰქონდათ, ხუთი და-ძმა იყო და ერთმანეთის გადარჩენას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი მერე გავიგე. მანამდე კი, მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, მასწავლებლის მაგიდაზე ყულაბა დავდგი და კლასს გამოვუცხადე, რომ ამ ბავშვებისთვის ფული უნდა შეგვეგროვებინა. მახსოვს, რომ გაბრაზებული ვლაპარაკობდი. გაბრაზებულმა შევაგროვე ფული და გაბრაზებულმა მივუტანე. ეს ჩემი ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანია. როცა მტკივა, ვერ ვტირი, ვერ ვწუწუნებ, ვერ ვაღიარებ და ყოველთვის გაბრაზებული ვლაპარაკობ“.

რაც ზუსტად იცოდა და ზუსტად ახსოვს,  ყოველთვის უნდოდა, მწერალი გამოსულიყო. - და ახლაც იმას ვცდილობ, მწერალი გამოვიდეო, - ამბობს მარი. კარგად სწავლობდა, მაგრამ სკოლა არ უყვარდა. მასწავლებლები კი ყოველთვის ამბობდნენ, რომ გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ამის გამო ბავშვებიც ხშირად ისე უყურებდნენ, თითქოს უცხოპლანეტელი იყო.

„ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი მიდრეკილება მარტოობისკენ, აქედან მოდის. ძალიან სოციალური ვარ, ადვილად შევდივარ კონტაქტში ადამიანებთან, მაგრამ აბსოლუტურად ყველასთან რაღაც დისტანცია მაქვს, რომლის იქითაც ვერ ვუშვებ ადამიანებს... თუმცა, ყოველთვის მემახსოვრება ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ზოია შენგელია და ყოველთვის სადღაც დამრჩება სინანული, რომ მათემატიკას არ გავყევი, რადგან ახლაც მგონია, რომ ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ცხოვრებაში მქონია, - მათემატიკის ნიჭი იყო.

მერე გაჩნდა ისეთი მარი, რომელმაც წერა დაიწყო: 5 წლის იყო და როგორც ბევრმა, ლექსით დაიწყო: ლექსი კი იყო ასეთი:  „ჩვენს საყვარელ ნაძვის ხეს ფიფქები ჩამოუყრავს, მაგრამ საოცარი - კაცი მოუკლავს“. ამაზე იდიოტური და აბსურდული წაგიკითხავს რამე? მეკითხება  მე - არა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ წერამ გადამარჩინა. წეღანაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ჰოდა, წერს. ყველა სიმძიმე, რაც ცხოვრებაში მხვდებოდა, მერე ტექსტის სახით გამოდიოდა ჩემგან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ამბებზე ტრაგიკულად ვყვებოდე. „სამხრეთის უბანში“ სასაცილოდ აღვწერ იმ ამბავს, როგორ იპოვა გაეროს ვერტმფრენმა ფეხმოტეხილი მამაჩემი საზღვარზე... თუმცა, ახლა, როცა უკვე გავიზარდე, წერა ჩემთვის, თერაპიის ნაცვლად, უფრო სოციალურ თემებზე და პრობლემებზე საუბრის საშუალებად იქცა, იმაზე საუბრის საშუალებად, რაც მაწუხებს და რასაც რეალობაში ვერ ვცვლი... „ანას მომენტამდე“ მე მგონი ჩემი ყველა გმირი რეალური იყო. პერსონაჟები ხდებიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე კონკრეტულ მომენტში შთაბეჭდილებას ახდენენ. მაგალითად, ერთ-ერთი გმირი გახდა დილის 6 საათზე, აივნიდან შემთხვევით დანახული ბიჭი, რომელმაც ქუჩაში ვიღაცის დატოვებული ლუდის ბოთლი აიღო და მოიყუდა. და მე რაც შემეხება, ისევ და ისევ „ანას მომენტამდე“ ძალიან დიდი დოზით ვიყავი ჩემს ტექსტებში, რადგან, როგორც ვთქვი, აქამდე წერა ჩემთვის თერაპიის საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ანა ნაკაშიძე საკუთარი თავისგან გამოვიგონე“.

ამაზე გამახსენდა, ფეისბუკზე ვლაპარაკობდით ლიტერატურაში კომპრომისების შესახებ - მე ვამბობდი, რომ ლიტერატურას კომპრომისი არ სჭირდება, ყველაფერი ისე უნდა დაწერო, როგორც მოდის-მეთქი, თქრიალით. სხვა ამბობდა, რომ რატომაც არა, საჭიროა და ხელოვნებაც ეგ არის, სადავეები ხელში გეჭიროსო. მარისაც ვკითხე:

„ჩემთვის არ არსებობს კომპრომისი ლიტერატურაში. მე ყველაფერს ისე ვყვები, როგორც მოხდა, როგორც აღვიქვამ, როგორც ვგრძნობ. შიშველი ვარ. არასდროს არ დავმალავ რამეს მკითხველის შიშით, ან იმის შიშით, რომ ვინმე ნაცნობი პერსონაჟთან გამაიგივებს. გამაიგივოს, მერე რა? თუ რაღაცას არ ვიტყვი, დავმალავ, გამოვა, რომ ვიტყუები, მე კიდე არ მიყვარს არც ტყუილი და არც სიყალბე. პირიქით, ლიტერატურა მგონია საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ სინამდვილეზე გულწრფელად ილაპარაკო“.

როცა წერას იწყებს, ხან სათაური ჩნდება, ხან გმირი, ხან ვიღაცის გაკეთებული შემთხვევითი მოქმედება, რომელსაც იმახსოვრებს. ყველაფერი მაინც განწყობების ამბავი მგონიაო. მე კი მაინტერესებს, თუ არსებობს ისეთი მწერალი მარისთვის, ვისნაირად წერაც სულ უნდოდა და დღესაც ასეა? არის ასეთი წიგნიც და მწერალიც - მარის სიყვარული ლათინურ ამერიკაშია. „მარტოობის ასი წელი“ მე რომ დამეწერა, ალბათ, ყველაზე ბედნიერ ადამიანად მოვკვდებოდიო.

ერთი პერიოდი წიგნის მაღაზიაში მუშაობდა. წარმოიდგინეთ ბევრი წიგნი, მყიდველი, რომელსაც წიგნებზე ელაპარაკები და კიდევ ბევრი დრო - საკითხად:

„ამ პერიოდმა ჩემზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა. „დიოგენეში“ მეხუმრებოდნენ ხოლმე, წიგნებს კი არ კითხულობ, ჭამო. იქ მუშაობა, პირველ რიგში, ნიშნავდა საშუალებას, მეკითხა ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. დღეში 8-9 საათს ვკითხულობდი. მერე მხედველობის პრობლემები გამიჩნდა და ექიმმა მაქსიმუმ 1 საათზე მეტ ხანს კითხვა ამიკრძალა. რა თქმა უნდა, კითხვის დრო არ შემიმცირებია და ისევ 9 საათს ვკითხულობდი, თუმცა, ვაღიარებ, რომ ყველაზე მეტად დაბრმავების მეშინია.

წიგნზე გამოხმაურებები ყველაზე მეტად მის ავტორს ამახსოვრდება. რატომღაც მგონია, რომ ინდიფერენტული ავტორი არ არსებობს, ვისაც აბსოლუტურად არ აინტერესებდეს, მასზე რას იტყვიან.

 „ანას მომენტი“ რომ გამოვიდა, ბევრი წერილი მივიღე უცნობი ადამიანებისგან, რაც ძალიან მიხაროდა. მწერდნენ, რომ მაგარი მწერალი ვარ, ქართველი ვირჯინია ვულფი ვარ და ასე შემდეგ, რის დასაჯერებლადაც ამპარტავნება არასდროს მეყოფა. თუმცა, ერთმა გოგომ მომწერა, რომ მე ძალიან მართალი და ადამიანური ვარ და ალბათ, საუკეთესო კომპლიმენტიც ეს იყო... რაც შეეხება კრიტიკას, ახლა ანიკო ჭაბაშვილი და შოთა იათაშვილი მახსენდებიან, ვისგანაც ჩემი მისამართით კრიტიკა მომისმენია. მაგრამ კრიტიკა არასდროს მწყენია. შევამჩნიე, რომ ქართველი ავტორები კრიტიკას თითქმის ყოველთვის პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ, რაც დიდი შეცდომაა. მე პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ აზრს გულწრფელად გამოთქვამენ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა. ეჭვი არ შეგეპაროთ, საკუთარ ტექსტზე სხვისმა აზრმა რომ დამაინტერესოს, პირველს ანიკოს და შოთას მივაკითხავ, იმიტომ, რომ რეალობის ცოდნა გეხმარება, გაიგო, რას აკეთებ კარგად და რას - ცუდად, მერე კი ეს ცუდი გამოასწორო“.

თავის წიგნებს შორის ჯერჯერობით ყველაზე კარგი „ანას მომენტი“ ჰგონია, ყველაზე „მისი“ - „მეორე მხარე“ და ყველაზე საყვარელი - „სამხრეთის უბანი“. ყოველთვის გრძნობს, როცა რაღაც არ გამოდის და თუ ტექსტი არ არის ისეთი, როგორიც უნდა, ეგრევე შლის. აი, მაგალითად, „მეორე მხარეში“ ქვინის ეპიზოდი მილიონჯერ დაწერა თავიდან, სანამ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდოდა ყოფილიყო.

მაგიური რეალიზმი და ანტიკური ლიტერატურა მარი ბექაურის სუსტი წერტილებია. წელიწადში ერთხელ მაინც კითხულობს ხოლმე „ილიადას“, რომელიც მისთვის, როგორც ამბობს „ლიტერატურის ბიბლიაა“. ანტიკური ისტორია და მითოლოგია ღრმა ბავშვობიდან უყვარდა. მეოთხე თუ მეხუთე კლასში იყო, როცა რვეული აიღო და ძველი რომის და საბერძნეთის ისტორიიდან ყველა ის ფაქტი ჩამოწერა,  რომელიც განსაკუთრებით იზიდავდა. არ უყვარს  ფენტეზი და ფანტასტიკა.

ახლაც წერს:

„ახლა ვმუშაობ, ალბათ, ყველაზე მართალ წიგნზე, რომელიც დამიწერია. ეს წიგნი „ანას მომენტის“ სერიის წიგნი იქნება - არა ანა ნაკაშიძის ამბის გაგრძელება, არამედ სრულიად ახალი ისტორია, სადაც „ანას მომენტიდან“ პოლიციელის პერსონაჟი გადმოვა. ცოტათი გაფანტული წიგნი იქნება, როგორც ვწერ კიდეც, თუმცა დასასრულს ყველა ამბავი შეკოწიწდება და მკითხველიც მიხვდება, რატომ ჰქვია წიგნს „ილუზიის თამაში“. დარწმუნებული ვარ, ყველა მწერალს აქვს გონებაში ცხოვრების „მთავარი წიგნი“ და მეც ასე ვარ. თუმცა, არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ეს „მთავარი წიგნი“. ნიჭის გარდა კი, ძალიან, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. თუ არ იშრომებ, არაფერი გამოვა.

ისევ ბოლოს გამოსულ მის წიგნს მივუბრუნდეთ - სანამ წიგნი ახალია, მასზე ლაპარაკიც საჭიროა. უფრო სწორად, ცოტა მეტი ლაპარაკი. აი, როგორ იწერებოდა და რა გახდა ამ წიგნის დაწერის მთავარი ბიძგი:

„რუსულის გაკვეთილები“, ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი, სადაც ვხედავთ, რომ BBC ქართველ შვილმკვდარ დედას წარმოაჩენს ოს ქალად, რომელსაც ქართველმა ჯარისკაცებმა შვილი მოუკლეს. ამან ისე გამაცოფა, რომ BBC-ის წერილიც მივწერე, თუმცა, პასუხი, რასაკვირველია, არ მომსვლია. ჰოდა, წიგნის იდეა იმ უსამართლობიდან გაჩნდა, რომელსაც ჩვენდამი სჩადიან, პირველ რიგში, რუსეთი, რომელიც ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. იცი, მამაჩემს არ უყვარს წარსულზე ლაპარაკი და ერთადერთი, რაც აფხაზეთის ომზე უთქვამს, ისაა, თუ როგორ ცეკვავდნენ მთვრალი რუსი ჯარისკაცები ქართველი 16-17 წლის ბიჭების გვამებზე, და მე ვკითხულობ: რა უნდა იყოს ამაზე ძნელი ამბავი? რუსეთი დამნაშავეა. რუსეთი დამნაშავეა ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის და პირადად ჩემ წინაშე. ერთხელ თაბუკაშვილზე ტაქსიში ჩავჯექი და ცოტა ხანში შევნიშნე, რომ მძღოლს ერთი ფეხი არ ჰქონდა. აღარ მახსოვს, რანაირად დავიწყეთ ლაპარაკი, მაგრამ მითხრა, რომ ფეხი აფხაზეთში დაკარგა. ამ კაცს ვუყურებდი და სიკვდილი მინდოდა. ისევ ვკითხულობ: რა უნდა იყოს ამაზე ძნელი ამბავი? ამ კაცზე ძნელი ამბავი, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა და მერე ასე, ცალფეხიანი ტაქსაობს, რომ საჭმლის ფული იშოვოს. ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, იმ მძღოლს დავპირდი, რომ აუცილებლად დავწერდი წიგნს, სადაც ვილაპარაკებდი არა პათეტიკურად და სიტყვების ყალბი რახარუხით, როგორც ეს სადღეგრძელოების თქმისას გვჩვევია, არამედ სინამდვილეზე, უსამართლობაზე, რომელიც მამაჩემს, ამ კაცს და მათ თაობას დაემართა, უსამართლობაზე, რომელსაც ვერ ვცვლით და ისღა დაგვრჩენია, წიგნებში მაინც ვილაპარაკოთ“.

ყველაზე სასაცილო ამბებს მაშინ ჰყვება, თუ დათოს ახსენებს. დათო მარის ქმარია.

„ზუსტად ვიცი მომენტი, როცა დათო შემიყვარდა. „ელვისიდან“ გამოვედით, სხვებიც იყვნენ და დათომ ზურგზე მომიკიდა და ფილარმონიასთან მარბენინა. მაშინ მსუქანი ვიყავი და ამხელა გმირობის ფონზე, შემიყვარდებოდა, აბა, რას ვიზამდი... ხო ხედავ, ეს მომენტიც სასაცილოდ მოვყევი. მაგრამ სერიოზულად: დათო ძალიან კეთილია და ძალიან მშვიდი. მისი სიმშვიდე კი ჩემს ბობოქრობას აწონასწორებს. ერთ წამში შემიყვარდა, როგორც მიყვარდებოდა ხოლმე ყოველთვის. მე იმის ნახევარი არ მჯერა საკუთარი თავის, როგორც დათოს სჯერა ჩემი და იცი, ეს ძალიან მაგარია, იმიტომ, რომ ეს არის ძალა, რომელიც დაცემის მომენტებში გეხმარება. დათო ძალიან მიწყობს ხელს. როცა ვწერ ხოლმე, სხვანაირი ვხდები, რეალურ ცხოვრებაშიც ვიცვლები. უფრო სწორად, თითქოს რეალური ცხოვრებიდან გავდივარ და რაც აქ ხდება, წესიერად ვერც აღვიქვამ. იმ ამბავში ვარ, რომელსაც ვიგონებ. დათოს ეს ძალიან კარგად ესმის. არასდროს ცდილობს, ამ რეალობაში შემოვიდეს, რადგან იცის, რომ ეს მხოლოდ ჩემია. სამაგიეროდ, მერე ჩემს გამოგონილ ამბებს კითხულობს და გულწრფელად მეუბნება, რა მოსწონს, რა - არა და რისი შეცვლა იქნებოდა უმჯობესი. როცა „ანას მომენტს“ ვწერდი, შემჭამა. წიგნმა ისე ჩაითრია, საღამოს სახლში გიჟივით მორბოდა ხოლმე, რომ ახალი თავი წაეკითხა. ასეთი ქცევით, ფაქტობრივად, მაიძულებდა, დღეში ერთი თავი მაინც დამეწერა“.

ბოლო დროს სულ რაღაც კინოზე და სცენარებზე პოსტავს. სამსახურზე. სამსახურებზე. მე სულ მაინტერესებს, რას აკეთებენ მწერლები, როცა არ წერენ. როგორია მათი რუტინა. შეიძლება, ჩემსას ვადარებ ხოლმე.

„სამსახურებში ყოველთვის მიმართლებდა. ყოველთვის ძალიან კარგ ადამიანებთან ვმუშაობდი და ახლაც ასეა. ადამიანები კი ძირითადი ფაქტორია, რაც მაყვარებს ან პირიქით - არ მაყვარებს სამუშაო გარემოს, რადგან კარგი ადამიანები ჩემთვის კომფორტის ზონას ნიშნავს. ამჟამად კინოს საინფორმაციო საიტის - Cinemania.ge-ს რედაქტორი ვარ, ყოველდღიურად უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვიგებ, ვწერ სტატიებს და ვმუშაობ მართლა საოცარ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მალე იქცნენ ჩემს მეგობრებად.

შენი თავი პენსიონერი როგორ წარმოგიდგენია?  არ ვიცი, რატომ გადავახტი წლებს, მაგრამ ვკითხე და დიალოგის რეჟიმში გავაგრძელეთ:

„მგონია, რომ პენსიონერიც სულ წიგნებს ვიკითხავ (თუ არ დავბრმავდი) და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე უბრალო და უშუალო ვიქნები, როგორიც ვარ“.

შენ ამბობ ერთ ვიდეოში, რომ ძალიან ბევრს ვზრუნავთ იმისთვის, რომ გვქონდეს კარგი ტელეფონი და სახლი, გვყავდეს კარგი მანქანა, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ უფრო ადამიანურებიო - რას ნიშნავს შენთვის ეს ადამიანურობა?

იცი, მე ხშირად ვაცინებ ადამიანებს. ვაცინებ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახალგაცნობილ ადამიანებს, უცნობ ადამიანებს, ვაცინებ მარკეტში მოლარეებს, ვაცინებ ონკოლოგის კაბინეტთან რიგში მდგომ ადამიანებს და ვაცინებ იმიტომ, რომ ცხოვრება სევდიანია. მე ვიცი, რას გრძნობენ ქალები, რომლებიც ექომამოგრაფიით ხელში ექიმის კაბინეტთან დგანან, ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ; რას გრძნობს მოლარე, რომელსაც რიგში მდგომი 40 ადამიანი თავზე დასჩხავის. ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. ეს ყველაფერი მე თვითონ გამოვცადე და ზუსტად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ჩვენ ხშირად საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვხედავთ, რაღაც უაზრო მიზნები გვაქვს - გვგონია, რომ ძვირადღირებული მანქანა ან სახლი გაგვაბედნიერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ უაზრო მიზნებისკენ სწრაფვაში კი ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც ექომამოგრაფიით ხელში ექიმის კაბინეტთან დგანან, ბავშვებს, რომლებსაც დაგლეჯილი ფეხსაცმელი აცვიათ, მაღაროელებს, რომლებიც ყოველდღე სიკვდილზე მიდიან და მათი ხელფასი 300 ლარია. ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხედავთ და შესაბამისად, არც ვცდილობთ, მათთვის რაიმე გავაკეთოთ.

რა არის ის, რაც ყველაზე ხშირ და დიდ პროტესტს იწვევს?

ჩაგვრა - ნებისმიერი სახის და ნებისმიერი ფორმით. თუ პირადად ვესწრები ფაქტს, სასტიკად ვბრაზდები და აუცილებლად ვრეაგირებ.

ბარიკადებზე დგომა თუ გიზიდავს? რომელი იყო ბოლო აქცია, თუ არის ასეთი, სადაც წახვედი და რაღაც გააპროტესტე?

აქციებზე არასდროს დავდივარ. აგორაფობია მაქვს და ამის გამო ვერც აქციებზე, ვერც მაგალითად - მუსიკალურ ფესტივალებზე და კიდევ ბევრ სხვა ადგილას ვერ ვჩნდები, ვგულისხმობ ისეთ ადგილებს, სადაც სივრცე დიდია და ხალხი - ბევრი. მომენტალურად პანიკის შეტევა მეწყება. თუმცა, არასდროს ვერიდები, დავაფიქსირო ჩემი აზრი რაიმე საკითხთან მიმართებით, რადგან ისევ და ისევ მგონია, რომ ყველაზე მთავარი ღირებულება სიმართლეა.

შენ და კორტასარი - როგორ არ გკითხო. მომიყევი ამ სიყვარულზე პირველი შეხებიდან მის საფლავზე ჩასვლამდე - როგორ იყო ეს ამბავი და რატომ მაინცდამაინც ის?

17 წლის რომ ვიყავი, თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ერთი ბიჭი გავიცანი, შემთხვევით. მერე ძალიან ბევრი ვიარეთ და როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, ამ ბიჭმა მითხრა, რომ აუცილებლად წამეკითხა კორტასარი. სახლში რომ დავბრუნდი, მოვძებნე და რადგან მოთხრობების კრებულს „მდევარი“ ერქვა, პირველი სწორედ ეს მოთხრობა წავიკითხე. როცა იმ მომენტს მივადექი, სადაც ჩარლი პარკერის პერსონაჟი ნაგვის ურნებზე წერს, მივხვდი, რომ აღმოვაჩინე კაცი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა. კორტასარი ჩემი მწერალია - ყველაფერი, რასაც ის ხედავს, რასაც გრძნობს, როგორც გრძნობს, ჩემთვის ძალიან ნამდვილია. კორტასარის პერსონაჟები მუდმივად ძიებაში არიან, სჯერათ, ან უნდათ, სჯეროდეთ, რომ ცხოვრება მარტო ეს არ არის, რაც არის. აი, „კლასობანაში“ ერთი მომენტია, როცა ტრეველერი და ორასიო რაღაც ფილოსოფიურ თემაზე საუბრობენ და უცებ ორასიო ტრეველერს აცინებს და ყოვლად სულელურ რაღაცას ეუბნება, ძალიან ჩვეულებრივს და ყოველდღიურს, და ეს მართლა ასეა ცხოვრებაში. ჩვენ ასე ვლაპარაკობთ, ასე ვგრძნობთ - ქაოტურად, ასე გვჯერა რაღაცების, და ასე ვკარგავთ რწმენას, ასე ვართ მარტოები და ამის აღიარების ასე გვრცხვენია. მე პარიზში, კორტასარის ასი წლის იუბილეზე, მის საფლავზე გავაცნობიერე - მთელი ჩემი გონებით და სხეულით, რომ მოვკვდები, დავმთავრდები და ამის ასე შეგნებული გაცნობიერება ცოტათი უცნაურ შეგრძნებას ბადებს. მაგრამ მე საკუთარი სიკვდილის ფაქტი მიღებული მაქვს და არ მეშინია. მხოლოდ ის მინდა, რომ სრულყოფილად შევიგრძნო ცხოვრება, როგორც ეს კორტასარმა გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ გააკეთა და მგონია იმიტომ, რომ სრულყოფილად რომ არ შეეგრძნო, ვერასოდეს დაინახავდა ჩარლი პარკერის ნაგვის ურნებს და ვერც სამხრეთის გზატკეცილს, სადაც მანქანების ჭედვაში ადამიანის ბედისწერა ვლინდება.

შენი წიგნი, „ბებია რეი დ ამერიკაც“ ვახსენოთ - შენი „ამერიკული ოცნება“ რა არის?

სიმართლე გითხრა, არც „ამერიკული“ და არც არანაირი ოცნება არ მაქვს. იმდენად დამპალი რეალისტი ვარ, რომ ზოგჯერ ამის მრცხვენია კიდეც.

ფილმი „8 წუთი“ და უცებ კინოსცენარები  და საერთოდაც, კინო -  როგორ გადაინაცვლე ამ საქმეში?

ეს ძალიან შემთხვევით მოხდა და ახლა კინოს ფაქტობრივად იმდენივე ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, რამდენიც ლიტერატურას. ჯერ კიდევ „დიოგენეში“ მუშაობისას, ერთხელ დათო აბრამიშვილი მოვიდა რაღაც ლიტერატურულ საღამოზე, ჩემი წიგნი ახალი წაკითხული ჰქონდა და განცდებში იყო. უცებ მითხრა, რომ ის და მისი მეგობრები სცენარის დაწერას აპირებდნენ და იქნებ მეც მეცადა. ასე აღმოვჩნდი იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ჩემთვის ძმებივით არიან. ასე დავწერეთ „ინგა“. Sibler Films ჩემთვის მართლა ოჯახია და მე გულით მჯერა, რომ არავის თავში ჩნდება ისეთი მაგარი იდეები, როგორიც ამ ბიჭების, შეიძლება იმიტომაც, რომ ძალიან კარგად ხედავენ ცხოვრებას და ძალიან ნაღდები არიან. „8 წუთმა“ კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა.

აქამდე რა გგონია შენი  ყველაზე დიდი წარმატება და როგორ შეგიძლია ხოლმე წარმატებების მიღება და გადახარშვა?

მანჰეტენის ფესტივალზე გამარჯვებას. როცა ეს გავიგე, მართლა შოკი მქონდა. ისე ვტიროდი, თითქმის ერთი საათი ვერავინ მეკარებოდა. წარმოგიდგენია? მთელს მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანი კინოთეატრებში მივიდა, ფინალისტი ფილმები ნახა და გამარჯვებულად ჩვენ დაგვასახელა. მე ვნახე ინტერნეტში ამერიკელი ქალის ბლოგ-პოსტი, სადაც ის წერდა, რომ „8 წუთი“ სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანოს. ვნახე კომენტარები, სადაც ამერიკელები, გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები წერდნენ, რომ ადამიანები, რომლებმაც „8 წუთი“ შექმნეს, ძალიან ნიჭიერები და ინდივიდუალურები არიან და დიდი მომავალი აქვთ. არც მჯეროდა, რომ ამ ყველაფერს ჩვენზე წერდნენ. მაგრამ კი, ჩვენზე წერდნენ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 100 000-მა ადამიანმა გაიგო, რომ არსებობს ქვეყანა - საქართველო და ამ ქვეყანაში კეთდება კინო, ხოლო 2017 წლის მანჰეტენის კინოფესტივალზე მათ საუკეთესოდ სწორედ ეს კინო დაასახელეს.

დამწყები მწერლებისთვის გაქვს რამე განსაკუთრებული რჩევა?

ერთადერთი, იმას ვურჩევდი, რომ ყოველთვის გულწრფელები იყვნენ და არასდროს შეეშინდეთ გულწრფელობის.

ქართველი ავტორებიდან როგორ გგონია, ვის აქვს შანსი, გახდეს მსოფლიო მწერალი, თუ ის კარგად ითარგმნება?

აკა მორჩილაძეს, არჩილ ქიქოძეს.

ხვალეზე - ბევრს ფიქრობ ხოლმე?

არა, რა აზრი აქვს ხვალეზე ფიქრს? ხვალე შეიძლება ქუჩაში გახვიდე და მანქანამ დაგარტყას, ამიტომ არ არსებობს „ხვალ“, არსებობს მხოლოდ „დღეს“.

შენი ხვალ როგორი გინდა იყოს?

მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც დღეს მაქვს. ყველაფერს, რასაც ვიღებ, ჩემი შრომით ვიღებ და ალბათ, ჩემი ხვალეც ისეთი იქნები, როგორსაც შევქმნი.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE