ინდმეწარმე


ინდმეწარმე




ყველა წვიმა

 

ყველა წვიმა შეიძლება გადაიზარდოს წარღვნაში,

განსაკუთრებით ივნისის თბილისში,

როცა ღრუბლებიდან ნიუტონის ვაშლებივით ცვივა მძიმე წვეთები,

როცა ხევები და სანიაღვრე ჭები წყლით ივსებიან,

როცა ამღვრეული მტკვარი

ცეცხლზე შემოდგმულ რძესავით ვერ ეტევა ბეტონის ქვაბში

და კაკაოსფრად იღვრება სანაპიროზე,

როცა ლაზარესავით საფლავიდან დგება მდინარე ვერე...

ამ დროს ძნელია იფიქრო იმაზე, რომ

წვიმამ გათხაპნა აკვარელით დახატული ჭრელი თბილისი,

რომ ზაფხულში მოსული თავსხმა წვიმა სანიტარია,

რომ რუსთაველზე მოფსმულს გადარეცხავს და მტკვარს გაატანს.

ამ დროს წვიმა შურისმაძიებელი ღმერთის ხელი გგონია და

შესაქმეთი დამძიმებული შენი გონება ეძებს კიდობანს,

როგორც ნებისმიერი სულიერი,

რომელსაც გალაკტიონის ხიდთან მოუსწრო წარღვნამ,

და თავს აფარებ გაჩერებაზე მოწყობილ ფარდულს -

დაუსრულებელ კიდობანს, ექვსის მაგივრად ხუთი წახნაგით,

სადაც, ცხადია, სხვებიც არიან:

დაცვის პოლიციის თანამშრომელი შავი ხალათით და მზის სათვალეთი,

აქვეა უწვერული ყმაწვილი თეთრი პერანგით და სმარტფონით ხელში.

ციდან კი ასხამს, ფეხად ჩამოდის წვიმა, 

ვერის დაღმართზე მოთქრიალებს მდინარე და

ჩვენს კიდობანს უწყობს გამოცდას,

ქრის ცივი ქარი, მეხიც ვარდება,

და გეჩვენება, რომ „მოსკდნენ უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები“.

„წვიმა კი არა, წარღვნაა, წარღვნა!“, - ამბობს პოლიციელი და ნიშნად ამის

ჩვენს კიდობანში შემოდის დასველებული მაწანწალა -

ქერა, მაღალი, გრძელი წვერით,

ადრეც მინახავს აქ, ბროსეს ბაღში,

ძელსკამზე სძინავს, იქვე სადილობს, ხშირად მთვრალია.

ზურგზე ჰკიდია მოზრდილი ჩანთა,

ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი.

ისეთი მშვიდია, როგორც ღმერთის მიერ გაფრთხილებული ნოე.

ზამთარ-ზაფხულში გაუხდელად გრძელი ლაბადით,

მკერდამდე წვერით მართლა ჰგავს ნოეს - ნასვამიც კია -

თვალს არ აშორებს მცურავ ავტოებს,

არაფრად აგდებს წვიმის სქელ ფარდას 

და თავისი დიდი სხეულით, როგორც მეექვსე წახნაგით -

ხურავს კიდობანს.

არ ეშინია,

დგას მედიდურად,

წყლისაგან გვიცავს,

თან წვერს ივარცხნის სველი თითებით

და ჩვენც ვმშვიდდებით:

დაცვის თანამშრომელი სიგარეტს იღებს,

ბიჭი ტექსტსა კრეფს თავის სმარტფონში,

მე ცას ავყურებ და ცოტა ხანში წვიმაც ნელდება:

წყლის ფარდა უფრო თხელი და გამჭვირვალე ხდება,

ღრუბლებს შორის ატანს სინათლე,

ოზონით გაჯერებული ჰაერი სიხარულით გვავსებს და ყველა ვხვდებით,

რომ წარღვნა დასრულდა!

პირველი გარბის დაცვის კაცი - შავი ყორანი,

სულ ცოტა ხანში მიფრინავს ბიჭი თეთრი მტრედივით,

მერე ჩერდება ავტობუსი N91 და მას მივყვები.

ავტობუსში ბევრი ცარიელი ადგილია -

დაორთქლილი ფანჯრებიდან მოჩანს გაჩერება - კიდობანი

და მასში მაწანწალა,

რომელიც აუღელვებლად ივარცხნის სველ წვერს ჭუჭყიანი თითებით.

და მხოლოდ ავტობუსიდან ვამჩნევ, რომ

ფარდულის კედლები მინაში ჩასმული სარეკლამო ბანერებია

ლონდონის, პარიზისა და სხვა დიდ ქალაქთა ხედებით.

„აღმოაჩინე მსოფლიო - თურქეთის ავიახაზებთან ერთად“ -

აწერია ამ ღია ფარდულს,

ამ ჩვენს სახელდახელო კიდობანს,

რომელშიც თავს ისე ვგრძნობდით,

როგორც ნოეს შვილები,

რომლებსაც წარღვნამ კიდობანის დასრულებამდე მოუსწრო.

 

 

ინდმეწარმე

 

ღრმა, ბნელ სარდაფში,

რომლის ძირამდე ვერ ატანს სხივი,

ინდ. მეწარმემ დაიდო ბინა.

რკინის მძიმე და ცხაურიან კარს

გაუწაფავი ხელით აწერია:

„თუნუქის საამქრო. ინდ. მეწარმე ს. ნოზაძე.”

გაუწაფავი საღებავის გაზავებაში,

ფუნჯის მოსმასში,

მაგრამ მარჯვე და მოხერხებული სულ სხვა საქმეში,

სხვა სამყაროში,

სადაც სხვა ნივთებს -

მძიმე ჩაქუჩებს და ბასრ მაკრატლებს - აქვთ მეუფება,

სადაც ლითონის თხელ ფურცლებისგან,

თვალს და ხელშუა,

საოცრად სწორი გეომეტრიით,

იჭედება ფეჩის მუხლები,

საწვიმარი ღარები,

აქანდაზები...

და ეს ნივთები,

ინდ. მეწარმის ნახელავები,

ეხმარებიან ადამიანებს

რომ არ შესცივდეთ,

რომ არ დასველდნენ,

რომ სუფთად იყვნენ.

ამ ინდ. მეწარმეს იცნობს უბანი,

ეს ინდ. მეწარმე ყველას სჭირდება.

ჩუმი, უთქმელი კაცია,

ჩაფიქრებული, გულჩათხრობილი,

როგორიც იყო ალბათ სკოლაშიც,

სადაც იარა მრავალი წელი და არ ისწავლა,

სადაც სულ ბოლოს, გამოცდების დროს

აღმოაჩინეს, რომ ნიჭი ჰქონდა,

რომ ზეპირად და ძალიან სწრაფად

ამრავლებდა დიდზე დიდ რიცხვებს,

იღებდა კვადრატულ და კუბურ ფესვებს,

„პის“ მნიშვნელობა იცოდა გამოუთქმელად დიდი სიზუსტით,

ფიზიკის მასწავლებელმა კალკულატორიც კი მოიტანა,

მოიტანა ლოგარითმული სახაზავი და ოთხნიშნა მათემატიკური ცხრილი,

აკადემიკოსმა იოფემ რომ დაიზეპირა,

და მოუწყო სახელდახელო გამოცდა:

ბიჭი აჯობებდა თუ ჭკვიანი მანქანა?

ბიჭმა აჯობა,

მანამდე არაფრით გამორჩეულმა მოსწავლემ,

თავჩაღუნულმა, თავისთვის მჯდომმა უკან, კუთხეში.

და იქცა გმირად,

მისთვის გაიხსნა ყველა პედაგოგის პირქუში ბაგე,

ყველა სასწავლებლის კარი,

და ყველამ შეამჩნია - 

ყველა მასწავლებელმა, ყველა მოსაწავლემ, ყველა მშობელმა,

რომ მათ წინ იდგა ნორჩი გენიოსი,

რომელიც ძალიან ჰგავდა

მათემატიკის  სახელმძღვანელოში დახატულ

ევარისტ გალუას შავ-თეთრ პორტრეტს -

წვრილი ნიკაპით, ფართე შუბლით, სამკუთხა თავით -

დუელში მოკლულ ყმაწვილ გენიოსს -

უმაღლესი ალგებრის უწვერულ მამას,

და ამ ბიჭისთვის განიხვნა მეცნიერების ოკეანე,

ისე როგორც წითელი ზღვა მოსეს წინაშე,

განიხვნა მათანალიზის უფსკერო სიღრმე,

მძლავრი ტალღები ანალიზურ გეომეტრიის,

მაგრამ სამყაროს კოშის, რიმანის,

ლაპლასის და თვით პითაგორასი,

ლობაჩევსკის გეომეტრიას,

ტოპოლოგიას,

უსასრულო მწკრივთა ლოგიკას,

ფიბონაჩის და სხვის ფინაჩობას,

მან ამჯობინა სულ სხვა სამყარო:

თუნუქის ფურცლები, ხის ჩაქუჩი და მაკრატელი,

ფეჩის მილები, საწვიმარი ღარები, აქანდაზები,

რომლებსაც ჭედავს,

ჭედავს ლამაზად, იუველირივით,

ზეპირად ახსოვს პროპორციები, სიგრძე, სიგანე,

ფურცლების სისქე, მათი სიმკვრივე,

ყველა შეკვეთა, ყველა ნისია,

ფუჭად არ ცდება მისი ხელები,

შრომობს სარდაფში,

ღრმასა და ბნელში,

დროის დინებას საზღვრავს შეკვეთით:

ფეჩის მუხლები - თოვს, ზამთარია,

საწვიმარ ღარებს მოჰყავთ ზაფხული,

და ისე შრომობს შეუსვენებლად,

გულდასმითა და გულმოდგინებით,

თითქოს ეს იყოს დანიშნულება,

დაკისრებული მისთვის მისია,

არავინ იცის, რატომ უარყო მათემატიკის უსასრულო სამყარო,

რატომ არჩია ქაღალდს თუნუქი,

ნათელ ოთახებს სარდაფი ბნელი,

განა არ ვკითხე?

ან მან არ მითხრა ღიმილით და სხივით თვალებში?

მაგრამ ზრიალში,

ჩაქუჩის და გრდემლის წკარუნში,

თუნუქის ჭრაში,

ფეჩისა და აქანდაზის უსაშველოდ ხმაურიან ჭედვა-რჩილვაში,

ვერ გავარჩიე მოკლე პასუხი,

ორ-სამ სიტყვაში დატეული,

ლაკონური და ისეთი ცხადი

როგორც ოქროს კვეთის პროპორციები,

როგორც პის მნიშვნელობა ან თეორემა პითაგორასი.

 

 

კაცი და ძაღლი

 

ხელიდან წასულმა კაცმა,

ბევრჯერ ნასამართლევმა,

ცოლის ცემაში შემჩნეულმა,

საფლავებიდან ლითონის ნაკეთობების ქურდობის გამო ნაჯდომმა,

ყველაფერი რომ გაყიდა, რაც კი ებადა,

ყველამ რომ მიატოვა, მოხუცი დედის გარდა,

არავინ რომ არ ებრალებოდა - არც მკვდარი და არც ცოცხალი,

ზამთრის ერთ მზიან დილით

მაწანწალა ხეიბარ ძაღლს,

უჯიშოსა და სამფეხა ხვადს,

ძეხვის ნაჭერი გადაუგდო და თავზე ხელი გადაუსვა.

არ იყო გულჩვილი კაცი,

უფრო უგულო ეთქმოდა, ვიდრე გულგრილი.

ცრემლი მომადგა.

ძაღლს წინა მარჯვენა კიდური აკლდა,

ისე ღრმად ჰქონდა ძირში წაწყვეტილი,

რომ ნაწიბურიც კი არ უჩანდა.

ჩემმა ცოლმა ივარაუდა:

ალბათ ასეთი თუ დაიბადა.

ამ ამბავმა გამახსენა ერთი სამფეხა ცხენი,

ჩქარმა მატარებელმა რომ დაასახიჩრა,

მაგრამ პატრონს დაენანა და სასაკლაოში არ ჩააბარა.

ვერც ზედ ჯდებოდა, ვერც გუთანში აბამდა

და ცხენიც დადიოდა, უცნაურ ნაბიჯებს დგამდა, დაბალახობდა.

პატრონის ჰუმანურობის წყალობით

ადამიანის სანატრელი სიცოცხლე ერგო:

ცოხნა და უსაქმურობა.

გამახსენდა ცალფეხა ბიჭი,

რომელსაც ლამის საზარდულთან ჰქონდა მოკვეთილი ფეხი,

მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, ფეხს არასოდეს ითრევდა -

ჩვენთან ერთად დადიოდა მდინარეზე საბანაოდ

და ისე მარჯვედ დახტოდა, როგორც კალია ივლისის თვეში.

გამაოცა მეზობლის ლმობიერებამ,

ვინ იცის, რამდენი ეზოდან გააგდეს ეს ძაღლი,

დაუცაცხანეს, ქვა ესროლეს, პურში ნემსი ჩაუდეს,

აქ, ჩვენს ეზოში კი შეიწყნარეს და შეიფარეს,

დააპურეს და მოეფერნენ.

მეც წამოვავლე სადილიდან მორჩენილ კერძს ხელი და ეზოში ჩავედი.

უფეხო ძაღლი იდგა მეზობლის წინ და მზერას არ აშორებდა,

ენა გადმოეგდო და უზომოდ მადლიერი ქასქასებდა.

კაცს მივესალმე,

მხარზე ხელი მოვუთათუნე,

კარგი ძაღლიაო, ვუთხარი,

რა საბრალოა, ხეიბარი რომ არის,

ალბათ როგორ უჭირს სხვა ძაღლებთან გამკლავება,

აბეზარი ბავშვების მოგერიება,

სასწაულია, ცოცხალი რომ არის-მეთქი.

და ისიც ვკითხე: „ნეტა რა ჰქვია? რა სახელი აქვს?“

არ იცოდა ძაღლის სახელი!

ალბათ არც ჰქონდა,

ისევე როგორც არ ჰქონდა ფეხი,

მაგრამ სიმართლე ყოფილა ნათქვამი:

თუ კაცმა არ გაიმეტა,

ძაღლი კოჭლობით მართლა არ კვდება.

როდის მოფსამსო, დაიჩივლა ნაცნობმა კაცმა.

წონასწორობას როგორ დაიცავს მაინტერესებსო,

„რომელ ფეხს ასწევს?

იქნებ არც ასწევს?“ -

ასეთ ფიქრებში დავტოვე კაცი

და უზომოდ მადლიერი სამფეხა ძაღლი,

რომლისთვისაც უცნაურად შეიცვალა სამყარო,

შეიცვალა ზამთრის ერთ მზიან დილას,

როცა დააპურეს და მოეფერნენ,

როცა ქვები არ დაუშინეს,

პურში ნემსი არ შეაპარეს,

მაგრამ შეიცვალა სულ მცირე დროით,

პირველ მოფსმამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE