ქართულ პოეზიაში რამდენჯერმე იჩინა თავი კომენტარმა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული პოეტური ტექსტისთვის ურითმო სალექსო დისკურსის შერჩევას შეეხება: პოეტები ლექსშივე განმარტავენ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ურითმობას, ანუ საქმე გვაქვს მეტატექსტთან, ერთგვარ ესეისტურ ინტერვენციასთან ლირიკულ ლექსში, რაც არცთუ მთლად ჩვეულებრივი მოვლენაა.
იოსებ გრიშაშვილის ლექსი, რომლის სათაურია “შენდამი”, ასე იწყება:
“წელთა დაღმართზე შეგხვდი ანაზდად
(აქ, ალბათ, მოვა რითმა “განაზდა”, –
მაგრამ რითმებში ვერ შევკრავ გრძნობას
და თეთრი ლექსით მსურს გესაუბრო).
ყაზბეგის მთების ჯეირანი ხარ,
მოხევისაგან განზე გამხტარი.
ტანი გაქვს, როგორც ზამბახის ღერო;
ჩემმა ბებერმა ძვლებმაც კი იგრძნო
ქიშმირის კაბის გაშრიალება [...]”
და ა. შ.
პოეტი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რითმიანი დისკურსი მას რაღაცაში ხელს შეუშლის, გრძნობს, რომ იმ შინაარსს, იმ სათქმელს, რისი გამოხატვაც მას ამ ლექსით სურს, გარითმვა არ მოუხდება.
ლექსი 1950 წლითაა დათარიღებული.
ეს მეტატექსტი ი. გრიშაშვილს ბევრად ადრეც გამოუყენებია: 1929 წელს კოტე მაყაშვილის მოსაგონარ ლექსში იგი ასე მიმართავს ორი წლის წინ გარდაცვლილ უფროს მეგობარს:
“არ შემიძლიან... ლექსს ვერ დაგიწერ...
რითმის ქამარში ვერ შევკრავ გრძნობას...”
მაგრამ ეს მხოლოდ პირობითი ჟესტია (არცთუ ეფექტური!), ვინაიდან ამას პოეტი ექვსსტროფიანი ჯვარედინად გარითმული ლექსის ბოლოში აცხადებს და თვით ეს სტრიქონებიც გარითმულია. ამიტომ ეს მეტატექსტი აქ უადგილოა.
კიდევ ერთ ლექსში, იმავე 1929 წლით დათარიღებულში, რომლის სათაურია “40 წელი დღეს შემისრულდა”, ვკითხულობთ ამასვე: “მე ოთხ ათეულ წელს მივაღწიე, / თეთრი მერევა, სიბერე – არა / და თეთრი ლექსით მსურს ვისაუბრო”. აქ პოეტი არაფერს გვეუბნება ამ სალექსო ფორმის შერჩევის მოტივაციაზე შინაარსთან მიმართებით (“თეთრი მერევა”, ცხადია, თეთრი ლექსისთვის უპირატესობის მისანიჭებელ სერიოზულ მოტივაციად ვერ ჩაითვლება), მაგრამ აშკარაა: აქაც, თავისი ორმოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექსშიც, რითმაზე იმიტომ ამბობს უარს, რომ არ უნდა “რითმებში შეკრას გრძნობა”, ანუ სურს რაც შეიძლება ბუნებრივი და გულწრფელი იყოს (აქ უპრიანია გავიხსენოთ სიმონ ჩიქოვანის აღიარება: “მე სრულიად სხვა მინდოდა მეთქვა / და სხვას მამღერებს წყეული რითმა”).
ამავე მეტატექსტს ვხვდებით კონსტანტინე ჭიჭინაძესთან 1949 წლით დათარიღებულ ლექსში, რომლის სათაურია “ყველაზე ახლობელს” და დედის გარდაცვალების გამოა დაწერილი. პოეტი ასე მიმართავს მშობელს:
“რა გითხრა ლექსით შენ, რუსთველის და ხაიამის
ზეპირად მცოდნეს? მწუხარებამ ამ ლექსისათვის,
როგორც ბრჭყვიალა სამკაული ძაძაზე, ისე
ჩემი უბრალო რითმებიც კი ამაკრძალვინა”.
ლირიკულ ტექსტში მეტატექსტის შემოტანა – რომლის მეშვეობითაც ავტორი თავის შემოქმედებით ლაბორატორიაში გვახედებს, ტექსტშივე გვთავაზობს რეფლექსიას თვითონ ტექსტზე – მოულოდნელი ჩანს იმის გამო, რომ ლირიკული ნაწარმოების ბუნება თითქოს გამორიცხავს ასეთ ეპიკურ (ბრეხტისებური გაგებით) რემარკებს. და თუ მაინც ვხვდებით ჩვენს ლირიკაში ამგვარ ესეისტურ ჩანართებს, რაც არღვევს ლირიკული ტექსტისთვის აუცილებელ (როგორც ადრე ეგონათ!) უშუალობის ილუზიას, ეს უთუოდ ქართული სალექსო კულტურის (უფრო ზუსტად, სარითმო კულტურის – რაკიღა ზემოთ ციტირებული მეტატექსტები პირწმინდად რითმას ან ურითმობას ეხება) ერთობ მაღალ დონეზე მეტყველებს. ეს ის დონეა, როდესაც აღარ დაჰკანკალებ მიღწეულს და მოთხოვნილება გიჩნდება გაამხილო პროფესიულ საიდუმლოებათა ნაწილი.
ეს მეტატექსტი, გრიშაშვილთან სამგზის და ერთხელაც კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსში რომ გვხვდება, უფრო ადრე ტიციან ტაბიძემ გამოიყენა.
აქვს ტიციან ტაბიძეს 1925 წლის ივლისით დათარიღებული ლექსი სათაურით “თბილისიდან დედას”. ეს არის ზუსტად იმავე თემატიკისა და განწყობილების ლექსი, როგორიც ერთი წლით ადრე, 1924 წელს გამოქვეყნებული სერგეი ესენინის “წერილი დედას”, და ორივე ამ პოეტზე ბევრად ადრე, 1917 წელს, დაწერილი პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსი, რომელსაც ზუსტად ის სათაური უზის, რაც ესენინის შვიდი წლით უმცროს შედევრს – “წერილი დედას”.
ტიციანიც, პაოლოსა და ესენინის მსგავსად, ქალაქიდან სწერს წერილს სოფელში დარჩენილ დედას. წავიკითხოთ ამ მოზრდილი ლექსის ერთი ფრაგმენტი (ციტირებას ვახდენთ ტიციან ტაბიძის ერთტომეულიდან, რომელიც 1985 წელს გამოსცა “მერანმა”):
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დედა, მე ვიცი, შენ აღარ გძინავს,
ელი, ჩამოვალ მაინც უეცრად.
როცა რიონი სუნთქვას გაკმინდავს,
მას შენი გული დაყვება ფიცრად;
ვიცი, ყოველღამ აცხობ საკურთხებს
დაღუპულ ქმარზე, დაკარგულ შვილზე,
ყველა დაშორდა დანავსულ კუთხეს
და მარტო დარჩი გამოტირილზე.
ჩემო ძვირფასო, ჩემო ძვირფასო,
არ ვიცი, რა ვქნა, რით განუგეშო.
სირცხვილი არის რითმა ვეძიო,
როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს.
დამპალ ყავარზე ჩამოდის წვიმა,
თვითონ რიონი მოდის ეზოში...
ჩვენ დაღუპულ ბედს სტირის გომბეშო,
ისიც ჩვენსავით ცრემლს ღვრის მდუღარეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აღვწეროთ ამ ლექსის გარითმვის სისტემა: აქ გვხვდება როგორც ინტერვალიანი რითმა, როცა კენტი სტრიქონები გაურითმავია (ასეა ლექსის პირველ, მეცხრე და მეთერთმეტე სტროფებში), ასევე ჯვარედინი რითმით შესრულებული სტროფები (ესენი ყველაზე მეტია). სრულიად გაურითმავია ბოლოს წინა სტროფი:
ჩემთან იყავი, ჩემთან იყავი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე,
გახსოვს, შენ ასე ვის დასტიროდი,
მეც ეხლა ასე ვსტირი უბრალოდ...
ამის მომდევნო დასკვნითი სტროფი კი ჯვარედინად არის გარითმული.
რაც შეეხება ზემოთ ციტირებულ ფრაგმენტს, სადაც პოეტი ამბობს “სირცხვილი არის რითმა ვეძიო, როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს”, თითქოსდა ამ სირცხვილის დასტურად, ზედიზედ ექვსი ერთმანეთთან გაურითმავი სტრიქონი მოდის (რომლებიც ზემოთ ჩვენ მუქად მოვნიშნეთ), თუმცა შემდეგ ორი მათგანი მაინც ირითმება, ოღონდ შორეულად: სარითმო სიტყვებს “განუგეშო”-სა და “გომბეშო”-ს შორის ოთხი სტრიქონია, ხოლო “მწუხარე”-სა და “მდუღარე”-ს შორის – სამი.
ამგვარი გახლავთ ამ ლექსის საუნდტრეკი. ვფიქრობთ, აქ უპრიანია კინემატოგრაფისტთა ამ ტერმინის გამოყენება, და არა მარტო აქ – საზოგადოდ პოეზიაში, ვინაიდან ასე უფრო ნათელი გახდება, რომ, როგორც ფილმის რეჟისორი და კომპოზიტორი ცდილობენ ამა თუ იმ ეპიზოდს მისი შინაარსისა და განწყობის შესაფერისი მუსიკა მიუსადაგონ, ანდა სულაც უმუსიკოდ დატოვონ, ასევე უნდა შეუხამოს პოეტმა ლექსის სათქმელსა და განწყობილებას რიტმი და რითმათა ესა თუ ის სისტემა თუ სახეობა, ზოგჯერ კი სულაც ხელი აიღოს რითმაზე, თუკი თემას, მკითხველამდე სათქმელის მაქსიმალური ეფექტით მიტანას, ეს წაადგება.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ქართველი პოეტები ამგვარ მიმართებას სალექსო ფორმებსა და ლექსის შინაარსს შორის მარტო გუმანით კი არ გრძნობდნენ, სავსებით გაცნობიერებული ჰქონდათ ეს მოვლენა, რაზეც მკაფიოდ მეტყველებს ჩვენ მიერ განხილული მეტატექსტი, რომლის უადრეს ნიმუშს ტიციან ტაბიძესთან ვხვდებით.
ტიციან ტაბიძის ამ ლექსის თემა მოდერნულია (მშობლიური სოფლის მიტოვება და ქალაქში გადახვეწა), და მოდერნულია მისი “აჭრილი” ფორმაც, ანუ ლექსის საუნდტრეკი შინაარსის შესატყვისია. ეს ახალი პოეტიკაა, ახალი ესთეტიკაა, რომელიც სათანადოდ ათვისებულ-გააზრებული არ არის არც პოეტურ პრაქტიკაში და არც თეორიაში.