პეიზაჟი მედუზით


პეიზაჟი მედუზით




პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი. დაიბადა 1973 წელს. ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბელგიაში და სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში, სწავლობდა რომანულ ლინგვისტიკას და ლიტერატურას. ავტორია ოთხი პოეტური
კრებულის: “მოზღვავება” (2007. ნომინირებული იყო „საუკეთესო სადებიუტო წიგნის“ პრემიაზე), „ქაღალდის ფურცლები ბრბოში იკარგება“ (2008), „სახლის ცისფერი“ (2013) და „ალისა პალტოების ქვეყანაში“ (2016). მისი ლექსები ნათარგმნია 30 ენაზე, ხოლო ცალკე კრებულები გამოცემულია ფრანგულ, ესპანურ და რუმინულ ენებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. თარგმნის ფრანგულიდან, ინგლისურიდან, იტალიურიდან, სერბულიდან, ხორვატულიდან და ესპანურიდან. ნათარგმნი აქვს 150-მდე პოეტის ლექსები. არის სლოვენიის პენ-ცენტრის და მწერალთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2001 წლიდან არის
მთავარი სლოვენიური ლიტერატურული გამოცემის „ლიტერატურა“-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.

 

გოგრები მინდორში

 

ღამესთან არეული დილის ჭვარტლი.

მატარებელი ზაფხულის გადამწვარი  მინდვრებიდან კივილით მოჰქრის.

სიმშვიდით სავსე გოგრები ჰორიზონტზე გაწითლებული მზის ქვეშ წვანან.

თაღებქვეშ, თავგადახდილ ცისფერ მანქანაში,

მერყევი ანგელოზებივით ვსაუბრობთ ჩვენ.

მსუბუქი სიო ნაღებივით ათქვეფილ ღრუბლებს ერეკება ჩვენს თითებს შორის.

ვარსკვლავები თავზე გვაბიჯებენ,

როცა არგუმენტების უხეშ საწოლზე ვწვებით.

ღამე თაღებქვეშ შავ ფაფარს იბერტყავს და გზას მიუყვება.

ლუბლიანას ქუჩებში ფასადებიდან პატარა ქვის ვაშლებს ვიღებ და ვჭამ

და ქარი ანგელოზის ცრემლებს ისე იტაცებს,

თითქოს ქვიშის მარცვლები ყოფილიყოს,

და გასაყიდად სუპერმარკეტებში  მიაქროლებს.

ზღვა დუდუნებს შენი შიშველი წელის ირგვლივ,

რომელიც მას უფლებას აძლევს, მხოლოდ სიტყვებით მოეხვიოს.

გოგრები მინდორში წვანან.

ზაფხულმა თავისი ნაყოფი მშვიდ სუფრებზე დატოვა,

მოკრძალებული ორმოები დროის სქელი ჯავშნის ქვეშ ჩამალა.

მზე ხელით წვდება ტყეს,

მატარებელი წამით გვერდზე იხედება, ლიანდაგებს იქით.

 

 

Fauteuil à queue de poisson*

 

ზღვის ქვეშ.

ზღვის ქვეშ.

დაღარული პეიზაჟის ხორკლიან ფსკერს

შეიგრძნობ მზერით, რომელიც სწრაფად გაივლის ქალაქს,

ნარინჯისფერ სიტყვებს და ნაგავს.

ყოველ დილით ამოდიხარ ხოლმე ზღვიდან და

შენი სხეულის ნაჭუჭი გიცავს.

ყოველდღიურად ვეება შხეფი ჩამოგირეცხავს მხრებიდან დუმილს,

ჩაგიღვრის გულში, შიგნით მთელი დღით გამოგიკეტავს.  

ყოველდღიურად ციფრთა ჟღარუნი

შენს მუცელში ამრგვალებს სივრცეს.

დღე გიხრჩობს სუნთქვას, მაგრამ გვიან ღამითაც კი

არ თანხმდები, ჩაიძირო ფსკერზე, როგორც რკინის მონეტა.

ეს უხმო ფსკერი  საზიარო   ტომარაა,

მისკენ გავრბოდით.

შენ ზღარბი ხარ, ღრუბელასავით რბილი ეკლებით.

როდესაც იქ თვალებს ვახელთ, უკუნეთი დგას,

კანი გეხსნება ისე, როგორც   კეფასთან ელვა

და  მთელი სევდა გამოდის გარეთ,

თეთრ მუხლუხოდ იქცევა და

ზედ ნაზად გეკვრის.

ვეღარ სუნთქავ

და იღვიძებს დღე, უპეპლებო.

 

------------

* მეთევზის სავარძელი

 

 

როცა სიჩუმე არაფერს ამბობს

 

ნამი, ნამი, შუბის ფორმის ფოთლებიდან

ნამი გვეცემა, მთლიანად გვფარავს.

გვიანი ბალახის ალესილი პირი ზღურბლზე,

თვალთა ნაკადი იღვრება ნამში.

როგორ არ ისმის ნამი

ჩვენს ყელში, არც გუბის შლამში.

რა მსუბუქს ვხდით

მიწის ჯავშანს, ცივსა და დამზრალს.

როგორ  დავწრიტოთ მძიმე ღამე,

ცვარ-ნამს რომ ჯაბნის,

ხელები არ აქვს ნამს, ღამეს კი გზას უღობავენ

ჯოხები, ანკესის კაუჭები და შუბის წვეტები.

 

ნამი, ნამი ახლადგამოჩეკილი ბარტყივით რომ უჩინარდება,

ღამეში თითქოს იმისათვის ჩასახლდა, რომ

უყუროს, როგორ ცხოვრობს სინათლე,

მანამდე, სანამ ხეობაში ჩაესვენება.

 

 

გაქცევა ფილმიდან

 

შონ პენი შეყვარებულია, მაგრამ კრედიტორები ჩნდებიან მის კართან.

შონ პენი ქუჩებში დარბის, მერე ტყეში, მაგრამ ისინი თავს არ ანებებენ და 

კინომდეც მისდევენ და ეკლესიებამდეც.

ფატალურად ფეხშიშველი გოგო ფილმის განვითარებას აკვირდება.

შონ პენი დიდი ლიმუზინის წინ ზურგით დგას. 

წელთან ორი რევოლვერი ულაპლაპებს, უცებ იღებს და ხელში ატრიალებს.

გოგონა ფეხშიშველი თვალებით მუცელში  ნემსის ჩხვლეტას გრძნობს.

ქუჩაში ნაცრისფერი უბრალო ჟაკეტით დგას და გარს საოჯახო კინოთეატრის ვიდეოფირები,

დი-ვი-დი და ფილმები აკრავს - 

აურაცხელი შეთავაზება, ქვიშა, რომელიც ფეხქვეშ იშლება.

მისი თვალების წყალში ჩაძირული, მაინც ხედავ გასროლას.

რაც შეეხება ტკივილს, ის საათები გრძელდება.

 

 

პეიზაჟი მედუზით

 

მედუზა 90% წყალია,

მდუმარე ყელით.

სასარგებლო სოკო კომბუჩა წყალში იზრდება.

არავინ შემამზადა საიმისოდ, რომ ამ გამომშრალი,

წითელრგოლებიანი ყელისთვის გადამებიჯებინა,

სადაც კეთილ ბაქტერიას უნდა გადავწყდომოდი,  და დამიჯერეთ,   

ვიდრე ღამე ჩამოწვება, გამზირზე ხეები ძალიან მაღალი ჩანს,

და, დამიჯერეთ, ხანგრძლივი და უიმედო

ლოდინიც გავა, თითებს შორის აბრეშუმივით უხმოდ გასრიალდება.

ერთ წამში, ბიჭი ჩემი ხელების  წინ

შიშველი აღმოჩნდება, პროჟექტორები

პირდაპირ ჩვენ მოგვანათებენ, და ჩვენც მედუზებივით დავდუმდებით.

ბინძური წყალი წვენსაწურში ჩხრიალებს,    

რამდენი თეთრეული გაირეცხა,

ყელმა კი სიწითლე ვერ მოიშორა.

ყელის რგოლებს ცნობისმოყვარეობა კლავთ,

კოცნის გამო ხომ არ ხდება ეს ყველაფერი.

ყველაზე რთული პეიზაჟის შეცვლაა.

და მაინც, ყველამ უნდა მოისმინოს ამბავი

ხეებისა და პეიზაჟისა,

მედუზით ყელში.

 

 

სტიქიები

 

 

წითელი წყალი

 

ხომალდი შეაკეთეს, აი, ისიც, წითლად შეღებეს, გემბანიდან

ზღვაში ვხტები, ვყვინთავ,  ვცურავ, ჯერ ერთ ხელს ვუსვამ, მერე მეორეს.

ზღვის ნაპირზე, ძვალივით  მყიფე სასახლეში,

სადაც ფარდები ლიმონივით დღის თაღქვეშ ირხევა,

პალატა დავდგით,

წითელი გემის თვალებში სისხლი წყალს

წითლად ღებავს. ხოლო ხომალდი თავის წყლის კისერს

ღუნავს, როცა პორტში ბრუნდება.

 

წყვილი სეირნობს ზღვის ნაპირთან, ზღვა არის თეთრი,

აქვს ხორკლიანი ზედაპირი, და ისინი ეხებიან თითებით ხორკლებს,

ლიმონივით დღის სიფრიფანა თაღების ქვეშ კი

მყიფე თოვლი ნაოჭებად ატყვია წყლის კანს.

 

რა ახლოს იყო Ultima Thule,

ერთმანეთი რომ შეუყვარდათ.

 

 

წნული

 

გულში მძიმე მახვილი  გველის, ხოლო მთებზე

დიდი თოვლია: იქ დედები თავს მაღლა წევენ.

ტირიფს რომ ვჭრიდი, უნდა მეთქვა, თუ რად ვიქეცი.

როგორ იკვალავდნენ მოწნული კალათისკენ გზას სიტყვები,

და რომ მე მათ გონებაში ვწერდი,

და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ყველანი გადამწყვეტ წერტილში დაიხოცნენ

მზით გაჯერებულები. თითქოს საკუთარი სურვილით მოკვდნენ

ამ სქელ, სითეთრემდე გავარვარებულ სიბრმავეში.

 

აი, ეს არის ფორმის სიკვდილი; მის საზღვრებს გარეთ

სიყვარული ისეთი უნდა ვაღიაროთ, როგორიც არის.

ის ცეცხლოვანი ქარიშხალივით მიაჭენებს ცხენს.  არ მიიხედო უკან, 

იმ ჩენჩოსკენ,  ეჭვიანები მის ფლოქვებქვეშ რომ ყრიან.

 

 

ლითონი

 

ჩვენს გამარჯვებაში დაკონსერვებულები,

კონსერვებივით ვიცინით და ვიხსნებით,

დატენილი თოფის წინ კი მოულოდნელად ირემი გადარბის.

 

ფლეშის ფონზე უძრავად დგას კაცი, დაბრმავებული, ბავშვივით თეთრი.

სიტყვის უთქმელად, ის ტოტებს ერწყმის.

 

ვაშლის სქელ, ოქროს კედელს ვეღარავინ უახლოვდება.

მკლავები აწყდება ყველას, ვისაც ოქროს მტვრით

დაფარული ბავშვი ხელში აჰყავს. 

და მეწამულ საღამოს ზარების საზეიმო რეკვისას

შიშის ჟრუანტელი უვლის იმას, ვინც ამ ღვთიური ბრინჯაოს დედის პირდაპირ დგება,

დედის, რომელიც იმ დროს იხსენებს,

როცა  სიყვარულს ეძლეოდა.

 

 

ჰაერი

 

დღეს ევროპა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ოკეანეა

ერთი მუჭა ღრუბლის კუნძულებით, სადაც კოქტეილს

უზრუნველად ვწრუპავთ.  მიწა არსადაა.

შეთანხმების მიხედვით, უმჯობესია, არ იყოს მიწა.  

მწვანე ჭრიჭინობელას სიმღერას ამოფარებული ქალი

კენჭის კონტინენტებს ნაზი მოძრაობით

ერთიმეორის მიყოლებით კრეფს.

სინათლის ნამცეცი ყელს უჩხაპნის.

მზიანი ქარი დაჰქრის იქ, სადაც ადრე მიწა იყო. მიწა გაქრა.

და მთელი ევროპა, მოჯადოებული, გარინდებულია.

 

 

             ჰოლოგრამა

 

ჩვენს ნავებს თავზე ადგას თაღი მრავალი ფენით.

ზეცის კიდის ბარელიეფს ვეხებით და ვგრძნობთ მის სიღრმეებს.

ამ წამს კი ცის სხვა კამარები კანს იცვლიან

მხურვალე მზის ქვეშ. ხელისგული

ზღვის ჰორიზონტის ხაზზე ძევს მშვიდად. 

ყვავილივით იხსნება თავი კოცნის მომენტში  

და მის ჯამში ყვავილის მტვერი

თაღების ახალი და უსასოო კიდეების

კონტურებს ხაზავს.

 

 

ჩაძირული ყურძენი

                      

                                                Eux, comme un vil sursaut d`hydre...

                                                Mallarmé, Le Tombeau d`Edgar Poe

 

სამყარო გადატვირთულ ფირფიტაზე ირწევა

და ყველა, ვისაც მაგიდის საყიდელი ფული არ აქვს,

მწიფე ყურძნის მარცვალივით  სრიალებს.

ხვალ უკვე გვიან იქნება, ნახო,

რა საუზმე მოგვიმზადა  ქაღალდის ომმა.

ენა გრძელი გვაქვს, უსასრულო,

უწყინარი გველი დახვეულა ყველა მხრიდან

შემწვარ თუ შეუმწვარ ჩვენს ხელებს შორის,

დატეხილ პურებს შორის გზას რომ მიიკვლევს

& გიკვირს, შიმშილს გარეთ გარეთ ჩაძირული კაპიტანი,

აქ ბრძანებებს როგორ იძლევა.

 

              თარგმნა დალილა გოგიამ

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE