პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1974 წელს ლვოვში. ავტორია პოეტური კრებულების: “მოგზაურობა სახლის ძიებაში” (1997), “ნაკვალევი ქვიშაზე” (1997), “სახე ფოტოსურათის მიღმა” (2005), “თანაარსებობა” (2013), “ზრდასრული ქალები“ (2017). წერს საბავშვო წიგნებს და აქვეყნებს ტექსტებს საბავშვო ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. 2003 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო საბავშვო წიგნების კონკურსში „Step by Step“. მისი წიგნები „მარკო მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო“ და „ყველაზე პატარა“ თარგმნილია 15 ენაზე. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. თარგმნის პოლონური, ლიტვური, რუსული და ბელარუსული ენებიდან. დაცული აქვს დისერტაცია XVII-XVIII საუკუნეების უკრაინული ბაროკოს ლიტერატურის თემაზე. არის უკრაინული პენ-ცენტრის ვიცე- პრეზიდენტი და ასწავლის უკრაინულ და უცხოურ ლიტერატურას ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში. არის მრავალი უკრაინული და საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის, ასევე პოეტური აუდიო-ვიზუალური პროექტების - „Sint- ezia“ (ლიტველებთან ერთად) და SWIЖЕ (შვედებთან ერთად) - მონაწილე.
ინგებორგ ბახმანის სიკვდილთან შეთამაშება
იშვიათმა მატარებელმა ადრე იცის ჩამოდგომა
იშვიათმა ცეცხლის ალმა - გაჩერება შუაგზაზე
ქალი სიკვდილს, ვით დახურულ კარს, ისე აწვება
ცდილობს გაღებას
ხოლო სიკვდილი საყვარელივით ვიღაც სხვასთან ჩაიკეტა მეორე მხარეს
და ღალატობს,
ყოველ ჯერზე ცინიკურად ღალატობს ხოლმე
ქალი კი ელის, მოუთმენლად აკაკუნებს
თავის საბეჭდ მანქანაზე
თავის ცხოვრებას - სასიყვარულო პრელუდიას,
ნამეტანი რომ გაიწელა
კლავიშები სულ ტყუილად ტყაპატყუპობენ
იჭედებიან სიტყვებსა და
მათ შორის ხალვათად ჩალაგებულ ნივთებს შორის
მაგრამ რას იზამ, როცა არცერთ კლავიატურას
არა ჰყოფნის ასოები იმისათვის
უმართებულო სიკვდილი რომ გაამართლოს
დაგვიანებული მისი ეს მოსვლა,
ეს ენატკბილი ქლესაობა
დამნაშავესავით რომ უკოცნის დამჭკნარ ხელებს ცეცხლის ენებით...
ინგებორგ, დართე,
დართე ნება, კიდევ ერთხელ რომ შეგაცდუნოს
ჩვენი შემოდგომა პაწაწინა ხეებთან ერთად
გრიგორი ჩუბაის მაღალ ხეს
შემოდგომა, ჩვენი, იწყება
პაწაწინა ხეებთან ერთად
ლიტერატურა ფოთლებზე უფრო სწრაფად ყვითლდება
ვიღაც თვლის, ის უკვე მომწიფდა
გონიერისთვის, კეთილისთვის, მარადისისთვის,
ადამიანურ არსში წვდომისთვის
და საშუალოსტატისტიკური უკრაინელის
მოლოდინის ჰორიზონტებს მიუახლოვდა,
რომლის სულზეც მოდის სულ რაღაც ნახევარი წიგნი, წიგნაკი,
და ისიც - საბჭოთადროინდელი და შემნახველი,
რით დასრულდება ნეტა ჩვენი შემოდგომა
პაწაწინა ხეებთან ერთად,
თუკი მათ მიღმა ტყე არც კი მოჩანს?
თუკი მწერალი არის მხოლოდ ადამიანი,
კალმისტრამდე მიღწეული
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი, კალმისტრამდე მიღწეული,
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი?..
***
არსებობს ადამიანურ ურთიერთობათა ასეთი ფორმა - ყოფილი საყვარლები.
ჟამიდან ჟამს გამქრალი სინაზე დაავადების რეციდივივით ბრუნდება უკან:
მეხსიერების ლიმფური კვანძების მტკივნეული გასიება,
დისტანციის სურდო, თანაც ალერგიული,
ფანტომური ტკივილები ტანში, რომელიც აღარ გეკუთვნის.
ამ დროს იმ წყალზე მიშტერება გშველის ხოლმე,
საშხაპეს ძირში რომ ტრიალებს, ქაფს აყენებს და
ცდილობს ჩარეცხოს ეპიდერმის მკვდარი ფენა
შეხებათა და კოცნათა დაბერებული ნაიარევით.
ამ დროს ბეწვები ინტიმური ადგილებიდან
დაგორგოლავებულები
საშხაპეს ძირის თეთრ ემალზე იმ ბზარებსა თუ ნაპრალებსა ჰგავს,
საიდანაც გეშინია არსაითში გადაიჩეხო.
***
მე გავხსენი ბოლო კარი,
რომლის მიღმა არც შენა ხარ და არც მე ვარ
სულ სხვა ქალი დაიარება სამზარეულოში გაცვეთილი ჩუსტებით და
ჭურჭელს რეცხავს და ახმაურებს
სხვა მამაკაცი მიგდებულა სპორტული შარვლით დივანზე და
ზანტად ეწევა და აპურჭყებს იატაკზე
სხვა ქალი, საერთოდ რომ არა მგავს,
ისე, როგორც ზღვის წვეთი არ ჰგავს
ონკანის წყლის წვეთს
და სხვა კაცი, გაბერილი და გაცრეცილი,
ისე, როგორც სამაშველო წრე,
რატომაა ის აქ? ზაფხულს მახსენებს ვითომ?
მაგრამ განა შეიძლებოდა რაიმე ზაფხული ჰქონოდა ამ ორს?
მე გავხსენი კარი, შუქი შემოვუშვი და
ის ჩიტივით ეხეთქება ფანჯრის მინას,
მე გავხსენი კარი იქ, სადაც
არავის სცხელა ჩიტისათვის
სხვა ქალი,
ბრტყელი და უხეში, მოუპირკეთებელი დაფასავით
სხვა მამაკაცი - ფაშარი და უიმედო,
როგორც დამპალი ნაფოტი შეშის
ცოლქმრულ ჩხუბსაც კი
არ ძალუძს მათში გაღვივება ნაპერწკლის,
ან გაჩაღება ხანძრის
მხოლოდ ფერფლი საფერფლეში,
და ნაცარი, თავზე წაყრილი
ყველგან - ფერფლი და ნაცარი
მე გავხსენი მძიმე კარი, როგორც კუბოს სახურავი,
როგორც მკვდრების ქუთუთოები,
მე გავხსენი კარი და ამ კარს ვეღარ ვხურავ
***
ხანდახან ჩემთან შემოდის ჩეჩენი შაჰიდი ქალი
უჯდება მაგიდას და ჩვენ დიდხანს ვსაუბრობთ ბავშვებზე.
აბა, სხვა რაზე შეიძლება საუბრობდნენ ქალები
ასეთი გასხივოსნებული სახეებით?
- გუშინ ჩემმა ბიჭუნამ პირველად მკითხა სიკვდილის შესახებ, - ვეუბნები მე, -
და მე აბნეულად ვცდილობდი, ამეხსნა მისთვის, თუ რატომ...
- ჩემი გაიგებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, - მპასუხობს იგი, -
იცი, ისინი ისე სწრაფად იზრდებიან
პირველ გასროლამდე...
- როგორც პირველ ზიარებამდე, - ვფიქრობ მე,
მაგრამ ეს უკვე მარადისობის ჩვენი soft-ვერსიიდანაა
ჩვენ ხომ ისე ხშირად ვცდილობთ ღირსეულად აღვზარდოთ ჩვენი ვაჟები
რომ ბოლო-ბოლო ისინი საკუთარი ღირსების დაკარგვის გამო იხოცებიან
- а la guerre comme а la guerre, -
ამბობს ის ფრანგული ფილოლოგიის და ჩეჩნეთის ისტორიის
გამოცდილებიდან გამომდინარე
და მე, უადგილო კნინობითი სუფიქსებითა და რბილი ნიშნებით გადატვირთული
ჩემი უკრაინული ენის გამოცდილებიდან გამომდინარე,
ამის წინააღმდეგ არაფერი მეთქმის
ჩვენ ხომ ისეთი მონდომებით ვასწავლით ჩვენს ბიჭებს პოლიტკორექტულობას
რომ მათ საბოლოოდ გაუბედაობა კლავთ
- სამყარო სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს -
მეუბნება ის დამშვიდობებისას
და მე მას ვუსწორებ აწეწილ თმას,
შავ საუცხოო თმას
მოქცეულს ჯარისკაცის გამძლე ჩექმების ქუსლების ქვეშ -
და ესაა დედის წამგებიანი როლი
პოპულარულ რუსულ მიუზიკლში
***
ბევრი ნივთი იმაზე ადრე ქრება
სანამ შევამჩნევთ
ბევრი კი საერთოდ არ ჩნდება
ჩვენი თვალთახედვის არეში
როგორც ის კაცუნა, რომელიც კვირადღეს
კულტურისა და დასვენების პარკში
ასე ოცი წლის წინ უნდა დამეხვრიტა
მაგრამ სანამ ვუმიზნებდი
ის ჩაიმალა და თავს აღარ ჰყოფდა
ვინ მოკლა ეს თავგანწირული კაცუნა
ციცქნა ტყვიით და
მრუდელულიანი იმავე თოფით?
ვინ მოასწრო მისი შემჩნევა?
ვინ მოასწრო დაემიზნებინა მისთვის
ზაფხულის იმ რამდენიმე უცებ გაფრენილი კვირადღის განმავლობაში
რომელთაგანაც თითქმის ყველა წარსულშია უკვე?
***
აი, ბანქოს ქაღალდებისგან აშენებული შენი სახლი -
აქ თავისუფლად შეგიძლია იცხოვრო
თუკი არ დაიწყებ ხმამაღლა ოხვრას
ან ძილში ხვრინვას
თუკი არ მოყვები ცემინებას და ხველას
ან ვინმესთან ცხოველურად შეჯვარებას არ შეეცდები
და ამით ყველაფრის დანგრევის საფრთხეს არ გააჩენ -
კედლების, ფანჯრების, კარების
სუნთქვა უნდა შეიკრა
უდროო დროს ვნებები თუ მოგეძალა
სისხლი უნდა დაამუხრუჭო ვენებში
რომ არ აგიჩქროლდეს
სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო
კრიჭაშეკრულმა
მთელი ათ წლის განმავლობაში
ჯადოსნური ალიონის ცდუნებას არ უნდა აჰყვე
ბოლოს კი უნდა გაიჯახუნო კარი
ო, თან როგორ უნდა გაიჯახუნო!
კიდევ ერთხელ - დამაჯერებლობისთვის -
და დაადგე
დედამიწის მოუღობავ
ოთხსავე მხარეს
***
ხდება ხანდახან: დამცავი სარქველის გარეშე ქმნის
ღმერთი ვიღაცას
აძლევს კანს, ისე სიფრიფანას,
რომ მიღმა გული ილანდებოდეს,
კანქვეშ სისხლს უსხამს,
ასფალტზე რომ იწვეთოს და
უშვებს გრძელ გზაზე,
ეუბნება: იარე კაცუნავ
არასრულყოფილო კონსტრუქციავ
არაფერი გაკლია თითქოს: ფეხებიც გაქვს და ხელებიც,
ოღონდ არა გაქვს
ტკივილისთვის - გრძელი ხეობა
ცრემლისათვის - ცრემლსადინარი
სულისთვის - სულის მოსათქმელი
და მიათრევს ამ თავის ტვირთს ადამიანი, სანამ ძალუძს, სანამ სუნთქავს,
სასმელგასამართ სადგურებზეც იმართება ჟამიდან ჟამს,
მაგრამ როგორც არ უნდა ცემდეს მის ქუსლში სული,
არაა გათვალისწინებული
სათადარიგო გასასვლელი,
და ცხოვრობს ასე ადამიანი, სანამ გამწევი ბორბლები არ გაუცვდება
სანამ უფალი არ მიხვდება, გადაცემების კოლოფი რომ ცარიელი აქვს
და გარემოებათა წნევის გამო არ წასკდება ცხვირიდან სისხლი.
და წევს ადამიანი გზაზე.
და ღიმილის ნასახიც კი არა აქვს პირზე.
თარგმნა შოთა იათაშვილმა