(ლიტერატურის პოლიტიკა „15 საუკეთესოს“ შუქზე)
„ყველა განიცდის მეტამორფოზას საპირისპიროში, იმ იმედით, რომ მუდამ განმეორდება მის დაწმენდილ ფორმაში. ძალაუფლების ყველა ფორმა, ყველა სიტუაცია ლაპარაკობს თავისი თავის შესახებ უარყოფით, თავის გადარჩენის იმედით, სიკვდილის სიმულაციით, საკუთარი რეალური აგონიით. ძალაუფლებას შეუძლია დადგას საკუთარი თავის მკვლელობა/არსებობის და ლეგიტიმურობის ნაპერწკლის აღმოჩენისათვის“.
ჟან ბოდრიარი
„არაფრის თავი არ ჰქონდა,
უყვარდა მხოლოდ ბანქო და
ყველგან, ყოველთვის გაჰქონდა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ისე მიიჭრა მიზანთან,
როგორც მრისხანე დრაკონთან,
ბუზს არასოდეს ისვამდა
თავზე, რომელიც არ ჰქონდა.
მუდამ ამაყად ეჭირა,
გამოსულს სადალაქოდან,
და მამულს ბევრჯერ შესწირა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ბოლოს დაღვინდა მაჭარი,
ბოლოს უმღერეს ოდა...
ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრა
თავი,
რომელიც ჰქონდა“.
ვახტანგ ჯავახაძე
თავიდანვე ვიტყვი, რომ, თუ რამდენიმე ავტორს არ ჩავთვლით, ქართული პროზის კითხვა მაინცდამაინც არ მიყვარს. ცხადია, ამის მიზეზები ორივემ, მეც და ქართულმა პროზამაც, საკუთარ თავში შეიძლება ვეძიოთ.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრულ ლიტერატურას ადამიანები, როგორც წესი, ესთეტიკური სიამოვნების განცდის მოლოდინით კითხულობენ და მეც, ამ მიზეზითა და სუფთა სინდისით შემეძლო დემონსტრაციულად უარი მეთქვა, მაგალითად, თანამედროვე ქართველი პროზაიკოსების იმ ტექსტების გაცნობაზე, რომლებსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ კრებულში „თხუთმეტი საუკეთესო ქართული მოთხრობა - 2015“ - მოუყარა თავი, ჩემივე ნებით ხელი ავიღე ამ უფლების გამოყენებაზე და ხსენებული წიგნი მაინც წავიკითხე.
და რადგან აღმოჩნდა, რომ, ჩემი აზრით, კრებული თანამედროვე ქართული არა მხოლოდ მხატვრული პროზის, არამედ ლიტერატურის პოლიტიკის რამდენიმე სიმპტომატურ და არსებით ნიშანს, თვისებას გამოკვეთს, გადავწყვიტე, ჩემი დაკვირვებები მკითხველისთვისაც გამეზიარებინა.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ლიტერატურის პოლიტიკა ისეთ შეკუმშულ და პატარა სივრცეში, როგორიც ქართული მწერლობაა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არსებულ მხატვრულ მიმართებებსა და მიმართულებებს, ესთეტიკურ და სტილისტურ კონცეფციას.
პოლიტიკა (რა თქმა უნდა, ლიტერატურის) მწერლებს არაცნობიერად, პირდაპირი დაკვეთის გარეშე აიძულებს, საკუთარი მხატვრული ხედვები და ორიენტირები მის, მამარდაშვილისეულად თუ ვიტყვით: „მიტინგის ხმას“ შეუსაბამონ, ან, როგორც მინიმუმ, არ ასცდნენ შექმნილ პოლიფონიას.
ლიტერატურულ პოლიტიკას, ერთი მხრივ, შეუძლია გაანულოს, გაანეიტრალოს და ხმა შეუცვალოს ტექსტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეიტანოს მასში არარსებული კონტექსტი და, შესაბამისად, შინაარსი. ყოველივე აქედან გამომდინარე, არსებითი და დამაფიქრებელი შეიძლება იყოს თეზისი, რომ, ხშირად, ლიტერატურის პოლიტიკა წინ უსწრებს თავად ლიტერატურას.
სწორედ ამ (და არა - ესთეტიკური) მიზეზით შეიძლება იყოს საინტერესო „2015 წლის 15 საუკეთესო მოთხრობის კრებული“, რომელიც, ჩემი აზრით, გამოკვეთს და გამოავლენს ლიტერატურის პოლიტიკის იმ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს სივრცეში შეიძლება არც არსებობენ, მაგრამ მნიშვნელობენ.
ჩემი აზრით, კრებულში მოხვედრილი ავტორების დიდი ნაწილი, ისევ მამარდაშვილის მეტაფორას თუ მივმართავთ, სწორედაც რომ ლიტერატურულ მიტინგზე იმყოფება - ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე. მანიფესტანტებს კი თანამედროვე ლიტერატურული პოლიტიკა თავად სთავაზობს გარკვეულ სტანდარტებს და პირობებს.
პირველ და უმთავრეს ჩვენი დროის დაკვეთას, უფრო სწორად მის სავალალო შედეგს წარმოადგენს ის, რომ დღესდღეობით მწერლობა პროფესიას, საქმეს, რომლითაც ადამიანი სერიოზულად უნდა დაკავდეს, აღარ წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად აისახება ტექსტების მხატვრულ ხარისხზე. ამის მიზეზი მარტივია - არასათანადო დაფინანსება და მასშტაბები, ხოლო შედეგი კი ის, რომ თანამედროვე ქართველ მწერალს რაიმეს დაწერის სურვილი ძირითადად მაშინ უჩნდება, როცა ამ საქმით მატერიალური გამორჩენის რაიმე პერსპექტივას ხედავს.
სწორედ ამ კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა ის, რომ 2015 წლის 15 საუკეთესო მოთხრობის კრებულში ტექსტების თითქმის ნახევარი ან საკონკურსო, ანდა რაიმე კონკრეტული პროექტის ფარგლებშია დაწერილი.
ჩემი აზრით, ის ფაქტორი, რომ დროის მცირე მონაკვეთში, ანდა, ზოგჯერ სულაც თემატური განსაზღვრულობის პირობებში იქმნება თანამედროვე ლიტერატურის „საუკეთესო“ ნიმუშები, კარგს და სახარბიელოს არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება პროზას, რომლის წერაც წესით საკმაოდ დიდ ინტელექტუალურ, ინფორმაციულ თუ შემოქმედებით შრომას უნდა გულისხმობდეს.
შესაბამისად, ავტორთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ სერვისით - „მუზა გამოძახებით“ - ნაკლებად ფიქრობენ ტექსტის კონცეპტუალურ, ენობრივ, გამომსახველობით და ესთეტიკურ-სტილისტურ მხარეზე. შედეგად კი ხშირად ვიღებთ არაპროფესიონალურ, დილეტანტურ ტექსტებს, რომლებშიც, როგორც წესი, ფორმისა და შინაარსის მიმართება და განვითარება არათანაბარი და უთანასწოროა (ხშირად შინაარსის სასარგებლოდ). მათ დიდ ნაწილში ერთადერთი პრინციპი, რომლითაც ავტორი მოქმედებს, არის ამბის მოყოლა ნებისმიერ ფასად; ხოლო იმას, თუ როგორ შეიძლება ნარატივი და თხრობა განხორციელდეს, ალბათ, დროის უქონლობის გამო - თითქმის არ ენიჭება მნიშვნელობა. შედეგად, თანამედროვე პროზაც გაივსო იმ ადამიანებით, რომლებიც სხვა პროფესიასთან ერთად, სხვა ეპოქაში არიან მოხვედრილნი და ხშირად მათ სოციალურ სტატუსს, სოციალისტური რეალიზმის მსგავსად, ქმნის ერთგვარი პოლიტიკური, თუ იდეოლოგიური პოზიციები. სწორედ ამიტომ, კრებული ორ უდავო, ერთ შემთხვევაში სამწუხარო და მეორე შემთხვევაში მეტნაკლებად სამწუხარო ფაქტს ჰფენს ნათელს: პირველი ის, რომ მისი თემატური ერთფეროვნება იმ მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ხოლო მეორე ის, რომ ქალბატონ ეკატერინე ტოგონიძისთვის 2014 წელი, როგორც ჩანს, შემოქმედებითი კრიზისის ხანა აღმოჩნდა და მას არც მოთხრობა, არც პოემა და არც რომანი არ დაუწერია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად დაამშვენებდა კრებულს.
მეორე თვალშისაცემი საფრთხე, რომელსაც წიგნში წარმოდგენილი ყოველი ტექსტის ბოლოს მიწერილი მათი პირველად გამოქვეყნების ადგილი ნათელს ჰფენს, გამოიხატა საკმაოდ უცნაურ ფაქტში: კრებულის შემდგენელმა, ქალბატონმა ლელა ცისკარიშვილმა, როგორღაც მოახერხა, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სულ 3-4 ლიტერატურული პერიოდული გამოცემა არსებობს, კრებულში არ შეეტანა არცერთი მოთხრობა ჟურნალებიდან: „ახალი საუნჯე“, რომლის ლეგიტიმაციის ფარგლებშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და „აფრა“. ხოლო „არილიდან“ წიგნში სულ რაღაც ერთი ტექსტი მოხვდა.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც „ახალ საუნჯეში“ 2014 წელს დაიბეჭდა მინიმუმ ორი ტექსტი, რომლებიც ყველანაირი მხატვრული კატეგორიის მიხედვით, მინიმუმ 15-ჯერ აღემატებიან „თხუთმეტ საუკეთესო ქართულ მოთხრობათაგან“ რამდენიმეს.
გულწრფელ გაოცებას იწვევს პატივცემული შემდგენლის გადაწყვეტილება, რომ კრებულში არ მოინახა ადგილი ალექსანდრე ჭელიძის „შთABAთ MAთEღ”-ის, დათო ყანჩაშვილის „არა იმრუშოს“, გიორგი ფირცხალაიშვილის „მოკალით შლიხის“ („ახალი საუნჯე“) და ოთარ ჯირკვალიშვილის „კანფეტისთვის“ („ახალი საუნჯე“), ან თუნდაც ამავე ავტორის „მღვდლისთის“ („აფრა“), მაშინ, როდესაც წიგნში დაბეჭილია სალომე ბენიძის, ნინო თარხნიშვილის, მიშა ბახსოლიანის, ლია ლიქოკელის, ივა ფეზუაშვილის... საკმაოდ სუსტი ტექსტები.
ოთარ ჯირკვალიშვილის ორივე ხსენებული მოთხრობა, ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული პროზის გამორჩეული ნიმუშებია, რადგან მათში ჩნდება ის ახალი ხაზი, სტილისტიკა „ინტერპრეტაციაუმართავი“, დახვეწილი თხრობის პრეცედენტი, რომელიც ჩვენი ლიტერატურისთვის არსებით და გადამწყვეტ სიახლეს შეიძლება წარმოადგენდეს.
ლიტერატურის აღქმის სუბიექტურობა კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება იმის გამართლება, რომ ამ მოთხრობების ადგილი იმ ტექსტებმა დაიკავეს, რომელთა წაკითხვაც, მათ დაწერაზე გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შედეგად, ჩემი მოკრძალებული აზრით, მივიღეთ 15 საუკეთესო ქართული მოთხრობისგან შედგენილი წიგნი, რომლის მთავარ ინტრიგასაც ის წარმოადგენს, რომელი მოთხრობა უფრო ცუდია: სალომე ბენიძის, ნინო თარხნიშვილის, თუ, თუნდაც, ლია ლიქოკელის, რომლის ტექსტმაც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ლიტერატურული პრემია „წერო“ მოიპოვა.
რადგან ჩემი წერილის მიზანს არ წარმოადგენს კრებულში შესული ტექსტების გამოწვლილვითი კრიტიკული ანალიზი, შევეცდები, მკითხველს ამჯერად მხოლოდ ის ზოგადი შთაბეჭილებები გავუზიარო, რომლებიც დაბეჭდილ მოთხრობებს შეეხება და, ამავე დროს, გამოკვეთს გარკვეულ ტენდენციებს, როგორც თანამედროვე ქართული პროზის, ისე, შესაბამისად, მისი პოლიტიკისა.
საბედნიეროდ, ამ ტექსტებს ერთი გასაოცარად კარგი თვისება აქვთ: სანამ მომდევნო მოთხრობის წაკითხვაზე გადახვალ, წინა უკვე აღარ გახსოვს, ხოლო წიგნის კითხვის დასრულებიდან, ზუსტად 15 წუთი (ე. ი. თითო მოთხრობაზე თითო, ან გნებავთ, თითო წუთზე თითო მოთხრობა - მოდის) საკმარისია იმისათვის, რომ ყველა მათგანი დაგავიწყდეს.
ჩემი აზრით, სალომე ბენიძის ტექსტი „ლიდია“ მხატვრულ ტექსტს არ წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არც კარგია და არც ცუდი, მაგრამ უცნაური კია წლის საუკეთესო მოთხრობების კრებულში იმ ნაწარმოების ხილვა, რომელიც არ აკმაყოფილებს ლიტერატურულობის არცერთ კრიტერიუმს, რომლებზეც თანამედროვე დასავლელი თეორეტიკოსები საუბრობენ: არ წარმოადგენს მეტყველების „ავანსცენას, არც მეტყველების ტიპების გაერთიანებას, ის არ გვევლინება, როგორც გამონაგონი ნარაცია, მისი აღქმა ვერ ხდება, როგორც ესთეტიკური ობიექტის და, რაც მთავარია, მას არ გააჩნია არანაირი ინტერტექსტუალური თვისება, ანუ ტექსტი არ არის საერთო ლიტერატურული სივრცის ნაწილი.
ამის საპირისპიროდ ძნელად თუ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სალომემ ყველა უცხოური სახელი, რაც კი არსებობს, ან უარსებია პერსონაჟებს დაარქვა და, შედეგად, თითოეულ წინადადებაში საშუალოდ 2,69 ჯერ არის გამოყენებული საკუთარი სახელი (ლიდია, იოჰანესი, ირენე, ირენე, იოჰანესი, ლიდია, იოჰანესი, ლიდია, ირენე....), რაც მწერლის მიერ ენის საერთოდ ვერ ფლობაზე მიუთითებს.
„ლიდია“ გამორჩეულად მკაფიოდ გამოხატავს თანამედროვე ქართული პროზის კიდევ ერთ პრობლემას: ენასა და შინაარსს შორის რელევანტური მიმართების უქონლობას.
ჩემი აზრით, არ შეიძლება ყველა ამბავი ერთნაირი ენით მოჰყვე და ყველა პერსონაჟი ერთნაირად სქემატურად აღწერო.
გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ სლავოი ჟიჟეკის გაფრთხილება: „არ შეგიყვარდეთ საკუთარი თავი!“ - და ყველა ლიტერატურულ გმირში, მიუხედავად იმ განუზომელი და გულწრფელი პატივისცემისა, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ შეიძლება ვგრძნობდეთ, ლატენტურად არ უნდა აღვწეროთ საკუთარივე თვისებები.
მართალია საპირისპირო, მაგრამ მაინც პრობლემასთან გვაქვს საქმე ლია ლიქოკელის მოთხრობის - „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ - შემთხვევაში.
ამ ტექსტის ერთ-ერთ მთავარ ნაკლს ის წარმოადგენს, რომ ავტორმა ღრმად ფილოსოფიური ტრაგედიის ნაცვლად, შემთხვევით კომედია შექმნა. ალბათ, ამის მიზეზი ის არის, რომ, ერთი მხრივ, ხელოვნურად და წინასწარი ჩანაფიქრის გარეშეა აგებული ტექსტის არქიტექტონიკა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ენა არც პროზაულია და არც პოეტური და რაღაც გაუგებარ დიალექტთა სიმბიოზს ჰგავს. ამას ემატება ცუდი სტილი, არაარსებითი დეტალების დახვავება, ბანალური დასასრული და ფოკალიზაციის (აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდის ვერანაირი გამოყენება, ვერანაირად გაამართლებს იმ ფაქტს, რომ ტექსტის ესთეტიკური და საზრისული შრე სუსტი და ბანალურია, რაც შეიძლება ასევე ითქვას თამრი ფხაკაძის ტექსტზე - „პრომეთეს ცეცხლი“) არადამაჯერებელი მცდელობა, რაც, საერთო ჯამში, განაპირობებს კიდეც იმას, რომ წიგნში დაბეჭდილი ტექსტიდან, ასევე კომიკური და ალუზიურად გაუმართლებელი სათაურის ჩათვლით, სულ მცირე, 13 გვერდია ამოსაღები.
ჩემი აზრით, აშკარად თემატური პროექტისთვის (ალბათ, საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის თემაზე) არის დაწერილი ნინო თარხნიშვილის მოთხრობა „13 წლის გოგო, ვირთხის თათები და ვაშლი“ და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტექსტი არადამაჯერებლად უტრირებულია.
ელემენტარული ენობრივი უზუსტობების სიუხვესთან ერთად, ნაწარმოების ნაკლი ისიც არის, რომ აღწერების უკიდურესი შაბლონურობის გამო, მკითხველის ინტენციაში მათი ვიზუალიზაცია ვერ ხერხდება, რაც ტექსტის იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.
იგივე პრობლემის წინაშე დგას მიშა ბახსოლიანი, რომლის ანგარიშზეც წიგნში შემავალ ავტორებს (გელა გელაშვილს თუ არ მივიღებთ მხედველობაში) შორის იუმორის ყველაზე მეტი წარუმატებელი მცდელობაა.
გარდა ამისა, გაურკვეველია მისი ტექსტის - „სასაუზმე ბუდაპეშტი“ - ჟანრული კლასიფიკაციის ამბავიც, რომელიც ჰოლივუდურ საშინელებათა ფანტასტიკასა და მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ქართული სუფრის ჟანრებს შორის მერყეობს. აქედან გამომდინარე კი, ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი ვერ იქცევა დისკურსად და ვიღებთ გაუგებარი მიზანდასახულობისა და მორალის ნარატივს.
იგივე პრობლემას ვხედავ თეა თოფურიას საკმაოდ ნორმალურ მოთხრობა-ზღაპარში - „იაკობის ჭასთან“ - რომლის მორალიც, პირადად ჩემთვის, მითოლოგიური და გაურკვეველი დარჩა. საერთოდ, მგონია, რომ 21-ე საუკუნის ზღაპარს, თუკი მსგავს კრებულში მივუჩენთ ადგილს, უნდა გააჩნდეს მკვეთრად გამოკვეთილი ალეგორიული და სოციალური პარალელები.
ეს ზღაპარი საბავშვო ნამდვილად არ არის. ეს განცდა განსაკუთრებით მიმძაფრდება შემდეგი ციტატის წაკითხვისას: „დიდი გორგა თვითონაც უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო, მაგრამ მისი შვილი ნასვამი თუ ფხიზელი ხშირად იკვეხნიდა, ძაღლისხეველები მამაჩემის ნაბიჭვრები არიან, მანდ მამაჩემს ქალი კი არა ფაშატი ცხენიც კი არ გაუშვია ხელიდანო“.
ხოლო, მასში (ამ განცდაში) საბოლოოდ დასარწმუნებლად საკმარისია კიდევ ერთი ციტატა, რომელიც, ჩემი აზრით, ზღაპრის ჟანრის კანონებს ლინგვისტურად და იდეურად მაინცდამაინც არ შეესაბამება:
„რაც იმ დაწყევლილ ტყეში ფეხი შემოდგა, მას მერე უკვე იცოდა, რომ არაფერი შეეძლო აქაზის გარეშე. იჯდა, უსმენდა და ზუსტად იცოდა, მასპინძელს მეორე დილამდე შეუჩერებლად რომ ეგინებინა, ასე დაჩიავებული მოუსმენდა, შემდეგ მადლობას გადაუხდიდა და ისე დატოვებდა მის სახლს, თითქოს არაფერი“.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ თეა თოფურიას ზღაპრის დადებით მხარეს კარგ, რელევანტურად შერჩულ ენასთან და სტილთან ერთად წარმოადგენს სწორედ ის, რომ მისი ზღაპარი სცდება ამ ჟანრის კლასიკურად გაგებულ თვისებებსა და ნიშნებს და ის, არსებითად, შეიძლება ითქვას, პოსტმოდერნისტული ტექსტია. მასში, დიდი იმედი მაქვს, რომ შეგნებულად, დარღვეულია ზღაპრის მითოსი, საკრალურობა და ფოლკლორი. ნაწარმოებში გამოყენებული მთავარი სიმბოლური მომენტი, რომელიც ერთ-ერთი გმირის - გორგას საფლავთან არის დაკავშირებული, არატრადიციულია. მართალია, ზღაპარი დახურული, გაქვავებული სიმბოლიკის, ერთგვარად კანონიკური სივრცეა, მაგრამ სხვა რა თეოლოგიური და ონტოლოგიური გამართლება შეიძლება ჰქონდეს ჩვენს დროში მის წერას, თუ არა ამგვარი ძიებების შესაძლებლობა?
რუსუდან რუხაძის და ჩემ მიერ უკვე ნახსენები გელა გელაშვილის ტექსტების პრობლემა არასაინტერესო და პროგნოზირებადი ამბავია. ამ უკანასკნელის მოთხრობის - „მსროლელი“ - ნაკლი უფრო ის კი არ არის, რაც მასში წერია, არამედ ის, რაც მასში არ წერია და ნამდვილად უნდა ეწეროს. ნაწარმოების ენობრივი მხარე მეტისმეტად ერთფეროვანია, ავტორი თითქმის არ მიმართავს სტილისტურ ხერხებს, სამაგიეროდ კი, მისი კოლეგების მსგავსად, ტექსტს არაფრისმთქმელი დეტალებით ავსებს. მაგრამ ყველაზე უსიამოვნო მაინც ის არის, რომ ფაბულა და მისი სიუჟეტური განვითარება ბანალურია და ავტორს ტექსტის კულმინაციისათვის, კვანძის გახსნისთვის ნაწარმოების მომზადება ჩაეფუშა, მკითხველი რამდენიმე გვერდით ადრე ხვდება, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს მოთხრობა იმის ნათელი ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება იქცეს საკმაოდ ნორმალური ამბავი კოლუმბიურ ტელესერიალად გადმოცემის სათანადო ფორმისა და ენობრივი საშუალებების მონახვის გარეშე.
საპირისპირო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ივა ფეზუაშვილის მოთხრობის - „ცა“ - შემთხვევაში, რომელიც არსებითად იმ მეტნაკლებად სარწმუნო იდეის მხარდაჭერას ემსახურება, რომ თბილისში ჩამოსული ყველა ჩინელი ბოზი, ხოლო მათ მიერ გახსნილი ყველა მასაჟის ცენტრი - ბორდელი არ არის და არსებობს ბედნიერი გამონაკლისებიც. ასეთ გამონაკლისს მოთხრობაში ლამაზი ჩინელი გოგო, სახელად ცა (უნდა აღინიშნოს, რომ პერსონაჟის სახელს ავტორი სხვადასხვა სემანტიკურ ბრუნვაში ჩასმით, საკმაოდ საინტერესოდ და შედეგიანად იყენებს) წარმოადგენს, რომელიც, ავტორის მტკიცებით, მისი სხვა კოლეგებისაგან განსხვავებით, პატიოსანი შრომით შოულობს ფულს. ზოგს შეიძლება ეს არააქტუალურ პრობლემადაც მოეჩვენოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ივა ფეზუაშვილს გაწეული შრომა არ უნდა დავუკარგოთ, ის მართლაც საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს თავის მტკიცებებში, რომლებიც ქართული საზოგადოების იმ უგულო ნაწილის იმ გარყვნილი იდეების დეკონსტრუქციას გულისხმობს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მომუშავე ყველა ჩინელი მასაჟისტი ბოზი ჰგონია.
სხვა მხრივ, თუ იმ ფაქტს არ მივიღებთ მხედველობაში, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი თითქმის ორ გვერდს ანდომებს „ტრაკზე შემოხეული ტრუსიკის“ (საინტერესოა, კიდევ სადმე შეიძლებოდა შემოხეოდა?) გამოცვლას, ტექსტში დიდად საინტერესო და აღსანიშნავი არაფერია. ივას გაცილებით უკეთ შეეძლო მასმედიის, ტელევიზიის შიდა სამზარეულოს პრინციპებში გაერკვია მკითხველი და ამით თხრობა უფრო მეტად პაროდიული გაეხადა.
ლიტერატურული პაროდირება არ შეიძლება იყოს მხოლოდ მძიმე და ფუნდამენტალისტური სოციალური ფონის ნაივური აღწერა, რადგან როცა პაროდია პირველადია, სწორედ ის ქმნის მთავარ ტექსტს.
კიდევ ერთი სიმპტომური თვისება, რაც კრებულში შესულ რამდენიმე ტექსტს, განსაკუთრებით კი გურამ მეგრელიშვილის „ექსკლუზივს“ და ივა ფეზუაშვილის „ცას“ ახასიათებს, ეს არის სათქმელის შეუკავებლობა. ხსენებული ნაწარმოებიდან („ცა“) ამოსაღებია მთლიანი მოცულობის დაახლოებით 2/3, ანუ ის ისტორიები და ლირიული გადახვევები, რომლებიც არც მაინცდამაინც საინტერესოა და სიუჟეტური განვითარების ლოგიკასთანაც არაფერი აკავშირებს.
სწორედ აზრებისა და აღწერების სიუჟეტში არასწორმა და უკონტროლო კომპოზიციურმა განაწილებამ გამოიწვია ის, რომ ტექსტის ფინალი ჰოლივუდის იმ ფილმების დასასრულს დაემსგავსა, რომლებშიც პერსონაჟების ბედ-იღბლის განვითარება ჩამოყრილი პუნქტებით ჯამდება:
„ცას ცხოვრების ბოლომდე ეტლში მოუწევს ჯდომა, ჩემი უფროსი და მისი იობარი მეგობარი დაიჭირეს.
გადაცემის ნახევარფინალი პირდაპირ ეთერში თითქმის მილიონმა მაყურებელმა ნახა, ხოლო ცას ჩამოვარდნის ვიდეოს მილიონ-ნახევარი ნახვა ჰქონდა.
„ფანატიკოსი მშობლების გუნდს“ ქალაქის ინტელიგენცია რამდენიმე დღე ლანძღავდა, ისინიც ცოტა ხნით მიიმალნენ“.
და ა. შ. და ა. შ...
ცოტნე ცხვედიანის „ოქროს ქალაქი“, ჩემი აზრით, კრებულში დაბეჭდილთაგან ერთ-ერთი ყველაზე არაგულწრფელი ტექსტია, რისი მიზეზიც ის არის, რომ მთხრობელი-ფოკალიზატორი და მისი ძმა გიგო ამბობენ არა იმას, რაც მათ მენტალობასთან და ხასიათთან შესაბამისია, არამედ იმას, რასაც ავტორი აიძულებს და დაავალებს. სწორედ ასე, ავტორის დახმარებით მიდის ტექსტის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, 8 წლის გიგო ურთულეს ფსიქოანალიზურ და კარტეზიანულ აღმოჩენებამდე.
შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი პერსონაჟები არათუ არ იწვევენ თანაგრძნობას, თავსაც კი აბეზრებენ მკითხველს დედაზე, მამაზე, ბებოზე, ბაბუზე და იმის ბაბუზე მოყოლილი გაუთავებელი სენტიმენტალური ისტორიებით.
ტექსტის მთავარ ნაკლს კი სიუჟეტური განვითარების დიალექტიკა წარმოადგენს, რომლის ხშირი რადიკალური და ჰეროიკული ცვლილება, სიკეთისა და ბოროტების გამარჯვებათა მონაცვლეობა ძალიან ჰგავს საშუალო სტატისტიკურ ჰოლივუდურ, ზომიერად ცუდ მელოდრამათა სცენარებს.
რაც შეეხება ბესო ხვედელიძეს საინტერესო მოთხრობას „ზღვის სუპი“, ამ შემთხვევაშიც შეგვეძლო შეგვედგინა ფილმოგრაფია და ბიბლიოგრაფია, დაწყებული ჯო კარნაჰანის „შერკინებით“, გაგრძელებული სარტრის „კედელით“ და დამთავრებული ბეკეტის „მოლოით“ (გავიხსენოთ და პარალელი გავავლოთ ორივე ნაწარმოებში ზღვის კენჭების წუწნის ეპიზოდებს შორის), რომელთა გაცნობის შემდეგაც ავტორს შესაძლებლობა მიეცემოდა, რაიმე ახლის მოფიქრებაზეც ეფიქრა ამ თემასთან მიმართებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა ტექსტთან შედარებით ხსნებული მოთხრობა სტრუქტურულად საკმაოდ კარგად არის გამართული, ომის თემაზე დაწერილი, უამრავი ქართული ნაწარმოებების მსგავსად მას ორი შესამჩნევი ნაკლი აქვს: პირველი ის, რომ ამბავი ზედმეტად უტრირებული და გადამლაშებულია, რაც თხრობას დამაჯერებლობას უკარგავს; ხოლო მეორე, მთავარი გარემოება ის არის, რომ, როგორც ცნობილი ლიტერატურათმცოდნე დომენიკ რაბატე გენიალურად წერს: ახალი ომი ახალი თემა კი არ არის, არამედ - ახალი ენა. ქართველი პროზაიკოსების უმეტესობისათვის კი ომი მხოლოდ ახალ თემად იქცა და მან თავისი, ახალი ენა ვერ მოიტანა.
სიხარულით უნდა აღინიშნოს, რომ კრებულში ნამდვილ, მზის სხივის თუ არა, ჭრაქის შუქის გამონათებას მაინც წარმოადგენს ლაშა ბუღაძის, ნიკუშა ანთაძისა და, განსაკუთრებით, ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა. ისინი დასრულებული, კონცეპტუალურად შემდგარი ნაწარმოებების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ნიკუშა ანთაძე თავის ნოველაში ძალიან ზუსტად და რელევანტურად შერჩეულ ენას და ლინგვისტურ ერთეულებს იყენებს. თუ უამრავი ქართველი პროზაიკოსის მიერ აღწერილი ქუთაისი, ბურკინა ფასო, კაირო, ლოს ანჟელესი, ჩხოროწყუ, შოტლანდია ერთნაირი და ერთფეროვანია, ნიკუშა ანთაძე კარგად იცნობს და გრძნობს იმ კულტურული სივრცის სპეციფიკას, სადაც სიუჟეტს ავითარებს. ის ახერხებს, ნამდვილ, კონკრეტულ ლისაბონში ამოგზაუროს ქართველი მკითხველი და არა სქემატურ, ზოგად ლისაბონში.
თხრობას ოდნავ არადამაჯერებლობას მატებს ის, რომ მთხრობელი პირველიდან მესამე პირში გადადის, რაც იმის მანიშნებელი მგონია, რომ ავტორს არ ეყო ოსტატობა, თავდაპირველად არჩეული გზით გაეხსნა ტექსტის კვანძი.
რაც შეეხება ლაშა ბუღაძის სოციალურ სატირას - „ბეთჰოვენის ხელკავი“ - მისი მთავარი ნიშანი მკაცრი, დისტანციური თხრობის სტილი და დახვეწილი, კონცეპტუალური ფორმაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ანა კორძაია-სამადაშვილის „პასტორალიაა“, რომელშიც მიზანმიმართულად და საინტერესოდ მოქმედებს ერთგვარი „არალიტერატურული“ ენა. მწერალი მიმართავს წერაში ლაპარაკის პრაქტიკას და მისი ენა და სტილი თავისუფალი და ხალასია.
ამავე დროს, მოთხრობაში გვხვდება ძალიან კარგი ენობრივი თამაში. ერთ მომენტში, როცა საუბარია წარმოდგენაზე, რომელსაც პერსონაჟი ესწრება, ავტორი მოლოდინს, იმიტაციას ქმნის კონტექსტში მოსალოდნელი ფრაზის („წარმოდგენა რომ ძალიან ძნელია“), რომელიც შემდეგნაირად ჩანაცვლდება:
„როგორი თვალები ჰქონდა, ჩემო თავო... წარმოდგენა რომ ძალიან გრძელია და შენ რომ ჩვენი ენა არ იციო?“
თუმცა, ტექსტის მთავარ ღირსებასაცა და იმედგაცრუებასაც მისი ფინალი, უფრო სწორად, უფინალობა წარმოადგენს და უცნაური დასასრულის მოლოდინგაწბილებული მკითხველი ხვდება, რომ ტექსტის ფინალის მუღამი ის არის, რომ მას ფინალი არა აქვს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, ჩემი აზრით, ამგვარ არარსებულ დასასრულს სიუჟეტური გამართლება შეიძლება ჰქონდეს, რაც, თავის მხრივ, ინტერპრეტაციის საგანია.
ამ დაუსრულებელ დასრულებულობას სწორედ სიუჟეტი აქცევს ტექსტად და ტვირთავს სემანტიკით, ზუსტად ისევე, როგორც ეს ჩვენი მცირე მიმოხილვითი რეცენზიის შემთხვევაში მოხდება...