სიზმარი ვერტიკალურად


სიზმარი ვერტიკალურად




 ქალი პოეტი

 

ისე ჟღერს, როგორც ქალ-ბაყაყა -

თუ იყიყინებს, უნდა გამოსცეს უფრო ნაზი ხმა

არ უნდა იყოს აბეზარი

ყურთასმენა არ უნდა წაიღოს

უნდა ქონდეს უხილავი პაწია ოქროს გვირგვინი

იქნებ ვინმემ შეამჩნიოს

იქნებ აკოცონ

იქნებ თავზე ხელი გადაუსვან

და დაისვან თავსასთუმალთან.

მოკლედ, ზღაპარია. ფიქციაა.

ბაყაყს - მნიშვნელობა არ აქვს, დედალია თუ მამალი,

სჭირდება ძლიერი ხმა,

რომ სხვების ყიყინი გადაფაროს,

რომ უფრო ხმამაღლა შეასხას ხოტბა უტკბილეს ჭაობს,

მოყვეს თავკომბალობის სანუკვარ დროზე,

ან უფრო ხმამაღლა იყიყინოს იმაზე,

თუ როგორ არ მოწონს საკუთარი სლიპინა კანი

და აყროლებული წყალმცენარეების დარბაზებში

ბაყაყურით ცურვა.

თუ როგორი მოსაბეზრებელია მწერებით მუცლის ამოვსება

ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს.

თუ როგორ განიცდის, რომ

საკუთარ ენაზე ზემოთ ვერ ახტება.

იკრობს, რაც გარშემო დაფრინავს.

ამ მოწყენილობაში

მისი ხმა მისი ერთადერთი თავშესაქცევია.

სიცოცხლის ნიშანი.

ის, რაც აგრძნობინებს, რომ სისხლი ბოლომდე არ ეყინება.

სინაზე ამ ამბავში შეუძლებელია.

წამგებიანი მანევრია. არაფერში არ გამოდგება.

ამიტომ, არ დაიჯეროთ ლამაზყდიანი ანთოლოგიების,

საიდანაც მხოლოდ ქალები გიღიმიან.

არ არსებობს ქალი პოეტი.

 

 

მადრიდი, კორიდა.

 

ზემოდან - ხედი დაკონკრეტდა,

გამკვეთრდა, გადიდდა.

ხარს გავს მადრიდი -

თბილს და თვინიერს.

მეხსიერება ვერ ამოჭრის დეტალს - კადრიდან.

წევს ფილმში მკვდარი მატადორი

და დასტირიან

ლამაზ-ლამაზი, შავთმიანი, შავკაბიანი

ქალები. ისიც ლამაზია -

მოოქროვილი

ჟილეტით,

წელზე ბრტყელი ლენტით,

ფერდზე - ჭრილობით.

ჭრილობა მღერის თავის ამბავს -

ჯერ კიდევ ალისფერს,

ვიდრე ხორბლისფერი ყვრიმალები

მიწისფერს დაიფენს.

ეს ორთაბრძოლა - დღესასწაულს რომ გავს შორიდან,

სადღაც დაიწყო. ახლა თვალი ვეღარ მიწვდება.

კაცის და ხარის მისტერია - მკვლელი კორიდა -

დღემდე მოსასხამს აფრიალებს.

პირად მიწვევას გავს აფიშაზე -

მატადორის თეთრი ღიმილი.

იქნებ პირველმა - ხარმა გაფატრა

ადამიანი, ძღვენით ხელში, რომელიღაც რიტუალისას.

იბერებისთვის - ხარის რქებს შორის იზრდებოდა

მზე და მთვარე. ილეოდნენ

ვარსკვლავები შუბლის კიდეზე.

ხარის ქედი უპირობოდ იდგამდა უღელს,

პურის მინდვრებს აბიბინებდა.

წინ ერთგულად მიზოზინობდა.

ჭრიდა მიწას, ქვას მიათრევდა.

ამ საღამოს კი - მატადორის ფერდზე - ჭრილობა

ხარს დაუჯდება სიცოცხლის ფასად.

ხოლო მატადორს დაადებენ ძვირფას მალამოს,

დაახვედრებენ წითელ ყვავილებს,

უმღერებენ ყველა სიმღერას,

სადაც ის არის გმირიც და ღმერთიც.

ადვილია - შეგიყვარდეს მატადორი -

ოქრომკერდით ნაქარგ სამოსში,

მოქნილი - თითქოს ქარი იყოს მისი სხეული -

ატლასის ქსოვილს თავის ნებაზე დაასრიალებს.

ახალგაზრდაა, წვრილი წელით,

შავი თვალებით -

მარადიული მზეჭაბუკი -

ხარის მუქ ფონზე ერთიანად ბრწყინავს, კაშკაშებს.

რამდენი წყვილი თვალი დასდევს,

რამდენი წყვილი - ერთმანეთის ხელს ეჭიდება,

როცა რქის წვეტი ფერდს გაუკაწრავს.

ამ დროს პიკასოს ნახატივით ნაწილებად იშლება კადრი -

ერთმანეთში გაჩრილ უთვალავ

მახვილ კუთხედ. მხოლოდ აქა-იქ ჩანს წითელი.

დანარჩენი ნაცრისფერია.

მოედანს ასდის ხმის ოხშივარი.

რაღაც ველური ყვავილივით ერთბაშად ხსნის

ხარის შუბლზე

თავის გვირგვინს ნანატრი სისხლი.

და ვინ იცის, ეს როდის დაიწყო.

კაცი, რომელიც საკუთარ თავს ასე ზეიმობს.

და ხარი, როგორც მარადიული გლადიატორი -

თავი რომ ვერაფრით გამოისყიდა.

 

 

სიზმარი ვერტიკალურად

 

რად უყვარდებათ დიქტატორი ერთი დანახვით?

თითქოს კაცია, თითქოს ქალი -

მდინარეში ისე შედის, როგორც სხვები,

მაგრამ ცურვას არც კი აპირებს -

რჩება მუდამ ვერტიკალური -

თითქოს ფსკერში საძირკველს თხრის ორივე ფეხით.

მოკვდავივით კი არ იხრჩობა,

ან ღმერთივით, თვალმოუკვრელად კი არ გაივლის,

დგას იმ ადგილას, სადაც წყალი ვერ მიწვდება სასუნთქ გზებამდე -

გამოთვლილი სიღრმის წერტილში.

თავს ტალღებს ზემოთ ატრიალებს,

კისერს იგრძელებს,

მდინარის ხმას ფარავს ძახილით,

რომ ყველგან მიწვდეთ მისი სახელი,

რომ თვალები, ყურთასმენა - ტალღიდანაც, ნაპირიდანაც,

სულ გარშემო შემოიხვიოს.

ზუსტად ამბობს მაშველი რგოლის კოორდინატს,

განსაზღვრავს სიღრმეს,

ნავებს კარნახობს მიმართულებას.

როგორ არ უნდა დაყვე მის ნებას -

მოლაპარაკე შუქურას გავს -

მარილივით არ დნება წყალში,

თევზები ძვლიდან ხორცს ვერ აცლიან -

მისი ხმა - მჭახე გასროლაა, გაფრთხილება,

ზუსტი თავდაცვა. ისღა გრჩება,

შორიახლოს იტრიალო, ათვალიერო,

აღფრთოვანდე ამ გამძლეობით.

მთელი მდინარე მის გარშემო იწყებს პროწიალს

და მზადდება ასე მორევი -

სავსე - ქვიშით, სარეველებით,

მკვდარი თევზებით, ერთხელაც რომ ვერ ამოიოხრეს.

ახლა უკვე შეიძლება ტრიბუნაზეც გადადგას თავი -

გამოაცხადოს:

”კენჭი ვუყაროთ კენჭისყრის არსს -

ამაო გარჯას, როცა კენჭებით შეგვეძლო ეზოს გამაგრება,

ღობის გამართვა. რამდენი კენჭი დაიკარგა - ფუჭად ნასროლი.

ვინმე მანც ჩაგექოლათ, ძეგლი დაგედგათ!”

როგორ არ უნდა დაეთანხმო

იმას, ვინც მუდამ ფხიზელია და ვერტიკალური -

ფიქრში, განსჯაში, გამოთვლაში, გადახარშვაში -

ყველას, და უფრო, თავისი თავის სადარაჯოზე.

აღფრთოვანების ღირსიცაა, შიშისაც და სიყვარულისაც.

ვიდრე სხვები სიფხიზლეშიც ნახევრად თვლემენ,

თითქოს დაწოლის ეშინია,

დაძინების ეშინია,

ეშინია ტკბილი სიზმრების.

ეშინია - დღისით ან ღამით -

ჰორიზონტს არ გაუთანაბრდეს.

 

 

სამყურები

ცას უყურებენ სამყურები.

ფურცლების სიბრტყე

ცდილობენ - ცისას გაუსწორონ. პარალელური

სამყაროები -

სულ ერთმანეთს რომ ჩაყურებენ.

არსად - ფანჯარა, არც კარები, არც სახელური.

ტკბილი, მორჩილი ველურები

მიწას მიბმული,

რომ არ დასცდებათ ერთი ოხვრა ან საყვედური.

უბრალოები - სამყურები. სულ იცინიან.

წვრილ ღეროებზე.

არ ცდილობენ, ფეხი აიდგან.

სრულყოფილები. სიბრალულიც კი არ იციან

ციცქნა თავების.

არც არსაით. არც არსაიდან.

გზებზე გაშლილი ფრაქტალები, ასლის ასლები.

ამ სიმსუბუქეს ჩაშლილ ძვლებშიც ვერ გადაიტან.

მათ თავებს ზემოთ

თავის გზაზე, ცა მისრიალებს -

უვარსკვლავებოდ, ვარსკვლავებით, ღრუბლების დრამით.

თვალს ვერ ჩასჭიდებ.

სჯობს, სამყურას დაადგა თვალი.

ერთადერთ ფერში, ზუსტ წერტილში მათი წრიალი

მოწყენილობის შელოცვაა, წმინდა წრე არის

და იღბლიანთა საიდუმლოს გაგიზიარებს.

არც სიყვარული არ იციან.

მწვანე გულები -

ასე უსისხლოდ

ერთმანეთზე მიტყუპულები.

 

 

მარტის ხეები

 

ხე დგას. დრო გასდის. ტოტები კი - ყოველ გაზაფხულს

გაყვავილდება, ისე როგორც ახალთახალი.

და იქნებ ამ დროს მარტის ხეს გავს ადამიანიც,

თუმცა გარედან რას შეამჩნევ -

ძველებურად ძვალია, ხორცი. წყვილი თვალი.

პირი, მუდამ მზადყოფნაში - თქვას არაფერი.

გუმანით თითქოს გრძნობს რაღაცას -

უმიზეზო ბედნიერებას,

რაც მეტია მის სახელზე, გვარზე, ასაკზე,

ადამიანურ ცხოვრებაზე - კანის მიღმა რაც მისრიალებს.

მაგრამ შეხედავ, იგივეა -

ფერს არ იცვლის, მხოლოდ ტანსაცმელს.

ბევრი-ბევრი თმა შეიღებოს.

მხარზეც იგივე ჩანთა კიდია.

მიდის - თავისი საზრუნავით,

მისდევს თავის გეგმებს, საათებს

თავის კუბისტურ ქალაქებში

სადაც სამყაროს მთელი სიმრგვალე

ერთიანად გაბრტყელებულა,

აბლაგვებს და ამახვილებს თვალის კუთხეებს

ხამხამის ზუსტი ინტერვალებით. სულ ამაოდ -

გაოცება აქ ისეთი იშვიათია.

ხეებიც - თითქმის მთელი წელი - დეკორაცია,

სავალდებულო ბალიშები ცოტა ჟანგბადის.

მარტში კი რაღაც ემართებათ -

ლამისაა ფეხი აიდგან -

მთელ ქალაქში არავინ არის მათზე ცოცხალი.

იტაცებენ გამვლელის თვალებს -

უფორმოები, დატოტილები ყველა შესაძლო მიმართულებით -

ვისთვისაც ნიშნავს სიმეტრია - გაეკიდო საკუთარ სურვილს.

ისინი მართლა ემსგავსებიან

თვალებისკენ ამობრუნებულ სასწაულებს -

დაწინწკლულებს თეთრად, ვარდისფრად -

ბედნიერება ზედ რომ გადასდით.

რა შეუძლია მათ შემხედვარე ადამიანს?

გაჩერდეს? სცადოს, თვითონაც ხეს დაემსგავსოს

რამდენიმე წუთით სინათლეს ჩაშტერებული?

ამ დროს იქნებ ისიც კი იგრძნოს,

სადღაც, მის მხარზე, შიგნიდან როგორ ანთია ჩანთა -

ბავშვის ბჭყვრიალა თმისსამაგრებით -

დილის სახლიდან შემთხვევით რომ გამოყოლია.

 

 

გამოსავალი

 

ბრტყელი და მოელვარეა მატრიცა -

სიტყვასიტყვით იბეჭდება

თითქოს თითების ბალიშებში ჩაგვიყენეს კათეტერები

და სულს ვუსხამთ

რომ გაივსოს, ჩვენს გადაღმა დაიწყოს სუნთქვა.

ადამიანს კი დრო გასდის, როგორც ნათელი მტვერი -

ვიდრე ლანდად არ გაილევა.

ძვლებს ჩააწყობს ძველისძველი დამტვრეული იარაღივით

აქვე, მიწის ზედა ფენაში.

და ვართ ასე, მოსწრებაზე -

რომ გავხიზნოთ ეს ბრჭყვიალა ნაწილაკები -

ეს მსუყე და ტკბილი საკვები -

სადმე, ახალ სამყაროში, ჩვენსავით რომ არ ჩაიშლება

სათითაო ძვლად და თმის ღერად.

ნებაყოფლობით ვუნერგავთ მთელ მეხსიერებას -

იქ ბევრად უფრო საიმედოა

შევინახოთ ჩვენი თავები - ამდენი ამბით გამოჭედილი.

აი, იმ ქალმა თავისი თავი გადანერგა სამ ლამაზ ბავშვში

და ბოლქვივით კვებავდა დიდხანს,

ის კაცი კი ხეხილის ბაღს ზრდიდა გულის მინერალებით,

უვლიდა ღონის მილევამდე.

მასში იყო ჩაწობილი ყველა ხის ფესვი

და მთელი ძალით ისრუტავდნენ, იზრდებოდნენ,

მის მერეც, ცისკენ - სანტიმეტრობით.

სხვამ კი - მიაგნო რაღაც ფორმულას -

და ციფრებში გადაზიდა ნეირონები -

რომ ბუნების კანონებზე ილაპარაკოს

შემდეგაც, როცა სათითაოდ ჩაქრებიან

მის სხეულში მოციმციმე ყვავილები - ნევროციტები.

რამდენი კარი გამოვაღეთ. რამდენ სივრცეში შევყავით თავი -

არსებობის გადასარჩენად.

არადა, დღესაც, თითქოს ჩვენია ეს არსებობა -

ისე ვმოძრაობთ, ვლაპარაკობთ, გვიყვარს, ვივიწყებთ.

მაგრამ ყველას გვეშინია წარმოვიდგინოთ -

ბრმა მოხუცი, ზეპირად რომ აქვს დასწავლილი თავისი სახლი

და მორიგ დილას, კედლის კუთხეს ჯოხს უკაკუნებს,

იქ კი მყარი - არაფერია.

 

 

მარტისპირული

 

შესაძლებელია უძვლოდ, უხერხემლოდ

ზამთრიდან გაძრომა.

პეპლები ჭუპრებზე,

კვირტები მერქანზე ათასჯერ გამძლეა.

უბრალო ღმერთები ჩნდებიან -

ენძელას ღერები, სამყურას

ფურცლები, რომლებიც

სამყაროს - უკუღმა - ჭერივით ახურავს.

ისინი მოდიან მეორედ, მესამედ

და მემილიონედ.

ვუყვარვართ. იციან, ასეთი აღდგომით

რას აიოლებენ.

ჰაერი - სახლდება, თბება, არსებებით

ივსება, ხმაურობს.

ბალახის თითებით

მკვდრებს ისევ ცოცხლებში გაალღობს, აურევს.

ამოცოცდებიან თხელი ყვავილებით,

ჭრელი ხოჭოებით -

ისინი, რომლებიც

სიცოცხლის გადაღმა, სივრცის მოშორებით

იცდიან.

დადგება (თითქოს - ცხრამეტია) ეს ოცდაცხრამეტი -

შიგ მარტში.

არა და, გეგონა,

რომ ასეთს ვერ შეიყვარებდი.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE