ქაღალდი ქვა მაკრატელი


ქაღალდი ქვა მაკრატელი




დაიბადა გალისიურ ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში 1977 წელს. პოეტი, ესპანური ფილოლოგიის დოქტორი და აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი. მრავალი მულტიკულტურული პროექტის ავტორი. 2009 წლიდან მოყოლებული აქტიური წევრი და ხელმძღვანელია პროექტებისა, სადაც ნეჩართული არიან გალისიელი და სხვადასხვა ქვეყნის პოეტები. გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, მათი ბილინგვური (გალისიურ-ესპანური) ვერსიები ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში, საბავშვო პოეზიის ხუთი წიგნი, ნათარგმნი აქვს რამდენიმე წიგნი. მიღებული აქვს ესპანური კრიტიკის პრიზი (1999), პრიზი „სპირალი“ (2007), პრიზი „კრიტიკული თვალი“ (2009), პრიზი ნოვაკაიშაგალისიას ფონდისაგან. „2015 წლის ავტორი“ გალისიურ წიგნის მაღაზიებში, პოეზიის ეროვნული პრიზის ფინალისტი და სხვა. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში („გალისიური აუდიოვიზუალური აკადემიის“ 2005 წლის საუკეთესო ტელეწამყვანის პრიზი). მრავალი საერთაშორისო პოეტური ფესტივალის მონაწილე. თარგმნილია 25-ზე მეტ ენაზე.

 

ტოლსტოის ბაღის ვაშლები

 

მე,

რომელმაც ნერეტვას ნაპირები მანქანით შემოვიარე,

რომელმაც კოპენჰაგენის ნამიან ქუჩებში ველოსიპედით ვიყიალე.

მე, რომელმაც საკუთარი ხელებით მოვზომე ნატყვიარები სარაევოში,

რომელმაც გადავლახე, საჭესთან მჯდომმა, სლოვენიის საზღვარი

და გადავუფრინე პატარა თვითმფრინავით ბეტანსოს მდინარეს.

მე, რომელიც ხომალდს გავყევი ირლანდიის ნაპირებამდე,

და ომეტეპეტის კუნძულამდე, ნიკარაგუის დიდ ტბაში;

მე, რომელიც არასდროს დავივიწყებ ერთ მაღაზიას ბუდაპეშტში,

არც ბამბის მინდვრებს თესალიის პროვინციაში,

და არც იმ ღამეს სასტუმროში, ნიცაში, 17 წლის რომ ვიყავი.

ჩემი მეხსიერება ტერფებს დაისველებს იურმალას სანაპიროზე, ლატვიაში

და სიქსთ ავენიუზე თავს შეიგრძნობს, როგორც სახლში.

მე,

რომელიც შეიძლება მოვმკვდარიყავი ტაქსით მგზავრობისას ლიმაში, 

რომელმაც გადავსერე პაკრუიის მბზინვარე მინდვრების სიყვითლე 

და გადავჭერი იგივე ქუჩა ატლანტაში რომელიც მარგარეტ მიჩელმა.

ჩემი ნაფეხურები ელაფონისის ვარდისფერ ქვიშას დაემჩნნენ,

გადაკვეთეს ბრუკლინის კუთხე, კარლოსის ხიდი, ლე ვილი.

მე, რომელმაც უდაბნო გადავლახე, რათა მივსულიყავი ეს-სუვერიაში,

რომელიც მთებიდან ბაგირით ჩამოვსრიალდი მომბაჩოში,

რომელსაც არ დამავიწყდება ქუჩაში გატარებული ღამე ამსტერდამის ცის ქვეშ,

არც ოსტროგის მონასტერი, არც მეტეორას სალი კლდეები.

მე, რომელიც სახელს გავყვიროდი გენტის მოედანზე,

რომელმაც ჩავყვინთე ბოსფორის ზღვაში დანაპირებით შემოსილმა,

რომელმაც სამუდამოდ დავკარგე თავი აუშვიცის იმ საღამოს შემდეგ.

მე,

რომელმაც დასავლეთისკენ ვატარე მანქანა პოდგორიცას სიახლოვემდე,

რომელმაც თოვლის სკუტერით მოვიარე ყინულოვანი ვატნაიაკული,

მე, რომელიც არასდროს არ ყოფილა ისეთი მარტო, როგორც რუ სან დენიში,

რომელიც არასდროს იგემებს ისეთ ყურძენს, როგორიც კორინტოზეა. 

მე, რომელმაც ერთ დღეს

ტოლსტოის ბაღის ვაშლები დავკრიფე,

მინდა რომ დავბრუნდე სახლში:

ა კორუნიას

ჩემს საყვარელ

თავშესაფარში

რომელიც შენ ხარ.

 

 

ქაღალდი ქვა მაკრატელი

 

როცა დახუჭული თვალებით იყურებიან,

რგოლები უბრალო თამაშად გვეჩვენება

(ლექსების წიგნი უფრო მეტად გადაიშლება

და იქცევა ბანქოს დასტად).

 

შუქის ანთება თავხედობა არ არის

და არც უშუქობაში წერაა სიბეჩავე.

 

ხელიდან არ უნდა გაგექცეს სამყაროს ღუზა

და არც იმასთან მოჭიდება, რაც სიტყვებს აკავებს.

 ნუ გეშინია, მას ფეხები წასხიპო,

რომ უფრო დიდ სიმაღლეს მისწვდე.

 

აქ ჩვენ

ენას ვქმნით.

 

ვწერთ რეალურად,

რადგან ერთხელ ნანახი ათჯერ გაგონილს სჯობს.

 

 

მეტროფობია

 

პეიზაჟის მიღმა, ბნელ ლაქად, ღრუბლებიდან იღვრება წვიმა.

ამ რუკაზე ბარდის მიერ მოხაზულ გზებს დაინახავთ.

მკლავს წასვლის ჟინი. ჩემი მანქანა ჯარისკაცია.

არ გესმის მისი აღჭურვილობის და თხელზე თხელი ჯავშნის სტვენა?

სოფლის გზები კვადრატებად ჩამოქსელილ რვეულებს ჰგვანან.

მინდა მთები გადავიარო, მოგზაურივით, მხრებზე ლექსებმოკიდებულმა.

ჩემი მანქანა ვერცხლისფერი ტყვიაა,

დენთის ნაცვლად აქვს რითმა.

მე ვეუბნები: წამო, წავიდეთ!

ერთად მოვივლით

მინდვრებს და ქუჩებს,

მოხელეთა უბნებსა, დენის მშობელ ქარის წისქვილებს.

მინდება, რომ შევებრძოლო მე ამ გიგანტებს.

ჩემს მანქანას და მე ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

 

იბუპროფენის1 თეთრი ყლორტები.

ჩემი მანქანა ჯარისკაცია

და ვეუბნები:

მონფორტედელემოსს2

ლექსები უნდა ვუკითხოთ-მეთქი!

ის თავის ძრავას გადაიყვანს ჩემს სიხშირეზე.

ხმაურობს

და მირაკუნობს,

თუმცა სტანჯავს

მეტროფობია.

 

 

პოეზია დამცრობილთა ენაა

 

მე დავიწყებდი მისი სიბლანტით და სიმჟავით, მისი PH-ით.3

უხილავის ხოცვა-ჟლეტვასა

და ხილულის საკონცენტრაციო ბანაკს შორის

იგი ქალური ნაბიჯით დადის.

  

დაამუშავე სტილი და დასასრული,

ეპოსი სტუმართმოყვარე.  

 

პოეზიაში

ენა თავისი თავის მიმართ

ყრუ არის.

სამეგობრო წრის არეს მასში სიტყვები ზრდიან.

 

საჭიროა ანბანის ნძრევა,

რომ წამოყვინთონ

ერთი შეხედვით ურთიერთდაუკავშირებელმა რაღაცეებმა.

 

მეტყველების სიჩქარის კოლოფი,

სხვა კანონთა ჟესტები.

ქარვაში ჩავარდნილი ღიმილი მწერისა.

 

აქ არაბულის ცოდნაზე არ არის!

შენ, უბრალოდ,

არ გესმის

პოეზია. 

 

 

სეფისკვერი (სამყარო არამეგობრულია)

 

 სამყარო უმიმღებო სასტუმროა,

მჭევრმეტყველების ნიჭი კი საერთო-სახალხო სიკეთე არ არის.

 

ასე არ განაწილებულა პური და თევზი:

აქეთ ხორცი,

იქით კი ფხები მხოლოდ და მხოლოდ.

 

თქვენ კარგავთ თავს და ქუდები გაწვიმთ.

მდიდრებს ფული ეყოლებათ, ღარიბებს - შვილი.

 

მე ერთი პური მეგულება,

რომელსაც დავაქუცმაცებდი,

პატარ-პატარად დავტეხავდი, რომ დიდხანს გაეძლო.

ეგებ, ერთი მცირე ნამცეცი ვინმე მშიერის ხახაში მოხვდეს,

და ეგება ამოევსო,

ეგებ, გაეძღო.

 

ვით ტიტანიკის ზეობის ჟამს მაშველი ნავი.

როგორც სავარცხლის ტყე იმისათვის, ვინც მელოტია.

 

რიტორიკული Urbi et Orbi:

არ არის და არც მოელიან!

აქ წვერს გრეხენ,

და შენ კიდევ ყბები არა გაქვს!

 

ზოგ სასას სამი წამი შეხვდა ბედნიერების.

ღმერთი კი ამ პურს იმას მისცემს,

ვისაც ნაკლები კბილი ექნება.

 

 

მოისმინე და გაიმეორე: un paxaro, unha barba

 

მთელი ცა წელში წელში მოხრილა. წყურვილი მწვავე.               

უცხო ენაზე მეტყველება

ჰგავს ნათხოვარი სამოსის ჩაცმას.

ჰელგა უამრავ სიტყვას ურევს ერთმანეთში

(ნეტავ როგორი ადამიანი იქნებოდი უცხო ენაზე?)

შენ მახვედრებ იმას, რომ ზოგჯერ

ეს აპარატი ჩემი,

ეს სიმი ვოკალური,

ასაწყობია.

 

მეტყველების შუქ-ჩრდილების დერეფანში,

პროსოდია

ჩემს კაბაში

მომეკვეხება.

 

ენასთან ჩემს პრობლემებზე რაღაცას გეტყვი.

არის ისეთი რამეები,

რომ ვერ წარმოვთქვამ.

მაგალითად, ისე, როცა დამჯდარს გიყურებ

და სკამს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ.

ceci n’est pas une chaise.4

 

ნახევარსფეროს აჭიატებს ბნელი კამერა.

ფრთიანი ფრაზა: დიახ, ლექსი ეგზორციზმია! 

 

მანიშნებელთა ცვლა. მცირედი იუმორი

და შეიძლება, გაქცევაც სცადო.

 

ასეთია ფონეტიკა და ენთალპია.

თუმც მართალი ხარ:

ჩემი ვოკალი დასახვეწია.

(თუ შენს კბილებს არ დავაკვირდი,

ვერაფერს ვერ ვიგებ, რას ამბობ!)

 

დაპატარავდა ცა. ხოლო ჰელგა დგას და იღიმის.

 

და მეც ვსწავლობ განსხვავებას წვერს და ჩიტს შორის.

 

გაფრენაზე მეტად, იმის ცოდნაა თურმე საჭირო,

ხელში როგორ მოიხელთო,

როგორ გეჭიროს.

 

-------------------

1 ესპანური ციტრამონი.

2  ქალაქი გალისიაში, რომელიც თავადის სახელს ატარებს.

3 სიმჟავის, ტუტიანობის მაჩვენებელი.

4 ეგ კი სულაც არ არის სკამი!

 

ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE