თამრიკოსთან მიდი. ნომერი გამომიწოდა. მე მაგას აღარ ვაკეთებ და თამრიკოს ჩემი სახელით სთხოვე.
რეცეპტისთვის განკუთვნილ ქაღალდზე ნომერი მიმიჯღაბნა და მომაწოდა.
იცის თავისი საქმე. პირველად იკეთებ?
არა - მოკლედ მოვუჭერი. არ დამათვლევინოს-მეთქი, ვინატრე.
ჩაიდგი შენ კიდე სპირალი, ალამ მზრუნველად მიმალანძღა თუ დამარიგა. თან ჩემს გაუნათლებლობა-სამედიცინო-კულტურულ ჩამორჩენილობასაც გაუსვა ხაზი. ახლა არსებობს პლატინის სპირალები, ჩაიდგამ და არაფერს დაგიშავებს. გინდა?
სახეზე შემატყო, რომ იმ წამს ყველაფერი მინდოდა პლატინის სპირალის გარდა და შემეშვა. და მეორეზე იფიქრეეე! მომაძახა, მისი კაბინეტიდან რომ გავდიოდი.
ეკას დავურეკე.
მაგის დედაც-მეთქი, გამომყევი.
რა ქვეშაფსიობა დაგემართაო, ვითომ მეხუმრა, მაგრამ ვიგრძენი, აღელდა.
სახლისკენ წამოვედი. მსხვილად ბარდნიდა.
ალბათ მოსამართლეებიც ამას გრძნობენ, რასაც მე, როცა განაჩენი გამოაქვთ, ვფიქრობდი და მეჩვენებოდა, რომ მუცელში რაღაც მიფეთქავდა.
ალბათ მშია. დავამშვიდე ჩემი პატარა მე და ავტობუსში ავედი.
***
ფეხები მიკანკალებდა, იმ ბნელ დერეფანს რომ გავუყევით. ფეხებში ალაგ-ალაგ აგლეჯილი ლინოლიუმი მებლანდებოდა. ძველი პოლიკლინიკის შენობა იყო, სამედიცინო პუნქტისთის დამახასიათებელი სუნით - სპირტის, წამლების, მომლოდინე ადამიანების სუნის ნარევი. დერეფანში ჩამწკრივებული ოთახების მიხურული კარიდან დროდადრო სინათლე იპარებოდა და გზად შემხვედრების სახეებს სანახევრად ანათებდა. სიარულისას იატაკიდან ავარდნილი მტვერი ბრჭყვიალებდა.
თამრიკოს კაბინეტთან შევჩერდით.
ალასგან ვართ. ეკამ ითავა ჩემი წარდგენა, როცა ჩვენმა რიგმა მოაღწია.
თამრიკოს თეთრი, თითქოს ბეზესგან გაკეთებული ქოშები ეცვა. შარვალიც თეთრი და პერანგიც. მარჯვენა მხარეს, მკერდთან კაშკაშა წითელი “მ” ჰქონდა ამოქარგული - თითქოს გულმა გამოუჟონა.
ალასგან, ესე იგი, ისე ჩაილაპარაკა, რამდენიმე წამი ქაღალდებიდან თავი არ აუწევია.
ვეკიდე თამრიკოს. ერთ-ერთი ვიყავი. მის კართან ატუზულთა არმიიდან.
ნუ გეშინია, გადარჩები, ეკამ ჩამჩურჩულა. ცდილობდა, დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. დრამები არ გვჭირდებოდა. მეორე დღეს მივლინებაში მივდიოდით.
თუ გინდა, გადავდოთ, მითხრა.
გაგიჟდი? ნახევარი წელია, ამას ვგეგმავთ.
მხეცები ვართ, რა. გეუბნები, - თავის თავსაც დაუდგინა.
იმ სირს უთხარი?
ვუთხარი, რა მექნა.
მერე სადაა?
არ შემიძლიაო.
რა არ შემიძლიაო? დამპალი. თუ, მაგას თხრიან რამეს ყვერებში? ნაბიჭვარი - ხმამაღლა ჩურჩულებდა. მხოლოდ სისინა თანხმოვნების ხმა ისმოდა.
ბოლოს და ბოლოს, თამრიკომ, როგორც ბოლო საცოდავს დედამიწაზე, ისე შემომხედა და ამოიოხრა.
პირველია?
არა.
შვილი გყავს?
კი.
კაი, მაშინ. ეხო გადაიღე, ხო? ფურცლები მივაწოდე. ცოტა ხანს უყურა. სამი კვირა ,ესე იგი. ხოოო.
აააბა, აძვერი.
დაღლილი იყო ჩვენნაირების მომსახურებით.
50 ლარი იქნება, ხო იცი. ხო არ გეშინია? რა არი საშიში, მაგრამ მაინც. ფერი არ გადევს, მართლა ხო არ გეშინია, გოგო? ნუ გე ში ნი ა, დამარცვლა. გესმის, დედიკო? (რა დედიკო?), უცებ მორჩება და არც გეტკინება. გაშალე ფეხები. ასე. ასე. ცოტა ზემოთ აიწიე. კარგია. ლუბა, მომაწოდე ეგ - თვალით რაღაც ინსტრუმენტზე ანიშნა. მერე ისევ მე მომიბრუნდა. ხუთი წუთია სულ. ხანდახან მაგისთვის წლები შრომობენ (რა შრომობენ?) და არ გამოსდით. მოდუნდი აბა.
გაჩერდეს ეს ქალი. პირველმა ოფლმა დამასხა.
შემომხედე, დედიკო. მე მიყურე. ხო არ გტკივა? არ გეტკინება. ჯერ არ დამიწყია.
დგმც. დგმც. დგმც. დგმც.
ამოვიკვნესე.
***
ნეტა, ახლა რას აკეთებს.
დილით რომ დავურეკე, მივდივარ-მეთქი, ჩაჯმული ხმა ჰქონდა. ესე იგი, გადაწყვიტე, ისე მითხრა, თითქოს ბინას ვყიდულობდი ხანგრძლივი ჭოჭმანის შემდეგ. ესე იგი, რას ნიშნავს, სხვა რა გზა მაქვს?
ჩვენი სიყვარულის ნაყოფია! მეგონა, მომესმა - არა, ნამდვილად ასე თქვა, “ჩვენი სიყვარულის ნაყოფიო”.
უცებ მომინდა ეს ჩვენი “სიყვარული” გამეხსენებინა და, ბოლო ხუთ წელში ჩავიხედე. იქ კი მარტო უფსკრული მოჩანდა. გადაჩეხილი მანქანების ჩონჩხებით ამოტენილი პირღია ხრამი. შეიძლება, უფრო ღრმად ყვავილებიც იყო. ადრინდელი ბალახიც, მაგრამ მე ვერაფერი დავინახე.
აბა, რა ვუქნა, მარტომ გავზარდო?
რას მიპასუხებდა. ყველა შესაძლო ბანალური პასუხი ზეპირად ვიცოდი. მანამდეც მომესმინა. ისე კი, მინდოდა მეთქვა, რომ არც ახალი ადამიანის გაზრდის ძალა მქონდა და არც ფული. ამის ნაცვლად რაღაც უბადრუკი სლუკუნი ამომდიოდა პირიდან. ის ძირითადად დუმდა და ამ დუმილს დროდადრო ისე არღვევდა მომაკვდინებელი ამოოხვრა, როგორც მღვიმის სიჩუმეს უცებ ჩამოვარდნილი წყლის წვეთი.
მოხვალ მაინც?
არა. არ შემიძლია.
და მე შემიძლია?
რადგან გადაწყვიტე და მიდიხარ, ესე იგი, შეგიძლია.
ცუდად რომ გავხდე? იქნებ გარეთ დამელოდო.
ვერა. ვერ მივიღებ მაგ ამბავში მონაწილეობას.
იქნებ მოხვიდე. თავს დაგადებ, რომ გამოვალ. ხელს ჩაგკიდებ. არაფერი, უბრალოდ სადმე ჩამოვსხდეთ და მერე სახლში წავალ.
ეკას დაურეკე, - ამით დაამთავრა.
ეკას, რომელიც ახლა დერეფანში იდგა და მელოდა.
ეგ რომ იქ მოსული დაენახა, შუაზე გაგლეჯდა.
***
გრძელ, გამჭვირვალე მილში სისხლი წვეთავდა - ბლანტად, ზოზინით. მეჩვენებოდა, თითქოს ნაფლეთებიც მოჰყვებოდა და ყველა ნაფლეთს სხვადასხვა სახე ჰქონდა. თამრიკო და მისი ორი სანიტარი ბუნდოვნად ჩანდნენ. მათი ხმებიც ისე ჩამესმოდა ბოლოს, თითქოს გრძელი მილის ბოლოდან მიყვიროდნენ.
როგორ ხარ, გოგონა, აბა. ცოტაც და მოვრჩით. დიდი ყოფილა ეს ოხერი. აი, აი, ერთიც და მორჩა.
დიდი ყოფილა. თავი ზანზარებდა.
მეგონა, სხეულიდან მთელი სითხე ამომტუმბეს. უფრო სწორად, ჩემს საშვილოსნოს მტვერსასრუტი მიუშვირეს და მთელ სიმძლავრეზე ჩართეს, ყველაფერი რომ გამოეცალა.
აჰა. სულ ეს იყო, - თამრიკოს ხმა გავიგონე. და რეზინის ხელთათმანების მოხსნის ხმაც.
უნდა წამოდგე ახლა. მკლავში ხელი წამავლო და ძალით წამომაყენა. მუცელში არაფერს აღარ ვგრძნობდი - არცერთი ორგანოს არსებობას.
ჩაიდგი დედიკო, სპირალი, - მითხრა.
ვიცი, პლატინის, ვუპასუხე.
და იქვე, კედელთან მიდგმულ საწოლზე დავეშვი.
***
ორი დღის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გამომიგზავნა. გამიკვირდა, მისი სახელი რომ აციმციმდა ეკრანზე, რა ეპისტოლარული ჟანრით მეურთიერთება-მეთქი, მაგრამ წერილი მაინც გავხსენი.
მამა თეოდორე. შეგონება - ეწერა სათაურში.
გრძელი სასულიერო მონოლოგი აღმოჩნდა აბორტის ცოდვაზე. მოთმინებით ჩავედი ბოლომდე.
მერე ტელეფონი ავიღე, სიაში მისი სახელი მოვძებნე.
დიდხანს, დიდხანს ვუყურე და ბოლოს მშვიდად წავშალე.
რა დაგემართა? - ტელეფონში თავჩარგულმა ეკამ ამომხედა.
არაფერი, გინდა კარგი მოთხრობა წაგაკითხო ჩემზე?
და რა ხდება მაგ მოთხრობაში, შენზე.
არაფერი, ბოლოს ჯოჯოხეთში ვხვდები.