ჭუჭრუტანა


ჭუჭრუტანა




ჭუჭრუტანა

 

- ჩაიხედე ამ ჭუჭრუტანაში! - უბრძანა გურამს შინაგანმა ხმამ.

-  აბა ჭუჭრუტანა? -  იკითხა ახლად გამოღვიძებულმა გურამმა და დაამთქნარა.

-  ჩაიხედე-მეთქი ჭუჭრუტანაში! - უყვირა ხმამ.

-  რა ჭუჭრუტანა, რის ჭუჭრუტანა! - შეეპასუხა გურამი და ყავა კინაღამ  პერანგზე გადაისხა.

-  ფუი, შენი!

-  გიბრძანებ, ახლავე ჩაიხედო ჭუჭრუტანაში!

-  მიბრძანებ?! ჰა-ჰა-ჰა! - გადაიხარხარა გურამმა.

-  ამხელა კაცი ხარ და ჭუჭრუტანაში არ იხედები? - დასცინა ხმამ.

-  არსადაც არ ჩავიხედავ! - თვალი ჩაუკრა საკუთარ ანარეკლს გურამმა.

-  ჭუჭრუტანაში! ჭუჭრუტანაში! - გუგუნებდა შინაგანი ხმა.

-  აბა დელი დელა! აბა დელი დელა! - ღიღინებდა გურამი ლიფტის კაბინაში.

ქუჩაში გასულმა ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკა ჩართო. შინაგანი ხმა გაებუტა… გურამი გზაჯვარედინზე გადავიდა და მაღაზიიდან გამოსულ უმშვენიერეს ქალს  გააყოლა თვალი. მანდილოსანი ვნებიანად მიარხევდა ზღვისფერ კაბაში გახვეულ თეძოებს და ირგვლივ ძვირადღირებულi სუნამოს არომატს აფრქვევდა.

- ეეჰ! - ამოიგმინა გურამმა და ყურსასმენი მოიხსნა. ამ “ტაატ-ტაატის” შემხედვარეს აღარც შინაგანი ხმა ახსოვდა და აღარც ჭუჭრუტანა.  

- კარგი ბატონო, არ გინდა ხომ?.. მაშინ ნუღარ ჩაიხედავ მაგ ჭუჭრუტანაში! - “დაუყეფა” შინაგანმა ხმამ.

- რომელ ჭუჭრუტანაში? - დაიბნა გურამი.

- სწორედაც მაგ ჭუჭრუტანაში! - გაუმეორა შინაგანმა ხმამ.

- რომელ მაგაში? - გაბრაზდა გურამი.

- ძალიან კარგად ხვდები, რომელ ჭუჭრუტანაში!

- აბა სადაა ჭუჭრუტანა? - ირგვლივ მიმოიხედა გურამმა.

- ჭუჭრუტანა ყოველთვის იქაა, სადაც იყო!

- იქ სადაა? - ხელები გაშალა დაბნეულმა გურამმა.

- რა სადაა?

- შენი ჭუჭრუტანა!

- ჩემი კი არა - შენი!

- ჩემი?

- ჰმ… უფრო სწორად, ჩვენი!

- ჩვენ გვაქვს საერთო ჭუჭრუტანა? - დაეჭვდა გურამი.

- ჩვენ არა გვაქვს… მაგრამ ჩვენია.

- ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ჩვენია? - ჩაეკითხა გურამი.

- დიახ!

- და ამ ჭუჭრუტანაში უნდა ჩავიხედო, რაკი ეს შენ გინდა?

- მე კი არ მინდა, ასეა საჭირო! - დაუკონკრეტა შინაგანმა ხმამ.

- ესე იგი, საჭიროა ჩავიხედო იმ ჭუჭრუტანაში, რომელში ჩახედვა არ მაინტერესებს.

- ჰოო, არ გაინტერესებს, მაგრამ… სასარგებლოა.

- სასარგებლოა - სასარგებლოა!

- ნუ დამცინი! - ეწყინა შინაგან ხმას.

- გულზე ხელი დაიდე და მითხარი - შენ მართლა გინდა, რომ ჩავიხედო იმ ჭუჭრუტანაში?

შინაგანი ხმა დუმდა.

- არც შენ გინდა? - კვლავ ჰკითხა გურამმა.

- ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა! - ამოიოხრა შინაგანმა ხმამ.

- გინდა თუ არ გინდა?

- სიმართლე რომ გითხრა, ჩემთვის სულ ერთია, რადგან შენგან განსხვავებით, მე არა მაქვს ტკივილის გრძნობა… მე, მხოლოდ ინტუიცია და წინათგრძნობა გამაჩნია, თუმცა არც ნათელმხილველი ვარ, არც ვარსკვლავთმრიცხველი, არც მკითხავი და არც ასტროლოგი… და შესაბამისად, მხოლოდ შენს შეგრძნებებსა და წარსულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ლოგიკურ დასკვნებსა და ინფორმაციებს გაწვდი…

- რა ჭკვიანურად და გრძლაად ლაპარაკობ?! - გაიცინა გურამმა.

- იცი, რას გეტყვი? თუ არ ჩაიხედავ… თუ არ ჩაიხედავ, შეიძლება მერე ძალიან გეტკინოს!

- მერე… შეიძლება.

- ჰოო, მერე შეიძლება დაზუსტებით ითქვას!

- დაზუსტებით თუ შეიძლება?

- უნდა ჩაიხედო! - მოუჭრა შინაგანმა ხმამ.

- ეგ გასაგებია, მაგრამ შენ პირადად გინდა თუ არ გინდა?

- მინდა, რა?

- რომ ჩავიხედო.

შინაგანი ხმა დაფიქრდა.

- გინდა თუ არ გინდა?

- არც მე მინდა, მაგრამ…  - ამოილუღლუღა ხმამ.

- მაგრამ, ამის მიუხედავად, საჭიროა?

- ჰოო, საჭიროა!

- სხვა რამეში რომ ჩავიხედო და არა ჭუჭრუტანაში?

- ჭუჭრუტანაში უნდა ჩაიხედო!

- ეგებ უკეთესია სარკეში ჩავიხედო!

- არა!

- წიგნში ჩავიხედო?

- კი ბატონო, მაგრამ ჯერ ჭუჭრუტანაში.

- ეგებ იმ ქალს ჩავხედო თვალებში!

- იმ ქალს! - ესიამოვნა შინაგან ხმას, - ეგეც აუცილებლად, მაგრამ ჯერ ჭუჭრუტანაში უნდა ჩაიხედო!

- ჭუჭრუტანაში? - აღშფოთდა გურამი, - მაინცდამაინც ჭუჭრუტანაში?

- ჰოო, სწორედაც რომ ამ ჭუჭრუტანაში! - ქედმაღლურად დაუდასტურა ხმამ.

- იმ ჭუჭრუტანაში, თუ ამ?

- იმ თუ ამ? იმ, თუ შენს ადგილას დავდგებით და ამ, თუ ჩემი პოზიციიდან დავხედავთ!

- იმ თუ ამ, ორივე ერთია?

- დიახ, ეჭვიც არ შეგეპაროს!

გურამმა მიმოიხედა.

- იმ ან ამ, რომელ ჭუჭრუტანაში? რომელ იმ ან ამ ჭუჭრუტანაში?

- ზუსტად იმ-ამ ან ამ-იმ ჭუჭრუტანაში!

- ზუსტად, რომელ იმ-ამში თუ ამ-იმში?

- იმაშიცამაშიც! - დასცინა ხმამ.

- ესე იგი ჭუჭრუტანა ერთი კი არა ორია?

- ნუ ლაზღანდარობ. ადექი, გაბედე და ჩაიხედე!... ეგებ გეშინია?

- არრრრა! - ამოიგმინა გურამმა და შინაგან ხმას ქედმაღლურად ზურგი აქცია, - არსადაც არ ჩავიხედავ!

- არა? ესე იგი არა? - უკნიდან შეაპარა შინაგანმა ხმამ.

- დიახაც, არა! - ფეხი დაჰკრა გურამმა.

- ანუ არ ჩაიხედავ იმ ჭუჭრუტანაში?

- არა!

- ანუ კატეგორიულ უარზე ხარ?

- ჭუჭრუტანაში კატეგორიულად არ ჩავიხედავ!

- კი მაგრამ ის ჭუჭრუტანა ხომ შენთვისაა? - გაუკვირდა შინაგან ხმას.

- უკვე გადავაბიჯე ჭუჭრუტანებში ჩახედვის პერიოდს! - ამაყად წარმოსთქვა გურამმა და გზა გააგრძელა.

- სად მიდიხარ? რატომ მიდიხარ? რისთვის მიდიხარ? - შესძახა შინაგანმა ხმამ, - შენი ჭუჭრუტანა ხომ აქაა!

- ჭუჭრუტანაზე ვერ წამომაგებ!

გურამმა სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. თავი გამარჯვებულად იგრძნო და ბეჭებში გამართული გაუყვა უკაცრიელ ტროტუარს…

ცოტა ხანს ამაყად მიაბიჯებდა, ღრმა ნაფაზებს ისუნთქავდა და ხმაურით, ქშენა-ქშენით უშვებდა არომატულ ბოლს.

- ჭუჭრუტანა არა მუჭრუტანა! პუჭრუტანა! ტრუჭრუტანა!

ცოტა ხანში, მართალა დაინტერესდა ჭუჭრუტანის ამბით, მაგრამ თავი შეიკავა, არ ჩაიხედა ჭუჭრუტანაში და გზა განაგრძო...

მან არ იცოდა წინ მიდოდა თუ უკან, რადგან იმ გზას, რომელზეც მიაბიჯებდა, არც წინა ჰქონდა და არც უკანა.

- „ეს ალბათ იმ ჭუჭრუტანაში გამოჩნდებოდა!“- უეცრად გაიფიქრა გურამმა და ამოიოხრა, მაგრამ ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა და უკან არ დაიხია.

შინაგანმა ხმამ ერთხელ კიდევ სცადა:

- ჭუჭრ…

- ჩშშ! - მკვეთრად შეაწყვეტინა გურამმა.

- ჭუჭ…

- ჩჩჩშს! - მკაცრად მოუჭრა გურამმა.

- ჭუ…

- აბა, ეხლა მეთქი! - მუშტით დაემუქრა გურამი. შინაგან ხმას შეეშინდა და დადუმდა. იფიქრა: ცოტა ხნის მერე კიდევ ვცდიო - თუმცა ბოლოს ხელი ჩაიქნია… ყოველი შემთხვევისათვის პირჯვარი გადაიწერა და უხმოდ გაჰყვა ძლიერი ნებისყოფის მქონე პატრონს…

გურამი ენერგიულად იქნევდა ხელებს და მკერდით მიარღვევდა მილიონიანი ქალაქის გარინდულ ჰაერს. ფეხები მძლავრად ურტყამდნენ გზის ასფალტირებულ ზედაპირს. აბეზარი ქარი უფრიალებდა თეთრად შევერცხლილ შავ თმას. გაბრდღვიალებული თვალები უცრემლიანდებოდა. ტუჩები მოუსვენრად უცმაცუნებდა, მაგრამ გურამი მაინც მიდიოდა… სადღაც, გონების თუ სულიერების ცხრაკლიტულში მიყუჟული შინაგანი ხმა უხმოდ სლუკუნებდა, მაგრამ გურამი არ ჩერდებოდა… მიდიოდა გურამი... მიდიოდა იქ, სადაც… იქ სადაც...

მოკლედ, მხოლოდ ჭუჭრატანამ იცოდა... მხოლოდ ჭუჭრუტანაში ჩანდა, სად მიდიოდა ამაყი და ძლიერი ნებისყოფის მქონე გურამი.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE