ქვემოთ მოყვანილია ჩვენ მიერ ამ ნომრისთვის შერჩეული მწერლის, რიგითი ბიორობოტის და მოქალაქე ბოდჰისატვას (ე.წ. «ზურა ჯიშკარიანის») დემო-ნაწყვეტები ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იმ ნოველებიდან, როგორებიცაა:
1 – „Georgian Book of The Dead“ („როგორ გავანადგუროთ ანგელოზები“)
2 – „პავლიკ მოროზოვის ქრონიკები“
და მცირე მოთხრობა სახელად «ვოვა ლიმონკა» - ქართველ ტერორისტზე, რომელმაც ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს დამართნია ცხოვრებაში ერთხელ მაინც – რამდენიმე წამით აღმოაჩინა სამყაროს საიდუმლო.
დაკვირვებული მკითხველისთვის გარკვეული მინი-ნაწყვეტები შესაძლოა ნაცნობი იყოს სხვადასხვა მიზეზით: ზოგი მათგანი გამოყენებული იყო როგორც მცირე ჩანართი სხვადასხვა ესეებში, დანარჩენები კი, შესაძლოა, თქვენც გინახავთ ან გიგრძვნიათ იმ სიზმარში, რასაც ჩვენი ცხოვრება ქვია.
რედაქცია აცხადებს, რომ არ ეთანხმება, მაგრამ მხატვრული შესრულების თვალსაზრისით, მოსწონს ავტორის ყველა გამონათქვამი, ავტორი კი გთხოვთ, რომ რასაც ხელს მოკიდებთ - გაგებით არ მოეკიდოთ.
Georgian Book of The Dead
(“როგორ გავანადგუროთ ანგელოზები”)
+++
სიცოცხლეს სულ სხვანაირი პრიხოდი აქვს, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე მოკვდები და სულ სხვანაირი გემო, მას შემდეგ, რაც იბრძოლებ მის შესანარჩუნებლად. ეხლა შენ უკვე იცი, რომ შენ არ გაგაჩინა ბრმა შემთხვევითობამ, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გულაობს სამყაროში, არც შემთხვევით თუ ძალმომრეობით გამარჯვებულმა გენეტიკურმა მატერიალმა - თუნდაც დეფექტიანი, თუნდაც ხარვეზებიანი - შენ საკუთარმა თავმა გშვა - როგორც ბარონმა მიუნჰაუზენმა ამოიყვანა წყლიდან საკუთარი თავი, როცა ხელებით თავის თმას ჩაეჭიდა, სწორედ ასე ამოხვედი არარსებობიდან.
ის, ვინც იბრძოდა გადარჩენისთვის - მოკვდა, მაგრამ მისი ბრძოლისას გამოთავისუფლებული ენერგია გადარჩა. ეს ენერგია შენ ხარ.
ჯერ კიდევ გაურკვეველი ფუნქციის შესასრულებლად დაწერილი ალგორითმი, სავსე კომპიუტერული ვირუსებით და ვარსკვლავებიანი ცით.
+++
ჩვენს ქვეყანაში წარსული არასოდესაა წარსული, ის მუდამ აწმყოშია და თანამედროვეა. ყველაფერი, რასაც ასე ხშირად გვიმეორებენ გმირებზე, მაგიურ სასწაულებზე ან წმინდანებზე, ეხლაც ცოცხალია: იქ ქვა დგას, რომელზეც ანდრია პირველწოდებული ისვენებდა, როცა დაიღალა ღვთის სიტყვის ტარებით, აქ დინოზავრის ნაკვალევია მიწაში ჩარჩენილი, დანგრეული უცნაური კორპუსი კი, რომელსაც ღამე მიადექი მოსაფსამად, იმიტომ რომ იქ გარეგანათება არ ანთია - შეიძლება ქრისტესშობამდე აშენებული წითელ წიგნში შეტანილი შენობა აღმოჩნდეს. ხო, ასეა, უსაქმურ ევროპელებს ეს შენობები მონაცემთა ბაზებში შეყავთ, ჩვენ ვაფსამთ, ვაფეთქებთ ან ევრორემონტს ვუკეთებთ - this is Georgia.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როცა კითხულობ სტრაბონის ნაწერს სოხუმზე: "დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისს და იმ ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლებიც მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბება 70 ეროვნების ადამიანი. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება.” - შენ იცი, რა კატასტროფაც მოხდა. შენ ამ კატასტროფის განუყოფელი ნაწილი ხარ, შეიძლება ითქვას, მისი ათასი სახიდან ერთ-ერთი, და ამას ვერასოდეს შეცვლი - სანამ არსებობ, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის შენ იქნები შეხსენება იმისა, რომ ცოტა ხნის წინ კატასტროფას ქონდა ადგილი და შენზე სტრაბონმა დაწერა თავის დაგრაგნილ twitter-ზე. ესაა დევნილების ბედი და მთავარი მისია, შეიძლება ითქვას, მთავარი წყევლაც. შეიძლება ამიტომაც არ უყვართ დევნილები - ისინი დამარცხების ცოცხალი შეხსენებაა.
სოციალური პარფიურმერიისა და კოსმეტიკის წიაღში, როცა ყველაფერი მოგვარებული და სამყარო დალაგებული ჩანს - უცებ ჩნდება უმაკიაჟო სახე, მძაფრი სუნი, რადიოში ჩნდება ხმაური, რომელსაც ვერ აბალანსებენ ხმისჩამწერი სტუდიები და საუნდ-ინჟინრები. ციფრულ სიმშვიდეში ნამდვილი სისხლი იღვრება, ნამდვილი სისხლი კი ყოველთვის ისეთი სასიამოვნო არაა, როგორც მისი ციფრულად დამუშავებული ანალოგები. სახელმწიფოს დევნილები არ უყვარს, იმიტომ რომ ისინი გადაუწყვეტელი Error-ია, სისტემური პრობლემაა, რომელმაც უეცრად ადამიანების სახე და ფორმა მიიღო. რა საშინელებაა კომპიუტერული ვირუსი ადამიანის ფორმით! შესაბამისად, ეს ადამიანები არ არიან ადამიანები, მათ არ აქვთ სული, ისინი სხეულშეძენილი ერორები და სპამები არიან, სპამი კი აუცილებლად უნდა წაიშალოს, სანამ გადაავსებს მეილს. სხვებს დევნილები არ უყვართ იმიტომ, რომ ისინი მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ არავითარი “ადამიანური პროგრესი” არ არსებობს, ომი ამის მუდმივი დადასტურებაა და მათთვის, ვინც პროგრესს ეალერსება - ეს დიდი იმედგაცრუებაა; სხვებს დევნილები არ უყვართ იმიტომ, რომ ისინი უშნოები, «დაუბანლები, სუნიანები და გაუნათლებლები არიან». ამ ვერსიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ბევრი მათგანი ადვილად წავა ქურდობაზე ლუკმა-პურის საშოვნელად და ხშირად ეს სიმართლესთან ახლოც არის - არავინ იცის, რაზე წავა ესა თუ ის ადამიანი, როცა ყველაფერს დაკარგავს; სხვები კი თვლიან, რომ დევნილები ცუდები არიან იმიტომ, რომ ისინი სარგებლობენ თავიანთი სტატუსით, იყენებენ თავიანთ სიტუაციას, რომ არადევნილებზე კარგად იცხოვრონ, რომ სამსახურში დევნილსა და არადევნილს შორის არჩევანის დროს - ვალდებულებით - ბოსი დევნილს აირჩევს და აქაც არის სიმართლის დოზა. მოკლედ, არავის არ უყვარს დევნილები კეთილი ადამიანებისა და ენჯეოების გარდა, მაგრამ თუ დავუჯერებთ უფროსების ისტორიებს (სტატისტიკას) იმაზე, რომ სამყაროში კეთილი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად ექსპონენციალურად კლებულობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში დევნილები ენჯეოების გარდა არავის ეყვარება.
ენჯეო სიყვარული კი ენჯეოსავით სტერილური და ადვილად პროგნოზირებადია.
ძვ.წ. IV საუკუნის ბერძენი მწერალი ფსევდო სკილაქ კარიანდელი (“პერიპლუსი”) გვამცნობს, რომ მდინარე ფაზისის ზღვაში, შესართავთან, გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი.
გემი, რომლითაც დიოსკურიიდან გამოვედით, შტორმში მოხვდა და იძულებული გახდა ფაზისის პორტს შეკედლებოდა. ფაზისი არაფრით გავდა ელინთა ქალაქს. ის საერთოდ არაფერს არ გავდა. შავ სიცარიელეში გაშლილ კვადრატზე, პორტში, ღია ცის ქვეშ ათეულობით ადამიანი ვიჯექით, გაურკვეველ მოლოდინში, ახალი მოსულები ომიდან, ბევრს ჯერ კიდევ მოყვებოდა დენთის სუნი და მათი აურა ვიბრირებდა გუშინწინ აფეთქებული ბომბის ექოებით. ხანდახან ამ გარინდებულ ხალხს ამერიკელების გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ააფორიაქებდა, მერე კი ყველა ისევ უბრუნდებოდა კატატონურ მდგომარეობას. ქალაქის სიღრმიდან იქაური მაცხოვრებლები მოდიოდნენ და გემის მოყვანილ ადამიანებს ათვალიერებდნენ, ეკითხებოდნენ გვარებს, არკვევდნენ, ვის რა ჭირდებოდა. მერე ისევ უჩინარდებოდნენ სიცარიელეში და შემდეგ უკვე მოდიოდნენ ქურთუკებით ან მცირე საკვებით. ფაზისელი კაცები დიოსკურელ კაცებს თავიანთ სიგარეტებს უტოვებდნენ, ფაზისელი ქალები კი დიოსკურიელი ქალების ბავშვებს ახვევდნენ თბილ გასახვევებში.
ყველა ომში არის მომენტები, როცა ისეთ ადამიანურობას გრძნობ, რომელსაც ვერცერთ მშვიდობაში ვერ იგრძნობდი.
Made in china
ახლადდამთავრებული ომის სურნელი გავს - როცა მოწვიმს გაზაფხულზე და ასფალტი და ყვავილები გიბრუებენ ტვინს. ახლადჩამქრალი ჰოლოგრამის სურნელს. და ცაც და მიწაც თავისუფალია - არ არსებობს პოლიცია, არ არსებობს კონტროლი. აკეთე რაც გინდა.
ხართ მხოლოდ შენ და შენი გადაწყვეტილებები,
მარტო შენ და შენი სისხლი.
შენ და ზამთრის გრძელი ღამეები.
ეს ჯართი მძიმეა. მიშკა ამბობს, რომ უნდა შევისვენოთ. ოთხნი ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვერევით. იქვე, ქუჩის გადაღმა, უკანასკნელი ზვიადისტები მოძრაობენ თვალებში გაურკვევლობით, ვენებში მორფით და თავში გალის პლანით, ხელში კონკრეტული კალაშებით - ლიდერის გარეშე. ღრმად სუნთქავენ, თითქოს უკანასკნელ იმედებს იგროვებენ ფილტვებში. როგორც ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ მაინც კვდება.
ფეხსაცმელი უფრო ნაჭრების გროვას გავს, ალაგ-ალაგ ძაფებით და წებოებით გადაკრულს ერთმანეთზე.
- ჩინურია და ეგრევე ტყდება. ვაბშე ჩინური ვერაფერი ვერ უძლებს - რაღაცაზე ამბობს მიშკა.
ჩინეთი ჩემთვის ნაცნობი თემაა. ორი კვირის წინ ვნახე პირველი ჩინელი, როგორც წლების მერე მივხვდი ომის ჟურნალისტი, რომელიც ფოტოებს გვიღებდა და მხოლოდ მაგიტომ კორპუსის ბიჭებმა ისე ცემეს, რომ ცალი თვალი დიდ ვარდს უგავდა. ასე თქვეს, უცხოელები ჩამოდიან ფოტოების გადასაღებად და მერე ბავშვებს იპარავენ. ნეტავ სად მიყავთ, ჩინეთში?
ხრეშში გილზა ვიპოვე, მიშკას ბრატი ჩხუბს მიწყებს, ორივენი კოლექციას ვაგროვებთ ტყვიების და მასაც უნდა იგივე გილზა. მამამისი მეთევზეა, დღეს არავინ ვიცით, რომ ერთ თვეში ზღვაში დაიკარგებიან ის და მისი გემი, მამაჩემი - მაქციაა. ღამე ეღვიძება, თავი ისევ ომში გონია, ჩვენ - მტრები. დროზე უნდა დაიმალო. მერე ექვსი კაცი აკავებს, სანამ აზრზე მოვა. მერე ტირის. კაცები ამბობენ, მეომრებს ასე ჭირთო ომის მერე.
დედა ამბობს, ყველაზე მძიმე ლომკების დროსაც არ სჭირდა მსგავსი რამეო. ლომკები მახსოვს.
მიშკა დროზე ერევა ჩხუბში და გილზა მე მრჩება - მაქციის შვილს, თუმცა გილზის ფასი სახეზე დარჩენილი ნაკაწრია ამ გიორგისგან, მეთევზის შვილისგან.
- გოგოსავით ჩხუბობ - ვეუბნები და ჩხუბი ისევ იწყება. შორს, თოვლის ნარჩენებში, ჩადის მზე. ავტომატის გასროლის ექო და ზამთრის ცა წითელია ამ ნაკაწრივით.
გილზა ჩემია. მე-15 იქნება კოლექციაში.
მე მინდა გილზებისგან ყელსაბამი გავიკეთო, მაგრამ თამუნა მეუბნება, რომ ყელსაბამი მხოლოდ გოგოებს უკეთიათ და დამცინის. მე კიდე ვერ ვუტყდები ვერც მას, ვერც ჩემს თავს, რომ მომწონს, როგორც გოგოებს უკეთიათ ყელსაბამები და კაბები და ვუბრაზდები.
ჯართიდან მიღებული ფულით ლიმონათებს ვყიდულობთ. ორი ყუთია ჩასაბარებელი მეზობელი კორპუსის ბიჭებისთვის, წინა კვირას წაგებული ფეხბურთის თავანი.
ლიმონათებს პაპალამ გვიყოფენ - თავანი უნდა გაიყოს, ასეთი წესია. ეს მცირე რიტუალი ყველას გვაახლოებს ქურდულ სამყაროსთან და თვითშეფასებას გვიმაღლებს.
სახლში მე და გიორგის საერთო გზით გვიწევს წამოსვლა , ნაჩხუბრებს.
- რამდენი გაქვს? - ვეკითხები.
- ერთი დამრჩა. ზუსტად ასეთი.
ძალიან დიდ ძალას ვატან თავს, მაგრამ ვჩუქნი.
გზაში დედამისი გვხვდება. დედამისი ჭაჭას ყიდის ჯიხურში, რომელსაც ბევრი ნახვრეტი აქვს ბრმა ტყვიებისგან გაკეთებული და დღისით, როცა მზეა - შიგნით ლამაზად შემოდის სინათლე. ტურბოს კევებს გვაძლევს.
სადარბაზოს მაგიდასთან ნაკლეიკებით ვთამაშობთ: ჰაერში ვწევთ მაზდას და ალფა რომეოს.
«Made in china» აწერია აქაც და გემო მალე გასდის კევს. ვეჯიბრებით, ვინ უფრო შორს გადააფურთხებს.
სახლში დედის ტირილი მესმის - ჩხუბობენ. როცა შევდივარ, ვხედავ, დედა ლარნაკს ამტვრევს. მამა მიდის, დედა საწოლში ეცემა ტირილით, მე დედას ვუწვები.
საპნის სუნი, რომლითაც ბანაობს, ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს კანს. ხარბად ვსუნთქავ და ნელა, მაგრამ ყველაზე ღრმა ძილით მეძინება მის კისერში თავჩარგულს. ისევ ავტომატის ჯერი მზის მიმართულებით, მზე მიდის მამასთან ერთად და ბნელდება. სანთლის ანთების დროა, მაგრამ არავინ დგება საწოლიდან. ხანდახან სიბნელეში ჯობია.
დედამ ძილის წინ თქვა, რომ გატეხილია. მეც გატეხილად ვგრძნობ თავს, ძაან მძიმე რადიატორი იყო. მამაც გატეხილია? - ვეკითხები.
- კი გატეხილია, შენ არ ინერვიულო, მალე გაკეთდება და მოვა - მეუბნება და მკოცნის შუბლზე.
მე საერთოდ არ მინდა, რომ მოვიდეს. საერთოდ არ მინდა, რომ გათენდეს. აქ კარგად ვარ, აქ მინდა ჩამეძინოს ათასი წლით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ჩვენ არ ვართ ჩინეთში დამზადებულები და ასე ადვილად არ ვტყდებით.
мы на войне - ყვირის მიშკა
ასეთია სამყარო, როცა უზარმაზარი ინდუსტრიული იმპერია ერთ თვეში დაინგრა და მილიარდი ქარხანა ჯერ გაჩერდა, შემდეგ ჟანგი შეეპარა, შემდეგ კი პოლიციელიც არ დარჩა, ვინც ამ შენობებს ხალხისგან დაიცავდა და ხალხმა გატეხა უნივერმაღები, ქარხნებმა კი დაიწყეს ლპობა, თითქოს გავიდა მილიონი წელი.
მილიარდი ტონა რკინა, გაშლილი ათასობით კილომეტრზე - ყველაფერი დარჩა ქუჩაში, სახელმწიფო მეთვალყურის გარეშე.
ბალახი საბავშვო ბაღში, რომლის ნახევარ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ, მეორე ნახევარში კი ბავშვები დადიოდნენ ბაღში, მათ შორის კი მხოლოდ ცარიელი მიტოვებული ოთახია, მიჭედებული ხეებით გადატიხრული. ამ ბაღის ეზოში საკმარისია ოდნავ გაისეირნო, რომ აუცილებალდ იპოვი: მეტალის ბოლტებს, ქიმიურ ნივთიერებებს, რადიატორის ნარჩენებს, რომლებსაც ნინძას ვარსკვლავების ნაცვლად ვიყენებთ. აქვე გდია შპრიცები, გაზის ნიღაბი, მოჭრილი თითი.
მიშკამ სკლადი იპოვა, ბიბლიოთეკის გვერდით. კარები ჩარაზულია, მაგრამ ზევით, 2 მეტრის სიმაღლეზე პატარა ფანჯარაა, სადაც მხოლოდ ჩვენხელა ბავშვები თუ გაეტევიან.
- წამოდით, სასწაულები უნდა განახოთ - მორბის მიშკა.
მივდივართ.
სკლადში აირწინაღებია. სამხედრო ტანსაცმლები. ვეძებთ ბომბებს და იარაღებს.
მე ლიმონკა მინდა - ჩემი ოცნებაა ლიმონკების სროლა, როგორც რემბო აკეთებს ფილმში, მამა კი რეალურ ცხოვრებაში.
პროწივაიაძიე - ასეთი ტაბლეტებია საბჭოთა ჯიბის აპტეჩკაში, ბირთვული ალერგიისგან თავდასაცავად.
- ეს მაგრად აკაიფებს - იძახის რამაზი, ბიძაჩემი ყლაპავს.
სამ-სამ ცალს ვყლაპავთ.
ვიზმანებით სამხედრო ფორმებში, მაგრამ ფორმები დიდია და გვეცინება.
- ამას დედაჩემს გადავაკერინებ - იზომავს რამაზი.
აირწინაღს ვიკეთებ და საკუთარი სუნთქვა ოფლად ეკვრება მინას. ძლივს ვარჩევ სამყაროს გარეთ. სხვა პლანეტაზე ვარ, გაურკვეველი მისიით, მაგრამ დაუოკებელი შემართებით.
მიშკა ყვირის, რომ ბომბი იპოვა, ჯიბიდან ვზრივპაკეტები ამოაქვს. მე მიხსნის, თან დაუნდობლად, ცოტაც და გავითიშები, ვგრძნობ, როგორ მეგრიხება ხელის თითები - როგორც იესოს აქვს დაგრეხილი ბებოს ხატებზე.
- მიშკა, мы где? - ვეკითხები აირწინაღიდან, დაცემისთვის გამზადებული... და ჩემი ხმა იწელება გაფუჭებული მაგნიტოფონის კასეტასავით.
- стоять, смирно солдат! - ყვირის მიშკა - мы на войне.
Fade Out.
ომი რასებს შორის
ჩემს კორპუსში, გვერდით სადარბაზოში, პირველ სართულზე, ბოშების ბარონი ცხოვრობს. ბარონი თითქმის სამეფო წოდებაა. ბარონის სიტყვა კანონია და ბარონის ოჯახი ყველაზე თესლი ოჯახია სხვა ბოშების ოჯახებს შორის. შესაბამისად, ბარონთან გამუდმებული სტუმრიანობაა. მთელი ფოთის ბოშები მოდიან ხოლმე ბარონთან და უყურებენ ინდურ ფილმებს, მერე ცეკვავენ და ერთობიან. მე არასოდეს მინახავს ასეთი გართობა. ბოშები სხვანაირად ცეკვავენ და სხვა მუსიკას უსმენენ, მათი ტანსაცმელიც უფრო ფერადია, ვიდრე ჩვენი. მე მომწონს ბოშები, მაგრამ ისინი თითქმის არავის ეკონტაქტებიან სხვა ბოშების გარდა. მხოლოდ ბარონის შვილი მემეგობრება, მაგრამ ფრთხილად, თითქოს რაღაც სიფრთხეს გრძნობს არაბოშისგან. რაღაც პერიოდში ბარონთან იმდენი ხალხი მოდიოდა, თავიანთი ბავშვებით, ჩვენხელა ბავშვებით, რომ უბნის მაუგლებს ეს არ მოეწონათ. ასე დაიწყო რასობრივი ომი: თეთრები შავების წინააღმდეგ. მე გულის სიღრმეში შავები უფრო მომწონდა, მაგრამ ომი უკვე დაწყებული იყო და ჩემს მეგობრებს ვერ ვუღალატებდი. ასე მომიწია იმათ წინააღმდეგ დადგომა, ვინც უფრო მეტად მაინტერესებდა ვიდრე ჩემები. თან ამასობაშ მოვასწარი ბარონის მეორე შვილის, ულამაზესი ბოშა გოგოს პლატონური შეყვარება. და არჩევანი სიყვარულსა და ტომურ ლოიალობას შორის მძიმე ლოდად ეწვა პატარა გულს.
თავიდან ჩხუბებს ქაოტური და წერტილოვანი ხასიათი ქონდა, ხან ისინი გამოიჭერდნენ ვინმე ჩვენიანს, ხან ჩვენები შეიპყრობდნენ რომელიმე მათგანს. ზამთრის დასაწყისში კი ომმა თავისი წესები გამოიმუშავა. კორპუსის უკან, ტრასაზე, სადაც ათასში ერთხელ თუ ჩამოივლიდა ვინმეს ბინძური, მოუვლელი მანქანა, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვდგებოდით. დისტანცია ჩვენს შორის დაახლოებით 30-40 მეტრი იყო. ხუთნი ჩვენ, ხუთნი ისინი. ყველას ხელში და ფეხებთან ქვები ელაგა.
ჯერ იწყებოდა გინება და ლანძღვა. შემდეგ ერთ-ერთი ბანაკიდან ერთ-ერთი მეომარი იღებდა თავის ქვას და ისროდა მოწინააღმდეგის მიმართულებით – ომის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუ უკვე ქვა ნასროლი იყო, არცერთი არ უნდა განძრეულიყო ადგილიდან. მნიშვნელობა არ ქონდა, ქვა გცდებოდა თუ პირდაპირ შენ გეცემოდა ციდან – ვინც აიცილებდა, ესე იგი ნაკლებად გამბედავი იყო. მას მოწინააღმდეგე გუნდი დასცინოდა და ომი წაგებული იყო.
დეკემბერი ახალი დაწყებულია, ცივა, მაგრამ არც თოვლია, არც წვიმა, მხოლოდ ცივი ქარი, ცარიელი ქუჩები და თითქოს სამუდამოდ მიტოვებული კორპუსები ჩვენგან მარჯვნივ და ჩვენგან მარცხნივ.
მე ვდგავარ იქ, სადაც არ მინდა რომ ვიდგე, ომში, რომელშიც არ მინდა, რომ ვმონაწილეობდე, შეყვარებული გოგოზე, რომელიც ფანჯრის კუთხიდან აკვირდება ამ სცენას და არასოდეს იქნება ჩემი და მზერას ვაყოლებ ბოშების ბარონის შვილის ნასროლ ქვას, რომელიც ჯერ მაღლა-მაღლა იწევა ჰაერში, შემდეგ იწყებს ვარდნას და პირდაპირ ჩემსკენ მოფრინავს, როგორც მეტეორი ზამთრის ციდან, როგორც ჩამოგდებული ბომბი, რომელიც იუწყება ომის მარადიულობას.
- გაიწიე, გაიწიე! – თითქოს თვალებით მეუბნება ბარონის შვილი.
- არ გაინძრე! არ აიცილო! არ გაიწიო! -- მესმის ჩემი თანამებრძოლების ხმა. და ვდგავარ ქარში როგორც ძეგლი.
ერთი გასროლით დაძირონ გემები, შტორმს რომ ებრძვიან პატარა ზღვაში
ოთახის სულ ბოლო კუთხეში მიმწყვდეულს, - თითქოს სკოლაში ბავშვს რო სჯიან, - ოთახი ისე გაეწელა, რომ კარებთან მისვლას ალბათ კილომეტრები დაჭირდებოდა. არადა ამის იქით კიდევ სამი ოთახი იყო და სამივეში მხოლოდ ზამთარი და სიმარტოვე. სიცივე - ზუსტად ისეთი, როგორც სადარბაზოში, წინა თვეებში
ქალები რო იცინოდნენ, იმათი ექო ჯერ კიდევ ისმოდა მეორეში. მაშინ ისინი დივანზე ისხდნენ, რომლის ქვეშ
იარაღი იყო დამალული. იარაღი ეხლაც მანდ დევს, მანდვეა ბავშვობის სათამაშოები: წითელი ფიგურა, სანტა-კლაუსის მსგავსი და მუქი ყავისფერი კავბოი „ბრწყინვალე შვიდეულიდან“ მოტეხილი ხელით. და სანამ მესამე ოთახიდან ჯერ კიდევ მოდის ბებოს საკმევლის სუნი, მეორეში ჯერ კიდევ შემორჩენილია ახლადგადაგდებული ლომკის - ტეხვებისა და ოფლის, კოშმარებისა და საკუთარი თავის შეცოდებისგან
წამოსული ცრემლების აურა.
გარეთ არ მახსოვს, წვიმდა თუ ნაწვიმარზე ქროდა ქარი, გემებს რომ ნაპირისკენ ექაჩება ქვებზე მისაჯახებლად და კაპიტანს უწევს, ღუზა ჩააგდოს. კაპიტანიც მარტოა თავის გემში, კაპიტანი ბუკია - ცნობილი მეთევზე, რომელმაც დღეს ოდნავ იმაზე ღრმად შესცურა, ვიდრე საჭიროა ან მის გემს შეუძლია, რომ
გაუმკლავდეს.
ქარებს ბევრი სახელი აქვთ და ყველა თავის მისიასა და ფუნქციას ასრულებს. არიან ქარები-აძინოჩკები, უკომპრომისოდ, ქარების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ რომ მოძრაობენ - ზოგი ქალაქიდან ქალაქში, ზოგი კი გვერდს უვლის ადამიანთა დასახლებებს და მხოლოდ დაბლობებში, ტყეებსა და მთებში მოძრაობს.
ამბობენ, არიან ქარები, რომლებიც ადრე ადამიანები იყვნენ და სიკვდილის შემდეგ გადაიქცნენ მშიერ სულებად და ეხლა გამუდმებით დაქრიან, რომ იპოვონ ერთი ნაცნობი სახე მაინც, ან შეყვარებული, ან დედა - მაგრამ ისინი უკვე აღარ ცხოვრობენ ამ კორპუსებში, ბევრი მათგანი კი უკვე მიწის ქვეშ წევს - ამიტომ მშიერი
სული ვერასოდეს დანაყრდება. არიან ქარები, რომლებიც მხოლოდ კორპუსიდან კორპუსამდე აღწევენ, ყველას გიგრძვნიათ ალბათ ეგ ქარი, კორპუსის კუთხიდან რო გამოდიხარ და გეტაკება, ხოლო საკმარისია გზაზე გახვიდე, იქ უკვე მშვიდი ამინდი გხვდება. ასეთ ქარებს მხოლოდ გარკვეული კორპუსების გავლა შეუძლიათ სპრინტით, შემდეგ კი სადმე სადარბაზოში იძინებენ ძალების მოსაკრებად, ამიტომაა, როცა სახლში ადიხარ, ხედავ ხოლმე, როგორ აქანავებს გაურკვეველი ორპირი მტვერს და ცელოფანს, ეს ამ ქარის ძილის სუნთქვაა, მას შენს სადარბაზოში ძინავს. ნუ გააღვიძებ, დაე ეძინოს.
არსებობენ ქარების ანკლავები, როცა ერთი ქარი უერთდება სხვას და ისინი ქმნიან კავშირს და გზადაგზა იერთებენ სხვებსაც, ზოგს ნებით, ზოგს მათი ნების საწინააღმდეგოდ. თავიანთი გზის ბოლოს ასეთი ქარები ქარიშხლებად იქცევიან. არ გეგონოთ, რომ ყველა ქარის ანკლავი ბოროტია, მათგან უმეტესობას თავისი
ფუნქცია გააჩნია, მაგალითად, არიან ქარები, რომლებიც იღვიძებენ შემოდგომაზე, რათა ხეები დაფერთხონ გაყვითლებული ფოთლებისგან, მერე მოდის წვიმა და ცდილობს ფოთლები გადააკრას ასფალტს, რომ ბეტონის ქალაქები ოდნავ მაინც დაემსგავსონ ნამდვილ ქალაქს და კორპუსები ნამდვილ კორპუსებს - ბუნებისგან
ამოზრდილ ყვავილს, და ჩვენ შეგვეძლოს, ვიაროთ ამ ფოთლებზე და გაგვახსენდეს, როგორ ღმუოდნენ იაგუარები ღამის ჯუნგლებში. ამის მერე იღვიძებენ ის ქარები, რომლთა ფუნქცია დაცვენილი ფოთლების მოხვეტაა, მათი წაღება ქალაქგარეთ, რომ ქუჩები და პროსპექტები გაამზადონ ზამთრისთვის, როცა ცა ეცემა ასფალტს და ისმის გრუხუნი, რომელსაც ადრე ღმერთების ომს ეძახდნენ.
არიან ქარები-ავტობუსები, ისინი მოდიან შორიდან, ძალიან შორიდან და გზადაგზა მათ აეკიდებიან ხოლმე მკითხავების ან უიმედო შეყვარებულების ნათქვამი შელოცვები, პატარა დემონჩიკები, რომლებსაც არ აქვთ მარტო მოგზაურობის ძალა ან გამოცდილება, სადღაც შორს აღმომხდარი გულწრფელი სიცილები ან ტირილები და კალაშნიკოვების სროლის ხმა - ეს ყველაფერი ასეთ ავტობუს-ქარებს მოყვება, ზოგი მათგანი ავტობუს-ქარს გარკვეული საფასურის ხარჯზე დანიშნულების ადგილას მიყავს, ზოგი კი უბრალოდ გზაში იფანტება და ვარდება. ამიტომ არის, რომ ხალხი, ვინც ქოლგებით დადის, ცოტათი უფრო დაცულია - ქარიდან ჩამოვარდნილი ვინმეს შელოცვა ან გუშინწინდელი სატელევიზიო ნიუსების ნაწყვეტები რომ არ ეცემა თავზე. ის ნაწყვეტები, ქარმა რომ გზაში, რომელიღაც გაღებული ფანჯრიდან ამოკრიბა. ხო გქონიათ დღე, ტვინში გარდასულ დღეთა ნიუსები რო გესმით, რომელსაც ტვინი შინაგან ხმად ატრანსფორმირებს - ზოგი ისეთი ხმამაღალია, ზოგიც კი ისეთი ხარვეზიანი (ტელევიზორის ხარისხს და არხს
გააჩნია) - რომ ხანდახან ვინმესთან საუბარში წამოგცდება ნაწყვეტი და მოსაუბრის ოდნავ დაბნეული თვალებით ხვდები, რომ ორი წამის წინ შენი პირით რომ თქვი სიტყვები - ის სხვისი სიტყვები იყო, თან სტერეოეფექტით. ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ გიჟდები, ნუ გაიქცევი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან -
თავში ხმები მთელ კაცობრიობას ესმოდა დღიდან დასაბამისა. აქვე, პროტოკოლისთვის აღსანიშნია, რომ სწორედ ამიტომაა სახიფათო მუდმივად ღია ფანჯრები - არასოდეს იცი, რა გავა გარეთ ან რა შემოვა გარედან, როცა ქარი-ავტობუსი შენს კორპუსთან გააკეთებს მორიგ გაჩერებას.
მაგრამ დავუბრუნდეთ ბავშვს. იმ დღეს ნამდვილად ბოროტი ქარები ქროდნენ გარეთ. ასეთ დროს ფანჯრის გაღება კი არა, მასთან ახლოს მისვლაც არაა რეკომენდირებული, მაგრამ როცა სახლი ძველია და სხვისია და
სავსეა ხვრელებით - ეს ქარები აღწევენ შიგნით, ისევე როგორც აღწევს შიგნით ზამთარი და შენი სიმარტოვე კიდევ უფრო ღრმავდება და ერთადერთი, რაც გრჩება, არის - თავშესაფრის ძებნა საბნის ქვეშ ან ოთახის ყველაზე ბოლო კუთხეში. და არც დედა და არც მამა არ არიან ახლოს, არც ვინმე, ვინც გეტყოდა - „ნუ
გეშინია“, არც შუქი არის - ელექტროღუმელი(ელექტრონიკის უკანასკნელი სიტყვა) რო ჩართო და არც შეშა დაგიჩეხავს დილით - ბოროტი ქარები რო არ აგკიდებოდნენ მკვდარი ხის ნატეხებთან ერთად. და ფიქრობ: რატომ გავჩნდი? რა მინდა აქ?
და ტყუილად ფიქრობ, იმიტომ რომ არავინაა გვერდით, რო გიპასუხოს და ზუსტად იმ მომენტში, როცა ხვდები, რომ „ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში“ - შიში ქრება. ბავშვი დგება ოთახის კუთხიდან. ჯერ ხოხვით, შემდეგ ავსტრალოპითეკის პახოდკით აღწევს მეორე ოთახში, დივანამდე, სადაც იარაღია დამალული -
ამოაქვს იარაღი, ტენის როგორც მამამ ასსწავლა, აყენებს პრედახრანიწელზე, იდებს დუტი კურტკაში და გადის გარეთ.
იქნებ, - ფიქრობს ბავშვი, - მიუხედავად ბოროტი ქარებისა, ვინმე დამხვდეს გარეთ, იქნებ შემხვდეს ლამაზი გოგო და შეგვიყვარდება ერთმანეთი და შევქმნით ოჯახს, სადაც სულ იქნება სითბო, ან იქნებ ველური ბავშვები თამაშობენ სადმე ფეხბურთს, მიუხედავად იმისა, რომ ქარი მათ მიერ დარტყმულ ბურთს ჯიუტად
უცვლის მიმართულებას, ან იქნებ მიაღწიოს ზღვის ნაპირამდე, შუქურასთან (იქ, სადაც რამდენიმე წლის მერე მას მოკლავენ, მაგრამ ეს მან ჯერ არ იცის) და დატკბეს ბოროტი თუ ეგზისტენციალური ძალაუფლების შეგრძნებით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაცხრილოს შუქურა, ჩააქროს მისი შუქი, რითაც სამუდამოდ
დაუკარგავს კაპიტან ბუკიას, ცნობილ მეთევზეს - პორტში დაბრუნების შანსს.
განა პატარა ველურ ბავშვებს ოდესმე ქონიათ ასეთი ძალაუფლება? ერთი გასროლით დაძირონ გემები, შტორმს რომ ებრძვიან პატარა ზღვაში.
===============================================
პავლიკ მოროზოვის ქრონიკები
„ნუ შეგეშინდება ქუხილის, რომელიც ისმის ამ მოცეკვავე ბრბოსგან“
პერმანენტული რევოლუცია ნიშნავდა ჯერ პლანეტის, შემდეგ კი მზის სისტემის შუჩერებელ კოლონიზაციას, „რეალობის“ მწარმოებელი ქარხნების განადგურებას და ამის გაგრძელებას დროის ყველა თაიმლაინზე, ამიტომ ლევ დავიდოვიჩმა იცოდა რომ ერთ-ერთი პირველი რამ, რაც მას უნდა ექნა წითელი მარსის კოლონიზაციამდე - ინდოეთის დაპყრობა იყო.
სპეცსამსახურების ბოლო მონაცემების მიხედვით, ინდოეთისა და ტიბეტის არხონტებმა უკვე ლიმბოშიც შეაღწიეს - მდგომარეობაში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის - და იქ აგებდნენ მახეებს ყველა სულიერი არსებისთვის. როგორც ლევისთვის გახდა ცნობილი, თითქმის ჩვეულებრივ ამბად იქცა ქრთამების აღება რეინკარნაციებისთვის, მათი თვითნებური აღკვეთა, ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ახლადშექმნილი ბოდჰისატვების კორპორაცია უკვე ბუდებად ქცეულ ადამიანებსაც კი უშლიდა ხელს, თავი დაეღწიათ დაბადებისა და სიკვდილების ციკლიდან და გასულიყვნენ ნირვანაში. ასობით ბუდა იძულებული გახდა გაკოტრებულიყო, სამუდამოდ დარჩენილიყო რეინკარნაციების მორევში. ბევრმა მათგანმა კრიმინალსაც კი მიყო ხელი სასოწარკვეთისგან, ზოგი დაქირავებული მკვლელი გახდა, ზოგი დილერი, ზოგიც გაღატაკდა და წიგნებსა და სხვა საბავშვო ნივთებს ყიდდა მშიერი სულების ბაზრობაზე.
„შესვენების დრო არაა, „ჩრდილოეთის ციალის ომის“ სახელით მომხდარი მოვლენის შემდეგ არმია ინდოეთისკენ მიემგზავრება. წითელი არმიის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დამტვერილი შინელის ტანსაცმლით ვაგონის ფანჯრებიდან უსასრულო სტეპებს გაყურებენ და მეტადონის ინექციებს იკეთებენ, რომ წინა ღამის კოშმარებმა არ დააფრთხოს მათი ძილი, ანგელოზები იწმენდენ ფრთებს და მაზატაპეკის სალათებს ჭამენ უხვად. მე ბედნიერი ბავშვობის იმპლანტებს ვირჭობ კუნთებში. ამ იმპლანტებს იმ ბავშვების ტვინებისგან აკეთებენ, ვინც ადრე მოკვდა და ერთადერთი, რაც მათ ახსოვთ -- ბედნიერი ფსიქოდელური ბავშვობაა, დედის ზრუნვა, სამყაროს სიახლის შეგრძნება. მე ეს მამშვიდებს და მახსენებს ძილს შენს ფეხებს შორის.” - წერდა ლევ დავიდოვიჩი თავის ერთ-ერთ უკანასკნელ დეპეშაში ფრიდა კალოს, თავის უდიდეს სიყვარულს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ მთავარ მიზეზსაც, რომლის გამოც ლევმა „რეალობის“ განადგურება გადაწყვიტა თავის დროზე.
- გიყვარვარ? - იკითხა ერთხელ ფრიდამ, როცა ისინი შიშვლები იწვნენ უზარმაზარ საწოლზე. მხოლოდ აცტეკების მხურვალე მზე ეცემოდა მათ სხეულებს ღია ფანჯრიდან და გარეთ იყო სიმშვიდე, თითქოს მთელ ქალაქს ეძინა შუადღის ღრმა ძილით, როცა არ იცის სიზმრები.
- მიყვარხარ, მაგრამ ნინაც მიყვარს, ხომ იცი - უპასუხა ლევმა და ცისფერ, ფრესკასავით მოხატულ ჭერზე დამჯდარ სქელ ბუზს დააკვირდა.
- მაშინ ჩვენი სიყვარულის გამო, უნდა გავანადგუროთ ისინი, თორემ მოვა დრო და ისინი გაგვანადგურებენ ჩვენ - თქვა ფრიდამ, ისე, რომ ლევისთვის არც გამოუხედავს. თითქოს შორეული აცტეკების ყივილი მოესმა ლევს და სამუდამოდ ჩაებეჭდა ეს ფრაზა თავში. ლევმა იცოდა, რომ ფრიდა მართალს ამბობს, მაგრამ უჭირდა განშორება ამ სითბოსთან, ამ დღეებთან და ოფლიან, მაგრამ სიტკბოთი სავსე ღამეებთან, ამ უცნაურ, ხელით მოხატულ ფრესკასთან მათი საწოლის თავზე. თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა.
ორთქლმავალი ირწევა და ცადამყვანა ნელ-ნელა იწყებს ზემოქმედებას, მეომრების გონება თითქოს იბინდება, რეალობის ეფექტი ნულზე დადის და უცნაური ხილვები ყურებიდან გარეთ გამოდის, როგორც ორთქლი ჩაიდნიდან. წითელი არმია ინდოეთისკენ მიემართება და ყოველი კილომეტრის შემდეგ, ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად, ისინი თავიანთ ხილვებში ინდოეთის უძველეს ღვთაებებს აწყდებიან. ისინი პირველად ხედავენ ამ უდიდეს, საშიშ არსებებს, ომლებსაც მოაქვთ შიშის და ცნობისმოყვარეობის უცნაური ნაზავი. იარაღები ლღვება მათ ხელებში და უცნაურ ფორმებს იღებს. უკანა ვაგონებში ქვეითი ჯარისკაცები ცადამყვანებს ჭამენ და სამაგონს აყოლებენ. სასადილოს ვაგონიდან გემრიელი საკვების სუნი გამოდის და სტეპებში იფრქვევა და უერთდება ქვეყნის მიუსაფარ, დენთის სუნით გაჟღენთილ ქარებს.
ალბათ ასეთი არომატი აქვს რევოლუციას.
კოპირაიტერების ვაგონში დაკუჭული გაზეთები სავსეა ავღანური მოსაწევითა და ოპიუმით, კედელზე ჩარჩოში ჩასმული gif-ფაილებია ომების საუკეთესო მომენტებიდან, მელნისა და ახალი ქაღალდის სუნი შერწყმულია საბეჭდი მანქანის განუწყვეტელ კაკუნთან. ეს კაკუნი რითმია, რომლითაც იქმნება ნიუსების მუსიკა. ნიუსები შემდეგ საფოსტო მტრედებითა თუ დრონებით ქვეყნის ოთხივე მხარეს იგზავნება, რათა ყველამ იცოდეს - რევოლუცია არ დამთავრებულა. ამბობენ, პატარა ქალაქებში მოსახლეობა გროვდება ხოლმე ცენტრში და არჩეული ტენორი ხმამაღლა კითხულობს ჩვენს მიერ დაწერილ ქრონიკებსა და სლოგანებს და გლეხების ცარიელი გული ივსება იმედებითა და აპოკალიფსით.
ლევ დავიდოვიჩი თავის კაიუტაში მახორკაში გაზავებულ პლანს აბოლებს და კაიუტის ფანჯრიდან მოსაწყენ ტრამალებს ადევნებს თვალს. მალე ამ ტრამალებს ბირთვული ზამთრის ფერფლნარევი თოვლი დაფარავს და რადიაცია წარმოშობს ახალ, არნახულ მონსტრებს, რომელთა შესახებ სოფლის გაზეთებში, ყვითელ პრესაში რომ ყვებიან ხოლმე. მის მაგიდაზე „ტიბეტური მკვდრების წიგნი“, სამი ოსკარის ქანდაკება, ანგელოზების სკალპები და ევრაზიის ინტერაქტიული რუკაა გადაშლილი - აქედან ლევ დავიდოვიჩს შეუძლია მისი ჯარების განლაგება აკონტროლოს. მაგრამ ამ წამს ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რუკას, მას ხელში თავისი პატარა დღიური უჭირავს და მცირე შენიშვნებს იწერს ბუხარინთან საუბრის პაუზებს შორის.
- თუ ევერეტის ინტერპრეტაცია სწორია - ესე იგი არსებობს ჩვენი სამყაროს უამრავი ვერსია, სადაც მოვლენები სულ სხვანაირად ვითარდება, მაგრამ ყველაში.. ყველა მათგანში ეს რევოლუცია ერთდროულად ხდება, გესმის აბდულ?
ყაყაჩოების წვენით გაბრუებული აბდულ ენუქიძე, გარკვეულ წრეებში ცნობილი, როგორც “ოქროს თევზი”, საწოლს არის მიყუდებული და თავს აქნევს, ოღონდ ისე, რო ვერ დაადგენ, ეს თავის ქნევა თანხმობას ნიშნავს თუ მატარებლის რითმს აყოლილ რევოლუციონერს. ისე ძლიერად აკიმარებს, რომ თავს ებრძვის, რომ არ ჩავარდეს სიზმრების ტბაში, სადაც გარესამყაროს ხმები დაგუბებულ ექოდ ისმის, ზუსტად ისე, როგორც ის ესმით მკვდრებს - არასაკმარისად ღრმად ამოთხრილ საფლავებში.
ლევ დავიდოვიჩმა დიდი ნაპასი ამოარტყა და ცხენის ფორმის ბოლი გამოუშვა, ცხენმა ირბინა, ირბინა და აბდულას ცხვირს დაეტაკა.
- აი, მაგალითად, აგდებ კამათელს ხო? სანამ კამათელი რამე ციფრზე დაჯდება, სამყარო იმდენ ვერსიად იყოფა, რამდენი მხარეც აქვს კამათელს. ერთ ვერსიაში 6-იანი ჯდება, მეორეში 5, მესამეში 4 და ა.შ. ეხლა ამ წამს მილიონ სამყაროში მილიონი წითელი არმია მიექანება მილიონი ინდოეთისკენ... - თქვა ხმამაღლა ლევ დავიდოვიჩმა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, რა თქვა - „მილიონი აბდულა კი უტიფრად აკიმარებს“ - გაიფიქრა გულში, სათვალის ოპტიკა სკეპტიკურ რეჟიმზე გადართო, იქვე აბდულას გვერდით მჯდარ ადოლფ აბრამოვიჩ იოფეს გადახედა - მის ერთ-ერთ საუკეთესო რევოლუციურ მეგობარსა და ცნობილ თვითმკვლელს.
ლევ დავიდოვიჩი წამით გაჩუმდა, იოფეს მთელი ძალისხმევა დაჭირდა, რომ თვალები გაეხილა. ალბათ ყველა სამყაროში იოფესაც მართლა ზუსტად ესე აკიმარებდა, რასაც ვერ ვიტყვით ლევ დავიდოვიჩზე. რომ არა ის, Rave-ი საერთოდ არ იარსებებდა. ჭეშმარიტი რევოლუციონერი სულ ხოდზე უნდა იყოს.
- ეგ ნიშნავს, რომ თუ აქ წავაგებთ... სადღაც მაინც არსებობს სამყაროს ის ვერსია, სადაც რევოლუციამ გაიმარჯვა, არა? ლევ დავიდოვიჩ?
- კი, სადღაც აუცილებლად არის სამყარო, სადაც რევოლუცია გაიმარჯვებს, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენი სამყაროა - თქვა ლევმა და თვალები დახუჭა.
მას ჯერ კიდევ აწუხებდა გუშინდელი შეტაკების დროს მიღებული გადაწყვეტილება: უნდა გამოეყენებინა თუ არა ბირთვული იარაღი? ეხლა ხომ ნახევარ პლანეტას რადიაციული კოშმარი დაფარავს, რევოლუციის მტრებს მუტანტები დაემატებიან, ეს კი ნიშნავს ახალ ხარჯებს, მოსახლეობის უკმაყოფილებას, თვითონ დედა პლანეტის უკმაყოფილებას, გასახსნელი იქნება ახალი ფრონტი - რადიაციის ნარჩენების გასანადგურებლად... მაგრამ სხვა რა გზა ქონდა? როგორ უნდა მოერიო მომავლის სპეცსამსახურებს, რომლებიც შენზე უკეთესი ტექნიკით და მეომრებით არიან აღჭურვილები და არაფრით მოგცემენ უფლებას, რეალობა გააუქმო? არა, ალბათ სწორი საქციელი იყო, რევოლუცია მსხვერპლს ითხოვს -- იმშვიდებს თავს რევოლუციონერი - ნეტავ რას იტყოდა ამაზე პავლიკა? - ფიქრობს ის და ნელ-ნელა თვითონაც იწყებს კიმარს. „მაშინ, ჩვენი სიყვარულის გამო უნდა გავანადგუროთ ისინი, თორემ მოვა დრო და ისინი გაგვანადგურებენ ჩვენ“ - ჩაესმის ფრიდას ხმა, რომელიც წინა წლებში გაცილებით უფრო კარგად ისმოდა, ეხლა კი თითქოს დროის მსვლელობასთან ერთად სადღაც AM ტალღაზე დაჭერილი უცნობი ქვეყნის უცნობი რადიოდიჯეის შორეული ხმასავით ჩაესმოდა ხოლმე.
დამწვარი მკვდრების ფერფლით შეღებილი ცისფერი შივა და ბარდოს მრისხანე ღმერთები ცეკვავდნენ საშინელი ღიმილით ლევის დახუჭული თვალების ეკრანზე და ის ვერ ხვდებოდა - ეს მისასალმებელი ცეკვაა თუ ომის გამოცხადების.
„ნუ შეგეშინდება ქუხილის რომელიც ისმის ამ მოცეკვავე ბრბოსგან, მოულოდნელი საშიში ხმების, რომლებიც გეუბნებიან: “მოკალი!” მათი სიმართლე და შენი სიმართლე - ერთია. შეუერთდი მათ, გახდი ერთ-ერთი მათგანი, იცეკვე მათთან ერთად“ - ყვიროდა ფრაზა ტიბეტური მკვდრების წიგნიდან, ცდილობდა ამოეღწია ფურცლებიდან, მოსაწევის ბოლივით მიახლოებოდა ვაგონში მჯდომარეთა ტვინებს, მაგრამ სტრიქონის ამ ყვირილს ორთქლმავალი მარხავდა თავის გრუხუნში.
მედიტაცია.დიდაფეთქებაზე(x);
x++;
} while (x < განთიადი);
ზაფხულში გაჩერებული ორთქლმავალის ვაგონზე, ლოტოსის პოზაში ჩამჯდარი პავლიკ მოროზოვი ჩვეულებისამებრ უსასრულო სიცარიელის მედიტაციას ასრულებდა, როცა მოულოდნელმა ტყვიამ მისი წითლად მბჟუტავი ნიმბი გახვრიტა. ელექტრონული ნაპერწკლები მიკროფოიერვერკივით გაიფანტა პავლიკას თავზე აგვისტოს ჯემინიდების წვიმის ქვეშ.
მემანქანემ იმავე წამს დააჭირა ბოლო შემორჩენილი თითი განგაშის ღილაკს, სირენებმა ვეშაპების ძახილი გაუშვეს სტეპების სიოში. მეომრები აჩოჩქოლდნენ მატარებლებში, მათგან ზოგს სიზმარში მოუსწრო ტყვიების ნაკადმა, რომელიც პავლიკასგან მარჯვნივ, ჩრდილოეთის ნათების მხრიდან მოექანებოდა და სამუდამოდ დატოვა ისინი საკუთარ სიზმრებში.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, გათიშე ღამღამობით შენი ნიმბი! - დაუყვირა პავლეს ვაგონიდან ტრუსებისა და ღამის ხედვის სათვალის ამარა გადმომხტარმა ლევ დავიდოვიჩმა, უზებით ხელში. დაღამებასთან ერთად ის გამუდმებით ატარებდა ღამის ხედვის სათვალეებს, ძილშიც და სექსის დროსაც კი არ იხსნიდა მათ სახიდან, ხოლო ხელიდან აისის პირველ სხივებამდე არ უშვებდა უზის, მაშინ როცა დღისით რეიბანებს და გრძელ ჯოინთებს ანიჭებდა უპირატესობას.
ვაგონის ცივ ბორბლებს ამოფარებულმა, ზუმი გაასწორა და სიბნელის სკანირება დაიწყო.
- ვინ არიან? - ვიყვირე მე, სანამ აკანკალებული ხელებით ვცდილობდი კალაშნიკოვისთვის აბოიმა მომერგო.
- წყეული რეინკპოლი! - მითხრა ბელადმა და ორი ვაგონის იქით აკოპებში ჩამჯდარ წითელგვარდიელებს გადასძახა - ანგელოზები გამოუშვით!
და ვინმემ, ჩამოიყვანეთ ბოლო-ბოლო პავლიკა ვაგონის თავიდან!
ჩემს პირდაპირ - პრაქტიკული წვერი, განუმეორებლობის ეკონომიკა, მზერის კოლონიზაცია გრძნობებით. ჩემგან მარცხნივ - გათითოკაცებული და პერმანენტული ნახევრად-კრიმინალები ცნობიერების ლაქებით ხელის მტევანზე ან თავის ქალაზე, როგორც გორბაჩოვი – იმპერიის უკანასკნელი მმართველი.
მთავრობა ჟანგისფერია, მითოლოგია ავეჯია, სარეკლამო კრეატივის ქრონომეტრაჟი ექოა ჟანგბადად ქცეული მონარქების სასქესო სურვილების...
23-ე ვაგონიდან არაადამიანური ღრიალით ამოფრინდა ჩვენი მატარებლის ყველაზე ელიტური ქვედანაყოფი - დაქირავებული ანგელოზები. ქაოსის მამაპაპათაგან დატოვებული პალეოლითური ქარხანები უკვე ვერ აწარმოებენ მსგავს მგელ-ანგელოზებს სინათლის ხასიათით, რომელთა საწოლებს ახსოვდათ ანგელოზების სითბო, გაოფლილი ფრთების სუნი, რაღაცით ქათმებისას რო წააგავს და სულში შორეული სოფლების სიმშვიდეს გიღვრის... 3-კილოვატიანი ბრძოლის ყიჟინა სტერეოეფექტით, იარაღის სიმძიმის შეგრძნება გააფთრებულ ხელში. მათ სახეებს არ ქონდათ კეფა და მიტოვებულ გზაჯვარედინებზე ისინი ყოველთვის ოთხივე მხარეს იხედებოდნენ.
ჩვენ და ანგელოზებს არ გვეშინოდა სიკვდილის, იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. სიკვდილის იმათ ეშინიათ, ვინც ჯერ კიდევ რამეს ებღაუჭება, მაგრამ თავის მხრივ, არც რეინკარნაციულ პოლიციას ეშინია სიკვდილის. ყოველი სპეცმუშაკისთვის, მათ შტაბ ბინაში, პოლუსის ყინულების ქვეშ - 20-მდე სარეზერვო სხეულია გადანახული. ამ ბრძოლაში დაღუპვის შემთხვევაში მათი ცნობიერება ეგრევე გადაიტყორცნება ხოლმე ახალ სარეზერვო სხეულში და ისინი ისევ მზად არიან დაიძრან და გვეძებონ. თუ რეალობის მწარმოებელი ყველა ქარხანა არ დაეცა, მათი შემოსევები არასოდეს დამთავრდება, ან დასრულდება მაშინ, თუ დავეცემით ჩვენ. ასეთი ქარხანა მხოლოდ ხუთი დარჩა და ერთ-ერთი მათგანი, ლევ დავიდოვიჩის ბრძანებით, გუშინ ღამე, ჯერარნახული ბირთვული ბომბით განადგურდა.
ანგელოზები ტყვიაგაუმტარი ფრთებით იგერიებენ ტყვიებს, გვაფარებენ თავიანთ კალთებს, აქედან კი გაცილებით ადვილია დამიზნება.
ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლის შედეგად, ჩვენ ყველა აგენტი დავხოცეთ. მაგრამ ისინი მალე დაბრუნდებიან. დროა მატარებელი შემდეგი მისიისკენ დაიძრას.
სიცარიელის ჭვრეტაში ჩაძირული ბავშვი გაუნძრევლად იჯდა ვაგონის თავზე, მისი ნიმბი იაფფასიანი სასტუმროს დაზიანებული ნეონივით ბჟუტავდა, როგორც დაღლილი მზე, რომელიმე შორი გალაქტიკის, სადაც ვერასდროს მივაღწევთ ვერც ადამიანები და ანგელოზები, ვერც ჩვენს მიერ შექმნილი კოსმოსური ზონდები. ტყვიები თითქოს ერიდებოდნენ მას, როგორც მდინარე, რომელიც გარს ევლება ამოშვერილ ლოდს და ისე აგრძელებს თავის გზას. ხდება ხოლმე, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, სიკვდილი მაშინ მოდის, როცა ნადირობს შენზე, მაგრამ საკმარისია შენ დაიწყო მასზე ნადირობა, ის არა და არ მოდის, მუდამ ხელიდან გისხლტება ოქროს თევზივით.
ნიმბში მოხვედრილმა ტყვიამ ყველა კოდის წაშლა მოასწრო ერთის გარდა, ტაბლეტზე პავლიკას ტვინში მიმდინარე პროცესები უძველესი პროგრამული ენის კოდით იყო შენარჩუნებული.
“public class მედიტაცია {
public static void Main ()
{ int ვარსკვლავიანი ცა=ჩამქრალი ჰოლოგრამების სურნელს გაზაფხულის წვიმების მერე=თავისუფალი ღრმა ჩასუნთქვა;
Do
{
მედიტაცია.დიდაფეთქებაზე(x);
x++;
} while (x < განთიადი);
}
}”
- ნიმბის დაზიანებამ უსასრულო ციკლში ჩააგდო. ისეთი არაფერი, სქემებს გამოვცვლით, კოდს დავარედაქტირებთ და ერთ საათში ჩიტივით იქნება - მოახსენეს იარაღასხმულმა პროგრამისტებმა გაოფლილ ლევ დავიდოვიჩს, სანამ ანგელოზების ერთი ნაწილი სკალპებს აძრობდა დაღუპული რეინკარნაციული პოლიციის თანამშრომლებს, სხვები კი დასაკეც ელექტროჯვრებს შლიდნენ, რომ მათი გვამები ზედ დაეჭედათ. ვეშაპების ხმა შეწყდა, სადღაც შორიდან მას ყმუილით უპასუხეს მგლებმა - ყველას აქვს თავისი სიგნალიზაცია.
უკვე ჯვარცმული ავატარების მიერ წარმოქმნილ ხეივანში, ნეონებით ამონათებული წარწერა “INRI”-ს ათინათებით გაოფლილ სახეზე - ლევ დავიდოვიჩი სიკვდილის მედიტაციას მიეცა. ამ ბოლო დროს ის სულ უფრო ხშირად აკეთებდა ამ პრაქტიკას, რაც გაურკვევლობას იწვევდა ხოლმე ჩვენს რიგებში.
- რატომ მედიტირებს ბელადი მტრების გვამებზე? - ისმოდა ხოლმე ჩურჩულით.
- როგორ მოვკლათ ისინი, ვინც არ კვდებიან? - გავიგე, ჩემს უკან როგორ კითხა დაღლილმა წითელარმიელმა მეორეს. ისინი ხელჩაკიდებულები იდგნენ, ბავშვებივით ოკეანის პირას.
ხილვები დიდი აფეთქების, სამყაროს პირველი სამი წუთი, როცა ის უზარმაზარ მასშტაბებამდე გაიზარდა, სუპერნოვების აფეთქება, მარადიულად მოხეტიალე ასტეროიდები - „კოსმოსური მუსორი“, ევოლუციური ჩიხები და განტოლებები, აღზევებული და დაცემული სამეფოები, ღალატები, მკვლელობები, გენოციდები, მომავლის სამყარო დასახლებული ნახევრადუკვდავი კიბორგებით, კოლონიზაცია მარსის და სამყაროს ბოლო სამი წუთი - აი რა იხილა პავლიკამ, როცა ტყვიამ მისი ნიმბი გახვრიტა. ლევმა ეს იცოდა, ლევმა ისიც იცოდა, რომ პავლიკა ამ ინფორმაციას მტრებსაც უგზავნიდა: ასეა მოწყობილი მისი ალგორითმი, საკუთარ ბუნებას ვერ გადაახტები.
და მოსალოდნელი აბრაამული მსხვერპლშეწირვის შეგრძნება უსასრულო სევდით ავსებდა მის გულს.
ორთქლმავალი წითელი გარიჟრაჟის მოტივებზე დაიძრა და როგორც ყოველთვის, მის უკან გვამების დიდი ხროვა მოიტოვა.
„ჩვენ კონტრრევოლუციონერების ძვლებზე დავდივართ, ეს არის ჩვენი რელსები.“ - წერდნენ კოპირაითერები და აგზავნიდნენ დეპეშებს პატარა სოფლებსა და დიდი ქალაქებში.
“ მზეო ბირთვულისა, მზევ თიამათისა” - მღეროდა პავლიკა
(რასტრელი)
დაღლილი წითელარმიელები პირდაპირ ტანსაცმლიანად ეშვებოდნენ წმინდა მდინარე განგაში. ეს ათიათასწლოვანი წყალი მალამოდ ედებოდა ომით დასვრილ და გადაღლილ სხეულებს. სხვები კალაშნიკოვების ჩრდილში მოკალათდნენ და გადაშალეს დეკარტის ტომეულები. ყველაზე დაღლილები, მუცელზე დაწოლილები, ძროხებივით ხაპავდნენ წყალს. გვარდიელებმა ჩექმები გაიძრეს და იქვე მიმოყრილი თავის ქალებით იშორებდნენ ტანში შეზელილი ომისა დ გუშინწინდელი ბირთვული აფეთქების კვალს. მთავარანგელოზები ლოდებზე დაწვნენ, ლოსიონები წაისვეს და მზეს მიეფიცხნენ გასარუჯად.
„მზეო ბირთვულისა, მზევ თიამათისა,
ლოცვად ფეხზემდგარი ნაგანს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
ფაქტი მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ სერვერიდან,
კოდი უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.“
- მღეროდა პავლიკა, უფრო სწორად, ის, რაც დარჩა მისგან - მეხსიერების ჩიპი - მიერთებული რიგით კიბორგს - იმას, ვინც იმ დღეს პავლიკას ავატარის მოვალეობას ასრულებდა.
და ეს სიმღერა უცნაური შეგრძნებით ავსებდა მეომრების გულებს, სადაც უკვე გაცრეცილი, სიზმრისეული მირაჟებივით, მაგრამ მაინც შემორჩენილიყო შორს, ძალიან შორს მოტოვებული მშობლიური სოფლებისა და ქალაქების მოგონება.
„იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.”
- იმეორებდნენ გულში უბრალო წითელგვარდიელები და ზოგი ფიქრობდა მარტოდ დარჩენილ დედაზე, ზოგი შეყვარებულზე, ვესნუშკებით მთელ სახეზე და ფიქრობდა: ნეტავ დედა ისევ მკითხაობს ყავაზე? ვინ უჩეხავს შეშას ზამთარში?
გაცილებით სახიფათო იყო ფიქრი შეყვარებულზე - იმის დაშვება, რომ შეყვარებული სხვასთანაა, სანამ შენ ომობ - ეს ყველაზე რთულია მეომრისთვის, იმაზე რთული, ვიდრე ზეციდან მომავალი გრადების აცილება.
როგორც კი სიმღერა შეწყდა, იქვე ლოდზე მჯდარი ლევ დავიდოვიჩი წამოიმართა, გადახედა მთელ ჯარს, თითქოს ლომმა პრაიდს და ბრძანება გასცა, რომ ღმერთები, მდინარის პირას, მწკრივში ჩაეყენებინათ.
- სიმაღლის თუ სიდიადის მიხედვით ლევ?
- პროსტა მწკრივში ჩააყენეთ, მარიაჟის გარეშე, თუ შეიძლება
ყველაზე მოუსვენრად შივა გამოიყურებოდა, მას სხვებისგან განსხვავებით იმდენი ხელბორკილი ედო, რამდენი წყვილი ხელიც ქონდა, ეს კი, მოგეხსენებათ - ძაან ბევრია.
- ცოტა მოუშვი, ძაან მიჭერს - დაიწუწუნა ერთ-ერთმა ღმერთმა, რომლის სახელი ლევს არ ახსოვდა. რთულია და არც არის საჭირო დაიმახსოვრო ამდენი ღმერთის სახელი, მთავარია იცოდე მიდგომა ღმერთების მიმართ.
- უნდა გიჭერდეს – ყეფით უპასუხა ლევმა და პირიდან დორბლი შხეფებად აფრქვია.
- ბუდას მოკვლით, შენ ბუდა გახდები – თქვა ლოტოსის პოზაში მჯდარმა ყმაწვილისსახიანმა მსუქანმა კაცმა.
- მარა შივას მოკვლით შივა ვერ გახდები – გაბრაზებული თვალებით გადახედა შივამ ჯერ ბუდას, შემდეგ ლევს.
- ამხანაგო ლევ, რას ვუპირებთ ღმერთებს? - მოშვებულმა იკითხა იქვე მჯდარმა წითელარმიელმა.
- რასტრელი!
რაფაელმა და სხვა ანგელოზებმა დინჯად, მაგრამ ყურადღებით მიატრიალეს თავები, გაოცებისა და დაინტრიგების ნაზავით, რაფაელმა თავისი საფირმო რეიბანებიც კი მოიხსნა და ცასავით ცისფერი თვალები გამოაბრწყინა, ზუსტად ისეთი, როგორც რენესანსის ფრესკებში. გვარდიელები დაიბნენ და ერთმანეთს გადახედეს, თითქოს ამოწმებდნენ, სწორად გაიგეს თუ არა წითელი ბელადის სიტყვები. იგივე გაიმეორეს ღმერთებმაც.
მთელი ჯარი თითქოს გაშეშდა, მხოლოდ განგა აგრძელებდა მდინარებას.
- მაგრამ... ამხანაგო ლევ...
- არავითარი მაგრამ! გადატენეთ კალაშები… თითო ჯარისკაცი თითო ღმერთის წინ 13 მეტრში, სასწრაფოდ!
ჯარისკაცები დაბნეულები, მაგრამ ჯარისკაცული სიზუსტით განლაგდნენ ღმერთების წინაშე. ბრძანება პროგრამული კოდივითაა - ზუსტი, კონკრეტული და დაუნდობელი და ის უნდა შესრულდეს.
მათი ლულები პირდაპირ ღმერთების შუბლებისკენ მიეშვირა, ღვთაებრივი შარავანდედები ამ თავებს იდეალურ სამიზნეებად აქცევდა – თითქოს ტირში იყავი საბავშვო ატრაქციონზე.
- კალაშნიკოვები ლევ? - გაეცინა იესოს, რომელიც თავს აშკარად ამოვარდნილად გრძნობდა ინდუისტური პანთეონის ღმერთების გვერდით.
- კალაშნიკოვები იეშუა, ნუთუ არ გსმენია, რომ კალაშნიკოვმა ეს რკინა თავდაპირველად ღმერთების დასახოცად გააკეთა? მარა მას შემდეგ, ყველანი გაქრით და თვითტკობაში გადახვედით, ხოლო რეალობამ და მისგან გამოწვეულმა ისტერიულმა ისტორიამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენ ამ კალაშებით ერთმანეთის ხოცვა დავიწყეთ.
როგორც ჩანს თქვენ უკვე დიდი ხანია არ მომკვდარხართ ამხანაგებო, არა?
ნწ, ნწ, ნწ... არ შეიძლება ასე...
აი შენ, კრიშნა... ბოლოს როდის მოკვდი?
კრიშნა გაუცხოებული, ოროსანის მზერით მზერით იყურებოდა დაბლა, თითქოს ტელეპატიურად ატყობინებდა ჭიანჭველებს, რომ ყველანი ერთად მოგროვილიყვნენ და დაგვსხმოდნენ თავს.
„ალბათ სადღაც 2 ან 3 ათასი წლის წინ?“ - აგრძელებდა თავის მონოლოგს ლევ დავიდოვიჩი და მოუსვენრად დადიოდა გვარდიელების მიშვერილ კალაშებსა და ღმერთების მწკრივს შორის -
„საქმე იმაშია, ჩემო წითელარმიელებო, – და ლევმა ხელებაკანკალებულ გვარდიელებს გადახედა, – და ჩემო ღმერთებო, – და ლევმა მზერა დატყვევებული ღმერთებისკენ ისროლა, - რომ ჩვენ, წითელი გვარდია - არა, მაგრამ თქვენ აშკარად გადაეჩვიეთ სიკვდილს... და ეს უდიდესი სისუსტეა. უპატიებელი სისუსტე.
ღმერთი, რომელიც არ კვდება? რანაირი ღმერთია ღმერთი, რომელიც არ კვდება? მაგრამ მაგაზე უარესია, ღმერთი, რომელიც იმდენად გადაეჩვია სიკვდილს, რომ თუ მოკვდება - ვერ მოახერხებს გაღვიძებას.
ეხლა ვნახოთ, რამდენი თქვენგანი შეძლებს რეალობის განადგურებას.“
რაფაელ მთავარანგელოზმა შეწყვიტა ფრთებში რწყილების ძებნა, თავისი საფირმო რეიბანები ისევ გაიკეთა და მოვლენების შემდგომი განვითარების დაძაბულ მოლოდინში პლანგარეულ მახორკას გაუკიდა.
- წითელარმიელებო, გადატენა იარაღის! - დაიყვირა ლევმა
მდინარის დინების ფონად რკინების გადატენვის ხმები კლავიატურაზე ტექსტის აკრეფასავით გაისმა .
- წითელარმიელო!
და-უ-მიზ-ნაააა!
კალაშნიკოვები გამყარდა იუნკერების ხელებში და ქანდაკებასავით გაშეშდა ღმერთების მიმართულებით. უეცრად ამოვარდნილი ათასი ქარიც კი ვერ შეარხევდა ვერცერთ ხელსა და იარაღს და ღმერთებიც მდუმარედ იდგნენ...
- ზალპი! - დაიძახა ლევ დავიდოვიჩმა და ჰაერში მათრახი აიქნია. მათრახი შავი გველივით აფრიალდა უზარმაზარი მცხუნვარე მზის დისკოზე.
ყველა კალაშნიკოვმა ერთდროულად მისცა ზალპი და ინდოეთისა და ტიბეტის ნეტარი ღმერთები შუბლგახვრეტილები დაეყარნენ განგის ნაპირებზე.
- კანტროლკა - დაამატა ლევმა
და კიდევ ასობით ტყვიამ გახლიჩა ღმერთების დაცემული სხეულები.
- დალშე?
- დალშე ველოდებით - თქვა ლევმა და გვამების წინ ინდიელი მზვერავის პოზაში ჩაჯდა.
სადღაც, გულის სიღრმეში, ლევი ელოდა სასწაულებრივ წამოდგომას ამ ათასი გვამის. შემდეგ წარმოედგინა, როგორ ეხუტებიან წითელგვარდიელები და ღმერთები ერთმანეთს და საღამოს მართავენ საერთო ნადიმს - აღნიშნავენ მარადიულ დაბრუნებას, სამყაროს რეგენერაციას, სვამენ მთვარის სადღეგრძელოებს და მთვრალი ღმერთები აკეთებენ ფოკუსებს - გაუნათლებელი წითელგვარდიელების გასაოგნებლად.
მაგრამ ღმერთები არ დგებოდნენ.
ლევმა საათს დახედა, ამ მინიატურული მოწყობილობის წიკწიკის ხმა ეხლა მისთვის მთავარი დაკვირვების ობიექტი იყო.
“30 წამი... 40... 60-ს გადაცდა, უკვე წუთი...” - ფიქრობდა ლევი და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ანგელოზის ხელი იგრძნო მხარზე:
- ისინი არ წამოდგებიან... ყველა მკვდარია... - თქვა ანგელოზმა და ლევს გაეცალა.
ეხლაღა აღმოაჩინა ბელადმა, რომ უკვე მოსაღამოვებულიყო, მდინარეს ჰორიზონტის მეწამული ფერი მიქონდა ოკეანისკენ, ხოლო გუშინდელი ღმერთები ისევ ისე - ჩვეულებრივი გვამებივით იწვნენ, ისევ იქ - სადაც დაეცნენ. ასეთი გვამები ლევმა ასობით ნახა ამ უსასრულო ომში.
„ჩვენ ღმერთები მოვკალით, ასე ცივსისხლიანად - ყველა ერთად გავაგორეთ, საშინელებაა“ - ისმოდა ერთ-ერთი კოცონის მხრიდან წითელგვარდიელების კმათი.
„გიხაროდენ, ვინაიდან ეს გვამები ნიშნავს, რომ ახლოა რეალობის დასასრული, სადაც ყველაფერი დამთავრდება და სამდღიანი წყვდიადის მერე დიწყება თავიდან… სუულ სუუულ თავიდან და ჩვენ ისევ მოვალთ განგას ნაპირებზე და ისევ დავხოცავთ ღმერთებს და ეს გაგრძელდება ad infinitum“ - ისმოდა შორიდან ეგზალტირებული, დაექსტაზებული ბუხარინის ხმა.
- როგორ ფიქრობ, კარგია თუ ცუდი, რაც ჩავიდინეთ? - კითხა ლევმა ანგელოზს.
- კარგს და ცუდს, მეგონა, ჯერ კიდევ საქართველოში გავცდით, როცა ქაქუცამ ხევისბერებთან აგვიყვანა. მე მხოლოდ ვიცი ფაქტი - ვერცერთი მათგანი ომში ვერ დაგვეხმარება, მოგვიწევს ჩვენი ძალებით გამკლავება...
- მაგრამ... მაგრამ მარადიული დაბრუნების მითი??
- როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მითი იყო ან შემდეგ გადაიქცა მითად, ისევე როგორც ჩვენ გადავიქეცით ღმერთებად, მათი დახოცვის მერე... მაგრამ, მოდი გკითხავ - განა ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ კეფაში ეს ნაგანი რომ გაგიქანო - შენ არ მოკვდები? - ანგელოზმა ნაგანი ლევის კეფას მიადო
- ალბათ მოვკვდები - თქვა ლევმა, ისე რომ არც კი მიუქცევია ყურადღება ნაგანისთვის და გვამებს უყურებდა.
- მაშინ ერთ რჩევას მოგცემ - მოდი, ჯერ არ მოკვდე - უთხრა მისი ყურისკენ გადმოზნექილმა ანგელოზმა და სწრაფად გაეცალა ლევს.
- „მოდი, ჯერ არ მოკვდე“ - ბავშვის ხმით, თითქოს გაჯავრებით გაიმეორა ლევმა ანგელოზის სიტყვები - აბა, იოფეს უთხარი ეგ.
იოფე, რომელმაც უკვე წლების წინ მოიკლა თავი, იქვე გაწოლილიყო, ქვიშას ტანზე იზელდა და უღრუბლო ცას გაყურებდა
- დროა დავიძინოთ, ალიონზე გავდივართ - დაიძახა ლევმა და თავის „კიბუცში“ შევიდა. ძილმა თითქმის მაშინვე დაიპყრო მისი სხეული და გონება.
მეორე დღეს წითელგვარდიელებმა ჯერ ღმერთების გვამები ჩაუშვეს განგაში და შემდეგ გაყვნენ მათ პატარა ნავებით, რომელთა თავზე რეალობის განადგურების დროშები იყო აღმართული.
- დაე ჩვენს მოსვლამდე, მოსახლეობამ თავიანთი ღმერთების გვამები ნახოს, შეჭმული ნიანგებისა და ჭიების მიერ - ამის შემდეგ გამოვცხადდებით ჩვენც.
პავლიკ მოროზოვის ბოლო დილა
პავლიკ მოროზოვი, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა რევოლუციონერი, შემოდგომის ფოთლების ხალიჩაზე პირაღმა წევს, ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული და ცაში აშვერილ კენწეროებს უყურებს. თანამგზავრები არ სერავენ ცას, Wi-Fi-ს სიგნალები არ ეხებიან მის კანს, არც მეტეორები ეცემიან მიწაზე, მაგრამ პავლიკა გრძნობს - ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც ლამაზი.
წევს პავლიკა და გონია, რომ მიწა ამოტრიალდება და ის შეიძლება ჩავარდეს ცაში.
„თუ ასე მოხდება, ხის კენწეროებს მაინც ჩამოვეკიდები“ - იმშვიდებს თავს პავლიკა და წოლას აგრძელებს.
სადღაც შორიდან, ტყეებს და ტყეებს იქიდან დაგუბებული გუგუნი ჟონავს ზამთრის სუფთა, უმანკო ჰაერში, გადაივლის პავლიკას მზერას და ციმბირისკენ მიედინება, რათა იქ გაიყინოს და ჩამოცვივდეს ხმის კრისტალებად. ამბობენ, რომ ციმბირში ყინვა ხმებს კრისტალებად აქცევს, ერთგვარ ბიო-დისკებად, რომლებსაც თუ შეაგროვებთ და ცხელ ღუმელზე გაალღობთ, თქვენ გაიგებთ სადღაც შორს წარმოთქულ, აწ უკვე კრისტალებად გადაქცეულ სიტყვებს.
სიტყვები ინფორმაციაა, ინფორმაცია კი ფული ღირს, განსაკუთრებით ასეთ ქაოტურ დროში. ამ კრისტალების მოპოვებითა და გადაყიდვით არჩენდა პავლიკა თავის ოჯახს. წითელ არმიას ჰაერივით ჭირდებოდა ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, პავლიკა კი ამ ინფორმაციული კრისტალების უბადლო შემგროვებელი იყო მთელს რეგიონში. ამას გარდა, პავლიკა ცადამყვანების ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი იყო წითელი არმიისთვის. როგორც ცნობილია, ლევ დავიდოვიჩმა სწორედ ცადამყვანების ხასხასა წითელი ფერის გამო დაარქვა თავის არმიას „წითელი“.
ლევ დავიდოვიჩს ძალიან უყვარს პავლიკა – ეს პატარა ვუნდერკინდი, ოქროსფერი თმებით და ოდნავ ჩაშავებული თვალის უპეებით, რომლებშიც ტაიგის ცისფერი ცასავით სუფთა, მონადირე-მგელანგელოზის თვალები ციმციმებენ. ლევ დავიდოვიჩმა ისიც იცის, რომ ასეთი თვალებით დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ დუმს.
- პავლიკ, გესმის ეს ხმა?
- ასეთი რამ არასდროს გამიგია, ლევ დავიდოვიჩ, ეს არც ცხოველების ხმაა, არც დრაკონების, არც იმ ქარხნების, ეკლესიების ნაცვლად რომ აშენებენ... რისი ხმა მოდის ტყეებს იქიდან?
- ეს რევოლუციის ხმაა, პავლიკ, პერმანენტული რევოლუციის, რომელიც რკინის გველებით მოექანება ურალისკენ.
- შამბალის დასანგრევად?
- და თავისუფლების დასაბრუნებლად.
- რა ლამაზი და რა საშიში ხმაა, - ფიქრობს პავლიკა და ამ გუგუნში ნელ-ნელა ადამიანების ხმების გარჩევას იწყებს, ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მათი ხმები ერთმანეთშია არეული, ზოგი მათგანი ყვირის, სხვები ტირიან.
სოფლის თუ ტყის მხრიდან ვიღაც ეძახის პავლიკას.
- პავლიიიიიიკ! პავლიიიიკ! ა პავლიკ!
პავლიკა ყურადღებას არ აქცევს – ის და ლევ დავიდოვიჩი გვერდიგვერდ წვანან სქელ თოვლში და კოსმოსში იყურებიან. ხმის კრისტალებით და კოპლებიანი ცადამყვანებით სავსე ჩანთა იქვე, პავლიკას ოდნავ გამოხეულ ბათინკებთან აგდია.
ლევ დავიდოვიჩს გონია, რომ ცა ადგილია, სადაც წითელი არმია სამყაროს გაფართოებას დაეწევა, პავლიკასთვის კი ცა გასართობი ეკრანია, ფრაქტალური ემ-ტი-ვი, საუკუნის დასაწყისის ბავშვებისთვის.
- თუ ჩვენ წავაგებთ...
- ჩვენ არ წავაგებთ, ლევ დავიდოვიჩ, – აწყვეტინებს პავლიკა და ბავშვური სიყვარულით ეხუტება, როგორც შვილი მამას. ლევ დავიდოვიჩი საკუთარ ლოყაზე ანგელოზის სუნთქვას გრძნობს. დრო არ იცდის, ლევ დავიდოვიჩი მალე უნდა წავიდეს, მაგრამ ის ყველანაირად ცდილობს, გაწელოს ეს დრო, ცოტა მეტი ხანი დარჩეს პავლიკასთან. ასეთი თვალებით დიდხანს ვერ ცოცხლობენ, ფიქრობს ის და აკვირდება, როგორი მელნისფერი ნისლივით ადის ცაში მისი მოსაწევის ბოლი.
- პავლიიიკ! ა პავლიკ! – ისმის დედის ხმა სოფლის მხრიდან, თითქოს ჭოტი ყვირის გარინდულ ტყეში.
==================================================
ვოვა ლიმონკა
“მაგ ნაძირალა ტერორისტმა პოლიციელი მოკლა და შეეცადა ორი ქვეყნის
პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენებას. ასე რომ, ჩაძაღლდება ციხეში მისი
ნესტისგან გახრწნილი სხეული, ციხის კედლებს შეერწყმება და სიბნელეში
გაუჩინარდება, თითქოს ადამიანი არც არსებობდეს საკანში.“
მისი თვალების დახუჭვა-გაღებასთან ერთად ქრებოდა და ჩნდებოდა თბილისის მუქი ლურჯი ცა, სასწრაფოს ფერადი ნათებები - და მხოლოდ ეხლა მიხვდა ვოვა, რომ ტყუილად ეშინოდა - შიში არ არსებობს, ამ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას, რომ მისი ჭრილობებიდან მოშვებული ონკანივით მოდის სისხლი.
ვოვამ წამით იმასაც მოკრა თვალი, თითქოს სადღაც შორს ცაში თვითმფრინავი მიფრინავდა თბილი ქვეყნებისკენ დაა იგრძნო, რომ ეს მამაკაცები იარაღებით, სამხედრო ფორმებში, ჟურნალისტები და ოპერატორები მანათობელი კამერებით, ექიმები პანიკაში - არარეალურია. როგორც ჩახლართული ცუდი სიზმარი, რომლისაც გჯერა, სანამ გძინავს. როგორც ფილმი, ან სპექტაკლი თეატრში. როგორც სატელევიზიო სიუჟეტი ხალხზე, რომლებიც იმდენად შორს ცხოვრობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მართლა არსებობენ თუ არა.
და მაშინ ვოვამ თავის ცხოვრებაში პირველად იგრძნო ნამდვილი შვება. ყველა ხმა და ეს ჩოჩქოლი, რაც მის გარშემო იყო, თითქოს მიწყნარდა, თითქოს რაღაც ბინდი, რომელიც მთელი ცხოვრება აკრული ქონდა თვალებზე - გაქრა ვოვას გონებიდან და მან პირველად გაიგო საკუთარი ლაღი სუნთქვის ხმა. ღრმად ჩაისუნთქა სუფთა, თბილისის ჟანგითა და მეტალით დატვირთული ცასავით სუფთა ჰაერი.
თავიდან ამან თითქოს დააბნია ვოვა. ეს გრძნობა ხომ აქამდე განცდილ არცერთ გრძნობას არ გავდა. ნებისმიერი რამ, რაც მას აქამდე შვება ეგონა -- ოთახის ლეწვა პანიკური შეტევებისას, იაფფასიანი ბოზების აგდება ხიდების ქვეშ, ლაბორატორიაში გამოყვანილი ნარკოტიკები, კალაშნიკოვების გადატენვა, ლიმონკა ჯიბეში - ყველაფერი ტყუილი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის ეხლა გრძნობდა, თუნდაც საკაცეზე მწოლიარე და დაჭრილი, დამარცხებული და ტყვედ აყვანილი. მისი გული, რომელიც დაბადებიდან თითქოს გაბრაზებულის მუშტივით შეკუმშული იყო, ეხლა პირველად მოეშვა და გაიხსნა ყვავილივით, ხელისგულივით. შვება მორფინივით დაუყვა მის ვენებს და ახარა მის ყველა უჯრედს.
- ეს არ არსებობს - ფიქრობდა ვოვა იმ მეცნიერის აღტაცებით, რომელმაც ეს-ესაა სამყაროს მთავარი საიდუმლო ამოხსნა - ეს ყველაფერი არ არსებობს! - გაიმეორა ვოვამ და გაეცინა. რა თქმა უნდა ეს სიტყვები პირდაპირ არ ასახავდნენ სამყაროს იმ საიდუმლოს, რომელსაც ვოვა მიხვდა, მაგრამ მან ჯერ ვერ მოასწრო ამ ემოციის გადმოთარგმნა ჩვენს ღარიბ, ვერბალურ სტრუქტურაში. გაეცინა საკუთარ სისულელეზე, დაკარგულ წლებზე, პრობლემებზე, რომლებსაც ასე მძაფრად აღიქვამდა, წარმატებებსა და სირთულეებზე, გაეცინა იმ აბსურდზე და სერიოზულობაზე, რაც მის გარშემო ტრიალებდა.
- არ არსებობს შიში, იმიტომ რომ არ არსებობს საფრთხე, არ არსებობს საფრთხე, იმიტომ რომ არ არსებობს სამყარო. ეს ყველაფერი ხომ უკვე იმდენჯერ მოხდა, ეს სისხლი უკვე იმდენჯერ დაიღვარა, სამყარო უკვე იმდენჯერ შეიქმნა და განადგურდა, მე უკვე იმდენჯერ ვნახე სი სიზმარი, ტელევიზიამ უკვე იმდენი მილიარდჯერ დაატრიალა ეს სიუჟეტი... და უცებ, მისი აზრებს შეემატა ცუნამივით წამოსული სინანულის გრძნობა ხალხის მიმართ, უცებ ის მიხვდა, რომ მთელს ამ ჩოჩქოლში, ამ ათასწლოვან მარათონში ხალხს გადაავიწყდა ყველაზე მარტივი რაღაც. და მაშინ, ვოვას მოუნდა მისი აღმოჩენის გაზიარება ყველასთვის, მოუნდა პირდაპირ ეთერში ეთქვა, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, ნებისმიერი ტელეკომპანიის მეშვეობით ეთქვა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარია, უნდოდა ეს სიტყვები გაეგოთ ღარიბ ოჯახებს პატარა სოფლებში დიდი მთვარის ქვეშ, დევნილებს სახელდახელოდ აშენებულ დასახლებებში, სადაც მუდამ ჩართული პატარა ტელევიზორებიდან წამყვანის სიტყვებს ყოველთვის შიშინი მოყვება, გაეგო დედამისს, რომელიც ეხლა ტყვედ იყო აყვანილი და ტიროდა, როგორც პატარა მიტოვებული ბავშვი. უნდოდა ეს სიტყვები გაეგოთ მის ჯალათებს, რომლებიც სავარაუდოდ დაყრიდნენ თავიანთ კალაშნიკოვებს და დაიწყებდნენ ტირილს და სიცილს ერთდროულად, უნდოდა ეს სიტყვები გაეგო ჯუნიორ ბუშს, რომელიც ვოვას, მისდა გასაკვირად, უკვე აღარ სძულდა, პირიქით რაღაცნაირი სითბოთი აივსო მის მიმართ და ეცინებოდა, როცა ხვდებოდა, რამდენად სერიოზულად აღიქვამდა ჯუნიორი საკუთარ პერსონას. და ვოვამ მთელი ძალა დაატანა თავს, რომ წამომდგარიყო.
მთელი სამყარო თითქოს გაისუსა მისი სიტყვის მოსასმენად, მგლებმა ყმუილი შეწყვიტეს შორ ჩრდილოეთში და იაგუარები სმენად იქცნენ სამხრეთის ჯუნგლებში, სადღაც მყინვარს მოწყდა ყინულის ლოდი და დიჯეები გაჩუმდნენ რადიოებში. ვოვამ ტუჩები გაამოძრავა, სიტყვა უკვე პირს მოადგა. ცოტა ძალდატანებაც...
- იწექი, იწექი, წამოდგომა არ შეიძლება - დაიძახა მედდამ და ძალით დაანარცხა ვოვა საკაცეზე. „რა არ შეიძლება? რაღა არ შეიძლება?“ - გაეღიმა ვოვას გულში და ისევ სცადა წამოდგომა. მისი უძლური სხეული ამჯერად უკვე სპეცდანიშნულების მგლებმა დააწვინეს. და რამდენჯერაც სცადა ვოვამ ხალხისთვის სამყაროს მთავარი საიდუმლო ეთქვა, იმდენჯერ ის საკაცეზე დაანარცხეს, მეტიც, ერთი-ორი მუჯლუგუნიც მიაყოლეს ზედ, ურჩობისთვის. მაშინ ვოვამ გადაწყვიტა დაწოლილს ეთქვა სამყაროს მთავარი საიდუმლო, მაგრამ მის ვენებში მოულოდნელად ჩაშვებულმა დამამშვიდებელმა დაამძიმა მისი ენა.
„რას აკეთებთ? თქვენ ხო ვერ ხვდებით რას სჩადით!“ - ყვიროდა ვოვა ფიქრებში, იგრძნო თუ არა მორფინის დავლა მთელს ორგანიზმში, ვოვა უკვე მიხვდა, რომ გამოღვიძებულს ისევ დაუბრუნდებოდა ნისლი თავში და სამუდამოდ დაავიწყდებოდა, ის რაც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, ამიტომ უკანასკნელი ძალები დაატანა თავს: მხოლოდ თავისა და ხელის ოდნავ წამოწევა შეძლო - პირველივე მისკენ მიშვერილ კამერას შეხედა და ის გააკეთა, რასაც ალბათ ნებისმიერი ძენის მასწავლებელი იზამდა ტიბეტის ღრუბლებში ჩაძირულ ტაძრებში რო ეუფლება საკუთარი არსების და სამყაროს სიღრმეებს - ვოვამ სიმძიმის ცენტრი ხელის კიდურებზე გადაიტანა და როგორც იქნა შეძლო და - შუა თითი აწია.