Religion speech


Religion speech




* * *         
 

ჩემი სამსახურის კატებმა არ იციან,

რომ მათ ფოტოებს,

ამ საღამოს,

აპლიკაციით სხვადასხვა სტიკერი მოვარგე,

რომ მათ სევდის ნახევარი საათი შემიმსუბუქეს.

ცხადია, საერთოდ არ იციან,

რა არის აპლიკაცია,

რომ ის არსება,

რომელიც ყოველდღე ნიკაპს უქექავთ

და რის გამოც თვალებს ნაბავენ,

მხოლოდ დარდის გაქარვებით არის დაკავებული.

იქნებ ჯობია იყო კატა,

გციოდეს,

უდარაჯებდე დერეფნის კარის ღიად დარჩენას,

რომ რადიატორზე შეხტე.

თუნდაც წუთით მოითბო თათები,

სანამ გარეთ გამოვარდები

იმ კაცის დანახვაზე,

ვისაც უბრალოდ ეფსია

და ტუალეტში მიდის.

 

 

* * *
 

ყოველი სტიქიის მერე,

რომელსაც სასწაულით ვურჩებით მე თუ ქვეყანა,

ვფიქრობ, რას იტყოდა მიმდინარე მოვლენებზე მამაჩემი

ან რას მირჩევდა დედა.

საღამოობით,

სახლში რომ ვბრუნდები და ტელევიზორს ვრთავ,

სადაც ყველა არხზე თურქული სერიალი მხვდება,

მახსენდება ქერა გოგოს სახე არგენტინული სერიალიდან,

რომელსაც დედა ბოლოს უყურებდა.

მახსოვს, როგორ შევცბი დედის გარდაცვალებიდან

რამდენიმე კვირის მერე,

როცა ტელევიზორში იმ გოგოს მოვკარი თვალი

და მივხვდი,

რომ მისი ცხოვრების რაღაც ეტაპი დედაჩემმა გამოტოვა

და ვეღარც ქორწილს ნახავდა,

რომელიც ყველა სერიალის ბოლო სერიაში იმართება.

და დღეს, სანამ ვახშამს ვიმზადებდი,

ვიფიქრე, რომ მას არცერთი თურქული სერიალი არ უნახავს,

რომ ბევრი დრო გავიდა,

რომ პასუხებს მარტო ვეძებ ყველა რთულ კითხვაზე,

რომ თურქულ სერიალებში ყველა ქალი სასოწარკვეთილია,

რომ მე შემიძლია შევიგინო და გამოვრთო ტელევიზორი,

სტიქია კი დარჩეს.
 

 

* * *
 

რამდენი დღე გაძლებენ ჩემი მცენარეები,

რომ გამოვკეტო სახლი

და წავიდე ფესვგასადგმელი ბაღის საძებნად.

რამდენ ხანში გამოეწურებათ ღერო,

შეეპარებათ მიწისფერი,

ჩამოყრიან ფოთლებს და იმედებს.

წვიმა ჩამორეცხავს ფანჯარას, მაგრამ ვერ დალევენ.

ბოთლით წყალი იდგება გვერდით, მაგრამ ვერ დალევენ.

მხოლოდ შეხედავენ, მხოლოდ ეგონებათ,

რომ უხილავი ხელი მოხსნის თავსახურს

და გადმოაქცევს სიზმრებს,

რომლებშიც შრიალებენ,

რომლებშიც კვირტები ებერებათ.

რამდენი დღე შეიძლება ელოდო სიზმრის ნახვას,

სადაც არ კვდები.

 

 

სალტეები

 

როცა დედა დაუთოებამდე

ზეწრების გასაჭიმად მეძახდა,

ყოველთვის ფეხს ვითრევდი,

რადგან ან ვკითხულობდი,

ან ვმესიჯობდი,

ან,

ან,

და ყველა საქმე ზეწარზე უფრო სწორი იყო.

ბოლოს, ვწყდებოდი მნიშვნელოვან მსოფლიოს,

ვდგებოდით ერთმანეთის პირისპირ,

ხელისგულებში ვიგროვებდით ზეწრის კიდეებს

და მეტყოდა:

„მიდი, ნელა.“

დედა სუსტი ქალი იყო, სიფრიფანა.

ჩემს ოდნავ მეტ ძალას

ჩასახუტებლად გამოქცეული ბავშვივით მოსდევდა.

სახეზეც ის სიცილი გვეფინებოდა,

რომელიც ყველა ბავშვს და უფროსს,

როცა გამოწვდილი ხელები

სიყვარულის სალტეებია.

ახლა ჩემი ზეწრები თავად ირჩევენ,

საით შეტეხენ ნაპირებს,

საით წაგრძელდებიან.

ჩემი სევდა

გაუჭიმავ ზედაპირზეა გაწოლილი

და მაშინ მიწვდის ხელებს,

როცა უთოს ვადგამ –

იმ დამწვრობის საჩვენებლად,

რაზეც არცერთს არ გვეცინება.
 

 

Religion speech

 

ჰო, მე ვიცი, რომ მაგნიტი ვარ:

ჩემთან მოსული ვეღარ მიდის

და ჩემგან წასულს დაბრუნება უჭირს,

მაგრამ შენ ხომ ჯარისკაცი ხარ?

 

 

ორმო

 

როგორ ჩავვარდი ამ ორმოში, ვფიქრობ.

ცაში ვიყურებოდი?

მზე მჭრიდა თვალს?

იქნებ ჩრდილი ეცემოდა ორმოს,

იქნებ ყინული ჰქონდა გადაკრული.

შეიძლება ფეხსაცმელმა მიმტყუნა,

ან გულმა,

ზედ ორმოს თავზე.
 

 

* * *  

რა სევდიანი სანახავია დილით მეტროში თმა,

რომელიც წინა საღამოსთვის დაახვიეს,

გალაქეს და ააბრჭყვიალეს,

გამოიარა ცეკვა, კვამლი, ბალიში, თითები

და ახლა ეყრდნობა კარს, რომელსაც აწერია:

ნუ.

 

 

* * *  

კოლმეურნეობის მოედნის მეყვავილეებმა სკვერში,

შადრევნის გარშემო გადაინაცვლეს.

და წევს ცარიელი შადრევანი ყვავილებს შორის,

როგორც მიცვალებული.

 

 

* * *  

ერთხელაც მივხვდები, რატომ დუმან ადამიანები,

როცა მივმართავ.

ჩემი კითხვები არ არის რთული,

ხან პასუხებსაც არ ვეძებ,

მხოლოდ მოსმენა მინდა.

ჰოდა, ერთხელაც მივხვდები,

რატომ არ მაქვს ხმა,  

სად მეკარგება.

რა ახშობს –

რომელი მოშვებული ონკანი,

რომელი დაზგა,

რომელი ფოიერვერკი.

 

 

წასვლა

 

დიდი მონდომების შედეგად ის მოკვდა. 

საერთოდ, სიკვდილი დიდი მონდომების შედეგად დგება. 

ძალიან უნდა მოინდომო, 

შენმა მუხლებმა უნდა იგრძნონ მიწის ზედაპირი, 

აიკრან მტვერი,

შენმა ხელებმა უნდა ამოიბრუნონ თავი, 

შეეშვირონ ცას,

შენი თვალები უნდა ჩაიკეცოს - 

წიგნი, რომელშიც ყველაფერი დაიწერა

და თმა შეიძლება ჩამოგეფაროს სახეზე ფარდად,

თუმცა ეს ბოლო შტრიხია, 

უბრალოდ, ლამაზი.

და ეს ისევე ადვილია,

როგორც მზის გამოჩენა,

რომელიც წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავს 

ჩვენამდე მოსაღწევად.

 

რომ არა მისი სიმხურვალე

რომ არა მისი დაჟინება

 

ბოლო ათინათს წაავლოს ხელი, 

დასახუჭ თვალში შესვას, -

ფუღუროში,

სადაც სიზმარი ცხოვრობს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE