მამაჩემი მომკლავს


მამაჩემი მომკლავს




ნია მარანელს გრძელი შავი თმა რომ ჰქონდა, ზუსტად მაგიტომ გადაეკიდა ლუკა ლიქოკელი გინდა თუ არა ჩრდილო მექსიკური კლიჩკა უნდა დაგარქვაო. გავიდა  ერთი კვირა  და  აუდიტორიაში ქარიშხალ კატრინასავით შევარდნილი ლიქოკელი გოგონას უკვე  კანტალისიას ეძახდა.  ისე ნია მარანელი მექსიკელ ლამაზებს ყველას სჯობდა და ნაღდი მთიელივით, კიდეც იშოლტებოდა და კიდეც გრაციოზულად იყო მოხვეული.  გოგონა სულით და გულით ცდილობდა ხუმრობად მიეღო მასზედ გადაკიდებული ცეტი ჭაბუკის გამოხტომები, მაგრამ ლიქოკელის პიროვნებაში გამჯდარი ოხუნჯობის სრულად გათავისება ვერ იყო ნიასნაირი სიფრიფანების საქმე. არადა ლუკა ეარშიყებოდა ნიას და კიდეც ეგონა მოვხიბლე და ეგ არიო.   კიდევ ერთი კვირის შემდეგ, ნია მარანელს ჩობანმა პროფესორმა ქულები დააკლო და აუდიტორიის კართან აწუწუნებდა.  საოცარია, როცა ლექტორები უმადურ ოროსნებს აწუწუნებენ, მაგრამ საზიზღრობაა, როცა იგივეს კარგ ვინმეებს უშვრებიან. ნია ისე სწავლობდა,  მაგის წილი სტიპენდია ვინმე ზუბრიაჩკას არ უნდა წაეღო და ზუსტად მაგას ეუბნებოდა იმასაც, რო აიო, ბატონო ლექტოროო, გთხოვო... ოღონდ მორცხვიც იყო ნია და ამაყიც და ბოლომდე ვერც სთხოვდა და მოკლედ ცუდად იყო გოგო, წითლდებოდა, ლურჯდებოდა, აღარ იცოდა რა ექნა და ის ჩემის პრაფესორი მაინც ალესილი დაჰყურებდა ვითომც არც არავინ მელაპარაკებაო. აი ეგ კადრი იყო და ლიქოკელი გამობაჯბაჯდა კალიდორში, ნიას გვერდით დაუდგა, ხელი ხელში ჩაავლო და ამ ლექტორის წინ შემოუძახა, აგავის ქალღმერთებს  მოწყალების თხოვნა არ ეკადრებათო. მერე ხელჩაკიდებულმა გაიყვანა უნივერსიტეტის შენობიდან.  გოგონა ინერციით მიჰყვებოდა ცეტ ლიქოკელს. გარეთ  ლუკამ სიგარეტს მოუკიდა და სულელური ღიმილით უცქერდა ნიას.  გოგონამ ახლაღა გააცნობიერა, რომ სტიპენდიას ვეღარ აიღებდა, ზიზღიანი მზერა აჯახა ლუკას და თავდახრილი ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.

- ეეე, კანტალისია, დონდე? - სიტყვა დააწია ლუკამ.

- შემეშვი რა...  - გოგონას ხმაში ცრემლი ისმინებოდა.

- აუ ერთგან წამომყვები? - წამოეწია ლუკა.

- ვინ ხარ, რას გადამეკიდე, დამანებე რა თავი!

- ეე კაი რა, რას მეჩხუბები... გულს ნუ გაიტეხ ბონიტა, შენ ეგ არ შეგშვენის! ნანახი გაქ ბაში-აჩუკი?

- ხუთი წუთის წინ, შენს გამო სტიპენდია დავკარგე, ცუდად ვარ, შემეშვი, წადი რა...

- მე რა შუაში ვარ ე?  მე მოვჟმოტე ქულები?  ჩემზე რო იყოს, მსოფლიოს ყველა სტიპენდიას შენ მოგცემდი.

- შენ რომ არ მოთრეულიყავი... ოოოო... -  ნიას ტირილი აუვარდა.

- ეგრე გინდა ის სტიპენდია ტო? - შეწუხდა ლუკა.

- კი... - ამოიკნავლა გოგონამ.

- რათ გინდა?

- ოოო არ ვიცი, მინდა რა. შენნაირი უმიზნო არ ვარ.

- უმიზნო რატო? იცი რა მაგარი მიზნები მაქ? გინდა მოგიყვე? წამო გავისეირნოთ და მოგიყვები.

- არ  მანაღვლებს შენი მიზნები!

- სამი წუთია გელაპარაკები და ისე გადამიარე თავი პუტინი მგონია. არადა არაფერი დამიშავებია... ნუ შენთვის არ დამიშავებია.

- კაი მაპატიე. წავედი, კარგად...

- წამო მეტრომდე მაინც ჩავისეირნოთ ფეხით. გთხოვ.

ნიამ გაიღიმასავით.  გაივლის წლები და სახაჭაპურეში მჯდომი უსაქმური ლუკა ლიქოკელი  გაიხსენებს, როგორ არ წაიქცა ნიას ღიმილის დანახვისას მაშინ, როცა ფეხებს მართლა ვეღარ გრძნობდა.

- კაი წამო... - ჩაიქირქილა ნიამ, რომელიც უეცრად დადგა კარგ ხასიათზე.

კანტალისია და მისი კავალერი რუსთაველის მეტროსკენ წავიდნენ. იდგა გაზაფხული და თბილისში დაფრინავდა იმაზე მეტი ჩიტი, ვიდრე საერთოდ დაფრინავს ხოლმე, რადგან  თბილსელ ჩიტებს შეუერთდნენ კახელი ჩიტებიც, რომლებიც მასიურად გაურბოდნენ კისტის თოფით შეიარაღებულ ბალღებს, რომლებსაც აღარ მოსწონდათ ქათმის ჩახოხბილი, რადგან მიხვდნენ, რომ ნაღდ ჩახოხბილს, ხოხობი თუ არა მწყერი მაინც უნდა და ქათმის ჩახოხბილი კი, სინამდვილეში ჩაქათმულია.

- ფეხებზე დაიკიდე რა.  რათ გინდა მაგ ჩათლახების სტიპენდია. - გაუტია ლუკამ.

- კაი, არ მინდა. - ისევ რაღაცნაირად უღიმოდა ნია.

- შენ სხვა ტიპშა ხარ. არ უნდა ეხვეწო შენ არავის. მე ეგრევე ვხვდები ტიპებს ვინ როგორია. აი შენ რო დაგინახე, ეგრევე მივხვდი სხვანაირი რო იყავი.

- ოუფ...

- ეგეთი რამეები აღარ მითხრა, თორე აღარ იქნები კაი ტიპი.

- როგორი რამეები?

- ოუფ და რაღაცეები.

- კაი აღარ გეტყვი.

- აუ, შენ ლაპარაკი არ გიყვარს ჰო? - მოიწყინასავით ლუკამ.

- რა მიზნები გაქ მომიყევი. ჰო მეუბნებოდი მოგიყვებიო. - თვალები დაქაჩა ნიამ.

- ეეე, ეგრე რა...  მექსიკიდან არგენტინამდე ბოდიალი მინდა და ლექსების წერა.  წამოხვალ?

- სად წამოვალ გაგიჟდი? მამაჩემი მომკლავს. - შეცბა გოგონა.

- ჰაჰააააა.... - ჩაბჟირდა ლიქოკელი.

- რა გაცინებს? - გაბრაზდა ნია.

- არაფერი კაი დაიკიდე. - ჩახუტება სცადა ლუკამ.

- რა დავიკიდო, გადი იქით... - კვლავ გაბრაზებული იყო ნია.

- მექსიკაში წავიდეთ და მამაშენს მოვუხერხებთ რამეს. ხვალვე ხო არ წავალთ...

- რას მოვუხერხებთ?

- ნუ, თუ ტკბილი სიტყვა არ გაჭრის და შენც მისი ნებართვის გარეშე არ შეგიძლია, მოვიტაცებთ, დავაბამთ და მანამ არ ავუშვებთ, სანამ არ იტყვის რო წადითო შვილებოო, კურთხევას გაძლევთო.

- კურთხევა რაღად გინდა? - დაიბნა ნია.

- იქ თუ წამოხვალ, ცოლადაც გამომყვები... - განაცხადა თავდაჯერებულმა ჭაბუკმა.

- იდიოტი ხარ.

- ერთგან გამომყვები?

- სად?

- ბებიაჩემი ცხოვრობს სოლოლაკში და პური უნდა ავუტანო.

- არა. მეჩქარება სახლში.

- აუ წამო რა... თან ლამაზია ზემელიდან სოლოლაკისკენ მომავალი ხვეულები.

- ვიცი, მაგრამ უნდა წავიდე.

- მამა მოგკლავს? - ისევ აცანცარდა ლუკა.

- არა!

- მაშინ წამომყევი ბებიასთან!

 

 

  *               *               *

 

ქართლის დედა ღამე  უფრო ჩანს ვიდრე დღეო, ფიქრობდა ლუკა ლიქოკელი, მაგრამ ნიას არ ეუბნებოდა და არც არავის ეუბნებოდა, იმიტომ, რომ ეს მოსაზრება მის გონებაში ჯერ კიდევ განხილვას ექვემდებარებოდა. ღამით გარშემო სხვა არაფერი ჩანს და ქართლის დედას კიდე  ლამპოჩკები უყენიაო. დღისით კი, იმდენი რამე ჩანს, დედა იკარგება და თითქოს ქართლს დედა აღარ ჰყავსო.  ისე კაცმა რომ თქვას, ღამ-ღამობით ხედავდა ქართლის დედას ყველაზე კარგი ტრაექტორიით ლიქოკელი, ამას თვითონაც ხვდებოდა და  სწორედ ამიტომაც ექვემდებარებოდა ზემოთ ნახსენები დასკვნა განხილვას. ლუკას ძმა და სულის ზიარება  ზუკა ნონეშვილი ისე ახლოს ცხოვრობდა ქართლის დედასთან, რომ საღამოობით ლუკა მაგასთან დასალევად რო ადიოდა, თავი სულ დახრილი ჰქონდა ემანდ ხმალს არ დავეჯახოო. ნიას რომ ეუბნებოდა ბებიასთან გამომყევიო, სინამდვილეში ზუკა ნონეშვილი იყო ეგ ბებია, მაგრამ ნია ვერ მიხვდებოდა მაგ ტყუილს, იმიტომ, რომ ლუკამ ცრემლმორეულმა უამბო, ბებია სულით ავადმყოფია და ახალ ადამიანებს რო ხედავს ეშინიაო.  ცოტახანი გარეთ დამიცადე, პურს მივუტან და გამოვალო.  ჰოდა  თონეში ერთი პური იყიდა ლუკამ და ასე, ხელდამშვენებული მიადგა ზუკა ნონეშვილს.

- ვააა, ლუკა შე ბოზზოო! - გაუხარდა  ძმაკაცის დანახვა ზუკას.

- ჩუუუუ.... - პირზე თითი მიაჭირა ლუკამ.

- რა იყო შეჩემა? - დაიბნა ზუკა.

- გოგო მელოდება გარეთ...

- მერე რას მაჩუმებ, მიდი ამოიყვანე რას დააყენე ცოდოა ტო. გავალ დავუძახებ. - ზუკა კარისკენ წავიდა.

- დაჯე ბიჯოო! - ხელი სტაცა ლუკამ.

- რა შლეგი ბუნებისა ხარ, რა იყო?

- სად მიდიხარ, არ დაენახვო.

- არ დავენახვო რა, ოპერის აჩრდილი ვარ?!

- ბებიაჩემი ხარ.

- ჰა?

- ბებიაჩემი ჰგონიხარ რა...

- მოიცა გოგო მოიყვანე და უთხარი, რო ზუკა ნონეშვილია ბებიაშენი და იმას სჯერა? -  იკითხა აჭრილმა ზუკამ.

- არა. ვუთხარი, რომ  აქ ცხოვრობს  ბებიაჩემი ზინაიდა ლიქოკელი და ისიც, რომ ზინა სულით ავადმყოფია და პური უნდა მივუტანო რა.

- რა ლამაზია ტო. ეს შენ რატო დაგყვება. - ზუკამ ოდნავ გადაწია ფარდა და ნიას უყურებდა.

- დიდებული ვინმეა. - დაეთანხმა ლუკა ლიქოკელი.

- რა ჰქვია?

- კანტალისია...

- შენ დაარქვი ჰო?

- აბა მამამისი ჰო არ დაარქმევდა.

- და მამამისმა რა დაარქვა?

- მე რა ვიცი...

- მოიცა და რატო მოატყუე ბებიაჩემთან ავდივარო? - ზუკა ლუკასკენ მოტრიალდა.

- რავი, რამე საყვარელი უნა მომეფიქრებინა სასეირნოდ  რო წამომყოლოდა...  მამაჩემი დამიშვებსო  და არ მოდიოდა.

- რა არი მამინაცვალი ზრდის? - გაიცინა ზუკამ.

- არა, მთიელი ზრდის...

- ეგ ისეთი იქნება, წყაროზე რო ჩაგიყვანს და არ დაგალეინებს.

- ოცი ლარი მომე რა.

- რათ გინდა?

- რავი ან ნაყინზე დავპატიჟებ, ან დავლევთ სადმე.

- ათს მოგცემ. ნაყინს მეტი რათ უნდა.

- თხუთმეტი მომე... თან ნახე პურიც მოგიტანე.

- ძაან ძვირიანი პურია ღმერთმანი.  ვენესუელაში ვართ?

- მაიტა ჰა.

- აჰა და არ ატირო, საყვარელი ვინმე ჩანს.

- რა უნდა ვატირო ტო... კაცი ხარ ზუკაჩო, დიდი კაცი.

 

 

*                      *                      *

 

- რაო ბებომ? - ჰკითხა ნიამ ზუკასგან გამოსულ ლიქოკელს.

- შენზე მითხრა ლამაზი გოგოაო. ფანჯრიდან გიყურებდა.

- აკი უცხოების ეშინიაო... - დაიბნა ნია მარანელი.

- რავი, დღეს ეგონა რო 1948 წელი იყო და მე მაგის უფროსი ძმა  ნოდარი ვიყავი. ჰოდა შენ მომავალი რძალი ნუნუ ეგონე და მეუბნებოდა, ნოდარიკო რა კაი გოგოა დედასაც მოეწონებაო.

- რა სიგიჟეებს მიყვები.

- რა არი სიგიჟე, ეგრე მითხრა მართლა.

- არ მინდა ვიფიქრო, რომ გიჟმა მომიტაცა. - სერიოზულად დაიძაბა ნია.

- ჰო გიჟმა მოგიტაცა. ოღონდ კეთილმა გიჟმა... ცოტა ხანი გაერთობა და გაგიშვებს.

- ისე, რა გქვია? -  იკითხა ნიამ.

- სამი კვირაა ჯგუფელები ვართ და ჩემი სახელი არ იცი? - ეწყინა ლუკას.

- არ გითქვამს...

- ლუკა მქვია.

- ლამაზი სახელია. გიხდება.

- ჰო, მარა პაპსაა...

- ანუ?

- მთელ მსოფლიოს ლუკა ჰქვია.

- აბა ვის?

- მე, ლუკა მოდრიჩს, ლუკა ტონის, ლუკინო ვისკონტის...

- მე ეგეთი რამ გიორგიზე ვიცოდი.

- გიორგი მარტო გიორგებს ჰქვიათ, დაჟე ზოგი გიორგი მთლად გიორგიც არ არი...  მაგალითად, ლაშა-გიორგი. აი ლუკა სულ სხვანაირადაა. ზოგი ვაჟაა, მაგრამ ლუკაცაა.

- პაპაჩემს... - დაიწყო ნიამ.

- პაპაშენსაც ლუკა ჰქვია? - შეაწყვეტინა ლუკამ.

- არა.

- აბა რა შუაშია პაპაშენი? - თითქოს დატუქსა ლიქოკელმა.

- ბოდიში... - დაიბნა ნია.

- კაი ჰო გეხუმრები. რა უნდა პაპაშენს? - მოლბა ლუკა.

- არაფერი.

- კაი რა გეწყინა ეხლა...

- არაფერი არ მწყენია. დამავიწყდა უბრალოდ რას ვამბობდი.

- თქვი რას ამბობდი, თორე მე ვიტყვი შესაძლო ვარიაციებს. - დაემუქრა ლუკა.

- რა შესაძლო ვარიაციებს?

- პაპაშენმა დისიდენტი ძმაკაცები ჩეკისტებთან ჩააბოზა... - დაიწყო ლუკამ.

- რაა? - დაიბნა ნია მარანელი.

- ეს არა?  კაი... პაპაშენმა მამაშენის ძაღლი მანეთად გაყიდა, რომ მთელი კვირა აბაზიანი ღვინო დაელია. ამის შემდეგ მამაშენი დაიბოღმა და ახლა პაპაშენზე დაბოღმილი შენ გიტრაკებს.

- რეებს მიედ-მოედები? - ნია ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ლუკას და თან ბრაზდებოდა.

- მაშინ, პაპაშენმა ბებიაშენს ცისფერ გაიშნიკთან უღალატა! - არ ჩერდებოდა ლუკა.

- წავედი მე სახლში კაი... კარგად ლუკა. - ნია თავისუფლების მეტროსკენ წავიდა.

- პრიანიკი გიყვარს? - კითხვა დააწია ლუკამ.

- რაა?

- პრიანიკი გიყვარს მეთქი?

- რა ვიცი. კი...

- წამოდი ვჭამოთ და მერე წადი.

- საიდან გაგახსენდა ეხლა პრიანიკი?

- მაგარი პრიანიკი ვიცი. ერთ ბუტკაში იყიდება მარტო ეგეთი პრიანიკი.

- კაი, ოღონდ გერმანულად ვიხდით.

- ანუ?

- მე ჩემსას, შენ შენსას...

- ნუ სარგებლობ იმით, რომ გრუზინ-რაინდობა სულაც არ მიმაჩნია კეთილშობილებად.

- არ მაინტერესებს შენი შეხედულებები!

 

 

 *                      *                       *

 

ოპერის უკან ერთი მაღაზიაა. გუდვილისხელა არ არი, ჩვეულებრივი უბნის მაღაზიაა.  ეგეთები ბევრი აღარ შეგხვდება ტიფლის-ქალაქში. აქა-იქ, უბანთა წიაღში არიან მიმოფანტულნი ბებერი სტაიანშიკებივით. იდეალისტი კაცი იმასაც არ იფიქრებს ნამდვილები არიანო და მცირე მუზეუმები ეგონება, რომლებიც რეალურად ყველას ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ  მაინც სიძველედ აღიქმება და ვერც ვერაფერს ჰკადრებენ. ოპერის უკან, მაღაზიაში, ადრე თბილისში საუკეთესო ატმის არაყი იყიდებოდა, მაგრამ როცა საქმეს სჭირდება, შეიძლება ატმის არაყს პრიანიკი დაარქვა, ალბათ იმიტომაც, რომ სინამდვილეში არც არსებობს თბილისში საუკეთესო პრიანიკი, არადა თბილისში თითქმის ყველგან იყიდება პრიანიკი და ნებისმიერ მათგანს შეგიძლია უწოდო საუკეთესო და ლუკა ლიქოკელიც საუკეთესოს იმას უწოდებდა, რომელიც ოპერის უკან იყიდებოდა.  შუახნის მსუქანა გამყიდველმა ლუკა რომ დაინახა, მაშინვე ის უთხრა ბოთლი თუ არ გაქ  არაყს ვერ გაგატან, მეც ერთიცალი მაქ ნახევარლიტრიანიო და შემდეგ გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, როცა ლიქოკელმა უპასუხა არაყი კი არა პრიანიკი მინდაო. გაბრაზდა საწყალი ქალბატონი, იფიქრა დამცინის ეს ვირიშვილიო.  რის პრიანიკიო, საიდან მოელანდაო... მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, რამდენი გინდაო ჰკითხა ოხუნჯ ახალგაზრდას. ლუკამ აინ შეკვრენო და თითით ერთიანი ანიშნა, რომ ქალბატონი მთლად არ დაბნეულიყო. ქალბატონმა გამყიდველმა ლუკა ლიქოკელს  ცელოფანში ჩასტეპლერებული რვაცალი პრიანიკი მიაწოდა. ლუკამ  ზუკას მიცემული ფული გადაიხადა და თან დანკეო დააყოლა. ქალი უფრო დაიბნა, მაგრამ შეჩვეული იყო გიჟებთან ურთიერთობას და ისიც იცოდა, რომ სულაც არ იყო უპრიანი ზედმეტ კონტაქტში შესვლა.  მაღაზიიდან გასულ ლიქოკელს, სახტად დარჩენილმა, უკმაყოფილო ნიამ ჰკითხა ეგ რა ქენიო?  ლიქოკელმა რა ვქენიო?  სულ შენ რატო გადაიხადეო, ჰო გითხარი გერმანულადო...  თუ გინდა შევიდეთ და ვკითხოთ ქალბატონ გამყიდველს, რომ მთელი ანგარიშსწორება სწორედაც რომ გერმანულთან მიმსგავსებულად განვახორციელეო თავი იმართლა ლუკამ.  

 

                                                        *                   *                  *

 

- ჰო მაგარი პრიანიკია ე? - თავს იწონებდა ლუკა.

- კი მართლა მაგარია, რამდენი წელია მანდ დევს? - ირონიულად იკითხა ნიამ.

- რავი მე... რა მნიშვნელობა აქ. კაი პრიანიკი  მანავის მწვანესავითაა, რაც უფრო ძველია, მით უფრო ასწორებს. ჰო მართლა მაგარია? - ვითომ ვერ მიხვდა დაცინვას ლუკა.

- კი, მგონი შეგეშალა. სუხარი უთხარი ალბათ. - აგრძელებდა ქალურ ოხუნჯობას ნია მარანელი.

- რავი მე. ეტყობა გერმანულად რო ვცდილობდი  სუხარი და პრიანიკი ამერია ერთმანეთში.  როგორ არი გერმანულად პრიანიკი? - ისევ არ იმჩნევდა ლუკა.

- პღიანიკერ.

- უახ...

- რა?

- ჰო გითხარი. მე სუკჰენგერ  ვუთხარი. ეგ ეტყობა სუხარია.

- სუხარი კი არა, ორცხობილა.

- შენ თქვი პირველად სუხარი, მე რა შუაში ვარ.

- შემეშალა ალბათ...

- ანუ იგონებ მაგ კეთილსიტყვიერებას. ორგანული არ არი. ვის ატყუებ?  მე მაგალითად მაგრად მკიდია, ფეჩს მეტყვი თუ ღუმელს.

- აგავა რა არი? - უცბად იკითხა ნიამ.

- საიდან გაგახსენდა ეხლა აგავა?

- წეღან ლექტორთან რომ მითხარი, აგავის ქალღმერთებსო მუდარა არ ეკადრებათო თუ რაღაცო...

- აგავა არი მცენარე. კაკტუსივით არი. მექსიკელები დგანან ხოლმე სიცხეში და მაჩეტეებს ურახუნებენ, რო მერე აგავამ ტეკილა გამოაფსას.

- მერე მე რა შუაში ვარ?

- შენ ჰო კანტალისია ხარ. კანტალისია ლეს კრუსესი. აგავის ქალღმერთი. სანამ გვადალუპეს ღვთისმშობელი იქნებოდა, შენ იყავი ჩრდილო მექსიკელთა გულებში და მაჩეტეს ყველა მოქნევაზე ამბობდნენ ხოლმე, კანტალისია ოღონდ წელს კაი მოსავალი იყოს და კაი შარაფს მოვაწყობთ შენ სახელზეო....

- მგონი მართლა გიჟმა მომიტაცა. - შეწუხდა ნია.

- მაგრამ ერთხელაც ერთმა მოკვდავმა გაჯობა... - ჩაილაპარაკა ლუკამ.

- ვინ? - იეჭვიანასავით გოგონამ.

- გავიოტა ვასკესი იყო ერთი. ხუჭუჭა, ლამაზი გოგო. ისე შედეგიანად და ლამაზად იქნევდა მაჩეტეს რომ ხალხმა იფიქრა ეგ არიო კანტალისიას განსხეულებაო და მაგაზე დაიწყეს ლოცვა. მერე ერთ ღამეს, ახურებული გავიოტა აკაპულკოელ მეთევზე ხაკობო მაჩანჩალას გაეკიდა და ხალხმა იფიქრა ეგ ქალღმერთი ვერ იქნებოდაო. ბოდიშებით მოტრიალდნენ შენსკენ, კანტალისია გვაპატიე ეგ რო ვჭამეთო.

- შენც გაქვს ჩემთან ბოდიში მოსახდელი...

- ვითომ რატომაო? ჰო არ გინდოდა ის  სტიპენდია. ბოდიში კიარა, მადლობა მითხარი ქალღმერთო, რომ არ მოგეცი უფლება თავი ვიღაცა ლექტორთან  დაგემცირებინა.

- სტიპენდიის გამო არა.

- აბა რის გამო?   ააა უი... ბონიტა კანტალისია, მაპატიე, რომ გამხმარი პრიანიკი გაჭამე და გითხარი, რომ ქალაქში საუკეთესო პრიანიკი იყო.

- მიპატიებია!

- უჰ, მადლობა...

- შენ უნივერსიტეტში საერთოდ როგორ მოხვდი?

- ეროვნული გამოცდები ჩავაბარე.

- კაი ერთი... და რატო ჩააბარე? ჰო ფეხებზე გკიდია?

- რავი, რა მეკეთებინა აბა?  თან ეგრეც არ მკიდია შენ რო გგონია.

- როგორ არა. გკიდია.

- არა. მე დიდი პოეტი უნდა გავხდე და აკადემიური ბექგრაუნდიც მჭირდება. ჩემს დოსიეში უმაღლესი განათლება თუ არ ეწერება საზოგადოების ყველა ფენას ვერ დავიპყრობ.

- მართლა გჯერა რო მაგარი პოეტი ხარ?

- კაი რა. მაგარი პოეტი ვის გაუგია. კლასიკოსების გარდა ყველა სირბანჯოა.

- შენც?

- მეც, მეც... აჰა პრიანიკი, დარბილდა ცოტა.

- აღარ მინდა. წავალ ეხლა მე კაი?!  არ მოდიხარ შენ?

- არა, მე ერთ მაგარ ადგილზე მივდივარ. სახლზე ვერ გავცვლი იმ მაგარ ადგილს. გაგაცილებ და მერე წავალ...

- სად მიდიხარ?

- სახელს ვერ ვარქმევ. რომც დავარქვა და გითხრა, ვერც მიხვდები.

- რატო დებილი ვარ?

- არა კაცო, უბრალოდ ძაან სტრანნი რამეა.

- წამიყვანე.

- მერე მამა არ მოგკლავს?

- მივწერ რომ დაქალთან ვარ.

- ჰაჰაჰაჰაააა...

- რა იყო?

- ეხლა შენით მიბოდიალობ  გიჟთან ერთად, ვერ იტყვი მიტაცებსო. არ გეშინია?

- არა!

- მე მაოცებეენ, ლამპიონებიიი...

 

                                             

                                                           *                   *                  *

 

- ვერ გავიგე ფშალორო, აბა თავიდან მითხარი. -  ბობოქრობდა მილორად ანტიჩი.

- რა ვერ გაიგე...  ციგნები ჰო ხართ აქა? - იკითხა ლუკამ.

- ციგანიც ხარ და ეგვიპტელიც. აქ რომას ხალხი ცხოვრობს! - გაუბრაზდა ანტიჩი.

- კაი, გინდა რომა იყოს, გინდა ლაციო... ათ ლარს მოგცემ და ვითომ მიცნობთ და რამე რა...

- მაინც ვერ გავიგე. - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა მილორადმა.

- ბიჭო, შენ ჰო ხარ აქ გლავნი? - გაცხარდა ლუკა.

- ბარონი. - შეუსწორა მილორად ანტიჩმა.

- ჰოდა მოგცემ ფულს, ერთ გოგოს შემოვიყვან და ვითომ ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ციგნები ხართ და მეძმაკაცებით.

- აააა... - მიხვდა მილორად ანტიჩი.

- ხუინაა. - წამოსცდა ლუკას.

- რა თქვიი? - დაიძაბა ანტიჩი.

- ბავშვებს მეტროში შენ ამათხოვრებ, ტო? -  თემა შეცვალა ლიქოკელმა.

- მე რა შუაში ვარ, მშობლები ამათხოვრებენ. ნაციონალური ბიზნესია. - თავი იმართლა ბარონმა.

- კაი რამდენიმე ტიპის სახელი მითხარი და იმათთან ვილაპარაკებ მარტო. ვითომ ვიცნობ რა. - საქმეზე გადავიდა ლუკა.

- მე მილორადი მქვია. აი ის, ჩემი ცოლი მარიანაა, ყველაზე მაგარი მკითხავია მთელ საროკაში. ისინი კიდე ჩემი გერები არიან, ვასია, ანტიოქია და ედიკა.

- გერები რატო?

- სანამ მე მარიანას გავიცნობდი, მანამდე გააკეთა ფშალორო სოლომონმა. მე გვიან შევუერთდი ამათ. სოლომონი რო მოკვდა, მერე მე გავხდი ბარონი, იმიტო რო იმან დაიბარა, ეგ არი, ვინც არიო. ცოლიც მე დამიტოვა და ეხლა მე იმასვშვები... - ჩაიხითხითა ანტიჩმა.

- ედიკას ვიცნობ მეტროდან. ერთხელ  ხურდას ვეძებდი მისაცემად, ლარიანი ამომყვა, უკან ჩავიდე და  კეთილები მაგინა.

- ჰო, უზრდელი ბავშვები არიან. ჩემი მხარის რომას ხალხი სულ სხვა ზრდილობის და გაქანებისაა... - ამოიოხრა მილორადმა.

- რა შენი მხარისა, კაცო? - დაიბნა ლუკა.

- მე ჩერნოგორიელი ვარ. ჰო იცი ჩერნოგორია? ადრე იუგოსლავია იყო, მერე სერბეთი, ეხლა ცალკე ჩერნოგორიაა.  ესენი ბესარაბიელები არიან.  წლების წინ, მე ბუკოვინაში ვიყავი საქმეზე და ამათ შევუერთდი... რა მიჭირს,  მაგულავებენ. რაო, რამდენს მოგცემო?

- ათ ლარს! - სიამაყით გამოსცრა ლუკა ლიქოკელმა.

- მეკაიფები?

- რას გეკაიფები, თქვენი ქალები მთელი დღე ირანელ ტურისტებს წეწავენ, თუმანი რო ააგროვონ და მე კიდე არაფერში ვიხდი მაგდენს... - გაბრაზდა ლიქოკელი.

- ოცი მომე და წავედით!

- ეეე, არ მაქ ათზე მეტი.

- აი, დაფიქრდი. ათი ბანაკზე უნდა გატყდეს და მეც ჰო უნდა დამრჩეს რამე?  ნასინგ ფრივეით, ითზ ონლი ბიზნეს მისთერ ქორლეონე. - დაიწყო ახსნა მილორად ანტიჩმა.

- ვა, ეგ რეები გცოდნია. ბარონი კიარა, კაპო დი ტუტი კაპი ყოფილხარ. - შეაქო ლუკამ.

- იასნა, ფშალორო, იასნა. - შეიფერა მილორად ანტიჩმა.

- მილორად, საიდანაც გინდა მეჩალიჩო, ათ ლარზე მეტს ვერ გავჩითავ და ხუთი ჩაიდე ტო.

- ეგ რა თქმაა?! - ეწყინა ანტიჩს.

- რაზე ამბობ? - ვერ მიხვდა ლუკა.

- ხუთი ჩაიდეზე...

- ჰო, ათი ჰო უნდა ჩაგედო და ეხლა ხუთი ჩაიდე. სულ არაფერს ჰო ჯობია. ხუთი ბანაკს ჩაუდე, ხუთი შენ ჩაიდე.

- ვააა, რა ჟილკიანი გრუზინი ხარ შენა. -  ხელი ჩაიქნია მილორად ანტიჩმა.

- ჰა, მოსულა?

- მოსულა, მოიტა ხელი. - დათანხმდა მილორად ანტიჩი.

- რა შავი ხელი გქონია...

- ჭუჭყიანი არ არი, ისეა შავი.

- ბიჭო და ფშალორო რა არი, რო ვიცოდე? - იკითხა ბოლოს ლუკა ლიქოკელმა.

- ფშალორო? ფშალორო არი, ძმაო, ჩვენ ენაზე...

 

                                                         *                   *                 *

 

ეეე, სადღაა ბოშათა ბანაკები, ფერადი კარვებით და სვეტლანა ტომასნაირი ცქრიალა გოგონებით. იორღა ცხენებით და კლასიკური გიტარებით. აღარ არის, მითუმეტეს ჩვენში და მითუმეტეს მილიონნახევრიან მეგაპოლისში. ციგნები იმდენნი არიან, რო შეკრიბო და ენგურში ხურდები ჩაყარო,  რუსების ბლოგპოსტს ისე აატალახებენ,  შლაგბაუმის პოვნას  არქეოლოგიური გათხრები დასჭირდება, მაგრამ ციგნები რო არიან, ბანაკები არ არიან და ჩვენ თუ დავკარგეთ ქართველობა, იმათაც დაკარგეს ციგნობა და არიან ესე, გათითოკაცებულნი, ერთმანეთზე გადამტერებულნი, დიდუბეში მორბენალნი და აკორდეონმომარჯვებულნი.  სადღაც, სამგორში არიან ჩვენი ციგნები, რომლებსაც მიუვიწყებიათ მამა-პაპური ბოდიალი და საერთოდაც, დანგრეულ შენობაში შესახლებულან, სადაც როგორც ძველი სამგორლები ამბობენ, ადრე სწორედაც რომ წმინდად საბჭოთა ქარხანა უნდა ყოფილიყო. დილით, ძალიან ადრე იღვიძებს ძველი ქარხნის შენობა და ერთიანად გამოიშლება გროშების მაძიებელთა მცირე ჯგუფები ქალაქის მეტროსადგურებსა თუ  მიწისქვეშა გადასასვლელებში. ცენტრალურ ქუჩებსა თუ ელიტურ რაიონებში. შრომობენ დედები, ხელში სხვისი შვილებით და შვილები, უფროსად სხვისი დედებით. ღამით კვლავ ხალხით ივსება ძველი ქარხნის შენობა ქალაქის იმ გარეუბანში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, გარეუბანიც არ იყო. საღამოს ერთად შეკრებილი ქართულად მოლაპარაკე ბოშები სულაც არ სხედან ტრიალ მინდორში მდინარის პირას  და აღარც ცეცხლის ალის წინ აკვნესებენ გულთა გამკილავ რომანსებს. სხედან ლეიბებზე და ითვლიან გულიანი გურჯი გადამხდელებისგან აკრეფილ აბაზიანებს და შაურიანებს. ზოგჯერ, იღბლიან შემთხვევაში, აქა-იქ გროშთა ოკეანეში ათშაურიანიც გამოერევა ხოლმე.  ცოტა ამგროვებლებს რჩებათ, მეტი მათ აქაურ ზემდგომებს, უფრო მეტი კი, ბოშათა მეფეებთან მიდის, რუმინეთსა და ბესარაბიაში. ამ საუკუნეში აღარსადაა ბოშათა ბანაკები, მითუმეტეს ჩვენთან, ქალაქში, სადაც არის მდინარე, მაგრამ არ არის მინდვრები.

 

                                                 *                  *                  *

 

- ბავშვები რატომ ეწევიან? - იკითხა ნია მარანელმა.

- უნდათ და იმიტო.  - მარტივად გადაწყვიტა პრობლემა ლუკა ლიქოკელმა.

- ვერ ვუშლით ქალბატონო. ეგრევე გვაგინებენ. კიდევ კარგი პატარები არიან და მუშტით ვერ გვერევიან...  - აუხსნა ნიას მილორად ანტიჩმა.

- ლუკა, სად მომიყვანე? - მიუტრიალდა ნია ლიქოკელს.

- მე სად მოგიყვანე? შენ არ მითხარი, წამიყვანე მაგარ ადგილზეო? - თავი იმართლა ლუკამ.

- ჰო მაგრამ... რა ადგილია?

- ბოშათა ბანაკი. - დასვა წერტილი ლუკამ.

- დიახ, ქალბატონო, ეს ჩვენი ბანაკია... არა, მთლად ბანაკი არ არის, მაგრამ ბანაკიცაა, იმიტომ, რომ ბოშათაა, თუ რა ვიცი, მოკლედ, აქ  ვცხოვრობთ და რადგან აქ ვცხოვრობთ, ბანაკია. - გაიკრიფა ბარონი მილორადი.

- ციგნები არიან? - ნიამ კვლავ ლუკასკენ მიიხედა.

- რომალე! - ხაზი გაუსვა მილორად ანტიჩმა.

- რა თქვა? - იკითხა ნიამ.

- რომას ხალხი ვართო. - უპასუხა ლიქოკელმა.

- ქალბატონო, ჩემთვის დასასმელ კითხვებს ლუკას რატო უსვამ? - გაბრაზდასავით ანტიჩი.

- იმიტომ, რომ არ გიცნობ. - ჩაიღიმა ნიამ.

- ფუ, იოლკი პალკი...  ბოდიში, როგორ დამავიწყდა, მილორად ანტიჩი! - ბარონმა ნიას ხელი გაუწოდა.

- რა შავი ხელი გქონიათ... - გაიცინა ნიამ.

- ჭუჭყიანი არ არი, ისეა შავი. - იწყინა ბოშამ.

- მილორად, მარიანა სად არი? - ჰკითხა ლუკამ ანტიჩს.

- დავუძახებ, დაიცა. - მილორადი  დანგრეული ქარხნის შენობაში შევიდა.

- ესენი ვინ არიან? სად დამათრევ რა... -  წამოიტირა სასოწარკვთილმა ნიამ.

- აბა, რას ამბობ, კანტალისია?!  ამ ხალხის მოგონილია ყველაფერი ლამაზი და ესთეტიური. ვერ გაიგე, რა გითხრეს? რომას ხალხი ვართო... რომადან მოდის სიტყვა რომანტიკა. ეს ღამე ყველაზე ჯადოსნური იქნება შენს ცხოვრებაში. - მგზნებარედ წარმოთქვა ლიქოკელმა.

- რა უნიჭო პოეტის სახით მიყურებ. - მოლბა ნია.

- რაც ვარ, იმის თვალებით გიყურებ. მოიტა ხელი. - ლუკა ნიას ხელს დასწვდა.

- რათ გინდა ხელი? - დაიბნა ნია.

- წეროები ვითამაშოთ, სანამ მილორადა მოვა. - ლუკამ ხელები წეროებისთვის მოამზადა.

- რანაირი სახელია მილორადი. - ცხვირი აიბზუა ნიამ.

- სერბული. - სწრაფად უპასუხა ლუკამ.

- კიდევ რამე სიტყვა არ მოდის რომადან? - თემა შეცვალა ნიამ.

- კი. რომა რცხილაძე. ციგნებს ჰქონდათ საროკაში ერთი ლამაზი ხე. ჩაუთქვამდნენ ხოლმე, ხურდაო, ჩიბუხიო, ცხენიო, პლანიო, ისაო, ესაო... და უსრულდებოდათ და რომა რცხილაძემ მაგაზე დაწერა სიმღერა „ნატვრის ხე“. რომა რომ ერქვა იმიტომ.

- ფშალორო, მარიანა მოვიყვანე. - დაიძახა მილორადმა.

- გამარჯობათ. - ჩაილაპარაკა მაღალმა შავმა ქალმა, რომელიც კაი ნაომარ ინდიელს მოგაგონებდათ, ოღონდ კაცს.

- რანაირი ბანაკია? ცეცხლი მაინც დაანთონ... - არც შეუხედავს ნიას მარიანასთვის.

- მარიანას მიესალმე, ტეხავს. - უკარნახა ლუკამ.

- გამარჯობა, მარიანა. ცეცხლს რატომ არ ანთებთ? - ახლა მარიანას ჰკითხა ნიამ.

- შეშა არ არი. - ჩაილაპარაკა მარიანამ.

- არ ჩამოუტანიათ... - აჰყვა მილორადი.

- ვის უნდა ჩამოეტანა? - ჩაეძია ნია.

- ვინც ჭრის და ყიდის, იმას. - მხრები აიჩეჩა მილორად ანტიჩმა.

- მილორად არც ღვინო გაქვთ? - ხელები გაშალა ლუკამ.

- ათ ლარში ღვინო არა, კონიაკს დაგალევინებ კიდე... - შეუღრინა ანტიჩმა.

- რა თქვაა? -  დაინტერესდა ნია.

- ვინა? - კითხვა შეუბრუნა ლუკამ.

- ვინ და იმ ციგანმა. - ხელით აჩვენა ნიამ მილორადი.

- რომალე! - ისევ შეახსენა ანტიჩმა.

- რომალეო, რავი მე... - არ დაიბნა ლუკა.

- არა, მანამდე. - არ ეშვებოდა ნია მარანელი.

- გინდა გიმკითხაო, გოგო? - მიუჯდა ნიას მარიანა.

- უფასოდ? - შეშფოთდა მილორადი.

- გაჩუმდი, შე წუწკო იუგოსლავიელო! - შეუღრინა ქმარს მარიანამ.

- უნდა, უნდა... მიდი უმკითხავე. - აჰყვა ლუკაც.

- მეშინია ეგეთი რამეების. - თავს არიდებდა ნია.

- ბესარაბიაში ყველა ამბობს, მარიამ თქვა, ჩვენები დუბასარის ხიდს გადავლენ და რუსებს გაყრიან, ჰოდა ყველას სჯერა, რო მოლდოვა აუცილებლად შევა წირასპოლში იმიტომ, რო ეგ მე ვთქვი... - თავს იქებდა საროკელი მარჩიელი მარიანა.

- კარგი, კარგი, მიდი... - დათანხმდა ტვინგაბურღული ნია.

- ხელი მომეცი! -  თვალები დაქაჩა მარიანამ.

- შენც წეროები უნდა მეთამაშო? - იკითხა შეშინებულმა ნიამ.

- რა ლამაზი ხელები გაქ, გოგო. - შეაქო მარიანამ.

- ამათ მთელი დღე იძახეს, რა შავი ხელები გაქ, რა შავიო... შენ კიდე რა ლამაზი გაქო, ეუბნები. - იწყინა მილორად ანტიჩმა.

- ფულიანი ქმარი გექნება. - ახარა მარიანამ ნიას.

- ფულიანი არა ისა... - ჩაერია ლუკა.

- გაჩუმდი, ბიჩო მანდა! - გააჩუმა ლიქოკელი მარიანამ.

- კიდევ მითხარით რამე. - ეშხში შევიდა ნია.

- კიდევ თუ გინდა, ხუთი ლარი უნდა! - ჩაერია ანტიჩი.

- ციგანივით ნუ იქცევი. - გაუბრაზდა მარიანა.

- აბა რა ვარ? - დაიბნა ანტიჩი.

- რა ხარ და რომა. - თვალი ჩაუკრა ლუკამ.

- ჰაჰაჰა... დამასტუკე არა, შე შათლახო?! - შეუკურთხა ბიჭს ბარონმა.

- ამ ბიჩს რო დასდევ, ცუდი ბიჩი არ არი. კაი ბიჩია, მარა გიჟია, აფერისტია, ვერ არი თავის მატორზე, ნუ დასდევ, ტყუილა დაიღლები გოგო, ვერაფერს გარგებს. - განაგრძობდა მარიანა.

- რა დღეში ხარ ქალო, ეეეე? - გაჭედა ლუკამ.

- დამაცადე-მეთქი, ბიჩოო. - განმგმირავი მზერა მიაპყრო ლუკას მარიანამ.

- გააჩუმე, ტო... - მიაძახა ლუკამ მილორადს.

- ეგ მე რო მიჯერებდეს, ეხლა თუმნიანს უნდა ართმევდეს შენ გოგოს. - დაამთქნარა მილორად ანტიჩმა.

- შენ მერე, დიდი რო გაიზდები, სხვაგან ცახვალ. ამერიკაში ან ისპანეთში ან აფრიკაში და იქ სამუშაოს იშოვი, ბევრი ფულები გექნება და მარიანა არ დაგავიწყდება. - ენად გაიკრიფა მკითხავი.

- აკი ფულიანი ქმარი ეყოლებაო? - ცოტა დაწყნარდა ლიქოკელი.

- მერე რა? ქმარიც ფულიანი, თითონაც ფულიანი. - გადაასწორა მარიანამ.

- დავაი, ეხლა მე მიმკითხავე. - თავზე წაადგა ლუკა.

- შენ ხუთი ლარი! - ამოსძახა მარიანამ.

- ვახ, ძლივს... - ამოიოხრა მილორად ანტიჩმა.

- რო შემისულდაა, ჩიდმეტი წელიი... -  გიტარაზე აბრახუნებდა მარაიანას შვილი ედიკა.

- მოდი ედიკ, აქა! - დაუძახა დედამ.

- არა! - მკვახედ გადმოუგდო შვილმა.

- მოდი ედიკ, მოდი... - დაუძახა ანტიჩმაც.

- რატო? - ცოტა გალღვა ლაწირაკი.

- იმღერე რა. - შეუერთდა ლუკაც.

- ტყუილა ვიმღერო, რადიო  ვარ? - მოვიდა ედიკა.

- მე ვიმღერებ, დე... - გამოვარდა ხუთი წლის ანტიოქია.

- ეეე, რა საყვარელია. მოდი რა ჩემთან. - სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ნიას.

- არ მოვალ... - გაინაზა ანტიოქია.

- მე მოვალ. - ნიასკენ წავიდა ლუკა.

- გაეთრიე რა. უფ... - გაბრაზდა მარანელი.

- ანტიოქიამ იცის ციგნურები სიმღერები. მიდი, იმღერე გოგო! - უბრძანა მარიანამ.

- ორი ლარი მიეცით და... - ჩაერთო მილორად ანტიჩი.

- სტუმრებს ფულს ნუ სთხოვ! - გაუბრაზდა მარიანა.

- მე დავუკრა? - იკითხა შეწუხებულმა ედიკამ.

- ჰო. შენ დაუკარი. მიდი გოგო, ჯელემ ჯელეეემ... - შემოუძახა შვილს მარიანამ.

- ჯელემ არ ვიცი. - ისევ გაჩერდა ანტიოქია.

- რამე იმღერე შენ კიდე, ძაან არ გაიგონ ამ გრუზინებმა, ჯელემ ჯელემია თუ ოჩი ჩორნიე. - ამოიხრა მრავალჯერ გალანძღულმა, ჩერნოგორიელმა მილორად ანტიჩმა.

- ციგანი ლუბიატ პესნი, ა პესნი ნე პრასწიეე... - დაიწყო სიმღერა გოგონამ.

- რა საყვარელია. - კვლავ ამბობდა ნია.

- ციგანი ლუბიატ კოლცი, ა კოლცი ზალატიეეე... - მღეროდა ანტიოქია.

- მაშ, კაი ოქროს ბეჭედს კაი ფასიც აქ... - ჩაილაპარაკა მილორად ანტიჩმა.

- ციგანი ლუბიატ ვინაა, გრუზინსკავა რასლივაა... - გრძელდებოდა სიმღერა.

- ღვინო როგორ არ დამალევინა ამ ციგანმა. - ნამღერზე გაახსენდა  ლუკას.

 

                                                             *                   *                     *

 

- ყველგან წამომყევი და ბარემ მექსიკაშიც წამო... -  დაიწყო ლუკამ.

- რა მექსიკა, მეტრო დაიკეტება მალე! - ჩქარობდა ნია.

- მექსიკაში მეტროთი მაინც ვერ წავიდოდით.

- ვიცი!

- წამოხვალ მექსიკაში?

- მამაჩემს უნდა ვკითხო.

- სად ვსდიო მამაშენს, მართლა ჰო არ მოგკლავს, წამო რა.

- კაი, წავიდეთ.

- უეჭველი?

- მამაჩემს ვკითხავ და წავიდეთ.

- კაი, მაშინ მიგაცილებ მეტრომდე და რო კითხავ, მითხარი და ეგრევე წავიდეთ.

- ანუ ცოლადაც მოგყვები?

- კი. ოღონდ ცოლი აღარ თქვა რა.

- იქნებ ვერ მიძლებ. იცი, რა დამპალი გოგო ვარ?!

-- ვიცი.

- რაა? - გაბრაზდა ნია.

- არაფერი, დაიკიდე. - გაიცინა ლუკამ.

- ერთგან წამომყვები? - იკითხა ნიამ.

- ჰა? - დაიბნა ლუკა ლიქოკელი.

- ჰო, რა იყო? ერთხელ შენც წამომყევი სადმე.

- ეხლა, ტო?

- ჰო ახლა...

- მამა არ მოგკლავს? - აცანცარდა ლიქოკელი.

ნია გზისკენ გაიქცა და ტაქსი გააჩერა.  სანამ ლუკა მივიდოდა, ტაქსისტისთვის ლოკაციის თქმაც მოასწრო და ფულიც გადაუხადა.

- რატო გადაიხადე, ე? - გაუბრაზდა მანქანასთან მისული ლუკა.

- გერმანულად გინდოდა? - დასცინა ნიამ.

- სულ მე მინდოდა! - მაჩოობდა ლიქოკელი.

- შენ მთელი ფული მილორადს მიეცი. - თვალი ჩაუკრა ნიამ.

- ვახ, მატა ჰარი... - ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა ლუკამ.

- ნწ. შოშანა ვარ მე.

- ორევუაააა შოშანაააა... - წამოიყვირა ლუკამ.

- დასხედით რა, მალე! - გაბრაზდა ტაქსისტი.

- ერთი წუთით... - ყოყმანობდა ნია.

- რა იყო, ცუდად ჰო არ ხარ, ე? - შეშინდა ლიქოკელი.

- არა, თავბრუ დამეხვა უბრალოდ. ჩავსხდეთ. - გოგონა უკანა სავარძლისკენ წავიდა.

- სად მივდივართ, შოშანა? - ჰკითხა ნიას ლუკამ.

- ნახავ. - ცივად მიუგო ნიამ.

- გიჟს იტაცებ? - მხნეობას ინარჩუნებდა ლიქოკელი.

 

*                    *                   *

 

- დიდი ხანია? -  იკითხა ლუკამ.

- შვიდი წლის ვიყავი... - უპასუხა ნიამ.

- დღისითვე გეთქვა, ყვავილებს ამოვიტანდით. -  ამბობდა ცრემლმორეული ლიქოკელი.

- დღისით აქ მოსვლას კი არა, იმასაც არ ვაპირებდი, რომ ბებიასთან წამოგყოლოდი. - გაუღიმა ნიამ.

- ეხლა  რატომ მოვედით? - ლუკა მთლიანად იყო წამხდარი.

- ვიფიქრე, ერთად ავიღებდით მისგან მექსიკაში წასვლის ნებართვას. -  თავი დახარა ნიამ.

- როგორ მოხდა? - ძალიან ჩუმად იკითხა ლუკამ.

- მამა სასწრაფოს ექიმი იყო. ზაფხულის ერთ ღამეს, სრული სისწრაფით მიმავალ სასწრაფოს მანქანას, რომელშიც მამა იჯდა, ტაქსი დაეჯახა. მერე ამბობდნენ მძღოლი მთელი ღამე ტაქსაობდა და საჭესთან ჩაეძინა. ჰოდა მამა დაიღუპა. ტაქსის მძღოლიც. მას  მერე ვერც სასწრაფოს მანქანებს ვიტან და ტაქსში ჩაჯდომაც მიჭირს.

- წამო წავიდეთ ეხლა მექსიკაში. - წამოდგა ლუკა.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE