არიადნე ნაქსოსზე


არიადნე ნაქსოსზე




ჩაიძინებდნენ თუ არა ტყუპები, მაშინვე აკეცავდა ხალიჩას და იატაკს დააყურადებდა. ხმა, მართალია, ოდნავ მოგუდულად, მაგრამ მაინც ატანდა საცხოვრებელი კორპუსის სართულებს შორის დატანებულ თბოსაიზოლაციო შრეებში. მაღალი ბგერები ბოლომდე სწვდებოდა სმენას, აი, დაბლები კი, სასიამოვნო ჟრუანტელს რომ ჰგვრიდა, ზოგჯერ საერთოდ იკარგებოდა. თვალებს მილულავდა და გაირინდებოდა ხოლმე, სანამ ტყუპების პატარა, შიშველი ტერფების ტყაპატყუპი არ გამოარკვევდა ამ ბურანიდან. ზღურბლზე იდგნენ ახალგამოღვიძებულები, შეშუპებული თვალებით, პირიდან გადმოსული ნერწყვის ძაფებითა და დაბრაწული ლოყებით. ბავშვების გამჭოლი, ცინცხალი მზერა. დედის დარაჯები! მაშინვე დგებოდა, მუდამ  ოდნავ დარცხვენილი, ცხვირებს მოხოცავდა, შარვლებს გაუსწორებდა ან ღამის ქოთნებზე დასვამდა. ამასობაში ქურაზე ბოსტნეულის სუპი თუხთუხებდა. მაწონი დედდებოდა. წყვილი ნამცეცა პირი მონდომებით უსინჯავდა გემოს გარემომცველ სამყაროს.

დღემდე ვერაფრით გადაეწყვიტა, სასეირნოდ წასვლის წინ ჯერ ბავშვებისთვის ჩაეცმია და მერე თვითონ ჩაეცვა, თუ პირიქით. ბავშვებისთვის რომ ჩაეცმია, იცოდა, მის მოლოდინში ქუდებს მოიძრობდნენ და ფეხსაცმელების ზონრებიც უმალვე გაეხსნებოდათ. თვითონ ჩაეცვა და, სანამ პატარებს ქურთუკებს შეუკრავდა, ოფლში გაღვითქულს, ის მსუბუქი მაკიაჟიც უმოწყალოდ ჩამოადნებოდა სახეზე. ჩანდა, ამ საქმიდან გამოსავალი ჯერ ვერავის მოეძებნა. ამიტომ იქცეოდა ხოლმე სასეირნოდ წასვლა დღის ყველაზე სტრატეგიულ მომენტად - გამოცდად სისწრაფესა და გონებამახვილობაში, მსოფლიოს ტაქტიკურად დაპყრობის მცდელობად, მისი მართვის მანიფესტად.

ცხადია, ერჩივნა, ლიფტით ესარგებლა, მაგრამ მაშინ იმ კართან გავლაზე უნდა ეთქვა უარი. თუმცა იქ სასეირო არაფერი ხდებოდა, ერთი ჩვეულებრივი რუხი ფერის კარი იყო, სადარბაზოსკენ მომართული სათვალთვალო ხვრელით. იმ შუშის თვალის წინ საგანგებოდ შეანელებდა ხოლმე ნაბიჯს, სმენას დაძაბავდა, ელოდა, შემოესმებოდა თუ არა ალმასივით გამჭვირვალე, კრიალა მელოდიის მსუბუქ ძაფად გაბმული ნაცნობი ბგერები. არა, სეირნობის დრო არ ემთხვეოდა სიმღერისას. შესაძლოა, სწორედ მაშინ იღებდა ქალი აბაზანას, ან მეგობრებთან საუბარში გართული ტელეფონზე ეკიდა, ან სულაც ჭურჭელს რეცხავდა.

მის სართულზე იძახებდა ლიფტს. დაბლა ჩასული ბიჭუნებს საბავშვო ეტლში ტენიდა და გზას აგრძელებდა. ჯერ ქუჩას გაუყვებოდა ნაპირ-ნაპირ სკვერამდე, იქ შადრევანს ორ წრეს დაარტყამდა და მერე პარკისკენ გასწევდა ქვიშაში სათამაშოდ ან, უბრალოდ, სასეირნოდ. ყვავილნარების ირგვილივ ბაჯბაჯი, წაბლის შეგროვება, ჩამოცვენილი ფოთლების აკრეფა და დიდ თაიგულად შეკვრა, ბავშვებთან საუბარი - წყვეტილი, დუნე, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მერე კი, პატარები კალთიდან რომ ჩამოაფორთხდებოდნენ და ცოტა ხნით  თავისით ერთობოდნენ - სასიამოვნო დუმილი. შინ დასაბრუნებელი გზა მაღაზიების გასწვრივ გადის. მათი თანმიმდევრობა უკვე ზეპირად იცის: ჯერ ფეხსაცმლის, მერე საყოფაცხოვრებო ნივთებისა, მერე ბარი „კოლორი“, დელიკატესები. თვითონ საყიდლებზე ყველანაირი საქონლით სავსე მაღაზიაში დადის, დელიკატესებმა რომ არ აცდუნონ და მხოლოდ აუცილებელი შეიძინოს, თან სულ ერთსა და იმავეში. საბავშვო ეტლის  სახელურებზე ჩამოკონწიალებული სავსე ცელოფნის პარკები ეტლის წონასწორობას არღვევს. ასეთ დროს ბორდიურებზე უნდა იფრთხილოს ხოლმე. მერე ტყუპების საბავშვო ეტლი და სანოვაგით სავსე პარკები როგორმე ლიფტში უნდა შეატიოს და მეცხრე სართულზე ავიდეს. კარში გასაღების გადატრიალება და ბავშვების, სარეცხი ფხვნილის, მოხარშული ბოსტნეულის მიძინებული ნაცნობი სუნები ისევ იღვიძებს.

ერთი სართულით ქვემოთ ამ დროსაც სიწყნარე სუფევდა. მთელი კორპუსი ისეთ სიჩუმეს მოეცვა, თითქოს, მათ, ვინც დილით ბინიდან არ გამოდიოდა, ნაშუადღევს ჯერ კიდევ ეძინათ. ცდილობდა, ეს ადამიანები წარმოედგინა. ერთიმეორეს ზემოთ და გასწვრივ, გიგანტურ რუბიკის კუბიკში გამომწყვდეულები, პაწაწინა სამზარეულოებში შეკეტილები, გასაშლელ მაგიდებს იდაყვებით დაყრდნობილები, ცხელი სუპის ღრმა თეფშებს ჩაშტერებულები, სადილის შემდეგ მისი მონელებით დაკავებულები, ან შუადღის ძილს მინებებულები, რომელიც მათ ფიქრებს ერთმანეთთან შეუთავსებელ, მოუხეშავ ფრაგმენტებად ანაწევრებდა. რა თქმა უნდა, კორპუსში ცარიელი ბინაც ბევრი იყო - მათი წარმოდგენა უფრო უჭირდა - დილაადრიან ნაჩქარევად მიტოვებული, მოუწესრიგებელი, ჩართული რადიატორებით გადახურებული ბინები, სადაც მხოლოდ მტვრის ნაწილაკებიღა დაფარფატებდნენ.

ჯერ ჭამდნენ ტყუპები. მერე ღამის ქოთნებზე ისხდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მათთან ერთად დივანზე იჯდა და უძალო, დაღლილი ხმით უკითხავდა უკვე კარგად ნაცნობ ზღაპარს. პატარები უსმენდნენ და ჭერში იყურებოდნენ, მთლიანად ზღაპარში ჩაფლულები. ჯერ დუნედ ათვალიერებდნენ აქა-იქ შრეებად დაბზარულ საღებავს, მერე თვალები ეხუჭებოდათ, თუმცა ბოლომდე არა. ნახევრად მილულული ქუთუთოებიდან შიგადაშიგ მოუსვენრად კრთებოდნენ გუგები.

მეზობელი სწორედ ამ დროს იწყებდა სიმღერას.

ასე სინქრონულად თანაარსებობდნენ. მათი ცხოვრების რიტმი იდუმალი ძალით ემთხვეოდა ერთმანეთს, ემორჩილებოდა დროის უხილავ ქარგას. ქალი ფრთხილად ჩამოდგამდა ფეხებს დივანიდან, თითის წვერებით გაირბენდა მეორე ოთახამდე, ხალიჩას გადასწევდა და იატაკზე გაწვებოდა სიმღერის მოსასმენად.

მეზობელი გამებით იწყებდა. ზოგჯერ ხანგრძლივად ვარჯიშობდა ასე, ზოგჯერ ცოტა ხანს - სანამ ყელს გაითბობდა. მისი ხმა თითქოს უხილავი კიბის საფეხურებზე ადი-ჩადიოდა, მსუბუქად, მრგვალად გადადიოდა ბგერიდან ბგერაზე, თითქოს მეტალის ჯაჭვის რგოლებს მარცვლავდა. ქალს ეჩვენებოდა, რომ იქ, იატაკის ქვეშ, ჟელატინის რბილი, ფერადი ბურთები ჩნდებოდნენ, მერე კი, მეორე ისე ნარნარად იწყებდა ახალ მელოდიას, თითქოს  აბრეშუმის, ხავერდის, ნაზი, გამჭვირვალე შიფონის და მოელვარე ფარჩის ქსოვილების ფერად გრაგნილებს შლიდა. მელოდია ძალდაუტანებლად მოიწევდა ზემოთ, უხილავი აჩრდილივით დალივლივებდა რამდენიმე ბინაში. იატაკზე მიყურადებული ამას უფრო გრძნობით აღიქვამდა, ვიდრე სმენით. ყური მისი სხეულის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი იყო. მკერდი, მუცელი, კიდურები სულაც არ იყვნენ ნაკლები მსმენელები. კანქვეშ მძიმედ თრთოდნენ ნერვები. სხეული სულ უფრო და უფრო რბილი და დამყოლი ხდებოდა.

ყველა ნაწარმოების ამოცნობა შეეძლო უკვე, პირველივე ნოტებიდანვე ხვდებოდა, რას მოისმენდა, თორემ არიების ნამდვილი სახელწოდებებისა არაფერი გაეგებოდა. „ეს ძალიან ლამაზია“, „ეს ის არის, ძალიან სევდიანი“, “ეს...ეს რაღაც უცნაურია“, - ახსენებდა საკუთარ  თავს. მეზობელი ხანდახან მოულოდნელად ჩერდებოდა და ერთსა და იმავე ფრაზას მომაბეზრებელი სიბეჯითითა და სიჯიუტით მრავალჯერ იმეორებდა. ზედა სართულის იატაკზე გაწოლილი ამ განმეორებებს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მომღერალი ფირფიტასავით ერთ ადგილზე გაიჭედა, თითქოს ისიც მექანიკური მოწყობილობა იყო. იქნებ არც ცდებოდა, იქნებ ეს  ანგელოზებრივი ხმა მართლაც თოჯინას ამოსდიოდა, რომელსაც კაბის ქვეშ  მოსამართი მექანიზმი ჰქონდა ჩადგმული?

თანდათან გახშირდა ლიფტების ზევით-ქვევით სიარულის ხმები. კორპუსი ნელ-ნელა იღვიძებდა შუადღის ძილიდან. ისმოდა კარების ჯახუნი და ნაგავსაყრელი მილებიდან გამოსული ხრიალის ხმები. კიბეებზე ჟრიამულობდნენ სკოლიდან დაბრუნებული მეზობლის ბავშვები. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში თავისით ირთვებოდა სიგნალიზაცია. ვიღაცასთან განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. ჩხაკუნებდნენ გასაღებები. ტყუპები ისევ იღვიძებდნენ. ამჯერად გახეხილი ვაშლისა და ორცხობილას დრო იყო, ან სტაფილოსი, ან ატმის მუსის, ან ომლეტისა. საჭირო იყო სინათლის ანთებაც. ჯერ სამზარეულოში, მერე ოთახებში. სარეცხი მანქანა ბავშვის საფენების დღიურ ულუფას ითხოვდა. მხოლოდ მეზობელს აჩუმებდა გამოცოცხლებული საღამო. დღე თავის ლიანდაგზე იდგა. ახლა საღამოს უნდა ერბინა დიდი მეტრონომის თანხლებით, თანაბრად, რიტმულად, წუთიდან წუთში, საათიდან საათში.

ამასობაში ქმარიც ბრუნდებოდა სახლში - გრძელ, მუქ ლურჯ ლაბადას შემოსასვლელში კიდებდა, ხელებს იბანდა, ბიჭებს კალთაში ისვამდა, ქალს კი ტუჩებში კოცნიდა. შეუმჩნევლად ირთვებოდა ტელევიზორიც.  სამზარეულოს პატარა მაგიდასთან სადილობდნენ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ახალ ბინაში ლამაზი სასადილო ოთახი გვექნებაო, ჰპირდებოდა კაცი.

კვირაში ერთხელ კინოში დადიოდნენ. ამასაც  მეტრონომი კარნახობდათ. ტყუპებისთვის  მომვლელ გოგონას იძახებდნენ. ბავშვები არ ჭირვეულობდნენ. არც სახლიდან გასულ მშობლებს ეტირებოდნენ, მათი დაბრუნებისას კი უკვე ღრმად ეძინათ. კინოს შემდეგ სადმე სავახშმოდაც სხდებოდნენ. ამ დროს, როგორც წესი, თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში რომელიმე თურქულ ბარში შედიოდნენ და პლასტმასის თეფშებიდან შაურმას ჭამდნენ.

არა, ამას თვალთვალი არ ერქვა. თვალთვალი მეტისმეტად გაზვიადებული სიტყვაა. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ კარგად შისწავლა მომღერლის დღის განრიგი. იცოდა, რომ დილაობით სახლში იყო, მაგრამ მისი ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.  შუადღისკენ სიმღერას იწყებდა, მერე კი ისევ სიჩუმე ისადგურებდა. მოგვიანებით, დაახლოებით სამისკენ, კიდევ ერთხელ მღეროდა,  ხანდახან ერთი, ხანაც ორი საათი, და მერეღა გადიოდა სახლიდან. მანამდე იატაკზე გაწოლილი მსმენელი ახლა მეცხრე სართულის ფანჯარასთან იდგა და მის გამოჩენას ელოდა. მეზობელი ენერგიულად მიაბიჯებდა და მოცეკვავესავით ოდნავ გან-გან ადგამდა ტერფებს. სქელი, შავი და ხვეული თმის ნაწილი ნაჩქარევად აეკრიფა კეფაზე, ნაწილი კი მხრებზე ეყარა. გრძელსა და ფართო ლაბადებს იცვამდა, ქვეშ კი რაიმე მოკლესა და ვიწროს, ყოველთვის ცივ ფერს ირჩევდა -ჟოლოსფერს, ინდიგოს, იისფერს. ეზოში ჩასული, პატარა, შავ მანაქანაში ჯდებოდა და კორპუსებს შორის უჩინარდებოდა. შინ დაბრუნებული არასოდეს დაუნახავს ტყუპების დედას. ალბათ გვიან ბრუნდებოდა და იმიტომ.

როგორღაც შეძლო და ისე შეცვალა დღის განრიგი, რომ მეზობლის სახლიდან გასვლის დროს თვითონაც კორპუსის წინ გაშენებულ სკვერში გაესირნებინა ბავშვები. ბიჭები ქვიშაში თამაშობდნენ, მას კი მზერა ხან ბავშვების თავებიდან სადარბაზოს კარზე გადაჰქონდა და ხან -პირიქით. ხედავდა, როგორ იღებდა ხოლმე ხმადაბალი ღიღინით ჩანთიდან მანქანის გასაღებს, ერთხანს ხელში ათამაშებდა, მერე კი საჭირო ღილაკს თითს დააჭერდა და მანქანაც მყისვე გაეპასუხებოდა ჩუმი წრიპინით და ანთებული ფარებით. ჩანთას უდარდელად უკანა სავარძელზე მიაგდებდა და მიდიოდა. ქრებოდა.

ეზოში დარჩენილი ქალი ბავშვებს  ხელს დაავლებდა და შინ ბრუნდებოდა.

ცოტა ხანში მეზობლის სახლიდან გასვლის დროც დაადგინა. ზოგჯერ მაინც ასცდებოდა ხოლმე, როგორც ჩანს, ქალი განსაკუთრებული პუნქტუალობით არ გამოირჩეოდა. როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდა, ტროტუარზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯერ სრულიად გულგრილად - დღის განმავლობაში ხომ იმდენ უცხო ადამიანს ვუქცევთ გვერდს, იმდენ სახეს, ლაბადას, ფეხსაცმელს, პორტფელს და ხელჩანთას. გარკვეული ხნის შემდეგ ერთმანეთის შეთვალიერებაც დაიწყეს. ნელ-ნელა გაჩნდა ერთმანეთისთვის გამეტებული ღიმილის ჩანასახიც. ბოლოს, როგორც იქნა, მეზობელმა, გამარჯობაო, უთხრა. გაწითლდა და მორცხვად უპასუხა. ქალმა ენერგიულად ჩაუარა გვერდით და   ნაზი, ყვავილის სურნელი დატოვა.

ასე განვლო წელიწადის კიდევ ორმა დრომ ოდესღაც თეთრი საღებავით შეფეთქილ, ახლა კი ჭუჭყისფერ კორპუსებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ბევრი არაფრით განსხვავდებოდნენ.

ზაფხულში ქალი შიშმა შეიპყრო, რომ მეზობელი სადმე გაემგზავრებოდა და იატაკზე გაწოლილი მის სიმღერას ვეღარ მოისმენდა. თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა. ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაატარო, მით უმეტეს,  როდესაც მომღერალი ხარ. ერთხელ მთელი თვით გაუჩინარდა და მათი კორპუსი, მიუხედავად ლიფტების გაუთავებელი ხრიგინისა, ნაგავსაყრელების ხმამაღალი გმინვისა, კიბეზე ასწრებაში ერთმანეთს დაჯიბრებული ბავშვების ნაბიჯების არპეჯიოებისა, საზარლად დაცარიელდა, გამოყრუვდა და მასში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. აი, მაშინ კი თვითონ ითხოვდა ქმრისგან დაპირებების ორმაგ ულუფას – სიმწვანეში მდგარი სახლი უნდოდა, დიდი სასადილო ოთახით და ბაღში გამავალი ტერასით. ქმარიც ისევ ჰპირდებოდა, მაგრამ ქალმა რაღაც უცნაური კანონზომიერებით იცოდა, რომ ის  ვერასოდეს აუხდენდა ამ გულისწადილს. მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ რძით სავსე მის ძუძუებში ჩარგავდა სახეს, ქალი უცბად ძალების მოზღვავებას გრძნობდა; ხვდებოდა, რომ თვითონ იყო სხვისი თავშესაფარი, ადიდებულ წყალზე გადებული ხიდი, სულაც “ტრანსატლანტიკი“, რაც მართლაც არ იყო ურიგო შეგრძნება, მაგრამ დაძინებით მაინც იმედგაცრუებული იძინებდა. იმედგაცრუებული იმით, რომ არ შეეძლო თავის თავს თვითონ ჩახუტებოდა, საკუთარი თავი თავისსავე მკლავზე გადაერწია და ამის გამო ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ  საკუთარი თავისთვის მხოლოდ ტვირთი იყო, ერთგვარი საპყრობილე, თავისივე ნეკნებისგან აგებული გალია.

შაბათობით, როდესაც ქმარს ბავშვებთან დარჩენა შეეძლო, მარტო მიდიოდა საყიდლებზე.  დიდ, გორგოლაჭებიან ჩანთას აიღებდა და მიაგორებდა ტროტუარის ოღროჩოღრო ფილებზე.  მიდიოდა და გორგოლაჭების ხმაურს ღიღინს აყოლებდა, მეორე ხმას უძებნიდა მათ მიერ გამოცემულ რიტმულ “მელოდიას“. მოასფალტებული ქუჩის გადაკვეთისას ეს რიტმი  იკარგებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღაზიების წინ დაგებულ ქვაფენილზე ისევ გაისმოდა. “ეს გორგოლაჭებიანი ჩანთა გრამოფონის ნემსია, რომელიც მდუმარე ზედაპირებში დამალულ მუსიკას წარმოაჩენს“, - ფიქრობდა თავისთვის. გზად ბეტონის ბორდიურებიც ხვდებოდა, რომლებზე ჩანთის აგორებაც ვიოლინოზე ხემის ჩამოსმას ჰგავდა. იყო ქვაფენილის ნერვიული დაფდაფებიც ძველ ქუჩაზე, ბოსტნეულის მაღაზიის წინ, საყვირების რბილი დუდუნიც მაღაზიების გასასვლელებში, ფაგოტების რბილი ხავერდი მრავალი ფეხის მიერ გატკეპნილ ბილიკებზე, დიდი ჩანთის ქვეშ  სხვადასხვა ხმით მღეროდა ქვიშა, ხრეში, ქვა, ასფალტი და ბეტონი და მისგან ხმის აყოლებას ითხოვდა, მაგრამ მას მხოლოდ საწყალი კნავილი ან უხეში ხრიალი ამოსდიოდა პირიდან. “ეჰ, განა ასე არ არის,- ჩაეკითხებოდა ხოლმე თავს,- ადამიანი როგორც შენსავე მკერდს ვერ მიეყრდნობი, ისევე შენ შინაგან ხმას გარედან ვერ მოუსმენ. არა,  არავისაც არა აქვს ნიჭი საკუთარი თავის სამყაროს თვალით დანახვისა, საკუთარი ხმის სამყაროს ყურით გაგონებისა და საკუთარი სხეულის მისი ხელებით შეხებისა.“

- ნახე,- უთხრა ქმარს,- ბადრიჯანი ვიყიდე, კომბოსტო, ვაშლი და ქლიავიც მოვიტანე.

და ეს მუსიკალური ფრაზასავით, მისამღერივით რამდენჯერმე გაიმეორა. ტყუპები ამასობაში მონუსხულებივით ათვალიერებდნენ სიმინდის ტაროს დაკრეჭილ, ყვითელ კბილებს.

ერთ ნაშუადღევს, დიდი ყოყმანის შემდეგ, გაბედა და ერთი სართულით დაბლა მდებარე ბინის კარზე დააკაკუნა.  კარი გაიღო. მეზობელს არც გაკვირვება გამოჰხატვია სახეზე, არც არაფერი უთქვამს. ქალმა აუჩქარებლად, გამოკვეთილად წარმოთქვა წინასწარ დაზეპირებული წინადადების თითოეული სიტყვა:

- ბ. მქვია და მესმის ხოლმე როგორ მღერით. თქვენს ზემოთ ვცხოვრობ და...

შინ შეიპატიჟა.

მიუხედავად ერთნაირი ფორმისა და ზომისა, მათი ბინები მაინც საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ოთახსა და სამზარეულოს გამყოფი კედელი არ ჰქონდა და ალბათ ამიტომ, სულ სხვა აკუსტიკა ჰქონდა აქაურობას. ნათურების ქაღალდის აბაჟურები ოთახებს მკრთალ, რძისფერ შუქს ჰფენდნენ. კედელზე ნახატივით ეკიდა უზარმაზარი თეთრი ტილო. ქალს თვალში მოხვდა ხის ძალიან პრიალა იატაკი, ოთახის ყვავილების ვერცხლისფერი ბუსუსებით დაფარული ფოთლები. მეზობელმა თმა შეისწორა - შავი, სქელი, ხვეული და კეფაზე დაუდევრად  აკრეფილი. ბ-ს შეხედა, დააკვირდა. ალბათ ასაკის გამოცნობა უნდოდა, რადგან ბოლოს შენობით მიმართა:

- ანუ, ჩემს ზემოთ ცხოვრობ. ტყუპები გყავს, ხომ? იდენტურები.

- არ არიან იდენტურები,- შეეპასუხა.

- ეს მარტო დედებმა იციან ხოლმე.

უხერხულად დუმდნენ. ბ. ავეჯს ათვალიერებდა - მსუბუქსა და სადას. არადა, ხავერდის ფარდებს მოელოდა, მძიმე დივანს, სქელ ხალიჩას და კედელზე გაკრულ რომელიმე ცხოველის ტყავს.

- აბა, რით შემიძლია დაგეხმარო? ერთი ჭიქა მარილი გჭირდება? შაქარი? იქნებ ორი კვერცხი?- თითქოს სადღაც სხეულის სიღრმიდან ამოხეთქა მეზობლის სიცილმა. შეუძლებელი იყო, ეს სიცილი არ გადაგდებოდა.

ბ.-ც აჰყვა.

- არა, არაფრის სასესხებლად არ მოვსულვარ. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ გისმენ ხოლმე.

- ასე ამოდის ხმა? - გულწრფელად შეწუხდა მეზობელი.

- არა, რას ამბობ! ულამაზესია. შენი ხმაც და ისიც, რასაც მღერი.

მადლობა გადაუხადა უფასო კონცერტებისთვის. მეზობელმა მოიბოდიშა, ალბათ, ბავშვებს ვაღვიძებო. ბ-მ უარის ნიშნად თავი გააქნია.

- არა. რას ამბობ? ისეთი სასიამოვნოა, - თქვა და გასასვლელ კარს მიაშურა.

მეზობელმა ჩაი შესთავაზა. ბ-მ გაიფიქრა, რომ ბავშვებს კიდევ ნახევარი საათი მაინც ეძინებოდათ და დათანხმდა. ბართან, მაღალფეხიან სკამზე ჩამოჯდა. მასპინძელმა ფაიფურის ჩაიდანი შემოდგა.  შავი, პრიალა პარკიდან გრძელ, თან დახვეულ ფოთლებს ყრიდა შიგ, თან  კითხვებს უსვამდა ბავშვებზე, მათ სახელებზე, მოსწონდა თუ არა ამ დასახლებაში ცხოვრება. ბ. მის ყოველ მოძრაობას დაკვირვებით ადევნებდა თვალს. ფინჯნების ხმაური. ცელოფნის ჭრაჭუნი და თეფშზე გადმოყრილი ნამცხვრის მადისაღმძვრელი ხმა. მეზობლის ხელები - დიდი და ძლიერი, გლუვი ვარდისფერი ფრჩხილები რძისფერი დაბოლოებებით. ფრანგული მანიკიური. ფაიფურზე მოხვედრილი ფრჩხილის წკაპუნი. ადუღებული წყლის შიშინი.

იმაზე გაცილებით მაღალი და მოხდენილი ტანისა იყო, ვიდრე ბ-ს ეგონა. ლამაზი დეკოლტე. რუხი, რბილი ქსოვლისგან შეკერილი ზედატანი სავსე და ოდნავ ჭორფლიან მკერდს უფარავდა. ფეხზე თეთრი შალის წინდები აემოცვა. ტანსაცმლის ზომა 42, ფეხსაცმლისა, ალბათ, 40, - გაიფიქრა ბ.-მ. იმ ნაწარმოებზე ჰკითხა, რომელსაც მეზობელი ბოლო დროს ხშირად მღეროდა. უნდოდა წაემღერა კიდეც ყურში ჩარჩენილი მელოდია. ის იყო ჩაისუნთქა, რომ უცბად მოეგო გონს  და პირზე ხელი აიფარა.

- მიდი, მიდი, წაიღიღინე! - შეაგულიანა მეზობელმა ბავშვური ღიმილით, - ნუ გერიდება, წაიმღერე, წაიმღერე!

მაგრამ ბ.-ს არ შეეძლო. თითით ჩამოაკაკუნა მელოდია მაგიდაზე.

- აჰ, მგონი მივხვდი. ალბინონი.

ბ.-ს ეგონა, რომ მეზობელი ახლა თავად წაიმღერებდა, მაგრამ შეცდა. ჩაის სვამდა. საოცრება იყო, - იმ ყელით, რომლითაც მღეროდა, ახლა ჩაის სვამდა.

- ხო, ალბინონი, - გაიმეორა მეზობელმა.

კომპაქტური დისკების გრძელი მწკრივიდან ორი დისკი გამოძვრინა და გაუწოდა. ერთ-ერთს  მისი სახე ეხატა. შუბერტი, მოცარტი, ვივალდი, - ამოიკითხა ბ.-მ. მეორეზე კი ეწერა „არიადნე ნაქსოსზე“, იოზეფ ჰაიდნი. საჩვენებელი თითი ფრთხილად გადაუსვა დისკის ჩასადებ პლასტმასის კეისს.

- აი, ამაზე ვმუშაობ.

მაგრამ ბ.-ს სიმღერები უფრო  მოეწონა. შინ დაბრუნებულმა მაშინვე ჩადო დისკი საკრავში.  რიკულებანი საწოლებიდან ნამძინარევი ტყუპები შესცქეროდნენ. მაწონი ხილით. ნამცხვარი, რომლის ნოტიო ნაფხვენები მოგვიანებით წამოკრიფა ხალჩიდან.

- Sposa son disprezzata - მღეროდა მეზობელი კომპაქტური დისკიდან.

საღამოს ხელიც კი დაუქნიეს ერთმანეთს - ერთი აივანზე იდგა, მეორე - მანქანასთან.

მას შემდეგ ბ. ყოველ ღამე ელოდა მეზობლის დაბრუნებას. კონცერტები გვიან მთავრდებოდა, შემდეგ კი, როგორც მეზობელი ამბობდა, მეგობრებთან ჭიქა ღვინის დასალევად მიდიოდა ხოლმე. ჭამით გვიან აღარაფერს ვჭამო. ანუ ამ „ჭიქა ღვინის“ დალევა გრძელდებოდა ხოლმე შუაღამემდე, ხან კი უფრო გვიანობამდეც. ამ დროს ბ. ჯერ საწოლში, ქმრის გვერდით იწვა, რომელსაც ღრმად ეძინა და, ალბათ, სახლი ესიზმრებოდა, ფართო სასადილო ოთახით, მერე კი ფეხაკრეფით გამოდიოდა შემოსასვლელში, სადარბაზოდან შემომავალი ხმაურისთვის უკეთ რომ მიეყურადებინა. რამდენჯერმე გახდა კიდეც მისი შინ დაბრუნების მოწმე. ლიფტის ხმა, ჭრიალით გაღებული ლიფტის კარი, ჩანთიდან ამოღებული გასაღების ძლივს გასაგონი ჩხარუნი, რომელიც ჯერ ხელს ერგებოდა, მერე კი კარში მისთვის განკუთვნილ ჭუჭრუტანას. გასაღების საკეტში გადაბრუნება, საკეტის ენის გაწკაპუნება, კარის ჩუმი შეღება და  აბსოლუტური სიჩუმის რამდენიმე წამი. ბოლოს კარის მიხურვის ხმა. ხანდახან კი იგივე და ამ ხმებს შერეული მამაკაცის ხმა, კარის დახურვამდე რამდენიმე წამით ადრე მოგუდული ხითხითი. მერე ისევ აბსოლუტური სიჩუმე, ხალიჩის აკეცვის და იატაკზე ყურის დადების ცდუნება.

ნაჩუქარი ფირფიტა თითქმის დაიზეპირა. გულში ხმას აყოლებდა და ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ახლა მისი ხმით თვითონ მღეროდა, თითქოს მისი ხმა ახლა ბ.-ს ყელიდან ამოდიოდა. ზოგჯერ საქმეში გართულს, დაუთოების ან დალაგების დროს, თავი ავიწყდებოდა და სიმღერას საკუთარ ხმასაც უერთებდა, მაგრამ მაშინვე ხვდებოდა, როგორ ამახინჯებდა ბგერებს, როგორ სრესდა და აზიანებდა მათ, გეგონება ხეხავსო. შეცბუნებული მაშინვე გაიკმენდდა ხოლმე ხმას. მე ვმღეროდი, - ფიქრობდა.

- მიმღერე რამე, გთხოვ, - უთხრა ერთხელ, ფოლგის ქაღალდგადაფარებული თეფშით ღუმელში შემწვარი, სატენიანი ბადრიჯანი რომ ჩაუტანა შესაწირივით.

მეზობელს, როგორც ჩანს, ესიამოვნა თხოვნა. მაშინვე დაიღვარა მისი ხმა ჰაერში, ჯერ წყნარად, ნაზად, ხავერდოვნად, მერე უფრო და უფრო მძლავრად და თავდაჯერებულად. მაშინ ბ.-მ მის მოშიშვლებულ დეკოლტეს შეავლო თვალი, თხელ, დაჭორფლილ კანს, ძუძუების ღარს შორის გაჩენილ ოდნავ შესამჩნევ ნაოჭებს, ქაღალდივით სიფრიფანა საზღვარს, რომლის ქვემოთაც სულ სხვა ბგერებით ათრთოლებული სიცოცხლე მიედინებოდა სხეულის ბნელსა და ნოტიო ლაბირინთებში. მაგრამ როდესაც მეზობელმა თვალები დახუჭა და თავისივე ბაგეებიდან ამოსულ ბგერებში გაუჩინარდა, ბ.-ს მოეჩვენა, რომ მის გულს ხედავდა, მის ძლიერ და ამავდროულად ძალიან მყიფე კუნთს, რომელიც თავდაუზოგავად ზომავდა დროსა და რიტმს, თითქოსდა მისი თავდაჯერებული კუმშვები, მისი ძალუმი ფეთქვა სხვა არაფერი იყო, გარდა თრთოლვისა, ცახცახისა, რომელსაც  სიკვდილი ედო უფრო საფუძვლად, ვიდრე სიცოცხლე.

ბ.-ს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს რაღაც დიდი საიდუმლო ამოხსნა და როგორც კი  მეზობელი თვალს გაახელდა, მაშინვე შეიტყობდა ამას. ამიტომაც ერჩივნა, მისთვის მზერა აერიდებინა  და რამე უსულო, გლუვი, მარტივი ამოეღო სამიზნედ – მაგალითად, მაგიდის ზედაპირი ან რადიატორის იოლად გასაზომი, რიტმული კონკრეტულობა. არა, სულაც არ უნდოდა იმის აღმოჩენა, რომ ეს მისი სხეული, მისი კუნთები, სხეულის სიღრმეში სამარადისო წესრიგით განლაგებული მისი დაჭიმული, მთრთოლავი ნაწილები, სათანადოდ აგებული ხორხი, გენეტიკურად დაპროექტებული სივრცეები, ხორცშესხმული სტვირები მღეროდნენ. გული - ქსოვილთა მორცხვი, ინტიმური გროვა, რომელიც სისხლს ატარებს. სხეულის სიღრმე -იდუმალების ჯადოსნური ხავერდი, ამაღელვებელი წარმოდგენა შეუხებლის თითის წვერებით შეხებისა - დრეკადი არტერიებისა, სიცოცხლით სავსე ჯიუტი ხრტილებისა, ფარული და მოძრავი ადგილებისა. გაცნობიერება ამ მყიფე სასწაულის არსებობისა. ვერაფრით აეხსნა, რატომ იყო მეზობლის გულის, მისი ხორციელების არსებობის უეჭველი ფაქტი მისთვის ერთდროულად ამაღელვებელიც და აუტანელიც. ნებისმიერი შესაძლო ტკივილის წარმოდგენა, რომელსაც ამ ჭორფლიანი კანის ქვეშ მოთავსებული მეტრონომის მუშაობის შეფერხება შეეძლო, ბ.-ს აუტანელი ტანჯვით ავსებდა. თვალები უნებურად ცრემლით ევსებოდა და მათი ხშირი ხამხამით ამის დამალვას ცდილობდა. მოუფრთხილდება ამ გულს, უცხო თვალს მოარიდებს. ქალაქგარეთ რომელიმე ბაღში  ისეთ ადგილას ჩარგავს, რომ არასოდეს არაფერი მიეკაროს. ამ გულის მცველი გახდება. ფიქრობდა და იცოდა, რომ ბოდავდა. მუსიკის ბრალი იყო! როგორ შეიძლებოდა, ადამიანს გულის გარეშე ეცხოვრა!

ამასობაში მეზობელმა დაასრულა სიმღერა. ოდნავ წინ წახრილი დაღლილობას არ მალავდა. წარბი შეიჭმუხნა, როდესაც მისი პირიდან ჩუმი, აბრეშუმივით ბგერები გადმოდინდა. ხელი პირთან მიიტანა, თითქოს უნდოდა ამ ბგერებისთვის საბოლოო, იდეალური ფორმა მიეცა. მელოდია სრულიად მოულოდნელად იქცა სიჩუმედ. ისიც ადგილზე გაიყინა, თვალები გაახილა და გაიღიმა. მერე ბადრიჯნის თეფში გარეცხა და უკვე კართან მომლოდინე ბ.-ს მიაწოდა.

კინოს ნაცვლად ბ. ახლა ოპერაში დაატარებდა ქმარს. ორივე რაღაცნაირად, დაკარგულად გრძნობდა იქ თავს. მეზობელს შორიდან ხედავდა, მაგრამ ნაოჭაყრილ კაბებსა და მკვეთრ მაკიაჟში, რომელიც მის სახეზე წარბების, თვალებისა და პირის ურთიერთგანლაგებას ნიღაბივით იდეალურ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული ლაქებით ცვლიდა, მაინც უფრო დიდი ეჩვენებოდა. მის ხმას უცხო, სმენად ქცეული ადამიანები ინაწილებდნენ. თითქოს გაზეთს ემსგავსებოდა, რომელიც ერთდროულად ბევრს ესაუბრება, მაგრამ პირადად არავის.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ ჩვეულებისამებრ თურქულ ბარში სხდებოდნენ სავახშმოდ, მერე კი მანქანით შინ ბრუნდებოდნენ, ჩაძინებულ დასახლებაში და ბ. ისევ ლიფტის ხმას აყურადებდა.

მომდევნო დღეს ისევ გადასწევდა ხოლმე ხალიჩის კიდეს, იატაკზე გაწვებოდა და გაირინდებოდა. ეს გაცილებით სჯობდა ოპერის თეატრში ჯდომას. ამასობაში სიტყვების გარჩევაც ისწავლა: „Teseo mio ben! Ove sei? Ove sei tu?“  ანდა შესაბრალის „ Ah, di vedetti, o caro, ia mi stringe il desio“. ზღვის პირას მდგარი სასოწარკვეთილი ქალის სახება. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ერთი სართულით დაბლა ბინა კი არა, კლდოვანი ხომალდებით სავსე ზღვის სანაპირო იყო, რომლებიც ფარულად შორდებოდნენ სრუტეს; რომ იქ დამაბრმავებლად ბრწყინავდა მზე და თავბრუდამხვევად ხმაურობდა ზღვა. მაგრამ, როდესაც მეზობელი კარს უღებდა, ყველაფერი პირვანდელ სახეს უბრუნდებოდა - ისევ ის მოხდენილი ქალი იყო, რომელსაც ბამბის რუხი ზედა ეცვა, მის იატაკზე კი ქაღალდები იყო მიყრილ-მოყრილი.

- ისპანახიანი ბლინები მოგიტანე, - ამბობდა ბ., მაგრამ თვალებში დაუფარავი თხოვნა ედგა: „მიმღერე რამე. მიჩვენე, როგორ მღერიხარ. როგორ ახერხებ ასე მღერას. შენ რატომ გამოგდის, მე კი - არა! საიდან ამოგდის ეს ხმა? მე რატომ არ შემიძლია იგივე გავაკეთო, რატომ ვარ მე მკვდარი, შენ კი ცოცხალი?!“

მეზობელი ჭამდა და თან “არიადნეს“ მოახლოებულ პრემიერაზე უყვებოდა - რომ  უკვე კოსტიუმს უკერავდნენ, ქათქათა თეთრ ტუნიკას, წელს ზემოთ, მკერდთან, ოქროს სარტყლით; რომ თმებიც ბერძნულად ექნებოდა დახვეული და კეფაზე აკრეფილი, როგორც ქვისგან გამოკვეთილ ქალღმერთებს. სპილენძის სამაჯურები. უმადური თესევსი, რომელიც აგერ უკვე მეათედ, მეასედ მიატოვებდა მინოტავრის სისხლით მოსვრილი ხმლითა და შებილწული ლაბირინთით. მერე კი ისევ ყოველდღიურობას დაუბრუნდება. ისე იცხოვრებენ ამ გაჩირაღდნებულ სცენაზე, თითქოს ყოველ საღამოს ხელახლა კარგავდნენ მეხსიერებას. მოსახდენი მოხდება, თავისით, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, და მერე ისევ დასაწყისს დაუბრუნდებიან. მაგიაა ეს ყველაფერი. ჯადოსნობაა, გადაიტანო ამდენი მიტოვება, ფარულად წასვლა, გაპარვა, უსიტყვოდ გაუჩინარება. და რომ არიადნე სულ მალე ქვეყნის საზღვრებს გასცდება, დიდ ქალაქებს შემოივლის, უფრო დიდი სცენებს, რათა ყოველ საღამოს ხელახლა  გაუტყდეს გული, ხელახლა განიცადოს მიტოვების ტკივილი მამაკაცისგან, სისხლში გასვრილი ხმალი რომ მოუღერებია.

- რა თქმა უნდა, გიმღერებ!

ჩართო კასეტა აკომპანიმენტით და ჩაის ფინჯნით ხელში დივანზე მჯდარმა წამოიწყო არია, მაგრამ მეორე ფორტეზე უცბად წამოდგა, ოთახში სიარულს მოჰყვა, ხელებს ჰაერში იქნევდა, მისი ხმა კი თრთოდა, ირხეოდა და ყველაფერს, რაც კი გარშემო იყო, პაწაწინა ქინძისთავებივით ერჭობოდა. თვალები დახუჭა თუ არა, ხმაც შეურბილდა. ამჯერად თითქოს ნივთებს ფაფუკი ფუნჯით უხილავი მტვრისგან ასუფთავებდა. ბ. ხედავდა, როგორ ეჭიმებოდა მეზობელს ყელის კუნთები, როგორ აუდ-ჩაუდიოდა ჭორფლიანი, თხელი კანით დაფარული მკერდი, სუნთქვა კი პედანტურად მართავდა ხმას. აი, მაშინ კი დაასკვნა ბ.-მ, რომ ვერასოდეს შეიტყობდა ამაზე მეტს  მისი კანის, გულის, კუნთებისა და ხმის თავბრუდამხვევი ურთიერთკავშირის შესახებ და ამ დასკვნამ სასო წარუკვეთა. რომ ხორციელსა და არახორციელს შორის უზარმაზარი უფსკრულია,  რომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა განზომილებაა, რომელიც მხოლოდ ასეთ მომენტებში ერწყმის ერთმანეთს, რომ მათ არასოდეს მიეცემათ ერთმანეთის შეხების, ერთმანეთის საზღვრების გადალახვის, ერთმანეთში შესვლისა და აღრევის საშუალება, რადგან მათ შორის არ არსებობს მსგავსება. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნება აქვთ. ცეცხლი და წყალი. მატერია და ანტიმატერია. და რომ თუკი ერთხელ მაინც შეესწარი მათი ასეთი უიმედო შეწყვილების სურვილს, მას შემდეგ მისი განმეორებით ხილვის მონატრება გაგაწამებს. თითქოსდა, ერთხელ უკვე იყავი მათი შეუძლებელი ერთობის მოწმე. რომ უკან თავგადაწეული, თვალდახუჭული მომღერალიც იმავე მიზეზით იტანჯებოდა - წარბებს შორის პატარა ნაოჭი, ყელზე ორი პარალელური ხაზი. თავისებურად ყველაფერი გამიჯნული ერთმანეთისგან, ისე, როგორც ისინი, სამყაროს საპირისპირო კიდეზე მდგარნი.

მეზობელმა სიმღერა დაასრულაა, მაგრამ თვალი არ გაუხელია. გაუნძრევლად იდგა სამზარეულოს ფონზე, თითქოს იმ სიჩუმით გაოცებული, რომლის შემოქმედიც თვითონვე იყო. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა ფეხაკრეფით თითის წვერბზე მდგარი ბ., ჭორფლიან მკერდზე  თავი დაადო და გაიგონა, როგორ დადუმდა ბგერა მის კანქვეშ, სუნთქვად დაიშალა, ერთხანს კიდევ იბორიალა სხეულში და აორთქლდა, გაუჩინარდა. მეზობლი არ განძრეულა. მერე  ფრთხილად შეეხო ბ.-ს სახეს და მიეფერა.

ეს იყო და ეს.  ამის შემდეგ ბ.-მ  არიადნე პრემიერაზე ნახა, რამპის შუქზე გაბრწყინებული, არამიწიერი. და კიდევ გაზეთებში, რადგან დადგმას დიდი წარმატება ხვდა წილად. დიდი ტურნეც დაიწყო. მეზობლის ბინაში სიჩუმემ დაისადგურა.

მისი გამგზავრების შემდეგ არა და აღარ დასრულდა შემოდგომა. ქალაქის თავზე ჯერ კიდევ თბილი ჰაერი ჩაგუბებულიყო, ამიტომაც ფოთლები ნელა ყვითლდებოდნენ და არც ცვენას ჩქარობდნენ. მზეც ყოველდღე გამოდიოდა, თითქოს ეს ანომალია მასაც აკვირვებსო, თუმცა დღითი დღე სულ უფრო კარგავდა ძალას და სუსტდებოდა. იქნებ, ალბათობის თეორიას თუ მოვიშველიებთ,  ეს ის ერთადერთი წელიწადი იყოს ისტორიაში, როდესაც ზამთარი სულაც არ დადგება, უბრალოდ, სადღაც წყვდიადსა და რიჟრაჟს შორის გაიხიდება და ზერელედ მოყინავს ბალახის წვერებს. ყველაფერი ჰაერში გამოეკიდება და გაურკვეველი დარჩება ისიც - მოხდა უკვე რაც მოსახდენი იყო თუ... ჯერ ახლა უნდა დაიწყოს ყველაფერი.

 

                                                                                                                              პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE