გიიომ აპოლინერი


გიიომ აპოლინერი




2018 წელი საფრანგეთში გიიომ აპოლინერის წლად იყო გამოცხადებული. მისი გარდაცვალებიდან უკვე 100  წელი გავიდა.                                   
 
     მ ე   ვ რ ჩ ე ბ ი  დ რ ო   კ ი   გ ა დ ი ს   
 
                                                გიიომ   აპოლინერი 
 
 
არავინ იცის ზუსტად, ლეგენდაა თუ სინამდვილე, რომ როდესაც აპოლინერმა თავისი პირველი პოეტური კრებულის, - „ალკოჰოლების“,  - საცდელი ეგზემპლარები მიიღო, აღმოჩნდა, რომ პუნქტუაციის ნიშნები მთლიანდ გამოტოვებული იყო. პოეტს არ მოუთხოვია  არავითარი შესწორება, მოეწონა კიდეც, საინტერესოც მოეჩვენა და გადაწყვიტა, წიგნი ამ სახით გამოცემულიყო. შემდეგ ბევრმა პოეტმა მიბაძა მას. პუნქტუაციას ზოგჯერ მთლიანად გამოტოვებდნენ ხოლმე, ზოგჯერ - ნაწილობრივ.  ამგვარად, ლექსი ენაში თითქოს კიდევ უფრო მეტი თავისუფლების  სივრცედ იქცა. ამ ხერხის გამოყენებით აპოლინერი მიანიშნებს, რომ ზოგჯერ საინტერესოა გაურკვევლობისა და დაბნეულობის შემოტანა, ხანდახან მკითხველი უნდა ორჭოფობდეს, მეტს ფიქრობდეს ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის გარკვევისას, სტრიქონები ერთმანეთისგან უნდა გამომდინარეობდნენ, ან, სულაც, ისე უნდა ახდენდნენ ერთმანეთზე  გავლენას, რომ იქმნებოდეს ერთი მთლიანობა. ზოგჯერ შეიძლება იყოს ,,პოეტური ბოდვაც“, ბუნდოვანი აზრიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია პოეტურად. ამას ემატება სრული თავისუფლება და ექსპერიმენტები ვერსიფიკაციული სიახლეების მხრივ. პოეტი ხან ჩვეულებრივ მიჰყვება ტრადიციულ ფორმებსა და მეტრიკას, ხან სრულიად ახალ ფორმას გვთავაზობს და მოგვიანებით, „კალიგრამების“ უჩვეულო გრაფიკულ-ვერსიფიკაციული ციკლიც ჩნდება. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული „სიახლის“ ეფექტი ჰქონდა, ისევე, როგორც  ტრადიციული რითმიანი სტროფებით აგებულ  ლექსში ადგილ-ადგილ ვერლიბრის ცოტა პრეტენზიულ გამოჩენას ან პირიქით - ვერლიბრში რითმიანი მონაკვეთების ჩართვას. 
მაგალითად, „ალკოჰოლებში“ აპოლინერს არ უცდია, ლექსები ყოფილიყო თემატიკით, ესთეტიკით, ან სხვა ნიშნით გაერთიანებული და დალაგებული. ფრანგი ლიტერატორი ჟორჟ დუამელი კრებულს „ძველმანებით მოვაჭრის ფარდულსაც“ კი ადარებს, თუმცა, მიუხედავად განსხვავებულობისა, ელეგიური, სიმბოლისტური, მისტიკური ხასიათის ლექსებს შორის არის გაცილებით სიღრმისეული ერთიანობა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. „ზონა“ კი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული ლექსია და გასაგებია მისი განსაკუთრებული ადგილი არამხოლოდ „ალკოჰოლებში“ და აპოლინერის შემოქმედებაში. 
აპოლინერი ფრანგულ პოეტურ ტრადიციებს ეფუძნება და ცდილობს მასთან ნოვატორული ხედვის შერწყმას. მისთვის მნიშვნელოვანია პოეზიის ევოლუცია, განახლება და,  როცა ვლაპარაკობთ  მისი შემოქმედების  მოდერნისტულობაზე და საერთოდ, მოდერნიზმზე, სწორედ ეს უნდა იგულისხმებოდეს - წარსულთან მუდმივი კავშირი და მომავლის განჭვრეტა, მომავლის პოეზიის შექმნა. თავად კი, თუ  მოდერნულობაზე ლაპარაკობდა, ყოველთვის მხოლოდ იუმორით, ირონიითა და დისტანციით.   
აპოლინერის პოეზია არის კულტურის სხვადასხვა მიმართულების შერწყმა:  კუბისტური ტილოები, გადმოტანილი პოეზიაში; ნატიფი ლირიზმი, შერწყმული მისტიკურ წიაღსვლებთან; მოკლედ, აპოლინერმა შექმნა სრულიად ახალი პოეტური სამყარო. როგორც თავად წერს, „ზეგარდმო ყოვლისშემძლე ძალა, შესაძლოა, ყოველდღიურად ცვლის საგანთა წესრიგს, ეწინააღმდეგება მიზეზებსა და შედეგებს...  რათა შექმნას მოვლენათა ახალი თანმიმდევრობა, ახალი რეალობა.“
    თვისებრივად ახალი ლექსი კი მოითხოვდა კითხვის სხვაგვარ თვისებებს, მკითხველისგან მოითხოვდა უნარს, ეთანამშრომლა პოეტთან, ანუ ლექსის შინაარსთან, ტექსტის მთლიანობასთან.  მართლაც, მისი ლექსების კითხვა თავისებური ორგანიზებული პროცესია, წარმოსახვა ერთვება ლექსის გაგებაში და ინტერპრეტაციის საკმაო საშუალებას იძლევა. 
აპოლინერმა სრულიად განაახლა, ერთგვარად გააძლიერა კიდეც პოეტური ენა. იგი  ხშირად არღვევს გრამატიკულ ნორმებს, ან სიტყვებს იმგვარად აკავშირებს, რომ აზრი უაღრესად ბუნდოვანია და სათქმელის  მოხელთება ძალიან ჭირს. 
კლასიკური მწერლობა იცავდა და მიჰყვებოდა  აზრს: „ხელოვნება, მწერლობა სათქმელის  ნათლად გამოთქმა-გამოხატვაა“. ამ მოსაზრებას უპირისპირდება აპოლინერი თავისი შემოქმედებით ცნობიერად თუ არაცნობიერად და სრულიად ათავისუფლებს პოეზიას ყოველგვარი კლიშეებისგან. „ალკოჰოლები“, რომელიც 1913 წელს გამოჩნდა, იყო თანამედროვე პოეზიის ერთგვარი მანიფესტი და თავისებურ  პოეტურ სკოლად იქცა. მან მისცა მიმართულება თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგს,  იქცა ზოგადად მოდერნიზმის განვითარების საფუძვლად. აქ ჩანს სახვითი ხელოვნება, შეზავებული პოეზიასთან, გამოვლენილი მარტო ლექსის შინაარსში კი არა,  ფორმაშიც. ერთ-ერთ წერილში ის თავად წერს: „პოეტი რომ ხარ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეგიძლია.“ „კალიგრამები“ არის სწორედ პოეზია, გრაფიკა და პლასტიკა, წარმოდგენილი კომპლექსურად.
აპოლინერი ადრევე ფიქრობდა წიგნად გამოცემას, მაგრამ მალე დაიწყო ომი და  პოეტის  გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე  ძლივს მოხერხდა ამ ნამუშევრების ერთად თავმოყრა. აპოლინერს, როგორც ჩანს, უნდოდა ეჩვენებინა, რომ მარტო პოეტი კი არა, მხატვარიც იყო. კალიგრამების პირველი ნიმუშები შესრულებულია აკვარელითა და გუაშით. ის არის პოეტი-მჭვრეტელი, ხედავს, როგორ ვითარდება ახალი ტექნიკა, კინო, ფოტოგრაფია და ამიტომ პოეზიაშიც საჭიროდ მიიჩნევს ახალ ფორმათა ძიებას. მისი აზრით პოეზია ვერ დარჩება უბრალო ნაბეჭდი ტექსტი.
თვითონ სიტყვაც, “კალიგრამები“, აპოლინერის მოგონილია, გამომდინარე სიტყვებიდან -კალიგრაფია და იდეოგრამია. „კალიგრამები“ არის სიტყვათა  და ფორმათა თამაში, ლექსი-ნახატი. სიტყვები ხატავენ სიგარას, საათს, მტრედს, ზოგჯერ კი  ფურცელს გადაუვლიან წვიმის წვეთებად თუ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე  მიმავალი მატარებლის სახით. კალიგრამების უმრავლესობა ფრონტზეა შექმნილი და მათი  ადრესატები არიან საყვარელი ქალები, ლუ და მადლენი. ომსა და ბრძოლებს ის ასე უძლებდა - ლექსებში ახდენდა გრძნობებისა და დაძაბული ყოველდღიურობის  ტრანსფიგურაციას, სიტყვების ასეთ პრიზმაში გარდატეხვისას კი იქმნებოდა გასაოცარი სინთეზური პოეზია. 
ისევე, როგორც კუბისტების ტილოებზე, სინამდვილე აქაც ასახულია კოდირებულად. აპოლინერის პოეზიაშიც კოდირებულია პოეტური ენა და საგანი წარმოდგენილია ხშირად ორგანზომილებიან სივრცეში. ამიტომ არის, რომ ზოგიერთმა ლიტერატორმა  მის პოეზიას  „კუბისტური პოეზიაც“ კი უწოდა. 
საბოლოოდ, თუ დაისმება კითხვა ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ, უნდა გავიხსენოთ, რომ თავად აპოლინერმა 1909 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში დაასახელა „ახალგაზრდა პოეზიის“ ორი ფუნდამენტური დაჯგუფება - ერთი მხრივ, უნანიმიზმი და მეორე მხრივ, პოეტები, რომლებიც თანამშრომლობდნენ 1903 წელს მის მიერ დაარსებულ ჟურნალთან, მაგრამ პოეტი საკუთარ თავს არ მიაკუთვნებდა არცერთ სკოლას, არცერთ პოეტურ დაჯგუფებას.  მას მიაჩნდა, რომ იყო ყველასგან განსხვავებული და ქმნიდა სულ სხვაგვარ პოეზიას,  ახალი ესთეტიკით. თუმცა, ზოგჯერ ერთია, რას ამბობს, რას ფიქრობს, როგორ აფასებს პოეტი თავის შემოქმედებას და მეორეა, ერთიან ლიტერატურულ კონტექსტში მოგვიანებით როგორ  იკვეთება საერთო ვითარება და, შესაბამისად, როგორ განიხილება მისი პოეზიის ადგილი და თავისებურებები. ეს ყოველივე კი ერთი ფრაზით შეიძლება გამოითქვას - აპოლინერი ახალი ფრანგული პოეზიის ფუძემდებელია.
   
 
                       სხეულის    ცხრა   კარი
 
ძალიან მნიშვნელოვანია აპოლინერის ეპისტოლარული მემკვიდრეობა არა მხოლოდ თავისთავად, არამედ მისი პოეზიის ნიუანსების, მისი ნატიფი ლირიზმისა და მელანქოლიის  უკეთ გასაგებად. წერილებში ერთმანეთს ერწყმის პოეზია და  ყოველდღიური ცხოვრების პროზა. წერილებს თან ახლდა ლექსები, მიძღვნილი საყვარელი ქალებისთვის. 
მხატვარ მარი ლორანსენის სიყვარულს უკავშირდება მის შემოქმედებაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლექსი, მათ შორის,  “ზონა“ და “მირაბოს ხიდი“, რომელიც მასთან კამათისა და განშორების შემდეგ დაწერა. “მირაბოს ხიდი“, ერთი შეხედვით, ტრადიციული ლექსია თავისი სიმბოლიკით - სიყვარული,  წარმავალი დრო, თუმცა ეს უნივერსალური თემატიკაა და ლექსში შერწყმულია ახალ ფორმასთან, რიტმთან, რითმებთან, ლირიზმთან და მუსიკალურობასთან:
 
      „მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა 
       და ტრფობა ჩვენი
       უნდა მახსოვდეს ჭირთა დათმენა
       რომ ტანჯვა უძღვის წინ ყოველ ლხენას.
  
       მწუხრი დგება და რეკავს საათი
       მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით“ 
 
 
    *  *  *
 
აპოლინერის, მისი პოეზიის განსაკუთრებული ინსპირაციის წყარო იყო დიდი სიყვარული ლუს მიმართ (განთქმული ლუიზ დე კოლინი-შატიონი). ამიტომ უაღრესად საინტერესოა მათი მიმოწერა. აქ უბრალოდ ხელოვნება და პოეზია კი არ იჩენს თავს, არამედ იგრძნობა უმძაფრესი ეროტიკული პულსაციაც. რასაკვირველია, ეროსში იგულისხმება „ხელოვნების სიყმაწვილე“ და ის აპოლინერის ლექსების იმპულსად იქცევა. ლექსი  „ჩემი სიყვარულის აჩრდილი“ ამის დასტურია. ქალი შეხვედრისთანავე ხიბლავს პოეტს და მასაც მაშინვე უყვარდება. ჩნდება ინტენსიური და, იმავდროულად, ეფემერული გრძნობა.  აპოლინერმა ლუს მისწერა ასობით წერილი, რომლებშიც არის დიდი სიყვარულის გამოვლენა. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტაზია და რეალობა. თითქმის ყოველ წერილს თან ახლავს ლექსი, ზოგს რამდენიმეც. ლუ იყო მისთვის განსაკუთრებული შთაგონების წყარო. ერთი წერილი კი იმით გამოირჩევა, რომ ჯერ ჩვეულებრივად მისწერა ქალს, მერე კი ცნობილ, მშვენიერ ლექსად აქცია: „ჩემო ლუ, ახლა მინდა კვლავ სიყვარულზე გელაპარაკო. ის ისე შემოიჭრება ხოლმე გულში, როგორც მზე ეფინება დღეს, მერე კი შოლტივით მოიქნევს სხივებს, რომ ჩვენი სულები ცხოველჰყოს. ჩემი სიყვარული მხოლოდ შენი ბედნიერებაა. და მეც მხოლოდ შენი გაბედნიერება მსურს. ეს სიყვარული ტკივილამდე მგზნებარე უნდა იყოს. ჩემი სურვილი შენს მშვენიერებასა და სურვილებს ერწყმის. ო, აი, კვლავ ჩემ წინ დგახარ მთლად შიშველი, მომხიბვლელი, ჩემგან გაღმერთებული. შენს მკერდს ხურმისა და ველური ლეღვის გემო აქვს. თეძოს ტკბილი ხილიც როგორ მიყვარს. ძვირფასო, ზღვის ქაფი ხარ, ქალღმერთის მშობელი... ვიწვი შენს ცეცხლში და შენს სიყვარულში. ფენიქსივით ყოველდღე ვკვდები და ხელახლა ვიბადები.“ 
ბევრჯერ უცდიათ გიიომისა და ლუს ხანმოკლე და უმძაფრესი სიყვარულის ახსნა. მაგრამ უცბად და ასე ძლიერად გაღვივებული გრძნობა ვერ იქნებოდა ხანგრძლივი. მალე განელდა  ეს გიჟური სიყვარული, უცებ დაიშრიტა ენერგია, თან გიიომის არმიაში გაწვევა და მათი ფიზიკურად შორს ყოფნაც გარდაუვალი იყო. გარდა ამისა, ლუიზი ძალიან თავისუფალი ქალი იყო, პარალელურად სხვა კავშირებიც ჰქონდა, ამ მხრივ  „საბრალო პოეტი“, აპოლინერი, ვერაფერს გააწყობდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და პოეტმა ლუსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
წერილები ორივე მხრიდან გამოირჩევა  ინტენსიური მძაფრი ეროტიზმით, რასაკვირველია, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე: „ძვირფასო, დღეს დიდი გრძნობათღელვაა, ძალიან მსურხარ, ძალიან, მეტისმეტად აღგზნებული ვარ. დიდხანს ვუყურე პატარა ფოტოს, მასზე ბალახებში ხარ, სახის მარცხენა პროფილით, ლამაზი შიშველი მკლავი იდაყვდაყრდნობილი გაქვს, სახეზე სიამოვნება გემჩნევა, დიდი სიამოვნება, მომხიბლავი ხარ ამ პატარა, გამორჩეულ სურათზე და მინდა, აქ, გვერდით მყავდე შიშველი, ლამაზი უკანა მხარე ოდნავ ზემოთ გქონდეს აზიდული და მემორჩილებოდეს... გაღმერთებ, ჩემო ძვირფასო, ჩემო პაწია!..“ ანდა ნაწყვეტი სხვა წერილიდან: „ხვალ ლექსებს დაგიწერ. დღეს ბევრი სამუშაო მაქვს, ხომ სასაცილოა?.. გკოცნი სულ მთლიანად, გაღმერთებ, ჩემო ძვირფასო, ხელში გიყვან, ნელ-ნელა გარწევ და გეალერსები საყვარლად, საყვარლად.“
აშკარაა, რომ მათ ერთმანეთი  ნამდვილი გრძნობით უყვარდათ და თუკი დაშორდნენ რამდენიმე თვეში, ალბათ იმის გამო, რომ მხურვალე ეროტიკული ნდომისა და სურვილის მამოძრავებელი „აპოლონი“ დაიშრიტა. გარდა ამისა, პოეტი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაზეც მიანიშნებს ლექსში “მელანქოლიური დარაჯი“:
 
              „რისთვის ძგერ გულო ჩემო
              მელანქოლიურო დარაჯო
              ვუმზერ სიკვდილს და ღამეს...“
 
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ზოგჯერ „ლამაზია ომი“, ეს მაინც სიკვდილის პირისპირ მყოფის  საბედისწერო სიხარულია, სხვა არაფერი. ეს უმძიმესი ყოფაა ჯარისკაცისა თხრილებში, ტალახში, ცივილიზებული ყოფისგან შორს.
ბოლოს, როდესაც ქალის  წერილები იკლებს,  აპოლინერი განშორების მოახლოებას გრძნობს, თუმცა ხანდახან წერილებში გაკრთება ხოლმე იმედი, რომ ლუს სულ ეხსომება ის და მისი პოეზია, ეხსომება, რადგან მან დაწერა, ენის საშუალებით ლექსებში  გარდასახა მისი სიყვარული, პოეტური ფორმა მოუძებნა და ასე მოხდა მისი, როგორც პოეტისა და ასევე ლუს იდენტიფიცირება.
 
 
               *   *   *
 
უკვე ჯარში მომსახურე გიიომი ხვდება მადლენ პაჟეს, კოლეჯის ლიტერატურის მასწავლებელს და იწყება ახალი სასიყვარულო ამბავი. ისინი ერთმანეთს მატარებელში შეხვდნენ 1915 წლის 2 იანვარს, როცა ორი დღით გათავისუფლებული პოეტი ნაწილში ბრუნდებოდა. ამ შეხვედრის დროს მოულოდნელად იშვა უდიდესი გრძნობა, შემდეგში წერილებში გაგრძელებული. დისტანცია ვერ აღმოჩნდა ხელის შემშლელი: პოეტის წარმოსახვა რეალობად აქცევს მას და ასე ტრანსფორმირდება პოეზიად უცაბედად, იმპულსურად გაჩენილი მოულოდნელი სიგიჟე და  აპოლინერისთვის ახალი, ძალიან ძლიერი ინსპირაციის წყაროდ იქცევა. 
მადლენის წერილები შემონახული არ არის, აპოლინერისას კი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღირებულება აქვს,  მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბევრი რამ მეორდება სხვადასხვა სასიყვარულო ბარათში. აპოლინერმა ნამდვილად იცის ქალებთან ლაპარაკი. თუმცა აშკარაა, რომ მადლენისგან ის თითქმის კულტს ქმნის. მათი სიყვარული უფრო და უფრო იხვეწება და ღრმავდება წერილიდან წერილამდე. ზოგჯერ იმ დროისთვის ცოტა უცხო და უჩვეულოა  პოეტის ენა: „გაღმერთებ, ჩემო საყვარელო, მშვენიერება ხარ, ჩემი სამოთხე ხარ, გეხვევი ძლიერად, გიჟურად, ისე მსურხარ, არასდროს არცერთი ქალი ასე არ მსურვებია.“
როცა ვლაპარაკობთ ამ წერილებში ეროტიზმზე, აქ აპოლინერი ნამდვილად არასდროსაა ერთფეროვანი. გარდა ამისა, ეტყობა ლიტერატურული ტექსტების გავლენა, თუმცა, რასაკვირველია, ის სრულიად ბუნებრივია ამ შემთხვევაში.  საყვარელ ადამიანთან ეპატაჟი არც გამოვა და არც სადმე იგრძნობა.
„მარწყვის ნაყინი საუკეთესო იქნება, ნაყინი მადლენი, ჩემს პირში ჩამდნარი...
როგორც სიზმარში ამიყვანიხარ, ისე გიყვან ახლა ხელში, გიკოცნი თმებსა და ლამაზ პირს“ (1915 წ. 5 აგვისტო).
ეს წერილები არ არის უბრალო, ჩვეულებრივი ეპისტოლარული ჩანაწერები, აპოლინერისთვის მადლენი ლუს მსგავსად და იქნებ უფრო მეტადაც ინსპირატორია უფაქიზესი ლირიკული პოეზიისა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც წერილებს ხშირად თან ერთვის ლექსებიც.  
 
    „მელოდით და თან გეკეთათ თითზე
    არყოფნასავით უფერული ალუმინის სადა ბეჭდები
    ნაზი ვით ხსოვნა
    რიჟრაჟისფერი ლითონი ჩვენი სიყვარულისა
    ო ბარათებო უძვირფასესო“
 
აპოლინერი ამ ლექსში ახსენებს მადლენისთვის გაგზავნილ ბეჭდებს, რომლებიც ყუმბარების ნამსხვრევებისგან დაამზადა. ერთხელ კი სულაც კალიგრამა დაწერა ჭურვის ნამსხვრევზე და მისი გაგზავნაც მოახერხა. ზოგჯერ კი ხდება პირიქით - ჯერ ლექსი იწერება, მერე კი მოგვიანებით ის რომელიმე წერილში აისახება. 
ლექსი „შენი სხეულის ცხრა კარი“ 21 სექტემბერს არის გაგზავნილი. „საიდუმლო ლექსი ახლავს ჩემს წერილს და ის შენ გეკუთვნის“, - წერს აპოლინერი მადლენს. ეს კი ოქტომბრის ბოლოს დაწერილი ბარათიდანაა: „ნამდვილად არის ავხორცობა და განცხრომა ტანჯვაში. განსაკუთრებით ქალისთვის უნდა იყოს ნაცნობი ეს ავხორცობა. კაცს, რომელსაც მთლიანად უყვარს ქალი, ძლიერი ვნებით შეუძლია შეაგრძნობინოს სწორედ ასეთი მწვავე ავხორცობა (მანამდე ქალისთვის სრულიად წარმოუდგენელი), ოღონდ განუზომელი სიტკბოებით, ვიდრე ვინმე პირუტყვს უსიყვარულოდ, ძალის ხმარებით. ამ დროს სრული ურთიერთთანხმობაა და, როცა ერთი ხელი დაცოცავს
მე-8 კართან, მეორე კერტებთან არის, ბაგეები კი ერთმანეთს ეძებენ და ერწყმიან განუშორებლად, სიამით". საინტერესოა ნაწყვეტი ამ საკმაოდ მოზრდილი ლექსიდან:
 
      „მადლენ ეს ლექსი მხოლოდ შენია,
       ჩვენი სურვილის პირველი ლექსი
       პირველი ლექსი იდუმალი ო როგორ გეტრფი
       დღე საამოა ომიც ისე საამო არის სიკვდილსაც შევძლებ!!!
       ჩემო გოგონავ იქნებ არ იცი? ცხრა კარია სხეული შენი
       შევიცან შვიდი  ფარულია ორი კარები
       ოთხს დავეუფლე შემოჭრილი მე შენში ვრჩები
       ჯერ მოგიხელთე ვარსკვლავ-თვალებით
       შემოვაღწიე მერე ყურებით სიტყვებია ჩემი თანმდევი. 
 
     და მერვე კარი ჩემი სატრფოს მშვენიერების
     არცოდნავ ჩემო  მავთულხლართებში ფლანდრიის მთვარის აგონიურ შუქში მავალ უსინათლო მებრძოლებს ჰგავხარ
     ან ვინმე მკვლევარს მშიერ-მწყურვალს  შუა ტყეში სიყვარულით მკვდარს
     ხარ ერებოსზე  უფრო პირქუში
     უფრო წმინდა ვიდრე დოდონი   
     და ეწაფები კასტალიაზე ანკარა წყაროს
     აქ ჩემი ტრფობა ჰპოვებდა ტაძარს
    და როს შეღებავს სისხლი კარიბჭეს უბიწობის წარმტაცი მონსტრის
    ვპოვებდი იქ და ამოვაფრქვევდი ცხელზე  ცხელსა და მწველ გეიზერს 
    ო მადლენ ჩემო სიყვარულო 
    უკვე მერვე კარიბჭესაც ვფლობ.“
   
ამ სასიყვარულო-ეროტიკულ ტექსტებში  ხშირად ჩართულია აპოლინერის  მოსაზრებები ლიტერატურაზე, ამა თუ იმ კონკრეტულ მწერალზე. ის საუბრობს რომენ როლანზე, კოლეტზე (20 ოტომბერი. 1915 წ.) ერთ წერილში რეტიფ დე ლა ბრეტონზე წერს და მიაჩნია, რომ დიდია მისი გავლენა რუსულ ლიტერტურაზე: “გრძნობების გამოვლენა და დაჩოქება მეძავის წინ, ასე დამახასიათებელი რუსული ლიტერატურისთვის, სწორედ მისგან მოდის“  (14 სექტემბერი 1915 წ.). ზოგჯერ სამხედრო ცენზურა აიძულებს მას, მიმართოს კოდირებულ ენას, ზოგადად კი ერთ  საინტერესო დასკვნას აკეთებს ფრონტულ ჩანაწერებზე: „ჩვენს წერილებს, რასაკვირველია, კითხულობენ ცენზორი-ოფიცრები. როდესაც ამაზე დავფიქრდი, ვთქვი, რომ ეპისტოლარული ხელოვნება ხელახლა იბადება, ყოველი მათგანი ეცდება დაწეროს რაც შეიძლება უკეთ, გამოძებნიან სათქმელის ახალ, განსხვავებულ ფორმებს, ეცდებიან კარგად მიახვედრონ ერთმანეთი.“ (11 აგვისტო. 1915 წ.)
ეს წერილები რომანივით იკითხება. „მადლენ, ვისაც  არ უყვარს, ის დაკარგულზე მეტია“, - წერს პოეტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აპოლინერის სიყვარულებშიც (აქ მრავლობითი რიცხვი უნდა გამოვიყენო), მის მიმოწერაშიც,  ყოველ ინსპირაციაში საბოლოოდ მაინც მისი პოეზიაა.  
 
     
 
 
   
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE