გურჯის სიმღერა
- ერთი სექსი ორმოცი ლარი! -
ისე ამბობს, თითქოს მშრალ ხიდთან
რაიმე ანტიკვარულ ნივთს ყიდდეს, შობელძაღლი,
თუმცა, თვითონაც ანტიკვარია.
- არა, “მარშრუტკას” ველოდები! -
რატომ ვუღიმი, აზრზე არ ვარ...
წავა ახლა, ვინმე გოიმს დაიჭერს
და ორმოც ლარს და ორმოც ლარს შორის
მოსაწყენ ისტორიას მოუყვება,
თუ როგორ გაიფინა ერთხელ ქმარმა ფეხებქვეშ
და მერე გამოაპანღურა ქუჩაში,
თუ როგორ არ უხარია "ამ საქმის" კეთება,
მაგრამ შვილი ჰყავს გამოსაკვები...
ჯანდაბაშიც წასულა თავისი რეალური
თუ გამოგონილი შვილითურთ, -
რა დროს ეგაა,
როცა ნახევარი კილომეტრიღა მაშორებს შენგან,
რომ გავარკვიო,
გეწამები, თუ გეწუთები,
გესამები, თუ გეხუთები,
გეცუდები, თუ გეხუტები,
მერე კი, ნებისმიერი პასუხის მიუხედავად,
ჩემს საჩვენებელ თითზე
მიმინოსავით შემოსკუპებულ
შენი ხელის მტევანთან ერთად
წაგიყვანო შორეულ კუნძულზე,
სადაც, ზღვის ნაპირას, ქოხში დავსახლდებით
და დავწერთ და დავწერთ და დავწერთ,
ვუმღერებთ ეგზოტიკურ ბუნებას,
მიამიტ აბორიგენებს,
მე ვუყურებ, თუ როგორ ჭამენ
უკბილო ბებრები ნატურალურ საკვებს -
ბაყაყებს, ხვლიკებს და ველურ მცენარეებს,
ვუყურებ, რადგან მიყვარს ცქერა,
როგორ ჭამს ადამიანი,
ეს უკანასკნელი ხომ ამ დროს
გულის ამაჩუყებლად შესაბრალისია...
მე დავივიწყებ სამშობლოს
და პირწმინდად ამოვიფხიკავ სულიდან
აზიატობის ნარჩენებს
და არ ვიეჭვიანებ,
როცა შენ ვნებამორეული მიაშტერდები
თევზაობიდან დაბრუნებული მამაკაცების ნახშირივით შავ,
დაკუნთულ სხეულებს...
გაივლიან წლები და ერთ,
ტრადიციულად მზიან დილით,
ნამძინარევ თვალებს მოვავლებ
ჩემ მიერ გადაღებულ
შენს პიკანტურ ფოტოებს კედლებზე
და მოგიყვები,
თუ როგორ გავურბოდი რაღაცას ძილში,
როგორ ჩამიტყდა სიზმარი,
როგორ დავეცი ფეხმოტეხილი
და როგორ წამომადგა თავზე ბაბუაჩემი.
- სი თელო ღურელი, სი უკოჩობაში კოჩი! -
როგორ გამლანძღა ბაბუამ,
როგორ არ კონწიალობდა ომში მიღებული არცერთი მედალი
მის მკერდზე მოჟღარუნე ჯინჯილებში,
რადგან ეს ის ბაბუა იყო,
უფროსმა ძმამ რომ არ წააყვანინა
სამამულო ომში ვიღაც ძალმოსილ ჩინოვნიკს
ერთი პურ-მარილის ფასად...
მე წამოვჯდები ლოგინზე,
ავიღებ შენს სიგარეტს
და ხუთი წლის შემდეგ პირველად გავაბოლებ,
შენი გაკვირვებული თვალების ფონზე
მოვიფხან ფეხს, გავალ ქოხიდან
და უკან აღარასდროს შემოვალ...
დედასამშობლოში დაბრუნებული,
ვიშოვნი რაიმე რიგითბიურგერულ სამსახურს,
მოვიყვან ცოლად საქალწულე აპკზე
ობმოდებულ რომელიმე შავტუხა ქალიშვილს,
დემოგრაფიული რეგრესით შეწუხებული
ვიყოლიებ ექვს, ან შვიდ პირმშოს,
რომ მერე აღზრდა გამიჭირდეს...
ერთხელაც, ნაადრევად გაჭაღარავებული,
ვნახავ ტელევიზორში
ბედნიერებისგან თმაისევგაშავებულ მოხუცებს,
რომლებიც უნისონში იმღერებენ:
"God Bless America!"
მე, იაფფასიანი არყით წამოწითლებული,
ამაყად გადავხედავ მძინარე ცოლ-შვილს,
ავდგები და ჩახლეჩილი ხმით დავიხრიალებ:
"ღმერთმა დალოცოს საქართველო!"
ამბავი
ამბავი მართლაც მოხდა და ძა-
ლზედ ააფორიაქა ქალაქ N-ის
მშვიდობისმოყვარე მოსახლე-
ობა.
„იმ ამბის მერე ერთი თვე და
შვიდი წიგნი გავიდა“, _ გაი-
ფიქრა, ერთ ნაშუადღევს, ქა-
ლაქ N-ის ბიბლიოთეკარმა და
აღმოსავლური ჩაი მოსვა.
ამბავი კი მართლაც მოხდა და
ქალაქ N-ის მშვიდობისმოყვა-
რე მოსახლეობა ძალზედ ააფ-
ორიაქა.
„იმ ამბის მერე თითქმის თვე
და ხუთი ბოროტმოქმედება
გავიდა,“ _ გაიფიქრა, იმავე
ნაშუადღევს, ქალაქ N-ის შე-
რიფმა და გაუზავებელი ვის-
კი მოსვა.
ამბავი კი ნამდვილად მოხდა
და მშვიდობისმოყვარე მოსახ-
ლეობა ძალზედ ააფორიაქა ქა-
ლაქ N-ისა.
„იმ ამბის მერე მთელი თვე და
სამი თამასუქი გავიდა,“ _ გა-
იფიქრა, იმავევე ნაშუადღევს,
ქალაქ N-ის ერთადერთმა რა-
ნტიემ და ნაკლული პროცენ-
ტის მომტანი მოვალე თავის
ადგილზე მოსვა.
.....................................................
ორი თვის მერე კი ქალაქ N-ის
ბუკინისტური მაღაზიის ვიტრ-
ინასთან მდგარმა ზარმაცმა სტ-
უდენტმა გაიფიქრა, რომ იმ ამ-
ბის მერე სამი თვე და არცერთი
წიგნი გასულიყო.
ის ამბავი კი, ღმერთმანი, მოხდა,
მაგრამ სტუდენტი, ამ შემთხვე-
ვაში, სრულიად სხვა ამბავს გუ-
ლისხმობდა.
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქართული ბოჰემა
მისვია ყველაზე იაფფასიანი არაყი და დამიგინებია, რომ
ამ საზიზღრობას აღარ გავეკარებოდი, მაგრამ მაინც გავკ-
არებივარ. ჩამიყრია სოდა ძმარში და დამილევია ძმა პოე-
ტებთან ერთად, ნახევარი საათის შემდეგ კი ძმა პოეტებთ-
ან ერთადვე მირწყევია, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
მცმია ძირგამოხეული ფეხსაცმელი, იმიტომ კი არა, რომ
ახლის საყიდელი ფული არ მქონდა, არა, უბრალოდ, ასე
მინდოდა. მავანის პოეზიის საღამოზე გადამიდია ფეხი
ფეხზე, რომ ყველას დაენახა ელვასავით დაკლაკნილი გ-
ვერდული ბზარი ჩემი ფეხსაცმლის ძირზე. მომწონდა ღ-
არიბი პოეტის იმიჯი, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
მომიწევია პლანი, მაგრამ არ გადავსულვარ უფრო მძიმე
ნარკოტიკზე - საყიდელი ფული არ მიშოვნია (ხომ ვერ
ვუღალატებდი ღარიბი პოეტის იმიჯს), რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
მიტკენია ქალისთვის განმეორებით, რადგან პირველად
მე არ მტკენია. ქალსაც უტკენია ჩემთვის განმეოთხებით,
რადგან არც მას სტკენია პირველად. მე კი, გაბრაზებულს,
ლექსები მიწერია, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
მიკამათია დიდი ხნის წინ ლეგალიზებულ ორმაგ უარყ-
ოფასთან თავგანწირვით მებრძოლ პედაგოგებთან და ფ-
უჭად დაკარგული დროის გამო ჩემს თავზე სულაც არ გ-
ავბრაზებულვარ, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
გამცინებია საკუთარ თავთან მოლაპარაკე მურმან ლება-
ნიძეზე, უფრო საკუთარ თავზე მესამე პირში მოლაპარაკე
მუხრან მაჭავარიანზე და ჩემს გზაზე წავსულვარ, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
ვყოფილვარ ყოველ მეორე დღეს მთვრალი და, შესაბამი-
სად, ყოველ მეორე დღეს _ ნაბახუსევი მქონია, ამ ყაიდ-
აზე მცხოვრები კაცისთვის შეუფერებელი, ერუდირებუ-
ლის სახელი, მე კი მაინც ამავე ყაიდაზე გამიგრძელებია
ცხოვრება, რადგან
ბოჰემას მივაგებდი პატივს!
......................................................................................................
ახლა ძმარს მხოლოდ სალათისთვის ვხმარობ, მაქვს ცნო-
ბილი ბრენდის რამდენიმე ფეხსაცმელი, არათუ პ.......ს, სი-
გარეტსაც კი აღარ ვეწევი, მყავს ცოლი, რომელსაც ვუყვარ-
ვარ და რომელიც მიყვარს, ვიცი დროის ფასი და ამიტომაც
არ ვკამათობ კლიმაქსიან პედაგოგებთან, საკუთარ თავთან
მოლაპარაკე მურმან ლებანიძეზე უფრო ისევ საკუთარ თა-
ვზე მესამე პირში მოლაპარაკე მუხრან მაჭავარიანზე მეცინ-
ება, მაქვს ერუდირებულის სახელი და მანქანა, მაგრამ დიპ-
ლომი და მართვის მოწმობა არ მაქვს, და ვსვამ მხოლოდ ჩა-
ის, რადგან
ბოჰემამ არ მომაგო პატივი!
მორიდებული ბატონი “B”
ბატონ L-ს თხოვეს ლექსი წაეკითხა
და მანაც დაიწყო:
***
ჩემო საბრალო შვილებო,
მე ვერ დაგაპურეთ თქვენ,
როცა გშიოდათ;
მე ვერ დაგარწყულეთ თქვენ,
როცა გწყუროდათ;
მე ვერ გაგათბეთ თქვენ,
როცა გციოდათ!
ჩემო საყვარელო შვილებო,
მუდამ გახსოვდეთ დედა,
რომელიც საჭიროების დროს მამაც იყო,
და ხანდახან გამიხსენეთ მე,
რომელიც ვერავინ ვიყავი,
გარდა ბიოლოგიური მამისა!
ჩემო ოცდაცამეტი სტიქიისგან
შემდგარო შვილებო,
არ დაივიწყოთ
თქვენი ცალხაზიანი თუ
უჯრედიანი სახლი,
სადაც დაიბადეთ!
ჩემო დაფანტულო შვილებო,
მაპატიეთ,
რომ ვერ გაგიძეხით აღთქმული წიგნისკენ!
აპლოდისმენტების მერე ბატონ X-ს თხოვეს წაეკითხა ლექსი,
არც მას დაუწყია თავპატიჟი:
მამაო ჩვენო
ეკლესიაში
მშობლები: მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა და ა.შ. და ა. შ.
პური ჩვენი არსობისა
მოგვეც ჩვენ დღეს...
მოძღვარი: ...ხორცი უფლისა...
სახლში
შვილები: მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ტუალეტსა შინა და ა. შ. და ა. შ.
ფული ჩვენი გართობისა
მოგვეც ჩვენ დღეს...
დედა (ვენერა): ...ხორცი შუქრისა...
სიცილისა და აპლოდისმენტების მერე ბატონი M-ის ჯერი დადგა:
***
ფანჯრიდან მოჩანს კვლავ რუხი ბაღი,
დაფშვნილი წვიმა ეხლება მინას,
რაფაზე ვზივარ, ყველაფრით დაღლილს
მძინავს და მღვიძავს, მღვიძავს და მძინავს.
ვეწევი ხარბად („ელემი“ ლურჯი)...
ზეადის ბოლი _ მხურვალე ლოცვა.
თვალს + თვალი ხომ მზერას =, _
გავყურებ გოგოს ელექტრობოძთან
მდგომარეს. მამის კიდია თოფი
კედელზე. ისმენს წუწუნს და ჩივილს, _
ხანდახან ისე მძიმეა ყოფა,
რომ ედვარდ მუნკის „კივილით“ ვკივი!
ამჯერად ბატონ B-ს თხოვეს ლექსის წაკითხვა, მაგრამ მან იუარა. როცა მიზეზი კითხეს, ღიმილით განმარტა:
- ლექსის ყოველი კითხვისას თითო სიკვდილს ვათავებ. მართალია, კატის წელიწადში ვარ დაბადებული, მაგრამ ცხრა სიცოცხლიდან მხოლოდ ერთი-ღა დამრჩა, ხოდა, ნება მიბოძეთ, ის უფრო საჭირო საქმისთვის გავწირო!
გოგონა სამხრეთული აქცენტით
მეგონა, გავხდებოდი კაპიტანი,
ოკიჩობს ოკეანედ ვაქცევდი,
და სწორედ მაშინ იყო - გავიცანი
გოგონა სამხრეთული აქცენტით.
მეგონა, გავხდებოდი გოლიათი,
რაშმორის მემორიალს გავწევდი,
და ხელი, მაშინ იყო, მომითავა
გოგონამ სამხრეთული აქცენტით.
მეგონა, გავხდებოდი გენიოსი,
„ყორანს“ და „ ელდორადოს“ დავწერდი,
მაშინ კი ვეღარაფრით გავაოცე
გოგონა სამხრეთული აქცენტით.
წავიდა... აგვისტო რომ ილეოდა...
და როცა მიიწურა ზამთარი,
გაზეთში წავიკითხე: ჩრდილოეთში
ის გოგო შიმშილისგან მომკვდარა.
მეც ბედმა შემომხედა ალმაცერად,
ოცნება არ ამიხდა არცერთი.
შვილიშვილს შევხედე და გამახსენდა
გოგონა სამხრეთული აქცენტით.
კაფე „დონ ჩიჩოს“ შაურმის საგალობელი
ჯერ ნელა წამომაცვი, ჯიგარო, ამ შამფურზე
და მერე მატრიალე, ნელავე მატრიალე.
ზოგს უყვარს ლობიანი, ზოგს კიდე - ხაჭაპური,
ზოგს უყვარს ბივშტექსი და ზოგს მწვადი - სატიალე,
თუმცა მე ერთი ვარ და მტვრიანი ვიტრაჟიდან
ვჭვრეტ, ჩემს სუნს რომ იკრავენ მავანი გამვლელები,
ნერწყვს ჩაიცუნამებენ, შემოვლენ, ჭირსა შიგან
ვერგამაგრებულნი და ჯიგარო, სანელებლით
შეკმაზულს ჩამომაჭრი დუნდულებს, მოაშიკე
ხელს ნაზად გადაუსვამ, გახვეულს სუდარაში,
ჩემს შვილებს, საკბილოებს ვიღაცა ბიძერების,
ვიღაცა დეიდების და დახლთან მოდარაჯე
ვიღაცა ლაწირაკთა... ვიმღერი, ვიწერები
ამ ოდას, დაუკარი ჯიგარო გიტარაზე,
როგორმე გადავფაროთ „მოდულის“ შენობიდან
ნეკისფრჩხილდაძრობილის ღრიალი, გადავფაროთ...
თუმცა, შენ იყურები ახლა რომ შემოვიდა
იმ გოგოს ბაყვებისკენ (მიუჯდა სადაქალოს)...
ეხ, ისე როდი არი, ჯიგარო, შენ რომ გინდა
ყოველთვის ყველაფერი, დაუკარ გიტარაზე.
შვილები სად არიან, შეჭამეს, არ არიან,
როგორი გამგელებით ჭამს ვიღაც პიდარასტი,
შიმშილი დაიოკოს - მისთვის ეს მთავარია,
შენ კიდე დამდგარხარ და ეგ წარბი გითამაშებს,
გაჰყურებ: შემოვიდა შუახნის ორი კაცი.
და ეს დღეც მიილია. შავერმავ, შეგვიწყალე!
ყრის, გვერდით, გამყიდველი კარტოფილს ურიკაზე.
და ჩემი შვილებით კი, ეს ხალხი, გამაძღარი,
აავსებს ამაღამვე იმპორტულ უნიტაზებს!