ბელა ჩეკურიშვილის გზები და ლაბირინთები


ბელა ჩეკურიშვილის გზები და ლაბირინთები




არ მახსოვს, როდის წავიკითხე პირველად „სალომეა“. წავიკითხე და აღარასდროს დამავიწყდა: იცეკვე, სალომეა... - ვიმეორებდი ხოლმე და ყოველთვის ვამატებდი - იცეკვე, იცეკვე!.. ერთ ლექსში ჩატეული ასეთი შეუბრალებლობის და სინაზის, სიყვარულის და გამეტების, გაქცევის და შეგუების სულის შემხუთავი და ამავე დროს, დახვეწილი ერთდროულობის გამო „სალომეა“ ჩემი „მუდმივი“ ტექსტების სიაშია. 

 

„იცეკვე, სალომეა, სწავლა თუ გინდა, ცისკრიდან მზის მიმწუხრამდე უნდა იცეკვო, მუსიკა გულმა უნდა უკარნახოს ფეხებს და მკლავებს, ყურით კი არა, ტანით ისმინე!“ - მახსენდებოდა, როცა რაღაცის სწავლას ვცდილობდი; „თავს ნუ ხრი, მუდამ წინ იყურე, ზეცას ახედე...“ - მახსენდებოდა, როცა ვიმალებოდი; „იცეკვე, სალომეა, იმ დღის მოსვლამდე კიდევ ბევრი უნდა იცეკვო!“ - მახსენდებოდა, როცა ვერაფერს ვცვლიდი. ბელა ჩეკურიშვილის „სალომეა“ - შეიძლება გაგახსენდეს ბევრჯერ და სხვადასხვა მიზეზით. 

 

ბელა ჩეკურიშვილი ახლა გერმანიაში ცხოვრობს, შვილთან და მეგობართან ერთად. გერმანია მისი ცხოვრების კიდევ ერთი „აპდეითია“. ევროპაში სტუდენტობა ქართული განათლების გაგრძელებაც იყო და „შიშისგან“ გაქცევაც. დაამთავრა ბონის რაინიშე ფრიდრიხ-ვილჰელმის უნივერსიტეტის კომპარატისტიკის მიმართულება. გერმანიაში საუნივერსიტეტო პრაქტიკის დროს თანამშრომლობდა გამომცემლობა „ვაიდლე ფერლაგთან“ (Weidle Verlag). „ვაიდლე ფერლაგმა“ გამოსცა ზურაბ ქარუმიძის "დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" და აკა მორჩილაძის ორი - რომანი "მოგზაურობა ყარაბაღში" და "მამლუქი". ქართულენოვანი რედაქტორი სჭირდებოდათ. პრაქტიკის დროს ის ქართული წიგნებიც წაიკითხა და სარეკომენდაციო ანალიზი დაწერა, რომელთა დაბეჭდვაც შეიძლება გამომცემლობამ მომავალში იფიქროს. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომი კათედრის ხელმძღვანელმა უმაღლესი ქულით შეაფასა და ასისტენტის პოზიცია შესთავაზა, თუმცა ის უკვე ბერლინში ცხოვრობდა. ამბობს, ასეთი რამეებიც ხდებაო, მაგრამ ზუსტად იცის, რაღაც შეიცვლება, დრო, როგორც ყოველთვის, მის ცხოვრებაში, ახლაც მოიტანს ცვლილებებს. მანამდე კი თარგმანებზე მუშაობს - გერმანელი პოეტების კრებულს ამზადებს ქართულ ენაზე გამოსაცემად. 

 

საქართველოსა და გერმანიაში გამოცემული აქვს ლექსებისა და ნოველების რამდენიმე კრებული: „ან – ან“, „ღია ბარათები“, „შეკითხვად სიზიფეს“, „რაინისპირა ამბები“, „ჩვენ, ვაშლის ხეები“, „ფეხშიშველი“,  „სიშიშვლის დეტექტორი“... ხშირად მონაწილეობს ბერლინის, ლაიპციგის, ფრანკფურტის და ევროპის სხვა ქალაქებში გამართულ წიგნის ფესტივალებსა და ლიტერატურულ საღამოებში. მისი ტექსტები დაბეჭდილია სხვადასხვა ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. გერმანულის გარდა მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

ტელეფონში ბელა ჩეკურიშვილის „სიშიშვლის დეტექტორს“ ვკითხულობ, თან მესენჯერში შეკითხვებს ვკრეფ. ბერლინში ახლა დილაა, რაჭაშიც. მწერს, რომ ჯერ ყავას დალევს და მერე მიპასუხებს. ვიცი, ჩვეულებრივი კითხვა-პასუხი არ გამოვა. ასეც ხდება - ბელა უფრო ნოველებს მწერს - თითო თავს „უსასრულო ამბიდან“.  

 

 

თავი I - სახლი ბერლინში 

 

ვთხოვ, ჯერ რასაც ხედავს, იმაზე მომწეროს. იმის დასანახად კი, რასაც ახლა ბელა უყურებს, არც დრო მიშლის ხელს, არც მანძილი და არც „რკინის ფარდა“. ბანალურია ამაზე ლაპარაკი, არა?.. და მაინც, ყოველ ჯერზე, როცა ახლანდელი პროგრესითა და შესაძლებლობით ბანალურად ვსარგებლობ, გულუბრყვილო მადლიერება მიპყრობს; განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე ორიათასიანელს არ ველაპარაკები, რომლისთვისაც უგაჯეტობა, უინტერნეტობა, ომი და „ფარდა“ მხოლოდ ისტორიაა ან აპოკალიფსური მომავლის სცენარი. „აპოკალიფსგამოვლილებს“ კი უცნაური აღტაცება ახასიათებთ აწმყოს მიმართ და მადლიერებაც ყველა იმ ხიფათის და განსაცდელის გამო, რასაც გადაურჩნენ და ისწავლეს მარტოობაში, გზებზე, ქარსა და ხმებში როგორ დაიჭირონ „სახურავი“. 

სად არის, რას უყურებს, სად იქნებოდა?..

 

„ეს სახლი, ბერლინის უბანში, მოაბიტში, ჩემი მეგობრის, მათიას უნგერის სახლია, ვიკლევშტრასეს და ბრედოვშტრასეს კუთხეში დგას. და ჩემი მაგიდაც იმ ოთახშია, რომელიც ამ ქუჩების გადაკვეთაზე ხვდება და რადგან ოთახს ერკერი აქვს, სადაც ჩემი მაგიდა დგას, სამი მხრიდან დიდი, მაღალი ფანჯრები მაკრავს (მეოცე საუკუნის დასაწყისის სახლია, დაბომბილი და მერე შეკეთებული, ფასადი თანამედროვე აქვს, ინტერიერი - იუგენდშტილის). ფანჯრის რაფაზე ოთახის ყვავილებია და ქვები. ბევრი არაფერი, შტერული ყვავილებია, გერმანელებს უყვართ ინტერიერში მწვანე, ჩემი მოშენებული არ არის და არც ქვებია ჩემი, მათიასი აგროვებს ამ ქვებს, ისევე, როგორც ნახატებს და წიგნებს. 

მათიასს ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც აქვს: კარლო კაჭარავა, ჩუბჩიკა, ზურა გიკაშვილი, თემო ჯავახი, მამუკა ცეცხლაძე, თამაზ ვარვარიძე, ზურა აფხაზაშვილი, გოჩა ღულელაური... ოთახი საკმაოდ ფართოა და სამი  მხრიდან წიგნების თაროებით არის გარშემორტყმული. ორი თარო მე მეკუთვნის უკვე: ჩემი სასწავლო წიგნები და პირადად ჩემი გერმანულ-ქართული კრებულები, ანთოლოგიები და ალბომებია, სადაც ჩემი ლექსები გამოქვეყნებულა. ესეც მათიასის დაწყობილია, ამ ანტურაჟს მე მხოლოდ ალავერდის ფოტო შევმატე ფანჯრის რაფაზე და საბერძნეთიდან ჩამოტანილი პატარა ლარნაკი ათენას გამოსახულებით. და კიდევ იატაკზე ხალიჩა: ეს ხალიჩაც ქართულია, ირმებიანი და მგლებიანი, ისე გვიდევს, როგორც ხელოვნების ნიმუში, ფეხს არ ვაბიჯებთ. 

კარგი, ახლა გარეთ გაგახედებ: მესამე სართულია და პირდაპირ სახლში შემოდიან ხეები. მაგრამ ამ ხეების ჯიშებსა და სახელებს ნუ მომთხოვ, ქართული განათლების სისტემა დიდად არ იწუხებს თავს, ბავშვებს ხეების ჯიშებზე დაკვირვება ასწავლოს. არ გიფიქრია ამაზე? გერმანელებმა ხეების ჯიშები, ყვავილები, ფრინველები და მწერები ზედმიწევნით იციან. ალბომებში ეძებენ, ბუნებაში გადიან და გაჰყავთ ბავშვები მათზე დასაკვირვებლად.  განა მარტო ჯიშები, ქვეჯიშები და ქვეკლასებიც იციან. მე გამიგია წიფელი, „ხმელი წიფელიც“, წიფლის პარკეტიც (ცუდი პარკეტია), მაგრამ, აბა, მიმაყენე წიფელს, ვიცნობ რომელია? ან შენ იცნობ? 

 

აი, ვზივარ ამ მზიან დილით ბერლინში და საქართველოზე გელაპარაკები. კი, სიამოვნებით ვიქნებოდი ახლა მანდ, უფრო უარესს ვიტყვი: რადგან აგვისტოა, ქობულეთშიც კი ვიქნებოდი! იმ ჭუჭყიან, ათასი ჯურის დამსვენებლებით სავსე ქობულეთში, მათიასი რომ ტრიფოლეტს ეძახის და ვერ გაუგია, სად მივიწევ, რატო მივიწევ... დილიდან კი ჩემი მეგობარი ციცი ხაზიური ვენეციიდან მეხმიანება და კვნესა მაქვს. კი, ვენეციაშიც ვიქნებოდი, საერთოდ, ყველგან ვიქნებოდი, ნორვეგიის ფიორდებზეც, საერთოდ, ადამიანს მუდამ იქ უნდა, სადაც არ არის. კი, ბერლინის ეს სახლი ის სახლია, სადაც ვისურვებდი, დავბერებულიყავი“. 

 

„...ქარია და ამიტომაც ხმამაღლა ვყვირი / ჩემი სიტყვები ალვის ტოტებად ეხეთქება / ტროტუარის დაბრეცილ კიდეს, / მაგრამ მშველელს კი არ ვეძახი, / ანდა მიწასმოწყვეტილ, მქროლავ პოეტებს კი არ მოვუხმობ / დახუჭული თვალებით რომ მიფარფატებენ სადღაც, გადაღმა, / ვყვირი, რადგან მინდა, განიშნო, / რომ მოვახერხე, / შევკარი და მტკიცედ მიჭირავს სახურავის წვერიცა და საბუხრე მილიც, / რომ დაბზარული, ძველი სახლისგან / აგურიც კი არ დამიკარგავს." – „სახლი“.

 

 

ამბავი II - მათიასის საქართველოში 

 

ბელა ჩეკურიშვილი ამბობს, რომ ევროპელებს უყვართ ახალი ქვეყნები და სადმე „თავისას“ თუ მიაგნებენ, მერე ბოლომდე უერთგულებენ. ასეთი ევროპელია მათიას უნგერიც, რომელიც საქართველოთი მხატვარმა გოჩა ღულელაურმა დააინტერესა. ასე დაიწყო კულტურული ბიენალე „შეხვედრები ფიროსმანთან“, ორ წელიწადში ერთხელ ევროპელი მხატვრები ჩამოდიოდნენ საქართველოში. ათი წელი გაგრძელდა პროექტი, 200-ზე მეტმა გერმანელმა მხატვარმა ნახა საქართველო. ბელამ მათიასი სწორედ ამ პროექტით გაიცნო, როგორც „24 საათის“ ჟურნალისტმა - ერთ-ერთი გამოფენის გასაშუქებლად მივიდა 2010 წელს ქარვასლაში, მერე გოეთეს ინსტიტუტში დაესწრო ლიტერატურულ კითხვას. 

როგორ მიდიოდა, რა შეცვალა, როგორ ცხოვრობს?..

 

„ეს ყველაფერი რომ დამთავრდა, მივედი გოეთეში და ენის კურსებზე ჩავეწერე. გერმანიაში წასვლა არა, დოქტორანტურაში ჩაბარება გადავწყვიტე და ენა მჭირდებოდა. მათიასთან შეხვედრამ თუ ზოგადად, იმ სიტუაციამ მომცა ბიძგი. იცი, უცებ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უღიმღამოდ ვცხოვრობდი, ინტერვიუდან ინტერვიუზე დავყიალობდი და არ ვიზრდებოდი. შემრცხვა და შემეშინდა. საერთოდ, შიში და სირცხვილი ძალიან ძლიერია ჩემში, თუკი რამეს ვაკეთებ, ამ ორი გრძნობის გამო. 

 

ჰო, მათიასისთვის მე იმ ზოგადი ქართული პროექტის ნაწილი ვიყავი, ერთხელ მითხრა კიდეც, ძალიან ბევრი პროექტი გამიკეთებია ცხოვრებაში, შენ ყველაზე მეტად გამიმართლეო (ამის გახსენებაზე ყოველთვის ვიცინი). გერმანულ ენაზე ქართველი პოეტების კრებულის გამოცემაც „ფიროსმანობის“ პროექტის ნაწილი იყო, ზოგ ავტორს მონაწილეობაც ჰქონდა მიღებული ამ ხელოვნების ბიენალეში (მაგალითად, ზვიად რატიანს, შოთა იათაშვილს, ნიკა ჯორჯანელს, მერე უკვე მეც), დანარჩენი პოეტებიც გზადაგზა გაიცნო, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგიც - ჩემგან და საბოლოოდ, გამოვიდა თანამედროვე ქართველი პოეტების ორი გერმანულენოვანი კრებული „Aus der Ferne“ („შორიდან)“ 2015 წელს, და Dიე Kარტოფფელერნტე („კარტოფილის ამოღება“) 2017 წელს, სადაც 13 ავტორია შესული, მხატვრებიც დააინტერესა და პირველი კრებული ჰანს შაიბმა გააფორმა ილუსტრაციებით, მეორე - დიტერ გოლჩემ. ეს ორივე ხელოვანი ძალიან დიდი ფიგურები არიან თანამედროვე გერმანულ მხატვრობაში და ნეტავ იცოდე, რა უშუალოები, რა მოკრძალებულები არიან.  

 

მათიასს მარტო ლიტერატურა და მხატვრობა კი არა, ყველაფერი აინტერესებს, რაც სამყაროში ხდება, მისი თაობაა ასეთი, ე.წ. 68-იანები, აჯანყებულები, ცნობისმოყვარეები, დაუდგრომლები, მსოფლიოს მოდებულები. თავისუფალი ევროპა ამ თაობამ მოიტანა. გერმანიაში სასწავლებლად წამოსვლა არაფერს მომცემდა, მათიასი რომ არ შემხვედროდა. ნამდვილი კომპასია ჩემთვის, ღირებულებების, გემოვნების, უკომპრომისობის მანიშნებელი კომპასი. სიყალბეს ვერ ეგუება, ამაში ვგავართ. ათას ადგილას მივყავარ და მიმიძღვის, აი, მე რომ ენერგია აღარ მაქვს და მეზარება, ის აქეთ მამუნათებს, და ეს იცი, ზოგჯერ რა ექსტრემულია? (როგორ, პარიზში ჩახვიდე და სამივე სასაფლაო არ მოიარო?) ანდა, ორი საათი ბორშის დაჭრა-მოხარშვას რომ მიაკვდები და ჭამას არ დაგაცლის, უცებ წაიკითხავს ინტერნეტში, რომ პოლ ნიზონია ჩამოსული ბერლინში და ლეზუნგს მართავს და რა დროს ჭამაა, ბელიკო, სადღა ნახავ ცოცხალ პოლ ნიზონს, 80 წლისაა კაცი, ჩაიცვი, გავიქცეთ! და შენ აზრზეც არა ხარ, ვინ არის პოლ ნიზონი, მას კი, ახლა მაგიდასთან მიჰყავხარ, მიდი, წიგნზეც წააწერინეო. უფრო უარესი კიდევ, გზიდან ვიღაცებს დაურეკავს, ჩქარა, აქა და აქ, ესა და ეს ლეზუნგია, გამოფენაა, შეხვედრაა, ჩაიცვით, წამოდით... მათიასთან ცხოვრება მოთუხთუხე ვულკანთან ცხოვრებას ჰგავს. არც თვითონ ისვენებს, არც შენ გასვენებს... 70 წლისაა, სახსრები სტკივა, სიარული უჭირს და ადგება და მაინც წაგიყვანს კუმაში, რომ კუმას სიბილა სადაც იჯდა, ის ადგილი ნახო, ანდა რაღაცაზე გეტყვის, იქ რა გინდა, იმ კიჩურ საშინელებაში, იმ ტურისტებით გადაჭედილ ადგილზე? და ეს საშინელება არის, მაგალითად,  ვენეცია... 

 

„შიში - ერთადერთი სიმყარეა, რასაც ვეყრდნობი, რაც ვიცი, რომ მარადიულად იარსებებს, არ შეიცვლება, რაზეც დგას მძლავრთა მრისხანება და სუსტთა თმენაც... / ორსახაა შენი შიშიც, ორმაგად და ორგზის ნაკვები, ერთი მხრიდან თუ ვერ მოგაგნო, მეორედან მაინც მოგძებნის და თავისწილად არასოდეს არ მიგატოვებს. არ გეშინოდეს.“ – „ორპირობა“.

 

 

ამბავი III – მინოსის ლაბირინთში 

 

ბელა ჩეკურიშვილის ცხოვრებაში, ისე, როგორც მის ლექსებში, ბევრი გზაა. ოდესღაც წაიკითხა, რომ გზაზე მიმავალს „სამყარო ეხმარება“; ისწავლა, თუ არ გაჩერდება, დრო მისთვისაც იმუშავებს; გამოსცადა, რომ არსებობს ნიშნები, ძალას რომ მოგცემს და გზაზე არ წაიქცევი. მერე კი შეძლებ, შიში და სიმარტოვე თავგადასავლად აქციო, თავგადასავალი - ტექსტებად, ლექსებად თუ ნოველებად, ამბებად იმის შესახებ, როგორია წასვლა „ერთი გზის ბილეთით“ და როგორია „მოლოდინი“, „ორპირობა“ და „მორჩილება“, როგორია „უსასრულო ამბავი“... საქართველოში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანისტიკის ფაკულტეტზე, თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე და თბილისის გოეთეს ინსტიტუტში. 1998 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამოცემაში ჟურნალისტად.  

როგორი იყო გზა, დანიშნულების ადგილი, როგორი იყო თვითონ?..

 

„გერმანიაში სტუდენტობა ჩემი ქართული დოქტორანტურის გაგრძელებაა, აი, იმ „შიშის“, ბრიყვად რომ არ მოკვდე, შერცხვენილი, სამყაროს უნახავი...  ამას ახლაც, აწმყოშიც ვამბობ, თუმცა არ ვიცი, დავწერ თუ არა დისერტაციას. დღეს ამის აზრს ვეღარ ვხედავ და მირჩევნია, დროს მივანდო ამ საკითხის მოგვარება. დაკვირვებული ვარ, დრო ბევრ რამეს აგვარებს, შენ უნდა იარო, წინ იარო და აკეთო, ეძებო. წამოსვლა რომ დავიჩემე, სადღაც ამოვიკითხე გოეთეს ნათქვამი: გადით გზაზე და დაინახავთ, მთელი სამყარო დაიძვრება თქვენ დასახმარებლადო. ამან გამამხნევა, თუმცა დღეს ვამბობ: რომ მცოდნოდა, რა სირთულეები მელოდა, სახლიდან ფეხს არ გამოვდგამდი-მეთქი. 

გერმანულ ენაზე სწავლა, როცა ეს ენა არ იცი, მინოტავრის მოთვინიერებას ჰგავდა და მოვათვინიერე-მეთქი, დღესაც ვერ ვიტყვი, ჯერ ისევ მინოსის ლაბირინთში დავრბივარ და აღრიალებული მინოტავრი ფეხდაფეხ მომდევს. არიადნას არ შევხვედრივარ, არც ძაფი მოუცია ჩემთვის, მაგრამ გერმანიაში ჩემი ჩამოსვლა, ეს უკვე ნიშანი იყო, თუკი ნიშნების გჯერა. რომ იცოდე, რა დროში გამზადდა საბუთები, რამდენი წვრილმანი იყო გასაკეთებელი და რამდენი ადამიანი ჩაება ამ წვრილმანების მოგვარებაში, რამდენმა გამომიწოდა ხელი, სულ უცნობებმაც კი. ვის სად მიჰქონდა და მოჰქონდა ჩემი საბუთები, ღმერთო, მერე იმ ყველა ადამიანის მრცხვენოდა, სწავლა რომ დავიწყე! და  შუა გზაში თუ არ მივატოვე, სწორედ ამ სირცხვილის გამო. 

 

როგორი ვიყავი მაშინ? როგორი და ახალგაზრდა - თავქარიანი და აბურდული. ძალიან დიდი გმირობაა საჭირო, სიმართლე რომ აღიარო, არა? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მართლა 20 წლის დაგვიანებით ხდება. ოცი წლის წინ უნდა შემეცნო, მესწავლა და დამელაგებინა სამყარო ჩემში. რაღაც ასაკი გამოვტოვე, გარდამავალი - ჩამოვედი და ერთ წელში დავბერდი. რამდენიმე თვეში ჩემი სათვალის ნომერი 2 ერთეულით გაიზარდა, მოვიმატე წონაში და დამეწყო თმის ცვენა, დამეკარგა ძილი, გავხდი დეპრესიული, ნერვიული, მაქვს პანიკა ათას რამეზე. მაგრამ ეს ყველაფერი რა კარგი მასალაა მწერლისთვის, არა? როგორც მათიასი იტყოდა, ღალატი რომ არ იყოს, ლიტერატურაც არ იარსებებდა. ჰოდა, დავჯექი და დავწერე პირველი შთაბეჭდილებები ერთ წიგნად და „რაინისპირა ამბები“ დავარქვი. და კიდევ რამდენი მაქვს დასაწერი, ლექსებს არ ვამბობ, პროზად, ამბებად. 

 

"ერთი გზის ბილეთით წავედი / ამბოხის, ხმაურის, ქადილის გარეშე, არც წყარო წამიბილწავს, არც ხიდი დამიწვავს, / უსიტყვოდ წავედი, / ისევე უბრალოდ, როგორც წიგნებიდან მიდიან გმირები / ქვე ანდა ზე სკნელში / და მუდამ იციან, ეს მათი ხვედრია და კითხვებს არ სვამენ..." – „I. მეწამული - ერთი გზის ბილეთით“ 

 

 

თავი IV – განახლების რეჟიმში

 

ბელა ამბობს, რომ ის, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ბოლომდე საბჭოთა ადამიანად რჩება. თუმცა მერე შეგიძლია გააპროტესტო და შეცვალო ყველაფერი ის, რასაც გაზრდილი თვალსაწიერი, მენტალიტეტი, ან ახალი გარემო მოგთხოვს. ცვლიდა და იცვლებოდა თვითონაც, ანგრევდა, აშენებდა, აპროტესტებდა და ეს ყოველთვის ცუდი გამოცდილება არ იყო. ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი, როცა იზრდება, რაღაცისთვის ბრძოლას იწყებს, თავისუფლებაში გაზრდილიც და დიქტატურის დროსაც, მაგრამ განსხვავება მათ შორის ისაა, რას აპროტესტებს, რაში დებს ძალებს, ენერგიას, რისკენ მიდის. 

რა დაანგრია, როგორ აშენებს, რა გამოადგა?

 

„წარმოიდგინე, რამდენი რამის შეცვლა დასჭირდა ჩემს თაობას, რამდენი აპდეითი, რამდენჯერ გადაწყობა-გადმოწყობა, მხოლოდ იმის გასაგებად, ვინ ვართ, სად ვდგავართ, საიდან უნდა დავიწყოთ, საით წავიდეთ, რა გვინდა პირადად ჩვენ და რა გვევალება. ეს ხომ სულ სხვადასხვა შეკითხვაა, არა? ჯერ მარტო ის კმარა, ერთ დღესაც მთელი რიგი პროფესიები რომ უსარგებლო გახდა, მთელ რიგ საკითხებში რომ არიფები, არაპროფესიონალები აღმოვჩნდით. 90-იანელთა თაობას, ფაქტობრივად, მოუწია, საკუთარი თავი დაენგრია და ახალი აეშენებინა. ჩვენ ხომ სულ სხვა მოთხოვნებით გავიზარდეთ, სხვა უნარებ-თვისებებით, ბიჭებიც და გოგოებიც. ეს კიდევ ცალკე თემაა. 

სკოლა იყო და კონსერვის მოხუფულ ქილაში ჯდომას ჰგავდა, უნივერსიტეტი იყო და არ ვიცი, რა მიიღეს სხვებმა, მაგრამ მე იმ 90-იანებში იქ არც განათლება მიმიღია, არც პროფესია. სტუდენტობისას რაც ნამდვილად ვისწავლე, ეს იყო არსებულის გაპროტესტება. და თუ სტუდენტობისას შეძენილი უნარების სიას ჩამოვწერთ, ეს გამოცდილება დადებით გრაფაში მოხვდება. იცი, ჩვენ ხშირად სწორედ ამ გამოცდილებას ვთვლით უარყოფითად, მიგვაჩნია, რომ ისეთ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა, სადაც არც საპროტესტო აქციები დაგვჭირდებოდა, არც რევოლუციები, არც გაფიცვები და შიმშილობები, მაგრამ რეალობა ხომ ისაა, სად დავიბადეთ და როგორებად გვსურდა ჩვენი თავი გვენახა? ყველა თაობას ხომ თავისი ტვირთი და ვალი აქვს. ჩვენი თაობის ეს აღმოჩნდა. 

 

ომზე ვერ ვილაპარაკებ, როცა ჩემი მეგობარი ჟურნალისტები აფხაზეთში მიდიოდნენ მასალების ჩამოსატანად, მე პატარა შვილი მყავდა და ოჯახური ამბებით ისე ვიყავი დასტრესილი, გააზრებაც ვერ მოვასწარი, უკვე წაგებული იყო ის ომი. ეს შვილიც, თბილისის სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა (თუ გინდა, პუტჩი დავარქვათ, რა მნიშვნელობა აქვს), შიშის და სიცივის გამო რვათვიანი გავაჩინე და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეზარდა იმ ჩაბნელებულ და გაყინულ ქალაქში მე თვითონ ბალღს ეს ორკილოგრამიანი არსება. მაგრამ ყველა ის საკითხი, რასაც ჩვენ, მაშინდელი სტუდენტები, ქუჩაში გამოვყავდით, ჩვენი გასაპროტესტებელი და გასაფიცი იყო, ამას ახლაც ასე ვუყურებ. 

 

ჯერაც საბჭოთა უნივერსიტეტს რა უნდა მოეცა ისეთი, რაც მე არასაბჭოთა ქვეყანაში გამომადგებოდა? ახლა რასაც ვაკვირდები, ეს იყო უპირობო ავტორიტეტი და მორჩილება ლექტორების მიმართ. ლექტორი კი შემომდგარი იყო კათედრაზე და პირველ რიგში იმას ცდილობდა, შთაბეჭდილება მოეხდინა სტუდენტებზე. რატომღაც თვლიდნენ, რომ ყველა ის საგანი, რასაც გავდიოდით, კი არ უნდა ესწავლებინათ, დედის მუცლიდან უნდა გვცოდნოდა 17-18 წლის ღლაპებს. ჩვენს დროს ჩაბნელდა და გაიყინა უნივერსიტეტი. სიცივეს თავი დავანებოთ, საღამოს ფაკულტეტზე რომ იარაღიანები შეიჭრნენ და სტუდენტებს ტყავის ქურთუკები და პალტოები გახადეს, ის დრო შეიძლება ეფექტურ სტუდენტურ წლებად ჩაითვალოს? ანდა, ქუჩებში რომ იარაღიანები ფეხსაცმელებს გვხდიდნენ და ჩანთებს გვართმევდნენ? 

 

მე ვამბობ, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგე. ეს ჩემი პირადი აღქმაა. ვიდრე გონს მოვეგე, ვიდრე სულაც ჟურნალისტობა დავიწყე, ვიდრე განვლილის თუ აწმყოს ანალიზი შევძელი, ბევრი წელი გავიდა. ვიცი, ამ გადაწყობა-გადმოწყობის რეჟიმით ცხოვრებასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ სულ მოჭიმული თოკივით რომ ხარ, ეს ცალკე გაზიანებს. ანა მარგველაშვილი ამბობდა ამ რამდენიმე დღის წინ, ალცჰაიმერის მეშინიაო, ჩვენი თაობის გონებამ ისეთი დარტყმები მიიღო და კიდევ ისეთს იღებს, ერთხელაც ჩაქრებაო. ამ დროს მე ვეუბნებოდი, ინგლისურის კურსს ვაკეთებ-მეთქი და ისიც თავს მიქნევდა, კი, კი, ეგ მეც გასაკეთებელი მაქვსო. ჰოდა, ჩვენი თაობის ნიშანიც ესაა: მუდმივი აპდეითის რეჟიმში ცხოვრება“. 

 

„გზაც გაიშალა, / მე შენი ზღაპრის პერსონაჟი ვარ, / ახალი გზების უძველესი, მცირე ნაწილი… / წითელი კაბა მაცვია / და მხარზეც წითელი პეპელა მაზის / საკეკლუცოდ, სამშვენისად, საარავისოდ… / მივდევ ვაშლს და სულ უფრო შორს მივყვები ზღაპარს, / წყაროს ძებნას და წყაროსპირას მოდარაჯე გველეშაპის კბილს რომ მაბარებს...“ – „ვალი“.

 

 

თავი V – ცხოვრება ფრაზებში 

 

შარშან რომანის წერა დაიწყო, გერმანიაში მცხოვრებ სამ ქართველ ქალზე უნდა ყოფილიყო. მერე იტალიაში იმოგზაურა და კომპიუტერი მოპარეს, ყველაფერი მას გაჰყვა, სამი ქალის ამბავიც. ჩამოვედი და უკვე დიპლომზე უნდა მემუშავა, მერე ჩემს ცხოვრებაში სევდიანი ამბები მოხდა და იმ სამი ქალის ისტორიები ვეღარც აღვადგინე, ვეღარც გავაგრძელეო. მივუბრუნდები, ალბათ, ეგ ისეთი ქალები არიან, რას მომასვენებენო! მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბაზარზე პროზა უფრო „დაფასებულია“ ვიდრე ლირიკა, ფიქრობს, რომ პოეზიას თავისი ფასი არ დაუკარგავს და არც დაკარგავს. უბრალოდ, ძნელია პოეზიით ცხოვრება, კრებულების გაყიდვით გერმანიაშიც ვერავინ ცხოვრობს, ვერც პროზით, მაინცდამაინც, თუკი ბესტსელერი არ არისო. ყველა მწერალი სადღაც მუშაობს, ანდა სტიპენდიიდან სტიპენდიამდე გააქვს როგორღაც თავიო. და სათქმელსაც გააჩნია, ის, რასაც „რაინისპირა ამბებში“ წერდა, პროზის გარეშე ვერ იტყოდა. საერთოდ, წერა მისთვის თერაპია არ არის, უფრო ჩვევაა, აზრების და ემოციების გაზიარების მძაფრი მოთხოვნილება. 

რა უნდოდა, როგორ დაიწყო, რა დაიჯერა?.. 

 

„ამ ამბავს ძალიან ხშირად ვყვები ბოლო დროს: როგორ მიგვაჩვია მამამ წერას. რამე ახალ წიგნს რომ წავიკითხავდით, ანდა სადმე წაგვიყვანდა (ხშირად დავყავდით აქეთ-იქით), მერე გვთხოვდა, შთაბეჭდილება დაგვეწერა. ადრეულ ასაკში ეს ისეთი სისასტიკე იყო, სულ ტირილ-ზუზუნით ვწერდით მე და ჩემი და (ტირილით მე ვტიროდი, ნანა ზუზუნებდა). იმ დროს დაწერილი რაღაცები დიდხანს ჰქონდა ნანას შენახული, მაგალითად, ჩემი შთაბეჭდილება „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ რომ წავიკითხე, ანდა „ლურსმანა“ და ეგეთები. ერთხელ,  „დედოფალი მარგოს“ წაკითხვის შემდეგ, ავდექი და მთელი ის ჩემი განცდები გავლექსე. სხვანაირად იმას რა მომაყოლებდა, საშინელება ტრიალებს იმ რომანში! მერე მახსოვს, ფილმი „ბაში-აჩუკი“ ვნახეთ, ისიც გავულექსე. რასაკვირველია, ლექსად არცერთი არ ვარგოდა, მაგრამ თავი კი დამანებეს, თან ამასობაში გავიზარდეთ. თუმცა უარესი მოხდა, ანა ფრანკის დღიური ჩაგვივარდა ხელში. მე-6 კლასში ვიყავი, ავიღე სქელყდიანი საერთო რვეული, ჩავაკარი იქ ჩემი ფოტოსურათი (წიგნში ხომ ანა ფრანკის ფოტოა) და დავიწყე წერა. 

 

მეორე შემძახებელი უკვე სტუდენტობისას წამომეწია, გილგამეშიანი რომ წავიკითხე, იქიდან ავიტაცე: „გილგამეშ მეფევ, ქვაზე ამოკვეთე ყოველივე განცდილი!“ ხომ მაგარი ფრაზაა? პათეტიკაა, მაგრამ რაღაცამ ხომ უნდა შემოგიძახოს, ხომ არ შეიძლება სულ საპირისპიროში გარწმუნებდნენ, რომ მღილი ხარ და ცოდვილი, რომ შიშველი მოხვედი და შიშველი უნდა წახვიდე და არაფერი შენ არ გეკუთვნის ამ  მზისქვეშეთში! არადა, სიტყვა ხომ ღმერთია მეტყველისთვის, ამის თუ არ გჯერა, ვერც დაწერ და ვერც რამეს შექმნი, ჰა-ჰა, არსებობა მოახერხო. მთელი ჩემი ცხოვრება ლიტერატურული ფრაზებით არის აღბეჭდილი, თუ დადებითად და თუ უარყოფითად. არ დაიჯერებ, ამირანის ზღაპარმაც კი განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. გახსოვს, ყამარი რომ ეხმარება ამირანს ქაჯთა ბატონის დამარცხებაში და მამა რომ დაუძახებს: „უყურე, კახპა ქალასა, ქმარი არჩია მამასა. ქმარი ხეს ასხამს ფოთლადა, მამას ვინ მისცემს საწყალსა?“ ურთიერთობის გაწყვეტის რომ არასდროს შემშინებია, ამის მიზეზი ეგ იყო:  „ქმარი ხეს ასხამს ფოთლადა“. შენ იცინე და, კი გამომივიდა ფემინისტური მტვრევა და მსხვრევა. 

 

მამაჩემს უნდოდა, რომ ჟურნალისტი გამოვსულიყავი, მე ათასი რამე მინდოდა, ოღონდ ჟურნალისტობა არა, რატომ ვაპროტესტებდი, არ ვიცი, მგონი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მშობლების სურვილი იყო. ბოლოს ხომ მაინც ჟურნალისტიკაში ამოვყავი თავი, არა? ესეც ბედის ირონია იყო. ამ პროფესიამ წაიღო ჩემი ყველა ემოცია, ნერვები, დასაწერი ამბებიც და სიტყვებიც (სიტყვის ჩარჩი ვარ-მეთქი, ადრე ვამბობდი). როგორ მძულდა, ამის ახსნაც კი შეუძლებელია, რესპონდენტთან რომ შესათანხმებლად ვრეკავდი, გულში ვლოცულობდი, უარი მითხრას-მეთქი, ანდა უკვე ინტერვიუზე მიმავალი ვამბობდი, ნეტავ სახლში არ დამხვდეს! და ასეთი განწყობით 15 წელი ვიმუშავე! სამაგიეროდ, რაღაც ისეთი თვისებები შევიძინე, რამაც უკვე აქ, გერმანიაში გადამარჩინა: ახალი ინფორმაცია უმოკლეს დროში გაიაზრო, გადაარჩიო, დაალაგო, ფორმა მისცე... წარმოიდგინე, ახალჩამოსულზე რამხელა ინფორმაცია მოდიოდა, რა ჯახი და ზათქი იყო ჩემს გონებასა და ფსიქიკაში. ეს ყველაფერი დღის ბოლოს უნებურად იღებდა ჩანაწერის ფორმას. რასაკვირველია, ყველა მომხდარი ამბიდან ნოველა ვერ გამოვიდოდა, არც ყველა შემთხვევის განზოგადება იქნებოდა შესაძლებელი. იქ აღწერილი ამბებიც სწორხაზოვნად დოკუმენტური ხომ არ არის, ნაკრებია. ამდენ რამეს ლექსად როგორ ვიტყოდი, ისედაც, რაც წავედი, ლექსებს აქაურ ამბებზე მეტად უკან დარჩენილ ამბებსა და ადამიანებზე ვწერ. საკუთარ ქვეყანასთან დისტანციამ საერთოდ შემიცვალა დამოკიდებულება წარსულთან, ხედვაც და აღქმაც შეიცვალა, ეს ყოველთვის ასე ხდება. მე აქ ახალი ცხოვრება კი არ დავიწყე, მანდ რაც მქონდა, ის ჩამოვიტანე და გავამძაფრე“.

 

"ეს შორს მიმავალი მზეა, / ჩემი მარად აღმოსავლური ქალაქის თავზე / ნარის ციხეს რომ გადმოხედავს, / ვიდრე მთის წვერებს გაუყვებოდეს / და მე ამ ფერს ჯავშანივით მოვირგებ ტანზე / რადგან  ასე უფრო ძნელი  ვიქნები ჩასაყლაპად / (იოლად ვერ დავიღეჭები), / უფრო რთული  -  დასამტვრევად / (ძალისხმევად იქნებ არც ვღირდე), / უფრო სახათაბალო   -  გასასრესად / (ურტყამ, ურტყამ და ფეხებს მაინც ასავსავებს)..." - "მეწამული" 

 

 

თავი VI – დაცულ სამყაროში

 

რით განსხვავდება ევროპული ლიტერატურული პროცესი, რა განასხვავებს ევროპელ ავტორებს? - როგორც ბელა ჩეკურიშვილი ამბობს, ლიტერატურის განვითარება, ავტორების ხელშეწყობა დიდწილად ქვეყნის ეკონომიკასა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული და საქართველოსგან განსხვავებით, დიდ, ძლიერ ქვეყანას მეტი საშუალება აქვს, ლიტერატურაზე იზრუნოს, გახსნას ლიტერატურული სახლები, დააწესოს სტიპენდიები, დააფინანსოს კონკურსები და პრემიები. და კიდევ დაცულობის განცდა, რაც ავტორს დიდ თავისუფლებასაც აძლევს, ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების მეტ შესაძლებლობას. 

როგორ მონაწილეობს, ვინ იწვევს, როგორ თანამშრომლობს?..

 

„ეს ყველაფერი ხშირად კულტურის სამინისტროდან კი არ ფინანსდება, არამედ ადგილობრივი რეგიონის, ქალაქის, რომელიმე ორგანიზაციის თუ კერძო ინიციატივის მხრიდან. საქართველოში ყველაფერზე კულტურის სამინისტროს შევბღავით, იმიტომ, რომ თავკომბალასავით ყველაფერი ცენტრშია... განსხვავებას იცი, უფრო რა ქმნის? დაცულობის გრძნობა. იმის გააზრება, რომ ქვეყანა ზრუნავს შენზე. თანამედროვე გერმანელ ავტორებს ასეთი ქვეყანა მშობლებმა აუშენეს, ანდა თვითონ იყვნენ ამ შენების პროცესში ჩართულები. ჩვენ არც გვერგო და ვერც თვითონ ავაშენეთ ვერაფერი, ჩვენ ექსტრემალური ქვეყანა ვართ, საბჭოთა წარსულის მეხსიერებით და ამ ყველაფრის მასობრივად გააზრებაზე ვერცერთმა ინსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვერ დავარქვით ვერაფერს საკუთარი სახელი, ისევ მითებსა და ლეგენდებში ჩავრჩით. 

 

იცი, კიდევ რა მოგხვდება თვალში გერმანიაში? არსებობს პატარ-პატარა გაერთიანებები, რომელიმე პატარა ქალაქში ანდა სოფელში და გაიხედავ და ეს პაწაწკინტელა გაერთიანება იმხელა ფესტივალს წამოიკიდებს ზურგზე, ისეთი სიყვარულით, მონდომებით, გონივრული გათვლით! და ხელოვნების და ლიტერატურული სახლები? თუკი სადმე, რომელიმე მხატვარს ან მწერალს უცხოვრია, ყველგან რაღაც მსგავსი სახლი დგას და მთელი წლის განმავლობაში აწყობენ მწერლებთან შეხვედრებს, მუსიკალურ საღამოებს თუ გამოფენებს. თან ჰონორარსაც გიხდიან, იქ რომ ჩახვიდე. ძალიან ბევრმა ასეთმა  ხელოვნების სახლმა მიმიწვია უკვე და მომავალი წლისთვის მიწვევები უკვე დაიწყეს. 

 

მე ხშირად დავდივარ სხვების ლიტერატურულ საღამოებზე კიოლნშიც, ბერლინშიც, ბერლინთან ახლომახლოც, ჯგუფურ საღამოებშიც ვმონაწილეობ. ამ 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ავტორს შევხვდი, პირადად გავიცანი, მერე ზოგის ლექსების თარგმნაც დავიწყე. ძალიან მრავალფეროვანია და როგორც ხდება ხოლმე, ბევრი კარგით და კიდევ უფრო მეტი ცუდით. საინტერესოა თანამედროვე გერმანული ლექსის თემატიკასა და სტრუქტურაზე დაკვირვება. უამრავი მიმართულებაა, უამრავი ექსპერიმენტი, სულ ახალ და ახალ გამოსახვის საშუალებებს და მედიებს ეძებენ. სხვათა შორის, კონსერვატორიც ბევრია, ყველას ყველაფერი კი არ მოსწონს, ანდა ყველას ყველაფერი კი არ ესმის, არის ერთი განსჯა და მითქმა-მოთქმა, მაგრამ ესეც ხომ ძალიან ბუნებრივია? ღმერთმა ნუ ქნას, პირიქით იყოს, ყველას ყველაფერი ესმოდეს და ჯარისკაცებივით ყველა ერთ მწკრივში იდგეს. 

 

იცი, კიდევ რა არის თვალშისაცემი? როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ხელოვნების გალერეები და მწერლები, ასევე კერძო სამხატვრო ატელიები, ფოტოსტუდიები და მწერლები. უამრავი პოეზიის საღამო და ლიტერატურული კითხვა ეწყობა გამოფენებზე, ატელიები და ფოტოსტუდიები თვეში ერთხელ ორგანიზებას უკეთებენ პოეზიის თუ მუსიკალურ საღამოებს. ასეთი ურთიერთთანამშრომლობა ისეთ საინტერესო ტანდემებს ქმნის მერე, როგორიც არის ალბომები და ლიტერატურული ჟურნალები. მეც კი არაერთ ასეთ ალბომსა და ჟურნალში მოვხვდი უკვე. მაგალითად, ჟურნალები Common Sense, ანდა Body & Soul, ანდა ხელოვნების სახლ Desiree-ს კატალოგ „გზაში“ (Unterwegs). 

 

ჟურნალში Body & Soul ჩემს ლექსებზე ილუსტრაციები მხატვარმა ცოპე ფოსკულმა შექმნა. გამომცემელ ჰენდრიკ ლირშს კი ეს ილუსტრაციები იმდენად მოეწონა, გადაწყვიტა, ლექსები და ილუსტრაციები ცალკე კრებულად გამოეცა, თანაც უბრალო ილუსტრაციები კი არა, გრავიურები ჩაედო. ასე შეიქმნა ე.წ. არტბუქი Picknick am Berg. და ხდება უკუპროცესიც: ხელოვნების სახლ Desiree-ს  მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე მეც შევქმენი ლექსები. და ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, იმდენად ინტენსიური იყო შთაბეჭდილება. ეს ლექსები ერთ ციკლად შევა ჩემს მომავალ წიგნში, მხატვრებისადმი მიძღვნით.   

 

თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია პოეტური ტექსტის მუსიკალური ინტერპრეტაცია. კომპოზიტორმა და მომღერალმა ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილმა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, ჩემს ლექსზე „I don’t believe“ სასიმღერო კომპოზიცია შექმნა. ნესტანთან ერთად ორჯერ გამოვედი სხვადასხვა სცენაზე და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუკი შეიძლებოდა მუსიკოსსა და ჩემს შორის ამგვარი ტანდემი შემდგარიყო. 

 

„ეს ის ჰაერია ჩვენს პაპისპაპებს სიზმარშიც რომ არ აძინებდა. / პაპებს - გზებზე ადევნინებდა, / მამებს - თვალწინ ულივლივებდა და ჩინს აცლიდა, / და როგორც იქნა, ჩვენ გვერგო და ჩასასუნთქად კი არა მარტო, / ან ხელების საქნევად და ბუშტების გასაშვებად, / ჩვენ უკვე ამ ჰაერის ნაწილი ვართ, / წინაპრების ახდენილი ოცნება ვართ, / რეპრესირებულთა გახსნილი ბანაკები ვართ, / გადალახული საზღვრები ვართ, / თავისუფალი პასპორტები ვართ...“ – „რეპორტაჟი საბაჟოდან“

 

 

თავი VII – ქალების ბრძოლაში

 

როცა ქალებზე ვეკითხები, მწერს, რომ ამ თემას აქტუალობა არასოდეს დაუკარგავს არც ევროპაში, არც გერმანიაში და ოდესღაც დაწყებული ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დღემდე გრძელდება. მისაღწევი, მოსაპოვებელი და ბრძოლის მიზეზი კვლავ ბევრია, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით იქ გაცილებით მაღალია სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერაო. როგორც ბელა ამბობს, მიუნხენში ყოველწლიურად იმართება პოეტ ქალთა ინტერნაციონალური ფესტივალი. ასეთი ფესტივალი ბევრი არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა გაერთიანება და პროექტი, რომლებიც სხვადასხვა თაობისა და ქვეყნის ქალ ავტორებს ერთობლივ საქმიანობას სთავაზობენ. და ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოება დღემდე ყოფს ლიტერატურას „ჩვეულებრივ“ და „ქალთა“ ლიტერატურად. როცა ქალ მწერალს ისეთივე შრომა უწევს, როგორც კაცს, იმისათვის რომ თავი ირჩინოს და იმის ენერგიაც დარჩეს, რომ რაღაც შექმნას, ეს „რაღაც“ ავტორის სქესის მიხედვით არ უნდა ფასდებოდეს. 

ვინ იბრძვის, როგორ იქმნება, ვინ გამოხატავს?..

 

„თუნდაც ბოლო წლების MeToo-დებატებმა ხომ ცხადი გახადა, რამხელა ფარული პრობლემებია საზოგადოებაში. ვერ დაიჯერებ, როგორი მოქმედებენ აქ ქალები ერთმანეთის მხარდასაჭერად, თუ საზოგადოებრივ დონეზე და თუ შემოქმედებით. და რომ ვუფიქრდები, მიზეზი რა არის, ალბათ, ის, რომ მათ ყველა ის უფლება (მუშაობის, საუნივერსიტეტო სწავლის, არჩევნებში მონაწილეობის და ა.შ.), რაც ჩვენ დღეს ბუნებრივად ბოძებული გვგონია, ბრძოლით მოიპოვეს, და ამ ბრძოლაში ერთმანეთი სხვანაირად გაიაზრეს, დააფასეს. 

 

მიუნხენში პოეტ ქალთა ინტერნაციონალური ფესტივალი „შამროკი“ (Schamrock) 2012 წლიდან იმართება, რომელიც ლიტერატურული საღამოების გარდა, მთელი წლის მანძილზე უამრავ ღონისძიებას აერთიანებს, ფილმებით, ვორკშოპებით, დისკუსია-დიალოგებით. ამ ფესტივალის დაარსების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქალი ავტორები ძალიან  მცირედ იყვნენ წარმოდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე, რომ დღემდე იყოფა ლიტერატურა „ჩვეულებრივ“ და „ქალთა“ ლიტერატურად, და სხვათა შორის, დღეს ქალ ავტორებს მამაკაც კოლეგებზე მეტად, საზოგადოებასთან აქვთ პრობლემები. ამ ფესტივალზე გასულ წელს მე და ეკა ქევანიშვილმა მივიღეთ მონაწილეობა. იცი, რა იყო თვალშისაცემი და შთამბეჭდავი? გულწრფელობა. რომ ქალები გულახდილად საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე და კი არ კეკლუცობდნენ, არამედ, საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ. 

 

ლიტერატურულმა პორტალმა Fixpoetry, რომელიც ყოველდღიურად განახლებადი ონლაინჟურნალია და მასში გერმანულენოვანი და გერმანულად თარგმნილი ასეულობით პოეტია გაერთიანებული, შარშან წამოიწყო პროექტი: „ქალთა ხელით“ (Von Frauenhand) და ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე აქვეყნებდა მხოლოდ ქალთა შემოქმედებას. ქალებს შეეძლოთ საკუთარი პოეზია შერეული მედიით წარმოედგინათ. მე ჩემი ლექსის „მანანის ფაფა“ ქართულ ხელნაწერს ნათელა გრიგალაშვილის ფოტო დავურთე და კოლაჟი გავაკეთე. სხვათა შორის, ეს კოლაჟი, საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ქალთა ექსტრემული, ე.წ. გენდერული მოძრაობა, რომლებიც მაგალითად, მოითხოვენ, რომ მთელ რიგ სიტყვებში ერთდროულად გამოისახოს ორივე სქესი, მამრობითიც და მდედრობითიც. გერმანული, მოგეხსენებათ, სამ გრამატიკულ სქესს ასხვავებს (ქართული ენა რა გაწონასწორებულია ამ საკითხში!) ამ ორი წლის წინ უნივერსიტეტში უკვე გვითხრეს, რომ წერის დროს გაგვეთვალისწინებინა ეს მომენტი.  

 

შარშან გენდერულმა მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ ბერლინის ერთ-ერთი სასწავლებლის კედლიდან ოიგენ გომრინგერის ულამაზესი ლექსი  „Avenidas“  გადაღებეს, როგორც ქალებისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი. (აი, ეს ტექსტი: „ხეივნები / ხეივნები და ყვავილები / ყვავილები/ ყვავილები და ქალები/  ხეივნები ხეივნები და ქალები/ ხეივნები და ყვავილები და ქალები და მათი მეტრფე“.) ლიტერატურათმცოდნეებმა ვერაფერი გააწყვეს, მათი არგუმენტები პოეზიაზე საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 

„შენ შემხედავ და იტყვი: / გონიერ ქალს მეწამული ტანსაცმელი აღარ შეჰფერის, / გიუბრალოებს იმიჯს და სტატუსს, / რად ეძებ ჯავშანს? იყავი ღია, როგორც მდინარე / და მიმღები - როგორც სარკე ანარეკლების, / გაახილე თვალები ფართოდ, / შემოუშვი ახალი ფერი, / მოიშორე ჩოხაც და დროშაც, / გაშალე მკლავი, / შემოიცვი ჭრელი სამოსი, / გაზაფხულობით გაგახარებს ყველა ყვავილი, / და შეგიღებავს ტუჩებს კიდევ ბევრი სასმელი, / რად ხარ ასე შეკუმშული ლოკოკინას ნიჟარასავით? / გაშალე ფეხები, / თამამად, ფართოდ, მწყობრად, / გადააბიჯე..." – „მეწამული“

 

 

თავი VIII – გადარჩენა ტექსტებში

 

ბოლო ექვს წელიწადში ოთხი კრებული გამოსცა - ორი გერმანულად და ორი ქართულად. კიდევ ერთი, ლექსების კრებული აქვს მზად ქართულ ენაზე გამოსაცემად და გაისად უკვე ამ ქართული ვერსიის გერმანულ თარგმანზე იწყებს მუშაობას ლიკა კევლიშვილთან ერთად, რომელიც პწკარედის გაკეთებაში ეხმარება. 2013 წელს, როცა გერმანიაში ჩავედი, ლექტორები ბოდიშს მიხდიდნენ, საქართველოს შესახებ რომ არაფერი იცოდნენო. დიდი ცვლილება მის თვალწინ მოხდა: საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. დღეს საქართველოს ხსენებაზე აღარ ეუბნებიან: აჰ, სტალინი, ქართველი იყო, არა? სტალინი მათ ცნობიერებაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ჩაანაცვლა. ამ საოცარი ცვლილების მოწმე თავად ვარო, ამბობს ბელა ჩეკურიშვილი. 

რას თარგმნის, როგორ გაიცნეს, რას გამოსცემს?..

 

„ჟურნალისტობა უცნაურად გაჩვევს შენი სახელის თუ ნაწერის ნაბეჭდი სახით დანახვას  და რამე განსაკუთრებული აღარ ხდება, სადმე ჟურნალში ლექსს რომ გამოაქვეყნებ, ანდა ამ შენს ლექსებს წიგნად რომ აკინძავ. რეალურად, არც გერმანულ ანთოლოგიაში ჩემი ლექსების დანახვა გამკვირვებია და გამხარებია, ეს ხომ ჩემს გერმანიაში ყოფნას დაემთხვა და ისეთი სტრესი მქონდა ამ ახალი ცხოვრების გამო, ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა. 2015 წელს ქართული პოეზიის ორი კრებული გამოვიდა გერმანულ ენაზე, ერთი, ანთოლოგიის პრინციპით დალაგებული პოპ ფერლაგმა გამოსცა (Pop Verlag), „Ich aber will dem Kaukasos zu...“, რომელიც ხალხურ პოეზიასთან ერთად აერთიანებდა პოეტებს მე-11 საუკუნიდან დღემდე და მეორე კრებული, თანამედროვე ექვსი პოეტით, გამომცემლობა „კორვინუს პრესში“ (Corvinus Presse Berlin) გამოვიდა. რადგან ეს ორივე კრებული დამოუკიდებლად მომზადდა სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩემი ლექსები ორივეგან შევიდა (და არა მხოლოდ ჩემი). 

 

ერთ დღეს ნორბერტ ჰუმელტი მეუბნება, რომ გამომცემლობა „ვუნდერჰორნი“ (Verlag das Wunderhorn) ქართული პოეზიით დაინტერესდა, რომ ჩემი ლექსი „სიზიფეს“ ძალიან მოეწონათ და ნორბერტს ჰკითხეს რჩევა, ნორბერტმა კი თამამად გამიწია რეკომენდაცია. ჰოდა, თუ რამე გაქვს გერმანულად თარგმნილი, ერთად შეკრიბე და მომეციო - მეუბნება ნორბერტი, გაზაფხულია, ბერლინის პოეზიის სახლში რაღაც ღონისძიება იყო და იქიდან ყველანი მივდივართ იტალიელებში პიცის საჭმელად. კარგმა ამბავმაც რომ შეიძლება გული ისევე გაგიხეთქოს, როგორც ცუდმა, არა? აი, მაშინ დამემართა, რომ გავჩერდი და ვეუბნები: ეგ წიგნი რომ გამოვიდეს, მერე რაღა უნდა ვქნა, ალბათ დავხუჭო თვალები და მოვკვდე? ნორბეტი მშვიდად მპასუხობს: კი არ უნდა მოკვდე, მერე უნდა მეორე წიგნი დაწერო! სასაცილო პათეტიკაა, არა? მაგრამ ავტორისთვის მაინც როგორ ბევრს ნიშნავს ამგვარი ნაბიჯები! 

 

კრებული Wir, die Apfelbäume („ჩვენ, ვაშლის ხეები“) იმავე ზაფხულს გამოვიდა და ისე, რომ სიკვდილი ვერ მოვასწარი, ორ წელიწადში უკან მიჰყვა მეორე კრებული Barfuß („ფეხშიშველი“). მეორე კრებულს, თან ასე მოკლე დროში, თავში როგორ გავივლებდი, მაგრამ ერთი წლის თავზე,  რაღაც საღამოზე „კლაკ ფერლაგის“ (Klak Verlag) გამომცემელმა იორგ ბეკენმა მკითხა: „შენი „ვაშლის ხეები“ წავიკითხე და ჩვენთვის  როდის დაწერ ლექსებს?“ იორგ ბეკენს მაშინ გამოცემული ჰქონდა  ზურაბ რთველიაშვილის ლექსები, კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“ და ლუკა ბაქანიძის რომანზე მუშაობდა. ძალიან დაბნეული წამოვედი, მათიასს ვეკითხებოდი, ამას ჩემი კრებულის გამოცემა მართლა უნდა, თუ ასე ხუმრობს-მეთქი. მაგრამ ვიდრე თანხმობას ვეტყოდი, ჯერ „ვუნდერჰორნს“ მივწერე. პასუხი მოვიდა დაუყოვნებლივ, სიამოვნებით გამოვცემთ შენს მეორე კრებულსო. ამ გაზაფხულზე კი, ლაიპციგში მანფრედ მეტცნერმა და მე უკვე მესამეზე მოვილაპარაკეთ. გამოდის, რომ ჯერჯერობით სიკვდილი უნდა გადავიფიქრო, არა?

 

და ეს ყველაფერი არ იქნებოდა, ქართული ლიტერატურა გერმანულ საგამომცემლო ფოკუსში რომ არ მოხვედრილიყო, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსმა განსაზღვრა. საერთოდ, ერთი ავტორი მარტო ვერაფერს გააწყობს, როცა საქმე ნაკლებად ცნობილი ქვეყნის კიდევ უფრო ნაკლებად ცნობილ ლიტერატურას ეხება. ქართული ლიტერატურა ჯერაც აღმოსაჩენია გერმანიაში და ევროპაშიც, საჭიროა, რომ მუდმივად ითარგმნებოდნენ ქართველი ავტორები და მათი წიგნები ბევრ ქვეყანაში გამოდიოდეს, საჭიროა ავტორები პირადად ესაუბრებოდნენ მკითხველს, ბევრი ლიტერატურული საღამოა საჭირო, და საელჩოებში და უცხოეთში მცხოვრებ ქართულ  დისაპორებთან კი არა, რეალურ მკითხველთან, წიგნის მაღაზიებში, პატარ-პატარა ქალაქებში. ის, რაც ფრანკფურტის ბაზრობისთვის გაკეთდა, ერთი წვეთია, ქართულმა მხარემ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს კიდევ. ქართული პოეზია ძალიან საინტერესოა და მგრძნობიარე, ეს პოეზია სწორად უნდა გავიტანოთ და მივაწოდოთ მკითხველს. ჩემი წარმატება მხოლოდ იმან განაპირობა, რომ აქ ვარ, ადგილზე ვხვდები მკითხველსაც და გამომცემელსაც. 

 

ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივი იყო ევროპული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში მოხვედრა (Grand Tour, Reisen durch die junge Lyrik Europas). ქართული პოეზია ამ უზარმაზარ ანთოლოგიაში მაია სარიშვილის, შალვა ბაკურაძის, ზვიად რატიანის, პაატა შამუგიას და ჩემი ლექსებით არის წარმოდგენილი. 2017 წლის გერმანული პოეზიის წლიურ კრებულში (Jarbuch der Lyrik 2017) თარგმანების განყოფილებაში ჩემი ლექსიც შეიტანეს. ძალიან საინტერესო იყო, რომ ლექსი „სიზიფეს“ შეირჩა კიდევ ერთ კრებულში: „ანტიკურ სამყაროში გატაცება - ახალი ამბები ბერძნული მითების გარშემო (Entführung in die Antike - 'Neue Geschichten um griechische Mythen). ხომ ამდენი მიწვევა და გამოხმაურება მაქვს, მაგრამ მაინც გაოცებას იწვევს, როცა ასეთ შეთავაზებას ვიღებ. ვიჯერებ, რომ ვიღაცები ლექსებს მართლა კითხულობენ,  რომ პოეზია აინტერესებთ. 

 

აქამდე ჩემი ორივე კრებულის პოეტურ თარგმანზე ნორბერტ ჰუმელტმა იმუშავა, მესამეზეც იქნება თუ არა თანახმა, არ ვიცი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, უცნობ ქვეყანაში უცნობ პოეტს ვინ წარგადგენს. ნორბერტი ძალიან საინტერესო ავტორია თანამედროვე გერმანულ პოეზიაში და ძალიან ნიუანსობრივი მთარგმნელი. როცა გამომცემელს  „ვაშლის ხეების“ მანუსკრიპტი გაუგზავნა, პროექტის ავტორმა ჰანს ტილმა, თავადაც პოეტმა და მთარგმნელობითი სახელოსნოს ხელმძღვანელმა ასეთი რამ მოსწერა: „ახლა დავასრულე ლექსების კითხვა და აღტაცებისაგან ფეხზე წამოვდექი, ეს რა საოცარი შრომა გასწიე, და ეს რა საოცარი პოეტი აღმოგვაჩენინე!“ - არ ვაჭარბებ, ნორბერტიც ისე აღელდა, ჯერ მეილი დამიკოპირა, მერე დამირეკა. 

 

შარშან თანამედროვე გერმანელი პოეტების კრებულის გაკეთება გადავწყვიტე. 14 ავტორი შევარჩიე და თარგმნა დავიწყე. ჯერ შერჩევა იყო ძალიან რთული საქმე, იმდენად მრავალფეროვანია, იმდენი კულტურული კონტექსტია თანამედროვე პოეზიაში, იმდენად უცნაურია მათი ენასთან დამოკიდებულება. ბევრს ვერც კი გავეკარე, არ ვიცოდი, ქართულად როგორ შეიძლებოდა მათი გადმოტანა. არ მინდა, თარგმანი თარგმანად დარჩეს და ქართველმა მკითხველმა მხრები აიჩეჩოს. ეს ერთგვარი სამადლობელი ჟესტია ჩემგან, იმ ყურადღებისა და სიყვარულისთვის, რაც გერმანიაში მივიღე. ავტორები სხვადასხვა თაობიდან შევარჩიე, ყველა მათგანი სამწერლო წრეებში ცნობილი და აღიარებულია. შევეცადე, ერთგვარი სპექტრი შემექმნა. ვნახოთ, რა გამოვა. ზოგიერთი მათგანი გზადაგზა კიდეც გამოვაქვეყნე ჩვენს ლიტერატურულ გამოცემებში“. 

 

„მე წავედი და ქალაქი გამოვიცვალე, / წავედი და ქვეყანა გამოვიცვალე, / სხვა ენაზე ავლაპარაკდი, / სხვა ცა მხურავს ქუთუთოებზე, / და ბგერებიც სულ სხვაგვაგვარად ლაგდებიან, / როცა მოვუხმობ. / მეგონა, აი, გავთავისუფლდი, / აი, შორს ვარ, / წარსულისგან საიმედოდ გადამალული, / და შენი ხსოვნა ვეღარ მომწვდება, / მაგრამ სახელმა, / სადღაც, შემთხვევით გაგონილმა სახელმა, / ჩემი სიმშვიდე მეტყევის ნაჯახივით მოსხიპა / და იმ ფიჩხის გროვად აქცია, / დღეს-ხვალ ისევ მწველ ცეცხლად რომ აბრიალდება". - "სახელი“.

 

ბელა ჩეკურიშვილს როცა კითხულობ, შეიძლება კიდევ გაგახსენდეს - „ქარი ვარ და ქარისას ვამბობ, დამსხვრევისას, ხმებისას, გზისას...“ „ორპირი ვარ - მთიელის ხანჯალივით, ჩინური აბრეშუმივით, ვენეციური მინასავით...“ „ღმერთო, სად არის ჩემი სახლი“! “მაინც სად არის ჩემი სახლი“? – ვეკითხები ყველას ხმამაღლა..." - ამბები და თავგადასავლები, შემწვარი ვაშლის სუნი რომ ასდით, სიტყვებიდან ამოვარდნილი ქუხილით და მსხვრევით რომ გაყრუებენ, საყრდენს რომ გაცლიან და თან გზაზე გაყენებენ... თითქოს სკივრი გახსენი და ყველა ხსოვნა, მითი და შიში გააცოცხლე - „არ გეშინოდეს!“

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE