სერგეი ტიმოფეევი დაიბადა 1970 წელს, რიგაში. ავტორია შვიდი პოეტური კრებულის. მონაწილეობდა პოეტურ ფესტივალებში დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, უკრაინაში, გერმანიაში და სხვაგან. მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ, ჰოლანდიურ, მაკედონიურ, უკრაინულ, შვედურ, გერმანულ, ქართულ და სლოვენიურ ენებზე. 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა მულტიმედიური პოეტური პროექტი „ორბიტა“. სერგეი ტიმოფეევი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც პოეტური ვიდეოს ჟანრი დაამუშავა. მონაწილეობს მულტიმედიურ პოეტურ ექსპერიმენტებში, პოეტურ ინსტალაციებსა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებში. 2003 წელს შევიდა ანდრეი ბელის პრემიის შორტ-ლისტში, 2005 წელს მიიღო ლატვიის „წლის პოეტური პრიზი“, 2014 წელს იყო ნომინირებული ლატვიის პურვიტისის პრიზზე ვიზუალურ ხელოვნებაში. 2019 წელს დაჯილდოვდა პრიზით დებიუტისათვის საბავშვო ლიტერატურაში.
სიყვარული
შურას მძიმე ბავშვობა ჰქონდა,
და ახლა უამრავ ფულს ხარჯავს ექიმებში,
მაგრამ ალერგიას რძეზე, ძროხის ხორცზე, კვერცხზე,
სოკოზე, ბანანზე... და ხახვზე ექიმებმა ვერაფერი
მოუხერხეს. მისი ქმარი, პაშა, მხატვარია. წელს მას
თითქმის არაფერი დაუხატავს, რადგან ოჯახისთვის
ფული უნდა ეშოვა, ხოლო რიგის სახელოსნოში
ცოტას უხდიან და ბევრს ავალებენ, ის ხომ ნამდვილი
ოსტატია და რა გინდა, რომ მან ვერ დახატოს. ასე რომ,
პარალელურად შეკვეთების აღება უწევს და ამიტომაც
თითქმის ყოველთვის კომპთან ზის. შურა კი ემზადება
დიპლომის დასაცავად. მას ძალიან უნდა,
პაშას ასიამოვნოს და გემრიელი სადილი მოუმზადოს,
ჰოდა, გადაწყვეტს, შეუწვას სოკო მწვანე ხახვთან ერთად,
რადგან პაშას ძალიან უყვარს ხახვი. უნდა ითქვას, რომ
ისინი ხახვს საერთოდ, ანუ პრინციპში, სახლში არ ჭამენ,
რადგან შურას ალერგია აქვს. ასე რომ, შურა მიდის
მაღაზიაში, ყიდულობს კონა ხახვს, შემდეგ ირგებს ნიღაბს,
ცხვირზე სპეციალურ დამცავს იმაგრებს,
ჭრის მწვანე ხახვს და გაცხელებულ ტაფაზე ყრის,
ნიღაბქვეშ სუნთქავს, ამატებს სოკოს და ურევს.
მერე თეფშზე დებს კარტოფილს,
შემწვარ სოკოს ხახვთან ერთად და პაშას ეძახის,
თვითონ კი ბინიდან გადის. კარის მოხურვის შემდეგ
ნიღაბს იხსნის და კიბეზე ეშვება.
ხუთი წუთის შემდეგ პაშას წერს ფბ-ში:
„მოგეწონა?“ „ ძააააალიან გემრიელია. მადლობა!“ –
პასუხობს პაშა და მერე დიდხანს ანიავებს სამზარეულოს.
შურას უკვე შეუძლია მშვიდად დაბრუნდეს
და გააგრძელოს თავისი საქმეები,
მათ შორის - ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც –
ერთად ცხოვრება, ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭება,
სოკოსა და ხახვის შეწვა მაშინაც კი,
როცა ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.
სასტუმრო „რიცი“
ცისფერი მოზაიკის იატაკი საცურაო აუზში
გზამკვლევი ვარსკვლავებით,
ორიგინალური განათებითა და
მუდამ საკუთარ თავს ადევნებული
წყლის ნაკადის საუნდტრეკით
ფილოსოფიურ ფიქრებს აღძრავს.
ახლა შუადღეა, აქ არავინაა, მხოლოდ
შუშებს იქით, სადღაც, სიღრმეში კრთება ჩრდილი
შავთმიანი ქალის თეთრებში.
ის ამოწმებს კრისტალურად სუფთა
პირსახოცებსა და სააბაზანო ხალათებს,
რომლებიც საკმარისზე მეტია.
მაღალ თაროებზე ჭერამდე აწყვია ვაფლის პირსახოცის
გრაგნილები, მჭიდროდ კი არა, ჰაეროვნად, რადგან
აქ მომსვლელთა რაოდენობა თითებზეა ჩამოსათვლელი.
ჯაკუზიდან ამოსული იმშრალებ ტანს,
იცვამ ხალათს, რბილ ჩუსტებში ჰყოფ ფეხებს და
გვერდით ჩაუვლი ტყავის შეზლონგებს,
სპორტულ დარბაზს და ჰიგიენის საშუალებებით და
მსგავსი სისულელით გაძეძგილ შუშის თაროებს.
გამოდიხარ სარკეებიან ფოიეში. იღება ლიფტი,
შეაცურებ ბარათს და აჭერ ღილაკს. მერვეზე
ცხოვრობ. 808. თითქოს ორ უსასრულობას შორის
გაიჭედე. შენ კონფერენციის დაკარგული წევრი ხარ.
კომპიუტერმა აურია და უკვე მესამე კვირაა,
არ გწერენ სასტუმროდან. საუზმობ,
შენი მაგიდა გაქვს. ახალგაზრდა, ქერა დამლაგებლებს,
სასოწარკვეთამდე თავაზიანებსა და
პედანტურებს, ნომერში კანფეტებს უტოვებ.
მსუყე საუზმე მთელი დღე გყოფნის. მოგვიანებით,
ქაბაბსაც დააყოლებ და მერე მთელი საღამო შეგიძლია
სდიო კურდღლებს უზარმაზარი პარკის მდელოზე.
ასეთ დროს მხოლოდ ველოსიპედისტები კვეთენ მას.
მშვიდად გძინავს დაკეტილ ფანჯრებში, ჩართული
კონდიციონერის ქვეშ. როცა შეცდომას საბოლოოდ იპოვიან,
ალბათ მოახერხებ მიმალვას და ფსკერზე გაწოლას,
ოღონდაც მასზე იყოს ცისფერი მოზაიკა.
***
ზოგჯერ სადმე უმიზეზოდ უნდა წახვიდე,
სიმართლის პური ხმელ და უხეშ ნატეხებად დააქუცმაცო,
წაიშალო კონტურები, ბრმა ლაქად იქცე,
არ ჩქარობდე გაღვიძებას ციებ-ცხელებით,
ზოგჯერ დიდი ხნის მიტოვებულ შენობებში უნდა შეხვიდე,
სადაც დაგრეხილ მავთულებზე ნახევარი საათის წინ
ერთი შიშველი ნათურა ენთო, მტვერი ფრთხილად
გადაწმინდო, გაკრული ხელით ნაწერ ფურცლებს თვალი შეავლო,
გადასწიო ფირფიცრები და მიხვდე, სივრცე როგორაა
გადატვირთული, გადავსებული, გადახერგილი. ზოგჯერ უნდა
ჭამო მარილი პურის გარეშე და არ დაიმანჭო. ზოგჯერ.
ნავსადგური
მეათე ღამეა, ნავსადგურს აშენებენ მეზობელ ქუჩაზე,
ჩემამდე აღწევს მხიარული ხმები, ონკანის ხმაური,
ლითონის ლითონზე წკარუნი, რაღაცებს მაღლა სწევენ,
მერე კი - დაბლა, ხანაც - ხელიდან უვარდებათ.
უეჭველია, ეს იქნება ფრანგული, ბერძნული ან იტალიური
ნავსადგური. კი, ნამდვილად ასეა, თუკი ვიმსჯელებთ
იმ სურნელით, რომელიც ღამით ჩვენს ფანჯარაში შემოიფრქვევა.
მაგრამ დილაობით სახლიდან როცა გამოვდივარ და ქუჩის კუთხეში
შევუხვევ, ვხედავ, რომ არაფერი შეცვლილა: არც ნავსადგურია,
არც - მხიარული მუშები, არც - წყალმცენარეებისა და თევზის სუნი.
ამიტომ, სულ უფრო ხშირად ვმუშაობ ღამით
ფართოდ გაღებულ სარკმელთან და ვიძინებ გამთენიისას.
უცნაურია, რომ ჩემ გარდა ამას ვერავინ ხედავს, ვერავის ესმის.
ვისაც კი ვკითხე, მყისიერად შეცვალა თემა.
ქებათა ქება
როცა მსოფლიოს ყველა ძველი ფეხსაცმლით
ააგებენ ახალ ტაჯ-მაჰალს,
და ეს ორმოცდაათიოდე წლის ოფიციანტი,
სპორტული აღნაგობის სტუდენტებისკენ რომ
თვალი გაურბის, ფარდულის უკან გავა მოსაწევად,
როცა გოგონა, ანორექსიასთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ
პირველად ჩაკბეჩს მონატრებულ ჰამბურგერს,
და ხუთშაბათობით ბანჯოზე დამკვრელი ჩაჯდება
დიდ, ძველ მანქანაში და ჰორიზონტისკენ გაემართება,
ანდა უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე, სწორედ მაშინ
ქებას შეგასხამ, ვადიდებ შენს გრძელ შალის კაბებს
და დიდ, ოვალურქვებიან ბროშებს, რადგან
არაფერია ამაზე კარგი, როცა ირგვლივ
ასეთი კადრები მონაცვლეობენ, საფეხურები იმტვერებიან,
და სამგლოვიარო გვირგვინებისთვის ფიჭვის ტოტების
შემგროვებლებიც იღიმებიან სახიდან ოფლის მოწმენდისას.
ჭეშმარიტებები
მე მინდა გითხრა მარტივი ჭეშმარიტებები,
გაგიმხილო მნიშვნელოვანი ამბები.
მუდამ გააღე კარები, შედი ლიფტში,
ადი სართულებზე, გაიარე დერეფნები.
ყოველთვის ჩაჯექი მანქანებში, ჩართე ძრავა,
თუ ზამთარია, დაელოდე, სანამ გახურდება.
მუდამ ხარჯე ფული, მაგრამ ცოტ-ცოტა,
და მხოლოდ იშვიათად დახარჯე მთლიანად.
ზაფხულში იქნება ზაფხული, შემოდგომაზე – შემოდგომა,
ნუ აიმრიზები, ნუ გააკეთებ იმას, რაც არ გსიამოვნებს,
გოგონები გახდებიან ქალები, და მერეღა შეამჩნევ მათ, როცა
ბავშვებთან ერთად ხელჩაკიდებულნი ქუჩას გადაჭრიან,
კაცები შუბლშეჭმუხვნით გათვლიან შესაძლებლობებს,
მერე კი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ და
ხშირად დაუშვებენ შეცდომებს. მთავრობები არსებობენ,
რომ დაეცნენ, გემები – ხიდებქვეშ რომ გაცურონ.
მიუხედავად ამისა, სინათლე მეორე ნაპირზე,
არასდროს, წარმოიდგინე, არასდროს ჩაქრება.
და თუკი მაინც გამოირთო, ჩაალაგე ჩანთა,
ზედმეტი არაფერი წაიღო და რაც შეიძლება, სწრაფად
დატოვე ქალაქი. როცა მიხვალ ახალ ადგილას,
მიმოიხედე, ხეს მიეყუდე, თუკი ეწევი, მოწიე,
დადექი, იფიქრე. ხედავ, აქაც სვამენ საღამოობით ჩაის
და დილაობით – ყავას, ლანძღავენ მერს,
ელოდებიან ცვლილებებს უკეთესობისკენ.
და თუკი არის მდინარე, რომლის იქით მოჩანს
სინათლე, – ესე იგი, არსებობს რაღაც ხელმოსაჭიდი.
იცი, თუ არა, მეგობარო
თუკი გავხსნით კოკა-კოლას ბოთლს,
შიგ ჩავაფურთხებთ, თავზე ხელს მოვუჭერთ
და ერთი-ორი წუთით შევანჯღრევთ, მაშინ ფსკერზე
წარმოიქმნება, ასე ვთქვათ, ნაცრისფერი ხვეულა.
როგორც კი მოძრაობას შეწყვეტ, ეს ხვეულა
გადაიქცევა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ
ამერიკული სამხედრო ჯიპის პატარა პლასტმასის
მოდელად, საომარ ფორმაში ჩაცმული
ორი ფიგურით – ქალით და კაცით.
ამის შესახებ მიამბო მებუფეტემ ლიეპაეში
ნატოს მიერ გახსნილ მოცურავეთა ბაზაზე.
ეს ელეგანტური შენობაა ზღვის ნაპირზე,
უზარმაზარი მრგვალი ფანჯრებით. მებუფეტემ
უკვე შეაგროვა ასეთი ჯიპების პატარა კოლექცია.
ფიგურები მათ შიგნით მხოლოდ პოზებით განსხვავდებიან –
ზოგჯერ სხვადასხვა მხარეს იყურებიან, ზოგჯერ
ერთმანეთს ჰკიდებენ ხელს, ორ მანქანაში კი ერთმანეთს
კოცნიან კიდეც. ამ მოდელებს მებუფეტე განსაკუთრებით
აფასებს. მისი კონტრაქტი მალე დასრულდება და ის
საცხოვრებლად მეთევზეთა და
მხატვართა ნავსადგურთან გადავა, პავილოსტაში,
სადაც რამდენიმე წლის წინ ჩალის ფასად ნაყიდ
სახლში ექსპერიმენტების გაგრძელებას აპირებს.
ამის შემდეგ იგი ჩუმდება და ხელში ატრიალებს
ნაცრისფერ პლასტმასს. მასზე გამოსახულია
წარწერა: „დამზადებულია ჩინეთში“.
***
ფრანგული კინოს ხელოვნება
გულისხმობს ავტომობილს, მზეზე საუბარს,
ორცხობილასავით გატეხილ ბედს,
კაცის შეხვედრას სხვა, უცხო ქალთან,
მერე კი - ქალთან, რომელიც უზმოზე ეწევა.
კიდევ ბევრი ისეთი მომენტი უნდა იყოს,
რომ შეიძლება თავის ტკივილის აბი
პირდაპირ ჰაერში განზავდეს.
ხოლო ფინალში, როცა ყველას რაღაც შანსი ეძლევა,
ბიჭს ღვინოზე აგზავნიან, ის კი
მთელ ფულს კანფეტებში ყრის.
საძინებელი ოთახი
ეს მოცისფრო-მონაცრისფრო
მდედრობითი სქესის კედელი,
სადაც სურათი ჩამოკიდეს,
წინააღმდეგი სულაც არ არის
ფარდის იქიდან შემოსული
მამრობითი სქესის სინათლის,
და მის მუდმივ გარდასახვას
კედელი იღებს, როგორც
რაღაც განსაკუთრებულ მომსახურებას.
შუქის უწყვეტი ცვალებადობა, მისი ლივლივი
კედელს იზიდავს, ახალისებს, ჭკუიდან შლის.
„სულელო“, - თითქოს ასე ეუბნება მამრ სინათლეს
მდედრი კედელი, - „მომეყრდენი, მომეკარი და მომეხვიე“.
სინათლეს კი უშველებელი თვალები აქვს და
ვერასდროს ხედავს მის წინ ვინაა.
რუსულიდან თარგმნა ნენე გიორგაძემ