ფრანგული დადაიზმისა და სიურრეალიზმის ერთ-ერთი ინსპირატორის, ჟაკ ვაშეს მიერ პირველი მსოფლიო ომიდან (სადაც ვაშე ინგლისურის თარჯიმნად იყო გაწვეული) მეგობარი მწერლებისადმი გაგზავნილი პირადი წერილები დღემდე ფრანგი ლიტერატორების დიდი ყურადღების საგანს წარმოადგენს.
კრებული “ომის წერილები”, 23 წლის ჟაკ ვაშეს ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ანდრე ბრეტონმა გამოსცა. იგი მოიცავს ვაშეს მიერ ანდრე ბრეტონის, თეოდორ ფრანკელისა და ლუი არაგონისადმი გაგზავნილ წერილებს.
აქ მოყვანილ ოთხ წერილში, ვაშეს წერის სტილი განსაკუთრებით უცნაურია (ეპისტოლური ჟანრისთვისაც კი), რაც გასაგებია ავტორის განწყობიდან და მსოფლხედვიდან გამომდინარე. გამოყოფილი სიტყვები, არასტანდარტული პუნქტუაცია, დატეხილი სინტაქსი და გადაკეთებული ლექსიკაც ავტორის ხელწერაა.
"ომის წერილებს" საომარი პათოსის არაფერი სცხია, თუ ლიტერატურულ "ომს" არ ჩავთვლით. ვაშე წერს "უმორზე", რომელიც არის ყოველივეს თეატრალური უსარგებლობის განცდა, ადამიანური სასოწარკვეთის სარკაზმი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ ესა ვართ და სხვა არაფერი. ეს არის განკითხვა საზოგადოებისა და საკუთარი თავის იმ ნაწილისა, რომელსაც თითოეული ინდივიდი ამ საზოგადოებას სწირავს. "უმორის" მდგომარეობა არის ერთ-ერთი მწვერვალი, რომელზეც შეიძლება საკუთარი ცნობიერების მოხელთება. იგი იშვიათად მიიღწევა და მასში დიდხანს დარჩენა შეუძლებელია. ეს არის მდგომარეობა-ზღვარი, რადგან იგი მთლიანად ანტისოციალურია. მის წინაშე, მორალური პასუხისმგებლობის ყოველი იდეა ქრება. უარს ვამბობთ სამყაროსა და საკუთარი თავის სერიოზულად აღქმაზე, და სიცოცხლისგან ვქმნით სპექტაკლს, რომელზეც ვიცინით.
მთარგმნელი
ომის წერილები
ჟაკ ვაშე
(ოთხი წერილი ანდრე ბრეტონს)
თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე
- ჟაკ ვაშე
11 ოქტომბერი 1916
ძვირფასო მეგობარო,
გწერთ საწოლიდან, რომელზეც ამ შუადღით, გამაღიზიანებელმა ტემპერატურამ და ფანტაზიამ წამომაწვინა.
გუშინ მივიღე თქვენი წერილი - ცხადია, არაფერი დამვიწყებია ჩვენი მეგობრობიდან, რომელიც, ვიმედოვნებ, ისევე იარსებებს, როგორც იშვიათია სკალიარი და ქრომისი! - მიუხედავად იმისა, რომ უმორი[1] მხოლოდ მიახლოებით გესმით.
მოკლედ, ინგლისელების თარჯიმანი ვარ - და ამ საქმის მიმართ მაქვს რა მშვიდი სიყალბით მოოჭვილი ტოტალური გულგრილობის განწყობა, რაც ესოდენ მახასიათებს ოფიციალურობათა მიმართ, ნანგრევებიდან სოფლებამდე დავატარებ ჩემს ბროლის მონოკლს და შემაშფოთებელ ფერწერათა ერთ თეორიას - მე ზედიზედ ვიყავი გვირგვინოსანი ლიტერატორი, ცნობილი პორნოდესინატორი და სკანდალური კუბისტი მხატვარი - ახლა შინ ვრჩები და სხვებს ვუტოვებ ჩემი პიროვნების განმარტების და განსჯის საზრუნავს, უკვე აღნიშნულის საფუძველზე - შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.
ამ თვის ბოლოს, შვებულებაში გავდივარ და ცოტა ხანს პარიზში გავატარებ - იქ ერთი ჩემი ძალიან საუკეთესო მეგობარი უნდა მოვინახულო, საერთოდ რომ გამიქრა თვალსაწიერიდან.
სად არის თ.ფ.?[2] - მე მივწერე პოლონელ ხალხს[3], მგონი ერთჯერ, სახალისო წერილების პასუხად – შეიძლება, თქვენც გთხოვოთ მიმოწერა? - ვვარაუდობ – ვინაიდან კალამი ავიღე – მომავალში უფრო მარჯვედ მოვუსვამ მას; სხვათა შორის, მე თქვენ ერთხელ უკვე მოგწერეთ, თუ სწორად მახსოვს.
სხვა - ჯერ ეს რა ცოტაა და - არაფერიც. ბრიტანული არმია, რაც უნდა ფრანგულს ჯობდეს - უმორში მოიკოჭლებს - არაერთხელ გავაფრთხილე ჩემი მეთაური, რომ ყურებში ჩავუჩურთავდი ხის პატარა ნაფოტს - ეჭვი მაქვს, ბოლომდე ვერ გამიგო = არ ესმის რა ფრანგული.
ჩემი ამჟამინდელი ოცნებაა, მეცვას წითელი პერანგი წითელი ყელსახვევით და გრძელი ჩექმები - და ვიყო, ავსტრალიაში, რომელიმე უმიზნო და საიდუმლო ჩინური საზოგადოების წევრი.
თქვენს ნათელმჭვრეტებს აქვთ წერის უფლება? - სიამოვნებით მივწერდი რომელიმე დევნილს ან “კათოლიკეს”.
ამასობაში, ნეტარ ავგუსტინეს ვკითხულობ ხელახლა (პოლონელი ხალხის ღიმილი რომ წარმოვიდგინო), და ვცდილობ, მასში დავინახო სხვა რამ, ვიდრე ერთი უმორს მოკლებული ბერი.
ჟ. ტ. ი.[4]
- ომის წერილების 1919 წლის გამოცემა, ანდრე ბრეტონის წინასიტყვით
29 აპრილი 1917
ძვირფასო მეგობარო,
გწერთ ერთი ყოფილი სოფლის ერთ ძალიან ვიწრო, საბნებით გამოვსებულ გომურიდან - ინგლისელ ჯარისკაცებთან ვარ - მათ აქ მტრის ბევრი ტერიტორია დაიკავეს - ყოველივე ეს ძალიან ხმაურიანია - ესეც ასე.
მახარებს თქვენი ავადმყოფობა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ცოტათი – თ. ფ.-ს წერილი მივიღე, თითქმის არა-შემაშფოთებელი – ეს ბიჭი სევდას მგვრის – ძალიან დამღალა სიმდარემ, და გაურკვეველი დროით დაძინება გადავწყვიტე – ამ რამდენიმე გვერდის ღვიძილის ძალისხმევაც კი რთულია ჩემთვის; შემდეგ ჯერზე იქნებ უკეთ ვიყო – ბოდიში – ასე არ არის? - ისე არაფერი კლავს ადამიანს, როგორც ვალდებულება, წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყანას – ასევე.
დარწმუნებული ხართ, რომ აპოლინერი ისევ ცოცხალია, და რომ რემბო ნამდვილად არსებობდა? არ მგონია – მე მხოლოდ ჟარის[5] ვხედავ (დიახ, რას ვიზამთ, დიახ... იუბიუ.[6]) - ცხადად მეჩვენება, რომ მარი ლორანსენი[7] კვლავ ცოცხალია: შემომრჩა რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც ამის უფლებას მაძლევს – ნუთუ ეს სინამდვილეა? - არადა, მგონია, რომ მძულს – ჰო – აი, ამ საღამოს მე ის მძულს, რა ვქნა.
და თქვენ - ასე უბრალოდ - მთხოვთ უმორის განმარტებას! – დიდხანს მეგონა, რომ “სიმბოლურობა თავად სიმბოლოთა არსშია”-ს ძალუძდა ცოცხალ საგანთა მთელი გროვის დატევა: მაგალითი: ხომ იცით, ყოველდღიური, მაღვიძარასეული საზარელი ცხოვრება - ეს ის ურჩხულია, მუდამ რომ მაფრთხობდა იმ უამრავი რამის გამო, მისი თვალები რომ აფრქვევს, და იმ მანერის გამო, რომლითაც ეს პატიოსანი ქმნილება შემომყურებს, როცა ოთახში შევდივარ - საიდან მასში ამდენი უმორი, ნეტა, საიდან? მაგრამ რა გაეწყობა: ეს ასეა და არა სხვაგვარად - უმორშიც ბევრი საუცხოო ყველგანმყოფია - როგორც ნახავთ - მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი განმსაზღვრელი, და უმორი ზედმეტად მომდინარეობს განცდიდან იმისთვის, რომ რთული ასახსნელი არ იყოს - ვფიქრობ, ეს არის განცდა - კინაღამ გრძნობა ვუწოდე - ასევე - ყოველივეს თეატრალური (და უსიხარულო) უსარგებლობა.
როცა ვუწყით.
აი, რატომ არის შესაზიზღი სხვათა ენთუზიაზმი (თანაც ხმაურიანი) - რადგან - ჩვენ ხომ გენიას ვფლობთ - ვინაიდან ვიცით უმორი - და ჩვენთვის - რაშიც თქვენ ეჭვი არასდროს შეგპარვიათ - ყველაფერი დაშვებულია. სხვათა შორის, ეს ყოველივე ძლიერ მოსაწყენია.
აქ ერთ კაცს შევუერთდი - მას შეიძლება, ვუწოდოთ აკვიატება - ან - სომისა[8] და დანარჩენის ბრძოლა - დიახ.
დიდხანს მომყვებოდა, და უამრავჯერ შემათვალიერა უამრავი კუთხით - მე მგონი, ჩემს მისიტიფიცირებას ცდილობს - მის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს, ყველაფერთან ერთად.
გადაეცით პოლონელ ხალხს, რომ მინდა, მივწერო – და რაც მთავარია, არ წავიდეს მისამართის დაუტოვებლად.
ჟ. ტ. ი.
- 1915. ჟაკ ვაშე ნანტის ჰოსპიტალის საწოლში. აქ გაიცნო მან ანდრე ბრეტონი და თეოდორ ფრანკელი
18 აგვისტო 1917
ძვირფასო მეგობარო,
ხშირად ვიფიქრე, თქვენთვის მომეწერა თქვენი 23 ივლისის წერილის შემდეგ - მაგრამ ვერ მივდიოდი გამოხატვის საბოლოო ფორმამდე - და არც ახლა მივსულვარ - ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, უპრიანი იქნება მოგწეროთ შემთხვევითად, მეყსეული იმპროვიზაციით - თითქმის ნაცნობ ტექსტზე, და ცოტა ნაფიქრზეც კი - ქმნადობას ვიხილავთ, როცა ჩვენი საუბრის შემთხვევითობები მიგვიყვანს ჩვენ მიერ ერთხმად “უმორ”-ით აღიარებულ აქსიომათა წყებასთან… თქვენი პიესის თემა, ჯამში, მომწონს... ხოლო ჩვენი ჟესტის მთელი ტონი თითქმის გდასაწყვეტი რჩება - მე მას ვისურვებდი მშრალს, ლიტერატურის გარეშე და, რაც მთავარია, არა “ხელოვნების” გაგებით.
სხვათა შორის, ხელოვნება უთუოდ არ არსებობს – შესაბამისად, ფუჭია მასზე ლაყაფი - თუმცა: ხელოვნებას ვქმნით - რადგან ეს ასეა და არა სხვაგვარად - Well – რა გინდა, რომ ქნა?
მოკლედ, ჩვენ არ გვიყვარს არც ხელოვნება, არც ხელოვანნი (ძირს აპოლინერი!) და როგორ სწორად იქცევა ტოგრათი, როცა პოეტს კლავს![9] თუმცა რადგან აუცილებელია ცოტაოდენი მჟავისა თუ ძველი ლირიზმის ამოფრქვევა, დაე იქმნას, უმალ გაჭენდეს - ლოკომოტივები ხომ სწრაფად მიდიან.
თანამედროვეობაც, შესაბამისად - უწყვეტია და ყოველ ღამით კვდება - ჩვენ არ ვიცნობთ მალარმეს, არც გვძულს, მაგრამ ის მკვდარია - აღარ ვიცნობთ აპოლინერს - რადგან - ეჭვი გვაქვს, რომ იგი ხელოვნებას ზედმეტად შეგნებულად ქმნის, უხეიროდ აპირკეთებს რომანტიზმს ტელეფონის მავთულით, და დინამოების არა გაეგება...
ო ღმერთი აბსურდი! რადგან ყოველივე წინააღმდეგობრივია - არა? - და იქნება უმორი ის, ვინც არ გაყვება მალულ და ყოვლად ფლიდი ცხოვრების მდინარებას - ო ჩემი მაღვიძარა - თვალები - და პირფერი - ასე რომ ვძულვარ! - ... და იქნება უმორი ის, ვინც იგრძნობს უნივერსალურ სიმბოლო-შემცვლელთა სავალალო მოჩვენებას - სიმბოლურობა მათ ბუნებაში დევს.
უმორი არ უნდა ქმნიდეს - მაგრამ რას ვიზამთ? ცოტაოდენ უმორს ვუწილადებ ლაფკადიოს[10], რადგან ის არ კითხულობს, და ქმნის მხოლოდ თავშესაქცევი გამოცდილებით, როგორიცაა “მკვლელობა” - სატანური ლირიზმის გარეშე - ჩემი გახრწნილი ბებერი ბოდლერი! - საჭირო იყო ცოტაოდენი მშრალი ატმოსფერო - მანქანა-დანადგარი - მბრუნავი მყრალი ზეთით - გუგუნ, გუგუნ - გუგუნ - სტვენ! - რევერდი - შემაქცევარი პოჰეტი, მოსაწყენი პროზით; მაქს ჟაკობ, ჩემი ძველი ცრუპენტელა - ჯამბაზები - ჯამბაზები - ჯამბაზები - გინდათ ფერადი ხის ლამაზი ჯამბაზები!?
ყოველივე ეს, ზოგჯერ, გაღიზიანებთ - მაგრამ მიპასუხეთ - პარიზში ხელახლა ჩამოვალ ოქტომბრის პირველი რიცხვებისკენ, იქნებ კონფერენცია-შესავალი გამოგვივიდეს - რა მშვენიერი ფაცი-ფუცია! ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, გნახავთ.
მიიღეთ ჩემი საუკეთესო მოგონება.
ჟ. ტ. ი.
4
9 მაისი 1918
ძვირფასო მეგობარო,
მართალია - კალენდრის მიხედვით - დიდი ხანია, თქვენთვის არაფერი მომიწერია - როგორც ჩანს, ცუდად მესმის დრო - ხშირად ვფიქრობდი თქვენზე – იმ უიშვიათესზე - ვინც მიტანს (სხვათა შორის, ცოტაოდენ მისტიფიკაციას გამჩნევთ) - გმადლობთ.
გაუთავებელ ხეტიალში - ვაცნობიერებ ბუნდოვნად, რომ მიგროვდება ათასი რამ - ან რომ ვიხრწნები ოდნავ.
ამჟამად, ვეღარ ვიქნები ფილისტერი - მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. სხვა რამ ვცადე - (ვცადე? - თუ მაცდევინეს...)? ახლა არანაირად შემიძლია ამაზე წერა - ადამიანი ისე ერთობა, როგორც შეუძლია - ეს არის და ეს.
გადაჭრით, ძალიან შორს ვარ ლიტერატორული ბრბოს ხალხისგან - რემბოსგანაც კი, ვშიშობ, ძვირფასო მეგობარო, რომ ხელოვნება სისულელეა - თითქმის არაფერია სისულელე - ხელოვნება უნდა იყოს რაღაც სასაცილო და ცოტა მიმბნედავი - სულ ეს არის. მაქს ჟაკობი - ძალიან იშვიათად - შეიძლება იყოს უმორული, მაგრამ, აჰა, საკუთარი თავი საბოლოოდ რაღაც ჰგონია, ეს კი საკვირველი საწამლავია - ბუნებრივია, დაწერილი ირონია აუტანელია, მაგრამ ისიც იცით, რომ უმორი არ არის ირონია…
თქვენი შემაჯამებელი კრიტიკა საკმაოდ მიმზიდველია - საკმაოდ სახიფათოც, სხვათა შორის; მაქს ჟაკობ, გრი[11], ცოტა არ იყოს, არ მესმის.
მაპატიეთ, ჩემო ძვირფასო ბ., ჩემი აზრის მოუწესრიგებლობა. საკმაოდ ცუდად ვარ, ვიმყოფები მიყრუებულ ადგილას, გადაბუგული ხეების კუნძებს შორის, და ხანგამოშვებით, რაღაც ჭურვის მსგავსი პარაბოლურად მოემართება და ახველებს. ვცხოვრობ ერთ ამერიკელ ოფიცერთან, ომს რომ სწავლობს, ხის კევს ღეჭავს და ზოგჯერ მართობს - სულ ოდნავ გამოვასწარი - ამ ბოლო უკანდახევას - მაგრამ წინააღმდეგი ვარ ომის დროს სიკვდილის - ყველაზე მეტ დროს ვატარებ საეჭვო მიდამოებში სეირნობაში, საიდანაც ვხედავ წარმტაც აფეთქებებს - და როცა ზურგში ვარ, ხშირად - საროსკიპოში, სადაც მიყვარს სადილობა - ეს საკმაოდ სავალალოა - მაგრამ რა ვქნა?
“ნორ-სიუდ”-ი[12] რამეს აიღებს ამ საბრალო აპოლინერიდან? - არ ვკამათობ მის ერთგვარ ნიჭზე, და არც იმაზე, რომ მგონი, რაღაც გამოუვიდა, მაგრამ მას მხოლოდ არაუშავს-ნიჭი აქვს - “თხრობას” რომ მოჰყვება (კოლეჯს არ გახსენებთ?) - ზოგჯერ.
თქვენი მეგობარი
ჟ. ტ. ი.
[1] უმორი - ჟაკ ვაშე სიტყვა “იუმორს” H-ის გარეშე წერს. Humour-იდან აფრენილი ეს H პათეტიკურ და მაღალფარდოვან “პოეტზე” ჯდება: “პოჰეტი” (იხ. მესამე წერილი).
[2] თ. ფ. - თეოდორ ფრანკელი (1896-1964) - მწერალი, დადაისტი და სიურრეალისტი, ანდრე ბრეტონის მეგობარი.
[3] “პოლონელი ხალხი” - ჟაკ ვაშე ასე ეძახდა ფრანკელს.
[4] ჟ. ტ. ი. – “ჟაკ-ტრისტან-ილარი”, ასე აწერს ხელს ჟაკ ვაშე თავის წერილებს.
[5] ალფრედ ჟარი (1873-1907) – პოეტი, რომანისტი და დრამატურგი, სიურრეალისტებისა და აბსურდის თეატრის ერთ-ერთი ინსპირატორი, ტერმინ “პატაფიზიკის” ავტორი.
[6] იუბიუ - ვაშე გულისხმობს ალფრედ ჟარის გროტესკულ ფარსს “იუბიუ მეფე”.
[7] მარი ლორანსენი (1883-1956) – მხატვარი, გრავიორი, პოეტი. მატისის მოსწავლე, აპოლინერის მუზა და პიკასოს მეგობარი.
[8] სომის ბრძოლა - პირველი მსოფლიო ომის ყველაზე დიდი ბრძოლა, 1916 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კაცობრიობის ისტორიაში. ჟაკ ვაშემ სომის სანგრები გამოიარა.
[9] "ტოგრათი, როცა პოეტს კლავს" - ვაშე გულისხმობს აპოლინერის 1916 წლის ნოველების კრებულს “მოკლული პოეტი”.
[10] ლაფკადიო - პატრიკ ლაფკადიო ჰირნი, ირლანდიელი, მოგვიანებით იაპონელი მწერალი.
[11] გრი - ვაშე გულისხმობს ხუან გრის, ესპანელ მხატვარს, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა.
[12] “ნორ-სიუდ” - პოეტ პიერ რევერდის მიერ 1917 წლიდან გამოცემული ლიტერატურული ჟურნალი, რომელშიც შედგა ბრეტონის, არაგონის, სუპოს და ცარას დებიუტი.