რამდენიმე სიტყვით სიკვდილზე


რამდენიმე სიტყვით სიკვდილზე




რამდენიმე სიტყვით სიკვდილზე

 

მარტივი დასასრული

 

1.  შედეგი

 

არაფერი ქარონის ნავს ამას არ უგავს,

ქუსლიანი ფეხსაცმელია

(ცეკვისას ფეხი გადაუბრუნდა

და მოკვდა რომელიღაც ბარონესა).

ჰო, ასეც ხდება.

მივდივარ.

არ გიხსნი.

 

2. საბაბი

 

არადა, ეს კაბა,

ჩრჩილების დაკემსილი,

ჩრდილის კარადაში იმდენხანს  მეკიდა

(უქმად და უმიზნოდ).

იმდენხანს მიყვარდი -

რა  ნემსი დალამბავს -

წაკითხვის რომელი წესი.

 

3. მიზეზი

 

სახელი დავკარგე,

სახელის წარმოთქმის გასაღები -

ის წესი, რომლითაც და როგორც შეგეძლო

დაძახება ჩემი.

სიმღერის შიშველ სადენებზე

ჩიტების ექოლალიები -

დავკარგე.

მანძილი შვილივით გავზარდე, მტრად მექცა,

ვერაფერს ვუხერხებ

გარეულს, ონავარს,

როგორც ვიწერები,

აღარ ვიკითხები -

სხვა, შენთვის უცნობი ენა ვარ -

ბაგეს და ხელს შორის დავკარგე კავშირი.

 

ბალიშზე გიტოვებ

ძვირფასი ნაყშივით

რაც დამრჩა, რაც დაგრჩა

სახატავ თუ საწერ მასალად -

ნახშირი -

ჩემი თმის ნახშირი.

 

 

მკის სიმღერა

 

ზაფხული მომკის ჩემს ხელებზე

თარიღებს, ვადებს,

სიხარულის ძნას თვალებიდან.

 ჩვილის აკვნიდან

მომკის შეხების ბამბაზიას

და კიდევ რამდენ

პირველ შეგრძნებას -

მოისმინა, ნახა, გაკვირდა.

 

ზაფხული მომკის დავიწყებებს და მომკის ხსოვნებს,

დამტვრეულ სხეულს

- როცა ჩაწყდა შენი ხმის თოკი -

რომელზეც დიდხანს დავდიოდი

და ერთ დღეს ჩაწყდა...

უპასუხობის ლურჯ ყვავილებს ზაფხული მომკის.

 

სიტყვაა ჩემი ბანიანი სახლი და ვტკეპნი,

სიტყვა „მიყვარხარ“ დავაშენე

- ყარყატის ბუდე.

გამოიჩეკო იქნებ ერთ დღეს სარკიდან, ქვიდან -

ფრენა გასწავლო,  გაფრინდე და აღარ დაბრუნდე.

 

ზაფხული მომკის... ბალახებში ქოშები დამრჩა -

წყვილი კალია...

სიცილივით ელვარებს ცელი,

თმის ბოლოებს და სიყვარულსაც

ზაფხული მომკის.

ყველაზე მოკლე დასასრული,

ყველაზე ჭრელი.

 

 

მარტივი წინადადება

 

სიკვდილი ავადმყოფობაა.

იქნებ ერთ დღესაც მეც მოვახერხო მოხდა.

ეს უკვე მოხდა ჩემს სიზმარში,

მკვდარ მამაჩემს რომ ისევ გავუღე კარი.

სიკვდილი არის ჩაძინება,

ეს კარგად ვიცი,

ყველაზე კარგად ვიცი,

შენით იძინებ,

ტყვია მოგხვდება სანამ...

სანამ მეძინა,

 მანამ მომიკვდა მამა.

 სიკვდილი არის სიმარტოვე,

 ასე უბრად რომ გამოიკეტე სახლში

ლურსმანი მაინც დააჭედე,

იქნებ ობობას ზედ შემოეხას ქსელი,

 ან კიდევ ფრთები შემოგატოვოს ქარმა...

როგორ მიყვარხარ,

როგორ ვერაფრით გშველი...

სიკვდილი არის დამშვიდება

- ცეცხლის ალს საბანს აფარებ და

 სხვას რომ არაფერს წაეკიდოს

- გუდავ.

თანდაყოლილი სიკვდილიდან

 გვიანშეძენილ სიკვდილამდე

- ხან ზურგზე ტვირთად კუზი გაქვს

ან მტვრიანი ნაცრის გუდა.

გზა შეიძლება გადაგიჭრა,

მაგრამ მდინარე?

მდინარე როგორ გადავკვეთო?

რომელი დანით ამოგიჭრა თეთრი შროშანი

მდინარის სველი ატლასიდან.

ან რა მაკრატლით ამოგიჭრა

გული სხეულის ამ თარგიდან

...სიკვდილი არის სიყვარული,

 სიკვდილი, როცა სიყვარული - აღარ გინდა..

 

 

ივლისი

 

ბაბუაწვერას სულს ვუბერავ -

უმსუბუქეს შორისდებულებს სივრცეში ვგზავნი -

აჰ, ოჰ, ვაჰ, უჰ, ეჰ...

ვავრცელებ.

სიცხე ისეთი ხვავრიელი ნიადაგია

უცებ მრავლდება ყველა ლერწი, ყველა მარცვალი.

ივლისის ღამე...

ფოთოლიც კი არ იძვრის არსად,

ღამემ თავისი თავი გაათრია,

გაათენა.

ისე ცხელა, რომ დადნებოდა

მარმარილოს გალათეა.

შორისდებული - ბუსუსები  ეჭიდებიან

მინებს, კორპუსებს უფაქიზესი საცეცებით,

დავდივარ,

მინდა მეც ვირგუნო ამოსუნთქვები ნამცეცებად.

რადგანაც ვიცი, ვიღაც არის,  ვინც მუდამ არის,

ვისაც  ნებსით თუ უნებლიეთ

ერთ დღესაც უნდა თავისთან იხმოს

ყველა ბუსუსი,

ბაბუაწვერას ბუსუსუნები.

ვინც ყველა სიტყვას,

სრულმნიშვნელოვანს და  უმნიშვნელოს

ფუძეს, ძირსა თუ ფესვს უსინჯავს,

გულდაგულ ზვერავს,

რომ ერთ დღეს ყველა მოაგროვოს,

შეაერთოს -

სიკვდილის სუნთქვად,

სიკვდილის სუნთქვად -

უზარმაზარ ბაბუაწვერად.

 

ბაბუაწვერას სულს ვუბერავ -

უმსუბუქეს შორისდებულებს სივრცეში ვგზავნი -

ვავრცელებ.

 

 

სიმღერა

 

ჩემი სიმღერის ბოლოები

ჭიაყელებივით გრძელდებიან,

ჭიაყელები სიმებია,

ზედ დილის  წვიმა იწყობა.

მუსიკა წყდება.

მუსიკა იწყება.

 

ჩემი სიმღერის ბოლოები

ერთადერთ ბგერას ვერ სცდებიან -

და თოვლიც ფეხქვეშ ფირსაკრავივით ჭრიალებს,

ქარმა თუ არა თოვლმა ამიშროს ნაწოლები,

ბაგემ თუ არა,

პირი შეიკრას ჭრილობამ.

 

ჩემი სიმღერის ბოლოები

მედუზას თმებივით ცოცხლდებიან,

საით მიდიან სერპანტინები

დიანა?

იქნებ სიმღერის გლოსოლალიები, ლილიების

და ნარცისების მწვანე სიცოცხლედ დიან?

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE