პრიმიტიული პური - ჩვენს დროს სახალხო მთქმელი ავანგარდისტი შეიძლება დასჭირდეს


პრიმიტიული პური - ჩვენს დროს სახალხო მთქმელი ავანგარდისტი შეიძლება დასჭირდეს




 
პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდა პოეტი ზურაბ პაპიაშვილი, როგორც უკვე აშკარად იკვეთება, სრულიად დაუფიქრებლად წერს. მართალია, ის ლექსის კონვენციურობის წესებს, გარკვეულწილად, მისდევს კიდეც, მაგრამ, მერე ადგება და ელემენტარულ პუნქტუაციასაც აღარ დაიცავს, არც რითმას ძიებაზე დახარჯავს დიდ დროს. მის პოეტურ გზაზე თავიდანვე გამოკვეთილი ეს სახასიათო ნიშნები იმაზე დაგვაფიქრებს, ხომ არა გვაქვს მისი სახით საქმე სახალხო მთქმელთან, რომელსაც მაინც გადაუწყვეტია თავისი ლექსების ფურცელზე ჩაწერა და წიგნებად გამოცემაც?! როგორც ამ ყველაფრის შედეგი, ლექსებს ოდნავ ნაივური ელფერი დაჰკრავს, თუმცა კი, ძნელია დარწმუნებით თქვა, მისი ასეთი ხელწერა ხელოვნურადაა შექმნილი თუ ისეთივე ბუნებრივია, სახალხო მთქმელის დაუფიქრებელ, ზეპირად თხზვას მართლაც რომ შეიძლება ახასიათებდეს?! სწორედ ეს დაუდგენელი და არამკაფიო ზღვარი წარმოადგენს ზურაბ პაპიაშვილის ხელწერის გასაღებს, მისი პოეტიკის მთავარ და ორიგინალურ იარაღს, თუმცა კი, რადგანაც ახალგაზრდა ავტორთან გვაქვს საქმე, ცხადია, რომ მისი ესთეტიკური მიზან-მიმართულება შეიძლება ბოლომე ჯერ არც იყოს გახსნილი და გამომჟღავნებული.  
 
   ავიღოთ, თუნდაც, მისი ლექსების თემატიკა, განა ესეც სახალხო მთქმელის ინტერესების თვალსაწიერში არ არის მოქცეული?! თავისი საუკეთესო ლექსები ზურაბ პაპიაშვილს სწორედ სოციალურ და ყოველდღიურ თემატიკაზე აქვს დაწერილი, ადამიანური ენით, ლაკონურად და ყველასთვის გასაგებად აქვს გამოთქმული, ფარისევლური მორიდებისა და ფილოსოფიური დასაბუთებების გარეშე. 
 
   მისი ლექსების ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ ავტორი ლაღი და უშუალო პიროვნება უნდა იყოს. ამის ერთ-ერთ მატერიალურ საბუთად ხომ ისიც შეიძლება გამოდგეს, რომ პოეტი ახერხებს ლექსში თავის თავზე გველაპარაკოს, ზოგჯერ ხანგრძლივადაც კი და ამით ოდნავადაც არ შეგვაწუხოს. ხშირ შემთხვევაში, პოეტიკის ძირითად კანონთა თანახმად, ასეთი რამ სრულიად დაუშვებელი და სამარცხვინო იქნებოდა. როდესაც პროზის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ყურადღება სხვებისკენ მიმართოს, პერსონაჟთა გალერეა შექმნას, დაგვაფიქროს და, ცოტათი თუ ბევრად, გაგვართოს კიდეც, პოეზიამ ჩვენივე თავი უნდა დაგვანახოს, ჩვენი ხმა უნდა შეიერთოს და გვათქმევინოს ის, რის თქმასაც მარტონი ვერ შევძლებდით. ემპათიის, თანალმობის ამ ნატიფ გზაზე კი წარმოუდგენელია წინ ავტორის ჰიპერბორიზებული სახე გადაგეღობოს. მაგრამ, ზურაბ პაპიაშვილი, როდესაც თავის თავზე ლაპარაკობს, თითქოს გვესალმება ამით, საკუთარ თავს წარმოგვიდგენს და სრული ნდობით გვართმევს ხელს, რის გარეშეც ვერანაირი მეგობრობა ვერ დაიწყება. მას მკითხველთან თუ მსმენელთან, რევერანსებისა და ლამაზი ნიღბების გარეშე, პირდაპირ სათქმელზე უყვარს გადასვლა და ასეთი დამოკიდებულების კარგი მაგალითია ლექსი "არ მიყვარს", რომელიც 2011 წელს გამოცემული მისი პირველი კრებულიდანაა, რომელსაც, უბრალოდ, "ლექსები" ჰქვია:
 
 
   არ მიყვარს მეტიჩრობა, ტაქსებით სიარული,
   მიყვარს სეირნობა ფეხით, მხიარული...
 
 
   მსგავსი თემატიკური შტრიხები კრებულის მომდევნო ლექსებში ხშირდება, მძაფრდება კიდეც და ზოგჯერ ისეთი სახის სოციალურ კრიტიკას მოიცავს, რომელსაც ბევრი შეგნებულად რომ მოერიდება, ანდა ვერ მოახერხებს მათს ბუნებრივად ინტეგრირებას ლექსში:
 
 
   ...სხვის დასანახად არ ვიწერ პირჯვარს
   და პირჯვრის შემდეგ არ ვუცქერ სხვას.
 
 
   პარადოქსი ის არის, რომ აქ გამონაგონი არაფერია, ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენი გარემომცველი სინამდვილის სრულიად რეალისტურ ასახვასთან გავქვს საქმე და ყველაფერი მართლაც ასე ხდება, როგორც პოეტი აღწერს. ის არაფერს ამატებს, მეტაფორის შესაქმნელად კი მას სჭირდება ეს სანახევროდ უხილავი ველი ორ კომპონენტს შორის - რადგანაც, ერთის მხრივ, სრულიად პროზაული და დოკუმენტური სინამდვილის ფრაგმენტია ჩვენს წინაშე ("პირჯვრის შემდეგ არ ვუცქერ სხვას“), მეორეს მხრივ კი, ამ სინამდვილის აქამდე ვინმეს მიერ გამოუთქმელობა. სწორედ ეს უთქმელობა, "უხილაობა", როგორც არამატერიალური საგანი (ან საგნის არქონა, მისი მხოლოდღა შესაძლებელი განხორციელების სივრცეში დარჩენა) ზურაბ პაპიაშვილის მიერ პარადიგმული მხატვრული სახის დინამიურ შემადგენელ ნაწილად არის გამოყენებული. ასე, რომ ზურაბ პაპიაშვილი, მისთვის ჩვენს მიერ თავიდანვე მიკუთვნებული სახალხო მთქმელის სტატუსის პარალელურად, სრულიად აშკარად და, შეიძლება, სპონტანურადაც, ავანგარდისტული ესთეტიკის დამახასიათებელ ერთ-ერთ უტყუარ ნიშანს - პარადიგმატულ სახეობრიობას იყენებს (არსებული და ნაგულისხმები კომპონენტის შეპირისპირება) და არც რეალიზმის ფარგლებს სცილდება. 
 
   მეტიც, ის ერთდროულად ორმაგ ესთეტიკურ პოზიციას ამჟღავნებს აღსაწერი ობიექტის მიმართ - ჯერ როგორც პროტაგონისტი, რომელიც სხვის ქმედებას თავისი არქმედებით უპირისპირდება და შემდეგ, როგორც ავტორი, რომელიც უკვე ამ "უხილაობას" და აქამდე უთქმელობას უპირისპირდება, აღნიშნავს და აღწერს.
 
   სინამდვილის მარტივ მოცემულობასთან დაკავშირებით ასეთი მრავალმხრივი შრეების არსებობა თავისთავად თითქოს იმას მიგვანიშნებს, რომ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის და პოეტიკის საწყისები სინამდვილეში ფსიქოლოგების საქმიანობის პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს, ისევე როგორც ხელოვნების ადრეულ მიმდინარეობებთან დაკავშირებით აუცილებლად მიაჩნდათ ფსიქოანალიზის საფუძვლების გაცნობა, მაგრამ, კვლავ ცხადი ხდება, რომ ფსიქოლოგები ნაკლებად ან საერთოდაც ვერ ართმევენ თავს მსგავს ამოცანებს და ისევ ხალხურ მთქმელს თუ შეუძლია, დაგვანახოს სინამდვილესთან ჩვენი ურთიერთობის დღევანდელი პრობლემატიკის გამოსავალი.
 
   "უხილავი" სინამდვილის ასეთივე დოკუმენტურ და პრიმიტიულ გამოხატვას წარმოადგენს უსათაურო ლექსის ეს სტრიქონებიც:
 
 
   ვერ გაგიგია ამდენი ხალხი,
   ქალაქში რატომ დადის უსაქმოდ
   და ეს ქუჩები, ვიწრო თუ ფართე,
   რად გატენილა ასე უაზროდ...
 
 
   განა სრულიად ამოუხსნელ მოვლენად არ რჩება, თუ როგორ ხდება, რომ წვიმიან ან მოქუფრულ ამინდში ასეთი სიხალვათე სუფევს არა მარტო ქუჩებში, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და ნებისმიერ დაწესებულებაში, მაგრამ როგორც კი მზე გამოიხედავს, ხალხის ტევა აღარ ქალაქში და ნაბიჯსაც ვერ გადაადგამ თავისუფლად?! ვინმე, ალბათ, აგვიხსნიდა, რომ ხალხს მზიანი დარი ახარებს და იმიტომაც ხდება ასე, მაგრამ რა ვუყოთ მათს სამსახურებს, სასწავლებლებს, მათს სამოქალაქო ცხოვრებას საერთოდ - ნუთუ ეს ყველაფერი ამინდზეა ჰკიდია და ხალხს მხოლოდ სეირნობა ევალება?! და რატომ არ შეიძლება პოეტს ეს უკვირდეს და ამ გაკვირვებას თავის ლექსში უშუალო და მარტივ საშენ მასალადაც იყენებდეს? და თუ სხვა ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა, ზურაბ პაპიაშვილისთვის ეს საქმე ჩვეული ამბავია.
 
   როგორც დავინახეთ, ზურაბ პაპიაშვილის ლექსებმა მეც მომცა ჩვენს ყოფა-ცხოვრების ნიუანსებზე ჩემი დაკვირვებების გამოთქმის საშუალება, რასაც ისე ძნელად თუ მოვახერხებდი, - მე ხომ არც ფსიქოლოგი ვარ და არც სოციოლოგი, - რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ, მის მკითხველებთან ერთად, ვინც ამ ლექსების კითხვისას საკუთარი სათქმელის დავიწყებული ბგერები პოეტის ხმას შეუერთა და ჩუმად ააყოლა.
 
   ზურაბ პაპიაშვილს არცთუ ცოტა რაოდენობით აქვს ლირიკული ლექსებიც, და ისინიც ისეთივე პრიმიტიული და უშუალოდ გამოთქმულია, როგორც მისი სოციალური თემატიკის პოეზია. ეს ლირიკული ლექსები თითქოს სრულიად არალიტერატურულ ნარატივს წარმოადგენს. თუმცა, ზოგიერთ მათგანში მოულოდნელად წინ წამოწეული და მიზანმიმართულად ხაზგასმული პოეტიკა ვლინდება, რაც მკვეთრად ცვლის მათს მოსალოდნელ ესთეტიკურ ჩარჩოს და მკითხველს გაუცხოების გრძნობას და დაძაბულ ინტერესს უჩენს - ავტორი თამაშობს, თუ განიცდის?! იქნებ, რადგანაც თამაშობს, სწორედ ამიტომ უფრო მეტად განიცდის კიდეც? და თუ პოეტი ბოლოს მაინც თამაშის ფორმას ტოვებს, ამით ეს ლექსები უკვე ვიღაცის, - ავტორის ნათქვამი ლექსები კი აღარ არიან, არამედ საწყის ემოციასთან ასეთი გაუცხოების შედეგად მკითხველთა ლექსებად გადაიქცევიან. ესეც პაპიაშვილის ერთ-ერთ ტექნიკურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, როდესაც ის გულუბრყვილო რეფლექსიას აკეთებს საკუთარ ემოციაზე, საკუთარ სიყვარულზე, მერე კი ის საერთო, ზოგადი ნარატივის ხარისხში გადაყავს.
 
   შემდეგი უსათაურო ლექსი კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ლირიკული პოეტური ნაწარმოების აგებულება და სტრუქტურა და ამიტომაც, გვსურს, რომ აქ ის მთლიანად მოვიყვანოთ.
 
 
   ერთი ღამე, სიზმრის ნახვა, 
   შენი სახე, გვერდით მახლავს,
   უცნაურად მე თმებს გიწნავ,
   ხელით, ხელით, ხელით გიკრავ -
   ვშლი და მერე ისევ გიწნავ,
   ვიკლავ, ვიკლავ გულის წადილს,
   ვეფერები შენს თმებს ნატიფს,
   უცბად მიგეძინა დაღლილს,
   მეც შევეშვი ნანატრ წადილს,
   უცბად ღამე სიზმარს გაჰყვა,
   ხელი, თმებთან ერთად გაჰქრა,
   ჩემი მზერა ვარსკვლავს აჰყვა,
   წაჰყვა, წაჰყვა, შენს სახეს კი
   მთვარის მზერა ისევ ახლდა, ახლდა,
   მე კი ისევ, სიყვარული განმი-ახლდა.
 
 
   ეს მოტივი ბესიკის სატრფიალო პოეზიის შორეულ სტრუქტურულ გამოძახილად და თანამედროვე გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა, აქ არანაირ დასაშვებ სენტიმენტალურ ალუზიას და გამეორებას არა აქვს ადგილი. პაპიაშვილის ლექსში ლექსიკური ერთეულების გაძლიერება მათი მექანიკური გამეორების გზით მიემართება არა მხოლოდ მისი ან თუნდაც ვიღაცის, ვთქვათ, პროტაგონისტის კონკრეტული სატრფოსკენ, არამედ პოეტისკენ მიმართავს ჩვენს მზერას (ხელით, ხელით, ხელით გიკრავ... ვიკლავ, ვიკლავ გულის წადილს... ჩემი მზერა ვარსკვლავს აჰყვა, წაჰყვა, წაჰყვა...), სატრფოსთან და პოეტთან ერთად აქცენტს აკეთებს მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე, მათ კავშირს და ამ კავშირის წარმავლობას და მარადიულობას უსვამს უფრო მეტად ხაზს
 
   ასეთი განმეორებადი ლექსიკა მომდევნო, 2012 წელს გამოცემულ კრებულშიც "აჩრდილი" გრძელდება. მაგალითად, ავიღოთ ლექსი "სიცოცხლე მიდის", სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ზურაბ პაპიაშვილმა ლექსიკური ერთეულების სერიული გამეორებების ეს უცხო და ავანგარდისტული გაბედული ხერხი საკუთარი ესთეტიკური არსენალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად აირჩია. სტრიქონიდან სტრიქონში ასეთი სერიული განმეორებებით ივსება ლექსის ის ცარიელი სივრცე, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ნასესხები სათქმელით და ტრაფარეტული ნარატივით ავსებულიყო, რის მაგალითებსაც არცთუ იშვიათად ვაწყდებით. ზურაბ პაპიაშვილმა გადაწყვიტა, ენაშივე მიეგნო ხსნისთვის ჩვენი გარემომცველი ფუტურო შინაარსების კონტექსტში. მან ეს კომფორტული პირობები თვითონვე შეუქმნა საკუთარ თავს და ამით მოახერხა თავი დაეღწია ბობოქარი სიტყვების სროლის არასაჭირო აუცილებლობისთვის, როგორც ამის შესახებ ის ქვემოთ მოცემულ ლექსში გვამცნობს კიდეც: 
 
 
   მიდის, მიდის, მიდის და მიდის
   სიცოცხლე მიდის, რადგან არ იბრძვის,
   რადგან არ ისვრის ბობოქარ სიტყვებს,
   რადგან არ იტყვის, არ იტყვის არც ცუდს,
   არ იტყვის არც კარგს, არ იტყვის ფიქრებს
   რომელიც მიაქვს, მიაქვს და მიაქვს.
   ჩუმად, ჩუმად, სიცოცხლე მიდის,
   მიაქვს წუთები, მიაქვს წამები,
   მოგონებებით განცდილი ღამე,
   სავსე, სავსე, თასივით სავსე,
   ოცნების ღამე მიაქვს და მიაქვს,
   მიაქვს სურნელი პირველი ქალის,
   პირველი კოცნის, პირველი ღამის,
   მიაქვს, მიაქვს, სულყველაფერი
   მიაქვს და მიაქვს.
   ჩუმად, ჩუმად-თქო სიცოცხლე მიდის,
   ხელს ნუ შეუშლით,
   ის ჩუმად მიჰქრის.
 
 
   შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მეორე კრებულში გამომჟღავნდა ზურაბ პაპიაშვილის პოეტური სტილის მიგნების ნიშნები, როდესაც მან შესატყვისი ფორმების მოძებნა მოახერხა და ლექსების სათქმელი გადაარჩინა. გაერთიანება დაიწყო სახალხო მთქმელის პრიმიტივზმმა და ავანგარდისტის ფორმალიზმმა. შედეგად კი, ისეთი ლექსები მივიღეთ, რომლებიც თავიდანვე ნაცნობი და ახლობელი გახდა ჩვენთვის და თან ეს სრულიად ახალიც იყო. 
 
   იმ შემთხვევებში, როდესაც მათ სოციალური მოტივი ჩამოსცილდებათ, ეს ლექსები თითქოსდა სრულიად არაფრისგან წარმოიქმნებიან, თითქოს ისინი შორეულ დროში აღმოჩენილი ეგვიპტის უბრალო და მარადიული ჰანგებია, იმდროინდელ, ჩვენთვის უკვე შორეულ, მაგრამ მაინც ყველაზე კარგად მოტივებს რომ ინახავს. ლექსის შინაგან ხმოვანობაში არქაულობის მიღწევა ადვილი ნამდვილად არ არის, ასეთ შედეგთან მისასვლელი გზა აუცილებლად გულიდან მოტანილ ყველაზე მთავარ სათქმელზე და ყველაზე საკრალური, პირველყოფილი ფორმალურობის მიგნებაზე ერთდროულად გადის. 
 
 
   ფიქრებით, ცაში, 
   გადაღლილ ტვინით, 
   უაზროდ ზღვაში 
   მივცურავ რიტმით, 
 
   პატარა ნავი 
   შევნიშნე შორით, 
   მიცურავს დარდით, 
   მზისაკენ ლტოლვით, 
 
   მივცურავთ ორნი, 
   ორივე ოხვრით, 
   ნავი მზისაკენ 
   მე კიდევ ბორგვით.
 
 
   დროდადრო, "უპანიშადების" ჰიმნების ინტონაციაც გაისმის, არსებობაში მარადიული საწყისის აღმოჩენა რომ ძალზე გახარებია:
 
   მე ვწერ
   მე ვსუნთქავ
   მე ვარსებობ,
 
   სიყვარული გლოვობს
   სიყვარულს უხარია
   სიყვარულმა ჰქმნა...
 
   ერთ-ერთ ლექსს მინაწერად მარკუს ავრელიუსის ციტატა აქვს: "ცხოვრება სიზმარია, საშინელი სიზმარი". სხვა ციტატაები დანარჩენ ლექსებში აღარ გვხვდება. ეს თითქოს გზამკვლევია, რომ პოეტი შორეული ეპოქიდან მოსულა სტუმრად. გადაუწყვეტია, მისთვის მშობლიური სოფლური გარემოდან უყუროს ქალაქის უაზრობას, მისი ხედვის ჩარჩო პასტორალური იდილიის პრიზმაში აქცევს ქალაქში ნანახს და ამ საშინელ სიზმართან შეგუებაშიც ეხმარება. ზურაბ პაპიაშვილი სოფელზე როდი წერს. სოფლის ნიადაგზე მყარად დგომა მისთვის, უბრალოდ, მარადიულთან და უხსოვართან კავშირის სინონიმია. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზურაბ პაპიაშვილი არ არის ტრაფარეტული ისტორიული რემინისცენციებისა და პათეტიკური ლიტერატურული სენტიმენტების მსხვერპლი. მისთვის ისტორიული და მარადიული აქვეა, ხალხის წიაღში, დღევანდელ დღეშია მოქცეული, როგორც ეს ლექსში "მარადიულ უმრავლესობას" იკვეთება:
 
 
   ნუთუ ცხოვრება ისე გამწირავს,
   რომ არ მაჩუქოს ჩემი ოცნება,
   რომ არ გამაცნოს მზე ჰელიოსმა
   და ზღვის ფსკერი კი პოსეიდონმა,
 
   მერე კი ვითხოვ, კარი გამიღეთ, კარი გამიღეთ,
   მე თქვენთან მინდა!..
 
   კარი გამიღეთ, რომ ვეზიარო მარადიულ უმრავლესობას,
   მე თქვენთან მინდა!..
 
   კარი გამიღეთ, რომ დავივიწყო, ამ ქვეყნიური მძიმე კოშმარი,
   რომ სამუდამოდ თქვენთან ერთად ვიყო ცოცხალი.
 
 
   ერთი სიტყვით, ზურაბ პაპიაშვილი ლამის ერთადერთი პოეტი აღმოჩნდა ახალ თაობას შორის, რომელმაც მიწაზე დგომა შეძლო და წერისას ჰაერში არ აჭრილა, ხელშესახებ ცხოვრებას არ მოწყვეტია. შეიძლება ბევრს არ შეუმჩნევია, რომ ავანგარდისტი მწერლები, მათ ვისაც ხშირად ბრალს სდებენ ყოველდღიურობისგან გაუცხოებაში, ყოველთვის ხალხოსნები იყვნენ. თავისი ფორმალისტური პლატფორმით ისინი მატერიას არასოდეს გაურბოდნენ, არ ეშინოდათ მისი, პოეტურ ძალას სწორედ დღევანდელობის, აქ და ახლას მარადიულობაში ხედავდნენ (თუ, რა თქმა უნდა, რეალობასთან მეტად შეხების სურვილისა და სხვადასხვა კაპრიზების გამო უნებურად ძალზე მარცხნივ არ გადაიხრებოდნენ და ფორმალისტურ ესქპერიმენტებში არ ჩაიძირებოდნენ). თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველა კლასიკოსი უპირობოდ ფორმალისტია და პირველ რიგში სწორედ მატერიიდან, მასალიდან, ენიდან გამოდის, იქ პოულობს პოეტურობის, ღმერთისა და ხალხის სათქმელს და თანამედროვეობის შესატყვის სულს. ასე იყო ანტიკურ დროშიც და ასეა მე-20 საუკუნეშიც, როდესაც პიერ პაოლო პაზოლინი წერდა პასტორალურ ჩანახატებს და მეამბოხე, ხალხოსნურ ლექსებს; დღესაც, როდესაც ხელოვნების მარქსისტული ესთეტიკა საბოლოო პლატფორმად დამკვიდრდა დასავლეთის მოწინავე სახელოვნებო სკოლებსა და მიმდინარეობებში. 
 
   რამდენიმე წლის წინათ არქიტექტურის თეორეტიკოსი შოთა ბოსტანაშვილი მეუბნებოდა, რომ სათქმელი ამოიწურა და პოეტს აღარაფერი დარჩენია, თუ არა წმინდა ფორმაში თავით გადაშვება. ის თითქოს ამგვარად მიჭერდა მხარს, როდესაც იმ პერიოდში გამოვაცხადე, რომ ლექსებს აღარ ვწერ მეთქი. ნაწილობრივ ვეთანხმებოდი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვიცოდი, რომ სათქმელი ვერასოდეს გაქრება. ნებისმიერი ფორმის საბოლოო მიზანი ხომ სწორედ მისი დაბადებაა. და არც აღმოჩნდა ასე, რაც ზურაბ პაპიაშვილი კრებულებმა თვალნათლივ და იმედის მომცემად დაადასტურა. ახალმა ფორმამ, უბრალოდ, სულ სხვა მხრივ გამოავლინა სათქმელი:
 
 
   მე მეზარება დილით ადრე 
   უაზრო ლოცვა,
   განზე გავდგები, 
   და არ ვინატრებ განსხივოსნებას,
 
   პირდაღებული, დაჩოქილი
   მე არ მოვითხოვ,
   მესაზე მდგარი,
   მუცლის გაძღომას...
 
   მე არ ვილოცებ დილით ადრე,
   არ შევღონდები,
   ვერ შევაწუხებ დილის მესას,
   და განვშორდები.
 
 
   ასეთი მძაფრი თემატიკა არსებულა ჩვენს გარშემო. მაგრამ, როგორ გინდა მოახერხო ასეთი პრიმიტიული კლიშე-სენტენციების პოეტური რაკურსით წარმოჩენა და ამით მათი სიმართლის რეაბილიტაცია? ამას მხოლოდ ენის უბრალო პირველწყაროსთან მიახლოებით თუ შევძლებთ, სხვა მხრივ კი, დეპრესიული და გალამაზებული სიტყვები შეგვრჩება ხელთ.
 
   ეს მცირე ჩანახატები შესანიშნავ სურათებს წარმოადგენს ახალი თბილისის ყოფის:
 
 
   ხალხს უხარია,
   ხალხი ზეიმობს,
   ჰკოცნიან ყველას, 
   ზოგიც ქეიფობს, 
 
   უტვინო სახე 
   უაზრო განწყობა,
   არა გონება, 
   მხოლოდ გართობა...
 
 
   დღეს თუ ვინმემ მოახერხა თავისი კოლეგებისთვის ლიტერატურული მაგიდა გაეწყო და პრიმიტიული პურის გასატეხად სუფრაზე თავის გვერდით გულღიად მოეხმო, ერთ-ერთი სწორედ ზურაბ პაპიაშვილია. 
 
 
   ...გზად მარკეტს ნახავ,
   სადაც მდიდრები
   ფულებს ითვილან,
   კარებთან მდგარი
   მათხოვრები, ჯიბეებში,
   ხურდებს იყრიან,
   შენ დაინახავ
   მდიდრულ მანქანებს,
   და მანქანაში გამეფებულ
   სასტიკ ცხოვრებას,
   მანქანის გარეთ, 
   დეპრესიის სურათს შეხვდები,
   და შენს თვალებში,
   ამ სურათების გალერეა,
   დიდხანს დარჩება,
   ამასობაში დაგავიწყდება,
   რომ მშიერი ხარ,
   და მაძღრებისკენ წასაწვლელი
   გზაც კი გაქრება.
 
 
   ადვილი არ არის წერო პოეტური სოციალური კრიტიკა, ინტელიგენტურად, შინაგანი სიმშვიდითა და ბუნებრივი მორიდებით, რათა სილამაზე სადღაც მაინც რჩებოდეს, სადღაც მაინც იგულისხმებოდეს. ხატავდე, კი არ ამბობდე და არც ამოთქვამდე. არანაირი ყურის მომჭრელი გოდების ტონს აქ ადგილი არა აქვს. სად მოიპოვა ზურაბ პაპიაშვილმა ასეთი ქნედითი სიმშვიდის ჯადოსნური გასაღები? 
 
 
   ისევ მიდის წყალზე ერთი,
   დღე დღეს მისდევს...
   წყალი ისევ მე ამომაქვს...
 
   ...დღე დღეს მისდევს,
   ისევ მიჭირს დაშორება,
   შევეჩვიე ამ სოფელს და
   მიჭირს მასთან განშორება.
 
 
   კონდესირებული სათქმელი, ცოტათი ჰაიკუს ეკვივალენტური, არის ის მხატვრული იარაღი, რითაც ის გზის მშვიდად გააგრძელებას და ახალ შემხვედრ საგნებთან და ისტორიებთან ურთიერთობას ახერხებს. 2016 წელს ზურაბ პაპიაშვილის მესამე პოეტური კრებული ~დრო იყო უცხო~ გამოდის.
 
 
   მე დღეს ვიარე ქუჩაზე მარტომ,
   ვნახე ერთობა და ვნახე გაყრა,
   ქუჩის ბოლოში მე ვნახე ჩარჩო
   და ჩარჩოს გვერდით უსახო აბრა.
 
   არავინ იდგა ნაცნობ ადგილას,
   არც შესაფერი იყო განწყობა,
   ვიღაც მოუკლავთ სწორედ ამ დილას,
   ვიღაც მიეცა თურმე განცხრომას.
 
   ("ქუჩის ჩანახატი")
 
 
   ზურაბ პაპიაშვილისთვის ისევ ძველებურად უცხო რჩება პრესიდან ან ტელვიზიიდან ცნობიერებაში მძიმედ დალექილი ფრაზებისა და თემატიკის მიმოქცევა. არც ამასთან ხელოვნური ჭიდილი - ეპატაჟის სახით - სჭირდება მას და ამიტომაც, მოულოდნელი, გაბედული და მკვეთრი გვეჩვენება მისი ნათქვამი და განცდილი სიტყვა:
 
 
არ მჯერა, თუ გინდათ დამხვრიტეთ ტყვიებით,
ამ ხალხის ცოდვით და ვარამით ვიწვები,
ატყუებთ ყველაფერს, სადამდეც გასწვდებით,
ტყუილში ხომ მაინც არასდროს არ ტყდებით,
ატყუებთ დილას და ატყუებთ საღამოს,
იცით რომ სიყალბე მუდმივად გაართობს.
მშიერ-მწყურვალთათვის ლოცვა იკითხება,
ამ დროს კი ქუჩაში ბავშვი იყინება,
სიმწარეს გაუგეს გემო და შეჭამეს,
ერთი დღე მეორეს ჩვეულად შემატეს.
არ მჯერა სახალხო ზეიმის, აბსურდის,
ვიღაც `დიდი კაცი~ საწყლებს რომ დაუვლის,
პირობა პირობად... და მერე შიმშილი
და მაინც სად არის, სად გაქრა სირცხვილი?!
არ მჯერა, ბატონო, მე თქვენი მორალის,
არ მჯერა, თუ გინდათ საჯაროდ მომკალით.
 
("სახელმწიფო პოლიტიკოსებს და ეკლესიას")
 
   რატომ ჩნდება მოცემული ლექსის თავსა და ბოლოში ასეთი ფრაზები: "თუ გინდათ დამხვრიტეთ ტყვიებით" და "თუ გინდათ საჯაროდ მომკალით"?! იმიტომ ხომ არა, რომ ასეთ თემატიკაზე წერა უკიდურესად ტაბუდადებულია და ეს პოეტმაც კარგად უწყის?! მსგავსი ტაბუს დარღვევა უკვე მორალისტური ეპატაჟი და ინტელექტუალური ფუფუნების საგანი კი აღარ არის, არამედ სასიცოცხლო გარემოსათვის საჭირო სამოქმედო პირობაა პოეტისთვის. სიყალბის შეუვალობის მთავარი მიზეზი ხომ ის არის, რომ თვალთმაქცობაში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ, ოღონდ კი თვითონ სიყალბისა და თვალთმაქცობის მოუშორებელ საერთო ჩვევასა და სნეულებას არ უნდა შევეხოთ. ცხადია, ყველაზე მთავარი ინსტინქტისათვის - ლუკმა პურისთვის ხდება ყოველივე. და როდესაც აქ ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ ამის შემდეგ დაისდგურებს ყველა შემდეგი თავისუფლებაც, რაც დღეს უადგილო, სასაცილო და არაზუსტი ეპატაჟური ქმედებების გასართობ საგნად ქცეულა.
 
 
   მარად უაზროდ ვიცდით და ვიცდით,
   ველით და კარებს ვტოვებთ გაღებულს,
   რაც არ არსებობს, არ მოვა, ვიცით,
   მივტირით ისევ ქარის წაღებულს...
 
   და მოვა მალე უცხო დროება,
   რომელიც ჩვენგან იქნება შორი,
   კვლავაც იქნება მოთქმა, გოდება,
   სად იყო გზები ყველაზე სწორი.
 
 
   პოეტი, რომელიც სხვის გასაჭირზე წერისას საკუთარ თავს უკანა პლანზე გადაწევს, იმასაც ადვილად შეძლებს, რომ საკუთარ საფიქრალზე საუბრისას "სხვების" გვერდში ამოყენება არ დასჭირდეს, თავს არ შეაფერებს ზოგად "სხვას", ღიად იტყვის რამაც პირადად შეაწუხა. მხატვრულ ლიტერატურაში ეს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, რისკენაც მწერალი უნდა ისწრაფოდეს. ასეთი სათქმელის გარეშე მწერლობა ზიზილ-პიპილების არაფრისმთქმელ კოლექციად იქცევა.
 
 
   მოვიდა დედაჩემი და მოიტანა
   სიმწრის პენსიით ნაყიდი სარჩო.
   მოვიდა და მოიტანა ცუდი ამბავი,
   რომ ობოლი ბიჭი მოკლეს,
   რომელსაც მხოლოდ ფეხმძიმე ცოლი დარჩა.
   მოვიდა დედაჩემი და პირველ რიგში
   კალენდარს დაუწყო ფურცვლა,
   რადგან ამა თვის 14 რიცხვიდან,
   (ანუ ის რიცხვი, როცა პენსიას იღებს)
   უნდა გადათვალოს დღეები, რომ მისი თანხა,
   მომავალი თვის 14 რიცხვამდე გვეყოს.
 
   ...კიდევ უფრო საამაყო ამბავი,
   რომ პენსიონერმა დედაჩემმა,
   ჩემს "ბირჟავიკ" მეგობრებს
   ერთი ბოთლი არაყი აჩუქა.
   მოვიდა დედაჩემი და გადამიშალა გული,
   რომ დაღლილია ჩვენი მეზობელი ნანას
   საარჩევნო აგიტაციით,
   რომ არჩევნებიაო ერთადერთი გამოსავალი
   ქვეყნის გადასარჩენად.
 
   მრცხვენია, რადგან მოვიდა დედაჩემი და
   უკვე ეს მერამდენედ შემრცხვა...
   შემრცხვა არა ლექსის, არამედ დედაჩემის.
 
   ("დედის მოსვლა")
 
 
   ზურაბ პაპიაშვილის მეტყველებაში პროზაული ელემენტიც უხვადაა, რაც ხალხური "პოეტური" ფრაზეოლოგიისა და სინტაქსის შემოტანაში გამოიხატება. ქვემოთ მოყვანილ ლექსში გვხვდება დამახასიათებელი ტავტოლოგიური რითმები, როგორიცაა უსამართლობა-უკუღმართობა, სახლამდე-კარამდე. ამით სულად არაფერი შავდება, პირიქით, პოეტი თითქოს გამტარი და საიმედო შიკრიკი გამხდარა, რომელსაც საქმის გადაუდებლობიდან გამომდინარე საკუთარი თავის გალამაზება აღარ ადარდებს.
 
 
   შიმშილობენ ისევ ისე საწყლები,
   ზღვარს გადადის უკვე უსამართლობა,
   საჭმელს ჭამენ ჩუმად ისევ ლაჩრები,
   პიკს ავიდა უკვე უკუღმართობა,
 
   `დღეში ერთი პური მაინც მომეცით~,
   დამშეულთა ლოზუნგი ხომ ეს არის,
   სიკვდილს უნდა დაელოდო მოთმენით,
   სიკვდილიც ხომ დალოდების წრე არის.
 
   ...დაისვენა შიმშილისგან მოხუცმა,
   აღარ ეყო ძალა მისვლის სახლამდე,
   ალბათ გარეთ საჭმლის თხოვნა მოუნდა,
   ვერ მივიდა უბედური კარამდე.
   
   ("შიმშილი")
 
 
   აქვე, მეორე, ასეთივე ფატალური ლექსიც შეგვიძლია ვნახოთ და დავაკვირდეთ, თუ კონდენსირებული ტროპებით და როგორი სიმარტივით მოგვეწოდება უკიდურესი დრამატული მდგომარეობის სურათი:
 
 
კაცმა, რომელმაც არარა ნახა,
უცბად გადახტა, თავი მოიკლა,
ცივ ადამიანს მიემალა და
საკაცობრიო ვალი მოიხსნა.
 
არც ხალხი იყო მასზე მტირალი,
"რატომ ხტებოდა", "ვინ აძალებდა"?!
იყო ცინიზმი, სხვათა ტრიალი,
თვითმკვლელობას რომ მკვდარს ავალებდა.
 
კაცმა, რომელმაც სიცივე ნახა,
ვეღარ გაუძლო, თავი მოიკლა,
ადამიანი რომ ასე წახდა,
ადგა და თავი თვითონ მოისრა.
 
 
   კრებულის ბოლოს ზურაბ პაპიაშვილი ასეთი სიტყვებით მიმართავს საკუთარ თაობას:
 
 
   იქნებ დამთავრდა დღეს შენი სიტყვა,
   აღარაფერი დაგრჩა სათქმელი,
   იქნება ღმერთთან დამთავრდა კითხვა,
   იქნებ იღება უკვე სარკმელი...
   გამოგონილი იყო კარები
   და ბრიყვი იყო ყველა მრბოლელი.
 
   ("ჩემს თაობას")
 
 
   გამოგონილი კარიდან ზურაბ პაპიაშვილი არ შემოსულა. ამიტომაც, მას ჯერ კიდევ არაერთხელ მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწერა, გადაწერა, გაუმჯობესება თუ გაუარესება, როგორც ამას დრო და სიტუაცია უკარნახებს და დარწმუნებული ვართ, რომ ის ყოველთვის ბეჯითად და დაუზარებლად დაუგდებს ყურს ხეების ფოთლების უცხო ენას და ადამიანთა სიტყვებს, სიმარტოვითა და სიცარიელითაც აღსავსეს.
 
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE