განსაკუთრებული მიცვალებული


განსაკუთრებული მიცვალებული




(demo ნაწყვეტი ნოველიდან დეტექტივი შეცდომა და სინათლის ქალაქები“)

 

მხოლოდ ნეონის ჯვარი ბჟუტავდა თოვლივით თეთრ კედელზე, იაფფასიანი სასტუმროს აბრასავით და მოიასამნისფროდ ლიცლიცებდა მონიკას ფრთებზე - მის ბუმბულებს ოფლნარევი სუნამოს, სექსის და შორეული, დაკარგული სამოთხის სურნელი დაკრავდა. შეცდომას უყვარდა მისი ხარბად შესუნთქვა ძილის წინ - გარდა იმისა, რომ ანგელოზების ფრთებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ და მინიმუმამდე დაყავთ ატხადნიაკის სიმპტომები, შემთხვევითი პარტნიორების მუდმივი ცვლის მელანქოლია სასიცოცხლოდ საჭირო იყო შეცდომასთვის, განსაკუთრებით რებეკას - მისი ყველაზე ხანგრძლივი და მტკივნეული მიჯაჭვულობის - შემდეგ.

ხან ის ტოვებდა სხვებს, ხან სხვები ტოვებდნენ მას - პარტნიორების გადაგდება მოსულა, განსაკუთრებით როცა მალე აპოკალიფსია. 

ახლადშეჩვეულ სითბოსთან განშორების სევდა აბალანსებდა მასში ვამპირებისთვის დამახასიათებელ ველურ, ბნელ და აგრესიულ ბუნებას და თან რაღაცნაირად კვებავდა მას. მხოლოდ ღრმა ემპათიისა და მელანქოლიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილად შემზარავი საქციელების ჩადენა, იმიტომ რომ ისინი ამაში ყველა ინსტინქტისა და ემოციის ძალას დებენ, შემზარავი საქციელების გარეშე კი თანამედროვე ტიფლისში ერთ დღესაც ვერ გაძლებს ადამიანი.

 

სევდა - როგორც სამყაროსა და ადამიანების მიმართ ემპათიის ინსტრუმენტი და სევდა - როგორც მელანქოლია, რეფლექსირება იმაზე, რომ არ იპოვე ნავსაყუდელი, არ გაჩერდი არსად, თუნდაც იქ, სადაც ყველაზე მეტად სურდათ შენი ყოფნა, მზად იყვნენ შენთან გაეყოთ საკუთარი ემოციებისა და სიკვდილამდე დარჩენილი დროის ათასწუთეულები. სხვა ტიპის სევდა ეხებოდა თვითგვემას ეგოიზმისთვის: რომ კიდევ ერთი არსება დატოვე მარტო - ამ უზარმაზარ, ქაოტურ სამყაროში, სადაც მარტო ყოფნა - ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ლამაზი, შესაბამისად - ყოვლისმომცველი და ფსიქოდელური გამოცდილებაა. ყველას არ შეუძლია გადაიტანოს ეს გრძნობა, ამიტომ არსებობენ ეს სამეგობროები, ოჯახები, კაფეები, კლუბები, შეყვარებულები, და ათასგვარი სხვა ანკლავები - სიმარტოვის შიშითა და პერსპექტივებით დაზაფრული ადამიანები ცდილობენ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. რატომღაც მათ გონიათ, რომ სიკვდილის დროს არ იქნებიან მარტო, თუ გარშემო ბევრი ხალხი იქნება.

დეტექტივი კი არ უნდა იყოს მიბმული არავის და არაფერს, სიმარტოვე მისი ძალაც და ამ ძალის გამოცდაცაა.

 

დაბურულ ფანჯრებს იქით ისევ ისე წვიმდა, როგორც წვიმდა ერთი წლის წინ, და კიდევ ერთი წლის წინ და როგორც წვიმდა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ იყო ბავშვი და რაგატკებით ხსნიდა პოლიციურ დრონებს „კორპუსების ქალაქის“ სხვა ველურ ბავშვებთან ერთად. განსხვავება ის იყო, რომ ეხლა წვიმდა უფრო ინტენსიურად, ვიდრე მაშინ, თითქოს ასაკის მატებასთან ერთად ოდესღაც ღია ცა სულ უფრო ივსებოდა შავი ღრუბლებით და ალბათ სადღაც უპატრონო ძაღლები იხრჩობოდნენ წვიმისაგან წარმოქმნილ გუბეებში, სადაც ხანდახან ტანკერებიდან გადმოღვრილი ბენზინი ისხმება და იშლება ფერადი, აალებადი ფრაქტალებივით, ხანდახან კი უცხო გამვლელის სისხლი იღვრება დანებით ჩხუბში, ღამის სიშმაგის პერიოდებში. ეს გუბეები მუდმივად არის სავსე ათასი ნივთიერებით, საგნით, ზოგჯერ მათში მოტივტივე მკვდარი ადამიანებითაც კი. არსებობენ მეთევზეებიც, ვინც ჩამტვრეული ასფალტის გუბეებში აგროვებენ ურბანულ ჯანქს ხელნაკეთი რკინის ანკესებით, აბარებენ ჯართში, ორგანოებით ვაჭრობის ცენტრებში, მუზეუმებში და ასე კვებავენ თავიანთ ღარიბ ოჯახებს, სადაც რატომღაც ყოველთვის ბევრი ბავშვია და ცოტა სიხარული.

 

ოთახის მეორე კუთხეში, ლიანებსა და სხვა მცენარეებში ჩაფლული ეკრანი აინთო და შეცდომამ ძილბურანში ღამენათევი მორიგე ნათელმხილველის ხმა გაიგო:

- გამოძახებაზეა დეტექტივი შეცდომა. დეტექტივი შეცდომა. სასწრაფო გამოძახება ანგელოზთუბანში. პირველი ხარისხის მკვლელობა, ჩვენი ალღოსი და კრიმინალური გადანაწილების ალგორითმის მიხედვით შემთხვევის ადგილზე თქვენ უნდა გამოცხადდეთ. როგორც პროგრამა აჩვენებს, საქმის არსი პირდაპირ კავშირშია თქვენს პირად და პროფესიონალურ ინტერესებთან, გამოცდილებასთან და პროფილთან.

„გარდა ამისა, ძვირფასო“ - უკვე ნაკლებ ოფიციალურ ტონზე გადავიდა ნათელმხილველი დეპარტამენტიდან - „შენს დოსიეს ნამდვილად არ აწყენდა განახლება... მადლობა მერე გადამიხადე. გიტვირთავ საქმის დეტალებს.“

 

შეცდომამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო მოვლენების გასაპროტესტებლად, რომ მის სიზმრებში, სადაც ის ხედავდა უზარმაზარ კოლოსებს ლავკრაფტის მოთხრობებიდან - საქმის დეტალები შემოიჭრნენ: სწრაფად დატრიალებული კალეიდოსკოპიდან გამოისახა უცნაური, ხალიჩებიანი ოთახი ანგელოზთუბნის მეტ-ნაკლებად პრივილეგირებული უბნიდან, ძალადობისა და მკვლელობის შეგრძნება, როგორც ჟანგის გემო პირში, სავარაუდო მოტივების სია, რომელიც სიზმარში მოლივლივე ექსელის ფაილად ამოცურდა. 

იმწამსვე ჩაირთო შინაგანი ბიოლოგიური წამზომი და კრიმინალის სცენასთან მისასვლელი მარშრუტების ყველაზე მოკლე ვარიანტები სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით.

 

დეტექტივმა ერთი გაიზმორა და შემდეგ რამდენიმე წამში დაშლილი და აწყობილი კალაშნიკოვივით წამოდგა ფეხზე. ერთხანს გაშეშდა, რომ სიცარიელის მედიტაცია შეესრულებინა, მაგრამ მონიკას ფრთების სურნელმა დაარღვია მისი მცდელობა. მონიკას ჯერ კიდევ ეძინა, საბანგადამძვრალს თავისივე ფრთები ქონდა გადაფარებული შიშველ ტანზე და რატომღაც მძინარე, იძახდა სახელებს ქალაქების, სადაც შეცდომა არასოდეს ყოფილა. არაანგელოზები ვერასდროს ჩაწვდებიან ანგელოზური სიზმრების ლოგიკას. მან ბოლოჯერ გახედა მის მსგავს ღამის პეპელას და განშორების მელანქოლიით სავსემ ფრთხილად გაიხურა გაღუღუნებული, თბილი ოთახის კარი და უსასრულო წვიმის სველ სიცივეში გავიდა.


მკვდრის თვალები ბრილიანტებივით ირეკლავდნენ უზარმაზარ გატეხილ მთვარეს. ვარდებს ფანჯრის რაფაზე უყურებდა დეტექტივი, როცა მისი აზრები სახლიდან 30 მეტრში მიმავალი მატარებლის ექომ გაიყოლა. ასეთ მატარებლებს ყოველთვის გადააქვთ სუსტად განათებული საპორტო ქალაქებიდან სინათლის ქალაქში იარაღითა და ნარკოტიკებით დატენილი ვაგონები მეამბოხეებისთვის - ერთგვარი ყოველთვიური საჩუქარი სახელმწიფოსგან - მე მგონი არ დარჩა გულუბრყვილო ადამიანი, ვისაც გონია, რომ რევოლუცია თავისით ფინანსდება. არალეგალური მთვარის ყვავილები, ტრეფიკინგის მსხვერპლი გენეტიკურად გამოყვანილი სექსუალური თოჯინები და რეზერვაციებიდან მოგროვებული ანგელოზები მბრწყინავი კლუბებისა და ბორდელებისთვის, მიკროატომური ბომბები დრიმჰაკერების სექტისთვის, რომლებიც დიდი ტბის იქით ცხოვრობენ მუტანტებს შორის, თაყვანს რომ სცემენ ჩამოვარდნილ მეტეორებს - სწორედ აქ ქადაგებენ ე.წ. „მძინარეები“, რომლებიც სინოდის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არიან გამოცხადებულები, რომ რეალობა ბრაჰმას სიზმარია, რომლისგანაც მან უნდა გამოიღვიძოს ან მძინარეთა დაჟინებული მედიტაციებით, ან არნახული ტერორისტული აქტებისა და აფეთქებების შედეგად, თორემ მის სიზმრებს ბოლო არ უჩანს და ყოველი სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვიღვიძებთ ახალი სიზმრის ახალ დეკორაციებში და სამუდამოდ ჩარჩენილები ვართ მისი დაავადებული გონების მიერ წარმოქმნილ ილუზიებში...

შეცდომამ სწრაფად მოწყვიტა აზრები მიმავალ მატარებელს, რომ ფიქრებით ოთახში დარჩენილიყო.


მხოლოდ ანგელოზების შემზარავი კივილი ისმოდა ექოებად - გარინდებულ სამეზობლოში. და გარეუბნის შეშინებული მაცხოვრებლები იწერდნენ რომბს, ურეკავდნენ ნათესავებს, ეფერებოდნენ ბავშვებს და ამოწმებდნენ საკეტებს კარებზე - სამყარო ხომ დიდია და სახიფათო, განსაკუთრებით ასეთ ღამეებში.

 

შეცდომამ უკვე იცოდა, რომ სანამ ოთახს ათვალიერებს - ტიფლისის ხალიფისა და სინოდის უშიშროების სახლებში უჩუმრად გროვდებოდა სპეცნაზი, რეზერვაციებში კი სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი უკვე გეგმავდა საპასუხო ტერაქტის მონახაზებს - ყველაზე ცუდი დროა, რომ აზრები აგერიოს.
ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ტვინის გადაყვანა ტეტა-ტალღებზე.

“შაითანი დასახლდა აღმოსავლეთ ტიფლისში: კიდევ ერთი მსხვერპლი. ამჯერად მოკლულია ავტორიტეტული მაღალჩინოსანი: უკვე მეორე მკვდარი ანგელოზი ამ კვირაში.“ - წერდნენ გაზეთები. დეტექტივი პირველივე წინადადებიდანვე მიხვდა, რომ მისი ცხოვრება სახელმწიფო ინტრიგებისა და ბინძური გამოძიების ჟანრში გადავიდოდა, მაგრამ ხარაკირის მომლოდინე სამურაის მოლოდინით შეხვდა ამ ამბავს. ხარაკირის დეტექტივებს პირველივე კურსზე ასწავლიან.

პირველი მსხვერპლი ხილვების უბანში იპოვეს. ეს იყო დაღდასმული, ფრთამოჭრილი ანგელოზი - ფრთების მოჭრა ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ანგელოზისთვის და მხოლოდ გაუგონარი დანაშაულისთვის თუ გაწირავენ მას ასეთი სასჯელისთვის. შეცდომამ ეს საკუთარი გამოცდილებით იცის - მოგონებები რებეკას შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალია მის ელექტრონულ გულში.
თუმცა პირველი მსხვერპლი არაფრით იყო გამორჩეული, რომ მისთვის ასეთი “პატივი დაედოთ” და ფრთები მოეჭრათ.  სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი, მორიგი განარკომანებული ანგელოზი. ასეთები ტონა ყრია ხილვების უბნის მოტელებსა და ბორდელებში. რატომ ასეთი ხმამაღალი მესიჯი მისი მკვლელებისგან?

მეორე მსხვერპლი კი ცნობილი თეოლოგი და ანგელოზთა უფლებების მკაცრი დამცველია. შეიძლება ითქვას, რესპექტაბელურიც კი, რამდენადაც შესაძლოა იყო რესპექტაბელური, როცა ხარ მკვდარი, თან ასეთი წყალწაღებული გეტოდან.

ერთი შეხედვით მკვლელობებს არაფერი ქონდათ საერთო ერთმანეთთან, მაგრამ დეტექტივი შეცდომა ძვლის ტვინის იმპლანტანტით გრძნობდა რაღაც კავშირს - გადმოუცემელს არისტოტელეს ლოგიკით, მაგრამ ადეკვატურს მისი ძვლის ტვინის კვანტურ კომბინაციებთან და ვამპირულ ალღოსთან.

- ძალადობის არანაირი კვალი არ შეინიშნება. სავარაუდოდ მსხვერპლი და მკვლელი იცნობდნენ ერთმანეთს და მან თავისი ნებით გაუღო კარი მოძალადეს - ჩაილუღლუღა უბნის ინსპექტორმა, რომელიც დეტექტივს შემოსასვლელში დახვდა და ისე ადგენდა ოქმს, როგორც მოწყენილი მოხუცები ავსებენ კროსვორდებს იაფფასიანი გაზეთებიდან და კითხა: “ხომ არ გახსოვს, რა ქვია კორპუსების ქალაქის მაფიის კოდექსს? 11 ასოსგან შედგება… ბესპრიდელი? თუ რაღაც მსგავსი”

- უკიდეგანობა - უპასუხა შეცდომამ და წამით ისევ რებეკა გაახსენდა.

მკვდარი ანგელოზი ცაში იყურებოდა, თითქოს არ მომკვდარა და მდუმარედ ისმენს დეტექტივისა და უბნის ინსპექტორის საუბარს. შინდისფერი ტოგით გამოწყობილს ხელში ეჭირა გრძელი პერგამენტი.

- მოახდინეთ იდენტიფიცირება?
- იდენტიფიცირებულია მკვდარი ანგელოზი, დანარჩენი არაა ჩემი საქმე - ამრეზით გახედა უბნის მორიგე ინსპექტორმა გარდაცვლილს და ნელა შეავსო გადახაზულ კროსვორდში დარჩენილი სიცარიელის კიდევ რამდენიმე უჯრა.

დეტექტივმა სახე ახლოს მიიტანა ანგელოზთან, ერთხანს უყურა და ირანული თამბაქოს მძიმე ნაპასი სახეში შეაბოლა.

- ეს ბინძური ანგელოზები. პრობლემების მეტი არაფერი მოაქვთ - სცადა დიალოგის დაჭერა მორიგემ.

დეტექტივმა ოთახი შეათვალიერა - იესოს ხატები ნეონის ჩარჩოებში ავსებდნენ მთელ კედელს უზარმაზარი ხალიჩის გარშემო. ხალიჩაზე ამოქარგული იყო ციმცუმი და დოქების მსხვრევა. მის თავზე კი იდგა დიდი ჯვარცმა, მაცხოვრის გუგებში ჩაინსტალირებული ვიდეოთვალი სულშიჩამწვდომი მზერით უყურებდა დეტექტივ შეცდომას.

ანგელოზის გვერდით, მომცრო სამუშაო მაგიდაზე გადაშლილი იყო დიონისე არეოპაგელის წიგნი ღვთაებრივი წყვდიადის შესახებ, მესამე გამოცემა. იქვე, წითელი და მწვანე შუქებით ბჟუტავდნენ ტრანზისტორის მინიატურული ნათებები. 

 

ტრანზისტორები ანგელოზების საკომუნიკაციო მოწყობილობაა, ერთგვარი სახლის ტელეფონი - სიგნალები, რომლებსაც მის თავზე დაყენებული პატარა ანტენა უშვებს, რთული გასაშიფრია უშიშროების სამსახურებისთვის, რამდენადაც ახალი თაობის ტრანზისტორები კვანტებს იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად - რაც ნიშნავს, რომ ანგელოზებს შეუძლიათ დარეკონ წარსულში.

ისმის ტელეფონის ზარი, თქვენ იღებთ ყურმილს და იქიდან გესაუბრებათ თქვენივე თავი - ოღონდ ახლო მომავლიდან. რა თქმა უნდა წარსულში დარეკვის დისტანცია მაქსიმუმ 5-7 წუთია, მაგრამ ამ 5 წუთში ნებისმიერ ანგელოზს შეუძლია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინოს როგორც საკუთარ თავს, ასევე მის ახლობელს.

ძირითადად, წარსულში დარეკვის ლიმიტი დღეში 10-15 წუთს არ სცდება ხოლმე, მაგრამ ციფერბლატი 45 წუთს აჩვენებდა. ერთი დღის განმავლობაში! როგორც ჩანს, სიტუაცია დრამატულად და სწრაფად ვითარდებოდა და გარდაცვლილი სუბიექტი ცდილობდა, რაღაც მნიშვნელოვანი ინსტრუქციები გადაეცა საკუთარი თავისთვის.

შეცდომამ იქვე, იატაკზე, თავისი მოვერცხლილი, იეროგლიფებით მოხატული ჩემოდანი გახსნა, ინსტრუმენტარიუმიდან ასევე ვერცხლისფერი სპექტრომეტრი ამოიღო და მკვდარი თეოლოგის ოდნავ მბჟუტავ ნიმბს გადაატარა. სპექტრომეტრი მკრთალ იასამნისფერ ნათებას იჭერდა - ეს იმ მკვდრების ფერია, რომლებსაც სიკვდილთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო მიაქვთ.

- თუ შეიძლება, მარტო დამტოვეთ - მიმართა შეცდომამ უბნის ინსპექტორს, ისე რომ არც გაუხედავს მისკენ. მანაც ზანტი და უკმაყოფილო მოძრაობით აწია მძიმე ტრაკი, დახურა ოქმის ფურცელი და ოთახიდან გავიდა.

კრიმინალის სცენაზე მდგარს ყველაზე მეტად აურის შეგრძნება ჭირდება. დროსა და სივრცეში იმ მომენტის გამოჭერა, როცა კრიმინალი მოხდა. სასწავლებელში შეცდომას ეუბნებოდნენ, რომ ადგილზე დატრიალებული ემოციები 6 საათის განმავლობაში გუბდება შემთხვევის ადგილას, მაგრამ წლების განმავლობაში შეცდომამ გამოიმუშავა სპეციალური ყნოსვა, რომლითაც ის მრავალი წლის წინ ჩადენილ ექსცესებსაც გრძნობდა ხოლმე, როგორც რაღაც ხელით მოუხელთებელ შეგრძნებას ჰაერში. ამიტომ არ უყვარდა მას წვეულებებზე სიარულიც -- ნებისმიერ ადამიანს საკუთარი საიდუმლო ზრახვების სურნელი დაკრავს.

მკვდარი თეოლოგის ოთახში კი გაურკვეველი ამოცანების ნისლი იდგა - ასეთი ნისლი ნებისმიერ დეტექტივს მინიმუმ საათით ჩააგდებს ტრანსში. შეცდომამ სპექტრომეტრი ისევ ინსტრუმენტარიუმში ჩააბრუნა.

კორიდორში ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა. ასეთი მტკიცე ნაბიჯებით მხოლოდ რეინკარნაციული პოლიცია ან სინოდის პირადი გამოძიება გამოირჩევა. დეტექტივმა ინსტინქტურად წაართვა ხელიდან მიცვალებულს გრძელი პერგამენტი, ფოტო გადაუღო მას და გადაშლილი წიგნის გვერდებს და ტრანზისტორის მონაცემები სასწრაფოდ გადაიწერა ძვლის ტვინის იმპლანტზე. გადაწერას 100% ზუსტად მაშინ დაეწერა, როცა ოთახის კარები რეინკარნაციულმა პოლიციამ შეამტვრია, მიუხედავად იმისა, რომ კარები ისედაც ღია იყო. რას იზამ, ეგეთია ძალოვანი სტრუქტურების სტილი.

- ადგილზე გაშეშდით, საქმე სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის!
დეტექტივმა ხელები აწია და გაშეშდა, მას მაღალი, ეგზოსკელეტონში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა:
- კეისარი მათე-ურწმუნო, რეინკარნაციული პოლიცია: დაასახელეთ თქვენი ვინაობა და ვის მიერ მოხდა თქვენი გამოძახება დანიშნულების ადგილზე
- დეტექტივი შეცდომა აპოკალიფსის განყოფილებიდან, საიდენტიფიკაციო ნომერი #23,002, ავატარის მოლოდინში. გამოძახება “რეგულარული მკვლელობების აპლიკაციით” მოვიდა. რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ მკვდარ ანგელოზში, რამდენადაც მისით რეინკპოლი ინტერესდება?
- მკვდრის განსაკუთრებულობას ჩვენ ვადგენთ, თქვენი საქმე ეს არაა. თუ შეიძლება მოგვაწოდეთ აპლიკაციის პარამეტრები, პირადი კოდი და გამოძიებების ისტორია. თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ - რანგი ვერ გიქაჩავთ. 

- ანუ მიცვალებული მართლა ასეთი განსაკუთრებულია? - გახედა შეცდომამ პირღია ანგელოზის გვამს.

- რა სამუშაოები იყო ჩატარებული ჩვენს მოსვლამდე, დეტექტივო?
- ხოო, იუმორი და რეინკპოლი არ მეგობრობენ... მხოლოდ ნიმბის სპექტრალური ანალიზი ჩატარდა, აქ ჩანს რომ...
- მოიტანეთ ანალიზი, ჩვენ თავად შევხედავთ... -- უხეშად მიმართა რეინკპოლის თანამშრომელმა დეტექტივს.
- ინსტრუმენტარიუმში...
- ამ წამიდან გამოძიებას რეინკარნაციული განყოფილება უძღვება, ინსტრუმენტარიუმი ჩვენთან დარჩება, განყოფილებაში მისვლისთანავე რაპორტს დაწერთ და ახალ ინსტრუმენტარიუმს მიიღებთ. გასაგებია? ეხლა კი გთხოვთ დაგვტოვოთ.

დეტექტივმა მხოლოდ წამით გადახედა მკვდარი ანგელოზის ღიად დარჩენილ თვალებს, რომლებშიც სუსტად ირეკლებოდა ტრანზისტორის მბჟუტავი სინათლეები და რადიოაქტიური წვიმა ფანჯრებს გარეთ, შავ ცაში, საითაც თვალები მინიშნებასავით იყურებოდნენ.
ეს ღამე ამ მიცვალებულის ღია პირიდან ამოდიოდა.


 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE