ვიტა - ორი ბავშვის ისტორია, რომელიც მთელი იტალიის ბიოგრაფიად იქც


ვიტა - ორი ბავშვის ისტორია, რომელიც მთელი იტალიის ბიოგრაფიად იქც




       1903 წელს, ელისის კუნძულს მიადგა გემი, რომელზეც ორიათასამდე ემიგრანტი იყო და მათ შორის - თორმეტი წლის დიამანტე და მისი ცხრა წლის და, ვიტა. ისინი  ოჯახმა გაუშვა იქ გადარჩენისათვის. ნიუ-იორკის ქაოსში ხვდება სიღატაკიდან და კრიმინალური იტალიიდან წასული ორი ბავშვი, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, იმისათვის, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს და გახდეს ამერიკელი.  იტალიელი მწერლის, მელანია მაცუკოს რომანი “ვიტა” ერთდროულად ოჯახური საგაც არის და კოლექტიური ეპოპეაც. ეს არის სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გაქცეული ვიტასა და  დიამანტეს თვალით დანახული ემიგრაციის ისტორია. თავისი ოჯახის ამბით  ავტორმა ფაქტობრივად  ქვეყნის ავტობიოგრაფია დაწერა. არ ვიცი, დაინტერესდებოდა თუ არა ამ ისტორიით მელანია მაცუკო, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს ბავშვები მისი წინაპრები არიან…  მაინც მგონია, რომ  — კი, თუკი მათ შესახებ შემთხვევით შეიტყობდა, იმ კუთხით შეეხებოდა, რომელიც ამ ისტორიის დაწერის სურვილს გაუჩენდა, რადგან ეს  ორი ბავშვის კი არა, რეალურად ათასობით იტალიელის თავგადასავალია, როცა თითოეული მათგანი იძულებული იყო, სამშობლო დაეტოვებინა და გადასარჩენად ამერიკაში წასულიყო. მელანია მაცუკო კი იტალიელი მწერალია, რომელიც  ახერხებს, ისე მოგვითხროს კონკრეტული გმირების ცხოვრება, რომ  რევერბერაციამ მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანამდე მიაღწიოს. მკითხველმა იცის, რომ  მის ტექსტებში აღწერილი ამბები ხშირად  დოკუმენტურია, პერსონაჟები  — რეალური...  თუმცა, მელანია მაცუკოს, როგორც მწერლის,  ძირითადი სამიზნე, მაინც ქალია. ქალისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე მან თბილისში, მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. მიიჩნევს, რომ ქალი პერონაჟები აკლია მსოფლიო ლიტერატურას. სწორედ ქალის სახელი ჰქვია წიგნს — ვიტა. ესაა დიამანტეს ცხრა წლის და, რომელიც ჩვენ თვალწინ, ტექსტში იზრდება და კითხვის დროს დედურ გრძნობებს  გიჩენს. ასე გგონია, შენც შეგიძლია მასზე ზრუნვა და გულშემატკივრობა, ლამისაა, ხმის მიწვდენას ცდილობ, რომ ასე ან ისე მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს ეფექტი მაცუკოს (და შემდეგ მთარგმნელის) დამსახურებაა, როცა პერსონაჟი ასე ცოცხლად და ხელშესახებად გესახება.

       ფონი, რომელიც თან სდევს ტექსტს, ომია, შიმშილისგან თავისდასაღწევი ომი, და ამ ომის ფონზე ის რამდენიმე ადამიანი,  რომლის ამოტივტივება მწერალმა განიზრახა და თითქოს არც კი გაამახვილა მათზე ყურადღება, რაღაც მომენტებში ისე, უნებურად გადმოგვცა მათი ყველაზე ნიუანსობრივი შტრიხები, ასახა  ხასიათი, გაგვაყოლა  ნაკვალევს და საბოლოოდ  ერთი დიდი პანორამა დაგვიხატა, რომლითაც ბევრად უფრო მეტი გვითხრა, ვიდრე, უბრალოდ, ისტორიის თხრობაა.

,ვიტა'', რომელიც ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ''  სულ ახლახანს გამოსცა და-ძმის ამერიკულ ემიგრაციაზე მოგვითხრობს.  მთელი ტექსტი  უცნაურ, მაგიურ დეტექტივს გვაგონებს, სადაც მწერალთან ერთად მივყვებით უშველებელ, უკიდეგანო ქვეყანაში გადაკარგულ გმირებს და თითქოს მათი იტალიაში დარჩენილი ნათესავების მაგივრობას ვწევთ, ისეთი სუნთქვაშეკრული მივდევთ მათ უმძიმეს ცხოვრებას.

     ამ ყველაფერს, როგორც ფილმს, თვალყურს ადევნებთ  და პერიოდულად ავტორთან ერთად დადიხართ დაწესებულებებში და კითხულობთ ქრონიკებს, განცხადებებს, წერილებს, პოლიციის ანგარიშებს და სხვადასხვა ქაღალდებს. ბავშვების დედიდან ახლა მწერლის მეგობრად გარდაისახებით. დოკუმენტსა და დოკუმენტს შორის მათი კვალი წყდება და ჩვენ იმედით ველოდებით ავტორს,  გააგრძელოს თხრობა და წინ წაგვიყვანოს, იქით, საითაც ვიტა და დიამანტი  უნდა გაიზარდონ და უკეთესი ცხოვრება დაუდგეთ...    

     მელანია მაცუკოს ეს ძიების პროცესი ცალკე თავგადასავალში გადაიზრდება.  გიჩნდებათ შეკითხვა — რა არის ეს, ავტორის ისტორია თუ გმირებისა?  ჩვენ, ერთის მხრივ, მწერლის გულშემატკივარი ვართ, მეორეს მხრივ კი — მისი წინაპრების. საბოლოო ჯამში კი ესაა მისი  ერთგვარი ოჯახური საგა, რომელიც როგორც მხატვრული ტექსტი, ცალკე მნიშვნელობის მატარებელია და როგორც ისტორიული ქრონიკა, რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორია, ცალკე ფასს სძენს მას. მწერალმა წლების მანძილზე სდია, იკვლია და აგროვა წინაპრების ფეხის ნაბიჯები, მთელი ის გულისგამგლეჯავი გაჭირვება, რომელიც გამოიარეს მათ.  დიამანტე და ვიტა ათიათასობით ემიგრანტს უერთდებიან, ეს ის იტალიური სულია, რომელმაც ამერიკას, შეიძლება ითქვას,  რაღაც თავისი შტრიხი შესძინა, რაღაც თავისი სურნელი, ფერი, იდეა. ის, რის გამოც იტალიელების მიმართ ამერიკელები ცხვირს იბზუებდნენ, დროთა განმავლობაში ამერიკული ეკლექტური კულტურის ნაწილად იქცა.

     მაგრამ ეს ყველაფერი აქედან, 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან. წიგნში კი დიამანტე წამებული და დამცირებულია.  ის ოცნებობს ახალ ცხოვრებაზე, მაგრამ  ღალატობს ცხოვრებაც, ოცნებაც, ამერიკაც და იტალიაც. არანაკლებ მძიმეა ვიტას ბედიც. მაგრამ ის ოპტიმისტია და ცდილობს,  სჯეროდეს იმის, რასაც აკეთებს, და იმის, რომ რაღაც მაინც იქნება უკეთესად.  ესაა გოგონას, ქალის ძალის, ურყევობის, ნებისყოფის ამბავი და როცა რომანის კითხვისას ქალის ბედზე იწყებ ფიქრს, სადღაც უკანა ფონზე გადადის ისტორიული კონტექსტი, ე.წ. ემიგრანტის ბედი. გეჩვენება, რომ მთელი ეს ისტორია იმისთვისაა მოთხრობილი, რომ ქალის ძალებში დარწმუნდე.

დეტექტივ-მწერლის ლუპა და-ძმის ნაკვალევს ლამისაა, ლეგენდად, საფუძველთა საფუძვლად აქცევს, ალბათ იმიტომ, რომ ვიცით, ამგვარმა ისტორიებმა განაპირობა მთელი შემდგომი თაობების ფსიქოლოგია. ეს რომანი წაიკითხა ათიათასობით იტალიელმა, რომელთა ოჯახის წევრებიც თავის დროზე ამერიკაში წავიდნენ ბედის საძიებლად. სწორედ ამიტომ ეს ტექსტი სიყვარულის და დაკარგვების, გამძლეობის და წარმატების,  ნგრევის და  იმედის საგაა. ესაა ისტორია ახალი სამყაროს გაცნობის შესახებ, რომელიც გაზავებულია ბიოგრაფიასა და ავტობიოგრაფიაში, გამონაგონსა და ფანტასტიკურ ამბებს შორის. ესაა ემიგრანტის გამოცდილების ყველაზე თავბრუდამხვევი, ერთდროულად სევდიანი და მხიარული  გზა.

     ჩვენ არ ვიცით, როგორ ჟღერს იტალიურ ენაზე ეს რომანი. როგორია მისი ენა, მაგრამ ხათუნა ცხადაძე რომანის ქართულ ვერსიას ქმნის იმდენად ცოცხალს და ნამდვილს,  რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ საბოლოოდ გავიწყდებათ, რომ თარგმნილ ტექსტს კითხულობთ. ესაა ძალიან ბუნებრივი, ხანდახან გაწიწმატებული  და რაღაცნაირი, მხატვრულად მკვახე ენით მოთხრობილი ვრცელი ამბავი, ერთდროულად რომ თანაუგრძნობს და აშაყირებს, იბრალებს და ხოტბას ასხამს გმირს. იქნებ ეს იტალიური ენის თავისებურებაა, ყოველწამს თესოს მდიდარი და მრავალწახნაგოვანი ემოციები სიტყვებსა თუ წინადადებებში. აი, ნახეთ, თუნდაც რომანის დასაწყისის ეს მონაკვეთი: ,,პირველი, რის გაკეთებაც ამერიკაში უწევს, შარვლის ჩახდაა. ეს ისე, რომ იცოდეთ. ფეხებშუა კონწიალა ავლადიდება და ვარდის ფურცელივით პრიალა ბოქვენი უნდა უჩვენოს მაგიდის იქით ჩამწკრივებულ ათიოდე მსაჯულს. დგას, შიშველი და დამცირებული, ისინი კი – ჩაცმულები – სხედან და დაცინვით უყურებენ. წამწამებზე ცრემლები ჰკიდია, კომისიის წევრები კი უხერხული ღიმილის დაფარვას ცდილობენ, ახველებენ, ელოდებიან. სირცხვილს მამამისის ვეებერთელა შარვალი უასმაგებს, დაძონძილი და ფართხუნა, ისეთი ძველი, მღვდელიც რომ არ იკადრებს.“

     ავტორი კი... ის ენას არ დაგიდევთ. ეს მისთვის სავარაუდოდ  გამოხატვის ბუნებრივი ფორმაა. ის იმ ნაბიჯებზე ფიქრობს, რომელიც უკვალოდ გაქრა.  რაც უფრო მეტადაა შეპყრობილი ემოციით, რაც უფრო მცირდება ძებნის არეალი და შესაძლო ტრაექტორია, მით უფრო მეტად ცდილობს, მოიშოროს  განცდები და თხრობა საქმიანი, მშრალი და დოკუმენტური გახადოს, მეტად ერთვება სხვა, პარალელურ ისტორიებშიც, რომელთა შორის, რაღაც მომენტში, თითქოს იკარგება ვიტას სახე და ამოტივტივებას იწყებს ამერიკა თავისი რიგითი ადამიანებით, რომელთა შესახებ მხოლოდ რაღაც გაელვება, ფურცლის ნაგლეჯი ან ორიოდე წინადადება ლაპარაკობს. აქ წააწყდებით  შემაძრწუნებელ ისტორიებს, რომელიც ცალკეულ ადამიანებს, ან ოჯახებს გადახდათ თავს. თქვენ თვალწინ გაიელვებს მრავალი სახე, რომელიც იმ ეპოქის საბედისწერო ,,ბადეში'' მოჰყვა და სავარაუდოდ,  ცხოვრება ცუდად დაამთავრა. ვიტას და მისი ძმის ნაბიჯებს ერევა ათასი სხვა ნაბიჯი... და თქვენ ალაგ-ალაგ გიპყრობით განცდა, რომ ავტორი მარტოა  ქვეყნიერების წინაშე. მხოლოდ მას მოჰყავს მოძრაობაში ყველა,  თორემ ისე  ყველაფერი მკვდარია ან სტატიკურ მდგომარეობაში დარჩენილა.

მსოფლიო ლიტერატურაში ძალიან ცოტაა ერთდროულად დრამატული და კომიკური ტექსტები, სადაც ავტორი მძიმე ამბებით მკითხველის გამხიარულებას ახერხებს. კიდევ უფრო რთული მგონია ამ ბეწვის ხიდზე სასიარულო განწყობის სხვა ენაზე გადმოტანა. მე ვფიქრობ, ,,ვიტას’’ ქართული თარგმანი ამ მომენტს თავს საუკეთესოდ ართმევს. ხათუნა ცხადაძის ენა არასოდეს არაა არც პათეტიკური, არც არქაიზმებით ჩამტკბარი, როგორც ხშირად სჩვევია  ბევრ მის კოლეგას. მის ტექსტში ვერ შეხვდებით თითქმის ვერცერთ კლიშეს, რომელიც ძირითადად 90-იანებმა გადმოულოცა ქართულ ენას და დღემდე ვერ ელევა ბევრი. ძნელია, ზუსტი ფორმულირება მოვუძებნო მისი ენის განსაკუთრებულობას, მაგრამ ერთი სიტყვით ასე დავახასიათებდი – ესაა ცელქი ენა: ,,ფერია, ბეწვები ამოგეწვერა? ჰკითხა როკომ და ვარდისფერ ბოქვენზე მიაშვირა თითი, რომლის თავზეც საწყლად წამოქოჩრილიყო მუქი ბულული. მოიჭერი, ურჩია მერე, უფრო ხშირი თმა ამოგივა. როგორც კი მარტო დარჩა, დიამანტე ანიელოს სამართებელს დასწვდა და სასწრაფოდ გაისხლა ახალამოყრილი თმა. მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ყოველდღე მოუთმენლად ითვალიერებდა ბოქვენს ტუალეტში შეკეტილი, მაგრამ არაფერიც არ ეზრდებოდა. გააცურეს.’’

     წარმავალობისა და გაქრობის განცდას ეკამათება დღევანდელი რეალობა, ავტორის აწმყო, რომელშიც ის წარსულის გადარჩენას ცდილობს. მწერლის თვალთახედვის ფოკუსში თითქოს მთელი ამერიკა და იტალიაა, და ვიტას თავგადასავალი მხოლოდ მიზეზია სიუჟეტის განვითარებისა, მერე კი გრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიტაა მთავარი, ხოლო ფონი  მხოლოდ ნაწარმოებისთვის აუცილებელი აქსესუარია. მოგვიანებითღა ხვდები, რომ ეს ყველაფერი — ნაცრისფერი არარაობა, წარსულის აჩრდილებთან ბრძოლა და გოგონას ბედ-იღბალი —  სამყაროს ჩვეულებრივი ოქსიმორონია, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობს. თავისუფლებისკენ სირბილი უნებურად სიკვდილისგან თავდაღწევის  მცდელობას ეჯაჭვება და მერე საერთოდ იკარგება, რადგან საყოველთაო ისტერია ყველაფერს  ქვიშაზე დატოვებული ნაკვალევივით მყისიერად შლის. ვიტას ახალგაზრდული ვნებაც  ამ  ქარიშხალში იკარგება. თუმცა კი, თავდაპირველად, როცა რომანის კითხვას იწყებთ, გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სწორედ  გაქცევის ამ წყურვილზე, მის ფილოსოფიაზე, ვიტას განცდებზე, პროტესტზე და რისკზეა ეს ნაწარმოები... გიჩნდებათ აღფრთოვანება მწერლის ოსტატობის მიმართ —  როგორ ჩატია ამ ერთ წიგნში ამდენი მნიშვნელოვანი რამ ისე, რომ არსად არ დაირღვა ბალანსი მხატვრულობასა და დოკუმენტურ თხრობას შორის, ფილოსოფიასა და პრაგმატულ რეალობას შორის, სოციალურსა და ადამიანურს შორის…

ვფიქრობ, რომანის მთარგმნელმა,  ხათუნა ცხადაძემ,  ზუსტად მიაგნო თხრობის იმ საშუალებას, რომელიც მეოცე საუკუნის ამ პერიოდს ყველაზე ბუნებრივად გააცოცხლებდა.  ქართულ ენაზე კარგად ისმის ის რევერბერაცია, რომელიც წარსულს მომდევნო თაობაში გააცოცხლებს და მერე კი, კიდევ უფრო შემდგომ თაობას მიასწვდის ზუსტ ინტონაციასა და ხმას…

         50-ს გადაცილებული მწერლის, მელანია მაცუკოს რომანი, „ვიტა“ 2003 წელს იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით, „სტრეგათი“ დაჯილდოვდა. 2005-ში კი ის Globe & Mail-ის წლის წიგნი და New York Times Book Review-ს რედაქტორთა რჩეული გახდა. ამავე წელს „ვიტა“ ერთადერთი უცხოენოვანი წიგნი იყო Publishers Weekly-ის წლის ათ  რჩეულ რომანს შორის.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE