გონჯა ოზმენი: პოეტებს მართებთ ჯიუტ თხებს დაემსგავსონ!


გონჯა ოზმენი: პოეტებს მართებთ ჯიუტ თხებს დაემსგავსონ!




ანი კოპალიანი: ანატოლიიდან ყოფილხარ. ჩემი შთაბეჭდილებით, იქ გასაოცრად გულითადი ადამიანები ცხოვრობენ. რა იყო ბავშვობაში ისეთი, რამაც ყველაზე მეტად ასაზრდოვა ენი პოეზია?

გონჯა ოზმენი:  დიახ, თურქეთის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონში, ბურდურის მახლობელ პატარა ქალაქ ტეფენიში დავიბადე, სადაც დაახლოებით 10.000 ადამიანი ცხოვრობს. მართლა ძალიან მდიდარი ბავშვობა მქონდა - მგონია, გამიმართლა, რომ დიდ, თანამედროვე ქალაქში არ გავზრდილვარ, სადაც ბუნებისაგან მოწყვეტილი ბავშვების ცხოვრება საკუთარი სახლებითა და უფრო ხშირად - ოთახებით შემოიფარგლება. მე კი ბუნებაში ვიზრდებოდი, ქუჩებში საათობით ვთამაშობდი ,,დამალობანას“, ღამღამობითაც კი. საფრთხე არსაიდან გვემუქრებოდა - მთელი ქუჩა ჩვენი სახლი, ჩვენი ოთახი იყო. ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, მეზობლებს ნათესავებად აღვიქვამდით. ჩემს ოჯახს ორი უზარმაზარი ბაღი ჰქონდა, ხეები, ყვავილები, ბევრი ცხოველი გვყავდა და კიდევ უფრო მეტი - მეგობარი. მუდამ გარეთ ვიყავით - დავრბოდით, შინაურ ცხოველებს ვუვლიდით, ბოსტნეულს თავს დავტრიალებდით, ხილს ვკრეფდით და ძროხებს ვწველიდით. ქათმები, თხები, ძროხები, ცხვრები და კურდღლები მებარა და მათზე ვზრუნავდი. მაღალ მთებში ჩაფლული ჩვენი სახლი ტბის ახლოს იდგა. მე და ჩემი მეგობრები იმ მთებზე მივძვრებოდით, მერე მდელოზე ჩამოვსხდებოდით და ერთმანეთს სხვადასხვა ამბავს ვუყვებოდით. ჩემი დიდი ბებია შესანიშნავ ზღაპრებს მიამბობდა - მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა, სხარტი გონება და შემოქმედებითი აზროვნება ჰქონდა. ბუნებას საუცხოოდ იცნობდა, რაკიღა მთებში, კარვებში იყო გაზრდილი. მწყემსი იყო და გაგიჟებით უყვარდა ცხვრები და თხები. საოცარი პოეტური თხრობა შეეძლო, საათობით მიყვებოდა ერთი ფრინველის შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო - და ამბავს დაუჯერებელი წვრილმანებით ამკობდა. ფაქტების სიზუსტე დიდად არ ანაღვლებდა - ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაც იყო პოეტი. მეტაფორულ, ფიგურალურ ენას იყენებდა. ყველაფერმა ამან მომცა საშუალება, ბუნებას დავკვირვებოდი, რომელიც ბავშვობაშივე მექცა მასწავლებლად - შთამაგონებდა და შემოქმედებით ენერგიას მაძლევდა. შემიძლია ჩემს თავს ჰაიდიც[1] ვუწოდო, ანატოლიელი ჰაიდი. ასე რომ, ჩემი პოეზიის უპირველესი შთამაგონებელი, ანუ როგორც შენ თქვი, ,,მასაზრდოებელი“ - ბუნებაა. ის ჩემთვის ერთი დიდი მეტაფორაა და მისი ზეგავლენა ჩემს ლექსებში ირეკლება. ლექსის სტრიქონის მნიშვნელობის ამოხსნა იგივეა, რომ ფოთლის ან ხის საიდუმლოს ჩასწვდე. ჩემი წინაპრები მომთაბარენი იყვნენ და მეც ვგიჟდები მთებზე - ვგიჟდები თავისუფლებაზე და ვგიჟდები თხებზე! ასე მგონია, რომ ჩემში შავი, ჯიუტი ნერბი ცხოვრობს. სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა პოეტისთვის, ამის გარეშე შეუძლებელია საკუთარი უნიკალური, თვითმყოფადი ხმა შეუერთო ლიტერატურის, პოეზიის ტრადიციებს. კიდევ ერთი შთაგონების წყარო, ანუ ,,საზრდო“ წიგნებია. მამაჩემი ფილოსოფიას ასწავლის და იშვიათად თუ შემხვედრია მასავით კარგი მკითხველი. დავიბადე სახლში, სადაც დიდი და გემოვნებით შერჩეული ბიბლიოთეკა გვქონდა. ვთვლი, რომ ეს ბიბლიოთეკა იღბლის საჩუქარი იყო. დედისერთა ვარ - დობას, ძმობას და მეგობრობასაც მხოლოდ წიგნები მიწევდნენ. გაგიჟებით მიყვარდა ისინი - განსხვავებულ სამყაროებს, დიდებულ თავგადასავლებს, ათასგვარ ადამიანებს მაცნობდნენ - ყველაფერს, რასაც ჩემ გარშემო ვერ ვხედავდი. საათობით ვკითხულობდი - არც ჭამა მახსოვდა, არც - სმა და არც - ძილი. შემიძლია ახლაც დავიტრაბახო, რომ ძალიან კარგი მკითხველი ვარ - უფრო კი ვცდილობ, კარგი მკითხველი ვიყო. სამწუხაროდ, არცთუ ისე ცოტა მწერალია ცუდი მკითხველი და ამას მათი ნაწერებიდან ვხედავ. ბევრი კითხვის გარეშე შეუძლებელია კარგად წერა. პოეტი მარტო პოეზიას კი არა, მეცნიერებას, ისტორიას, ფილოსოფიას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, მითოლოგიას, არქიტექტურას, კინოს, თეატრს, მხატვრობასა და სკულპტურას უნდა იცნობდეს. პოეტი ინტელექტუალი უნდა იყოს, ბევრს კითხულობდეს და მხოლოდ ლექსის კი არა, ქანდაკების, შენობის, ახალი სამეცნიერო მიღწევის განხილვაც შეეძლოს. სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და პოეტიც უნდა ეცადოს, თავისი სამყაროს საზღვრები, თვალსაწიერი გაიფართოვოს,  მრავალფეროვანი ცოდნა მიიღოს. ხანდახან ლექსის წერისას საჭიროა დაივიწყო ის, რაც უკვე იცი და მაინც, სწრაფვა ცოდნისაკენ უპირველესია. ლექსის წერაზე არანაკლებ რთულია ლექსის სწორად წაკითხვა. წერაცა და კითხვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შემოქმედებით იმპულსს და ღრმა განათლებას. ნამდვილად ძნელია ლექსის გაგება, ის მხოლოდ მას უმხელს თავის ნამდვილ არსს, ვინც მის მოსახელთებლად, მის სიღრმეებში ჩასასვლელად ძალას არ იშურებს. პოეზიას სამყაროს წვდომის განსხვავებული სტრატეგია აქვს, სრულიად სხვაგვარი ლოგიკა. ის არ სცნობს ურყევ დებულებებს. ლექსის არსს ვერასოდეს ჩასწვდება მკითხველი, რომელსაც ყური არა აქვს შეჩვეული პოეზიისათვის, არ იცის, განვითარების როგორი გზა გაიარა კონკრეტულმა მიმდინარეობამ ანდა არ შეუძლია მეტაფორის ესთეტიკით ტკბობა, არ აქვს მუსიკალური სმენა და წარმოსახვა. ამასთანავე, თითოეული წამკითხველი, მეტად თუ ნაკლებად, პოულობს მხოლოდ მისთვის გასაგებ აზრს (თუ უაზრობას) ლექსში თავისი ლიტერატურული განათლებისა თუ ზოგადად, მსოფლმხედველობის მიხედვით. უოლეს სტივენსი ამბობდა: ,,პოეტის სიტყვები ქმნის სამყაროს, რომელიც უამსიტყვებოდ არც იარსებებდა“. მეც იმავეს ვცდილობ. წერის იმპულსი მეტად ჩახლართული რამაა და არც ქმნის პროცესის დაწვრილებითი აღწერაა შესაძლებელი. მაგრამ „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...“ ჩვენ არაფერი გვაქვს, გარდა სიტყვებისა. და მაინც, ჯერაც არსებობენ სიტყვები, რომლებსაც ერთ სტრიქონში გვერდიგვერდ არასოდეს უარსებით. ენის სხვენში კიდევ არსებობს გამოსახვის გამოუყენებელი საშუალებები. მეც ვცდილობ, რომ თურქული ენის გამომსახველობითი საზღვრები ჩემი პოეზიის საშუალებით გავაფართოვო. ასევე მჯერა, რომ პოეზიას შეუძლია ჩაანაცვლოს, გარდასახოს და გაალამაზოს ჩვენთვის უსიამო ყოველდღიურობა. გარემომცველი ფიზიკური სამყარო ჩემთვის ისაა, რაც სიტყვებად უნდა გარდავქმნა. სამყარო ყოველთვის ელის ახალ მნიშვნელობას, ახალ პერსპექტივებს, ახალ კავშირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოეზიას სამყაროს შეცვლა შეუძლია. დიახ, მე გულწრფელად მწამს ამის. დავამატებდი, რომ ლექსი თანამედროვეც არის და მუდმივიც, თავის და ყველა სხვა დროსთან თავსებადი.

ა. კ.: როდესაც შენი პირველი წიგნი გამოიცა, მხოლოდ 18 წლის იყავი და ამას ჯილდოების წვიმა მოჰყვა. როგორ შეცვალა ამან შენი ცხოვრება: კეთილ ზღაპარს ჰგავდა თუ ცოტა დაიბენი?

გ. ო.: ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც 1997 წელს ჩემი ლექსი დაიბეჭდა ავტორიტეტულ თურქულ ლიტერატურულ გაზეთ ,,ვარლიქში“. ,,ვარლიქი“ ყველაზე ძველი თურქული ლიტერატურული გამოცემაა, წელს მისი 86-ე იუბილე აღვნიშნეთ. ლექსს იაშარ ნაბი ნაირის სახელობის პრიზი ერგო, რომელიც იმ ახალგაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებს გადაეცათ, რომლებმაც 1997 წელს ყურადღება მიიქციეს. 1999 წელს ალი რიზა ერთანის სახელობის ჯილდო მომცეს. ჩემი პირველი პოეტური კრებული Kuytumda (,,ჩემს კუნჭულში“) 2000 წელს დაიბეჭდა და ორჰან მურატ არიბურნუს სახელობის პოეტური პრიზი მიენიჭა. 2003-ში სტამბულის უნივერსიტეტმა დამაჯილდოვა ბერნა მორანის სახელობის პრიზით პოეზიაში. 2005-ში ასევე მომცეს ჰომეროსის სახელობის პრიზი ლიტერატურულ კრიტიკაში, ესესთვის, რომელშიც თურქი პოეტის, ედიფ ქანსევერის შემოქმედებას განვიხილავდი. გარდა პოეზიისა, ჩემი ახალგაზრდული ასაკი და სქესიც იქცევდა ყურადღებას. ასეთი აღიარება არცთუ ხშირია თურქული პოეზიის ისტორიაში, განსაკუთრებით, ქალი პოეტისა. ეს გაძლევს შემართებას წერის გასაგრძელებლად და გარდა ამისა, ერთგვარად საკუთარი თავის პატივისცემის, ბედნიერების, დაფასებულობის შეგრძნებას გმატებს, თუმცა ასევე გემატება პასუხისმგებლობაც, რომელსაც ერთგვარ შიშამდეც მიჰყავხარ. სულ უფრო უკეთ და უკეთ უნდა წერო. ამავდროულად, ამ ყველაფერს ასეთ ასაკში შეუძლია არასრულფასოვნების კომპლექსიც აგკიდოს. შესაძლოა, ამავე მიზეზით ჩემი მეორე წიგნი Belki Sessiz (“ეგებ ჩუმი“) მხოლოდ რვა წლის შემდეგ (2008) დაბეჭდა ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ. მე მართლაც დიდხანს ვმუშაობდი მასზე და დაჟინებით ვხვეწდი ლექსებს. დაუსრულებლად ვკითხულობდი მათ, ვცვლიდი სიტყვებს, ვამატებდი, მთელ სტრიქონებს ვშლიდი და ფორმებით, ჟღერადობითა და დისკურსით ვთამაშობდი. ეს წიგნი უბრალოდ კი არ დავწერე, შევქმენი. შენობასავით აგურ-აგურ ავაგე. მან არაერთი პოეტისა და მნიშვნელოვანი კრიტიკოსის ქება დაიმსახურა. ჩემი მეორე წიგნის შესახებ 20-ზე მეტი გამოხმაურება დაიწერა. ამან კი მეტი აღიარება მომიტანა, ძალა შემმატა, რომ წერა გამეგრძელებინა. 1997 წლიდან ვწერ და ვაქვეყნებ ჩემს ტექსტებს ლიტერატურულ პრესაში. სულ მალე დაიბეჭდება ჩემი წინა ორი წიგნის მეექვსე გამოცემები. მაქვს წიგნები ინგლისურ და გერმანულ ენებზე. აი, ეს არის ნამდვილი ჯილდო ჩემთვის. მინდა გითხრათ, რომ რეპუტაცია ნაკლებად მადარდებს. ჩემი პოეზიის, ჩემი სიტყვის თვალსაწიერის გაზრდა და გაფართოება მსურს. გადამწყვეტია, რომ შენს შემოქმედებას ძალაუფლება გააჩნდეს. ყველა ახალი ლექსითა თუ წიგნით საკუთარი ღირსება უნდა დაიცვა, მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. ჯილდოს ძალიან დიდი ძალა აქვს, როცა ახალგაზრდა ხარ - ასე საშუალება გეძლევა შენი ხმა მკითხველთა უმეტესობას მიაწვდინო - ესაა და ეს. პოეზია ვიწრო ბილიკია და პოეტებს მართებთ ჯიუტ თხებს დაემსგავსონ. დაუღალავად უნდა იშრომონ წინსვლისთვის.

ა. კ.: მახსოვს, 2014 წელს ცნობილმა თურქმა უფლებადამცველმა მითხრა, რომ თურქეთში ფემიციდის საოცრად მაღალი მაჩვენებელია. რას ნიშნავს ქვეყანაში, სადაც ქალთა უფლებები არცთუ  კარგადაა დაცულია, იყო გავლენიანი, აღიარებული, საკუთარი ხმის მქონე ქალი? უთქვამთ სხვა ქალებს, რომ მათ ეხმარები?

გ. ო.: ამ საკითხზე რომ ამომწურავად გიპასუხო, მთელი გვერდების გავსება მომიწევს. მასზე მოკლედ საუბარი ძალიან ძნელია. უნდა მიმოვიხილო თურქეთის ისტორია, სოციალური და პოლიტიკური ვითარება წარსულსა და აწმყოში, ტრადიციები და კანონები, იდეოლოგია, რომელსაც ოჯახური ურთიერთობები ეფუძნება, რელიგიისა და პატრიარქატის ბორკილები, მასკულინობის პრობლემები, ცენზურა - ეს ყველაფერი, როგორც იცი, ურთიერთკავშირშია. ასე რომ, მხოლოდ იმ ნაშრომებით შემოვიფარგლები, რომლებიც ამ საკითხს მივუძღვენი. სტამბულის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვსწავლობდი. ჩემს სამაგისტრო ნაშრომს ეწოდებოდა ,,ქვესკნელის სამეფოში ჩაშვება მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში“, ხოლო სადოქტორო დისერტაციას: „შატლი, ნიკოლსი, დაფი, კრეიტორ-ფორონდა: მამრობითი სქესის კუბისტი მხატვრების მიერ ქალის სხეულის ასახვის რეპროდუქცია ეკფრასტიკული პოეზიის მიერ“ (2016). ორივე ნაშრომის თეორიული ნაწილი ეფუძნება სხეულის პოლიტიკასა და ფემინიზმის თეორიას. ვწერდი, თუ როგორ აისახება ქალი, მისი სხეული, დედობა, მდედრობითი სქესის ხელოვანები. დიდ ვალში ვარ ჩემი კათედრის შესანიშნავი ფემინისტი პროფესორებისა და იმ მრავალი ფემინისტი მწერლისა თუ პოეტის წინაშე, რომლებიც შთამაგონებდნენ მეც და შთაგონებად იქცნენ ჩემი პოეზიისათვისაც. როგორც ქალს, ყოველივე ეს მაძლევს ამბოხების ძალას, და სურვილს, რომ საფუძველი ჩავუყარო ცვლილებებს ჩემს კულტურაში და დარწმუნებული ვარ, ეს ენერგია ჩემს მკითხველებსაც გადაეცემათ. მაგალითად, მას მერე, რაც მთავრობამ აბორტის კანონი შეცვალა და ქალის ეს უფლება მკაცრად აკრძალა, ამის შესახებ პოეტური ესე დავწერე. ჩემი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, უამრავი წერილი მივიღე ჩემი სქესის მკითხველებისაგან - ზოგიერთი მათგანი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა, ზოგი მადლობას მიხდიდა, რომ მის ტკივილზე, ბრაზზე, სირთულეებზე ხმამაღლა ვილაპარაკე, ზოგმა ეს ესე საჯაროდ წაიკითხა სადისკუსიო სივრცეებში და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა, ასე რომ, ლიტერატურული ხმის მიწვდენა, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პატარ-პატარა, მაგრამ მძლავრ ნაბიჯებს დიდი და რადიკალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რაკიღა მგონია, რომ სიტყვას უფრო მეტი ძალა და სიბასრე აქვს, ვიდრე ნებისმიერ დანას, ხანჯალს თუ თოფს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც თურქულმა პოეზიამ 1980-იანი წლების შემდეგ განიცადა, ქალი ავტორების ზრდაა, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხის თვალსაზირისით. მათ შეუძლიათ თავისუფლად (!) წერონ თავიანთი სხეულების, ეროტიკული ფანტაზიების, ხორციელი სურვილებისა და იმედგაცრუებების შესახებ, განსხვავებით მათგან, ვისი ლექსებიც ჯერ კიდევ განიცდიან მასკულინური იდეოლოგიის გავლენას და ტრადიციით გაპირობებულ პატრიარქალურ დისკურსს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პოეტი ანდროგინული ბუნების უნდა იყოს, რათა იოლად მოირგოს ქალის, მამაკაცის, ბავშვის, მცენარის, საგნისა თუ ცხოველის როლი, ეს ახალი მძლავრი დისკურსი ქალი პოეტებისა ძალიან სულისშემძვრელი და შთამბეჭდავია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქალის მდგომარეობას ჩვენს კულტურაში. მაგრამ ჩვენ კიდევ გვჭირდება მეტი სისხლი სიტყვებში - მეტი გამბედაობა, ამბოხი, გამოწვევა, ენერგია და შემართება. მე მარტოხელა დედა ვარ და გოგონა მყავს - ყველაფერ ამას, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ვაკეთებ და შემდეგ - ყველა მისი თურქი თანატოლისთვის. ისინი უკეთეს მომავალს იმსახურებენ და უნდა შეეძლოთ, თავიანთ ნებაზე იყვავილონ!

ა. კ.: საქართველოში თურქი პროზაიკოსები საკმაოდ პოპულარულები არიან: ორჰან ფამუქი, ელიფ შაფაქი... აი, პოეტების შესახებ კი ცოტა რამ თუ ვიცით. ამას არაერთი მიზეზი აქვს: პოეზიის ელიტურობა, ამ დარგში მთარგმნელთა სიმცირე. მე მჯერა, რომ პოეზიას ყველა ეპოქასა და სივრცეში შეუძლია თავის გადარჩენა, მაგრამ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვეობაში პოეზიის როლი?

გ. ო.: დიახ, რომანი მსოფლიოში ყველაზე უფრო პოპულარული ჟანრია. ჩვენც შეგვიძლია იმავეს თქმა - ცოტა რამ თუ ვიცით თანამედროვე ქართულ პოეზიაზე. სწორედ ამიტომაც გვჭირდება მეტი ისეთი ფესტივალი, როგორიც თქვენ გამართეთ, მეტი მთარგმნელი, ვორქშოპი, ესე და კომუნიკაცია.

მინდა თურქული პოეზიით გულწრფელად დაინტერესებულ მკითხველს ვურჩიო გაეცნოს რამდენიმე პოეტს, რომლებიც ითარგმნებიან ინგლისურად, მათ ხსენებას კი, ვინც ჯერ ინგლისურად არ თარგმნილა, ალბათ, აზრი არა აქვს. თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი პიონერი, ნაზიმ ჰიქმეთი, გამორჩეულია თავისი ბობოქარი ცხოვრებით, ნატიფი ლირიზმით და პოლიტიკური ლექსებით. მისი სახელი დიდი ხანია თურქეთის საზღვრებს გასცდა. მთელ მსოფლიოში ჰყავს მკითხველი. 1930-იანი წლების ახალი მოდერნისტული ტალღის საუკეთესო პოეტები არიან ორჰან ველი (,,კორინთ ბუქსი“, 1971; ჰენგინგ ლუზ პრესი, 1989), ოქტაი რიფატი (როკინგემ პრესი, 1993, ანვილი, 2007), მელიქ ჯევდეთ ანდაი (,,ჯერონიმო ბუქსი“ 1974; ,,კარიოტიერ ბუქსი“, 1980), რომელიც ესწრაფვოდა პოეზიიდან აღმოეფხვრა „ყველა სიყალბე და პირობითობა და ეწერა მასებისათვის“. ჯემალ სურეია (ინდიანას უნივერსიტეტის თურქული ლიტერატურის სერია, 2010), ეჯე იაჰანი (,,სან ენდ მუნ პრესი“, 1997), ედიფ ქანსევერი (,,ტალისმან ჰაუზი“, 2009); ილჰან ბერკი, რომელიც ,,მეორე ტალღის“ პოეტურ მოძრაობას მიეკუთვნება და უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა თურქულ პოეტურ ტრადიციებზე. ფაზილ ჰუსნუ დაალარჯა (,,უნივერსითი ოფ პიტსბურგ პრესი“, 1969), რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ თავისი სკოლა შექმნა, შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ ლალე მულდური (,,პოუეთრი აირლენდ“, 1998) და სხვები. ანთოლოგიების ნაცვლად გირჩევთ წაიკითხოთ საავტორო კრებულები, თუმცა კი მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო თურქული ენიდან პოეზიის მთარგმნელების მიმართ.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჩემთვის მწერლობა ეგზისტენციალური ამბოხია. ჩემი აზრით, პოეტია ის, ვინც შეუჩერებლად ცდილობს მიაღწიოს მიუღწეველს, აღწეროს აღუწერელი და ,,განჭვრიტოს განუჭვრეტელი” (ჰ. სიკსუ). შემოქმედებითი პროცესი თავისი არსით წარმოსახვითი ხეტიალია აზროვნების და ენის ლაბირინთებში. პოეზია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ იმის მიღმა, რასაც ვხედავთ და ვისმენთ. ის ადამიანს მესამე თვალს ანიჭებს, სტიმულს აძლევს. ჩემი თვალთახედვით, წერის სურვილი, უპირველეს ყოვლისა, მომდინარეობს სხვებთან დალაპარაკების, საერთოს მონახვისა და სათქმელის გაზიარების მოთხოვნილებისაგან. მინდა, მკითხველთან კავშირი დავამყარო, ჩემს შემოქმედებით პროცესში ჩავრთო, ვაიძულო, რომ ლექსის ნაწილად იქცეს. ასე რომ, უფრო მეტად ვმალავ, ვიდრე ვთხზავ. სტრიქონებს შორის ცარიელ ადგილებს ვტოვებ, სადაც მკითხველი თავის ლექსს ჩაწერს. მინდა, რომ ეს მდუმარე მონაკვეთები ჩვენი თანამშრომლობის ადგილად იქცეს. ლექსი უსასრულოდ იბადება ხელახლა მკითხველთა აღქმის მეშვეობით. ყოველი წაკითხვისას ხელახლა იწერება. სულ რამდენიმე სიტყვა გაქვს იმისთვის, რომ მკითხველს ამდენი რამ აგრძნობინო: სისადავის სიღრმე და ძალა... სიტყვების დაფარული მნიშვნელობა... ვირჯინია ვულფი ამბობდა: „არაფერია მთლიანი, თუკი მე არ ვწერ... არაფერია ხორცშესხმული, როცა მე არ ვწერ“. ასე რომ პოეზია ეხმარება ,,გამთლიანებაში“ ამ ფრაგმენტულ თანამედროვე სამყაროს. პოეზია „ხორცს ასხამს“ თანამედროვე ირეალურ, სასტიკ სამყაროს. პოეზიას არ შეუძლია სამყაროს შეცვლა - ეს მართალია - ის ვერ შეწყვეტს ომებს, ვერ დაეხმარება ლტოლვილებს, ბოლოს ვერ მოუღებს ძალადობას, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს ინდივიდები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მჩაგვრელები გადააჩვიოს ჩაგვრას, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავია!

ა. კ.: შენს პოეზიაში ხშირია თურქული ხალხური სიმღერებისა და კლასიკური ლიტერატურის რეფლექსია, ამავდროულად, თანამედროვე დასავლური პოეზიის გავლენაც იგრძნობა. როგორ ახერხებ ძველისა და ახლის, ,,მშობლიურისა“ და ,,უცხოს“ შეთანხმებას?

გ. ო.: მადლობა კითხვისათვის, მაგრამ პასუხის გაცემა მიჭირს! როგორ? არ ვიცი. ალბათ ეს ძირითადად ჩემს საუნივერსიტეტო განათლებას უკავშირდება. კარგად ვიცნობ ანგლო-საქსონურ, ინგლისურ პოეზიას. ვერ ვიტყვი, რომ ეს პოეზია მაინცდამაინც „უცხო’’ არის ჩემთვის. როგორც უკვე გითხარი, ვცდილობ, კარგი მკითხველი ვიყო და მთელი მსოფლიოს თანამედროვე პოეზიას ვეცნობი - როგორც დასავლურს, ასევე - აღმოსავლურს. უკვე მრავალი წელია, რაც პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებში, მთარგმნელობით ვორკშოპებში, დისკუსიებში ვიღებ მონაწილეობას, თავადაც ჩართული ვარ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში. ასე რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს როგორც ჩემს თანამემამულე, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პოეტებთან. პოეზიას ვთარგმნი კიდეც და ვფიქრობ, ესეც მეხმარება. მაგრამ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ვწერ იმას, რის წაკითხვასაც თავადვე ვისურვებდი. გარდა ამისა, მწამს პოლიფონიური ხელოვნების - შენ შეაჯამე ჩემი პოეტური კრედო - დიახ, მართლაც ვცდილობ „ძველისა და ახლის, ,,მშობლიურისა“ და ,,უცხოს“ შეთანხმებას“.

ა. კ.: შენს პოეზიაში სექსუალობას დიდი ადგილი უჭირავს. პოლიტიკური საკითხები, სოციალური პრობლემები, ომი და გენოციდიც კი სექსუალურ პრიზმაშია გატარებული. ეს სათქმელისადმი ყურადღების მიპყრობის ეფექტური გზაა თუ იმის გამოხატულება, რომ ადამიანები ხანდახან ფიზიოლოგიურ დონეზე აღვიქვამთ სამყაროსეულ რყევებს?

გ. ო.: თავის წიგნში „ორმაგი ცეცხლი“ მექსიკელი პოეტი, კრიტიკოსი და ესეისტი ოქტავიო პასი იკვლევს საზღვარს სიყვარულს, სექსსა და ეროსს შორის და ეროტიზმს განმარტავს, როგორც ადამიანის სექსუალურობას, რომელიც წარმოსახვად სუბლიმირდება. სწორედ ეს  არის ის, რაც  ჩემს ინტერესს იწვევს. თავისუფლების და შემოქმედებითი, სიღრმისეული, წარმოსახვითი რეალობის შექმნის ხელოვნებისმიერი გზები. გენდერული როლები, იდენტობა, სექსუალობა/ეროტიზმი და სხეულის პოლიტიკა არის ის სფეროები, რაც ჩემს ინტერესს იწვევს.

ჩემს ლექსებში ვცდილობ აღვწერო გენდერული მიმართებანი, უფრო ზუსტად კი ის, თუ როგორ აბრკოლებს ადამიანთა ურთიერთობებს იერარქიასა და უთანასწორობაზე დამყარებული გენდერული სტრუქტურა. სექსუალობა, როგორც სხეულის თვითიდენტიფიკაციისა და სოციალური ნორმების გადაკვეთის წერტილი, იქცა ძირითად საშუალებად, რომელიც  მამრის დომინანტობას და მდედრის დაქვემდებარებას განაპირობებს.

ხელოვნებაში სქესთა აღწერის პოლიტიკა პირდაპირ ასახავს, თუ როგორ გამოიყენება პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ნორმები ფემინურობის, ქალისა თუ ჰომოსექსუალის სხეულის განსჯისათვის. უიტნი ჩედვიკი აღნიშნავს, რომ: „ადრეულ 1970-იან წლებში ფემინისტმა მხატვრებმა, კრიტიკოსებმა და ისტორიკოსებმა დაიწყეს იმის გაპროტესტება, რომ მეინსტრიმული ხელოვნება ლამის მუდმივად უგულებელყოფდა ქალს. მათ გადააფასეს ხელოვნების მასკულინური ფილოსოფიის ყალბი ფასეულობები, რომლებიც მამაკაცების მიერ იყო შექმნილი და რომელმაც ქალი მამაკაცის ერთ-ერთ საკუთრებად და მოხმარების საგნად გარდაქმნა.“ თანამედროვე პოეტი ქალები, ჩემი ჩათვლით, თავიანთ ნაწარმოებებში ახლებურ შინაარსს დებენ, ეჭვქვეშ აყენებენ და ცვლიან იმ შაბლონებს, რომელთა საშუალებითაც მეინსტრიმულ კულტურის პროდუქტში ქალი არის წარმოდგენილი. თუმცაღა ძალაუფლება განსაზღვრისა, თუ რა არის ,,დიდებული“, ,,შესანიშნავი“ თუ ,,მაღალმხატვრული“, კვლავ იმ ინსტიტუციების ხელშია, რომლებსაც უმეტესწილად მამაკაცები მართავენ. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი და დავუპირისპირდეთ ხელოვნებისა და ისტორიის მიერ ჩამოყალიბებულ მასკულინურ ნორმებს. სწორედ ამიტომაც იქცა სექსუალობა ჩემი პოეზიის მძლავრ ასპექტად.

ა. კ.: შევამჩნიე, რომ ადამიანთა საკუთარი სახელების სიმბოლიზება შენი შემოქმედების სპეციფიკური მახასიათებელია. საიდი ქურთი მამაკაცის განზოგადებული სახეა, მუსტაფაც ზოგადია. შეიძლება ითქვას, რომ ინსპირაციის სხვა წყაროებს შორის (პირადი ურთიერთობები, მოგზაურობა და ა.შ.) ადამიანთა სახელებიც გიღვიძებენ ლექსის დაწერის სურვილს?

გ. ო.: ყველა ამგვარი ლექსი თავმოყრილია ერთ-ერთ თავში  ჩემი მომდევნო  წიგნისა, რომელიც შემდეგ თვეში, 2019 წლის სექტემბერში დაიბეჭდება - წინა პერიოდის ჩემს პოეზიას მსგავსიც არაფერი ახასიათებს. მკითხველი იპოვის არა მხოლოდ მამაკაცთა სახელებს, როგორიცაა მემეტი (თურქი ჯარისკაცების განზოგადებული სახელი), მუსტაფა, საიდი, არამედ ქალისაც - გამზე, ზეინაბი. საკუთარ სახელებს  მეტწილად  ვიყენებ ჟღერადობაზე ორიენტირებულ ლექსებში და მათ რიტმის შესაქმნელად და გასაძლიერებლად ვირჩევ. ეს საბავშვო ლექსებით ინსპირირებული სტრიქონები მკითხველს ბავშვური აღქმისა და მეტყველების ასოციაციას უღვიძებს. ისინი ზეპირმეტყველებისა და კოლექტიური მეხსიერების ნაწილიცაა. სწორედ ამგვარი ბავშვური ჟღერადობით ვწერ ომებზე, ძალადობაზე, ხოცვა-ჟლეტაზე, სექსუალურ თუ პოლიტიკურ დამცირებაზე - კაცობრიობის ბნელ მხარეზე ბავშვის სამყაროდან, რომელიც თამაშს ემყარება, მაგრამ ძალადობის, სხვების დამცირებისაკენ მისწრაფების ნიშნებსაც ამჟღავნებს. პოეზიის დანიშნულებაა ენის საზღვრებს არ სცნობდეს, ითამაშოს მნიშვნელობებით და ლექსს მეტი აბსტრაქტულობა შესძინოს. მაგრამ ამავდროულად, როდესაც საკუთარ სახელს ურთავ ლექსში, აბსტრაქტულ, მეტაფორულ ლექსს უფრო კონკრეტულს ხდი, ლექსს უფრო უახლოვებ მკითხველს. გაიხსენე ედგარ ალან პოს ,,ანაბელ ლი“ - წარმოიდგინე, რამდენი მკითხველი აიგივებს თავს ანაბელ ლისთან, როდესაც ამ ლექსს კითხულობს. ერთი ჩემი მკითხველი, რომელსაც პოეზიის საღამოზე შევხვდი, მომიახლოვდა და მითხრა: ,,გმადლობთ, რომ ჩემზე ლექსი დაწერეთ! ეს ლექსი (,,მემეტზეა“ საუბარი) ჩემზეა!“ რაკიღა მემეტი ერქვა.

ა. კ.: გარდა იმისა, რომ პოეტი ხარ, პერფორმერის ნიჭიც გაქვს. როდესაც უცნობი აუდიტორიის წინაშე ლექსს კითხულობ, როგორ გრძნობ თავს? აკვირდები მსმენელთა რეაქციას თუ თავდაჯერებული ხარ?

გ. ო.: შექებისთვის გმადლობ. რასაკვირველია, პროფესიონალ პერფორმერს ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, მაგრამ მიყვარს სცენაზე დგომა და მაყურებლების ყურამდე ჩემი ხმის მეშვეობით ლექსის, სიმღერის ანდა საბავშვო კუპლეტების მიწვდენა, მიყვარს, როდესაც მუსიკოსებთან ერთად ვასრულებ რამე განსაკუთრებულს. ვგიჟდები იმ მღელვარებისა და აღფრთოვანების შეგრძნებაზე, რომელსაც საკუთარი ლექსების სცენაზე კითხვის დროს განვიცდი. მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და ხშირად მხოლოდ მას მერე ვწყვეტ, რომელი ლექსი წავიკითხო, რაც აუდიტორიას გადავავლებ თვალს და ადგილის ატმოსფეროსა თუ ჩემს წინ მსხდომი ადამიანების განწყობას შევიგრძნობ. უმეტესწილად ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მსმენელთა რეაქციას ვხედავ - როდესაც ჩაიცინებენ ანდა ახარხარდებიან. ეს მხიარულება, სიცილი ძალიან მრავლისმთქმელია, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რევოლუციურია. პოეტს შეუძლია რევოლუციურად გარდაქმნას მკითხველი - თუკი ლექსის კითხვის დროს მან ჩაიცინა, ეს ნიშნავს, რომ ლექსმა ნამდვილად იმოქმედა მასზე და მის გრძნობებს შეეხო. როდესაც აუდიტორიას ამგვარ რეაქციას ვამჩნევ, ჩემს პოეზიის საღამოს წარმატებულად ვთვლი.

ა. კ.: მომეჩვენა, რომ როდესაც თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შენი ლექსების ქართულ თარგმანებს ვკითხულობდი, ძალიან ღელავდი - ალბათ უცნაური შეგრძნებაა, როცა უცხო ადამიანი წარადგენს შენს ლექსებს, რომლებიც უკვე ბოლომდე აღარცაა შენი. რა არის ის ერთი, რაც ყველაზე მეტად გინდა, რომ შენი პოეზიის მთარგმნელებმა შეინარჩუნონ?

გ. ო.: არა, არ ვღელავდი - წარმოდგენაც კი არ მქონდა ამ თარგმანების შესახებ, რადგან სამწუხაროდ, ქართულ ასოებს ვერც კი ვცნობ. თარგმანსა და თარგმანმცოდნეობას ჩემს აკადემიურ კარიერაში თავისი ადგილი აქვს, ჩემი კვლევის ერთ-ერთი სფეროა. რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს თარგმანმცოდნეობაში და ძირითადად ვიკვლევდი იმას, თუ რამდენად რადიკალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია თარგმანს. ამდენად ვიცი, რომ ლექსის თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე მხოლოდ კონკრეტული სიტყვების შესატყვისით შეცვლა არაა. ის მოითხოვს კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ჟანრის და კონტექსტის ცოდნას. ვინ თარგმნის და ვის ტექსტს თარგმნიან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თარგმნა პოლიტიკური ქმედებაა. ლექსის თარგმნა პოლიტიკურ განზომილებაში ხდება. თარგმანის პოლიტიკაზე ზემოქმედებას ახდენს კულტურული წინასწარგანწყობა, ერთგვარი ცენზურა, რომელსაც განაპირობებს ქვეყნის, ფესტივალის, გამომცემლობის, ჟურნალისა თუ თავად მთარგმნელის თავისებური მახასიათებლები. პოეტური თარგმანის ამოცანა სამიზნე ტექსტის შინაარსობრივი შრის ინტერპრეტირებაა, შემდეგ ეს ინტერპრეტაცია ზედმიწევნით უნდა გადმოიცეს სამიზნე ენაზე და ამასთანავე, შეიქმნას ლექსი, რომელსაც მკითხველი სიამოვნებით წაიკითხავს, როგორც დამოუკიდებელ ლიტერატურულ ტექსტს. ეს ყველაფერი სინამდვილეში ძალიან ძნელი შესასრულებელია. პოეტურ თარგმანს ბევრი სირთულე ახლავს. თუკი მთარგმნელს აქვს საშუალება, რომ პოეტთან ერთად იმუშავოს, უმეტესად, შესანიშნავ შედეგს იღებენ. ვინაიდან მთარგმნელი ტექსტიდან გადახვევას თავიდან ვერ აირიდებს, თუ რას მიანიჭოს უპირატესობა, ეს მის თავსატეხად იქცევა ხოლმე.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თარგმანის ძირითადი დანიშნულება კულტურათაშორისი კომუნიკაციაა. მთარგმნელი თარგმნამდე უნდა გრძნობდეს სიახლოვეს ტექსტთან. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება მისმა შრომამ საშინელი შედეგი მოიტანოს. პოეზიის მთარგმნელი ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს კულტუროლოგიურ განსხვავებებში, არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე კულტურას და კრიტიკულად უნდა უდგებოდეს ტექსტს, რადგან თარგმნა იგივე წიგნის წაკითხვაა. გაიატრი სპივაკი თავის წიგნში ,,თარგმანის პოლიტიკა“ ამტკიცებს, რომ ,,თარგმნა კითხვის ყველაზე ინტიმური სახეობაა. როდესაც ვთარგმნი, მე ტექსტს ვნებდები“. პოსტკოლონიალიზმის თეორიის მიხედვით, უფრო ძლიერ ერებს თარგმანის მეშვეობით შეუძლიათ ენითა და კულტურით მანიპულირება დაჩაგრულ ქვეყნებზე. სპივაკის თქმით, ამგვარ სიტუაციაში თარგმანი პოლიტიკურ ძალაუფლებას იძენს და საუბედუროდ, თარგმანის პოლიტიკა იმართება ინგლისური და სხვა ,,ჰეგემონი“ ენების მიერ. ეს ენები, როგორც წესი, ყოფილ კოლონიზატორებს ეკუთვნით. პოსტკოლონიურ კონტექსტში თარგმანი გააზრებულად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა შორისაა დასავლური და, უფრო ზოგადად, ჰეგემონიური იდეებისა და კულტურების თავს მოხვევა ფინანსურად დამოკიდებულ, კოლონიზებულ ქვეყნებზე. თუ ამას გენდერის პოლიტიკის თვალსაზრისით შევხედავთ, ძალაუფლების მქონე სქესს შეუძლია ნაკლებად პრივილეგირებული სქესის, ანუ მდედრობითი სქესის მანიპულირება ენის მეშვეობით. სპივაკის თანახმად, მთარგმნელმა უნდა შექმნას ,,ტექსტის სიყვარულისა და სიახლოვის“ სისტემა, რათა არ დაკარგოს სამიზნე ტექსტში გამოყენებული მეტაფორები და სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანუ მთარგმნელის მთავარი ამოცანაა გაამარტივოს სასიყვარულო ურთიერთობა ორიგინალსა და მის აჩრდილს (თარგმანს) შორის. მე მას ვეთანხმები, ჩემი აზრითაც, ენა იგივე იდენტობაა და თარგმანი გეხმარება გლობალური აღქმის პრიზმაში გავატაროთ სხვადასხვა იდენტობა. ადამიანს შეუძლია გაიფართოვოს საზღვრები თარგმანის მეშვეობით, რადგან მისი წყალობით გარედან ხედავს საკუთარ იდენტობას. თარგმანი გვეხმარება სხვის არსს საკუთარივით ჩავწვდეთ. ამგვარად, მე დიდ პატივს ვცემ მთარგმნელებს. მათ გარეშე ჩემი სათქმელი ვერ გაჟღერდებოდა. ასე რომ, მადლობა შენ, ანი, როგორც ჩემი ლექსების თარგმნის, ისე - ამ ინტერვიუსათვის.

ა. კ.: პოეტის გარდა, შენ რედაქტორიც ხარ. როგორ ლიტერატურას გამოსცემ ყველაზე დიდი სიამოვნებით? როგორი ლიტერატურა მოსწონს გონჯა ოზმნს?

გ. ო.: დიახ, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც სხვადასხვა ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. მიყვარს იმ ტექსტების დაბეჭდვა, რომლებიც სრულიად ახლებურია, შოკისმომგვრელია და ათასნაირ კითხვას ბადებს. თუკი კითხვების დასმას იწყებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტმა უჩინარი მესამე თვალი აგიხილა და ის უნდა დაიბეჭდოს. მაგრამ ნამდვილ წარმატებას კი, რასაკვირველია, ენის ფლობა განაპირობებს. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები... ეს არის ერთადერთი, რაც პოეტებსა და მწერლებს გაგვაჩნია! როგორც ვიტგენშტაინი აღნიშნავს: ,,ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებია“.

 



[1] შვეიცარიელი მწერლის, ჯოანა სპირის საბავშვო წიგნების მთავარი პერსონაჟი, გოგონა, რომელიც ბაბუასთან ერთად შვეიცარიის ალპებში ცხოვრობს და ბუნების მესაიდუმლეა.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE