ზვიად კვარაცხელია - სტაიერი ტექსტების მდინარეში


ზვიად კვარაცხელია - სტაიერი ტექსტების მდინარეში




„დაკარგული, დაწყევლილი, გაბრაზებული, შეშფოთებული, გაჭედილი და კიდევ რა ვიცი, რამდენნაირი თაობაა წიგნში და ცხოვრებაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ადრე იყო და ვის დასცალდა მეტხანს. ჩვენისთანა მაინც არც ერთი არ არის. ჩვენ დანაღმულები ვართ, შიგნიდან გვაქვს წამზომი ჩართული და კაცმა არ იცის, როდის ავფეთქდებით, როდის ამოვაღებინებთ სისხლს...“ - „ფორმა N100“.

„ფორმა N100“ ზვიად კვარაცხელიას რომანია, დანაღმულებისა და წამზომჩართულების თავგადასავალი, სადაც დროდადრო მართლა ფეთქდებიან და სისხლსაც აღებინებენ. „ფორმა N100" - როგორც ჩვენი ავადმყოფობის ისტორია და ასევე ჯანმრთელობის ცნობაც, თქვა ზვიად კვარაცხელიამ ერთ ინტერვიუში „საბას“ მიღების შემდეგ. და როგორც ნამდვილ ფორმა 100-ში, აქაც არაფერია დამალული. კითხულობ მთელ ამ „ავადმყოფობის ისტორიას“ და ყოველი გვერდის შემდეგ იმ დროში ბრუნდები, სადაც ყველაზე ცუდად იყავი და რომლის დავიწყებასაც ასე ძალიან ცდილობ. ზოგჯერ სახელის დარქმევაც კი გიჭირს ასეთი სასოწარკვეთილი თავგანწირვისა თუ წამლეკავი სისასტიკისთვის. ყოველ ჯერზე გინდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცე. სუნთქვა გავიწყდება და საკუთარ თავს ეკითხები, ეს ასე იყო? კი, ასე იყო! და აგრძელებ. რაც უნდა „გაქცევა“ გინდოდეს, „ფორმა N100"-ის კითხვას ასე იოლად ვერ შეწყვეტ - ამას ვერც ფორმის, ვერც ენის და ვერც შინაარსის გამო ვერ იზამ. როგორც მოჯადოებული, ისე მიჰყვები სიტყვებს და ამბებს - ვითომ ნაცნობს, და მაინც სულ სხვა თავგადასავალს.

"ფორმა N100" "საბას" გამარჯვებული 2014 წელს გახდა, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.  ზვიად კვარაცხელიას გამოცემული აქვს წიგნები: „მარჯვე ნა“, „ქარაგმა“, „ჰაე“, „ილია სამეგრელოში“, „ყიფლიბანდი“... თანამშრომლობს სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასთან, სადაც ბეჭდავს ნოველებს, მინიატიურებსა თუ მხატვრულ-დოკუმენტურ ტექსტებს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, და შესულია რამდენიმე გამომცემლობის ანთოლოგიებში. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი და ლიტერატურული ჟურნალების არტრედაქტორი და რედაქტორის მოადგილე. 2013 წლიდან ის ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ს ბლოგერიცაა.

ზვიად კვარაცხელია წლებია, ორ გამომცემლობაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ მისი საქმე დღეს მხოლოდ ტექსტებია - ყველა მიმართულებით და ყველა მნიშვნელობით - თავისი, სხვისი, ძველი, ახალი, ქართული, უცხოური. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთდროულადაა სცენაზეც და კულისებშიც; „პარტიზანივით“ - მწერლებისა და გამომცემლების „ფრონტზე“. თუმცა თვითონ არ მიიჩნევს, რომ აქ რომელიმე მხარე არსებობს, რადგან თანამოაზრეობის გარეშე „წიგნის მაგია“ ვერასდროს შედგება. წლებია, უყურებს, როგორ იცვლება წიგნის სამყარო; რა მოაქვს დროს საქართველოშიც და სხვაგანაც; როგორ შეიძლება, ყველა სიახლე, თუნდაც ელწიგნები და ინტერნეტი ბეჭდური წიგნის  „სამსახურში ჩააყენო“; ხედავს, ყველაფრის მიუხედავად, როგორ იბრძვის და იმარჯვებს მწერალიც, გამომცემელიც  და წიგნიც! ჯერჯერობით!

„თანამოაზრეები და წამქეზებლები“. პარტიზანივით არა, მგონი, უფრო იმ სტაიერივით ვარ, რომელმაც შორი მანძილების დაძლევისას გზადაგზა მოთმინება, ნებისყოფა, შრომისუნარიანობა, სტრესისა და ცაიტნოტის ყოველწუთიერ ჩვევად მიღების უნარი გამოიმუშავა. აქ კი ყველაფერი გეხმარება, თუკი დამხმარედ აღიქვამ და არა ხელის შემშლელად. მწერლები და გამომცემლები მხოლოდ უცხო თვალისთვის შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ნაპირზე, სინამდვილეში ისინი (და არა მხოლოდ – სხვა პროფესიის ადამიანებიც მათთან ერთად) თანამოაზრეები არიან, ერთმანეთის წამქეზებლები და ამ მაგიური პროცესის – წიგნის შექმნის – განუმეორებელი აქტორები.

„აღმოჩენების ჩამთრევი ნაკადი“. ათი წელია, რაც „ინტელექტსა“ და „არტანუჯში“ ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში, სხვებთანაც მითქვამს, ოდნავადაც არ გამნელებია რაღაცის (ვიღაცის) პოვნის, შექმნილის გამოსაცემად მომზადების და ამ გრძნობის უამრავი ადამიანისთვის გაზიარების სურვილი. იცხოვრო, რომ მოჰყვეო, – გვითხრა გამოცდილმა და თავისი საქმის მცოდნე კაცმა, მაგრამ ის განცდაც მაგარი ყოფილა: იცხოვრო, რომ მოჰყვეს (მოჰყვნენ); ყოველდღიურად უამრავ თანამედროვე მწერალთან, მთარგმნელთან, ლიტერატორთან, კრიტიკოსთან, მეცნიერთან, რედაქტორთან, ილუსტრატორთან და ჟურნალისტთან  ურთიერთობა უნიკალურ გამოცდილებასაც გაძლევს და სხვა გამოსავალს არ გიტოვებს – რომ შეცურე და ჩამთრევმა ნაკადმა ხელ-ფეხში ოსტატობა მოგცა, გინდა ახალი შესაძლებლობები და მასთან ერთად ახალი წიგნები/ავტორები აღმოაჩინო.

„აზარტი, ხელშეწყობა და კონკურენცია“. არა მგონია სუბიექტური ვიყო, უკვე ბევრჯერ და ბევრგან დადასტურებულა, რომ საგამომცემლო საქმე, მიუხედავად მის წინააღმდეგ მუდმივად მიმართული ხელის შემშლელი ფაქტორებისა, წარმატებული და დაწინაურებული სფეროა ჩვენს ქვეყანაში. ზოგიერთი ნიჰილისტის თავგამოდებულ ქადაგებასა და პრესიდან/სოციალური ქსელიდან აგორებულ აგრესიულ ნიაღვარს დიდ რამედ თუ არ ჩავაგდებთ, უფრო უკეთ დავინახავდით, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სწორედაც მოწოდების სიმაღლეზეა და ის კლიშეც – „ილია და გალაკტიონიც მწერლები არიან და ესენიც“ – თავზე გადაეფშვნებათ ლიტერატურის ფსევდოგულშემატკივრებს; რაც შეეხება ტენდენციებს – ელექტრონული წიგნი ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მივა ბეჭდურის მოთხოვნასა და პოპულარობასთან საქართველოში, ამიტომ საფრთხე კი არა, პირიქით, ხელშემწყობი პლატფორმაა წიგნის უფრო მეტად წარმოჩენისთვის. სფეროში არსებული კონკურენცია და ერთგული, მომთხოვნი, დადარაჯებული მკითხველის თვალი კი ამ პროცესის ყველა მონაწილეს აიძულებს, იზრუნოს ხარისხზე, წიგნის გამოცემის, გავრცელების, პოპულარიზაციის ეფექტიანობასა და მასშტაბზე. ეს უწყვეტი, დაუსრულებელი პროცესია, ან გბეზრდება და ეთიშები ან აზარტში შედიხარ და უკან დასახევს არ იტოვებ.

ზვიად კვარაცხელია 1986 წელს დაიბადა ზუგდიდში. საბჭოთა კავშირის ბოლო წლები და დამოუკიდებელი საქართველოსთვის მრავალწლიანი ომებისა და კატაკლიზმების დასაწყისი. მის მოთხრობებში, ნოველებში, რომანსა თუ ბლოგებში ყველაზე მეტი სწორედ 90-იანი წლებია - ადამიანები, კადრები, მოვლენები, ამბები. როგორც თვითონ წერს, ეს არის ყველაფრისთვის თვალის გასწორების მცდელობა. ამ გადასახედიდან, ალბათ, თვალის ახელის მცდელობაც, თუკი მწერლობას, ტექსტებს ამ „საქმესაც“ დავავალებთ. ომის, სამოქალაქო დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიცენტრად და ათასობით დევნილის თავშესაფრად ქცეული პროვინციული ქალაქი და „ბავშვის თვალით“ დანახული ამბები - ცხოვრება, სიკვდილი და გადარჩენა ომში.

„ომის ნატურალიზმი და ომში ნაპოვნი პერსონაჟები“. ისე მოხდა, რომ „ბავშვობის მემუარებში“ (როგორც ერთ ინტერვიუში შევარქვი 90-იანებზე დაწერილ ტექსტებს ცოტა ხატოვნად) არაერთი ამბავი და პერსონაჟი შევიტანე იმ წლებიდან, როცა ბევრი რამ გადაწყდა და გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ნოველების კრებულს „ყიფლიბანდი“ ვუწოდე და ვეცადე თოთო თავისუფლების პირობებში აღძრული ყველა განწყობისთვის/შეხედულებისთვის გამესწორებინა თვალი. ზუგდიდი, როგორც ბოლო ოცდაათი წლის პოლიტიკური და სოციალური მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი, ხშირად გვხვდება ქართველ მწერლებთან, მაგრამ „ყიფლიბანდსა“ და შემდგომ რომან „ფორმა N100“-ში უფრო გამოკვეთილია ბავშვის თვალით აღქმული გარემო, რომელსაც ერთდროულად დაატყდა ომი, გადატრიალება, დევნილთა ტალღა, სოციალური სიდუხჭირე, ნიჰილიზმისა და უიმედობის ჭარბი დოზა, სადამსჯელოდ ჩამოსული კრიმინალები დედაქალაქიდან. ის, რასაც ბევრი ჩვენგანი დღეს კინოში ან ფეისბუქის ნიუსფიდზეც კი თვალს არიდებს, ჩვენ მთელი ნატურალიზმით დავინახეთ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ შავ-თეთრი, როგორც ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ. საოცარი რამ მოხდა: პატარა ქალაქმა, ისევე როგორც მთელმა ქვეყანამ, უკიდურეს გაჭირვებაში გამძლეობის განსაკუთრებული უნარი გამოავლინა. გამცემების, მოღალატეების, წელიწადნახევრის წინ დიდი ერთიანობით არჩეული პრეზიდენტისა და წელიწადნახევრის შემდეგ  პარლამენტის დამამხობელთა გვერდით, ადამიანური სიმტკიცის, თავდადების, პრინციპების ერთგულებისა და ერთმანეთის თანადგომის იქამდე არნახული შემთხვევებიც ვნახეთ.

„წარსულის უსწავლელი გაკვეთილები“. ამ თავსგადამხდარმა ამბებმა გადარჩენაში კი დაგვაოსტატა, მაგრამ განვითარების უნარებიც უხვად წაიღო ჩვენგან. ამიტომაა, იქაურობას რომ ვერ გამოვაღწიეთ თავი. ცხადია, ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის, უფრო სწორად, ჯერ რუსეთის იმპერიული მანქანის მიზეზითაა, ყოველდღიურად რომ საფრთხეშია ჩვენი სახელმწიფო. „პატარა ქვეყნის შვილობა“ – ჩვენისთანა გეოპოლიტიკურ ველზე მოხვედრილ ქვეყანას ვგულისხმობ – რისკი და თავგადასავალია, მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ფენომენის ასე, დადებით და უარყოფით ფაქტორებად ჩაშლა არ მიმაჩნია სწორად, რადგან წინასწარ ვერც ვერაფერს იტყვი და ვერც განსაზღვრავ – საჭირო რეცეპტებს რომ თავი გავანებოთ, წარსულის ერთი გაკვეთილიც ვერ ვისწავლეთ ვერც ზეპირად და ვერც კარგი კითხვით.

„იდეალისტის და ღირსების საქმე“. ბევრს დაუჩივლია, რომ ქართული ენისა და ქართული დამწერლობის მცოდნეთა არც თუ ისე მრავალრიცხოვანი წრისთვის წერა იდეალისტის საქმეაო. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ რაციონალური გათვლები და თავზე ნაცრის დაყრის აპრობირებული ტენდენცია ჩვენი მოკავშირე ვერ იქნება, მით უფრო ზოგიერთი უბადრუკის ხმამაღალი განცხადება, რომ მისი ლოკალურ ზონაში ჩარჩენის მიზეზი ეს „შეზღუდული შესაძლებლობებია“. საერთოდ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა თავისი ტრადიციების ერთგულია და ეს ჩვენი, თანამედროვე ქართველი ავტორების და გამომცემლების ღირსების საქმეა, რომ ვწერდეთ და გამოვცემდეთ იმ ენაზე/იმ ანბანით, რომელზეც ჩვენზე ათი თავით უკეთესი წინაპრები წერდნენ და გამოსცემდნენ; საყოველთაო აღიარება ადვილად არ ხდება, დიდი ხნის მზადება და სხვადასხვა ინსტიტუციის მიზანმიმართული შრომა უნდა, თუნდაც ერთი მწერალი რომ სრულყოფილად გაიცნოს დასავლურმა სამყარომ, ამიტომ არაფრისმომცემი მიზეზებით მანიპულირებას ისევ თავდაუზოგავი შრომა სჯობს.  

ზვიად კვარაცხელიას „ილია სამეგრელოში“ 2009 წელს დაიბეჭდა. დიდი ძალა და მონდომება იყო საჭირო 120 წლის წინანდელი მოგზაურობის „გასაცოცხლებლად“. ხანგრძლივი და დიდი სამუშაო, - დოკუმენტური მასალების მოძიება და დამუშავება, ოსტატობა და მწერლის ფანტაზია, - რაც დოკუმენტურ-მხატვრული ტექსტის შექმნას დასჭირდა. როცა დღეს წერისთვის საჭირო გარემოებებსა და წერის დაუძლეველ სურვილზე ეკითხები, მაგალითად სწორედ თავისი „ილია სამეგრელოში“ მოაქვს - წიგნი, რომელზე მუშაობაც დიდი ხნის წინათ ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებით დაიწყო და დასრულდა საქართველოში კიდევ ერთი ომის დროს, 2008 წლის ზაფხულში, როცა ყველა ძველ და ახალ შეკითხვას გასცა პასუხი.

„აბსოლუტური სიჩუმე და სხვა ინსტრუმენტები“. არცერთი ნაწარმოების დაწერის ამბავი ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ როგორც კითხვას, წერასაც თითზე ჩამოსათვლელი ინსტრუმენტები სჭირდება – დრო, ნებისყოფა, შრომისუნარიანობა და მეტ-ნაკლები ნიჭი. ამასთან ერთად კომპიუტერი, საწერ-კალამი, ქაღალდი, ზოგისთვის – თამბაქო, ჩემთვის – აბსოლუტური სიჩუმე (ამიტომაც გვიან ღამით ან დილაადრიან ვწერ ხოლმე). ეჭვი მაქვს, ავტორები ამ შეკითხვაზე თავისი გამოცდილების დასამოწმებლად უფრო მხატვრულ ტექსტებს არჩევენ, მე ჩემს დოკუმენტურ პროზას მოვიშველიებ.

„სწორი პასუხები და ტრაგიკულ დღეებში მოსული სიცხადე“. აღდგენილი სიმართლე. ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში სტუმრობის ამბები ბავშვობიდან მაინტერესებდა. ხშირად შემინიშნავს ჩემი მშობლიური ქალაქის – ზუგდიდის ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და თეატრის ფასადზე გაკრული განიერი წარწერა: „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“. ეს წარწერები ძირითადად საიუბილეო დღეებში ან წინასაარჩევნოდ ჩნდებოდა, მაშინ კი, დამეთანხმებით ალბათ, არავის სცალია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ცნობისმოყვარე ბავშვი – პასუხი გასცეს მის გაუთავებელ შეკითხვებს... წლები რომ გავიდა, თითქმის ყველაფერი წავიკითხე, რაც ილიას მარტვილსა და ზუგდიდში მოგზაურობას ეხებოდა და 2008 წლის ზაფხულში, ივლის-აგვისტოს ცხელ და ტრაგიკულ დღეებში გავეცი პასუხი დაგროვილ შეკითხვებს, უფრო სწორად, ჩემთვის აღვიდგინე, თუ რა მიზეზით შეიძლება სწვეოდა სამეგრელოს „მშობელი ქვეყნის მოზარე“, ვისაც დიდად არ იზიდავდა მოგზაურობა.  

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“. პირველი, რაც გვახსენდება და ფაქტებითაც დადასტურებულია, არის ნიკო დადიან-მინგრელსკის ძვირფასი შემოწირულობის – დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკის – ჩამოტანა თბილისში, რის საფუძველზეც შემდგომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა შეიქმნა; არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი: იმპერიის გამარუსებელი პოლიტიკა განსაკუთრებული სიმწვავით იმ კუთხეებს მიადგა, ვისაც საკუთარი ენა ჰქონდა. შეუქმნეს ანბანი, დაუდგინეს მასწავლებლები და შეეცადნენ მთელი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილი კი არა, ცალკე ქვეყნები იყვნენ. მაშინ დიდი გონიერება გამოიჩინა სამეგრელოს შეგნებულმა საზოგადოებამ – სასულიერო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მასწავლებლებმა. მათ ქადაგებებით, მწვავე კრიტიკული წერილებითა და აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობით დაუმტკიცეს ხალხს, რომ ეს მოჩვენებითი წყალობა ჯერ ერთი კუთხის, შემდეგ კი მთელი ქვეყნის იმპერიის რიგით ოლქად გადაქცევით დამთავრდებოდა. ამ ყველაფრის უტყუარი დადასტურება იყო ილია ჭავჭავაძის სტუმრობა და მისი ფრაზა: „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“.

ზვიად კვარაცხელიას „ყიფლიბანდში“ დაბეჭდილია ერთი ნოველა -  „მემაწვნე გოგია“. თუ ოდესმე ვინმე მკითხავდა, რას შეიტანდი სკოლის პროგრამაშიო, ვუპასუხებდი - „მემაწვნე გოგიასაც“.  გოგიას არჩევანს, - ბორგვით და ტკივილით მიღებულ გადაწყვეტილებას ომის, კონფორმიზმისა თუ ფსევდოპატრიოტიზმის წინააღმდეგ, - ალბათ ყველაზე დიდი ფასი აქვს, ჰქონდა და ექნება. იქნებ ერთი გზა ესეც ყოფილიყო წარსულის გაკვეთილების დასასწავლად და ისტორიის სხვანაირად დასანახავად. მისთვის, როგორც მწერლისთვის, ნამდვილი ისტორია ბევრ მხატვრულ ტექსტში იკითხება და ფიქრობს, რომ პრობლემა დაუწერელი ტექსტები კი არა, დაწერილის არწაკითხვა და ვერგაგებაა; და კიდევ წლების განმავლობაში მკითხველამდე ვერმისული თუ არმისული კარგი ავტორები და კარგი ტექსტები.

„ტკბილი ცხოვრება და კონფორმიზმით გამთბარი ძვლები“. ყველაფერი მარტივი ქცევებიდან და ჩვევებიდან იწყება. ოთარ ჭილაძემ თქვა თავის ჩანაწერებში, – ვინც გარეწარს ხელს ართმევს, თვითონაც გარეწარია, გარეწრობა გადამდებიაო. ძალიან ბევრი მოვითმინეთ და ვითმენთ ახლაც მაღალი ტრიბუნიდან: ღალატს, დაცინვას, ხალხის აბუჩად აგდებას, არაპროფესიონალიზმის აღზევებას, კრიმინალების საპატიოდ დასახვას და პატივით დამარხვას; ეს პერმანენტულად გრძელდება და ამასობაში ყველაზე ადვილი გაკვეთილებიც კი გავაცდინეთ, ისეთი, მარტო დანახვით და მოსმენით რომ შეიძლებოდა სასარგებლო დასკვნის გამოტანა. რა გინდა რომ ქნა – კონფორმიზმი ბარიკადებზე დგომით შეციებულ ძვლებს ათბობს და ტკბილ ცხოვრებას გაძალებს, სანამ არ მიხვდები, რომ ამ შემგუებლობით თავი შეგზიზღდა. გამოსავალი ისაა, რომ ხმის ამოღება და ერთმანეთის დაცვა არ უნდა დაგვეზაროს არცერთ საჭირო შემთხვევაში, თორემ ყოველი პასიური მომენტით ის ისარგებლებს, ვინც ამ საქმეში თავი არაერთხელ გამოიჩინა.

„ჯოჯოხეთის მემატიანეები და მოუწყინრად საკითხავები“. ჯერ რაც დაწერილა, იმის წაკითხვაც არ გვაწყენდა. ჰო, იტყვიან ხოლმე, – ისტორია თავიდანაა დასაწერიო, და ვინმე რომ გამოჩნდება, ან თუ იქამდე ვინმემ რამე გააკეთა, ვითომც არაფერი. ისტორია ჩვენთან იწერებოდა ყველაზე ჯოჯოხეთურ პერიოდშიც კი, ცხელ კვალზე. ყველა დროს ჰყავს თავისი მემატიანე, უბრალოდ მათ უნდა ვიცნობდეთ – ჯერ მარტო მეოცე საუკუნე მიხეილ ჯავახიშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გრიგოლ რობაქიძემ, ოთარ ჩხეიძემ, ოთარ ჭილაძემ, გურამ გეგეშიძემ და ირაკლი სამსონაძემ რომ აღწერეს თავიანთ რომანებში, რომელი ისტორიკოსის ნაშრომი გვეგულება უფრო სანდო, მოუწყინრად საკითხავი და შთამბეჭდავი. თქმა ადვილია, შესრულებას კი ნიჭი, გამბედაობა და თავის გადადება უნდა. მერე ვიღაც გამოვა, ხელებს გაშლის და რაც იქამდე იდეოლოგიური ნაგავი განუსჯელად შეიტკბო, მერე იმას მთელ თავის სკეფსისად ქართულ მწერლობას მიაფრქვევს. კლიშეებით და სტერეოტიპებით ლაპარაკი ისტორიასა და ლიტერატურაზე უკვე სასაცილოც აღარაა.

„წიგნების ბედისწერა და დაზარალებული მკითხველი“. კომპლექსური და მრავალშრიანია ეს „მისვლა-არმისვლის“ საკითხი, ზოგჯერ ძალიან მარტივი რომ გეჩვენება მისი მიზეზების ძიება და ზოგჯერ იმდენად რთულდება, ჩაყოლაც არ ღირს. თუ იმ ანტიკური პრინციპიდან გამოვალთ, რომ ყველა წიგნს თავისი ბედისწერა აქვს, შეგვიძლია არაერთ გამორჩეულ ავტორსა და ნაწარმოებზე დავიიმედოთ თავი, მაგრამ თუ მხოლოდ დამუნათების გუნებაზე ვართ, შეგვიძლია ყველას და ყველაფერს დავაბრალოთ, რომ, ვთქვათ, ლეო ქიაჩელი და შოთა ჩანტლაძე ისე პოპულარულები არ არიან, როგორც იმსახურებენ. არც ალექსანდრე საჯაია, ბასილ მელიქიშვილი, ნოდარ წულეისკირი, რენე კალანდია, მამუკა წიკლაური და ლევან ბოლქვაძეა შესაფერისად წაკითხული და გააზრებული და ყველაზე მეტად მკითხველი დაზარალდა ამით. ცხადია, ბოლო ხანებში იყო მათი ნაწარმოებების გამოცემისა და პოპულარიზაციის ცდები, მაგრამ ეს ერთჯერად, ფრაგმენტულ ფაქტებად რჩება, თუ გამომცემელიც, ლიტერატურული პრესაც და მკითხველიც ხელახლა და ხშირად არ მიუბრუნდა და სამწერლო ცხოვრების სრულფასოვან ნაწილად არ აქცია სხვადასხვა მიზეზით უყურადღებოდ დარჩენილი ავტორები.

ზვიად კვარაცხელიას გამომცემლობებში საქმიანობას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება - ჩანაწერები“, „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“, „უცნობი გრიგოლ რობაქიძე“, „იონა მეუნარგიას ხუთტომეული“, „ფეხბურთელების ავტობიოგრაფიები“ და სხვა.  ზოგი მათგანი დასრულდა, ზოგი დღესაც გრძელდება. მისთვის ეს საქმე „ჩიხის“, „კედლების“ და ჩაკეტილი წრეების წინააღმდეგ სვლაა, ასევე ახალი ფერების და სიტყვების პოვნის შესაძლებლობა. ის ხშირად ამბობს, რომ აუცილებელია ევროპის გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მწერლის და ლიტერატურული პროცესის მხარდასაჭერად. ლიტერატურის განვითარება ნიშნავს კულტურის და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას. ახლა ერთდროულად რამდენიმე ტექსტზე მუშაობს - ახალი რომანი, დოკუმენტური პროზა, ბლოგები, და კიდევ არის „მისამთავრებელი“ ამბები ფაილებსა და ბლოკნოტებში.

„მეკარის გამოცდილება, რისკი და ახალი სახელები“. „ინტელექტსა“ და „არტანუჯში“ განხორციელებული პროექტები – ზოგი ჩავლილი, ზოგიც მოქმედი – ეფექტურად მოგერიებული დარტყმებივით ან გაშვებული გოლებივით მახსენდება (რა ვქნა, „წინა ცხოვრებაში“ (სკოლის წლებში) მეკარე ვიყავი და ეს ასოციაციები ხშირად მიტრიალებს ხოლმე). მთლიანობაში ყველაფერი გამოცდილებას გძენს, მაგრამ იმასაც ხვდები, სად ივარგე და გამოიცანი იდეის სიცოცხლისუნარიანობა, სად აჩქარდი და გაგეპარა მომენტი. „ჩანაწერები“, „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“, „უცნობი გრიგოლ რობაქიძე“, თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორები, კლასიკური ლიტერატურის ახალი თარგმანები და გამომცემელთა დიდი ნაწილისგან ერთმნიშვნელოვნად დაწუნებული პოეზია – რისკი და ახალი სახელები დინამიკას და სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს ამ პროცესს. ვიღაცებს ურჩევნიათ, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალოს ლიტერატურამ – ასე ადვილია, მაგრამ ეს ჩიხში მომწყვდევასავითაა. კედლები რატომ უნდა ამოიშენო, როცა შეგიძლია უამრავი ახალი ფერი, ბგერა, ახლებურად ნათქვამი სიტყვა მოისმინო. ეს მარტო კერძო სექტორს კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებსაც უნდა აინტერესებდეთ და ათჯერ მაინც უნდა გაიზარდოს წიგნის ხელშეწყობის პროგრამა, აქაც და უცხოეთშიც ჩვენი მწერლობა რომ ანგარიშგასაწევი გახდეს.

„მხარდაჭერის პროგრამები და მოკლედ გრძელვადიან პროექტებზე“. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ სკანდინავიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, რომლის საფუძველზე რამდენიმე მიმართულების ამოქმედება ახლავე შეიძლება, თუკი, რა თქმა უნდა, ამის ნება იქნება ხელისუფლებისგან: 1) მწერლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შრომას, შეუქმნის ფინანსურ თუ ყოფით პირობებს იმისთვის, რომ წერონ – ტექსტზე ფიქრსა და მუშაობას დაუთმონ ძირითადი დრო. საქართველოში თითქმის ყველა ავტორი თავს არამწერლური სამსახურით ირჩენს, ამიტომ ყოველდღიურად იკარგება ის პოტენციალი (და ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოჩნდა), რომელიც ლიტერატურის/კულტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ცხადია, არსებობს ავტორების შერჩევის კრიტერიუმები და პროგრამის მომზადების დროს, საკონკურსო დოკუმენტში შესაძლებელია ამ დეტალების გაწერა და შემდგომ გათვალისწინება; 2) წიგნის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც, ვთქვათ, ნორვეგიაშია: სახელმწიფო ყოველწლიურად შეისყიდის იმ წელს გამოცემული ყველა თანამედროვე ავტორის წიგნის 700 ეგზემპლარს საბიბლიოთეკო ქსელისთვის. ეს ქმედება რამდენიმე მხარეს აძლიერებს: მწერალს, რომელმაც იცის, რომ მისი ყოველი ახალი წიგნი გარანტირებულად შვიდასი ეგზემპლარი გაიყიდება, გამომცემელს, ბიბლიოთეკებს და მკითხველს, რომელსაც, ბუნებრივია, ყველა წიგნის შეძენის საშუალება არა აქვს; 3) გრძელვადიანი კამპანია „თანამედროვე ლიტერატურა სკოლაში“, რომელიც უწყვეტად, მიზანმიმართულად, სხვადასხვა ღონისძიების სახით (თანამედროვე ავტორების ტექსტების სასკოლო პროგრამაში შეტანა, შეხვედრები მწერლებთან, სადისკუსიო კლუბებისა და ელექტრონული პლატფორმების შექმნა…) განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებითაა საჭირო და აქტუალური: ა) წიგნის კითხვის პოპულარიზაციისათვის; ბ) მასწავლებლების ახალი, პროგრესული ნაკადის გამოჩენისთვის, რომელიც ლიტერატურას ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამს და არა გაქვავებულ, სტატიკურ მასალად; გ) ახალგაზრდებში სკოლის ასაკიდანვე გაჩენილი ინტერესისათვის თანამედროვე ლიტერატურის მიმართ, რაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, იმ სტიგმასაც მოგვაშორებს, რაც უკვე ვახსენე.

„მუდმივი სამუშაო და გაუცხოების შეუძლებლობა“. ისე აეწყო, რომ ბევრ რამეზე ვმუშაობ ერთდროულად: ახალ რომანზე, დოკუმენტურ პროზაზე, ყოველთვიურად ბლოგებს ვწერ ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლისთვის“ (ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და მადლობელი ვარ, წერასთან გაუცხოების საშუალებას რომ არ მაძლევს), მისამთავრებელი ნოველებიც უხვად მაქვს ბლოკნოტებსა და ფაილებში. 2010 წელს ასეთი გულუბრყვილო რაღაც ჩამიწერია: „რამდენს ინატრებდიო, რომ მკითხონ, სისხლსავსედ ცხოვრების ხუთ წელს ვიკმარებდი ალბათ, ოღონდ თუ ამაში ძილი და დასვენების საათები არ ჩაითვლება. რომ შემეძლოს, ძილს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან“. ახლა ისე ხდება, რომ ყველაზე მეტად დილის ძილს ვერ ველევი, ბავშვებს ოთახიდან დავიფრენ და ჯერაც თბილი, შერჩენილი სიზმრის ფრაგმენტებს მივუბრუნდები ხოლმე.

P.S. „ჩემი პირველი მასწავლებელი“ ზვიად კვარაცხელიას ერთ-ერთი ბლოგია. ეტიუდი ომით შეცვლილი პატარა ქალაქის ცხოვრებასა და 1994 წლის სექტემბერში მომხდარ ერთ ამბავზე, რომელიც, როგორც თვითონ წერს, იმ დროის წარუშლელ ილუსტრაციად ჩარჩა და ხშირად ახსენდება, რადგან „ეტყობა ბავშვის გონებაზე – ტაბულა რაზაზე – აიკრიფა და მერე ვერაფერმა წაშალა“.

რამდენიმე ნაწყვეტი „ჩემი პირველი მასწავლებლიდან“.  „მე და ჩემი ძმა ის იშვიათი ბავშვები ვიყავით, ვინც პირველ სექტემბერს – პირველი კლასის პირველ სექტემბერს – უკვე იცნობდა თავის მასწავლებელს. მერი ბულია ჩვენი კარის მეზობელი იყო და მან იმ 90-იანებში, უფრო კონკრეტულად კი 1994 წლიდან, ჩვენთვის არა მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება ითავა, არამედ სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე მშვიდობიანად მიყვანაც. აოხრებულ, დარბეულ ქალაქს ყოველდღიურად, დილაობით, სკოლისკენ მიმავალი მოსწავლეები აცოცხლებდნენ, რადგან მათ მშობლებს და მასწავლებლებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ ომი, ბინძური პოლიტიკა და განუკითხაობა ცხოვრების წესად არ უნდა ქცეულიყო...

ჯიხურს რომ გავცდით და ის-ის იყო თეატრისკენ უნდა გაგვეხვია, რომელიღაც მოსახვევიდან ხრიალის, დგანდგარის, გრუხუნის, ხავილის, ყეფის ხმა მოგვაწყდა ერთიანად. შემობრუნება ძლივს მოვასწარით და ტანკიც გამოჩნდა. შორიდანაც ჩანდა: შიგ მეზღვაურის მაისურგადაცმული ტიპი იჯდა, რომელიც სწრაფად და ნერვიულად მოაგორებდა ტანკს. თავი პირდაპირ ჩვენკენ დაეღერებინა, სიჩქარეს არ უკლებდა და ადგილზე გაქვავებულები, ფეხმოკვეთილები ველოდით, როდის ამოიჭრებოდა ტროტუარზე.

მაგრამ უცებ, თითქოს საჭე გაუსხლტაო, ოდნავ მხარი ექცა და წონასწორობადაკარგული პალმას შეასკდა. პალმა ჯერ დაიზნიქა, შემდეგ წამოიმართა, ისევ დაიზნიქა და გადატყდა. ტანკისტმა ერთი გაოცებულად მიმოიხედა, შეიგინა, რამდენიმე წამით შეგვატოვა მზერა, ტანკი მოატრიალა და გაგვეცალა...

– წამოდით, რას უყურებთ?! – მერი მასწავლებლის ხმამ გამოგვარკვია. შიშნაჭამები, დაზაფრულები ვიდექით და ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ის, რაც წუთნახევარში მოხდა, ფილმი ან ფილმიდან ჩარჩენილი სიზმრის ეპიზოდი არ იყო. „წამოდით, ფეხი გამოადგით!“ – ხმამაღლა გვეძახდა მერი ბულია და თავისკენ გვექაჩებოდა, თითქოს ეშინოდა, რამდენიმე წამის წინ მომხდარ ამბავს არ მოვენუსხეთ და სწავლაზე კი არა, მშვიდი პალმების აყირავებაზე გვეფიქრა, იმ საქციელებზე, რომელიც დედაენაში არ წერია, მაგრამ აი იასავით სწავლობენ ისინი, ვისაც ომი და სისხლი სწყურია...“

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE