უნივერსალურის ადგილობრიობა


უნივერსალურის ადგილობრიობა




(პოეტის წინასიტყვაობა საკუთარი ანთოლოგიის ფრანგული თარგმანისთვის "ჩვენ დედამიწა  გვევიწროება",

გალიმარი, 2000)

 

            პოეტების წინასიტყვაობებს იშვიათად ვკითხულობ და ისიც ძირითადად იმიტომ, რომ ერთმანეთისგან კარგად განვასხვაო, თუ რას ამბობს პოეტი საკუთარ ლექსზე და რას ამბობს თავად ლექსი.

            მაშ როგორ ვუპასუხო დღეს ამ ანთოლოგიისთვის შესავლის დაწერის დაჟინებულ თხოვნას? მით უფრო, რომ ყოველი ანთოლოგია, ჩემი აზრით, სიეშმაკის სინონიმია, ვინაიდან მის შემდგენელს შეუძლია, პოეტს ის დამართოს, რაც მოესურვება: აარჩიოს მისი შემოქმედების ნათელი ნაწილი და გვერდზე გადადოს ჩრდილოვანი მხარე; განაცალკეოს ამა თუ იმ ადგილას შეგნებულად განთავსებული ლექსი; წინ გამოიტანოს ის ხატები, მეტაფორები თუ ატმოსფერო, რომლებიც კარგად ერგება ამა თუ იმ მიდგომას; და ჯამში, ამგვარი სუბიექტური ხერხებით, საშუალო პოეტისგან არაჩვეულებრივი პოეტი გამოიყვანოს ან პირიქით...

            ანთოლოგიას ეჭვების მხოლოდ გაძლიერება შეუძლია: შესაძლებელია კი პოეტის სამყაროს ნამდვილად შეცნობა მისი ლექსების ერთი ნაწილის შერჩევით? შესაძლებელია კი მისი სივრცეების შემოფარგლვა ნათარგმნი სქელტანიანი ანთოლოგიით?

            ყველა ენას ნიშნების საკუთარი სისტემა, საკუთარი სტილი, საკუთარი სტრუქტურა გააჩნია. მთარგმნელი სიტყვების მნიშვნელობის გამტარი კი არ არის, არამედ - მათი ახალი ურთიერთობების წყაროს ავტორი. იგი არც აზრის ნათელი ნაწილის მხატვარია, არამედ - ჩრდილის მოთვალთვალე. ამგვარად, პოეზიის მთარგმნელიც, დედნის ენისგან გათავისუფლებული, პარალელური პოეტის პოზიციაში აღმოჩნდება და თარგმანის ენას იმავე ბედს აზიარებინებს, რაც ავტორმა უკვე გააზიარებინა საკუთარ ენას.

            სწორედ ორიგინალისგან გათავისუფლების ამ სივრცეში ჩადის მთარგმნელი იმ მშვენიერ და გარდაუვალ ღალატს, რომელიც პოეტის ენას მისივე ეროვნების სიმძიმისგან და თარგმანის ენაში მისი გალღობისგან იცავს. თარგმნილი პოეზიაც, შესაბამისად, იძულებულია, შეინარჩუნოს როგორც ნაწარმოების უნივერსალური ატრიბუტები, ასევე ის მახასიათებლები, რომლებიც, სხვა ენობრივ სტრუქტურასა და საზომთა სისტემაში უკვე გამოხატული, მის სპეციფიკურ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

            სწორედ ეს დუალიზმი ქმნის თარგმნილი პოეზიის განსაკუთრებულ ხიბლს. ყველასთვის საერთო და თითოეულის განმასხვავებელ ნიშანთა შორის დიალოგით იქნება ეს, თუ პოეტური გამოცდილების უზარმაზარი სიმდიდრისა და მრავალფეროვნების აღმოჩენის წყურვილით, თარგმნილი პოეზია თანაბრად ავითარებს თითოეული ენის უნარს, განაახლოს თავისი სტილისტური შესაძლებლობები სხვა ენის გამოცდილების გათვალისწინებით.

            ამგვარად ვხედავთ, რამდენად ფლობს ორიგინალური და კრეატიული მთარგმნელი შენებისა თუ ნგრევის ძალას. თარგმნილი ლექსი აღარ არის მხოლოდ მისი ავტორის საკუთრება, არამედ მისი მთარგმნელისაც, რომელიც თავადაც პოეტად იქცევა. და ამ დროს, სულერთია, დედანზე მეტად ღირებულია თარგმნილი ნაწარმოები, თუ ნაკლებად.

            მაშ როგორ ვენდოთ თარგმნილ პოეზიას? - უთუოდ იმასთან შეჩერებით, რასაც იგი არ გვიმხელს, რაც შენიღბულად ვითარდება; მხოლოდ იმ ჩრდილის დამახსოვრებით, სიტყვების მიღმა რომ წვება; და ალბათ, იმ მანძილისაც, რომელიც წამიერად, საკუთარ არსებობას ამხელს და უმალ ქრება.

            როგორ ვენდოთ თარგმნილ ანთოლოგიას? და რაც მთავარია, ჩვენს შემთხვევაში, როგორ ვენდოთ თავად პოეტის მიერ შედგენილ ანთოლოგიას?

            სხვანაირად რომ ვთქვა: მკითხველო, როგორ მენდობი შენ მე?

 

            ეს კრებული, პირად ანთოლოგიად რომ გვევლინება, სინამდვილეში არც მთლად პირადია. მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული და სრული თავისუფლება მქონოდა, ჩემი პოეზიიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ ბოლო ორი ათეული წლის ნაწარმოებებს შევარჩევდი. მიზეზი მარტივია. ყოველი ჩემი ახალი კრებული უწყვეტობის ერთგვარი რღვევისკენ, წინა კრებულის დაშლისკენაა მიმართული, რამდენადაც თითოეული ახალი წამოწყებისას, უცვლელად განვიცდი საჭიროებას, განვავითარო და ცენტრს დავუახლოვო ის ნიუანსები, რომლებიც მანამდე, მეორადად და მარგინალურად მიმაჩნდა.

            ეს საჭიროება, შეიძლება, იქიდან მოდის, რომ მე მდინარის ბინადარი არ ვარ, არამედ მისი ნაპირებისა, და რომ დრო სიბრძნეს მასწავლის, ისტორია კი - ირონიას. შეიძლება, ეს იმის შედეგიცაა, რომ ასაკთან ერთად, იმ მეტაფიზიკისკენ ვიხრები, ყოფიერების გაურკვევლობასა და დროის შეტევისგან ჩემი ენის დაცვის წადილს რომ შეეფერება.

 

            ჩემი ოფიციალური იმიჯი მაინც უფრო მძლავრია, ვიდრე ჩემი წუხილი. მე ის ვარ, ვისაც უწოდებენ "პოეტს პალესტინიდან". ამიტომაც ჩემგან ჩემი ადგილობრიობის ენაში მონიშვნას და გამონაგონისგან ჩემი სინამდვილის დაცვას ითხოვენ. ითხოვენ, ისტორიის ნაწილად ვიქცე და იმავე დროს ვიყო მოწმე იმისა, რაც ამ ისტორიამ თავს დამატეხა. ამიტომაა, რომ ყოველი ჩემი ხვალინდელი დღე აწმყოს წინააღმდეგ ამბოხსა და წარსულში ჩემი არსებობის ლეგიტიმურობის დაცვას მოითხოვს. ჩემი ლექსიც, ამგვარად, ყოფიერებისა თუ არარას მოწმედ იქცევა.

            როცა წერა დავიწყე, აკვიატებად მქონდა საკუთარი დანაკლისისა და გრძნობების გამოხატვა, საკუთარი არსებობისთვის მოსჯილ ზღვრებზე მითითება. მოკლედ, ეს იყო ჩემი "მე" თავის განსაკუთრებულ გარემოსა და გეოგრაფიულ მდებარეობაში. ყურადღებას არ ვაქცევდი იმ ფაქტს, რომ ჩემი არსება ერთ კოლექტიურ არსებას ქმნიდა. მე მხოლოდ საკუთარი სათქმელის თქმას ვცდილობდი და მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლაზე ვოცნებობდი.

            მაგრამ რა უნდა მექნა, თუ ჩემი პირადი ისტორია, ჩემი ფესვების ამოთხრის ამბავი მთელს ჩემს ხალხთან იგივდებოდა? ჩემმა მკითხველებმა ხომ სავსებით ბუნებრივად იპოვეს თავიანთი პირადი და კოლექტიური ხმა ჩემს პირად ხმაში. მე კი, როცა ციხეში, დედაჩემის ყავისა და პურის მონატრებას ვუმღერე, არც მიფიქრია ჩემი ოჯახური სივრციდან გასვლა. ხოლო როცა ჩემს გადასახლებაზე, სიღატაკესა და თავისუფლების წყურვილზე ვწერდი, არ განმიზრახავს "თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეზიის" წერა, როგორც ამას არაბული კრიტიკა ირწმუნებოდა, და ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მკითხველები ჩემს ნაწერებში ტკივილის შემამსუბუქებელ და იმედისმომცემ პოეზიას იპოვიდნენ, იმ მარცხის შემდეგ, რასაც "ექვსდღიან ომს" უწოდებენ.

            ეს წლები რომ მახსენდება, ვხედავ თუ გავრცელების რა არაჩვეულებრივი უნარი გააჩნია პოეზიას,  მიუხედავად იმისა, რომ იგი არც მარტოობას და არც დიდ პოპულარობას ესწრაფვის. არც ერთი და არც მეორე არ არის პოეზიის მშვენიერების განმსაზღვრავი. თუმცა როცა იმათზე ვფიქრობ, ვინც "პოლიტიკურ პოეზიას" აძაგებს, ვიცი, რომ ამ უკანასკნელზე უარესიც არსებობს: პოლიტიკოსთა ცინიზმის სიჭარბე, ისტორიისა და სინამდვილის მიერ დასმული შეკითხვებისადმი სიყრუე და იმედის განახლებაში მონაწილეობაზე უარი.

 

            ეს ანთოლოგია კი, რომელსაც არც მკითხველის და არც ავტორის მოტყუება სურს, ჩემს ახლანდელ პოეტურ გამოცდილებასთან ერთად, არც ჩემს დებიუტს ივიწყებს. თავად ვერც კი დავაზუსტებდი, თუ როდის მოხდა ეს რღვევა ჩემს პოეტურ უწყვეტობაში. მე ერთმანეთში გადახლართული ფრაზებისგან შემდგარ ევოლუციას მივყვებოდი და თითოეული ეს ფრაზა მომავალი ცვლილების მარცვლებს ატარებდა.

            ჩემს პოეზიაში, ხარისხობრივ გარღვევებს ვესწრაფვი. მაგრამ განა შესაძლებელია წლობით ნაგროვების თავიდან აცილება? არ ვიცი. თუმცა მაგალითად, ჩემს "გადასახლების ლექსების" პერიოდს მე ვხედავ, როგორც მისი წინა პერიოდის გაგრძელებას. თითქოს ჩემი პირად-კოლექტიური ხმა სხვა ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს, უფრო ვრცელსა და კულტურათა მხრივ უფრო მრავალფეროვანზე. თითქოს, უფრო გამდიდრებული ჩემი ხმა პოეზიის საკუთარ კონცეფციას ეჭვქვეშ აყენებდეს და უნივერსალურ პოეზიასთან კიდევ უფრო მიახლოებას ცდილობდეს.

            მანძილის თმენა და გარკვეული ზღვრიდან ცქერა პოეზიას საშუალებას აძლევს, შეამსუბუქოს ის ტვირთი, რომელიც "საგმირო პოეზიის" სახით ენას აწვება; საშუალებას აძლევს, მეტი უმწიკვლობითა და სიმშვიდით შეხედოს საკუთარ თავს; და ანდობს მტვრისგან და ყოველდღიურობისგან დაცლილი ადგილის ხსოვნის გაცოცხლების მძიმე მისიას.

            დროის ცვლილებისა და უნივერსალური პოეტური პეიზაჟის რიტმისადმი ძალიან მგრძნობიარე ვარ. შეუსვენებლივ ვიღწვი, რათა მივაღწიო ისეთ ლექსს, რომელიც საკუთარ ისტორიაშია ამოტვიფრული და ამავე დროს, მისგან თავისუფალია. შეუსვენებლივ ვიღწვი, რათა ლექსი დავუახლოო თავის მითოლოგიურ გენეალოგიას და ტრადიციული შემადგენლებიდან მას თანამედროვე მითოლოგია ავუშენო.

            მაგრამ როგორ განვახორციელოთ მოგზაურობა პოეტის შიდა სამყაროდან მის გარე სამყაროსკენ და პირიქით? როგორ გადავურჩეთ მის "მე"-ში ჩაძირვას ისე, რომ პოეტი არც ხალხის წარმომადგენლად ვაქციოთ და ამით სულ არ დავკარგოთ იგი?

 

            პოეზიის საწყისი უთუოდ ერთადერთია: ადამიანის ვინაობა, მისი გადასახლების წარსულიდან მოყოლებული, მის განდევნილ აწმყომდე.

            პოეზია სიცოცხლის წინაშე პირველი გაოცებისგან დაიბადა, როცა კაცობრიობას, საკუთარი არსებობის გარიჟრაჟზე, ყოფიერების პირველ იდუმალებებზე კითხვები გაუჩნდა. სწორედ ასე გახლდათ უნივერსალური, თავდაპირველად, ადგილობრივი.

             არსებასა და სამყაროს შორის ამ ყველასთვის საერთო მოგზაურობაში, ამ უამრავი ენისგან, ადგილისგან და განვითარების საფეხურთაგან შემდგარ მოგზაურობაში, კაცობრიობის პოეტური გამოცდილება ერთიანდება და "მეტროპოლის" დომინაციისგან და "პროვინციების" დაქვემდებარებისგან ემანსიპირებულ უნივერსალურობას აღწევს.

            თუმცა როგორც ჩანს, პლანეტის ოთხივ კუთხით, ვერ გავურბივართ გეოგრაფიულ დასახელებებს.

            რას ნიშნავს, მაგალითად, იმის თქმა, რომ ჩემი პოეზია სამხრეთიდანაა და რომ იგი იმ ისტორიულ სინამდვილეში დაიბადა, რომელშიც პირადი და კოლექტიური თავისუფლება არ  შემდგარა? რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ჩემი პოეზია იმ ქვეყნიდან მოდის, რომელშიც დროსა და ადგილს შორის ურთიერთობა შეწყდა და რომლის შვილებიც მოჩვენებებად აქციეს? - მხოლოდ ერთ-ერთ ფასონს იმ სირთულეების აღნიშვნისა, რაც არაბულ თანამედროვეობასა და იმ ტომს ახლავს, რომლის კარვები ჯერარსული დასახლებისკენ მიინავლნენ.

 

            ბუნდოვანება არ არის პოეზიის სამიზნე, თუმცა იგი ლექსის რიტმსა და აზრს შორის არსებული დაძაბულობისგან ჩნდება; იმ დაძაბულობისგან, რაც ლექსის პროზაულ მდგომარეობასა და რიტმულ მდგომარეობას შორის არსებობს. ეს ბუნდოვანება პოეტურ ენასა და სინამდვილეს შორის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა, როცა საკუთარი არსის მაძიებელი პოეზია სინამდვილის მხოლოდ აღწერით აღარ კმაყოფილდება. იქნებ სწორედ ეს ბუნდოვანებაა მკითხველისთვის გახსნილი სივრცე, რომელშიც საბოლოო გზავნილისგან გათავისუფლებულ და კითხვისა და ინტერპრეტაციის უნარით აღჭურვილ მკითხველს ლექსისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება შეუძლია.

            და მაინც, ჩემი პოეზია არც სინათლეს და არც ბუნდოვანებას დაუხსნია მკითხველთან კავშირის გაწყვეტისგან. ასეთი მკითხველი მე მაახლებს და მეც ვაახლებ მას.

            ჩემი პოეტური გამოცდილების ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ ყოველ ჯერზე, როცა სტილსა და გამოხატვის ფორმებს ვავითარებ, მკითხველს კიდევ უფრო მეტი განახლებისთვის ვამზადებ, და ვხედავ, რომ ჩვენი პოეტური გემოვნებები კიდევ უფრო უახლოვდება ერთმანეთს.

            ახსნა ალბათ ის არის, რომ ჩემი პოეტური შეთავაზებები სათავეს ყოველთვის არაბული პოეზიის ხანგრძლივ ისტორიაში, მის რიტმებსა და ესთეტიკურ კანონებში იღებს.

 

            თითოეულ პოეტს თავისი ჩვევები აქვს. მე იმათ რიცხვში ვარ, ვინც ყოველ ლექსს ორჯერ წერს. ჯერ არაცნობიერ შთაგონებას ვეძლევი, შემდეგ კი კონსტრუქციის ჩემეულ ხედვას ვანიჭებ უპირატესობას. ხშირია, როცა მოერე ნაწილი ოდნავადაც არ ირეკლავს პირველს.

            ერთ-ერთი გამოცდა, რომელსაც ჩემს ლექსებს ვუწყობ, მათი დაწერის შემდეგ, დიდი ხნით მათ დავიწყებაში მდგომარეობს. ხოლო როცა მათ ხელახლა მოსანახულებლად ვიცლი, ჩემი პოეტური საზომი მათთან ჩემი მსგავსება-არმსგავსება ხდება. თუ ლექსი ვიცანი, თუ ვიგრძენი, რომ მბაძავს, ვაგდებ მას. ხოლო თუ დამეუფლა შეგრძნება, რომ ნაწარმოები სხვა პოეტის დაწერილია, ჩემში არსებულ პოეტს რომ გასცდა, მაშინ ვაცხადებ, რომ საქმე ახალ ლექსს ეხება.

            იშვიათა პოეტი, რომელიც პოეტურად ერთბაშად იბადება. მე თანდათანობით და შუალედურ ჭინთვებში დავიბადე და დღემდე ვსწავლობ ლექსისკენ მიმავალ რთულ გზაზე სიარულს; ლექსისკენ, რომელიც ჯერ არ დამიწერია.

 

                                                                   ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE